ზურაბ ჯაფარიძე: „ერთადერთი, რაც „ოცნებას“ დარჩა, არის ძალადობით ხელისუფლების შენარჩუნება“
ირინა მაკარიძე
ევროინტეგრაციის შეჩერებული პროცესის პარალელურად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველო-შეერთებული შტატების ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო. ამ გადახედვის ფარგლებში შეერთებულმა შტატებმა განუსაზღვრელი ვადით გადადო საქართველოში სამხედრო სწავლებები „ღირსეული პარტნიორი“. „ქართულ ოცნებაში“ ბოლო მომენტამდე აშშ-ის მხრიდან სანქციების საკითხზე ინარჩუნებდნენ არასერიოზულ დამოკიდებულებას, აცხადებდნენ, რომ არ აპირებენ აშშ-ში გამგზავრებას, ხუმრობდნენ ამ თემაზე. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პარლამენტის ტრიბუნასთან იმღერა კიდეც, რომ სანქციები არ აშინებს. მოულოდნელად კი პრემიერი ირაკლი კობახიძე ურთიერთობების გადატვირთვაზე ალაპარაკდა.
რას გულისხმობს „ოცნების“ „გადატვირთვა“, დასავლეთის სანქციები და რა ბერკეტები აქვს ქართულ საზოგადოებასა და „ოპოზიციას“ ამ ვითარების შესაცვლელად? _ ამ და სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე:
_ შეერთებული შტატების გადაწყვეტილება, რომ სტრატეგიული თანამშრომლობა გადაიხედოს და პარტნიორობის პროგრამა გაურკვეველი დროით შეჩერდეს, პოლიტიკური სიგნალია, რომ სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ ფორმალობად დარჩა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის, საერთოდ აღარ არსებობს რეალურად და აშშ იმ პრობლემებს, რაც არის დემოკრატიასთან დაკავშირებით, ძალიან სერიოზულად უყურებს. ცხადია, ეს პირდაპირ კავშირში არის „რუსული კანონის“ მიღებასთან. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების საჯარო განცხადებები, რომ მათ ეს თითქოს არ აღელვებთ და მათთვის პრობლემა არ არის, „არ წავლენ დასავლეთში და საქართველოში იმოგზაურებენ“, ესეც აჩვენებს, რომ თავიდან ბოლომდე ყალბია მათი რიტორიკა. სინამდვილეში, ნერვიულობენ. ამის მაჩვენებელი ისიცაა, რომ ივანიშვილმა თავისი წარმომადგენელი გაგზავნა აშშ-ში და არ ვიცი, ვაჭრობას ცდილობს თუ ურთიერთობის დალაგებას? აქვს რაღაც მცდელობა. ამიტომ ფაქტია, რომ ეს აწუხებთ და ეს პრობლემა უფრო მწვავედ დაუდგებათ მას შემდეგ, რაც სანქციები მოიმატებს.
_ ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადება. იმ ანტიდასავლური განცხადებების პარალელურად, რასაც მუდმივად აკეთებს, მან თქვა, რომ საჭირო არის ურთიერთობების გადატვირთვა, თქვენ როგორ გესმით მისი ეს განცხადება?
