თამუნა გოჩიაშვილი: „რუსებს ორ საათში შეუძლიათ ფასანაურის დაკავება, ესაა მშვიდობა?!“

შორენა მარსაგიშვილი

რა კავშირი აქვს უკრაინის ფრონტზე გართულებულ ვითარებას საქართველოში რუსული კანონის მიღებასთან? რატომაა სასაცილო საქართველოში მშვიდობაზე ლაპარაკი? რას უნდა ელოდოს „ქართული ოცნება“ ივანიშვილისგან და რატომ არის რეგიონებში ოპოზიციის გააქტიურება აუცილებელი? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი, თამუნა გოჩიაშვილი:

_ თამუნა, „ქართულმა ოცნებამ“, დასავლეთიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მაინც მიიღო რუსული კანონი. თქვენი აზრით, რატომ წავიდა ივანიშვილის ხელისუფლება სიტუაციის ასეთ გამწვავებაზე? 

_ რუსული კანონის მიღება პირდაპირ უკავშირდება უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. გვინდა თუ არა ჩვენ ამის აღიარება, ფაქტია, რომ დასავლეთმა იარაღის მიწოდება დააგვიანა და ფრონტზე  უკრაინის პოზიციები შესუსტდა, რაც, საბედნიეროდ, დროებითი მოვლენაა. დასავლური იარაღი უკვე ჩადის უკრაინაში და იქ ვითარება უკრაინის სასარგებლოდ შეიცვლება, რაც ჩვენთვისაც ასე მნიშვნელოვანია. იმ მომენტში, როცა საქართველოს ხელისუფლებამ რუსული კანონი შემოაბრუნა, ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, დაამტკიცებდა თუ არა აშშ-ის კონგრესი უკრაინის დახმარებას. უკრაინელები შეიარაღების სიმწირეს განიცდიდნენ და ეს ფრონტზე არსებულ ვითარებაზეც აისახა. რუსეთმა გარკვეული უპირატესობა მოიპოვა და გადაწყვიტა, რომ სხვა ქვეყნებზეც გაეძლიერებინა თავისი გავლენები.

რუსეთმა, პირველ რიგში, საქართველოს თავის ჭკუაზე და ყაიდაზე მოქცევა გადაწყვიტა.  ამიტომაც შემოაგდებინა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას რუსული კანონი ხელმეორედ, რომელიც გასულ წელს უკან იქნა გაწვეული. ეს კანონი რუსეთის დაჟინებული მოთხოვნით მიიღეს. „ქართულ ოცნებას“ სულაც არ აწყობდა ამ კანონის შემობრუნება. ეს კანონი რომ არ შემოებრუნებინა, არჩევნებს არხეინად მოიგებდა. ამის შემდეგ არჩევნების იოლად მოგების იმედი აღარ აქვთ.

_ ხმამაღლა აცხადებენ, რომ არჩევნებს მოიგებენ.

_ ხმამაღლა არავინ იტყვის, რომ არჩევნებისთვის მარცხისთვის არიან განწირულები. რუსული კანონის  შემობრუნებით და ასე უტიფრად გატანით თავისი მომხრეებიც კი გააბრაზეს. ძალიან ბევრი ვიცი, ვინც ამ კანონის გამო „ქართულ ოცნებას“ აღარ მისცემს არჩევნებზე ხმას. მათ არც „ნაციონალები“ და სხვა ოპოზიცია უნდათ, მაგრამ არც ის სურთ, რომ მათმა შვილებმა რუსეთში იცხოვრონ. ამ კანონის მიღების შემდეგ ჩვენ, ფაქტობრივად, რუსეთი გავხდით. მე მეზრდება შვილი და სულაც არ მინდა, რომ ჩემმა შვილმა იცხოვროს რუსული ყაიდის საქართველოში.

_ ამიტომ დადიოდით აქციებზე არასრულწლოვან შვილთან ერთად?

