თამარ ჩხეიძე: „ოპოზიცია ივანიშვილის წინააღმდეგ ერთიანი სიით უნდა გამოსულიყო“

თავის გამარჯვებაში დარწმუნებული ოპოზიცია არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრე განცხრომას მიეცა. ჩვენი ოპოზიციის შემხედვარე ვერავინ იფიქრებს, რომ მათი მთავარი კონკურენტი რუსეთის მიერ ზურგგამაგრებული, 7 მილიარდის პატრონი ბიძინა ივანიშვილია. ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩხეიძე ვერ ხსნის მიზეზს, თუ რატომ არის ოპოზიცია ასე არხეინად? მისი ვარაუდით, ოპოზიციას გამარჯვების იმედი დასავლეთიდან მოსულმა წერილებმა ჩაუსახა. ჩხეიძე ამბობს, რომ არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად დასავლეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა _ გადამწყვეტი. ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ოპოზიციაზე განაწყენებულიც არის. ამის მიუხედავად, არჩევნებზე მაინც წავა და ხმასაც ხელისუფლების წინააღმდეგ მისცემს.

რატომ არის ოპოზიცია ასეთი არხეინი? რაზე უნდა აგონ მათ პასუხი ხელისუფლებასთან ერთად? რატომ არ უნდა შევეწინააღმდეგოთ ოპოზიციაში ხელისუფლებიდან წამოსული პირების გაერთიანებას? რას მოიმოქმედებს არჩევნებზე რუსეთი? _ ამ თემების შესახებ თამარ ჩხეიძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ქალბატონო თამარ, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ თვეზე ცოტა მეტი რჩება. ასეთ დროს ოპოზიცია ძალიან აქტიურია ხოლმე. ახლა ოპოზიციის მხრიდან აქტიურობა არ შეინიშნება. მათ პასიურობას რა განაპირობებს, კორონაპანდემია, თუ სხვა რამე მიზეზი აქვთ არხეინად ყოფნისთვის?
_ ოპოზიციის პასიურობა თვალში საცემია. მგონია, რომ ისინი ცოტა არასერიოზულად უყურებენ შექმნილ ვითარებას, ვერ აცნობიერებენ, ვისთან აქვთ საქმე და ფიქრობენ, რომ უკვე განაღდებული აქვთ გამარჯვება. იმათი ლაპარაკიდან ასე ჩანს, რომ გამარჯვებაში დარწმუნებული არიან. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არჩევნების მოსაგებად ყველაფერზე წავა და ყველა მექანიზმს გამოიყენებს. ამ ვითარებაში ქვეყანაში სულ სხვა სურათი უნდა იყოს.
_ სხვა სურათში რას გულისხმობთ?
_ ოპოზიცია ბევრად აქტიური უნდა იყოს, ვიდრე ახლაა. პროცესები უნდა დუღდეს. ყველაფერი საპირისპიროდაა.
_ რატომ არ აქტიურობენ? არ სჯერათ, რომ ივანიშვილი ყველაფერს იკადრებს, თუ დასავლეთიდან წამოსული განცხადებები უქმნით იმის ილუზიას, რომ უკვე გაიმარჯვეს არჩევნებში ან იქნებ, ძალებს ინახავენ და ოქტომბრიდან გააქტიურდებიან?
_ ივანიშვილი რომ ყველაფერზე წავა, ეს ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის. ღმერთმა ქნას, რომ მათი პასიურობა ძალების დაზოგვასთან იყოს კავშირში და ნელ-ნელა აკრიფონ სისწრაფე. დღეს პასიურობა დაუშვებელია. დასავლეთის მხარდაჭერა ოპოზიციის მიმართ არსებობს და ხელისუფლების შესაცვლელად ეს აუცილებელი პირობაა. მაგრამ მხოლოდ ამით გამარჯვება ვერ მიიღწევა. სხვა პირობებიც უნდა შესრულდეს. იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდეს, საზოგადოება და ოპოზიცია განსაკუთრებულად აქტიური უნდა იყოს. დღეს მოდუნება დაუშვებელია. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვუპირისპირდებით ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც რუსეთი უმაგრებს ზურგს.
_ რუსეთის გარდა მას მილიარდებიც უმაგრებს ზურგს.
