ზურაბ ჯიბუტი: „ზუგდიდში ბანკზე თავდასხმა იყო „სპეცოპერაცია ჩატაევი 2“

21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე ვერტმფრენს ან მანქანით მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა. თავდამსხმელი მძევლის შუამავლობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა. მოთხოვნების შესასრულებლად თავდამსხმელმა პოლიციას 2 საათი მისცა, თუმცა დროის ამოწურვის შემდეგ მას საჯაროდ ახალი პირობები არ წამოუყენებია.
ღამის 11 საათისთვის თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, დანარჩენი მძევლები კი სამართალდამცველებმა შენობიდან გამოიყვანეს. დილის ხუთი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელმა სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად გაიქცა.

მძევლებს შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ გალდავა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს ის აწარმოებდა.
ამ დროისთვის თავდამსხმელის ადგილმდებარეობის ან ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თავდასხმის დროს საქართველოს ბანკში მყოფი არც ერთი პირი არ დაშავებულა.
თადარიგის ოფიცერ ზურაბ ჯიბუტის აზრით, ეს იყო ხელისუფლების მიერ დადგმული სპექტაკლი. სამხედრო 2012 წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას იხსენებს და ამბობს, რომ „ზუგდიდში ბანკზე თავდასხმა იყო „სპეცოპერაცია ჩატაევი 2“.

რაში სჭირდებოდა ხელისუფლებას თავდასხმის ინსცენირება? რატომ ეცვა თავდამსხმელს სამხედრო ფორმა? რა შესაძლო ვერსიით შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
„ქრონიკა+“ თადარიგის ოფიცერ ზურაბ ჯიბუტს ესაუბრა:

_ ბატონო ზურაბ, როგორც თადარიგის ოფიცერი, როგორ შეაფასებთ 21 ოქტომბერს ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს?
_ პირველ რიგში, მინდა გავიხსენო „რაფალიანცის საქმე“, თუ რა გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსასვლელად: ვიღაცამ ქვევრში ბავშვი აღმოაჩინა! თუ ბავშვი ქვევრში ჩავარდა, ქვევრს რატომ ჰქონდა თავი დახურული? თან ცხედრის აღმოჩენის დროს მობილიზებული იყო ტელევიზია. ჩემი აზრით, ასეთი რამ მოხდა: ვიღაცამ შემთხვევით ნახა ქვევრში გარდაცვლილი ბავშვი, ამოიყვანა, შემდეგ ისევ უკან ჩასვა და ქვევრს თავი დაახურა. გადაწყვიტა, ეს უბედური შემთხვევა წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დაებრალებინა. ამდენ ტელევიზიას დაესიზმრა, რომ კახეთის რომელიღაც სოფელში ქვევრში დამხრჩვალი ბავშვი იყო?! კადრებში ჩანს, რომ მამაკაცი ქვევრს თავს დემონსტრაციულად ხდის და ბავშვი ამოჰყავს, შემდეგ კი ამას „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ აბალებს და უბედურ შემთხვევას წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს. წარმოუდგენელი რამ მოხდა, _ მაშინ 8 თვის ჩვილის გარდაცვალება თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს! რაც შეეხება, ზუგდიდში მომხდარ მოვლენებს, არ მინდა ვიფიქრო, რომ ჩვენი სისტემა ისეთი დემორალიზებულია, ერთი გამტაცებელი ვერ დააკავა. დავიჯერო, რომ ერთი ადამიანი არ იყო ისეთი, ვინც ამ ოპერაციას უხელმძღვანელებდა?! როგორც თადარიგის ოფიცერი, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ვისთანაც მიმსახურია სერჟანტებთან, რომლებსაც ავღანეთის სწავლება გაიარეს, ისინი უკეთესად ჩაატარებდნენ ამ სპეცოპერაციას. ეს ოფიცრები ჰელმანდის პროვინციაში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ადგილას აკეთებდნენ მსგავსი ტიპის ოპერაციებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი ზუგდიდში ვერ „ჩაატარა“. იმ დღეს ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია იყო დაგეგმილი. როგორც ვიცი, 15 000-ს მხარდამჭერს ელოდებოდნენ, რაც, ბუნებრივია, მმართველი გუნდისა და მათი ამომრჩევლის წელში გადატეხას ნიშნავდა. ვფიქრობ, ეს ძარცვა დაგეგმილი ტრიუკი იყო ამ აქციის გადასაფარად და ასევე „ქართული ოცნება“ დაიწერდა ქულებს, რომ თითქოს უსისხლოდ ჩაატარა სპეცოპერაცია, მაგრამ ისინი იმდენად უნიჭოები არიან, 10 სპექტაკლი რომ დაუდგან და უთხრან, მე-11 შენ თვითონ ჩაატარეო, ისიც შეეშლებათ. ეს ოპერაცია ამის გამოვლინება იყო.
