თეა წულუკიანის „ხულიგნობა“ ხელოვნების მუზეუმში
ამბობენ, კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს ბავშვობაში ძალიან უყვარდა სიმღერები, თანაც როგორც თავად ყვება, დედა მას რუსულად ზრდიდა და მასზე ასე ამბობდა: „Девочка с характером“. ჰოდა, ამ ხასიათიანი გოგოს საყვარელი სიმღერა წინასწარმეტყველურიც ყოფილია, აი, ასეთი: „Моя мама балерина, отец капитан, моя сестра красавица, а я – хулиган“, _ რას ერჩი? _ უწინასწარმეტყველებია და კი „დახულიგნობს“ ქართულ პოლიტიკაში აქტიურად, აგერ უკვე, 9 წელია. ახლა, შევეცდები, დეტალურად და ჩაშლილად მოგიყვეთ, რა „იხულიგნა“ წულუკიანმა და როგორ ცდილობს ის თავის დამკვიდრებას სფეროში, რომელიც მისგან იმდენად შორს არის, რამდენადაც პლანეტა პლუტონი გახლავთ დაშორებული მზისგან. თეა წულუკიანი პოლიტიკურ ასპარეზზე ოფიციალურად 2012 წელს გამოჩნდა და ამ დროიდან დღემდე რამდენიმე სტატუსის მორგება მოასწრო. მისი ბოლო ნავსაყუდელი კულტურის მინისტრის პოსტია
თეა წულუკიანმა კულტურის სამინისტროს ეგიდით წვრილმანი ხულიგნობა არ იკმარა და უფრო ფართომასშტაბიანებსაც შეეჭიდა, მაგალითად, ამჟამად აქტიურად ამუშავებს და ძალიან მალე განახორციელებს შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმიდან საგანძურის გატანის გეგმას. ამბობს, რომ დროებით და ისევ ამ საგანძურის დაცვის მიზნით, ვინაიდან შენობა არარენტაბელურიაო, მაგრამ ამის აღარავის სჯერა, _ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 9 წლის მანძილზე იმდენი თქვა და იმდენჯერ წაიღო უტიფრად თავისი სიტყვები უკან, ვინ დაიჯერებს ახლა, რომ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ხელქვეითი თეა ოქროს ფონდის ბედზე დარდობს მხოლოდ, მაშინ როდესაც ხელოვნების მუზეუმთან წამოჭიმულ „თბილისი პანორამას“ ხედს უფუჭებს ისტორიული შენობა და თან ბიძინას პირად კოლექციასაც ძალიან მოუხდება რამდენიმე ახალი შენაძენი…
იმისთვის, რომ წულუკიანს ივანიშვილის ფიქრები რეალობად ექცია, ჯერ ხელოვნების მუზეუმში შესაბამისი ნიადაგი მოიმზადა და ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე მუზეუმის გადარჩენისთვისა და მისი აღორძინებისთვის იბრძოდნენ ჩამოალაბორანტა, დიახ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით: აი, მაგალითად, მუზეუმის დირექტორი ეკა კიკნაძე დირექტორის კაბინეტიდან პირდაპირ ლაბორატორიაში გადაიყვანა.
მეტი სიზუსტისა და დეტალის გასარკვევად „ქრონიკა+“ ეკა კიკნაძეს დაუკავშირდა და სწორედ მისგან შეეცადა გაერკვია, თუ რა გახდა მისი ჩამოქვეითების მიზეზი და სადამდე მივიდა წულუკიანის „ხულიგნობის“ კოეფიციენტი მის შემთხვევაში?
_ ქალბატონო ეკა, მიიღეთ თუ არა რაიმე გაფრთხილება წინასწარ, მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ?
_ აბსოლუტურად არაფერი მიმიღია, პირდაპირ ჩამბარდა ლაბორანტად დანიშვნის შესახებ ბრძანება. ასევე ჩამოქვეითდნენ სხვა თანამშრომლებიც და მათგან ორი საერთოდ განთავისუფლდა სამსახურიდან, _ ორი მუშაკი, რომლებმაც მუზეუმისთვის ფასდაუდებელი შრომა გაწიეს.
_ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ორი წლის მანძილზე თქვენ სრული სტანდარტების დაცვით მუშაობდით მუზეუმის რეაბილიტაციისა და იქ დაცული საგანძურის გადარჩენის პროექტზე. როგორი იყო თქვენ მიერ შემუშავებული გეგმა? რა განსხვავებაა მასსა და კულტურის სამინისტროს მიერ წარდგენილ პროექტს შორის?
_ ეს გეგმა მზადდებოდა ეროვნული გუნდის მიერ ორი წლისა და კიდევ უფრო მეტი ხნის განმავლოაბში. ეს არის მრავალეტაპიანი გეგმა, რომელიც მოიცავს ბევრ სხვადასხვა კომპონენტს და, შესაბამისად, მასზე მუშაობდა ძალიან ბევრი სხვადასხვა პროფილის მქონე სპეციალისტი. რა არ მოეწონა კულტურის სამინისტროს, ეს უკვე თავად მათ უნდა ჰკითხოთ.
_ ფაქტია, რომ თქვენ მიერ შემუშავებული გეგმა წულუკიანის უწყებისთვის მისაღები არ აღმოჩნდა და შემდგომში ახალი გეგმა შეიმუშავეს.
_ გამიჭირდება რამე ვთქვა, რადგანაც სამინისტროს მიერ ახლად შემუშავებულ გეგმას არავინ ვიცნობთ, ის ჯერ არ გამოქვეყნებულა.
_ რამდენად რეალურია ინფორმაცია მუზეუმის არარენტაბელურობის შესახებ?
_ ამასთან დაკავშირებით 1977 წლით დათარიღებული შალვა ამირანაშვილის წერილიც არსებობს, რომ შენობას აქვს გარკვეული სახის პრობლემები, ასევე არის საფონდე ადგილების სიმცირის პრობლემა, სინესტე, გრუნტის წყალი და ა. შ. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული შენობა ყოველთვის არ ყოფილა მუზეუმის ფუნქციის მატარებელი და იქ სხვადასხვა სახის დაწესებულება იყო განთავსებული სხვადასხვა დროს, შენობის დაგეგმარებაც ბევრჯერ შეიცვალა, გარდა ამისა, მახლობლად გაკეთებულმა ესტაკადამ და „თბილისი პანორამამ“ თავისი ზეგავლენა იქონია, რის გამოც შენობას, რომელსაც მესამე ხარისხის ავარიულობის მქონე სტატუსი ჰქონდა მინიჭებული, კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეექმენა. 2018 წელს რეკომენდაცია მიიღეს დაცლის შესახებ. სწორედ ამიტომ ეროვნული მუზეუმის მიერ მომზადდა სივრცეები ხელოვნების მუზეუმის ახალ კორპუსში და სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, სადაც დროებით განთავსდებოდა კოლექციები და დაიწყებოდა შენობის რეაბილიტაცია, ახალი მუზეუმის კონცეფციის შესაბამისად. რა თქმა უნდა, შენობა დაზიანებულია და მას სასწრაფოდ სჭირდება რესტავრაცია და ისეთი პროეტი, რომელიც გაითვალისწინებს, რომ მასში სმომავლოდ ისევ უნდა დაბრუნდეს კოლექციები და განთავსდეს მუზეუმი. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ შენობის შენარჩუნებაზე, არამედ მისთვის მუზეუმის ფუნქციის შენარჩუნებაზე. რაც შეეხება შენობას, ეს არის, ევროპული არქიტექტურის ერთ-ერთი პირველი ნიმუში და ევროპული თბილისის ისტორიის დასაწყისი.
_ რა მოლოდინები გაქვთ? რას უპირებენ საგანძურს? ხომ არ არსებობს ვინმეს პირადი დაინტერესება და რა როლი აქვს საქართველოს საპატრიარქოს იქ დაცულ კოლექციასთან მიმართებაში?
_ საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და საპატრიარქოს შორის, ოქროს ფონდთან დაკავშირებით, მიღებული იყო გადაწყვეტილება, ჯერ კიდევ, 2019 წელს, გაფორმდა მემორანდუმი საპატრიარქოსა და სამინისტროს შორის, როდესაც ოქროს ფონდი უნდა გადატანილიყო სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში სრულად, თითოეული ექსპონატის ჩათვლით, ამას ხაზს ვუსვამ, თუმცა სამინისტრომ შეაფერხა გადატანის სამუშაოები, მაგრამ მოსაყდრე შიოს ხელმოწერა ამ მემორანდუმზე იყო, მაგრამ არ ახლდათ სამინისტროს საბოლოო დასტური. ჩვენს ორგანიზაციას, საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და საპატრიარქოს შორის ეს შეთანხმება იყო მიღწეული და ამას თითქოს ხელს არაფერი უშლიდა. სხვა სახით რამის თქმა ვინმეს მხრიდან პირად დაინტერესებასთან დაკავშირებით გამიჭირდება.
_ შეხვედით თუ არა კულტურის სამინისტროსთან სამართლებრივ დავაში და რა ეტაპზეა საქმე ამ დროისთვის?
_ მე არ ვარ მარტო, ჩემთან ერთდ კიდევ არის რამდენიმე თანამშრომელი, გვყავს იურისტები, დაწყებულია პროცესი.
_ ანუ სარჩელი ჯერ არ შეგიტანიათ, თუმცა ის მზადების პროცესშია?
_ დიახ, გიდასტურებთ, რომ სარჩელი არის მზადების პროცესში. შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე განგაშის ზარი ამ შემთხვევაშიც პირველებმა ინტელიგენციის წარმომადგენლებმა შემოჰკრეს და აქტიურად დაუპირისპირდნენ კულტურის მინისტრის მიერ განხორციელებულ რეპრესიებს.
როგორია მოლოდინები და შეფასებები? _ ამის გასარკვევად „ქრონიკა+“ მხატვარ გია ბუღაძეს დაუკავშირდა
ბ-ნო გია,ვის ხელშია ქართული კულტურა დღეს?
_ კარგი შეკითხვაა (იცინის), ბიძინას ხელშია, ყველაფერი ბიძინას ხელშია დღეს. გვერდზე ააშენეს რაღაც გრანდიოზული საშინელება და მას უშლის მუზეუმი ხელს. წულუკიანი ჭანჭიკია, _ რასაც ეტყვის ბიძინა, იმას გააკეთებს თეა. რა თქმა უნდა, შიდა ძვრები იქნება ძალიან რთული, ერთ ჯგუფი ვინც მუშაობდა ამ მუზეუმში, უკვე ჩამოალაბორანტეს, ახლა შექმნა წულუკიანმა მეორე, რომლითაც იმყარებს ნიადაგს და ამასობაში ჩვენი ისტორია და ჩვენი საგანძური, რომლითაც უნდა ვამაყობდეთ, შეიძლება ჩამოიშალოს.
_ საგანძურთან მიმართებით თუ ხედავთ ივანიშვილის ინტერესებს?
_ პირდაპირი გაგებით გამიჭირდება თქმა. ისე, ყველაფრის თქმა შეიძლება ამ ადამიანზე, რადგანაც იგი ყველაფერზე წამსვლელია, პირწავარდნილი მატერიალისტია. ხატი, რაღაცა წმინდა ნივთი, განსაკუთრებული ქმნილება მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, მხოლოდ ფულით და ფასეულობით განსაზღვრავს. ხახულის კარედზე მისთვის, მაგალითად, მხოლოდ ოქროა. ყველაფერი შეიძლება მას ტვინში მოუვიდეს. გამიჭირდება თქმა, რომ ამ შემთხვევაში მას სურს ამ საგანძურის ხელში ჩგდება, თუმცა ასეა.
_ წულუკიანთან დაკავშირებით ერთ-ერთ ინტერვიუში იგი გებელსს შეადარეთ. ეს რეპრესიებისა და პარალელების თემა რომ უფრო გავშალოთ მასთან მიმართებით.