_ ეს უზარმაზარი ფინანსებიც გასათვალისწინებელია. არც ის გარემოება უნდა დაგვავიწყდეს, რომ ივანიშვილი არაა ის კაცი, კანონის ან ზნეობის გამო რაღაცაზე რომ თავი შეიკავოს. ის ყველაფერს გააკეთებს სასურველი შედეგის მისაღწევად და ამ საქმეში მისთვის არანარი მორალური ზღუდეები არ იარსებებს.
ძალადობა ხელისუფლებამ უკვე დაიწყო. ამის შესახებ ყოველდღე ვისმენთ ტელევიზიიდან. თავს ესხმიან ოპოზიციის მხარდამჭერებს, ემუქრებიან ჟურნალისტებს. მეგონა, რომ ამას ოპოზიციის მხრიდან სერიოზული პროტესტი მოყვებოდა, მაგრამ ისინი ისე იქცევიან, თითქოს რაღაც ჩვეულებრივი ამბავი მოხდა. რაღაც საპროტესტო განცხადებებს კი აკეთებენ, მაგრამ ძალადობაზე სრულიად სხვა დონის რეაგირება და პროტესტის ფორმებია საჭირო. ოპოზიციის ასეთი პასიურობა ძალიან მაშინებს.
_ ოპოზიციის პასიურობასთან დაკავშირებით ასეთი ვარაუდებიც გამოითქვა, რომ თითქოს ხელისუფლებასთან გარიგებულები არიან და უკვე წინასწარ არის გადაწყვეტილი, თუ ვინ რამდენ პროცენტს აიღებს არჩევნებში. ამ ვერსიაზე რას გვეტყვით?
_ ამასთან დააკავშირებით ვერაფერს ვიტყვი. ოპოზიციისა და ხელისუფლების შესაძლო გარიგებაზე არანაირ სერიოზულ ინფორმაციებს არ ვფლობ, შესაბამისად, ასეთ მძიმე ბრალდებას ვერ გავიზიარებ. იმას კი დარწმუნებით ვიტყვი, რომ ოპოზიცია ძალიან არასაკადრისად და ცუდად მოიქცა პანდემიის პირველი ტალღის დროს.
_ ცუდად მოქცევაში რას გულისხმობთ?
_ მათ ხელისუფლებას მხარი დაუჭირეს იმ რადიკალური ზომების მიღებაში, რამაც ქვეყანა განადგურების პირას მიიყვანა. მაშინ მიღებული ზომები არაპროპორციული იყო კორონავირუსთან მიმართებით. მე არ ვამბობ, რომ პანდემია არ არსებობს, რა თქმა უნდა, ის არის, სიფრთხილეც უნდა გამოვიჩინოთ, მაგრამ გვახსოვდეს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.
_ კორონა ჩვეულებრივ ვირუსად მიგაჩნიათ?
_ რა თქმა უნდა. ის ისეთივე ჩვეულებრივი ვირუსია, როგორც აქამდე არსებული ვირუსები. მათზე არც მეტია და არც ნაკლები. ეს რომ ასეა, სტატისტიკურადაც ძალიან მარტივად მტკიცდება. ვირუსის წინააღმდეგ რაღაც ზომა უნდა მიიღო, მაგრამ ეს ზომა იმ ვირუსზე უარესი არ უნდა იყოს, რომლის წინააღმდეგაც ბრძოლა დაიწყე. იმ ზომებმა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო, ათასობით ოჯახი გაანადგურა საქართველოში. პანდემიის სახელით ოჯახების გაუბედურებას „ქართული ოცნება“ დღესაც აგრძელებს. რაღაც-რაღაც ბიზნესებს კეტავენ და სკოლებს არ ხსნიან. ყველაფერი ეს იმდენად დამღუპველია, რომ მას არანაირი პანდემია არ შეედრება. კორონა არც შავი ჭირია და არც ე. წ. ესპანკა. ეს ვირუსი ქათმისა და ღორის გრიპის ტოლფასია. ადამიანები მაშინაც იღუპებოდნენ. ხალხის გარდაცვალებას ჩვეულებრივი გრიპიც კი იწვევს.
_ ოპოზიციამ რატომ დაუჭირა მხარი ამ რადიკალური ზომების მიღებას?