_ თუ ეს ხელისუფლებამ დაგეგმა, მაშინ რატომ არ დააკავეს თავდამსხმელი? მან გაქცევა მოახერხა, ეს ხომ ნიშნავს, რომ სამართალდამცველი უწყებები ჩამოშლილია, რაც ხელისუფლებისთვის დამაზიანებელია?
_ დააკვირდით, როგორი მესიჯბოქსი ჰქონდა სამთავრობო მედიას: მათ აქცენტი გააკეთეს მძევალზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო. თავდამსხმელზე საერთოდ აღარ აკეთებდნენ აქცენტს და მთლიანი ყურადღება გადაიტანეს იმაზე, რომ მძევალი „ნაციონალების“ მხარდამჭერი აღმოჩნდა. თქვენ ბრძანეთ, რატომ არ დააკავესო? ვის დააკავებდნენ _ თავისიანს?! რომელი ადამიანი თანხმდება თუნდაც მილიონის სანაცვლოდ ხელისუფლებას, რომ ასეთი დანაშაული საკუთარ თავზე აიღოს? მას 10-15 წელი ხომ მოუწევს ციხეში ჯდომა, ეს ვის უნდა უღირდეს? ყველამ მოვისმინეთ ხელისუფლების ლიდერშიპის განცხადებები, რომ მათთვის მთავარია ადამიანის სიცოცხლე. შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, 10 მილიონიც რომ მოეთხოვა, გადავიხდიდითო, _ ანუ მათი მთავარი გზავნილი იყო, რომ უსისხლოდ ჩაატარეს ოპერაცია. მათ უნდოდათ ორი კურდღლის დაჭერა: ერთი იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია ჩაშლილიყო, მეორე _ ყველა მძევალი ვითომ გაეთავისუფლებინათ. მესამე და ასევე ძალიან საგულისხმო: თავდამსხმელმა მძევალს „მთავარი არხის“ დირექტორთან დაარეკინა. შესაძლოა, ხელისუფლებას ჩანაფიქრი ჰქონდა, რომ ნიკა გვარამია ამ ინფორმაციას არ გადასცემდა შსს-ს და ფაქტს სწორედ გვარამიას წინააღმდეგ გამოიყენებდა ხელისუფლება _ მას დააპატიმრებდნენ. თუ მათ ეს ჩანაფიქრი გამოუვიდოდათ, გვარამიას დაკავებით „მთავარ არხს“ გაანეიტრალებდნენ და თან „ნაციონალური მოძრაობაც“ ხმებს დაკარგავდა. თუ დააკვირდებით, გვარამიამ 112-ში დარეკა, თუმცა მათ არანირი რეაგირება არ ჰქონდათ, რის შემდეგაც ის შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ნინო გიორგობიანს დაუკავშირდა. წარმოიდგინეთ, 112-ს ინფორმაციაზე რეაგირება არ ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, ეს მკითხველში აუცილებლად გააჩენს კითხვებს. როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ ეგონათ, რომ გვარამია არ დარეკვდა შსს-ში, მაგრამ იგი პირიქით მოიქცა და ხელისუფლებას სპექტაკლი ჩაუშალა.
_ თავდამსხმელს სამხედრო ფორმა ეცვა, ეს ხომ ჯარისთვის რეპუტაციის შემლახველი იყო? თუ ამ ყველაფრის უკან ხელისუფლება დგას, თავდამსხმელს რატომ ჩააცვეს, მაინცდამაინც, სამხედრო ფორმა?
