თამაზ ვაშაკიძე: „გრიგოლ ვაშაძე პირადად უთვალთვალებდა ჩემს ოჯახს“
ქორეოგრაფი თამაზ ვაშაკიძე მეჩვიდმეტე წელია, დევნილობაში ცხოვრობს რუსეთში. ის დევნილად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქცია. მისი კარიერა ნინო ანანიაშვილის ამბიციებს შეეწირა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა თბილისში ჩამოიყვანა. ვაშაკიძეს მისთვის თანამდებობა უნდა დაეთმო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას პრობლემების შექმნით დაემუქრნენ. ვაშაკიძემ არ დათმო და პრობლემებიც შეექმნა. მის თვალთვალსა და დევნას ნინო ანანიაშვილის ქმარი, ახლო წარსულში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე ახორციელებდა.
ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ პარლამენტმა მიიღო კანონი ამნისტიის შესახებ. „ოცნებამ“ სამშობლოში დაბრუნების საშუალება პოლიტდევნილებსაც მისცა. პოლიტდევნილთა სიაში ვერ მოხვდა თამაზ ვაშაკიძე. სამაგიეროდ, ეს სტატუსი მიენიჭათ ძმებ ურუზმაგ და ჯემალ ქარქუსოვებს, რომლებმაც საქართველოდან გაქცევის შემდეგ განაცხადეს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ. ამის გარდა ისინი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ იბრძოდნენ. რადგან მათი ძმა „ოცნების“ წევრ ნანა ყეინიშვილის ქმარი იყო, „ოცნებამ“ მათთვის პოლიტდევნილის სტატუსი გაიმეტა, ვაშაკიძე კი, რომელსაც არაფერი დაუშავებია, კვლავ დევნილობაში რჩება.
დევნილობაში მყოფი ვაშაკიძე და მისი ადვოკატები 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ „ოცნების“ ხელისუფლებას დაუღალავად მიმართავენ, მაგრამ უშედეგოდ. ბოლო მიმართვა მისმა ადვოკატმა ხატია ყურუამ რამდენიმე თვის წინ გაუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. იმ დროისთვის ეს თანამდებობა გიორგი გახარიას ეკავა.
რატომ ვერ ახერხებს სამართლის პოვნას? ვინ უშლის ხელს? რატომ გადაემტერა გრიგოლ ვაშაძე? რა რჩევა მისცა გოკა გაბაშვილმა? რა ულტიმატუმი წაუყენა პროკურატურის მაღალჩინოსანმა? _ ამის შესახებ თამაზ ვაშაკიძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ ბატონო თამაზ, არაერთი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება არ რეაგირებს თქვენს განცხადებებზე. „ნაციონალების“ დროს რომ ვერაფერს მიაღწევდით, ცხადია, მაგრამ ახლა რატომ ვერაფერს გახდით?
_ ამას ახსნას ვერ ვუძებნი. ჩემმა ადვოკატებმა არაერთხელ მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ ამაოდ. ბოლოს ჩემმა ადვოკატმა ხატია ყურუამ გიორგი გახარიას მიმართა. ამ ადამიანს მაშინ, ჯერ კიდევ, პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა. გახარიამ წერილი პროკურატურას გადაუგზავნა. საგამოძიებო უწყებას ამაზე რეაგირება არ მოუხდენია.
