„თელასის“ თანამშრომლის დაწვის ფაქტის გაუხმაურებელი დეტალები
უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე „თელასის“ მე-5 თანრიგის თანამშრომელ ზურაბ მახარაშვილის დაღუპვის შემდეგ ისეთი დეტალები ამოტივტივდა, რომელიც იქ მომსახურე პერსონალს, სავარაუდოდ, შოკში ჩააგდებს. პირველი ეს გახლავთ თანამშრომელთა ხშირი დაწვის ფაქტები, მეორე _ სპეცტანსაცემლი, რომელიც ადვილად აალებადია და მესამე _ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც მთელ რიგ დარღვევებზე მიუთითებს უსაფრთხოების საკითხებში.
„თელასის“ თანამშრომელ ზურაბ მახარაშვილის დაწვის ფაქტზე „ქრონიკა+“-ს ოჯახი ექსკლუზიურ დეტალებზე ესაუბრება.
გიორგი მახარაშვილი _ გარდაცვლილი ზურაბ მახარაშვილის შვილი:
_ 2020 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით 13.20 სთ-ზე, დამირეკა მამამ და მითხრა, რომ დავიწვი და ამჟამად ხეჩინაშვილის კლინიკის დამწვრობის ცენტრში ვიმყოფებიო. თავად ეგონა, რომ მსუბუქად დაიწვა, მაგრამ, როგორც მოგვიანებით ექიმებმა ამიხსნეს, ეს იყო პირველადი შოკი. ამ დროს პაციენტი ტკივილს ვერ გრძნობს. მამაჩემს სხეულის 65%-იანი დამწვრობა დაუდგინდა, რომლის დროსაც გადარჩენის შანსები თითქმის მინიმალურია.
_ რა ვითარებაში დაიწვა?
_ მამაჩემი თელასში მეხუთე თანრიგის, უმაღლესი კვალიფიკაციის თანამშრომელი გახლდათ, 30-წლიანი სამუშაო სტაჟით. „თელასი“ მას აბარებდა ახალი კადრების მომზადებას. ძალიან კარგად იცოდა უსაფრთხოების ზომები და ინციდენტიც კი არ ჰქონია კომპანიაში მთელი მსახურების მანძილზე. სპეცტანსაცემლი, რომელიც ტანთ ეცვა, სულ შემოადნა _ დარჩენილი ნაწილები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას გაატანა გამოძიებამ.
_ რა მოხდა ადგილზე?
_ ცეცხლი მოეკიდა სადენებს, საიდანაც ალი მამაჩემზე გადავიდა. ალმოდებული ჯიხურიდან მამაჩემი საკუთარი ფეხით გამოვიდა და იქვე ჩაიკეცა. მეზობლებმა კვამლი რომ დაინახეს, სასწრაფო და პატრული გამოიძახეს. 17 ზარი შევიდა 112-ზე, მაგრამ პირველი დახმარება სწორედ უბნის ბიჭებმა გაუწიეს _ ტანსაცმელი შემოახიეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ისეთი შოკი ჰქონდა, რომ ტელეფონზე თავის უფროსსაც დაურეკა, მეც დამირეკა… ნახევარზე მეტი სხეული დამწვარი ჰქონდა და ვერ გრძნობდა. სასწრაფო მანქანაშიც თავისი ფეხით ავიდა. სამი კვირის განმავლობაში რეანიმაციაში იწვალა და გარდაიცვალა. ამ ხნის განმავლობაში გონება არ დაუკარგავს არც ერთი წამით _ მუდმივ კონტაქტზე ვიმყოფებოდით. დამწვრობაში არსებობს კრიტიკული მე-9 და 21-ე დღე. მე-9 დღე გადაიტანა, მაგრამ იმდენად ღრმა ჭრილობები განუვითარდა დამწვრობის შედეგად, რომ სეფსისის ფონზე 21-ე დღე ვეღარ გადაიტანა _ გული გაუჩერდა.
_ ექსპერტიზის პასუხები დაიდო?
_ ერთ-ერთი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ჯიხურს ჩაუტარდა, გამომძიებელმა წაუკითხა დედაჩემს და იქ რამდენიმე პუნქტში წერია, რომ „თელასის“ მხრიდან უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია. პირველი, რომ მამაჩემი მარტო გაუშვეს დავალებაზე, შიგნით ცეცხლსაქრობი არ იყო და უამრავი რამ. ამ ეტაპზე გამოძიების პასუხებს ველოდებით, რომ დაზარალებულ მხარედ გვცნონ და სასამართლოს გადაეცეს საქმე. ჩვენდა გასაკვირად, „სამხარაულის ბიურომ“ ეს ექსპერტიზის პასუხი დადო.
