თამარ კეკენაძე: „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში „ქართული ოცნების“ ბატონობას დაასრულებს!“

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების აქტუალურ საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი _ თამარ კეკენაძე:

_ საქართველოს ევროპარლამენტარი და ევრონესტის თანათავმჯდომარე რებეკა ჰარმსი სტუმრობს, რომელიც მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე საქართველომ დამოუკიდებელი გამოძიება უნდა აწარმოოს და ჟურნალისტს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს. ჰარმსი აცხადებს, რომ „საქართველოს სჭირდება დამოუკიდებელი გამოძიების წარმოება. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი ევროპარლამენტში. აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას იმ ადამიანებთან, ვისაც ადამიანის უფლებების დაცვა ევალებათ“. ევროპარლამენტარმა ასევე ციხეში მოინახულა მუსტაფა ემრე ჩაბუქი  და განაცხადა, რომ „მასწავლებლობა გიულენთან დაკავშირებულ სკოლაში კრიმინალი არ არის და მან უნდა მიიღოს პოლიტიკური თავშესაფარი“. როგორ შეაფასებთ ევროპარლამენტარის ამ განცხადებებს და როგორ ფიქრობთ, რას მოუტანს საქართველოს ეს საქმეები საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე?

_ ჩვენთვის, „თავისუფალი დემოკრატებისთვის“, ეს ორივე საქმე ძალიან მნიშვნელოვანია. მუხთარლის გაუჩინარების პირველივე დღეებიდან კოალიციურ პარტნიორებთან _ „რესპუბლიკელებთან“ ერთად ხელისუფლების მისამართით ძალიან მკაცრი შეკითხვა გვქონდა ამ საქმესთან დაკავშირებით და მისი დაუყოვნებლივი გამოძიება მოვითხოვეთ. ამავდროულად, ეს ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, ლიბერალ-დემოკრატების გაერთიანებას ევროპარლამენტში (ALDE), რასაც მოჰყვა მყისიერი რეაგირება, მერე უკვე ევროპარლამენტის მხრიდან ძალიან მკაცრად შეფასდა და ამ საქმის გამოძიება მოითხოვეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მეორე დღესვე პრემიერმა კვირიკაშვილმა მორიგი განცხადება გააკეთა, რომ ეს არის ქვეყნის ღირსების საქმე და უნდა მოხდეს სწრაფი გამოძიება, მაგრამ უკვე ორი თვე ხდება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარებიდან და ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით პასუხები, არ ვიცით, რა მოხდა, _ ამ საქმეში ჩვენი სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულნი, თუ ჩვენი ხელისუფლება საერთოდ არ იყო საქმის კურსში, რაც ასევე ძალიან დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის. მნიშვნელოვანია ევროპარლამენტარების მკაცრი შეფასებები, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ასეთ საქმეებს დიდი ყურადღება ექცევა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რადგან საქართველო აღიქმება რეგიონში ერთ-ერთი მაღალი დემოკრატიის მქონე ქვეყნად, თუმცა, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ყოველდღიურად ისეთი რაღაცები ხდება და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იმდენი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ზიანს აყენებს ჩვენს საერთაშორისო იმიჯს. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ქართული მხარე რეალურად იტყვის, რა მოხდა, იმიტომ, რომ რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტი ეჭვი და დასაბუთებული განცდა რჩება იმისა, რომ ჩვენი სპეცსამსახურები ამ საქმეში ნამდვილად იყვნენ ჩართულნი. ეს, რა თქმა უნდა, კიდევ დამატებით არის ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების დისკრედიტაცია, რადგან საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს უყურებს, როგორც ძალიან აქტიურ მონაწილეს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და წლების განმავლობაში მოსახლეობამ იცის, რომ ჩვენ ავღანეთში სწორედ ამ მისიით ვიმყოფებით და გაცხადებული გვაქვს, რომ გვინდა გავხდეთ ნატოს წევრები. ამ გადმოსახედიდან, იმის მაგივრად, რომ უფრო მეტი წვლილი შევიტანოთ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში, ამ საქმიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი და ცუდი კითხვის ნიშნები გაჩნდა. რეალურად, პირიქით ხომ არ ხდება და ქართული სპეცსამსახურები ხომ არ უწყობენ ხელს ადამიანის უფლებების დარღვევას, გატაცებას და ა. შ.?! ეს ყველაფერი მთლიანობაში ძალიან დამაზიანებელია. „თავისუფალი დემოკრატები“ ვაპირებთ, რომ ამ საქმეზე თვალყურის დევნება გავაგრძელოთ, ყველა საერთაშორისო ბერკეტი გამოვიყენოთ, ამავდროულად, ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვგეგმავთ შემოდგომაზე ევროპარლამენტში შესაბამისი მოსმენის ჩატარებას, თუ მანამდე საქართველოს მთავრობამ ამ საქმეზე პასუხები არ გასცა.

