თეონა აქუბარდია: „ველოდებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინასწარ შეფასებებს არჩევნების ლეგიტიმაციის შესახებ“
გიგა გელხვიიძე
„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მიიტაცა. ეს არის 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ოპოზიციისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილის გაკეთებული შეფასება.
ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, რიგ უბნებზე ბიულეტენების პირდაპირ კამერების წინ ჩაყრა, „ტიტუშკები“ უბნებზე, მთლიანობა დარღვეული დოკუმენტებით ხმის მიცემა, ჟურნალისტების მიმართ ანგარიშსწორება _ ეს იმ ფაქტების მცირე ჩამონათვალია, რომელიც მთელმა საქართველომ იხილა საარჩევნო პროცესის დროს.
საბოლოო ჯამში კი, ყველაფერ აქედან გამომდინარე, „ქართულმა ოცნებამ“ ამ დროის მონაცემებით 55% დაიწერა.
საარჩევნო დარღვევებისა და სხვა საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრი, თეონა აქუბარდია:
_ ქალბატონო თეონა, საუბარი დავიწყოთ იმ დარღვევების შეფასებით, რომელიც ვიხილეთ 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე.
_ ეს იყო უპრეცედენტო არჩევნები, როდესაც სისტემურად წაართვეს ქართველ ხალხს ნება, ევროპული მომავლის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვნახეთ არა მხოლოდ კრიმინალები უბანზე ან კოორდინატორები, რაც აქამდეც გვახსოვს, არამედ ფულის სისტემურად დარიგება და ამის არაერთი მტკიცებულება გვაქვს პარტიებს. დაიწერა საჩივრებიც. მათ შორის მარკირების საკითხი, რომელიც აქამდე არ მახსენდება და თავად ვიყავი უშუალოდ გლდანში, სადაც მეორე გასასვლელი არსებობდა და უბანზე პირდაპირ ჩადიოდა მარკირების გარეშე ხალხი. დაშინებისა და ზეწოლის კამპანია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, მათ შორის, პირადობების საკითხი, რასაც კარუსელების მცდელობა ჰქვია. ის ფაქტიც ვნახეთ კასპში, როდესაც კაცს ქალის პირადობით სურდა ხმა მიეცა და მთელი რიგი დარღვევები, რომელიც ჰარმონიაში იყო წინასაარჩევნო გარემოსთან. იგი არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ცესკოში საოლქო თუ რიგ უბნებზე სრულიად „ქართული ოცნების“ ხალხით იყო დაკომპლექტებული ყველაფერი, რისი მტკიცებულებებიც გვაქვს. ეს ღიად გააცნო ჩვენი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა, მედიებს. არაერთი საჩივარი დაიწერა, რომლებიც უკვე წარვადგინეთ. არანაირი რეაგირება! პოლიციის სრული უმოქმედობა, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ „ქართული ოცნების“ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ყრიდა საარჩევნო ყუთში ბიულეტენებს. ეს იყო მასშტაბური, სისტემური ოპერაცია „ოცნების“ მხრიდან იმისთვის, რომ ძალაუფლება ხალხის ნების საწინააღმდეგოდ შეენარჩუნებინა. მე ახლა ვუსმენდი NDI-ს წარმომადგენლებს, სადაც სწორედ ამ დარღვევებზე იყო გამახვილებული ყურადღება. ახლა ველოდებით საერთაშორისო პარტნიორების რეაგირებას, მათ შორის, ეუთოს. ჩვენ მთელი ღამის მანძილზე ყველა მტკიცებულება დავამუშავეთ და მივაწოდეთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ისევე, როგორც ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. და ვმუშაობთ იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქის ხმის დაცვაზე ვიზრუნოთ, მიუხედავად იმისა, რომ „ოცნების“ არცერთი ინსტიტუტი არ არის დამოუკიდებელი და პირდაპირ ივანიშვილის ნებას ექვემდებარება.