ნებას თუ დამრთავთ, თქვენს მკითხველს მოვუყვები, თუ რა ეწერა ამ წერილში. ხატია ყურუა გახარიას შემდეგს სწერდა: „მოგახსენებთ, რომ მოქალაქე თამაზ ვაშაკიძის მიმართ, რომელიც გახლდათ საქართველოს კულტურის სამინისტროს ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებლის ხელმძღვანელი, 2005 წლის აპრილში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე N02058063, რასაც შედეგად მოჰყვა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენი, თამაზ ვაშაკიძე მსჯავრდებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში სსკ) 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ „ბ“ და „დ“ ქვ.პ-ის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვ.პ-სა და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით. სისხლის სამართლის პროცესი განხორციელდა მნიშვნელოვანი დარღვევებით, ბრალდებულს განაჩენის გამოტანამდე არ მიეცა შესაძლებლობა, მიეღო დაცვის ეფექტიანი ღონისძიებები, რათა, ერთი მხრივ, განეხორციელებინა სისხლის სამართლის კანონმდებლობით ბრალდებულისთვის კანონით გარანტირებული უფლებები და, მეორე მხრივ, წარდგენილ ბრალდებაში დაემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა.
განაჩენის დადგომის შემდეგ თამაზ ვაშაკიძე ატარებს პოლიტიკური ნიშნით სახელმწიფოდან დევნილი პირის სტატუსს და სწორედ ამ სტატუსიდან გამომდინარე მას რუსეთის ფედერაციაში მიენიჭა პოლიტიკური თავშესაფარი. თამაზ ვაშაკიძე დღემდე ვერ ახერხებს საქართველოში დაბრუნებას, რადგან, არაერთი მცდელობის მიუხედავად, მის სისხლის სამართლის საქმეზე არ განხორციელებულა არავითარი ცვლილება და, შესაბამისად, დღემდე ატარებს მიმალვაში მყოფი მსჯავრდებულის სტატუსს, უკვე 15 წელია იმყოფება იძულებით ემიგრაციაში თავისი სამშობლოსგან და ოჯახისგან შორს.
თამაზ ვაშაკიძის მხარდამჭერთა საინიციატივო ჯგუფის მიერ არაერთხელ მიემართა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ასევე მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს, რომ დაინტერესებულიყვნენ აღნიშნული საქმით და უფლებამოსილების ფარგლებში ემოქმედათ თამაზ ვაშაკიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, თუმცა არც ერთი ზემოაღნიშნული პირისგან შესაბამისი საპასუხო მოქმედებები არ განხორციელებულა. ერთადერთი წარმატება, რომელსაც თამაზ ვაშაკიძემ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ მიაღწია, იყო საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც დადასტურდა, რომ თამაზ ვაშაკიძის ბრალდების საქმეში კომიტეტმა აღმოაჩინა პოლიტიკური მოტივის არსებობა, (განცხადებას თან ერთვის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა; იხ. დანართი) კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნა გაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას შემდგომი რეაგირებისთვის, გამოძიების განახლებისა და საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, თუმცა პროკურატურის მხრიდან არავითარ საპასუხო მოქმედება არ ყოფილა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგახსენებთ, რომ მსჯავრდებულის სტატუსის მქონე, საქართველოდან პოლიტიკური ნიშნით იძულებით დევნილ თამაზ ვაშაკიძეს აქვს რეალური მოლოდინი და იმედი იმისა, რომ თქვენ გამოიჩენთ ინტერესს მისი საქმის მიმართ და უფლებამოსილების ფარგლებში მიიღებთ ყველა იმ საჭირო ზომას, რომელიც ხელს შეუწყობს თამაზ ვაშაკიძის წინააღმდეგ უკანონოდ განხორციელებული გამოძიების განახლებასა და საქმეზე ობიექტური შეჭმარიტების დადგენას, რომლითაც ცალსახად დადასტურდება, რომ თამაზ ვაშაკიძე ნამდვილად არის პოლიტიკური ნიშნით სახელმწიფოდან დევნილი პიროვნება და რომ მას არავითარი დანაშაულებრივი ქმედება, რომლის გამოც მსჯავრი დაედო, რეალურად არ განუხორციელებია“.
სამწუხაროდ, ამ წერილზეც არ ყოფილა არანაირი რეაგირება, ამიტომ გადავწყვიტე, ისევ „ქრონიკა+“-ისთვის მომემართა. იქნებ, თქვენი მეშვეობით მაინც მივაწვდინო ხმა სათანადო სტრუქტურებს.