_ დღევანდელ ხელისუფლებას დიდი ხანია, სამხედრო რეპუტაცია არ ადარდებს. თავდამსხმელი რომ სამხედრო ფორმით იყო, ამით ხაზი გაუსვეს მის სიძლიერეს, რომ ძალიან მომზადებული იყო, თუმცა, ამის მიუხედავად, მათ ვითომ ოპერაციის წარმატებით ჩატარება შეძლეს. ამ ნაწილში საგულისხმოა მძევლის მიერ გავრცელებული ფოტო, სადაც თავდამსხმელს გორგოლაჭებიან სკამზე ფეხი აქვს შემოდებული და მძევლები კი მის ზურგს უკან სხედან. მხოლოდ ეს ფოტო ადასტურებს იმას, რომ თავდამსხმელი განსაკუთრებულად მომზადებული არ იყო. რეალური თავდამსხმელი ზურგს არ შეაქცევდა მძევლებს და გორგოლაჭებიან სკამზე ფეხს არ შემოდებდა. თან მნიშვნელოვანია ის, რომ მძევალმა მოახერხა ფოტოს გადაღება. ასევე ეს ფოტო თავდამსხმელის აბსოლუტურ სიმშვიდეს უსვამს ხაზს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბანკის შენობა, რომელშიც თავდამსხმელი შეიჭრა, სამსართულიანი იყო, შესაბამისად, მხოლოდ ერთი ადამიანი ამ შენობის გაკონტროლებას ვერ მოახერხებდა. თან მან არც იცოდა შენობის გეგმა, რადგან მესამე სართულიდან მძევლები გაეპარა, კიბით მოახერხეს მათ გარეთ გამოსვლა. ე. ი. თავდამსხმელი ისე შევიდა შენობაში, რომ გეგმაც კი არ იცოდა, რამდენი შესასვლელი აქვს შენობას, რამდენი კარი, საიდან შეიძლება შევიდეს სპეცრაზმი და ელოდოს საფრთხე, _ როგორც ჩანდა, ეს მას საერთოდ არ ადარდებდა. ხელისუფლება იმასაც გვეუბნებოდა, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. რაც არ უნდა კარგი მომზადებული ყოფილიყო, იგი 7 საათის განმავლობაში ვერ შეძლებდა სახელმწიფოსთან მოლაპარაკებას.
_ რამდენად შესაძლებელია, 7 საათის განმავლობაში გახსნილი ხელყუმბარა სჭეროდა ხელში?
_ ხელყუმბარას აქვს „კალცო“, რომელიც ძვრება და შესაძლებელია, იგი კვლავ გაუკეთო, რის შემდეგაც უსაფრთხო მდგომარეობაში გადადის. „თავდამსხმელს“ ეს ხელყუმბარაც რომ არ სჭეროდა ხელში, ძალიან უნიჭო სპექტაკლი გამოვიდოდა, რადგან ადამიანებს ლოგიკური კითხვა გაუჩნდებოდათ, _ სნაიპერმა რატომ ვერ ესროლაო? ხელყუმბარა გახსნილ მდგომარეობაში იმიტომ ეჭირა, რომ სნაიპერი ასეთ შემთხვევაში ვერ ესროდა, რადგან მთელი შენობა აფეთქდებოდა. როგორც ვიცი, მას F1 ჰქონდა, საკმაოდ ძლიერი ხელყუმბარა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ადამიანი ითხოვდა ნაღდ ფულს. 7 საათის განმავლობაში პოლიციას შეეძლო ფულის დანომრვა, რითაც მარტივად მიაგნებდნენ დამნაშავეს. მათ ყალბი ფულის მიტანაც შეეძლოთ, ამის შემოწმება მხოლოდ სპეციალური აპარატით იყო შესაძლებელი, ამის გადამოწმებას ასევე დრო სჭირდებოდა. რომც ჰქონოდა აპარატი თავდამსხმელს, მას ფულის შემოწმების შემთხვევაში ხელყუმბარისთვის ხელი უნდა გაეშვა, რაც, რა თქმა უნდა, აფეთქებას გამოიწვევდა. ე. ი. თავდამსხმელმა ისე წაიღო ფული, რომ არც კი შეუმოწმებია. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ თავდამსხმელმა მანქანა მოითხოვა. მუნიციპალური ავტობუსიც კი დაჩიპულია, გაჩერებებზე აწერია, რამდენ წუთში მოვა ავტობუსი. სწორედ GPS-ის სისტემით ხდება ამაზე ინფორმაციის მიწოდება. ასევე დაჩიპულია პოლიციის ყველა მანქანა. ეს ჩიპი კარზე კი არ არის მიკრული, თვითონ სისტემაშია და თუ პროფესიონალი არ ხარ, იმას ვერც გამორთავ. მანქანის სიგნალი, რომლითაც თავდამსხმელი და მძევლები წავიდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნებოდა. ამ სიგნალით არა მხოლოდ მანქანის გადაადგილების ნახვა შეიძლება, არამედ იმისიც, თუ რა სიჩქარით მოძრაობს მანქანა, სად გაჩერდა და ა. შ. შსს გვეუბნება, რომ თავდასხმელმა მძევლები დატოვა და გაუჩინარდა. მათ ხომ ჰქონდათ მანქანის სიგნალი? სწორედ ამის შემდეგ უნდა დაეწყოთ ოპერაცია.