_ თქვენ ახსენეთ ნათია მეზვრიშვილის მიერ გამოქვეყნებული მტკიცებულებები და სწორედ მას ჰქონდა ფოტო, სადაც ასახულია პასპორტი სხვა მოქალაქის ფოტოთი და რეალურად სხვა პირი ცდილობდა ამ პასპორტით ხმის მიცემას. ხომ არ ფიქრობთ, რომ სწორედ ახალი ხმის მიცემის სისტემით შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ გაყალბება და მოირგო საკუთარ თავზე ის ელექტრონული ვერსია, რომელთან დაკავშირებითაც ყველა თანხმდებოდა, რომ შეუძლებელი იყო გაყალბება და დაცული იქნებოდა მოქალაქეების ხმები?
_ სისტემებთან და მანქანებთან დაკავშირებით ისმის მნიშვნელოვანი კითხვები, რაზედაც პასუხები არ არის ადეკვატურად გაცემული. მე თავად, როდესაც დილის რვა საათზე ხმის მისაცემად მივედი უბანზე, ჩემი პირადობა არ გაატარა სისტემამ, არ წაიკითხა და ხელით შეიყვანეს პირადი ნომერი. ახლა ვერ გაგცემთ კომპეტენტურ პასუხს ელექტრომოწყობილობებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც იყო მათ შორის შეერთებული შტატების მხრიდან მოსაკითხი და იყო როგორც პოზიტიური მოვლენა მიწოდებული საზოგადოებისთვის, მაგრამ ის კარუსელები, ის დაშინების კამპანია, ის ფულის რიგება, მათ შორის წამლის რიგებაც, უამრავი კადრი არის ჩვენს ხელთ, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის, ფანტასტიკურად იმუშავა მედიამ, რომელმაც არაერთი დარღვევა გამოავლინა, ამიტომ ამას სჭირდება დრო, რომ სრული გაანალიზება მოხდეს. ადეკვატური რეაგირებაა ასევე საჭირო ამაზე ცესკოსგან, რომელსაც გუშინ საერთოდ არ ჰქონია თავისი ვალდებულებების შესრულების მცდელობაც კი. ფაქტობრივად, მამუკა მდინარაძეს ჰქონდა შეთავსებული ცესკოს თავმჯდომარის ფუნქცია, როდესაც ამომრჩეველთა აქტივობას აცნობდა ხალხს, იმის ნაცვლად, რომ ეს ცესკოს თავმჯდომარეს გაეკეთებინა. ეს არის პროცესი, რომელსაც სერიოზულად მივყვებით. ახლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ აუცილებელია გონივრული პროტესტი და ეს პროტესტი ქმედებებსაც გულისხმობს ემოციების გარდა, მაგრამ ცალსახა და აშკარაა, რომ ქართველი ხალხის ნება არ ასახულა იმ შედეგებში, რომელიც ცესკომ დილის ათ საათზე გამოდო ვებგვერდზე და მილიონ ორასი ათასი ამომრჩეველი ორი მილიონიდან არის „ქართული ოცნების“ მომხრე. თუ ვინმეს სჯერა იმის, რომ ყოველი მეორე „ოცნების“ ამომრჩეველია, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ აქ არ იყო ნების ასახვა ქართველი ხალხის, მით უფრო იმ ცივილიზაციური არჩევანისთვის, რასაც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება ჰქვია.
_ ჩვენ ვიხილეთ უცხოეთისა და საქართველოს შედეგები, რომლებიც რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. რისი თქმის საშუალებას გვაძლევს ეს ყველაფერი?