_ ზოგიერთმა გულუბრყვილოდ დაუჭირა მხარი, ეგონათ, რომ მართლა ასეთი სახიფათო იყო ეს ვირუსი. უმეტესობამ იმიტომ გაიზიარა ხელისუფლების შემოთავაზებული აკრძალვები, რომ მსოფლიო ტენდენციებს აუბა მხარი. რახან მთელი მსოფლიო ჩაიკეტა, ჩათვალეს, რომ ასე იყო საჭირო. არ უნდოდათ, მსოფლიო ტრენდს ჩამორჩენილიყვნენ. რაღაც ზომებისთვის ოპოზიციას მხარი უნდა დაეჭირა, მაგრამ არა ეკონომიკის სრული გაჩერებისთვის.
ეკონომიკა დასავლეთის ქვეყნებშიც გაჩერდა და ესეც გაუმართლებელი იყო. ეკონომიკის სრულ გაჩერებასა და ჩამოშლას აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა შეუშალა ხელი, მართლა ამ ადამიანმა გადაგვარჩინა, თორემ არც კი ვიცი, დღეს სად ვიქნებოდით. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ ეკონომიკა ოპოზიციის თანხმობით გააჩერა. ამ მხადაჭერას ახლა ნანობს ოპოზიცია, მაგრამ ეს სინანული დაგვიანებულია.
_ რაში გამოიხატება ეს სინანული?
_ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშილმა, თქვა, მაშინ ჩვენ ბეღურას ზარბაზანი ვესროლეთო. თუ ხედავდი, რომ ის ბეღურა იყო, მაშინ რატომ დაუჭირე ზარბაზნის სროლას მხარი? სამწუხაროდ, ოპოზიცია ქართული ეკონომიკის ჩამოშლის თანამონაწილე გახდა.
_ მათი მხარდაჭერის გარეშეც ხომ გაიტანდა ამ შეზღუდვების დაწესებას „ქართული ოცნება“?
_ რა თქმა უნდა, გაიტანდა. ივანიშვილს ამის პრობლემა არ ჰქონდა. ოპოზიცია ამ საკითხს უფრო სერიოზულად უნდა მოჰკიდებოდა და თავშივე მიმხვდარიყო, რომ ეს იყო ბეღურისთვის ზარბაზნის სროლა. ისეთი დონის ვირუსი, როგორიც კორონაა, იმაზე უარესს შედეგს ვერ მოუტანდა საქართველოს, ვიდრე ეს ეკონომიკის გაჩერებამ მოიტანა.
ერთხანს კოვიდკამპანია შეწყვეტილი იყო. რამდენიმე კვირაა, რაც ხელისუფლებამ ეს კამპანია გამოაცოცხლა. ეს სრული თვითნებობა გახლავთ. როგორც უნდათ, ისე წერენ მონაცემებს. არავინ აკონტროლებს და რა ციფრიც უნდათ, იმას დაასახელებენ. ტესტებზე საუბარიც სასაცილოა, თავადაც არაერთხელ აღიარეს, რომ ეს ტესტები არასაიმედოა. ექიმებიც აცხადებენ, რომ ერთ დღეს სხვას აჩვენებს ტესტი, მეორე დღეს _ სხვას. რატომ უნდა ვენდოთ ამ ტესტებს? ამ ტესტების დახმარებით ვისზეც უნდა, იმაზე იტყვიან, რომ მას აქვს კოვიდი.
ძალიან არასერიოზულად და დანაშაულის ტოლფასად მიმაჩნია ეკონომიკისა და ქალაქების ჩაკეტვა იმის გამო, რომ რამდენიმე კაცს ტემპერატურამ აუწია. საარჩევნო პერიოდში ხელისუფლება ამ თემით განსაკუთრებულად ცუდად მანიპულიებს. ეს სერიოზულ ეჭვებს აჩენს.
_ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ინფიცირებულთა რიცხვი ძალიან გაიზარდა. ხელისუფლება არჩევნების გადადებას ხომ არ აპირებს? ჯერ კიდევ ზაფხულში გვითხრეს, რომ საჭიროების შემთხვევაში არჩევნებს გადადებდნენ.
