თამარ ჩხეიძე: „შანსი არის, მაგრამ რთული იქნება „ოცნებასთან“ ბრძოლა“

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩხეიძე, მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება აქ მიმდინარე პროცესებს მნიშვნელოვნად შეცვლიდა. მისი თქმით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი იმ შემთხვევაში უნდა დაბრუნდეს, თუ მისი ჩამოსვლა მომწიფებული იქნება. ოპოზიციის პარლამენტში შესვლა არც ჩხეიძეს გახარებია. ამის მიუხედავად, ის ერიდება მათ კრიტიკას. ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას პლუსებიც აქვს და მინუსებიც.

რა პლუსები და მინუსები აქვს ოპოზიციის პარლამენტში შესვლას? უნდა დაბრუნდეს თუ არა სააკაშვილი საქართველოში? რატომ არ შეიძლება თვითმმართველობის არჩევნებზე დიდი იმედების დამყარება? არის თუ არა გახარია ივანიშვილის პროექტი? ამის შესახებ თამარ ჩხეიძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ქალბატონო თამარ, თქვენ მხარს უჭერდით ოპოზიციის ბოიკოტს, თუმცა მათი პარლამენტში შესვლა ისე არ დაგიგმავთ, როგორც ეს სხვებმა გააკეთეს. სოციალურ ქსელში ისიც დაწერეთ, რომ ბოიკოტმა აზრი დაკარგა. რატომ დაკარგა ბოიკოტმა აზრი?

_ ეს მას შემდეგ დავწერე, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა პარლამენტში შესვლა. ბოიკოტს რაც შეეხება, მას აზრი არ დაუკარგავს, უბრალოდ, ის ეფექტი აღარ ჰქონდა, რაც იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუკი არავინ შევიდოდა პარლამენტში. გარკვეულმა ჯგუფებმა სულსწრაფობა გამოიჩინეს და ნაადრევად შევიდნენ პარლამენტში. მათი შესვლის შემდეგ რეალობა შეიცვალა. ამ შეცვლაში პლუსებსაც ვხედავ და მინუსებსაც. პლუსი გაიმარჯვებს თუ მინუსი, ეს ჯერ ნათელი არ არის. გააჩნია, როგორ იმოქმედებს ოპოზიცია.

_ პარლამენტში შესვლას მინუსიც აქვს და პლუსიცო, ამბობთ. მაშინ გვითხარით, რა არის პლუსი და რა არის მინუსი?

_ შესვლის მთავარი მინუსი ის გახლავთ, რომ ამან ოპოზიციის მხარდამჭერებში იმედგაცრუება გამოიწვია. ეს იმედგაცრუება შემდგომი ბრძოლის მიმართ იწვევს არასათანადო განწყობას. ეს იმედგაცრუება მომდევნო არჩევნების დროსაც იჩენს აუცილებლად თავს.
შესვლის პლუსი ისაა, რომ დასავლეთის მხარდაჭერის მოსაპოვებლად ამ ნაბიჯის გადადგმა სჯობდა. თუმცა არ ვიცი, ეს პლუსი გადაწონის თუ არა იმ მინუსს, რასაც ოპოზიციის მხარდამჭერების იმედგაცრუება ჰქვია. ახლა ყველაფერი ოპოზიციის აქტიურობაზეა დამოკიდებული.

_ კონკრეტულად რა არის ოპოზიციაზე დამოკიდებული?

_ თუნდაც ის, რამდენად გამოიყენებენ პარლამენტში ყოფნას. რამდენად შეძლებენ, ამომრჩევლის იმედგაცრუება დაძლიონ. რამდენად შეძლებენ არჩევნების წინ შექმნან სათანადო განწყობა. ამაზეა ბევრი რამე დამოკიდებული. ამის გაკეთება თუ ვერ შეძლეს, მაშინ მინუსი გადაწონის. პლუსიც დარჩება, რადგანაც პარლამენტში ყოფნა მათ დამატებით შესაძლებლობებს მისცემს.

_ საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებას გულისხმობთ?

_ ტრიბუნა ისედაც არ აკლდათ. ჩვენთან ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიები არსებობენ და მათ ტელეეთერებში შეუძლიათ თავიანთი პოზიციების დაფიქსირება. თუმცა საპარლამენტო ტრიბუნა მაინც სულ სხვაა. პარლამენტში ყოფნა ხელისუფლებაზე ზემოქმედების საშუალებებსაც იძლევა.

