თამაზ მეჭიაური: „ივანიშვილი ძალაუფლებას ნაწილობრივ დათმობს“
პარლამენტის ყოფილი წევრი თამაზ მეჭიაური, რომელიც ახლა თიანეთის მერობისთვის აპირებს ბრძოლას დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სიტუაცია შეიცვლება. ის არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ივანიშვილი ხელისუფლებას ვინმეს გადააბარებს. რა ცვლილებებს ელოდება ამ არჩევნებიდან და რას დათმობს ივანიშვილი? _ ამის შესახებ თამაზ მეჭიაური „ქრონიკა+“-ს ესაუბრება.
_ ექსპერტების და ოპოზიციონერების ნაწილი ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების გადაბარებისთვის ემზადება. მათი მტკიცებით, ივანიშვილი ძალაუფლების გადაბარებას გიორგი გახარიასთვის აპირებს. თქვენ კარგად იცნობთ ამ ადამიანს, გადააბარებს ის ვინმე ძალაუფლებას?
_ ბიძინა ივანიშვილი არაა ის კაცი, რომ ძალაუფლება სრულად ვინმეს გადააბაროს. მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ეს, გახარია თუ სხვა ვინმე. სრულად ზალაუფლებას ბიძინა ივანიშვილი არავის არ გადააბარებს. ეს ამ ადამიანის ხასიათში არ დევს. მე არ ველოდები ასეთ რამეს.
_ ხაზგასმით ამბობთ სრულად ძალაუფლებას არ გადააბარებსო. ამით იმის თქმა ხომ არ გინდათ რომ რაღაცების დათმობას დათანხმდება?
_ ასე გადაჭრით რაიმე პროგნოზის გაკეთება ძნელია. ბევრი რამე თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული. მთავარია როგორ ჩაატარებენ ამ არჩევნებს. დემოკრატიულად თუ ჩატარდება არჩევნები, ამ შემთხვევაში მრავალპარტიულ თვითმმართველობებს მივიღებთ. უმრავლესობაში ისევ „ქართული ოცნება“ იქნება, მაგრამ ჭრელი თვითმმართველობა იქნება.
ძალიან ბევრი იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ რამდენ პროცენტს აიღებს ამ არჩევნებზე „ქართული ოცნება“. 43%-ზე ნაკლებს თუ აიღებენ, უნდათ თუ არა დათმობაზე მოუწევთ წასვლა. ეს პირობა იმ დოკუმენტში წრრია, რომელსაც მათ ხელი მოაწერეს.
_ „ოცნებამ“ ამ შეთანხმების ანულირება მოახდინა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2024 წლამდე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება. რატომ გგონიათ რომ 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში მმართველი პარტია დათმობაზე წავა?
_ შეთანხმებიდან გასვლაით ისინი თავს ვერ დაიძვრენენ. 43%-ზე ნაკლებს თუ აიღებენ, მოუწევთ პირობის შესრულება. მორალურ პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევიან. საბოლოო ჯამში იძულებულები გახდებიან, ვადამდელ არჩევნებზე წავიდნენ.
_ ვინ აიძულებს?
_ სიტუაცია. ოპოზიციამ თუ აიღო 57%-ზე მეტი „ოცნება“ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდება. პარლამენტში და ადგილებზე არსებული სიტუაცია დიდ შეუსაბამობაში მოვა ერთმანეთთან.
_ მთავარი ყურადღება თბილისზეა გადატანილი და ბევრ რამეს გადაწყვეტს ის,. თუ ვინ მოიგებს დედაქალაქში არჩევნებს.
_ მთავარი ყურადღება თბილისისკენაა მიმართული, მაგრამ რეგიონებშიც ძალიან საინტერესო პროცესები წავა. ვფიქრობ, ძალ;იან საინტერესო ბრძოლა გაიმართება თიანეთში.
_ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში თიანეთში სერიოზული ამბები წავიდა. ერთადერთი ოპოზიციონერი კანდიდატი თქვენ იყავით, ვინც ეს არჩევნები მოიგო. ამას წინ დიდი ბატალიები უძღოდა წინ. მაშინ ხუმრობდნენ, ქართული დემოკრატია მეჭიაურმა გადაგვირჩინაო.
