თეა წულუკიანის შავ-თეთრი დოსიე
იყო დრო და არცთუ შორეულ წარსულში, როცა მას ევროპული დემოკარტიისა და ლიბერალიზმის მცველად მიიჩნევდნენ. იმასაც ამბობდნენ, საქართველოს ხელისუფლებაში სწორედ ასეთი სამართლიანი ადამიანები უნდა გვყავდესო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა, მითი, რომელიც ამ ადამიანის სანდოობასა თუ სათნოებაზე იყო შექმნილი, საპნის ბუშტივით გასკდა. დიახ, მასზე დღეს ამბობენ, რომ „ოცნების“ ყველაზე ხისტი, ცივსისხლიანი და ცინიკოსი წარმომადგენელია. რატომ განიცადა ასეთი მკვეთრი ტრანსფორმაცია თეა წულუკიანმა? _ ეს, სხვებზე უკეთესად, ბუნებრივია, თავად ეცოდინება. ჩვენ კი მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ მის ბეგრაუნდს თვალი გადავავლოთ და აწ უკვე კულტურის მინისტრის ტრანსფორმაციის ალგორითმი ამოვხსნათ.
როგორც ქართული „ვიკიპედია“ იუწყება, თეა წულუკიანი 1975 წლის 21 იანვარს თბილისში დაიბადა.
„1992 წელს თეა წულუკიანმა დაამთავრა ლიონის ამპერის სახელობის ლიცეუმი (საფრანგეთი), რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. აღნიშნულ ფაკულტეტს წულუკიანი 1997 წელს ამთავრებს. 2000 წელს საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლაში (ENA) საჯარო ადმინისტრაციაში (MPA) იცავს მაგისტრის ხარისხს.
2000-2010 წლებში მუშაობდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობაზე.
2010 წლის 15 მაისს თეა წულუკიანი შეუერთდა პოლიტიკურ პარტია „ჩვენი საქართველო _ თავისუფალ დემოკრატებს“, როგორც პარტიის თავმჯდომარის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დარგში. მოგვიანებით, პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.
2012 წლის 21 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ნაძალადევის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი _ ქართული ოცნება“.
2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად. 2020 წლის 29 სექტემბერს, საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო, თანამდებობა დატოვა.
2020-2021 წლებში იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო“.
2021 წლის 19 მარტიდან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრია“, _ ნათქვამია ქართულ „ვიკიპედიაზე“ გამოქვეყნებულ წულუკიანის ბიოგრაფიაში.
ვერაფერს ვიტყვით, მართლაც, შესანიშნავი CV-ია და თუნდაც ის რად ღირს, რომ იგივე ევროპულ სასამართლოში მუშაობის დროს ჩვენი კულტურის დღევანდელი განმკარგავი სანდრო გირგვლიანის საქმეში აქტიურად იყო ჩართული.
მოგეხსენებათ, გირგვლიანის საქმე ის საქმეა, რომლითაც „ნაციონალების“ დასასრულის დასაწყისი დაიწყო, ანუ ეს ის შემთხვევა არ არის, როცა ვინმე წულუკიანს ჰკითხვას, 2012 წლამდე სად იყავიო? _ შესაძლოა, ფიზიკურად საქართველოში არ იმყოფებოდა და „ანტინაცების“ აქციებზე არ დადიოდა, სამაგიეროდ, რეჟიმის (როგორც „ქოცები“ „ნაციონალების“ 9-წლიან მმართველობას უწოდებენ) წინააღმდეგ შუაგული ევროპიდან იბრძოდა.
კეთილი და პატიოსანი, მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ „ნაცებს“ ებრძოდა, განა, შეიძლება, ადამიანი სხვადასხვა უმაღლეს თანამდებობას იკავებდეს და განუსაზღვრელი ძალაუფლება ჰქონდეს? _ თუ შეიძლება, მაშინ აგერ, ჩემი მეზობელი ვენერა ან, სულაც, მალხაზი დავნიშნოთ რომელიმე უწყების ხელმძღვანელად. რატომ? _ იმიტომ, რომ ვენერა და მალხაზიც, 2003 წლის ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე, „ანტიმიშისტები“ არიან და, სხვათა შორის, კულტურის მინისტრზე არანაკლებ მკვახე ლაპარაკიც ეხერხებათ!