_ კობახიძის ეს განცხადება არის ჩვეულებრივი რუსული სტილის ქმედება. რუსეთი საგარეო პოლიტიკაში იყენებდა და დღემდე იყენებს სწორედ ამ მეთოდს, მაგალითად, საქართველოსთან მიმართებით რუსეთის პოლიტიკა არის ის, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო წაგვართვეს, ოკუპირებული აქვთ, აცხადებენ, რომ ეს არის ახალი რეალობა და მოდით, ეს ახალი რეალობა აღიარეთ და ცარიელი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობაო. რუსეთი ასე იქცეოდა და ასე იქცევა ყოველთვის, რაღაცას გააფუჭებს, წაგგლეჯს და ამის შემდეგ დაიწყებს ლაპარაკს, რომ მოდით, ახლა დავიწყოთ ურთიერთობის ცარიელი ფურცლიდან აწყობაო, რასაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დასავლეთი „ჭამდა“. გავიხსენოთ ჰილარი კლინტონის ჩატანილი წერილი მოსკოვში, რომელსაც „გადატვირთვა“ ეწერა. ეს იმის მანიშნებელი იყო, მანამდე რუსეთს რაც ჰქონდა გაფუჭებული, მათ შორის საქართველოს ტერიტორიები ჰქონდა მიტაცებული, ამის მიუხედავად, ცარიელი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობებიო. (რედაქციისგან: 2009 წელს მოსკოვში ვიზიტისას და გადატვირთვაზე საუბრის მიუხედავად აშშ-ის მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, განაცხადა, ვერ შეთანხმდნენ საქართველოს საკითხზე და აშშ არ აღიარებს საქართველოს მიღმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს). საბოლოო ჯამში, ახლა დასავლეთს გააზრებული აქვს, ასეთი დამოკიდებულება რუსეთთან იყო მცდარი და ამ შეცდომას ისინი აღარ დაუშვებენ. ახლა რაც უნდა ილაპარაკოს კობახიძემ, მოდით, ახლა თავიდან დავიწყოთ ურთიერთობების აშენებაო, მათ შორის, მან თქვა, რომ ერთ წელიწადში ჩვენ შეიძლება ფანტასტიკური ურთიერთობები გვქონდეს შეერთებულ შტატებთანო, მაგას დასავლეთსა და შეერთებულ შტატებში აღარავინ „ჭამს“. შესაბამისად, ასეთი რაღაც ვერ მოხდება, მინიმუმ, მანამ, სანამ ამ რუსულ კანონს უკან არ წაიღებენ, არ გააუქმებენ.
_ რომ არ ყოფილიყო ქართული საზოგადოების წინააღმდეგობა, არ იქნებოდა არც სანქციები. ვიცით, ზოგიერთ სხვა ქვეყანაში არ არის დემოკრატიული ვითარება, მაგრამ არ სანქცირდება. ცხადია, თუ არ შეიცვალა ხელისუფლება, ჩვენ უარეს ვითარებაში აღმოვჩნდებით. რას იტყვით ამ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, რაც ახლა აქვს ოპოზიციასა და აქტიურ საზოგადოებას?
_ კი, რა თქმა უნდა, თუ ვითარება არ შეიცვალა, მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ამ შეცვლის ერთადერთი შანსი არის 26 ოქტომბრის არჩევნები, როცა ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ამის შემდეგ უნდა შეიცვალოს ქვეყანაში ვითარებაც და უნდა შეიცვალოს დასავლეთთან და მათ შორის, აშშ-სთან ურთიერთობა. ის უნდა დაუბრუნდეს ნორმალური თანამშრომლობისა და პარტნიორობის ფორმატს. რაც შეეხება იმას, რომ არსებობენ სხვა ქვეყნები, სადაც უფრო რთული ავტოკრატიული რეჟიმები არის, აშშ-ს მათთანაც აქვს ურთიერთობა და სანქციები არ ედებათ, განსხვავება ჩვენსა და ამ ქვეყნებს შორის არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს გაცხადებული პოლიტიკური ნება, რომ ეს ქვეყანა უნდა გახდეს ლიბერალური დემოკრატია, გახდეს ევროკაშირისა და ნატო-ს წევრი. ხალხის ნება არის გამოხატული ყველა კვლევაში, მათ შორის, გამოხატული იყო რუსთაველის გამზირზე, როდესაც საპროტესტო გამოსვლები იყო „რუსული კანონის“ წინააღმდეგ. სწორედ იმის გამო, რომ ხალხის ნება არის, რომ ეს ქვეყანა იყოს ლიბერალური დემოკრატია, ამას უჭერს მხარს ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი. ამის გამოა, რომ ისინი ჩვენ გვაძლევენ რეკომენდაციებს, რომ თუ გინდა ჩვენთან უფრო დაახლოება, ასეთი და ასეთი ტიპის რეფორმები გაქვს გასატარებელი მართლმსაჯულების სისტემაში, კორუფციასთან ბრძოლის, დეოლიგარქიზაციის თვალსაზრისით. აქ ხალხის ნებაა მნიშვნელოვანი. თუ დასავლეთი დაინახავს, რომ საქართველოში ხალხის ნება ეს არ არის და ხალხს არ უნდა, მათმა შვილებმა იცხოვრონ ევროკავშირის წევრ და ნატოს-ს წევრ ქვეყანაში, თუ ხალხს არ უნდა, რომ მათმა შვილებმა იცხოვრონ ლიბერალურ დემოკრატიასა და თავისუფალ გარემოში, არც აშშ-ს ექნება რაიმე რეკომენდაციის მოცემის სურვილი, რომ ეს ქვეყანა გახდეს სხვანაირი. არც იმის სურვილი გაუჩნდებათ, რომ ვიღაცა დაასანქცირონ, თუ ნახეს, ხალხი შეგუებულია და ურჩევნია იცხოვროს ავტოკრატიასა და დიქტატურაში. ასეთი ქვეყნები არსებობენ დედამიწაზე და აშშ-ს ცხადია, აქვს მათთან ურთიერთობა. აქ განსხვავება ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას გვინდა, ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ დასავლური ტიპის ქვეყანაში და გვინდა, რომ ეს ქვეყანა გავიდეს სამშვიდობოს, რომ 5 წელიწადში ეს ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, 2030 წელს.