_ ეს ვარიანტი მათ მიერ განიხილება, ამის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინათ გააკეთა განცხადება ირაკლი კობახიძემ. როგორც ვატყობ, ამასთან დაკავშირებით ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. „ქართული ოცნების“ მიზანია, როგორმე გაიმარჯვონ არჩევნებში და ისევ თვითონ დააკომპლექტონ ხელისუფლება. არჩევნების გადადება ახლა დიდად არ სურთ. ამ საკითხს მხოლოდ მაშინ დააყენებენ დღის წესრიგში, თუ დაინახავენ, რომ არჩევნებს აგებენ. დღეს ისინი წაგების საფრთხეს ვერ ხედავენ.
_ ოპოზიციის დღეში ყოფილან _ ნაადრევად დაიჯერეს, რომ არჩევნებს ისინი მოიგებენ.
_ ბოლომდე თავდაჯერებულები არ არიან, მაგრამ ოპოზიციისგან განსხვავებით იმედის საფუძველი ნამდვილად აქვთ.
_ რას ემყარება ეს იმედი?
_ ბევრ რამეს. ცოტა ხნის წინ კვლევები გამოქვეყნდა და ვნახეთ, რომ „ოცნებას“ 33%-იანი მხარდაჭერა აქვს. 33% რეალური რიცხვი არ იქნება. ხშირად მოქმედებს შიშის ფაქტორი და როცა ადამიანს ეკითხებიან, ხმას ვის აძლევო, იტყვის, ხელისუფლებასო. „ქართულმა ოცნებამ“ ეს იცის და სადღაც 25%-იან მოგებაზე არის ორიენტირებული, არჩევნებზე ერთი ამდენს უპრობლემოდ დაიმატებენ და უმრავლესობით შევლენ პარლამენტში.
_ რანაირად დაიმატებენ ამ პროცენტებს?
_ ძალიან მარტივად. ეს ყველაფერი უკვე გათვლილი აქვთ. სასურველი შედეგის მისაღწევად ყველა მეთოდს მიმართავენ არჩევნების გასაყალბებლად. იქნება ძალადობა, მოსყიდვა, მოტყუება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ეს სისტემა „ქართულ ოცნებას“ აწყობილი აქვს. როცა ვანგარიშობთ, რისი მიღება შეუძლიათ, კვლევებით მიღებული შედეგი უნდა გავაორმაგოთ. არჩევნებზე 50%-ის მოგროვების იმედი აქვს „ოცნებას“ და ამიტომაც პესიმისტურად არ არის განწყობილი.
_ დასავლელი პარტნიორები ვარაუდობენ, რომ რუსეთი შეეცდება, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩაერიოს. თქვენ რას ფიქრობთ?
_ ჩემი აზრით, რუსეთი კი არ შეეცდება, აუცილებლად ჩაერევა არჩევნებში. მე ის უფრო გამიკვირდება, თუ არ ჩაერევა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა არჩევნები, რომ რუსეთი არ ჩარეულიყო. ამისთვის მოსკოვს ძალიან სერიოზული ბერკეტები აქვს. რუსეთი რომ ჩვენში ჩატარებულ ყველა არჩევნებში ერევა, ამას ქართული საზოგადოება ძალიან არასერიოზულად უყურებდა.
_ რატომ უყურებდა არასერიოზულად?
_ მიაჩნდა, რომ რუსეთი არ ჩაერეოდა. ეგონა, რომ რუსეთს არ აინტერესებდა, თუ ვინ მოვიდოდა აქ ხელისუფლების სათავეში. ახლა ეს დამოკიდებულება ოდნავ შეიცვალა.
_ რამ გამოიწვია დამოკიდებულების შეცვლა?
_ ევროპის არაერთმა ქვეყანამ განაცხადა, რომ რუსეთი შეეცადა, მათ არჩევნებში ჩარეულიყო. ვნახეთ ისიც, რომ ამერიკის არჩევნებშიც კი ჩაერია. ამერიკის საქმეებში რომ ერევა, ხომ წარმოგიდგენიათ, საქართველოში რას იზამს. ჩვენი საზოგადოების თითქმის ყველა ფენა გაჯერებულია რუსული აგენტურით. ამის გარდა მათ აქვთ ძალიან სერიოზული ბერკეტები. კრემლი ისეთ პოლიტტექნოლოგიებს ფლობს, რომელიც დასავლეთს არ გააჩნია. ასევე გასათვალისწინებელია ის ინფორმაციები, რაც მოსკოვს ქართულ საზოგადოებაზე აქვს, ყველაფერი იციან ჩვენზე, ჩვენს მენტალიტეტზე. კონკრეტული ადამიანების ფსიქიკის შესახებაც კი არიან ინფორმირებულები. ასე რომ, არჩევნებში რუსების ჩარევის საფრთხე ძალიან მაღალია.