_ თქვენს საკითხზე „ქრონიკა+“-მა რამდენიმე სტატია მოამზადა. კიდევ ერთხელ მოგვიყევით, როგორ გახდით პოლიტიკური დევნილი?
_ 2004 წლამდე მე ვიყავი თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორი. 2004 წლის ივნისში კულტურის მინისტრის მოადგილე თამთა ქვარიანმა დამიბარა და მომთხოვა, პირადი განცხადების საფუძველზე დამეტოვებინა თანამდებობა.
_ მიზეზად რა დაასახელა? რატომ უნდა წასულიყავით სასწავლებლიდან პირადი განცხადების საფუძველზე?
_ მითხრა, რომ საქართველოში საბალეტო სფეროს სათავეში ჩაუდგებოდა ნინო ანანიაშვილი, რომელიც თბილისში მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწვევით ჩამოვიდა.
_ თქვენ რა უთხარით ქვარიანს?
_ ვუთხარი, რომ თანამდებობას ჩემი ნებით არ დავტოვებდი და გადადგომის შესახებ განცხადების დაწერაზე უარი განვაცხადე. ამ საუბრიდან ერთ თვეში კულტურის მინისტრმა გოკა გაბაშვილმა თანამდებობიდან გამათავისუფლა. გოკა გაბაშვილის ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გავასაჩივრე. მაშინ ჩემი ადვოკატი იყო ოთარ ბერიშვილი.
რამდენიმე თვეში, კონკრეტულად, სექტემბერში დამიბარა კულტურის მინისტრმა. შეხვედრისას გოკა გაბაშვილმა კატეგორიული ტონით მომთხოვა, რომ სასამართლოდან სარჩელი დაუყოვნებლივ გამომეტანა. სარჩელის გამოტანაზე უარი განვაცხადე.
_ გოკა გაბაშვილს ამაზე რა რეაქცია ჰქონდა?
_ ძალიან გაბრაზდა. ისე გაბრაზდა, რომ თავი ვეღარ შეიკავა და ღიად დამემუქრა.
_ რაში გამოიხატა ეს მუქარა?
_ გაბრაზებულმა მითხრა, რომ თუ სარჩელს არ გამოვიტანდი, სერიოზული პრობლემები შემექმნებოდა.
_ გაბაშვილს არ დაუკონკრეტებია, რა სახის პრობლემები შეგექმნებოდათ?
_ დაკონკრეტება არ იყო საჭირო. პრობლემები ჩვენი შეხვედრიდან ერთი კვირის თავზე დაიწყო. გაბაშვილის ხელმოწერილი ბრძანებით დაიწყო ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის შემოწმება. სასწავლებლის შემოწმება კონტროლის პალატამაც გადაწყვიტა.
_ იმავე პერიოდში დაიწყო კონტროლის პალატამ შეოწმება?
_ რამდენიმე დღის დაგვიანებით. ორმა უწყებამ ერთად მოინდომა სასწავლებლის შემოწმება. ეს უბრალო დამთხვევა არ ყოფილა. ორივე უწყებას ერთდროულად რატომ მოუვიდოდა თავში აზრად ქორეოგრაფიული სასწავლებლის შემოწმება?ეს იყო შურისძიება.
კანონდარღვევის გარეშე არც შემოწმებას ჩაუვლია. შემოწმების პროცესში სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს სასწავლებლის ბუღალტერი და მოლარე. ამის შემდეგ უკანონოდ შევიდნენ ბუღალტერის ოთახში და იქიდან ფინანური დოკუმენტაცია გამოიტანეს.
_ ასეთ დროს საბუთებს ამოწმებენ და რატომ არის ეს კანონდარღვევა?