_ დავიწყოთ უცხოეთით: პირველ რიგში, თავად მყავს მეგობრები, ახლობლები შეერთებულ შტატებში, რომლებიც იდგნენ საკონსულო აღრიცხვაზე, საქართველოში ჩამოვიდნენ ზაფხულში ოჯახისა და ნათესავების სანახავად და აღმოჩნდა, რომ მათ აღარ ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება, რადგანაც რეგისტრაცია ჰქონდათ საქართველოსი გატარებული და არა ამერიკაში, მიუხედავად იმისა, რომ საკონსულო აღრიცხვის დროს მისამართი ჩაწერეს. „ქართულმა ოცნებამ“ მასშტაბური ოპერაცია აწარმოა საქართველოს იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებსაც უწევთ ემიგრაციაში ცხოვრება, რომ ოჯახები არჩინონ და გადაარჩინონ. ამის მიუხედავად, მათ ხელოვნურად შეუქმნეს ის რიგები, რომლებიც ვნახეთ დასავლეთის ქვეყნებში. ასევე შედეგები სრულიად ასახავს არა მხოლოდ ემიგრაციის, არამედ ქართველების ნებას, არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ, არამედ იმ ევროპული ოჯახის სასარგებლოდ, რომლის კარიც ხელშესახებად ღია არის და რომელიც გამოიხურა „ქართულმა ოცნებამ“. შესაბამისად, ძალიან ბევრი კითხვ გაჩნდა, როგორც განცდა იმისა, რომ ჩვენი არჩევანი არა მხოლოდ მიითვისა ივანიშვილმა, არამედ ადგა და გადაწერა. ამას სჭირდება დაცვა, რასაც ვაკეთებთ, ისევე როგორც აქტიური, გონივრული პროტესტის გამოხატულება, რასაც ვაპირებთ ასევე და ვმუშაობთ ამაზე.
_ ოპოზიციის ბოიკოტი პარლამენტს, _ როგორც ეს ყველა პარტიის განცხადებაში მოვისმინეთ.
_ საერთოდ არ განიხილება ახლა პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი, მაშინ როდესაც ქართველი ხალხის ნება არ ასახულა ამ არჩევნებში. ამიტომ მთავარი ახლა არის ქართველი ხალხის ნება, რომელიც ევროპულ მომავალზე გადის. ჩვენ ვმუშაობთ, პირველ რიგში, ამისთვის და ველოდებით, რა თქმა უნდა, ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეფასებებს, წინასწარ შეფასებებს. ეს არ არის საბოლოო შეფასებები, ისევე როგორც ვმუშაობთ იმისთვის, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს იმის განცდა, რომ არჩევნებით შეიძლება ამ ქვეყანაში ხალხის ნების გამოხატვა და არა ივანიშვილის ნებაის თავსმოხვევა თითოეულ მოქალაქეზე. თუ ამომრჩეველს არ ექნება ის განცდა, რომ აქ არჩევნებით იცვლება ხელისუფლება და არა ისე, როგორც ამას ივანიშვილი აკეთებს, ამ ქვეყანას არანაირი მომავალი არ გააჩნია, გარდა იმ ბნელი წარსულისა, რომლისგანაც ძალიან დიდი ბრძოლის შედეგად საქართველო გამოვიყვანეთ და გამოიყვანა ჩემი მშობლების თაობამ. შესაბამისად, მთავარი ახლა არის ეს, რომ, ერთი მხრივ, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ნება, რომელიც არა რუსულ ორბიტაზე, არამედ ევროპაში გაწევრიანებას გულისხმობს და მეორე მხრივ, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ყველა აქტორთან ერთად, პარტნიორობაში, მჭიდრო კოორდინაციაში, ამ ქვეყნის მოსახლეობას დავუბრუნოთ არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარების, არჩევნებით ცვლილებების შესაძლებლობა, რომელიც ხალხს წაართვა ივანიშვილმა.
_ ბიძინა ივანიშვილი და „ქართულ ოცნება“ დაჰპირდა ყველას, მათ შორის, პრეზიდენტს, რომ ოპოზიციური პარტიები იქნებიან არაკონსტიტუციურად ცნობილი, ხოლო პრეზიდენტი _ პარლამენტის პირველივე შეკრების შემდგომ გადაყენებული. რა ხდება ახლა, რისი გაკეთება შეუძლია „ქართულ ოცნებას“ ამ მოცემულობით?