_ თქვენი თქმით, შსს-ს ნებისმიერ შემთხვევაში ექნებოდა ინფორმაცია, რა მიმართულებით გადაადგილდებოდა მანქანა?
_ რა თქმა უნდა, პრევენციის მიზნით პოლიციის ყველა მანქანა დაჩიპულია, რომ გატაცების შემთხვევაში ადვილად მიაგნონ მას. ასევე შსს-ს შეეძლო ჩანთაში, სადაც ფული იდო, პატარა ნანოჩიპი ჩაეყენებინა და იქიდანაც ექნებოდა სიგნალი. მათ შეეძლოთ საფრენ აპარატ „დრონების“ გამოყენება, გაეყოლებინათ მანქანისთვის, იმ სიმაღლის დაშორებით ხმა რომ არ გაეგო მძარცველს. წესით, მანქანის გადაადგილების დროზე 100 მეტრის სიმაღლეზე მოძრავი „დრონის“ ხმას ვერ გაიგებდა. ღამის ხედვით აღჭურვილი „დრონი“ თავდაცვის სამინისტროსაც აქვს და შეეძლოთ, სენაკის ბრიგადიდან წამოეღოთ, ამისთვის შსს-ს სრულიად საკმარისი დრო, 7 საათი ჰქონდა.
_ თუ დავუშვებთ, რომ თავდამსხმელი პროფესიონალი იყო და თითოეული დეტალი გათვლილი ჰქონდა, მაშინ შესაძლოა, მოითხოვა კიდეც მანქანა ჩიპის გარეშე. ტექნიკურად როგორ შეეძლო მას ამის შემოწმება?
_ თავდამსხმელს ამის შემოწმება არ შეეძლო. კადრებშიც ჩანს, რომ ის მანქანას არ ამოწმებს, პირდაპირ ჯდება. რომც დაეწყო მანქანის შემოწმება, ჩიპს ვერ იპოვიდა, იმიტომ რომ იგი ძალიან მცირე ზომისაა და შეუძლებელი იყო მისი პოვნა, მაშინ სპეციალური ხელსაწყო უნდა ჰქონოდა. პიკაპში ჩიპის პოვნას, დაახლოებით, 2-3 საათი დასჭირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს რეალურად შეეძლო ჰქონოდა სამი სიგნალი. ეს იყო: ფულის ქეისში მიმაგრებული ნანოჩიპი, მანქანის სიგნალი და ღამის ხედვით აღჭურვილი „დრონები“. აქედან მიღებული მონაცემებით კი მოახერხებდა ოპერაციის გაგრძელებას, მეტიც: შესაძლებელი იყო, ოპერაცია წარმატებითაც დასრულებულიყო და თავდამსხმელი დაეჭირათ, მაგრამ ეს ხომ ხელისუფლების მიერ დადგმული სპექტაკლი იყო და, შესაბამისად, გვითხრეს, რომ თავდამსხმელი უკვალოდ გაქრა.
_ დროებით დავივიწყოთ თქვენი ვერსია, რომ ეს თავდასხმა ხელისუფლების სპექტაკლი იყო. დავუშვათ, რომ ეს პირი რეალური თავდამსხმელია, არავის დაკვეთით არ მოქმედებს. შესაძლებელია, რომ თქვენ რაზედაც ისაუბრეთ, ეს ყველაფერი საგამოძიებო უწყებებს არაპროფესიონალიზმის გამო გამორჩენოდათ (ვგულისხმობ სამ სიგნალს, რითაც შეეძლოთ თავდამსხმელის გადაადგილების მარშრუტის დადგენა)?