_ 14 ივლისს აღმაშენებლის პროსპექტზე „ქართული მარში“ გაიმართა. თუ „ქართული მარშის“ მოთხოვნებს გადავხედავთ, მათი ადრესატი ხელისუფლება უფრო იყო, ვიდრე ისინი, ვის წინააღმდეგაც გაიმართა აქცია. ვგულისხმობ საქართველოში არალეგარულად მყოფ კრიმინალ უცხოელებს, რომლებიც, აქციის ორგანიზატორების მტკიცებით, ნარკოტიკების ვაჭრობითა და პროსტიტუციით არიან დაკავებული. თქვენი აზრით, „ქართული მარში“ რატომ არ გაიმართა სახელმწიფო უწყებებთან? და საერთოდ, თქვენ როგორ აღიქვით ეს აქცია?

_ ჩემთვის ეს აქცია იყო არა „ქართული მარში“, არამედ „რუსული მარში“, რადგან თავისი არსით, ფორმითა და შინაარსით სრულიად ეწინააღმდეგება იმას, თუ რა სჭირდება დღეს საქართველოს, რა არის ამ ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების ინტერესები, ის, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ აქციის მიმართ არ გაკეთებულა არც ერთი მკაფიო განცხადება და შეფასება, ასევე გვაფიქრებინებს იმას, რომ პირიქით, ხელშეწყობაც კი ხდება ასეთი ულტრამემარცხენე ფაშისტური ძალების წახალისებისა საქართველოში, რასაც, რა თქმა უნდა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ უკან რუსული ძალა უდგას.

_ „ქართული მარშის“ პარალელურად, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ბერშუეთში, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესო აქცია გაიმართა. როგორ შეაფასებთ ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ გამართულ საპროტესტო აქციას? თქვენი აზრით, რა კონკრეტული და ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ ადმინისტრაციულ საზღვარზე ე. წ. ბორდერიზაციის პროცესის შესაჩერებლად?

_ ასეთი ანტისაოკუპაციო აქციები ძალიან მიშვნელოვანია და მიხარია, რომ ამ აქციის ორგანიზება მოხდა ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რადგან პოლიტიკური პარტიები, თავისთავად, განსაკუთრებით პროდასავლური პარტიები, მუდმივად ვაპელირებთ ამ საკითხზე და ვცდილობთ, გამოვიყენოთ როგორც ქვეყნის შიგნით არსებული რესურსი, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები როგორც ევროკავშირში, ასევე აშშ-ში, რათა მუდმივად მოხდეს საქართველოს საკითხის ყოფნა რუსეთსა და აშშ-ს დღის წესრიგში და ასევე იმ მოლაპარაკებებში, რაც ხშირად იმართება ევროკავშირსა და რუსეთს შორის. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს უფრო აქტიურად ხელისუფლება უნდა აკეთებდეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და საგანგაშო ის არის, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ, „ქართულ ოცნებას“ მკაფიოდ ჰქონდეს გააზრებული, რა კონკრეტული სტრატეგია უნდა აირჩიონ რუსეთთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ვხედავთ „ქართული ოცნების“ გაუაზრებელ ნაბიჯებს, სხვადასხვა ფორმატით პირდაპირი თუ არაპირდაპირი მოლაპარაკებების გზით, რომ პირიქით, უფრო და უფრო იზრდება ჩვენი დამოკიდებულება რუსეთზე, უფრო და უფრო მეტი რუსი გაურკვეველი წარმოშობის ბიზნესმენი თუ აქტივისტი შემოდის საქართველოში, მათ შორის, „ოკუპაციის კანონის“ დარღვევით და ამაზე ვხედავთ, რომ არანაირი რეაგირება არ არის. ამას ემატება, თუნდაც, „ქართული მარშის“ ფენომენი და ეს ყველაფერი ერთობლიობაში ტოვებს ძალიან ცუდ განცდას, _ ხომ არ ხდება ასეთი სენტიმენტების სახელმწიფოს მხრიდან წახალისება იმის ნაცვლად, რომ უფრო აქტიური ანტისაოკუპაციო პოლიტიკა გაატაროს „ქართულმა ოცნებამ“. უახლოეს პერიოდში ჩვენ ველოდებით აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჩამოსვლას, ეს ვიზიტი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ და მთლიანად ამ ვიზიტის ფონზე მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ უნდა დაეთმოს საქართველოს რუსეთის მხრიდან ქვეყნის ოკუპაციას და რა პრაქტიკული მხარდაჭერაა შესაძლებელი, აშშ-მ რომ აღმოგვიჩინოს. მნიშვნელოვანია, სწორედ ასეთი ვიზიტების დროს არ მოხდეს საკითხების პოლიტიზება. „ქართული ოცნება“, პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადება ასეთ საკითხებზე ჩვენს სტრატეგიულ მნიშვნელოვან პარტნიორებს უნდა ველაპარაკოთ.