_ რა ზემოქმედება შეიძლება განახორციელოს პარლამენტში შესულმა ოპოზიციამ ხელისუფლებაზე?

_ მათ შეუძლიათ, საპარლამენტო ტრიბუნიდან ამხილონ ხელისუფლება. შეუძლიათ, პარლამენტში დაიბარონ მთავრობის წევრები. შეუძლიათ, მათ წარუდგინონ კორუფციის ფაქტები და ამაზე პასუხი მოსთხოვონ. შეუძლიათ საერთაშორისო არენაზე დელეგაციებში ყოფნა, სადაც საქართველოსთვის აქტუალურ საკითხებს დააყენებენ და ა. შ. სადავოც არაა, რომ პარლამენტში ყოფნას თავისი პლუსები აქვს. თუმცა ბოიკოტი იმისთვის იყო საჭირო, რომ გარკვეული მიზნებისთვის მიეღწიათ. ოპოზიციის ნაწილმა სეპარატისტული ნაბიჯი გადადგა. როგორც აქამდე იყვნენ ერთად, შესვლასთან დაკავშირებითაც ერთად უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება. ამ ძალებმა თავიანთი სეპარატისტული ნაბიჯის გადადგმით ოპოზიციის პოზიციები ძალიან შეასუსტეს. თვითმმართველობის არჩევნებამდე მოხერხდება თუ არა ამ პოზიციების გამყარება, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ეს შეუძლებელი არ არის.

_ ბევრი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის პოზიციების გამყარება მიხეილ სააკაშვილს შეუძლია, რომელიც ბოლო დროს ისევ გააქტიურდა. არც ადრე იყო პასიური, მაგრამ ახლა მომხრეებს ჰპირდება, დავბრუნდებიო. თქვენი აზრით, ჩამოვა საქართველოში, თუ ეს დაპირებაც დაპირებად დარჩება? სხვა დროსაც აქვს ნათქვამი, მოვდივარო, მაგრამ არ ჩამოსულა.

_ ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება საქართველოში პოლიტიკური პროცესები. სააკაშვილის დასაბრუნებლად სათანადო პირობები უნდა შეიქმნას. ამის გარეშე მის ჩამოსვლას არანაირი აზრი არ ექნება. შეიძლება, მან თავი დააჭერინოს და ამით პოლიტიკური ტემპერატურა დროებით აწიოს, მაგრამ ეს სერიოზულ შედეგს ვერ მოიტანს.

_ მელიამაც დააჭერინა თავი, მაგრამ პოლიტიკური ტემპერატურის აწევა ვერ მოხერხდა. სააკაშვილს რა გარანტია აქვს, რომ თუ დაიჭერენ, აქ პოლიტიკური ტემპერატურა აიწევა?

_ საქართველოში ამის პროგნოზირება ცოტა ძნელია. ჩვენ არ ვიცით, რა რეაქცია ექნება საზოგადოებას სააკაშვილის ჩამოსვლაზე. შესაძლოა, ისეთი ამბები იყოს, რომ ხელისუფლებამ ვერც კი გაბედოს მისი დაკავება. შესაძლოა, მის დაკავებას საპროტესტო ტალღის აზვირთება მოჰყვეს და ხელისუფლება იძულებული გახდეს, მესამე პრეზიდენტი გაათავისუფლოს. საზოგადოებამ შეიძლება სააკაშვილის ჩამოსვლა და დაკავება ჩვეულებრივ ამბად მიიღოს და არაფრად ჩააგდოს.
ჩვენს საზოგადოებას ბევრი ისეთი რამე გაუტარებია, რომ არ გამიკვირდება, თუკი სააკაშვილის დაკავებასაც გაატარებს. იგივე საზოგადოებას ისეთ რამეებზე ჰქონია პროტესტი, რომ შეიძლება მესამე პრეზიდენტის დაკავებას მძლავრი პროტესტი მოყვეს. ამის წინასწარ გათვლა ძალიან ძნელია. ამიტომ სააკაშვილი მხოლოდ მაშინ უნდა დაბრუნდეს, როცა აქ მისი დაბრუნებისთვის სათანადო პირობები იქნება.