ზოგადად, წულუკიანი და სკანდალი განუყოფელი, ასე ვთქვათ, მოცემულობაა. ყველაფერი კი, ჯერ კიდევ, 2013 წელს, ე. ი., მაშინ დაიწყო, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ახალი მოსული იყო და ხალხს ეგონა, აი, ივანიშვილის გუნდი ქვეყანას არათუ ააყვავებს, არამედ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ავლადიდებას სულ ბღუჯა-ბღუჯა დაურიგებსო.
სხვათა შორის, პოლიტიკაში ტერმინი „ბღუჯა-ბღუჯა“ „ქოცებმა“ დაამკვიდრეს _ ალბათ, გახსოვთ, იყო ასეთი ადამიანი _ დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელსაც ფინანსთა მინისტრის პოსტი ეკავა.
ჰოდა, ერთხელაც, პარლამენტში სტუმრობისას, როცა ოპოზიცია იმით აპელირებდა, რომ ხელისუფლებაში „ოცნების“ მოსვლის შემდეგ ხალხი გაღარიბდა, ქუმსიშვილმა სიტყვასიტყვით თქვა:
„ოჯახთან ერთად შარშან ვიყავი უშგულში. დიდი ხანი არ ვიყავი ნამყოფი, ჩავედი უშგულში და ყველა სახლს აწერია „გესთ ჰაუსი“ _ სასტუმრო. გავჩერდით ერთ სახლში, ბევრნი ვიყავით, ძალიან მოვილხინეთ. დილით ჩამოვედი და ბავშვებისთვის მოვინდომე სუვენირების შეძენა. ბრჭყვიალა ქვა, კაჟი, რომელიც მდინარეს მოაქვს, ღირს 20 ლარი. პატარა სვანური კოშკი, ხელით გამოთლილი ღირს 20 ლარი. მე, რა თქმა უნდა, 3 შვილი მყავს _ 2 პატარა, 1 უფროსი. ამოვიღე ჯიბიდან ფული და იმისათვის, რომ ორივესთვის მეყიდა, ფული გადავიხადე და ძალიან გამიხარდა. იცით, რა გამიხარდა? როდესაც მე ქალბატონს ასლარიანი გავუწოდე იმისათვის, რომ მეყიდა რაღაც, მან ჯიბიდან ამოიღო ბღუჯა. ბღუჯა ამოიღო ფულის, ქალბატონო ადა, ბღუჯა. ახლაც ტანში მაჟრიალებს იმიტომ, რომ სიამოვნებისგან, გეფიცებით, კინაღამ დავკოცნე ის ქალი. ეს არის ტურიზმის გავლენა“.
ისე, ჩვენთვის რომ ვთქვათ, ქუმსიშვილი მხოლოდ საზოგადოებამ კი არა, თვით „ოცნებამაც“ შარშანდელი თოვლივით დაივიწყა. ალბათ, მოვა დრო და ქალბატონი წულუკიანიც ამ ბედს გაიზიარებს, თუმცა, ჯერჯერობით, ის ძალიან, ძალიან აქტუალური და გავლენიანია. ამიტომაც ისევ კულტურის მინისტრის დიპლომის სკანდალს დავუბრუნდეთ.
როგორც აღვნიშნეთ, წულუკიანის დიპლომის სკანდალი 8 წლის წინ, 2013 წელს აგორდა. ამ თემაზე იმდროინდელ ონლაინმედიაში ვკითხულობთ:
„საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განათლების თანამდებობასთან შესაბამისობის შესახებ ამომწურავი და დოკუმენტირებული განმარტება ჯერჯერობით არ გაკეთებულა. მინისტრის თანაგუნდელებს ამ ეტაპზე მისი კვალიფიკაციის დასტურად საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლაში (ENA) მიღებული განათლება მოჰყავთ.
კვალიფიკაციის დამადასტურებული ფორმალური მხარე კი მნიშვნელოვანია, რამდენადაც უმაღლესი იურიდიული განათლების ქონა იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი წინაპირობაა.
ბიოგრაფიაში, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული, მითითებულია, რომ წულუკიანმა 1997 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა დაკონკრეტებული არ არის, რომელი განხრით. თსუ-ში უკვე დაადასტურეს, რომ მან ბაკალავრის დიპლომი საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალობით აიღო, ამრიგად, საქართველოში მიღებული უმაღლესი განათლება მას იურისტის კვალიფიკაციას არ ანიჭებს.