_ ეს იყო საბუთების მოტაცება. მსგავსი რამე კი სამართლებრივად დაუშვებელია, რადგან ეს საბუთები უნდა გადაბარებულიყო. გადაბარება არავის უცდია, ადგნენ და მოიტაცეს. ამ პროცესს გრიგოლ ვაშაძის ახლო ნათესავი ხელმძღვანელობდა. მოგეხსენებათ, ვაშაძე ნინო ანანიაშვილის ქმარია.
_ რა სტატუსით ხელმძღვანელობდა?
_ ის დანიშნეს სასწავლებლის ხელმძღვანელად. ეს ყველაფერი ანანიაშვილმა და მისმა მეუღლემ ჩააწყვეს.
_ თქვენ ერთხელ თქვით ჩვენთან საუბარში, რომ თქვენი დევნის ოპერაციას პირადად გრიგოლ ვაშაძე ხელმძღვანელობდა.
_ ამას ახლაც გავიმეორებ: ჩემი დევნის ოპერაციას ხელმძღვანელობდა უშუალოდ გრიგოლ ვაშაძე.
_ რა სტატუსით? ის არ ყოფილა სამართალდამცველი.
_ ის იყო ანანიაშვილის მეუღლე, რომელსაც სააკაშვილმა საქართველოში საბალეტო სფერო ჩააბარა. ეს ოჯახი მიშასთან დაახლოებული გახლდათ. გრიგოლ ვაშაძეს თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცეს და მანაც იმოქმედა.
_ მასთან რაიმე სახის უთანხმოება ხომ არ გქონდათ? რატომ უნდა ყოფილიყო ეს ადამიანი თქვენზე გადამტერებული?
_ არანაირი უთანხმოება არ მქონია არც გრიგოლ ვაშაძესთან და არც მის მეუღლესთან. როცა გავიგე, რომ ნინო საქართველოში დაბრუნდა, გამეხარდა, დედამისს დავურეკე და მივულოცე. ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ რა მოჰყვებოდა მის აქ დაბრუნებას.
ადრე ნინოსთან ვმეგობრობდი. მინდოდა, რომ მას და გრიგოლს შევხვედროდი და გველაპარაკა. ჩვენი შეხვედრა არ შედგა. გრიგოლ ვაშაძემ ჩემი დევნა და თვალთვალი დაიწყო. დამოუკიდებლად ის ამას ვერ გააკეთებდა. მაშინდელმა ხელისუფლებამ მას ხალხი დაახმარა, ოპერაციას კი ვაშაძე ხელმძღვანელობდა.
_ რა გაძლევთ იმის თქმის საბაბს, რომ ამ პროცესს გრიგოლ ვაშაძე ხელმძღვანელობდა?
_ ამის დამამტკიცებელი არაერთი ფაქტი არსებობს. როდესაც გაბაშვილის ბრძანებით გამათავისუფლეს, ჩემ ნაცვლად სასწავლებლის დირექტორად დაინიშნა გრიგოლ ვაშაძის უახლოესი ნათესავი, ვინმე ზვიად ბაქრაძე, რომელსაც ბალეტთან არანაირი შეხება არ ჰქონდა.
_ ბალეტთან შეხება თუ არ ჰქონდა, ქორეოგრაფიული სასწავლებელი როგორ ჩააბარეს?
_ იმიტომ ჩააბარეს, რომ გრიგოლ ვაშაძემ გაუწია რეკომენდაცია. ის ადრე ბავშვთა კოლონიაში ზედამხედველად მუშობდა, ქორეოგრაფიული სასწავლებლის ხელმძღვანელად კი ნინო ანანიაშვილი დაინიშნა.
ზემოთ მოგიყევით, რომ სასამართლოში სარჩელი შევიტანე და სამსახურში აღდგენას ვითხოვდი. სარჩელის შეტანის შემდეგ შემხვდა კულტურის მინისტრი გოკა გაბაშვილი. მან პირდაპირ მითხრა, რომ ანანიაშვილი-ვაშაძის წყვილი არ გაჩერდებოდა და ჯობდა, სარჩელი უკან გამომეტანა. სარჩელი არ გამოვიტანე და არც ეს წყვილი გაჩერებულა.