_ მისი მომხრეების ნაწილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეს საქართველოში.

_ მე ეს არასწორად მიმაჩნია. ზოგი იმასაც ამბობს, საერთოდ რატომ წავიდა საქართველოდან და „ოცნებას“ თავი არ დააჭერინაო? ამის თქმა მიმაჩნია ძალიან დიდ დემაგოგიად. რატომ უნდა დაეჭერინებინა სააკაშვილს „ოცნებისთვის“ თავი? რომელი დამოუკიდებელი სასამართლო აქ არის, რომ თავისი სიმართლე დაემტკიცებინა? ასევე დემაგოგიად მიმაჩნია იმაზე საუბარი, რომ ის დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეს საქართველოში. სააკაშვილი დღემდე რომ არ ჩამოსულა, ამაში პირადად მე ცუდს ვერაფერს ვხედავ.

_ საქართველოში რომ დარჩენილიყო, იქნებ, არ დაეჭირათ. ცოტა ხანი რატომ არ მოიცადა?

_ ეს მისი გადაწყვეტილებაა და ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. რაც შეეხება იმას, „იქნებ არ დაეჭირათ“, ამაზე პასუხის გაცემა მიჭირს. იმიტომ მიჭირს, რომ მისი დაკავება დამოკიდებული იქნებოდა საზოგადოების რეაქციაზე. საზოგადოება თუ ამას დაუშვებდა, მაშინ დააკავებდნენ. როგორც უკვე გითხარით, მიჭირს იმის თქმა, რა რეაქცია ექნება საზოგადოებას მის დაბრუნებაზე ან იმაზე, დაბრუნების შემთხვევაში თუ დააკავებენ. შეიძლება, ეს ამბავი გაატარონ, შეიძლება, მძლავრი პროტესტი აზვირთდეს. არც ერთ ვარიანტს არ გამოვრიცხავ.
მიხეილ სააკაშვილს დაბრუნების შემთხვევაში აქ პროცესების შეცვლა შეუძლია. მას ბევრად მეტის უნარი აქვს, ვიდრე სხვა ლიდერებს. თუმცა დღეს არაა ის სიტუაცია, რაც 2003 წელს იყო. მაშინ ედუარდ შევარდნაძე კარგად აცნობიერებდა, რომ დასავლეთისა და რუსეთის თვალში ის განიხილებოდა, როგორც ამორტიზებული ფიგურა. იცოდა, რომ მაინც მოუწევდა წასვლა. ამის მიუხედავად, ასე მალეც არ აპირებდა წასვლას. თუ არ ვცდები, კიდევ რაღაც პერიოდი ჰქონდა დარჩენილი.

_ თითქმის ნახევარი წელი ჰქონდა დარჩენილი. 2004 წლის აპრილში ეწურებოდა პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა, მაგრამ 2003 წლის 23 ნოემბერს მოუწია გადადგომა.

_ ის ამ ვადის ბოლომდე ამოწურვას აპირებდა, მაგრამ როცა შეხედა, რა სიტუაცია იყო ქვეყანაში და ნახა, რომ აღარც საერთაშორისო მხარდაჭერა ჰქონდა, გადადგომა არჩია.

_ პრეზიდენტობიდან რომ არ გადამდგარიყო, რა მოხდებოდა?

_ ის გუმბარიძის როლში აღმოჩნდებოდა. გივი გუმბარიძის როლში ყოფნას მან გადადგომა არჩია. მის წასვლას დასავლეთიც მხარს უჭერდა და რუსეთიც. ივანიშვილს რაც შეეხება, ჩვენ არ ვიცით, აპირებს თუ არა მოსკოვი მის ჩანაცვლებას. არაა გამორიცხული, რომ კრემლს მისი შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავდეს. ასეთი ვერსია არსებობს, რომ მოსკოვი გახარიათი ცდილობს ივანიშვილის ჩანაცვლებას. რამდენად მართალია ეს ინფორმაცია, ვერ გეტყვით. იმაში ნამდვილად არ მეპარება ეჭვი, რომ გახარია რუსეთის ფიგურაა.

_ ზოგი იმასაც ამბობს, რომ გახარია ივანიშვილის კაცია და მის თამაშს თამაშობს. ამაზე რას ფიქრობთ?

_ არც ამას არ გამოვრიცხავ. რა გასაკვირია, რომ ივანიშვილს უნდოდეს ისეთი წამგებიანი ფიგურის ჩანაცვლება, როგორიც კობახიძეა?

_ კობახიძე გახარიას სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში სდებს ბრალს. ესეც შეიძლება თამაშის ნაწილი იყოს?

_ შესაძლოა თამაშის ნაწილი იყოს, მაგრამ შესაძლოა, კობახიძე თავისი ინიციატივითაც მოქმედებდეს. მას ეცოდინება, რომ ივანიშვილი მოშორებას უპირებს და გახარიას გააქტიურება მისთვის მომგებიანი არ არის. მისი რეაქცია სავსებით ბუნებრივია.

_ გინდათ თქვათ, რომ ეს ბრალდება მან ივანიშვილთან შეუთანხმებლად გააჟღერა?

_ მე არ ვიცი, ვისთან შეათანხმა, მაგრამ ძალიან სასაცილო მოსასმენი კი იყო.

_ ისევ ოპოზიციას დავუბრუნდეთ: ბოლო დროს ძალიან სერიოზული ცვლილებები მოხდა მათ რიგებში. „ევროპული საქართველო“, რომელსაც თქვენ გულშემატკივრობდით, ფაქტობრივად, დაიშალა.

_ კონკრეტულად ერთი პარტიის მიმართ არ მაქვს ასეთი დამოკიდებულება, ყველა პროდასავლურ ძალას ვგულშემატკივრობ. „ევროპული საქართველოც“ პროდასავლური ორიენტაციის პარტიაა. ამის მიუხედავად, მათ ყველაფერში არ ვეთანხმები. არის საკითხები, სადაც მომწონს მათი პოზიცია, მაგრამ არის საკითხები, რაშიც კატეგორიოულად არ ვეთანხმები. შარლ მიშელის დოკუმენტის ირგვლივ „ევროპული საქართველოს“ პოზიცია ძალიან მომწონდა და მხარს ვუჭერდი, მაგრამ სრულიად არ მომწონს მათი პოზიცია ნამოხვანჰესის გარშემო. მგონი, თქვენი რედაქტორიც არ უჭერს მხარს ამ პროტესტს.

_ მხარს არ უჭერს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის თავის გაზეთში ვინმეს განსხვავებული პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობას არ მისცემს.

_ მე ამ ჰესის მშენებლობის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. „ევროპული საქართველო“ ამტკიცებს, რომ ჰესის მშენებლობა არის პროგრესის მანიშნებელი და უცხოური ინვესტიცია ყველა ვარიანტში მხარდასაჭერია და ა. შ. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგენი ფიქრობენ, რომ მიწა უცხოელებზე არ უნდა გაიყიდოს. აქ მთავარი ის არაა, ვუჭერთ თუ არა მხარს ჰესებს. აქ მთავარია კონკრეტული პროექტის მინუსები და პლუსები. რამდენადაც ვიცით, ეს პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის მომგებიანი არ არის. მას ენერგოდამოუკიდებლობასთან კავშირი არ აქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ ჩემთვის სხვა რამეა მთავარია. მთავარი ის ეკოკატასტროფაა, რასაც ეს პროექტი გამოიწვევს.

_ ხელისუფლება და ჰესის მშენებელი კომპანია აცხადებენ, რომ ჰესის მშენებლობა არანაირ ეკოლოგიურ კატასტროფას არ გამოიწვევს.