_ რამდენიმე აქციაზე მყავდა.  ტელევიზორში სულ რუსულ კანონზე იყო საუბარი, აქციებს აჩვენებდნენ და მეც აქციებზე ვიყავი. დააინტერესა, რა ხდებოდა, რატომ იყო ხალხი გაბრაზებული.  ამახსნევინა, რატომ იყო ეს კანონი რუსული. მერე მთხოვა, მეც წამიყვანე აქციაზეო და წავიყვანე. აქციაზე ბევრი იყო, ვისაც თან არასრულწლოვანი შვილი ჰყავდა. არავის უნდა, რომ მისმა შვილმა რუსეთში იცხოვროს. იმისთვის, რომ საქართველო არ გახდეს რუსეთის ყაიდის ქვეყანა, ყველამ უნდა გამოვხატოთ პროტესტი. კანონი კი შევიდა ძალაში, მაგრამ ჯერ არაფერი დამთავრებულა. წინ საპარლამენტო არჩევნებია, სადაც „ქართული ოცნება“ აუცილებლად უნდა დამარცხდეს.

ერთ რამეზე მინდა გავამახვილო ყირადღება, რაზედაც არავინ საუბრობს: ხშირად გვამადლიან, რომ თურმე მშვიდობა გვაქვს საქართველოში. სად გვაქვს მშვიდობა? მე საქართველოს სამხედრო გზასთან ვცხოვრობ. ჩემ უკან მთაზე, არაგვის ნაპირიდან, ვხედავ ფანრით მოსიარულე რუს მესაზღვრეებს. თითქმის ყოველ საღამოს ვუყურებ, როგორ დადიან რუსები ჩვენს ტერიტორიაზე. 

_ რომელ მთაზე დადიან ეს რუსები? ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან, თუ კიდევ ახალი ტერიტორია წაიღეს?

_ ლომისის ქედზე დადიან ღამღამობით. ეს ქედი ხომ ე. წ. საზღვარია ჩვენსა და დროებით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის. თითქმის ყოველ ღამე ვხედავ, როგორ დადიან ჩვენს ტერიტორიაზე რუსები ფანრებით.  ისინი ჯერ აქეთ არ გადმოდიან, მაგრამ თუ დასჭირდათ, უპრობლემოდ გადმოვლენ. არანაირი საჯარისო ნაწილი ამ ტერიტორიაზე არ დგას. არც არასდროს მდგარა. ფასანაურიდან ლამის ყაზბეგამდე მხოლოდ ერთი პოლიციის საგუშაგოა მლეთაში. ვინ უნდა დაიცვას ჩვენი უსაფრთხოება? ამას ეძახიან მშვიდობას? ფაქტობრივად, დაუცველები ვართ.

_ საპატრულო პოლიცია ხომ დადის ამ გზაზე?

_ დადის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მათ ტრაილერების მოძრაობის რეგულირება ევალებათ. ეს ტრაილერებიც სერიოზული პრობლემაა. ტრაილერების მძღოლები ხშირად ნასვამები მართავენ მანქანებს. პირადად მე არაერთხელ მყავს ნანახი, როგორ გამოდიან რესტორნებიდან, სახინკლეებიდან ნასვამები და აგრძელებენ გზას. პოლიცია მათ არაფერს ეუბნება. ამის გამო სამხედრო გზაზე უამრავი ავარია მოხდა. ეს სულ სხვა საუბრის თემაა და ისევ რუს სამხედროებს დავუბრუნდები.

საოკუპაციო ხაზთან მდგარი რუსი ჯარისკაცები რომ გადმოვიდნენ  2 საათში, ისე დაიკავებენ აქაურობას, თქვენი მოწონებული. ბევრი მოსახლეობა არაა, ვინმემ წინააღმდეგობა რომ გაუწიოს. რაღაცა უნდა გავაკეთოთ. აქ რაღაც საგუშაგო უნდა იდგეს. რუსები რომ გადმოვიდნენ, ჩვენ სად დავრეკოთ? მლეთის საგუშაგოზე, სადაც სამი კინკილა პოლიციელია და იმათ რა უნდა ქნან? სამმა ავტომატიანმა კაცმა უნდა მიხედოს რუსებს? სანამ ხელისუფლება აზრზე მოვა, მთელ ხეობას დაიკავებენ. ისეთ ბომბზე ვართ, რომელ მშვიდობაზე ლაპარაკობენ? ყოველდღე იმას ვფიქრობთ, რუსებმა ფასანაური არ დაიკავონ. მშვიდობა „ქართული ოცნების“ წევრებს აქვთ _ შვილები გახიზნული ჰყავთ ევროპასა და ამერიკაში. თავად სპეცრაზმით დადიან და რამე რომ იყოს, გაიქცევიან, ამ რუსებს კი ჩვენ შეგვატოვებენ. თუმცა ისე მიდის საქმე, შეიძლება, ვეღარც გაიქცნენ. სანქციების დაწესება უკვე დაიწყო დასავლეთმა.