რაც შეეხება საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლას (ENA), წულუკიანმა ის 2000 წელს დაამთავრა და დაიცვა მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრირებაში (MPA). მინისტრს ფაცებოოკ-ის პირად გვერდზე ასევე მითითებული აქვს, რომ ENA-ში კურსი გაიარა (ფრანგულ) ადმინისტრაციულ სამართალშიც. საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლის ამჟამინდელ ბუკლეტებს ან ვებგვერდს თუ გადავხედავთ, სამართალმცოდნის ხარისხი მას არ აქვს. წულუკიანის განათლების შესახებ კომენტარი გააკეთა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში რენე სალენსმა, რომელმაც განაცხადა, რომ პასუხი კითხვაზე, იძლევა თუ არა ENA იურიდიულ მომზადებას, დადებითია. ხოლო კითხვას, შეუძლიათ თუ არა მათ პროკურორებად მუშაობა, ელჩმა უპასუხა, რომ შეუძლიათ _ ადმინისტრაციულ და ფინანსურ სფეროში.
საქართველოს კანონმდებლობით, იმისათვის, რომ პროკურორი გახდეს, პირს მოეთხოვება ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება, ფლობდეს სამართალწარმოების ენას, გავლილი ჰქონდეს სტაჟირება პროკურატურის ორგანოებში (ან იურისტად მუშაობის სამწლიანი გამოცდილება) და ჩაბარებული ჰქონდეს საკვალიფიკაციო გამოცდა, მათ შორის, სისხლის სამართალში.
აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობა პროკურატურის მუშაკთა გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისგან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრს, რომელიც, ამავდროულად, პროკურორია და სისხლის სამართლებრივ დევნას ახორციელებს, თუმცა, როგორც ვხედავთ, პროკურორის კვალიფიკაცია სისხლის სამართლის ცოდნასაა და მის ფორმალურ დადასტურებასაც მოიცავს. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ევალებათ ჩაბარებული საგნების დანართთან ერთად, თუმცა გამოცდის ვალდებულების არქონის გამო, იუსტიციის მინისტრს ამ საბუთების წარდგენა არ დასჭირვებია.
იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც ამ ეტაპზე საზოგადოებისა და მედიისთვისაა ცნობილი, რამდენიმე კითხვა ჩნდება:
მიიღო თუ არა წულუკიანმა იურისტის ხარისხი საფრანგეთში? აძლევს თუ არა ეს ხარისხი მას სისხლის სამართლის სფეროში პროკურორად მუშაობის უფლებას? და მეორე მხრივ, როგორ არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა სამართალში უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას _ გამომდინარე იქიდან, რომ სამართალი საქართველოში რეგულირებადი პროფესიაა და ამ ხარისხის ფლობისთვის უფრო მკაცრი კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო, ვიდრე არარეგულირებადი პროფესიების შემთხვევაში.
ასევე გავლილი აქვს თუ არა წულუკიანს შესაბამისი პროცედურები ხარისხის ასაღიარებლად?
პროფესიული განათლების შესახებ კანონით, იურისტის პროფესიით საქმიანობა „შეიძლება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მისთვის აუცილებელია როგორც ფორმალური პროფესიული განათლება, ისე შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“.
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის განმარტებით, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისათვის დაინტერესებულმა ადამიანმა აუცილებელია, განცხადებით მიმართოს ხსენებულ ცენტრს. შემდეგ, შესაბამისობის დადგენისას, ცენტრი ადგენს უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის, სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან.
გამომდინარე იქიდან, რომ სამართალი რეგულირებადი პროფესიაა, საქართველოში განათლებამიღებული ადამიანის მსგავსად, მან, ვინც განათლება მიიღო უცხოეთში, აღიარების შემდეგ, რეგულირებადი პროფესიით მუშაობისათვის შესაბამისი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა უნდა ჩააბაროს.
აღსანიშნავია, რომ რომელიმე სხვა სპეციალობაში ნებისმიერი აკადემიური ხარისხის მქონე პირისათვის, უმაღლესში სწავლის პერიოდში სამართლის დარგში სასწავლო კურსების გავლა, არ ხდება იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის საფუძველი. შესაბამისად, ადამიანი, რომელმაც სამართლის დარგში სასწავლო კურსები გაიარა, ვერ დასაქმდება იქ, სადაც თანამდებობის დაკავების წინაპირობას წარმოადგენს უმაღლესი იურიდიული განათლების ქონა.
ცენტრის ცნობით, იურიდიული განათლების მიღება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად. ბაკალავრიატის პროგრამა მოიცავს არანკლებ 240 კრედიტს, მაგისტრატურა არანაკლებ _ 120-ს, ხოლო დოქტორანტურა _ 180 კრედიტს.