_ სანამ თქვენი მამა რეანიმაციაში იმყოფებოდა, „თელასი“ თუ იყო ჩართული პროცესში: მკურნალობის ხარჯები, დახმარება ოჯახს, ტრაგედიის მიზეზის ახსნა და ა.შ.?
_ არანაირად! ერთადერთი, მამაჩემის თანამშრომლებმა შეაგროვეს ფული. ოფიციალურად „თელასს“ განცხადებაც არ გაუკეთებია, წუხილიც არ გამოუთქვამს. 20 სექტემბერს მამაჩემი დავკრძალეთ და მეორე დღეს ჩემს დასთან ერთად წავედით „თელასში“. გვინდოდა გაგვერკვია, ვინ იყო მომხდარში პასუხისმგებელი და ვინ გაგვცემდა იმ კითხვებზე პასუხს, რაც ამ ხნის განმავლობაში დაგვიგროვდა. ვანის ქუჩაზე მდებარე კომპანიის სათავო ოფისში არავინ გამოვიდა ჩვენთან სალაპარაკოდ. პასუხი მივიღეთ ასეთი: „თელასი“ არ ხვდება მოქალაქეებს! ანუ 30-წლიანი სტაჟის მქონე თანამშრომელის შვილები, რომლის სიცოცხლეც შეიწირეს, მათთვის უბრალო მოქალაქეები ვიყავით. კანცელარიაში შევედი და პატარა გოგონა იჯდა. იმას ვუთხარი, თქვენი თანამშრომელი დაიღუპა და ნუთუ, არავინ არის ისეთი, ვინც შეგხვდება-მეთქი. _ განცხადება დაწერეთ და 10 დღეში პასუხს მოგწერთო. მომცეს ცარიელი თაბახის ფურცელი, როგორც კანტორაში და დაწერეთ, რაც გინდათო. არაფერი დაგვიწერია, გამოვბრუნდით და უკან გამოგვეკიდა კადრების განყოფილების უფროსი, რომელმაც გვითხრა, რომ შეგვხვდებოდა პროფკავშირების უფროსი, ვინმე აკაკი გვალია. გვალია შეგვპირდა, რომ თელასის ხელმძღვანელობასთან იკისრებდა მედიატორის როლს და გადასცემდა ჩვენს დანაბარებს. იმავე დღეს, 21 სექტემბერს, საღამოს, ჩემი დის ტელეფონზე დარეკა ზურაბ მაღალაშვილმა. ეს გახლავთ „თელასის“ ყველა რაიონის უფროსი. იგი ძალიან კარგად იცნობდა მამაჩემს. მაღალაშვილი ჩემს დას შეხვდა არა ოფისში, არამედ ქუჩაში და უთხრა, რომ გავიგე, რაღაც საბანკო ვალდებულბები გქონიათ, „თელასს“ დაველაპარაკები, რომ მარჩენალის დაკარგვის გამო კომპენსაციაზე წამოვიყვანოო.
_ კომპენსაციის საკითხი ისედაც დადგებოდა, როგორც კი სასამართლოში წავიდოდა საქმე. ანუ არ გვიჩივლოთო?
_ მაგაზე არც ყოფილა საუბარი. ერთი კვირის შემდეგ გვითხრა, _ ოჯახის წევრები ვინც ხართ, შემიძლია, დაგასაქმოთო.
_ ეგ როგორ _ არასპეციალობით?
_ დიახ. თქვენ არ ივლით და ისე ჩაგერიცხებათ ხელფასიო. ის ბლანკი გვაქვს _ ხელი არ მოვაწერე, მხოლოდ სურათი გადავუღე. მე, მაგალითად, კაბელების მთხრელი უნდა ვყოფილიყავი, არ ვივლიდი, ხელფასი ჩამერიცხებოდა. რა თქმა უნდა, უარი განვაცხადე.
_ რამდენს გიწერდნენ ხელფასს?