ცოლ-ქმარმა ჯერ პედაგოგის თანამდებობიდან გამათავისუფლეს და მერე ბალეტმაისტერის პოსტიც გააუქმეს. დავრჩი ქუჩაში. ეს ყველაფერი შურისძიებას ჰგავდა.
ვაშაძის ნათესავმა, კოლონიის ყოფილმა ზედამხედველმა ბაქრაძემ, უშუალოდ შემოიყვანა სასწავლებელში კონტროლის პალატა. ეს მან გრიგოლის მითითებით გააკეთა. ბაქრაძემ პირადად გახსნა ჩემი სამუშაო კაბინეტი და იქიდან გაიტანა დოკუმენტაცია.
_ რა დოკუმენტაცია წაიღო?
_ რაც ოთახში იყო, ყველა სახის დოკუმენტაცია წაიღო. დოკუმენტების გარდა ვაშაძის ნათესავმა ჩემი კაბინეტიდან გაიტანა ჩემი კუთვნილი ფოტოები, ვიდეო კასეტები, სადაც ასახული იყო ჩემ მიერ შესრულებული პარტიები და დადგმული სპექტაკლები.
_ ესენი რად უნდოდა იმ ვიღაც ბაქრაძეს?
_ რაღაცაში სჭირდებოდა, სხვა შემთხვევაში მათ ხელს არ მოჰკიდებდა. ფოტო და ვიდეო მასალების გარდა სხვა პირადი ნივთებიც გაიტანეს ჩემი კაბინეტიდან.
_ არ მოითხოვეთ ამ ნივთების დაბრუნება?
_ როგორ არა. არაერთხელ მოვითხოვე მათი დაბრუნება, მაგრამ მეჩვიდმეტე წელია, ჩემს ნივთებს არ მიბრუნებენ. ისინი არიან ქურდები. ვაშაძემ და ბაქრაძემ უშუალოდ გატეხეს ბუღალტრის ოთახი და იქიდან გაიტაცეს ფინანსური სახის დოკუმენტაცია.
ბევრი ეცადნენ, მაგრამ დარღვევა ვერ იპოვეს და ჩემ წინააღმდეგ საქმის აღძვრაც დააგვიანდათ.
_ ბოლოს მაინც აღიძრა საქმე.
_ რაიმე დარღვევა თუ მქონდა, ჩემ წინააღმდეგ მაშინვე უნდა აღეძრათ სისხლის სამართლის საქმე. ეს საქმე ერთი წლის შემდეგ აღიძრა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ანანიაშვილისა და ვაშაძის ინტერესებში შედიოდა ჩემი, როგორც ხელოვანის გაჩერება.
_ რატომ უნდოდათ ამის გაკეთება?
_ ალბათ ჰქონდათ მიზეზი. ჩემი ოთახიდან შემთხვევით არ გაუტანიათ ჩემი საქმიანობის ამსახველი ფოტო და აუდიო მასალები. ეს ყველაფერი ძალიან ძვირფასი იყო ჩემთვის. ამათ ეს გაანადგურეს.
_ რატომ გგონიათ, რომ გაანადგურეს?
_ დღემდე არ აბრუნებენ მოპარულ ნივთებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი განადგურებულია. იმიტომ გაანადგურეს, რომ გაექროთ ჩემი კვალი. მე ვერავისთვის ვერ უნდა მეჩვენებინა, ვინ ვარ და რა გამიკეთებია. წარმოგიდგენიათ, რამხელა სიბოროტე გააკეთეს?!! ესეც არ იკმარა გრიგოლ ვაშაძემ და როცა საქართველოდან წავედი, მაშინ პირადად ის ხელმძღვანელობდა ჩემი მეუღლის თვალთვალს, რომელიც სამ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მარტო დარჩა.
_ ეს ფაქტი მედიას როგორ გამორჩა?