ამასთან, დოკუმენტში, რომელიც ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს აღწერს, ვკითხულობთ, რომ „უმაღლესი იურიდიული განათლების მქონედ ითვლება პირი, თუ მას დამთავრებული აქვს უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი სპეციალობით: „სამართლმცოდნეობა“ ან „საერთაშორისო სამართალი“ და სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს „იურისტის კვალიფიკაცია“.
წულუკიანის თანამდებობაზე დანიშვნისა და ყოფნის საკითხს დამატებითი დატვირთვა ეძლევა იმ ფონზე, როცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ორი მოსამართლის იურიდიული განათლების კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ.
ჯერჯერობით უცნობია, რა მოხდება, თუ დადასტურდა, რომ იუსტიციის მოქმედ მინისტრს უმაღლესი იურიდიული განათლება არ აქვს. პროკურატურის შესახებ კანონში ვკითხულობთ, რომ პროკურატურის მუშაკის პროკურატურიდან დათხოვნის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება გახდეს „სამსახურში მიღებისთვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევა“. პროკურატურის მუშაკი ეწოდება, მათ შორის, პროკურორს. თავის მხრივ, პროკურორი არის, მათ შორის, იუსტიციის მინისტრი“.
წელიწადზე მეტია, რაც იუსტიციის მინისტრი აღარ არის. შესაბამისად, წულუკიანის, როგორც იურისტის კვალიფიკაციაზე აღარავინ საუბრობს. ან რა დროს იურისტობაა, როცა პირველმა ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრის რანგში, წარმოუდგენელი ამბები დაატრიალა _ ჯერ იყო და, „მთავარის“ ჟურნალისტს მიკროფონი ძველბიჭურად წაგლიჯა;
მერე „ლიტერას“ ჟიურიში „ოდეერი“ ჩასვა და ამ ლიტერატურული კონკურსის ჩატარების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას;
უფრო ადრე კი წულუკიანმა განაცხადა, ყველა იმ მსახიობს უნდა დაველაპარაკოთ, ვინც „არაქოცურად“ აზროვნებსო.
„თუ, მაგალითად, თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს ან რეჟისორი, რა თქმა უნდა, აქ მე უფრო შევეცდები, რომ მათი განსხვავებული აზრი ვნახო, საიდან მოდის.
თუ ეს არის უფასო კრიტიკა, ასე ვეძახი, თუ ასეთია მისი მრწამსი, მაშინ ვეცდები გავიგო, რამდენად უშლის ხელს ეს შიგნით ორგანიზაციის სათანადოდ ფუნქციონირებას“, _ განაცხადა მიმდინარე წლის მარტში ქალბატონმა მინისტრმა.
რატომ იქცევა კულტურის მინისტრი ისე, როგორც იქცევა? _ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივი არ არის.
ისე, მარტივი არც ის არის, რატომ დაუშვა შეცდომა ირაკლი ალასანიამ, რომლის სახელსაც წულუკიანის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენა უკავშირდება?
დიახ, რომ არა თავდაცვის ექსმინისტრი, კულტურის მოქმედი მინისტრი „ოცნების“ ორბიტაზე ვერ მოხვდებოდა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ თეა წულუკიანი იყო პირველი, რომელმაც ირაკლი ალასანიას უღალატა. მართალია, თავად წულუკიანი ამას, როგორც თავის დროზე ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ღალატად არ მიიჩნევს, მაგრამ ფაქტია: წულუკიანი ერთადერთი იყო, რომელმაც ე.წ. ტრაქტორების საქმის შემდეგ, როცა ალასანია ჯერ ვიცე-პრემიერობიდან გადააყენეს, შემდეგ კი თავდაცვის მინისტრობიდან გადადგა, „ოცნების“ მმართველი ლიდერშიპი არ დატოვა. ისე, მაშინ არსებობდა ინფორმაცია, რომ იუსტიციის მინისტრი პოსტის დატოვებას აპირებდა და საგანგებო ბრიფინგიც იყო ჩანიშნული, მაგრამ ბრიფინგი დათქმულ დროზე კარგა ხნით გვიან დაიწყო. კულუარული ვერსიით, ამ დაგვიანების მიზეზი ის გახდა, რომ წულუკიანი „შუშის სასახლეში“ იყოფებოდა და ივანიშვილი არწმუნებდა, ალასანიას „საფლავში“ არ ჩაჰყოლოდა.