_ 937 ლარს მინუს 20%. მთავარი ხელმძღვანელის, გვარად კოპცევის (ეთნიკურად რუსი) მოადგილე არის ზვიად ვაშაკიძე. ამ უკანასკნელთან როდესაც ვიმყოფებოდით შეხვედრაზე, გვითხრა, რომ თქვენ, ეტყობა, ხელფასმა არ დაგაკმაყოფილათო. ძალიან კარგად იცოდა, რომ მამაჩემი ოჯახის, ფაქტობრივად, ერთადერთი მარჩენალი იყო. დედაჩემი პედაგოგია. ბინა, სადაც ვცხოვრობთ, ბანკშია ჩადებული და მამაჩემის ხელფასის გარეშე სერიოზული დილემის წინაშე აღმოვჩნდით _ საცხოვრებელს ვკარგავდით… და ვკარგავთ დღესაც. ვაშაკიძემ ამის შესახებ ძალიან კარგად იცოდა. დედაჩემს უთხრა, სახლში მოგიტანთ ფორმას, ხელი მოაწერეთ და თქვენი მეუღლის ხელფასს მიიღებთ, მხოლოდ ოპერატორად გაგაფორმებთო.
_ ანუ დედათქვენი დათანხმდა?
_ ჩვენ გამო. „თელასში“ უთხრეს, _ ყველაფერს ოფიციალურად გავაკეთებთ, არაფერს მოგაკლებთო და ა. შ. ბინასაც შეგინარჩუნებთ და ხელფასსაცო. ოღონდ ამაზე დავთანხმებულიყავით და ზვიად ვაშაკიძე ჩვენთან მოვიდა სახლში. სასწაულები ილაპრაკა… ეს „კიოსკებში“ სიარული სისულელე არისო, რა საჭიროაო?! მოკლედ, მთელი სისტემა მიწასთან გაასწორა თავად ხელმძღვანელმა. ხელფასი აქვს, დაახლოებით, 20 000 ლარი თვეში და არაფერი აინტერესებს ქვეყანაზე. არ დაგიმალავთ _ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საქმე მქონდა საშინლად არაპროფესიონალ, არაადეკვატურ ადამიანთან.
_ გააფორმეს დედათქვენი ოპერატორად?
_ თავიდან მოგვატყუეს, არაფრით აფორმებდნენ და შემდეგ ჩემმა ადვოკატმა როდესაც მოიკითხა ეს საქმე, შეშფოთდნენ. საღამოს 8 სთ-ზე კვლავ მოვიდა, ისევ არაადეკვატური საუბარი, _ აქამდე როგორ ვერ გამიცანით, აუცილებლად დაგასაქმებთ, რაც შემიძლია, ყველაფერს მოგცემთ და ა. შ. როცა ვკითხე, თანამშრომელი რომ დაგეღუპათ, „თელასი“ რა პასუხისმგებლობას იღებს-მეთქი? მიპასუხა, _ „გპხ“-ს გავაკეთებ და დაგასაქმებთო.
_ „გპხ“ რა არის?
_ ხელშეკრულებით აყვანას ეძახიან, _ ასე შტატში ჯერ ვერ ჩაგსვამთო. ჩვენი თანდასწრებით ვაშაკიძემ ყველაფერი მიცვალებულს დააბრალა. იცით, რა გვითხრა?! _ „კიოსკში“ თავის საქმეზე თვითონ წავიდაო.
_ ის იგულისხმა, რომ არავის გაუგზავნია?
_ დიახ. მოუნდა და წავიდაო. იქ ის არავის გაუგზავნიაო. მერე დაგვაყვედრა, რომ ფული შეაგროვეს გასვენებაში და თვითონ 100 ლარი დადო. როდესაც ვკითხეთ, პირადი საქმე გადმოიღეთ, ამდენი წელი კაცი თქვენს სტრუქტურაში მუშაობდა, „მოკალით“, ფაქტობრივად, და არ დაინტერესებულხართ, რა აქვს თქვენი კომპანიისთვის გაკეთებული-მეთქი? _ რად მინდა პირადი საქმე, აგერ არ მყავს ზურაბ მაღალაშვილიო! თბილისის რაიონების უფროსი… კაცი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა და ახლა გვეუბნებიან, იქ არ უნდა წასულიყო, საერთოდ რა უნდოდა იმ ადგილასო?..
_ დღეს იგივე პოზიციაზე არიან?