_ საპარლამენტო არჩევნებში მოსკოვის ჩარევას თავიდან ვერანაირად ავიცილებთ?
_ ამის თავიდან აცილებას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება. მხოლოდ უზარმაზარ ძალისხმევას შეუძლია ამ ფაქტორის დაძლევა. რუსეთი ასე იოლად არ შეელევა საქართველოს.
_ ამის დაძლევას ოპოზიცია შეძლებს? ზემოთ ჩვენ იმაზე ვისაუბრეთ, თუ როგორი პასიურია ჩვენი ოპოზიცია. ის არც რუსული საფრთხეების მიმართ არის აქტიური.
_ სამწუხაროდ ასეა. ოპოზიცია ძალიან მშვიდადაა. ერთი შეხედვით, ადამიანი ვერ იტყვის, რომ წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება. ღმერთმა ქნას, გააქტიურდნენ. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან დუნედ მიდის ეს პროცესი.
_ თავად ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე რას ფიქრობთ? ოპოზიციონერები უკვე ღიად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. არადა, ცოტა ხნის წინათ ჯერ კიდევ ერთად ისხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან. ამან საზოგადოებას იმედები გაუჩინა.
_ ეს დაპირისპირებებიც ძალიან ცუდია, ამით მხოლოდ „ოცნების“ ხელისუფლება იხეირებს. ოპოზიციას სხვა გზით შეეძლო წასვლა, ეს გზა მათთვის წარმატების მომტანი იქნებოდა.
_ რა გზით შეძლებდა ოპოზიცია წარმატების მიღწევას?
_ არსებულ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი ერთიანი საარჩევნო სია იქნებოდა. მე იმის წინააღმდეგი კი არ ვარ, რომ თითოეული პარტია გამოიკვეთოს და ხალხმა ის გაცნობიერებულად აირჩიოს, ვინც უნდა, უბრალოდ, ახლა განსაკუთრებულ მდგომარეობაში ვიმყოფებით და ეს ოპოზიციას აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა. არსებულ ვითარებაში მთავარი მიზანი ბიძინა ივანიშვლის ხელისუფლებისგან ჩამოშრება უნდა იყოს. ოპოზიციას ხალხისთვის ის მესიჯი უნდა მიეწოდებინა, რომელსაც უფრო მარტივად მიიღებდა. იმას ყველა ამბობს, რომ ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს. როცა ამბობ, რომ უნდა შეიცვალოს, მაშინ ერთიანობაზე უნდა ყოფილიყო კონცენტრირება. ეს მეთოდი ხალხზე კარგად იმუშავებდა.
_ ოპოზიციას ხომ აქვს ასეთი სლოგანი, _ ყველა ერთის წინააღმდეგ. ეს, თუ არ ვცდები, დათო ბერძენიშვილის მოფიქრებულია.
_ ერთად კი არიან ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ სხვადასხვა პარტიით მონაწილეობენ არჩევნებში. ჯობდა, ყველა ერთად ყოფილიყო. ერთიანი საარჩევნო სია არსებულ ვითარებაში უფრო კარგად იმუშავებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. რაკი ერთიანი სია არ გამოვიდა, ოპოზიციამ სხვანაირად უნდა შეძლოს ერთიანობის შენარჩუნება. ოპოზიციონერები ერთმანეთზე თავდასხმებისგან თავს უნდა იკავებდნენ. განსხვავებები აუცილებლად უნდა გამოკვეთონ, მაგრამ ძალიან კორექტული ფორმით.