საბოლოოდ, მოხდა ის, რაც მოხდა _ წულუკიანი ალასანიას „საფლავში“ არ ჩაჰყვა და დღემდე „ოცნების“ „ფეისია“, თან ისეთი „ფეისი“, რომელიც, არსებული ინფორმაციით, აურაცხელი გავლენითა და „შუშის სასახლის“ „მბრძანებლის“ უპირობო ნდობით სარგებლობს.
რატომ ენდობა ივანიშვილი წულუკიანს? _ ამ კითხვაზე მეტ-ნაკლებად ამომწურავ პასუხს სცემს ქართული საინფორმაციო სააგნეტო CNews-ის ანალიტიკური სტატია, საიდანაც გთავაზობთ ამონარიდს:
„პოლიტიკაში რომ შემოვიდა, ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქე იყო. წულუკიანსაც ფრანგული ბეგრაუნდი ჰქონდა, ანუ ვიღაცები მიიჩნევენ, რომ ივანიშვილ-წულუკიანს, შესაძლოა, იმთავითვე ჰქონოდათ ბმა.
ზოგადად, ბოლო წლების ქართულ პოლიტიკაში საფრანგეთი, ასე ვთქვათ, დიდ გავლენას თამაშობს _ თავის დროზე, სალომე ზურაბიშვილიც ფრანგული პოლიტდიპლომატიის წარმომადგენელი იყო და უცებ, სააკაშვილ-ჟვანიას დუეტმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად „გადააპორტირა“. ეს მაშინ სკანდალად შეფასდა, რადგან არ ყოფილა პრეცედენტი, რომ სხვა ქვეყნის ელჩი ე. წ. მიმღებ ქვეყანაში საგარეო უწყების ხელმძღვანელი გამხდარიყო.
ამას გარდა, აგვისტოს ხუთდღიანი ომის დროსაც, ბედის ირონიით, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა საფრანგეთი იყო და მომრიგებლის როლი ოფიციალურმა პარიზმა იკისრა _ „სარკოზის შეთანხმება“ და თბილისში სარკოზის ჩამოსვლაც ყველას გვახსოვს.
ამასთან, ისიც ცნობილია, რომ საფრანგეთს რუსეთთან ნორმალურზე უკეთესი, ანუ თბილი ურთიერთობა აქვს (აქ „მისტრალის“ ეპიზოდის გახსენებაც შეიძლება).
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, დასკვნა თავად გააკეთეთ, თუ როგორ და რატომ ინარჩუნებს წულუკიანი ივანიშვილის კარზე გავლენას?“
ერთი სიტყვით, ასეთია „ოცნების“ ყველაზე ხელშეუხებელი მინისტრის მოკლე დოსიე.
ისე, წულუკიანი ხელშეუხებელი აქამდე იყო, თუმცა ამ დღეებში მისი გაკრიტიკება ეკატერინე ტიკარაძის დაქვემდებარებაში მყოფი უწყების, ანუ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გაბედეს. მართალია, მორიდებულად, მაგრამ ტიკარაძის თანამშრომლები დაინტერესდნენ, თუ რატომ მართავს კულტურის სამინისტრო გაგანია კორონობისას კონცერტებსა და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას?
ამ კითხვაზე კულტურის „უსტაბაშის“ პასუხი, მართლაც, საინტერესო იქნება. დავუშვათ, ისე მოხდა, რომ ამ „ქოცური“ ტაშ-ფანდურის შემდეგ კოვიდინფექციამ იმაზე ფართო გავრცელება ჰპოვა, ვიდრე ახლაა, მაშინ საინტერესოა, წულუკიანი, რომელსაც ზოგიერთი ოპონენტი „ჯალათეასაც“ ეძახის, თავს როგორ იმართლებს?
P. S. ისე, წულუკიანს „ნაცების“ სინსილის გაწყვეტა ახლა უნდა, თორემ იყო დრო, როცა „ლიბერალებთან“ ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა, რასაც იგივე ინტერნეტში გავრცელებული ფოტოც მოწმობს, რომელზედაც თეა წულუკიანი და თამარ ჩერგოლეიშვილი (ჰო, აი, ის თამარ ჩერგოლეიშვილი, „ქოცები“ „ტაბულა ბიცოლას“ რომ ეძახიან) გადაფსკვნილები არიან აღბეჭდილნი.
სწორედ ამაზეა ნათქვამი, დრონი მეფობენო…
გიორგი აბაშიძე