_ დღეს ამბობენ, რომ გამოძიებამ დადოს დასკვნა და თუ ის დაზარალებულად გცნობთ, მერე გადავწვეტთო. დედაჩემის ოპერატორად მოწყობის თემას დავუბრუნდები: თავიდან არ აფორმებდნენ და შემდეგ განუცხადეს, რომ კი გაგაფორმებთ, მაგრამ კვირაში 40 სთ. უნდა იარო სამსახურშიო. დედაჩემი სკოლის მასწავლებელი გახლავთ და პროფილი უნდა შეეცვალა, იმ კომპანიაში გადასულიყო სრული დატვირთვით, სადაც მამა დაიღუპა, რომ ის ხელფასი აეღო და ბანკში შეეტანა.
_ ვერ გავიგე, „თელასს“ ტრენდი აქვს ასეთი _ ვინც ეღუპებათ, ოჯახის წევრები, პიანისტებიც რომ იყვნენ, თელასში უნდა დაასაქმონ მთხრელებად, ოპერატორებად და ა. შ.?
_ დიახ. არაოფიციალურად გავიგე, რომ ეს მათი პოლიტიკა ყოფილა. მე არ მჭირდება დასაქმება _ ვმუშაობ! ზურაბ მაღალაშვილმა პირდად გვითხრა, _ ვერც პოლიციაში, ვერც პროკურატურაში ვერაფერს გახდებით _ „თელასი“ ყოველთვის მართალი გამოდისო! ყოველთვის გამტყუნდება მიცვალებულიო. 6 თვეზე მეტი გავიდა და დღემდე არ ვიცით, როდის დაიდება ექსპერტიზის დასკვნა, როდის მოგვანიჭებს სასამართლო დაზარალებულის სტატუსს, სასამართლო როდის გაიმართება და ა.შ. ბოლო შეხვედრაზე ზვიად ვაშაკიძემ გვითხრა, რომ მეც და გენერალური დირექტორიც იმ აზრზე ვართ, თუ დამტკიცდა, რომ ზურა თავისი ნებით არ წავიდა ჯიხურში, მაშინ ბარკალაია დაისჯებაო.
_ ანუ პასუხისმგებლობას იხსნიან და სურთ, რომ რიგით თანამშრომელს გადააბრალონ?
_ რა თქმა უნდა. ბარკალაია ტყუილად ხომ არ გაუშვებდა შემოწმებაზე?! ეს ცალკე ისტორიაა კიდევ, მამაჩემი როგორ აღმოჩნდა ჩართულ „კიოსკში“.
_ რა ისტორია?
_ პირდაპირი ბრძანება გაიცა, რომ ბარემ მანდ ხარ და შედიო. უკვე ამოღებულია გამოძიების მიერ მამაჩემის ტელეფონზე შემომავალი ზარები, ჩვენებაშიც უწერიათ… ბარკალაია მამაჩემის საავადმყოფოში მოთავსების შემდეგ მოსული იყო, ქვემოთ დამელაპარაკა და სულ თავს ურტყამდა საჭეს, ეს რა დამემართაო. არსებობს აღრიცხვის ჟურნალი და ბარკალაიამ თავად ჩაწერა იმ ჟურნალში, რომ მამაჩემი იყო წასული შემოვლა-დათვალიერებაზე. დღეს ამას აღარ ამბობს! სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ დარღვეულია მთავარი კანონმდებლობა _ მარტო არის გაშვებული მამაჩემი ჯიხურის დათვალიერებაზე. როგორც გავარკვიეთ, შემოვლა-დათვალიერებაზე როდესაც მიდის ადამიანი, უბრალოდ, კარებიც რომ გამოაღოს და შეიხედოს, მარტო არ შეიძლება იყოს. მას უბრძანეს, რომ მიდი და დააერთეო. მანამდე ოფისში მამაჩემსა და მის უფროსს სერიოზული შეკამათება მოუვიდათ _ სანამ მამა ჯიხურში შევიდოდა, სხვა ბრიგადას ჰქონდა ნამუშევარი. მამაჩემი შევიდა სხვის ნამუშევარზე, არ იცოდა, იქ რა ხდებოდა. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ ბარკალაია უკვე დუმს ამის შესახებ. სანამ მამა ცოცხალი იყო, ტელეფონზე ვესაუბრეთ. ვკითხე, ზუსტად რა მოხდა, როგორ აღმოჩნდი იქ-მეთქი? მიპასუხა, რომ რაც მიბრძანეს და დამავალეს, იმ საქმეზე ვიყავი მისულიო. რამდენჯერმე გამიმეორა, _ ის სპეცტანსაცმელი, რაც მეცვა, არ უნდა დამწვარიყოო. არაფრით მეგონა, ის თუ დაიწვებოდაო.