_ მაშინ ეს ბატონი არ იყო დიდი პოლიტიკოსი. მას არავინ იცნობდა. ის იყო ნინო ანანიაშვილის მეუღლე. გრიგოლ ვაშაძე ჩემს ოჯახს პირადად რომ უთვალთვალებდა, ამის შესახებ ჩემმა მეუღლემ ჟურნალისტებს უთხრა. ამის დამადასტურებელი ვიდეოც არსებობს.
გოკა გაბაშვილი მართალი იყო, როცა მითხრა, რომ ეს წყვილი არ გაჩერდებოდა. ანანიაშვილი-ვაშაძის წყვილმა ჩამომაშორა ჩემს კოლეგებს, გასვარა ჩემი სახელი და საერთოდ ამომიღო ქართული ბალეტის ისტორიიდან. ძალიან საშიში ხალხია და ისინი ყველაფერზე წავლენ. გრიგოლ ვაშაძის უშუალო დავალებით ქორეოგრაფიული სასწავლებლის თანამშრომლებს ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ.
_ ერთი პერიოდი ვაშაძე „ქართული ოცნების“ დაუნდობელი მოწინააღმდეგ იყო. მერე პრეზიდენტადაც იყარა კენჭი. მას ათას სისულელეზე სდებდნენ ბრალს, თქვენიი ამბავი რატომ არ ახსენა ხელისუფლებამ? არ იცოდა?
_ როგორ არ იცოდა. როცა ვაშაძე პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს, მაშინვე გავავრცელე განცხადება, იქ ვსაუბრობდი, თუ როგორ იდევნებოდა ჩემი ოჯახი ამ ბატონის მიერ. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ეს თემა დააიგნორა.
_ თქვენი აზრით, რატომ დააიგნორა?
_ ვერ გეტყვით, ალბათ, საამისო მიზეზი ჰქონდათ. სამწუხაროდ, ჩემს თემაზე ხელისუფლებას ხმა არ ამოუღია. ვაშაძეს მხოლოდ იმას აძახებდნენ, სათავო ოფისზე „შტაბკვარწირა“ რომ თქვა. ხანდახან მგონია, რომ ის საერთოდ არ იყო ოპოზიციის მხარეს. სხვა შემთხვევაში ხელისუფლება მას საარჩევნო კამპანიის დროს ჩემს თემას აუგორებდა.
_ დღეს გრიგოლ ვაშაძის ოპოზიციონერობაში ბევრს ეპარება ეჭვი.
_ როგორი ოპოზიციონერი იყო ვაშაძე რამდენიმე თვის წინ, კარგად გამოჩნდა. ის ერთ-ერთი პირველი შევიდა პარლამენტში, რომელსაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა.
_ მანამდე ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ამის შესახებ მისმა თანაპარტიელებმა ფეისბუქიდან შეიტყვეს.
_ ახლა ყველაფერი გასაგებია. ყველა მიხვდება, რატომ დააფარა ხელი „ქართულმა ოცნებამ“ ამ ბატონს.
ჩემი პრობლემები არც საქართველოდან წამოსვლის შემდეგ დასრულებულა და აქაც ანანიაშვილი-ვაშაძის ხელი ერია. 2016 წელს გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ დანიშნეს. 2917 წელს მე რუსეთში პოლიტდევნილის სტატუსი ჩამომართვეს.
_ გინდათ თქვათ, რომ ვაშაძეს რუსეთშიც აქვს გავლენები და იქაც შეუძლია რაღაცების მოგვარება?
_ ამაში ახლა უკვე აღარავის ეპარება ეჭვი. იმ დროს, როცა ვაშაძე „ნაციონალების“ თავმჯდომარე იყო და რუსეთს ლანძღავდა, მისი მეუღლე ნოვოსიბირსკის საბალეტო დასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რომ იქაური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გამხდარიყო. მოლაპარაკებებში ვაშაძეც ჩაერთო. ცოლ-ქმარმა ერთხმად დააკმაყოფილა რუსების ულტიმატუმი, რომ თუ ანანიაშვილი ნოვოსიბირსკში წავიდოდა, მაშინ ის უნდა მოეხსენიებინათ, როგორც რუსი ბალერინა.