_ მარტო გებელსი არა, გებელსს ინტელექტუალური მონაცემი მაინც ჰქონდა, ის ფილმებს იღებდა 1945 წელს, რამდენიმე სანახაობრივი ფილმი გდაიღო, ექსპრესიონიზმი მოსწონდა, უბრალოდ, ჰიტლერმა აიძულა, რომ რაღაცები შეეცვალა. გებელსის გარდა ჩვენც გვყავდა იდეოლოგები აქეთ ბოლშევიკებში. ეს რაღაცით ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელია, ტვინებზე მანიპულაციის სურვილი, რომ არა მხოლოდ გარეთ მუშაობდეს ცენზორი, არამედ ცენზორი შენშიც დაიბადოს, შენში გაჩნდეს ის, ეს არის ყველა დიდი ავტორიტარულ-ტოტალიტარული რეჟიმის სამსახურების ძირითადი ამოცანა, რომ თოთოეულ ადამიანში აღზარდოს ცენზორი, რათა შემდგომში თავად კი არ დაიწყოს მისი კონტროლი, არამედ ადამიანმა თვითონ იკონტროლოს საკუთარი თავი. ყველაზე დიდი უბედურება ეს არის და მე ამის მეშინია, რომ ხელოვანთა შორის არ გაჩნდეს მაკონტროლებელი, ყველაზე მეტად ამით მაგონებს წულუკიანი ბოლშევიკების რიტორიკას. მე საერთოდ მინდა ვთქვა, რომ ასეთი მოქმედებები, რაც ახლა წამოვიდა მწერლებისგან, ვგულისხმობ წინააღმდეგობას წულუკიანის მისამართით, კარგი იქნებოდა, ხელოვნების სხვა დარგებიდანაც რომ მოდიოდეს, თუმცა ისტორიიდანაც კარგად ჩანს, რომ პირველები იყვნენ მწერლები და სიტყვასთან შემხებლობაში მყოფი ადამიანები, რომლებიც ილაშქრებდნენ ყველაფერ მსგავსის წინააღმდეგ და სწორედ მათგან იწყებოდა რეპრესიები, ასე დაიწყო აქაც.
კარგი პარალელი იქნება თუ ვიტყვით, რომ ყველაზე დიდი მაკონტროლებელი ორგანიზაცია, რაც კომუნისტებმა შექმნეს, ეს იყო მწერალთა კავშირი, მერე შეიქმნა უკვე სხვა კავშირები.
_ როგორ დასრულდება ხოლმე ნამდვილი, ჭეშმარიტი ხელოვნებისა და წარმავალი ხელისუფალის ჭიდილი?
_ რა თქმა უნდა, მარადიული ხელოვნების გამარჯვებით. კი დახვრიტეს მიხეილ ჯავახიშვილი, მაგრამ ვინც დახვრიტა, იმათი გვარებიც აღარ გვახსოვს დღეს! კი ვიცით, რომ ბერიაა, მაგრამ მაინც. ასევე პეტრე ოცხელი დახვრიტეს! ყურები დაუხვრიტეს ევგენი მიქელაძეს და მოკლეს, მაგრამ ხელოვნება მაინც იმარჯვებს, თუ ის იქნება ნამდვილი. მე ამ პოტენციალს ვხედავ დღეს ახალგაზრდა ხელოვნებში, ხოლო ვისშიც ვერ ვხედავ. სულ ვეკითხები, არ გაწუხებთ? გინდათ, რომ მონა იყოთ?
_ როგორია თქვენი პროგნოზი, როგორ დაასრულებს წულუკიანი?
_ გამიჭირდება თქმა, მაგრამ გეტყვით, თუკი 43%-ს ვერ აიღებს „ქართული ოცნება“, დასრულდება წულუკიანიც. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, რუსეთის უკანა ეზოდ ვიქცევით და ქვეყანა ჩამოიშლება. მაგრამ ძალიან ეჭვის თვალით ვუყურებ პროცესებს, რომელიც ოპოზიციაში მიმდინარეობს და მზარავს მათი პასიურობა და ეს ყველაფერი რომ ავხსნა ხოლმე, შემზარავ სურათამდე მივდივარ. იმედია, ვერ მოახერხებს ივანიშვილი, რომ ოპოზიცია დაშალოს, მაგრამ კიდევ ერთს დავუმატებ: არჩევნებში საქართველოში, ძირითადად ბოლო კვირაში, ბოლო ხუთ დღეში წყდება ხლომე ყველაფერი.