_ რა სპეცტანსაცმელზეა საუბარი?
_ ერთი თვით ადრე ვინმე სპარტაკი, თელასის თანამშრომელი, ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდა და გადარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ არ ეცვა ეს სპეცტანსაცმელი. ზედ არაფერი შეადნა, თორემ იგივე მასშტაბის დამწვრობა ჰქონდა მიღებული.
_ „თელასის“ თანამშრომლები ასე მალ-მალე იწვებიან?
_ ყველას ჰგონია, რომ ის სპეცტანსაცმელი იცავს. უფროსი ყოველ დილას თათბირს იწყებდა, რომ ფორმები გეცვათო. მამაჩემის ერთ-ერთი ქურთუკი სახლში გვაქვს _ ოდნავ ალი რომ მიუნთოთ, მომენტალურად იწვება. მამაჩემს ღრმად სჯეროდა, რომ ფორმა, რომელიც ეცვა, ცეცხლის ალისგან იცავდა. ვაშაკიძე გვეუბნებოდა, იმ ფორმას ვინ ჩაიცვამს სიცხეში, ამოიბუგებაო. გესმით?! მაშინ ჩააცვი ისეთი ფორმა, რომელიც სიცხეშიც გამოდგება, სიცივეშიც და არ დაწვავს ხალხს… და ნუ ამარჯვებინებ ტენდერში იმათ, ვინც იაფად შეგასყიდის ნაგავს. დაიცავი შენი თანამშრომლის სიცოცხლე! „თელასი“ ყოველთვის არის მართალი თავის თანამშრომლებთან, ყოველთვის გამარჯვებული…
„ქრონიკა+“ მეორე მხარეს _ კომპანია „თელასს“ დაუკავშირდა.
მალხაზ ბარკალაია _ „თელასში“ ზურაბ მახარაშვილის ცვლის უფროსი:
_ ბ-ნო მალხაზ, ზურაბ მახარაშვილის ცვლის უფროსი იყავით?
_ ვიყავი, დიახ.
_ იმ დღეს, როდესაც ეს ფაქტი მოხდა, ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო?
_ დიახ, ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო.
_ ოჯახის წევრების განცხადებით, „თელასის“ ხელმძღვანელობა ამბობს, რომ დაღუპული თავისი ნებით წავიდა და შევიდა ჯიხურში, არავის გაუგზავნია?
_ ახლა, დაკითხვას მიწყობთ?
_ ჟურნალისტი კითხვებს სვამს _ პროფესია გვაქვს ასეთი.
_ ვერ გაგცემთ პასუხს, ველოდები გამოძიებას. თქვენც დაელოდეთ.
_ რასაც ახლა გეკითხებით, გამოძიებასთან საერთოდ არ აქვს კავშირი. ნახეთ, რა მარტივ კითხვას გისვამთ, _ ცვლის უფროსი იყავით და თქვენ გაგზავნეთ ჯიხურში ზურაბ მახარაშვილი?
_ დავალება, რა თქმა უნდა, მიღებული იყო.
_ სპეცტანსაცმელი, რომელიც შემოვლა-დათვალიერებაზე გაცვიათ, ის იწვება?
_ გამოძიებას დაველოდოთ და ის გაგცემთ პასუხს.
ავთო ჯანელიძე _ „თელასის“ დიდი დიღმის რაიონის უფროსი:
_ ბატონო ავთო, თქვენი სპეცტანსაცმელი არ იცავს დამწვრობისგან „თელასის“ თანამშრომლებს?
_ რამდენიმე სახის გახლავთ. არის ტიპი, რომელიც იწვება და არის, რომელიც არ იწვება. რომელიც იწვება, იმას იცვამენ შემოვლა-დათვალიერების დროს, ხოლო იმას, რომელიც არ იწვება _ გადართვა-დაერთების დროს.
_ ტანსაცმლის იმ ტიპს, რომელიც იწვება და რომელიც შემოვლა-დათვალიერების დროს აცვიათ, „თელასის“ თანამშრომლები სილამაზისთვის ატარებენ?