_ ეს არის მხოლოდ სიტყვები. მათ ეს მეცნიერულად უნდა დაამტკიცონ. აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ ჯებირი საიმედოდ არის დაცული და ის არ ჩამოირღვევა. ეკოკატასტროფას მხოლოდ ჯებირის დარღვევა არ იწვევს. ჯებირი თუ დაირღვა, ჩათვალეთ, რომ ნახევარი საქართველო წაილეკება. ეს იმედია, არასდროს მოხდება, მაგრამ ჰესი ეკოსისტემას შეცვლის. ამხელა წყლის ზედაპირი რომ წარმოიშვება, მიკროკლიმატს შეცვლის. გადაგვარდება ის უნიკალური ყურძნის ჯიშები, რაც იმ ტერიტორიაზე ხარობს.
„ევროპულ საქართველოს“ ჰგონია, რომ პროგრესულობა მოითხოვს მათგან ჰესების მხარდაჭერას. მსოფლიო უარს ამბობს გიგანტურ ჰესებზე. მოწინავე ქვეყნებმა ეკონომიკური ზარალის გამო ასეთი ჰესები გააუქმეს. კი ბატონო, დენი საჭიროა, მაგრამ შეგვიძლია განვაახლოთ უკვე არსებული ჰესები. არსებობს მზისა და ქარის ენერგია. ამათი გამოყენებაც შეგვიძლია. დიდი ჰესები მომავლის ტექნოლოგიად არ ითვლება. ძალიან მეშინია, რომ „ქოცებმა“ არ მოასწრონ ამ მავნებლობის ჩადენა და ამ ჰესის აშენება. ვერც იმ არგუმენტს მივიღებ, რომ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგი რუსეთია. რუსეთი რომ ამის წინააღმდეგი იყოს, მას არც ვარლამის გამოყენება დასჭირდებოდა, არც პეტრესი და არც ივანესი.

_ ეს ბარლდება მას შემდეგ წამოვიდა, რაც პროტესტის მონაწილეებს გურამ ფალავანდიშვილი და ლევან ვასაძე შეუერთდნენ.

_ მათი იქ გამოჩენა სასაცილო იყო, თუმცა მათ მისვლამდეც ისმოდა ეს ბრალდებები. რა გარანტიაა, რომ ფალავანდიშვილი იქ აქციის მონაწილეების დისკრედიტაციის მიზნით არ მივიდა? თუმცა ეს ისეთი თემაა, აქციაზე ივანიშვილიც რომ მივიდეს, არ უნდა შეიცხადო. რუსეთს ამ პროექტის ჩაგდება რომ უნდოდეს, ძალიან მარტივად გააჩერებდა, როგორც მისთვის ერთი არასასურველი პროექტი გააჩერა.

_ ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერებას გულისხმობთ?

_ ანაკლიის პროექტზე მოგახსენებთ. ამ პროექტის განხორციელებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ღიად დაუჭირა მხარი, მაგრამ რუსეთს რაკი არ უნდოდა, „ოცნებამ“ რაღაც საბაბი მოიგონა და პორტის მშენებლობა გააჩერა. ვიმეორებ: რუსეთმა თუ ჰესის მშენებლობის შეჩერება გადაწყვიტა, არც ვარლამი დასჭირდება და არც _ სილიბისტრო. ერთი ზარი განხორციელდება ივანიშვილთან და ამით დამთავრდება ყველაფერი.

_ ჰესის მოწინააღმდეგეებმა ივანიშვილთან მიმართებით გაკეთებული განცხადებებითაც ბევრი ეჭვი გააჩინეს. თქვეს, ივანიშვილთან პრეტენზია არ გვაქვსო.

_ მე ამას არ ვეთანხმები და ეს განცხადება არ უნდა გაეკეთებინათ. მათ ამ განცხადებით ხაზი გაუსვეს იმას, რომ სახალხო მოძრაობას წარმოადგენდნენ და პოლიტიკასთან კავშირი არ აქვთ.

_ პოლიტიკასთან რომ ჰქონოდათ კავშირი, რა პრობლემა იქნებოდა? სხვა თუ არაფერი, ყველაფერი პოლიტიკაა.

_ ყველაფერი პოლიტიკაა, რა თქმა უნდა. ისინი პოლიტიკურ მიზნებში გულისხმობენ არჩევნების მოგებას, ძალაუფლების ხელში აღებას და ა. შ. მათ იმის თქმა სურდათ, რომ პოლიტიკური მხარე არ არიან. ხელისუფლებას სახალხო მოძრაობასთან უფრო უჭირს ბრძოლა, ვიდრე _ პოლიტიკურ ძალასთან. იმაში ნამდვილად არ გავამრთლებ, რომ პოლიტიკოსების მიმართ ძალიან უარყოფითად იყვნენ განწყობილი.

_ ისევ პოლიტიკოსებზე გადავერთოთ: ოპოზიციური პარტიების დაშლაზე ვსაუბრობდით. იმ დროს, როცა ოპოზიცია იშლება, ოპოზიციურ ველზე ახალი მოთამაშეები შემოდიან, მათ შორის, ლევან ვასაძე. რა შანსები აქვს ამ ადამიანს?