_ სერიოზული ბრძოლა იყო მაშინ თიანეთში. მართალი ვიყავი და ეს არჩევნები მოვიგე. მართლა გადავარჩინეთ მაშინ ქართული დემოკრატია. არ შეიძლება ყველგან მმართველი პარტიის კანდიდატმა მოიგოს. როცა ასეთი რამე ხდება, იქ დემოკრატიაზე ლაპარაკი ზედმეტია.
იმედი მაქვს რომ თიანეთი ამ არჩევნებზეც გადაარჩენს ქართულ დემოკრატიას. მჯერა რომ ყაზბეგშიც იგივე მოხდება. ჩემს პარტიას აქედან ძალიან კარგი გუნდი შემოუერთდა. ეს ბიჭები ჩემს პარტიაში გაწევრიანდნენ. მათ სრული უფლება აქვთ, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.
_ „ოცნებიდან“ წასულები ახლა ძირითადად გახარიასთან გარბიან. ისიმი თქვენთან წამოვიდნენ. რატომ აირჩიეს თქვენი პარტია?
_ მე ამ ბიჭებს ჯერ კიდევ 2011 წლიდან ვიცნობ. მე „ოცნების“ პირველი კოორდინატორი ვიყავი მცხეთა-მთიანეთში. ამ ბიჭებმაც მაშინ დაიწყეს ნაციონალების წინააღმდეგ ბრძოლა. შალვა ელოშვილი რამდენიმე კვირის წინ „ქართულმა ოცნებამ“ ყაზბეგის მერობის კანდიდატად დაასახე3ლა. მერე მისი კანდიდატურა შეცვალა. ეს ამ ბიჭბს ეწყინათ. არანაირი დემარში არ მოუწყვიათ,. მშვიდად წამოვიდნენ და ჩემი პარტიიდან იყრიან კენჭს. ჩვენს კანდიდატს ყაზბეგში კარგი შანსები აქვს. „ოცნებას“ ვურჩევ, თავი დაანებოს იმაზე ლაპარაკს თავი, რომ ყველგან ეგენი მოიგებენ მერის არჩევნებს. ასეც რომ ფიქრობდე, ეს ხმამაღლა არ უნდა თქვა. ბევრი შეცდომა დაუშვა „ქართულმა ოცნებამ“ და დამატებითი შეცდომები საჭირო აღარაა. მათი მთავარი შეცდომა იყო ის, რომ ძველი გვარდია გვერდზე გაწიეს.
_ თქვენ ამიტომ დატოპვეთ „ქართული ოცნება“?
_ მე „ქართული ოცნებიდან“ 2016 წელს წამოვედი. პარტია რომ დავტოვე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი. „ოცნების“ წევრებს ვუთხარი, პარტიიდან მივდივარ და ამ თანამდებობასაც დავტოვებთქო. მითხრეს, არაა საჭიროო. ერთმანეთს მშვიდობიანად დავცილდით. არც მე გამოვუცხადე მათ ომი და არც მათ დაუწყიათ ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა. პარტიაში რაღაცები არ მომწონდა, მაგრამ სააშკარაოზე ბევრი რამე არ გამომიტანია. არც ახლა ვლაპარაკობ რაღაცებს. ამის გაკეთება არასწორად მიმაჩნია.
პარტია „ქართული ოცნება“ ორი საკითხის გამო დავტოვე. პირველი იყო კოჰაბიტაცია. ამ კოჰაბიტაციის შედეგად პარტიაში ძალიან ბევრი პორტირებული ნაცი მოხვდა. დაიწყეს მათი დაწინაურება. ამით მოხდა ძველი გვარდიის გვერდზე გაწევა. იმ ხალხს დაუწყეს გვერდზე გაწევა, რომლებიც პარტიის შექმნის დღიდან „ოცნებაში“ იყვნენ. იმ დროს იცი რას ნიშნავდა ყოფილიყავი „ოცნების“ წევრი? ჩვენზე ფაქტიურად ნადირობა იყო გამოცხადებული. ტყვიისთვის გვქონდა თავი შეშვერილი. ასეთი ხალხი პორტირებული ნაცებით ჩაანაცვლეს.