_ ცეცხლგამძლე ერთი ტიპი არის მხოლოდ შემოტანილი.
_ ზურაბ მახარაშვილის შემთხვევაში რა მოხდა?
_ შემოვლა-დათვალიერებაზე იყო გასული. ამ დროს, ხელშეუხებლად, ვიზუალურად უნდა დაათვალიერო. თუ რამეს ნახავ საეჭვოს, იმ წუთში ატყობინებს ხელმძღვანელ პირს ან ვინც მისცა განკარგულება. ამის შემდეგ, ხელმძღვანელი პირი იღებს შემდგომი მოქმედების გადაწყვეტილებას. ზურაბ მახარაშვილმა კიდევ თვითნებური გადაწყვეტილება მიიღო სამუშაოს გაფართოების, რაც არ უნდა გაეკეთებინა.
_ ბ-ნო ავთო, ალბათ, გააზრებული გაქვთ, რომ 20, თუნდაც 30 წლის ახალბედაზე კი არ გვაქვს საუბარი, არამედ 30 წლის სტაჟის მქონე მეხუთე თანრიგის მქონე სპეციალისტზე, რომელმაც სხვებზე კარგად იცოდა, რა დროს, რა და როგორ უნდა გაეკეთებინა. თვითნებურ გადაწყვეტილებაზე ცოტა უცნაურია საუბარი.
_ 340-ე დადგენილებაში პირდაპირ წერია, რა სამუშაოს დროს რა და როგორ სრულდება. სხვა სამუშაოები მას დათვალიერების გარდა არ უნდა ეწარმოებინა.
_ თქვენ იცით, რომ შეეხო?
_ შეხებული არის.
_ 340-ე დადგენილებაში რა წერია _ შემოვლა-დათვალიერებაზე ერთი დადის თუ ორი?
_ მესამე ჯგუფის ერთ ადამიანს შეუძლია დაათვალიეროს მარტომ და ის იყო მეოთხე ჯგუფის. ასე რომ, მას ჰქონდა ერთპიროვნული დათვალიერების უფლება. ორი დადის იმ შემთხვევაში, თუ ხდება გადართვა, ჩართვა, გამორთვა და ა. შ.
_ გარდაცვლილის შვილის განცხადებით, მამამ მას უთხრა, დამავალეს და ისე წავედი ჯიხურშიო…
_ მე, როგორც ხელმძღვანელმა, ვიცოდი, რომ დავალება ზურაბ მახარაშვილს მიღებული ჰქონდა შემოვლა-დათვალიერებაზე. მანამდე ისიც ვიცოდი, რომ მას სამუშაო ბრიგადა უნდა დაესვა ობიექტზე, გათხრით სამუშაოებზე. დიახ, დავალება ჰქონდა მიცემული, რომ დაეთვალიერებინა ეს ჯიხურიც, ეს მეც ვიცოდი.
_ დავალება ბარკალაიამ გასცა?
_ დიახ, მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ჩემი მოადგილეა. მასე მეც ვარ ძაბვის ქვეშ ჩავარდნილი და გადავრჩი. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სტაჟი რომ აქვს, არ მოუვიდეს.
_ რაღაც ძალიან ხშირად იწვებით თანამშრომლები…
_ მას ეცვა ფორმა, უნდა გაეკეთებინა დათვალიერება და მეტი არაფერი. დათვალირების დროს რა ფორმაც ეცვა, ის იყო საკმარისი.
ზურაბ მაღალაშვილი _ „თელასის“ თბილისის რაიონების ხელმძღვანელი:
_ ბატონო ზურაბ, თქვენ შესთავაზეთ გარდაცვლილ ზურაბ მახარაშვილის მეუღლე ქეთევან ტყებუჩავას სამსახურში გაფორმება _ არ ივლიდა და ხელფასს მიიღებდა?
_ მერე, მერე…
_ რა მერე… კითხვა გაურკვეველია?
_ თქვენ რა გაინტერესებთ?
_ რაც გკითხეთ, ის მაინტერესებს _ შესთავაზეთ დასაქმება კომპენსაციის სახით თუ არა?
_ კომენტარს არ გავაკეთებ მაგ თემაზე, თუ შეიძლება.
_ თუ შეიძლება, რომ მიპასუხოთ… მაგრამ თქვენი ნებაა.
„ქრონიკა+“ აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას.
თამარ როსტიაშვილი