_ ვერ წარმომიდგენია, რომ შსს-ში არ არსებობდა ისეთი პროფესიონალი ადამიანი, რომელიც შეძლებდა სწორად ემოქმედა. აი, როგორ უნდა ემოქმედა შსს-ს: პირველ რიგში, მოსახლეობა უნდა გაეყვანა პერიმეტრიდან, შემდეგ უნდა მოეწყო ორდონიანი დერეფანი, პირველ დონეზე იქნებოდა სპეცრაზმი თავდამსხმელთან ერთი ერთზე, მეორე დონეზე _ პოლიციის კორდონი, იმისთვის, რომ პირველ კორდონზე ვინმე არ შესულიყო და სპეცრაზმისთვის ხელი არ შეეშალა. ასევე უნდა გაეკეთებინათ მედიისთვის პრესცენტრი (უცხოეთში სპეციალური კარავი იშლება ასეთ დროს ჟურნალისტებს კადრებს, რომელიც ტელევიზიებით უნდა გავიდეს, თვითონ სამართალდამცველი უწყებები აძლევენ). შსს უნდა გასულიყო თავდამსხმელთან კონტაქტზე, უნდა ჩამოყალიბებულიყო მომლაპარაკებელთა ჯგუფი. ასეთი ქვედანაყოფი არსებობს შსს-ში, რომელსაც ტერორისტებთან და გამტაცებლებთან მოლაპარაკების სპეციალური კურსები აქვს გავლილი. მოლაპრაკების პროცესში უნდა შეედგინათ თავდამსხმელის ფსიქოპორტრეტი, ასევე უნდა ჩაეწერათ მისი ხმა, დაემუშავებინათ ბაზებში და ასეთ შემთხვევაში შეძლებდნენ ამ ადამიანის ამოცნობას. პარალელურად, სპეცრაზმის დამატებითი ქვედანაყოფები უნდა ყოფილიყო მობილიზებული. რა თქმა უნდა, ფული უნდა მიეტანათ თავდამსხმელისთვის, ამაზე ორი აზრი არსებობს, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის უსაფრთხოება და ჯანმრთელობაა. ფული აუცილებლად დაჩიპული ქეისით უნდა მიეტანათ, რითაც მანქანის გადაადგილებას გააკონტროლებდნენ. ვიმეორებ: უნდა გამოეყენებინათ „დრონები“. მაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენ ვფლობთ „დრონებს“, რომლებსაც 6 საათის მანძილზე შეუძლიათ ჰაერში გადაადგილება. ამ ყველაფრის პარალელურად, უნდა შეესწავლათ სავარაუდო მარშრუტები, თუ სად შეიძლებოდა გადაადგილებულიყო თავდამსხმელი. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ის ქალაქში, მაგალითად, ბათუმსა და ქუთაისში არ წავიდოდა. თავდამსხმელი აფხაზეთის ან მთის მიმართულებით წავიდოდა. მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა ჩაესვათ მობილური ჯგუფები, ყოველ ერთ კილომეტრში. ამისთვის 7 საათი დრო ჰქონდათ. ამასთანავე უნდა მოემზადებინათ ვერტმფრენი სპეციალური განათებით, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოეყენებინათ. მანქანაში, რომლითაც თავდამსხმელი და მძევლები გადაადგილებოდნენ, აუცილებლად უნდა დაემალათ ტელეფონი. მანქანის გაჩერების შემთხვევაში, GPS ამას დაადასტურებდა, პარალელურად, „დრონის“ საშუალებით ნახავდნენ, რომ მანქანიდან გადმოვიდნენ ადამიანები. შემდეგ შსს-ს წარმომადგენელი დარეკავდა მობილურზე და ამ შემთხვევაში გალდავა თავდამსხმელის წასვლის შემდეგ დაუდასტურებდა მძევლების უსაფრთხოებას. სამი დონის დადასტურება იქნებოდა: მანქანიდან სიგნალის მიღება, „დრონის“ კადრები, რომ ერთი პიროვნება სხვა მიმართულებით წავიდა, შემდეგ მობილურზე დარეკავდნენ და სამხარეოს უფროსი დუდასტურებდა, რომ უსაფრთხოდ იყვნენ. ამის შემდეგ დაიწყებოდა ოპერაცია, რომელშიც ჩაერთვებოდა ვერტმფრენი. ასევე შსს-ს შეეძლო, ამ მანქანის უკან 700-800 მეტრის მოშორებით გაეყოლებინა სპეცრაზმელთა ჯგუფი, რომელიც კავშირზე იქნებოდა შსს-სთან, თუ თავდამსხმელი მანქანას გააჩერებდა დაეჭვების გამო და უკან მობრუნდებოდა, ამის შესახებ მათ შსს შეატყობინებდა. ეს სნაიპერთა ჯგუფი, ვეტრმფრენი, „დრონი“, მობილური ჯგუფები დაიწყებდნენ ოპერაციას. რაც არ უნდა ძლიერი და კარგად მომზადებული ყოფილიყო თავდამსხმელი, ერთი ადამიანი შსს-ს დანაყოფს ვერ გაექცეოდა. დავუშვათ, კიდევ ერთი ვარიანტი: ფულის ქეისში ჩამაგრებული ჩიპი გვიჩვენებს თავდამსხმელის მიმართულებას. დავუშვათ მას სხვა ქეისი ჰქონდა და იქ გადაყარა ეს ფული, სანამ ფულს სხვა ქეისში გადაიტანდა, მანამ სიგნალი იქნებოდა. შსს-ს ორი-სამი ღამის ვერტმფრენით, რომელსაც განათება აქვს, გამორიცხულია, ადამიანი ფეხით გაქცეოდა. ეს არის ის სქემა, რითაც შეეძლო ემოქმედა შსს-ს.
_ როგორ განვითარდება მოვლენები, თუ, როგორც თქვენ ეჭვობთ, ხელისუფლებაა ამ ყველაფრის სცენარისტი? თავდამსხმელს არ დაიჭერს ბოლო სერიაში?
_ ახლა ბევრი რამ დამოკიდებულია საქართველოს ბანკის წარმომადგენლებზე. მე, როგორც ვიცი, თავდამსხმელმა ნიღაბი ბანკში შესვლის შემდეგ გაიკეთა. ყველა ბანკს აქვს გარე გადაღების პერიმეტრის კამერა, ჩვენ უკვე უნდა ვიცოდეთ მისი გამოსახულება. თუნდაც ნიღბით შეჭრილიყო ეს ადამიანი, მაინც უნდა ამოეცნოთ. როგორც თავდასხმის დღეს „მთავარი არხისა“ და „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში ვნახეთ, თავდამსხმელმა ჩართვის დროს ლამის მობილურში შემოყო თავი. მართალია, სახე დაფარული ჰქონდა, მაგრამ თვალები უჩანდა.
_ შესაძლებელი იყო მისი თვალებით იდენტიფიცირება?
_ ყველამ ვიცით, როგორ ხდება იუსტიციის სახლში პირადობის მოწმობისთვის სურათის გადაღება. ამ დროს მისი თვალების ფერი და მაიდინტიფიცირებელი ნიშნები ბაზაშია, შესაბამისად, თავდამსხმელი 2-3 საათში იდენტიფიცირებული უნდა ყოფილიყო. ასეთი უნიჭოები, როგორ არიან, რომ ამის დადგენა ვერ მოახერხეს?! თუ თავდამსხმელმა ამდენი რამ გათვალა, ის არ იცოდა, რომ თვალების ასე ახლოდან გამოჩენა საფრთხეს შეუქმნიდა და შესაძლებელი იქნებოდა მისი ვინაობის დადგენა? მაგრამ, როგორც ჩანს, მას ეს არ ადარდებდა, რადგან ხელისუფლებისგან გარანტიები ჰქონდა მიღებული. რაც შეეხება საბოლოო სერიას, შესაძლოა, ეს ადამიანი არჩევნებამდე ორი დღით ადრე დაიჭირონ და ფულიც მოატანინონ. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება იტყვის, რომ მძევლებიც გავათავისუფლეთ და დამნაშავეც დავაკავეთოთ. შემდეგ გამოვა შს მინისტრი თავისი ირონიული ღიმილით და იტყვის, რომ საქართველოს ბანკს დაუბრუნეს თანხა. ეს ყველაფერი გაკეთდა წინასაარჩევნოდ. ეს თავდამსხმელი რეალური რომ ყოფილიყო, შს მინისტრი და მთელი უწყება ყველაფერს გააკეთებდა ამ ოპერაციის წარმატებით დასასრულებლად და დამნაშავის დასაჭერად. ფაქტია, რომ ზოგადად შს და თავდაცვის სამინისტრო ჩამოშლილია. გავიხსენოთ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია: მაშინ ხელისუფლებამ გვითხრა, რომ ცალფეხა და ცალხელა ჩატაევი ქვეყანაში შემოვიდა აჭარის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან და გადმოლახა მდინარე. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ცალფეხა და ცალხელა კაცი მდინარეში ცურავს თავისი ტერორისტული ჯგუფით? 3 ტერორისტს 72 საათის განმავლობაში ებრძოდნენ, როცა შეეძლოთ თავიდანვე გამოეყენებინათ ამერიკელების გაწვრთნილი ქვედანაყოფი. მაშინაც წარმოუდგენელი სპექტაკლი დადგეს და მედიას ადანაშაულებდნენ, რატომ უშვებთ ეთერში კადრებსო. ჩემი აზრით, ზუგდიდში ბანკზე თავდასხმა იყო „სპეცოპერაცია ჩატაევი 2“. მაშინაც ხელისუფლებამ შემოიყვანა ჩატაევი შუაგულ ქალაქში, კონსპირაციული ბინა მოუწყო, მერე უთანხმოების გამო გადაწყვიტა მისი ლიკვდაცია. მათ არ აწყობდათ, მაშინ იმ ოპერაციიდან რომელიმე ტერორისტი გადარჩენილიყო. ახლა კი ზუგდიდში დაგეგმეს, რაღაცები არ გამოუვიდათ და ბოლოს თავდამსხმელი, როგორც კინოში ხდება, ღამის წყვდიადში გაუჩინარდა. როგორც ცნობილი გახდა, „საქართველოს ბანკი“ აპირებს უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებას. მინდა, მოვუწადო, ყველა ბანკსა და ნებისმიერ ორგანიზაციას, რომ საქართველოში გვყავს ძალიან მაგარი ბიჭები, რომლებთაგანაც ზოგიერთი ემიგრაციაშია, ზოგიც ახლა აპირებს წასვლას, მათგან უმრავლესობას ავღანეთის 4-5 მისია აქვს მოხდილი. დაუძახეთ ასეთ ხალხს. არ შეიძლება, ასეთი გამოცდილების მქონე ადამიანები ემიგრაციაში მიდიოდნენ. როდესაც ადამიანის სიცოცხლეს ეხება საქმე, ასეთ სამსახურში არ შეიძლება ადამიანი ნაცნობობით მიიღო, კადრს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საბრძოლო გამოცდილება და ჩვენ გვყავს ასეთი ბიჭები. მინდა, მივმართო იმ ორგანიზაციებს, ვისაც უსაფრთხოების გაძლიერება სურს: დაუკავშირდნენენ თავდაცვის უწყებას, რომ მიაწოდონ იმ ადამიანების სია, ვინც ამჯერად არ მსახურობს და სურს დასაქმება. არ შეიძლება, სამხედრო პირებს ემიგრაციაში მუშაობა უწევდეთ. მეტსაც გეტყვით: ამერიკაში ის ადამიანები, რომლებიც თავდაცვის ძალებში არიან ნამყოფი, მათ რომ რაიმე სტრესი არ დაემართოთ და შემდეგ ტერორისტად არ ჩამოყალიბდნენ, სპეციალურ სამხედრო ბაზებში დღეებია გამოყოფილი, სადაც ისინი მიდიან და იარაღს ისვრიან, რომ თავიანთი ჟინი სწორი მიმართულებით დახარჯონ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი სამხედრო პირების დაფასება, ისინი არ უნდა გადიოდნენ ქვეყნიდან, მით უმეტეს, როცა საქართველოში მძიმე კრიმინოგენური ვითარებაა და ორგანიზაციებს, ბანკებს უსაფრთხოების გაძლიერება სჭირდებათ.

ნენე ინჯგია