_ გასულ კვირას ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვს სტუმრობდნენ და  სახელმწიფო სათათბიროში შეხვედრებს მართავდნენ. იმ ვითარებაში, როცა რუსეთი აგრძელებს საქართველოში მცოცავი ოკუპაციის პოლიტიკის გატარებას და საქართველოსგან მოითხოვს „ოკუპაციის შესახებ“ კანონის გაუქმებას, რაც ქართული მხარისთვის თავიდანვე მიუღებელი იყო, თქვენ როგორ შეაფასებდით ასეთ ვითარებაში რუსეთის სათათბიროსა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს შორის თანამშრომლობისთვის ჯგუფების შექმნის პერსპექტივასა და მიზანშეწონილობას?

_ ჩემთვის ეს ვიზიტი და, ზოგადად, მოლაპარაკების საგანიც გაუგებარი და მიუღებელია. ძალიან საგულისხმო და საინტერესოა ის, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ აცხადებდა, მიდიოდა კონკრეტული გამოსავლის მოსაძებნად რუსეთში და ზუსტად ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ავიახაზებმა შეამცირა საქართველოდან ფრენები რუსეთის მიმართულებით. ეს არის მკაფიო მაგალითი იმისა, რამდენად არ შეიძლება რუსული მხარის ნდობა და არ შეიძლება ერთი ერთზე რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია ღია პრორუსული ძალის ვიზიტზე მოსკოვში, ოკუპანტთან ერთ მაგიდასთან დასხდომაზე. რა თქმა უნდა, ეს არის ღია დადასტურება იმისა და „პატრიოტთა ალიანსი“ ამას არც მალავს, რომ მათი ინტერესები ჩრდილოეთზე გადის. ჩვენ ღიად გამოვხატავდით შეშფოთებას, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, რეალურად, 25-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე პირველად, ასეთი ღია პრორუსული ძალები მოხვდნენ საქართველოს პარლამენტში და ვფიქრობ, ეს არის სწორედ იმ არასწორი პოლიტიკის შედეგი, რასაც „ქართული ოცნება“ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ატარებს. რა თქმა უნდა, მათ ვიზიტს არაფერი შედეგი არ ექნება, რუსეთი და პუტინი ცდილობს საკუთარ ე. წ. სხვადასხვა „პოლიტიკურ ძალებსა“ და „საზოგადოებრივ ჯგუფებს“ დაეყრდნოს, მათ მოსდით ერთი და იგივე შეცდომა, რომ ისინი იმედებს ამყარებენ ყოველთვის მარგინალიზებულ ძალებზე და დარწმუნბეული ვარ, ქართული საზოგადოება ძალიან ნათლად ხედავს _ რა ამოძრავებთ როგორც ამ ე. წ. პოლიტიკურ ძალებს, ასევე ე. წ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, რომ უკან დახიონ საქართველო.

_ საკონსტიტუციო საკითხებზე ხელისუფლება და ოპოზიცია კონსულტაციებს სტრასბურგში „ვენეციის კომისიის“ მდივნის, ტომას მარკეტის მონაწილეობით გამართავს. ამავე დროს, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე, აცხადებს, რომ კონსტიტუციაში რაიმე ძირეული ცვლილებები აღარ შევა. რაზე უნდა ისაუბრონ მხარეებმა სტრასბურგში? საკონსტიტუციო პროცესთან მიმართებით, რა სურათს მივიღებთ და სავარაუდოდ, როგორ აისახება იგი ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე?