მწერლები იყვნენ პირველები და მთავრები, ვინც ილაშქრებდა რეჟიმების წინააღდმეგ, თუმცა მათ გარკვეულწილად პოლიტიკური გვერდით დგომაც ჭირდებოდათ.
ახლაც ასეა, _ პუბლიცისტმა და პარლამენტის წევრმა თაკო ჩარკვიანმა პირველმა იგრძნო მოახლოებული საფრთხე და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებთან, მედიასთან და ზოგადად სზოგადოებასთან ერთად საპროტესტო აქცია გამართა, სახელწოდებით: „მიკროფონის ქურდი მინისტრი“.
სწორედ თაკო ჩარკვიანთან შევეცადეთ, თემაზე საუბარი გაგვეგრძელებინა და გაგვეგო, რა საფრთხეებს ხედავს ის და როგორია მაგალითები მსგავს სიტუაციებში, რომელიც ისტორიამ შემოგვინახა?
_ ქალბატონო თაკო, ერთ-ერთი ხართ, ვინც ძალიან კარგად იცის, იმ ომში, რომელიც წულუკიანის უწყებამ ხელოვანებსა და ზოგადად ხელოვნებას გამოუცხადა, თუ როგორია ფინალი და ვინ იმარჯვებს. რას უნდა ველოდოთ? რას გვეუბნება ისტორია?
_ სწორედ ამ დღეებში ვიხსენებდი. მამას ცხოვრებში არის თარიღები, რომლითაც მე და მამუკა ვამაყობთ. ახლა ამ თარიღებს ჩამოგითვლით, რომლებიც ფაქტებითა და დოკუმენტებით არის გამყარებული: 1977 წელს მწერალთა კავშირიდან ზვიად გამსახუდიას გარიცხვაზე ხელის არმოწერა. გამგეობიდან მამა ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც არ მოაწერა ხელი ამას. ორჯერ იყო გამსხურდიას თავდები. კრემლი რომ დატოვა ქართულმა დელეგაციამ, ასტაფიევმა გვიწოდა „ბალნოი ნაროდ“ _ იყო ასეთი ფაქტი. დელეგაცია შეიძლება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ვინც იყო, ერთის გარდა ყველამ დატოვა ეს ნაკრები და ის ერთი დღესაც, სიბერეშიც, ისეთივე მხდალია და ისეთივე ჭუჭყიან ფრაზებს ისვრის, როგორც მაშინ იყო. 9 აპრილსაც გამსახურდიას თავდები ჯანსუღ ჩარკვიანი იყო და თვითმფრინავის ბიჭებისიც. მათ უკან არ წაიღეს თავიანთი ხელმოწერები. რატომ ვამბობ ამ ყველაფერს? _ ამით ფასობს ადამიანი. მართალია, ძალიან ბინძური წერილები იბეჭდებოდა იმ პერიოდში ჯანსუღზე, მაგრამ ვაჟკაცად დარჩა.
_ რას ცდილობს თეა წულუკიანი თავისი ქმედებებით? ვხედავთ, რა ხდება ხელოვნების მუზეუმთან მიმართებით.
_ თეა წულუკიანი ხომ არ არის დანიშნული იმისთვის, რომ ის იყოს კულტურის მინისტრი? იგი დანიშნულია იმისთვის, რომ მან ხელი მოაწეროს ყველაფერზე, რაც ივანიშვილს სურს. ამ შემთხვევაში მას სურს ოქროს ფონდი. ჩვენ გავუწიეთ მას წინააღმდეგობა და ცოტა შეჩერდნენ, მაგრამ ამან არ უნდა აღგვაფრთოვანოს ჯერ, ბრძოლა ახლა დაიწყო და თუ მოვდუნდით, ის ოქროს ფონდი ისე გაქრება, როგორც საკუთარ ყურებს, ისე ვერ ნახავს მას საქართველო. ერთი ხელისუფლების გამოგზავნილი ესებუა სჭირდება ხახულის კარედს. ახლა უნდა გაკეთდეს პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომისია, რომელიც ამ ყველაფერს გააკონტროლებს, თუ სად და როგორ გადის მუზეუმიდან ექსპონატები.