მეორე საკითხი რის გამოც „ქართული ოცნება“ დავტოვე, ეს იყო საგარეო კურსი. ყოველთვის ღიად ვამბობდი რომ საქართველოს უნდა მართავდეს ქართველი ხალხის ნება. ჩვენ არც ვაშინგტონის ჭკუაზე უნდა ვიაროთ, არც მოსკოვის და არც ბრიუსელის. ის გზა უნდა ავირჩიოთ, რასაც საქართველოს მოსახლეობა გვიკარნახებს.
_ „ოცნება“ საიდან იმართებოდა?
_ „ოცნებაში“ სერიოზული გავლენები ჰქონდათ რესპუბლიკელებს და ალასანიას პარტიის წევრებს. მათ ხელში იყო საპარლამენტო თანამდებობები და მინისტრის სავარძლები. ისინი ისედაც დიდი გავლენით სარგებლობდნენ, პრემიერობიდან ივანიშვილის გადადგომის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდნენ. ალასანია მალევე წავიდა. ამის შემდეგ რესპუბლიკელები გაძლიერდნენ განსაკუთრებით. ვფიქრობ რომ ისინი ჩანერგილები იყვნენ „ოცნებაში“. მათ მოახვიეს ივანიშვილს ტავზე კოჰაბიტაცია. მათი წყალობით მოხდა „ოცნების“ ძველი გვარდიის გვერდზე გაწევა და პარტია პორტირებული ნაციონალებით გაივსო. ამან სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია, როგორც „ოცნების“ მომხრეებში, ასევე „ოცნების“ შემადგენლობაშიც. ახლა ბევრი გახარიასტან გადავიდა.
_ გახარიასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? თქვენც თვლით რომ ის უნამუსოდ მოიქცა, როცა თანამდებობიდან გადადგა?
_ ეს მისი გადაწყვეტილებაა. ისე მოიქცა როგორც საჭიროდ ჩათვალა. ის ნაციონალებში არ წასულა. შექმნა ტავის პარტია და არჩევნებში იღებს მონაწილეობას. ამის უფლება მას აქვს.
_ თქვენგან ამის მოსმენა მიკვირს. შარშანდელ არჩევნებზე სერიოზული უთანხმოება გქონდათ მასთან.
_ ძალიან არასწორად მოიქცა შარშანდელ არჩევნებზე. ბევრი რამე შეეშალა მაგის ხალხს ჩემთან მიმართებაში. ამის მიუხედავად ვამბობ, რომ მას სრული უფლება აქვს არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. დემოკრატიულ ქვეყანას თუ ვაშენებთ, მაშინ არავის არ უნდა ავუკრძალოთ არჩევნებში მონაწილეობა. „ქართული ოცნება“ სერიოზულ შეცდომას უშვებს, როცა ამბობს რომ ყველგან ეგენი მოიგებენ არჩევნებს. ეს გამორიცხულია. ნუ დაავიწყდებათ რომ ბევრგან მერებად პორტირებული ნაცები ჰყავთ წარდგენილი. ამ პორტირებულებს, ცეზარ ჩოჩელი მირჩევნია ბევრად. ის პატივისცემას იმსახურებს.
_ ცეზარ ჩოჩელზე ამას თუ იტყოდით ვერ წარმოვიდგენდი.
_ არც მასთან მაქვს კარგი ურთიერთობა, მაგრამ პატივს ვცემ და ხელსაც ჩამოვართმევ. ეს ადამიანი თავისი პარტიის ერთგული დარჩა და არსად გადამხტარა. „ოცნებამ“ ტავის მომხრეები ვერ დააფასა და პორტირებულ ნაცებზე გააკეთა აქცენტი. ასე არ შეიძლება.
შორენა მარსაგიშვილი