ვაშაძის მიერ რუსეთში შექმნილ პრობლემებს დავუბრუნდები. 2018 წელს ეს ადამიანი ოპოზიციამ პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. როგორც კი ეს წარდგენა მოხდა, ეკატერინბურგის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტმაისტერის თანამდებობიდან გამათავისუფლეს.
_ იქნებ, ეს დამთხვევაა?
_ არა მგონია, ამდენი დამთხვევა შეუძლებელია.
_ საქართველოდან წამოსვლის შემდეგ თქვენ სულ რუსეთში ხართ?
_ რუსეთში ვარ. თავიდან ცოტა ხნით წამოვედი და მერე სამშობლოში დავბრუნდი, 2004 წლის დეკემბერში კი დიდი ხნით მომიწია წამოსვლა. უკვე მეჩვიდმეტე წელია, აქ ვარ.
„ნაციონალების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩემი სიმართლის დამტკიცების იმედი არ მქონდა. მეგონა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მაინც ვიპოვიდი სამართალს, მაგრამ არ გამოვიდა. ვერც მე ვიპოვე სამართალი და ვერც იმ ადამიანების პასუხისგებაში მიცემას ვეღირსე, რომლებიც რეანიმაციაში მყოფ ჩემს მეუღლეს ატერორებდნენ.
_ ეს როდის მოხდა?
_ როცა ცოტა ხნით წამოვედი მოსკოვში. სპექტაკლისთვის ვემზადებოდით.
რეანიმაციაში მყოფ ჩემს მეუღლეს თავზე დაადგა პროკურატურის გამომძიებელი მგელაძე და ცუდად მყოფის დაკითხვა დაიწყო. ეს იყო ფსიქოლოგიური ზემოქმედება ადამიანზე, რადგან მათ მშვენივრად იცოდნენ, სად ვიმყოფებოდი იმ მომენტში.
_ რატომ გგონიათ, რომ იცოდნენ?
_ ყველამ იცოდა, რომ იმ პერიოდში მოსკოვში ვიყავი წასული, სადაც მსოფლიო პრემიერისთვის ვემზადებოდი. ამის შესახებ პროკურატურაც საქმის კურსში იყო. ამის მიუხედავად, რეანიმაციაში მიუვარდნენ ჩემს მეუღლეს და დაატერორეს. ეს არ იყო დაკითხვა, ეს იყო დატერორება.
_ თქვენ ამის შემდეგ აღარ დაბრუნებულხართ საქართველოში?
_ როგორ არა. 2004 წლის ნოემბერში პროკურატურიდან უწყება მომივიდა, რომ დაკითხვაზე მივსულიყავი. ეს უწყება იმ დროს მიიღო ჩემმა ოჯახმა, როცა მე მოსკოვში სპექტაკლზე ვმუშაობდი. არასდროს ჩამიდენია უკანონობა და არც რამე დამიშავებია, ამიტომ დავბრუნდი საქართველოში და დათქმულ დღეს პროკურატურაში ჩემი ფეხით მივედი. დანაშაული რომ მქონოდა ჩადენილი, აქ არ დავბრუნდებოდი.
_ პროკურატურაში რა მოხდა?
_ საგამოძიებო უწყებაში წარმოადგინეს ბრალი, რასაც კატეგორიულად არ დავეთანხმე. ეს მე ჩემი ხლმოწერითაც დავადასტურე. იქ მე თითქმის 6 საათი ვიმყოფებოდი პატიმრობაში.
_ რას ნიშნავს, 6 საათი ვიმყოფებოდი პატიმრობაში?