_ ეკლესიაზე მინდა გკითხოთ: ვხედავთ, რომ სასულიერო პირები აქტიურად არიან ჩართულები ყველა პოლიტიკურ და, ზოგადად, საერო პროცესებში. ხელოვნების მუზეუმიც არ არის გამონაკლისი და ამ შემთხვევაში მათ „ფარად“ ანჩისხატი აქვთ გამოყენებული. ეს პროცესები არ გიჩენთ კითხვებს?
_ რა თქმა უნდა. ჩვენი პატრიარქი ილია II მოხუცდა, მისი ჯანმრთელობაც არ არის სახარბიელო მდგომარეობაში, როგორც ამას საპატრიარქო გვაუწყებს შიგადაშიგ. ამ პროცესებში ჩვენ ისეთი ორსახოვანი მღვდლები ვნახეთ იაკობისა და ცქიფურიშვილის სახით, დიდი ბოდიში, მაგრამ ვის უნდა ჩავაბაროთ ჩვენი ოქროს განძი? იაკობსა და ცქიფურიშვილის? სასულიერო პირებს, რომლებისთვისაც ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს და ჩვენ ვნახეთ ლამის ძმათა სასაკლაო მოაწყვეს 5 ივლისს რუსთაველზე. ხახულსა და ბექა ოპიზრის ჭედურობას მიხედავენ? _ რას ბრძანებთ? ეკლესიაში არიან კარგი სასულიერო პირებიც, მაგრამ ეკლესიას დღეს მართავს ადამიანები, რომლებმაც სასიკვდილოდ წააქეზეს ერთმანეთისკენ ახალგაზრდები. ამ განძის ადგილი არის მუზეუმში, რათა ყველამ ნახოს და პირი დააღოს იმ თარიღით და კულტუროლოგიით, რომელიც წინ უსწრებს ძალიან ბევრი წამყვანი ევროპის ქვეყნის კულტურასა და ისტორიას. წარმოუდგენლად მიმაჩნია, ანაფორაში გადაცმული ცქიფურიშვილის ნაირი მღვდლების მიერ იმ განძის შენახვა, რომელიც პიროვნებებმა, საკუთარი სისხლით მოიტანეს აქამდე.
ვინაიდან საგანძურის თემასა და კულტურის სამინისტროს შევეხეთ, არ შეიძლებოდა არ გაგვხსენებოდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საყდრისის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი და ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი, რომელიც, ამავდროულად, კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის მრჩეველია. მიქიაშვილისა და საგანძურის თემის კავშირი უბრალო დაინტერესებად არ მოგეჩვენოთ, ის ერთ-ერთია, რომელიც საყდრისის თემაზე ხმამაღალ და მკაფიო განცხადებებს აკთებდა:
„მიწასთან ასწორებენ, მუშაობენ 24 საათი. არ ჩერდებიან ღამითაც, ილიჩის ნათურების შუქზე მუშაობენ. ასევე დღე და ღამე მუშაობენ კვირაცხოვლის ქედზე, არჩილ კბილაშვილი კი ცრუობს, როცა ამბობს, ნარჩენებს ვამუშავებთ და მადნის მოპოვება არ ხდებაო“, _ ეს განცხადება მიქიაშვილმა რადიო „თავისუფლებასთან“ 2014 წლის დეკემბერს გააკეთა, თუმცა რას ფიქრობს დღეს და რა პოზიცია აქვს უკულტურო მინისტრის მრჩეველს აფეთქებულ საყდრისთან დაკავშირებით, უცნობია. მიუხედავად მრავალმხრივი მცდელობისა, მიქიაშვილმა „ქრონიკა+“- ის ზარებს არ უპასუხა.
გიგა გელხვიიძე