_ საკონსტიტუციო ცვლილებებს რაც შეეხება, „თავისუფალი დემოკრატები“ პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ამ ცვლილებების მთავარი ამოცანა არის პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება და მისი უფლებამოსილების შეზღუდვა. რეალურად, ამ მიზნით განხორციელდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი. ბოლო თვეების განმავლობაში „ქართული ოცნება“ ცდილობდა, რომ შეექმნა ე. წ. დემოკრატიული  ჩართულობის პროცესი, მათ შორის, ძალიან არასწორად გამოიყენეს „ვენეციის კომისია“. მარტივად დავინახეთ მეორე დღესვე, როდესაც „ვენეციის კომისიამ“ დასკვნა დადო, როგორი ტიპის ცვლილებები სჭირდება საქართველოს, რომ სწრაფად გააგრძელოს დემოკრატიული განვითარება. სწორედ მეორე დღესვე „ქართულმა ოცნებამ“ საერთოდ შეცვალა გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს მაჟორიტარული სისტემის დატოვების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამის მოლოდინი გვქონდა, რადგან „ქართული ოცნება“, ისევე როგორც სხვა ხელისუფლებები, სამწუხაროდ, დგას მხოლოდ მაჟორიტარებზე, მათ ძალიან კარგად იციან, რომ არა მაჟორიტარული სისტემა, 2020 წლისთვის მათ სრულად ამოწურეს ის რესურსი, რომ ქართულ საზოგადოებას დაუმტკიცონ  _ „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია. სწორედ კიდევ ერთხელ მოხდა ძველი მეთოდებით (ამ შემთხვევაში, ვსაუბრობ მაჟორიტარული სისტემის გამოყენებაზე), ამ გადაწყვეტილების დაბლოკვა. რაც შეეხება მამუკა მდინარაძის განცხადებას, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ მეორე მოსმენა დასრულებულია და მხოლოდ კოსმეტიკური პროცედურული ცვლილებები შეიძლება იყოს შეტანილი მესამე მოსმენით და რაიმე არსებითი ცვლილების შეტანა დღეისთვის დაგვიანებულია, „ქართული ოცნება“ ახლა ცდილობს, რამენაირად თავი დააღწიოს საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლას და შექმნას კიდევ ერთი ილუზია იმისა, რომ მზად არიან კონსენსუსისთვის და ჩართულობისთვის. თუმცა ეს რესურსი რეალურად აღარ არსებობს და, სამწუხაროდ, ჩვენ მივიღებთ ძალიან ცუდ კონსტიტუციას, რომელიც კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს ერთი პარტიის გარშემო ძალაუფლების მონოპოლიზებას და ასევე დახურავს იმ პოლიტიკურ პროცესს, რაზედაც ჩვენ, პოლიტიური პარტიები, ამდენი ხნის განმავლობაში ვიბრძვით. 2020 წლისთვის ჩვენ შეიძლება მივიღოთ ისეთი რეალობა, რომ საერთოდ აღარ იქნება დარჩენილი მშვიდობიანი პოლიტიკური დისკუსიის და პოლიტიკური პროცესის წარმოების შესაძლებლობა. კიდევ ერთხელ აღმოვჩნდებით იმ რეალობაში, რომ ქუჩის იქით გზა აღარ დარჩება და რა შედეგები მოუტანა ასეთმა აქციებმა საქართველოს ამ 25 წლის განმავლობაში, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით.

_ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები ახლოვდება. როგორ პოლიტიკურ ფორმაში ხვდებიან ამ არჩევნებს პოლიტიკური პარტიები? რა გეგმები აქვს თქვენს პარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის?

_ „თავისუფალი დემოკრატების“ აზრით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის იქნება გადამწყვეტი პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ ბატონობა დასრულდეს. აქედან გამომდინარე და რეალობის გათვალისწინებით, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და „რესპუბლიკელებმა“ გადავწყვიტეთ, კოალიციურ ფორმატში მივიღოთ მონაწილეობა. ამას ასევე განაპირობებს ის, რომ ჩვენ გვინდა უფრო ფართო ჩართულობა ადგილობვრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ვგულისხმობ იმას, რომ იმ სტერეოტიპიდან გამომდინარე, რაც ბოლო პერიოდში არსებობს საქართველოში, რომ პოლიტიკურ პარტიებთან ასოცირება ადამიანებისთვის მიუღებელი ხდება, ჩვენ ამ კოალიციის შექმნით საზოგადოების იმ ძალიან აქტიურ წარმომადგენლებს, რომლებიც თბილისში, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით მოღვაწეობენ, შესაძლებლობას მივცემთ, კოალიციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღონ როგორც დამოუკიდებელმა, უპარტიო კანდიდატებმა. ჩვენ გვეყოლება ასეთი ტიპის მერობის კანდიდატები როგორც თბილისში, ასევე სხვა დიდ ქალაქებში და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ საქართველოს მოსახლეობას რეგიონებში თუ დედაქალაქში შევთავაზოთ ახალი ადამიანები და ის გუნდი, რომელსაც ნამდვილად გული შესტკივა ამ ქვეყანაზე.

_ შერჩეული გყავთ უკვე კანდიდატურა დედაქალაქის მერის პოსტზე?

_ თითქმის დასრულებულია მოლაპარაკებები, ვის დავუჭერთ მხარს ერთობლივად თბილისის მერობის კანდიდატურაზე. ამ ეტაპისთვის ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებ, კვირის ბოლოს ვაპირებთ, რომ ერთობლივი ბრიფინგის მეშვეობით ეს ინფორმაცია საჯარო გავხადოთ.

 

თამარ ბატიაშვილი