_ ჩემი დაკითხვა 6 საათი გაგრძელდა, რის შემდეგაც შემიყვანეს უწყების მაღალჩინოსნის კაბინეტში. პროკურატურის მაღალჩინოსანმა პირდაპირ ულტიმატუმი წამომიყენა.
_ რა ულტიმატუმი?
_ უნდა გადამეხადა 100.000 ლარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემეფარდებოდა პატიმრობა.
_ რატომ უნდა გადაგეხადათ ან ეს თანხა, ან რატომ უნდა შეეფარდებინათ თქვენთვის პატიმრობა?
_ პროკურატურა მედავებოდა, თითქოს მე სახელმწიფოს მივაყენე 64.99 ლარის ოდენობის ზარალი. არადა, სახელმწიფოსთვის არასდროს არანაირი ზარალი არ მიმიყენებია.
_ ამის გასაბათილებლად უნდა გადაგეხადათ 100.000-იანი გირაო?
_ ასე გამოვიდა. პროკურორს ვკითხე, 64.000 ლარის ზარალი თუ მივაყენე, 100.000 ლარი რატომ უნდა გადავიხადო-მეთქი? ამაზე მაღალჩინოსანმა ვერაფერი მიპასუხა. სამაგიეროდ, სხვებმა მითხრეს, რომ თუ 100.000 ლარს არ გადავიხდიდი, პატიმრობას შემიფარდებდნენ. 100.000 ლარი ჩემთვის იყო ასტრონომიული ციფრი. პროკურატურამ თანხის საშოვნელად დრო მომცა.
პროკურატურაში ვიზიტის შემდეგ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩემ წინააღმდეგ დაიწყო პოლიტიკური დევნა. გირაოს გადახდაზე არც მიფიქრია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს თანხა არ მქონდა. მაშინ გადავწყვიტე, ბრიფინგი ჩამეტარებინა და ხალხისთვის სიმართლე მეთქვა. ბრიფინგი პროკურატურაში ვიზიტიდან ორიოდ კვირაში გავმართე. ვთქვი, რომ პოლიტიკური ნიშნით მდევნიდნენ. ამაში ნინო ანანიაშვილთან ერთად მიხეილ სააკაშვილიც დავადანაშაულე.
_ სააკაშვილი რატომ დაადანაშაულეთ?
_ ანანიაშვილს საბალეტო სფერო სააკაშვილის დავალებით ჩააბარეს. სააკაშვილმა ჩამოიყვანა ის საქართველოში, ამიტომ დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს დევნაში სააკაშვილიც მონაწილეობდა.
_ ამ ბრიფინგზე მაშინდელ ხელისუფლებას, როგორც მახსოვს, ძალიან მწვავე რეაქცია ჰქონდა.
_ ხელისუფლების რეაქცია მწვავე და მყისიერი იყო. ბრიფინგის მეორე დღესვე ჩემზე ძებნა გამოცხადა და დაიწყო ჩემი ოჯახის ტერორი. ჩემს მეუღლეს, როგორც უკვე გითხარით, პირადად გრიგოლ ვაშაძე უთვალთვალებდა. დაიწყო ჩემი ოჯახის აწიოკება. ლამის, ყოველდღე უვარდებოდნენ ჩემს მეუღლეს სახლში. ჩემი სამი ბავშვი კოშმარში იზრდებოდა. უფროსი სამი წლის იყო, შუათანა _ 2 წლის, ხოლო პატარა მხოლოდ 2 თვის.
სახლის გასაჩხრეკად შუაღამისას ან ადრე დილით მიდიოდნენ. მძინარე ბავშვებს აღვიძებდნენ და უყვიროდნენ, რომ შეშინებულიყვნენ და ეტირათ. ამით ჩემს მეუღლეზე ახდენდნენ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, სთხოვდნენ, რომ მას ჩემი ადგილსამყოფელი დაესახელებინა. უკვე მეჩვიდმეტე წელია, რაც დევნილობაში ვარ და ჩემი სიმართლე ვერ ვიპოვე.
შორენა მარსაგიშვილი