ერთმანეთიც უნდა გააკრიტიკონ, კრიტიკა სასარგებლოა, მაგრამ შეურაცხყოფაზე არ უნდა გადავიდნენ. თუ ივანიშვილს ხელისუფლებას ჩამოაშორებენ, მერე ჩატარდება სრულად პროპორციული არჩევნები და ყველა პარტია შეძლებს, თავისი სახე გამოკვეთოს. დღეს ცალკეული პარტიების გამოკვეთა მთავარი არაა. დღეს მთავარია, იმ უბედურებისგან გავთავისუფლდეთ, რასაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ჰქვია.
_ გარდა იმისა, რომ ოპოზიცია ერთმანეთს ლანძღავს, მათ კარი ფართოდ გაუღეს იმ ხალხს, ვინც ცოტა ხნის წინ „ქართულ ოცნებაში“ იყო. „ევროპულმა საქართველომ“ არმაზ ახვლედიანი მიიღო თავის რიგებში, „ნაციონალებმა“ კი კახა ოქრიაშვილი გაიფორმეს. ეს, თქვენი აზრით, ნორმალურია?
_ ამ ამბავში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ამასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არ მიჩნდება. მიმაჩნია, რომ ეს ერთგვარი სიმპტომია. ამ სიმპტომს გაგრძელება რომ მოჰყოლოდა, ძალიან კარგ პროცესს მივიღებდით. ეს პროცესი დაგვეხმარებოდა ივანიშვილის დამარცხებაში.
_ კარგ პროცესს მივიღებდითო და პროცესის სიკარგე რაში გამოიხატება?
_ საზოგადოება ნახავდა, რომ მმართველ პარტიაში რაღაც ხდება. „ქართული ოცნების“ წევრების ოპოზიციაში გადმობარგება რომ გაგრძელებულიყო, ეს აჩვენებდა ხელისუფლების დაშლის პროცესს. ოღონდ ბევრი უნდა წამოსულიყო, მარტო ერთი და ორი ადამიანის წამოსვლა ამინდს ვერ შექმნის. მხოლოდ მივესალმები, თუ „ოცნებიდან“ ოპოზიციაში გადმოვა ხალხი, ეს საერთო მიზნის მიღწევაში ძალიან დაგვეხმარება.
_ თქვენ ცუდს ვერაფერს ხედავთ იმაში, რომ „ოცნებიდან“ წამოსულები ოპოზიციის რიგებში აღმოჩნდნენ, ეს რამდენად არის მორალთან ახლოს?
_ მხოლოდ მივესალმები, თუ ეს პროცესი დაიწყება, „ქართული ოცნებიდან“ წამოსული ადამიანები უნდა მიიღოს ოპოზიციამ. ყველას მოვუწოდებ, რომ თუ ასეთი პროცესი დაიწყება, თავი შეიკავონ შეფასებებისგან. ამ შემთხვევაში ზედმეტი მორალიზება საჭირო არ არის.
_ გასულ კვირას ჩატარებული კვლევებით ვნახეთ, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს არჩევნებში ხმას. თქვენც გადაუწყვეტელ ამომრჩეველს მიეკუთვნებით, თუ უკვე იცით, ვის დაუჭერთ მხარს?
_ კონკრეტულად ვის დავუჭერ მხარს, არ ვიცი, მაგრამ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი არ ვარ. ვიცი, რომ ჩემს ხმას მიიღებს რომელიმე პროდასავლური ოპოზიციური ძალა. ასევე მხარს დავუჭერ მაჟორიტარობის ოპოზიციონერ კანდიდატს. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს. არჩევნებზე მისვლისკენ სხვებსაც მოვუწოდებ. ყველა უნდა წავიდეს და სასურველ პარტიას მისცეს ხმა. კარგი იქნებოდა, რომ ოპოზიცია ერთიანი ფრონტით გამოსულიყო. ასე უფრო იოლად დამარცხდებოდა ივანიშვილი. მაჟორიტარებთან დაკავშირებით ოპოზიცია რაღაცნაირად შეთანხმდა. პირველ ტურში ერთიანი კანდიდატების დასახელება არ გამოვიდა, მაგრამ იმაზე შეთანხმებული არიან, რომ მეორე ტურში ოპოზიციონერს დაუჭერენ მხარს. იმედი მაქვს, ოპოზიცია მალე გააქტიურდება. არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. ოპოზიციის პასიურობას „ქართული ოცნება“ თავის სასარგებლოდ გამოიყენებს.

შორენა მარსაგიშვილი