„ქართული ოცნების“ წევრებს კარგად უნდა ახსოვდეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე და მას შეუძლია, აქედან საფრანგეთში გაიქცეს. თან ყველაფერს მაგათ დააბრალებს, თავი რომ გადაირჩინოს. ამიტომ სანამ ყველაფერზე ხელს მოაწერენ, კარგად უნდა დაფიქრდნენ.  ადრე თუ გვიან, მაგათაც მოუწევთ პასუხისგება და რუსეთი ვეღარ უშველით, რომელიც აუცილებლად დამარცხდება. აღარ მოიტანს რეიტინგს იმის ძახილი, რომ საქართველოს ომი ავარიდეთო.

_ ჯერჯერობით ეს სლოგანი კარგად ჭრის.

_ ოპოზიციამ თუ არ იმუშავა, კიდევ დიდხანს გაჭრის. დედაქალაქში ამ მხრივ კარგი მდგომარეობაა. ხალხმა ძალიან კარგად დაინახა, რომ საქართველოსთვის არავის მოუთხოვია მეორე ფრონტის გახსნა. აი, რეგიონებში კი ამის ძალიან სჯერათ. აქ საზოგადოების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ დასავლეთს საქართველოში უნდა მეორე ფრონტის გახსნა, „ქართული ოცნება“ ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგბა და ამიტომ ებრძვის მათ დასავლეთი.  სანქციების დაწესების შემდეგ თავს დაჩაგრულებად წარმოაჩენენ. საქართველოში დაჩაგრულებს თანაუგრძნობენ, ახლა ლგბტქ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონიც გამოაგდეს. ესეც ბევრ ხმას მოუტანს „ქართულ ოცნებას“. ამ კანონის თემაც საარჩევნოდ აქვთ გათვლილი. ხალხს აჯერებენ, რომ დასავლეთი გვრყვნის და გვთხოვს, რომ აქ სქესის შეცვლა ლამის სავალდებულო გახდეს.

რეგიონში მიწევს ცხოვრება და ყოველდღე ვხვდები ისეთ ადამიანებს, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაარჩინა საქართველო ომში ჩართვისგან და ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ გარყვნასაც გადაარჩინონ. ერთი შეხედვით ხომ სასაცილოა, მაგრამ ძალიან სერიოზულად არის საქმე. რეგიონებში ძალიან ჭირს ზუსტი ინფორმაციის მიტანა. ასაკოვანი ხალხი სოციალურ ქსელებს არ უყურებს. ბევრგან სოფლებში მხოლოდ სამთავრობო არხები აჩვენებს. ძალიან ბევრი უყურებს რუსულ ტელეარხებს. იქ წარმოგიდგენიათ, რა პროპაგანდა იქნება? ეს ხალხი ყველა „ქართულ ოცნებას“ მისცემს ხმას. რეგიონებში ოპოზიციას ძალიან გაუჭირდება. ამიტომ ახლავე უნდა დაიწყონ რეგიონებში სიარული. სოფელ-სოფელ უნდა იარონ და ხალხს აუხსნან, რომ საქართველოს არავინ აიძულებს ომში ჩართვას და არც ევროპა რყვნის საქართველოს, მით უმეტეს, ქართველობასაც არავინ გვართმევს. ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. ოპოზიციამ დღესვე უნდა დაიწყოს ამ მიმართულებით მუშობა, ხვალ უკვე გვიან იქნება, რადგან ხელისუფლება გააძლიერებს თავის პროპაგანდას.