_ არა მგონია, რომ ვასაძეს აქ ძალიან დიდი შანსები ჰქონდეს. რუსეთში მიიჩნიეს, რომ ირმა ინაშვილის ფლანგი საკმარისად ეფექტიანი არ იყო და ახალი მოთამაშე შემოიყვანეს. იმის თქმა გამიჭირდება, ვასაძე მათთვის მაშველი ძალაა, თუ ჩანაცვლება უნდა განხორციელდეს. ეს მომავალში გამოჩნდება. რაღაც შედეგს დადებს, მაგრამ ხელისუფლებაში მისი მოსვლა გამორიცხულია.

_ ეს ადამიანი რელიგიურობით და ეროვნულობით თამაშობს. ამით ბევრ ისეთ ადამიანს მიიზიდავს, ვისაც ლიბერალები აღიზიანებენ.

_ ვასაძის პროპაგანდა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილზე მოქმედებს. ეს სუფთა რუსული პროპაგანდაა. ეს რუსები ამტკიცებენ, რომ ლგბტ-ები დაკავშირებული არიან დასავლეთთან. დასავლეთი მამათმავლობას რომ გვახვევს თავს და გვრყვნის, ეს არის სუფთა რუსული ნარატივი. ჰომოსექსუალიზმი არც დასავლეთს მოუგონია და არც _ რუსეთს. ჰომოსექსუალიზმი სამყაროს დასაბამიდან არსებობს. სხვათა შორის, ის რუსეთში უფრო ადრე იყო გავრცელებული, ვიდრე _ დასავლეთში. ამ მხრივ დასავლეთი თავს არაფერს გვახვევს. ჩვენი ნების წინააღმდეგ ვერავინ ვერაფერს მოგვახვევს. რუსეთი ამ თემას აქტიურად და საკმაოდ შედეგიანად იყენებს.

_ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ბედი თვითმმართველობის არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს. თქვენ რა მოლოდინები გაქვთ?

_ პროგნოზის გაკეთება ძალიან ძნელია. ბოლომდე არ ვიცი, რა როლს შეასრულებს გახარია ადგილობრივ არჩევნებზე. საპარლამენტო არჩევნებში მისი როლი ცნობილია. საპარლამენტოზე მისი ფაქტორი წამგებიანი იქნება იმათთვის, ვისაც „ოცნების“ მოშორება უნდა. ამ არჩევნებზე მან შეიძლება, „ოცნებასთან“ ალიანსი გააფორმოს და „ქოცები“ და „გოცები“ (ასეთი სახელი დაარქვა ვანო ჯავახიშვილმა გახარიას გუნდის წევრებს) გაერთიანდნენ. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგაც შეიძლება „გოცებისა“ და „ქოცების“ გაერთიანება, მაგრამ გადამწყვეტ როლს ეს ვერ ითამაშებს. ამ არჩევნებზე მთავარია, „ოცნებამ“ 43%-ზე მეტი არ დააგროვოს. 43%-ის დაგროვებაში გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ ხელს შეუშლის.

_ ოპოზიციას არ შეუშლის ხელს?

_ შეუშლის, მაგრამ „ოცნებას“ უფრო ბევრ პრობლემას შეუქმნის. ამიტომ არ მესმის მისი როლი. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ძალიან ძნელია წინასწარ პროგნოზის გაკეთება. ამ არჩევნებზე ხალხი ნაკლებად აქტიურობს. ჩემთვის ამოუხსნელია, რატომ დაუკავშირეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები თვითმმართველობისას? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხელისუფლების ხელში უამრავი ბერკეტი არსებობს, მათ თავისუფლად შეუძლიათ 43%-ის მოგროვება. ისიც გავითვალისწინოთ რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს მიღებული ხმების დაცვა.

_ როგორც ვატყობ, თვითმმართველობის არჩევნების მიმართ ოპტიმისტურად არ ხართ განწყობილი.

_ ხელისუფლებას უამრავი ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ სასურველი პროცენტი მიიღოს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოპოზიციას შანსები არ აქვს. შანსი არის, მაგრამ ძალიან რთული იქნება „ოცნებასთან“ ბრძოლა.

შორენა მარსაგიშვილი