_ ეს კიდევ ერთი საცოდაობის მცდელობაა ივანიშვილის, რომ ახლა ვენდეტები მოაწყოს, მიუხედავად იმისა, რომ დაგვპირდა ჩვენც, მათ შორის, რომ არა თუ გიორგი გახარიას, გახარიას გუნდის წევრებსა და მხარდამჭერებს გაასამართლებს. ეს მისი სურვილია და არც შეუძლია ამის გაკეთება და არც მივცემთ უფლებას. რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ეს არის კიდევე ერთი წაგებული პარტია, რომელიც ივანიშვილმა რაღაც საკონსტიტუციო ხმების მარჟად აწია, ეს არის უმრავლესობა, 113 ხმა. როგორც იცით, შემდგომში გამოვიდა, რომ 113-ს ვერ ვიღებო და 100 მაინც გვჭირდება, რომ პრეზიდენტი გავასამართლოო. ახლა დაიწერა ის, რაც დაიწერა, 88 ხმა არის ამ მონაცემებით, რაც ასევე არ არის რეალობასთან კავშირში. მნიშვნელოვანი არ არის ის, რამდენად მოახერხებენ ამას, აქ მთავარია საქართველოს მომავალი, რომლისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა საკუთარი სისხლი დაღვარეს და რომელსაც ქართველი ხალხის 85%-ზე მეტი მხარს უჭერდა, რომლის წართმევასაც ცდილობს ივანიშვილი. ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. ან ჩვენ ვიქნებით დემოკრატიული, სამართლიანი და თავისუფალი ქვეყანა ევროპულ ოჯახში, ან ვიქნებით იმ ბნელ წარსულში, სადაც დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის უმრავლესობას არ უნდა, რომ მოხვდეს. ამისთვის საჭიროა ბრძოლა ყველა განზომილებაში, მათ შორის, სამართლებრივში, რასაც ახლა ვაკეთებთ.
_ პარლამენტის ლეგიტიმაციაზე უნდა გკითხოთ: კონსტიტუციის 127-ე მუხლიდან გამომდინარე, თუ 2/3-ის ლეგიტიმაცია ვერ შეძლო პარლამენტმა, რა ხდება ამ დროს?
_ ამაზე კონსტიტუციონალისტებმა და იურისტებმა რომ ისაუბრონ, უკეთესია, მაგრამ ფაქტია, რომ ლეგიტიმაცია სჭირდება „ოცნებას“ როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე ქვეყნის გარედან და ის, რომ ქვეყნის შიგნიდან განცდა არის მოსახლეობაში, რომ ეს შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, ეს არის უკვე ჩამოყალიბებული პოზიცია, რომელიც დღეს დილით, ვინც გაიღვიძა, დახვდა. ასევე ველოდებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინასწარ შეფასებებს არჩევნების ლეგიტიმაციის შესახებ.
_ ამ გადმოსახედიდან და მოცემულობიდან, მოქალაქეები ელოდებიან, რომ ახლა მაინც იქნება ოპოზიცია ერთიანი და არ იქნება იმაზე მსჯელობა, ვინ რა გააკეთა წარსულში, რომ ვიღაც არ დადგება ან ენმ-სთან ან სხვა ძალასთან ერთად. რა ხდება ამ მხრივ და როგორია თქვენი პოზიცია?
_ კიდევ ერთხელ: აქ საუბარი არ არის, ერთ ოთახში დავდგებით თუ რას ვიზამთ, აქ საუბარი არის ქართველი ხალხის ნების ირგვლივ დგომაზე და ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის ნების ირგვლივ, რომელიც არ არის გამოხატული ამ არჩევნების შედეგებში. ეს პოზიცია ოთხივე პროდასავლურმა პარტიამ გავახმოვანეთ, რომლებიც ქარტიის ხელმომწერები ვართ და რომლებიც ვაცხადებთ, რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ნება იყოს ასახული არჩევნებში და არა ივანიშვილის. სხვა დანარჩენი არის პროცესი, რომელიც გამოჩნდება. ველოდებით შეფასებებს ჩვენი დასავლელი და ადგილობრივი პარტნიორებისგან. ვმუშაობთ ხმების დასაცავად, დანარჩენი არის შემდგომი პროცესი. გონივრული პროტესტი ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი უნდა დაიგეგმოს რაციონალურად, ნაბიჯ-ნაბიჯ.