_ რას აკეთებთ იმისთვის, რომ ეს ცვლილებები მოიტანოთ, რისთვისაც, პირველ რიგში, არჩევნებში გამარჯვებაა საჭირო?
_ ჩემი აზრით, იმისთვის, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ ოქტომბერში, სულ არის საჭირო 3 რამ, რაზედაც უნდა იყვნენ კონცენტრირებული ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოება და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე. 1. ჩვენ გვჭირდება არჩევნებზე რაც შეიძლება მაღალი გამოცხადება. ძალიან ბევრი ადამიანი უნდა მოვიდეს საარჩევნო ყუთთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასე ქვეყნის გარეთ. საბოლოო ჯამში, გამარჯვების გზა გადის მაღალ გამოცხადებაზე; 2. ოპოზიციამ სამოქალაქო სექტორთან ერთად უნდა შეძლოს ამ ხმების დაცვა. ბევრი ხალხი რომ მოვა არჩევნებზე, ეს ხმები დაითვალოს წესიერად და ვერ მოხდეს მათი დაკარგვა. ამ ხმების დაცვა არის მნიშვნელოვანი. 3. 5-პროცენტიანი ბარიერის პირობებში არ დაიკარგოს ბევრი ხმა გადაუნაწილებელი მანდატების სახით. ამიტომ არის საჭირო ისეთი კონფიგურაციები ოპოზიციის ფლანგზე, რომელიც არ მისცემს შესაძლებლობას ივანიშვილს, რომ აქეთა ფლანგიდან წაიღოს ხმები. ამასთან დაკავშირებით ამ წუთშიც მიმდინარეობს კონსულტაციები, რის შესახებაც შევთანხმდებით და საზოგადოებას ამას ვაცნობებთ.
_ „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, განაცხადა, რომ აპირებთ შექმნათ ისეთი გაერთიანება („ახალი“, „ლელო“, „გირჩი-“„დროა“), რომელიც იქნება მომავალი მთავრობის მთავარი ბირთვი. ამის შესახებ რას იტყვით?
_ კი, მეც მგონია, რომ თუ ასეთი გაერთიანება შეიკრება, ეს გახდება ყველაზე მსხვილი ოპოზიციური გაერთიანება არსებულ ოპოზიციურ სპექტრში. მნიშვნელოვანია, რომ ეს გაერთიანება შედგეს.
_ პრეზიდენტის ინიცირებულ „ქართულ ქარტიას“ თქვენ მოგვიანებით შეუერთდით, შემდეგ იყო ბრიუსელში დეკლარაციის ხელისმოწერა. რა განსხვავებაა ამ დოკუმენტს შორის და რატომ გახდა საჭირო დამატებით დოკუმენტზე ხელმოწერა? შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ეს ამ 6 პარტიის გაერთიანების საფუძველი იყო, რას იტყვით ამის შესახებ?
_ „ქართული ქარტია“ არის დოკუმენტი, სადაც გაწერილია კონკრეტული რეფორმები, რომელიც დაკავშირებულია იმ 9 პუნქტთან, რომელიც სახელმწიფოს აქვს შესასრულებელი, რომ ჩვენ გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან და დავეწიოთ ამ თვალსაზრისით უკრაინასა და მოლდოვას. შეთანხმება გულისხმობს, რომ ჩვენ გამარჯვების შემთხვევაში, შემდეგ უკვე პარლამენტში ამ საკითხებზე ვიმუშავებთ. ეს იქნება პრიორიტეტი, რომ დავაჩქაროთ პროცესი, ძალიან სწრაფად გავატაროთ რეფორმები და გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან, რაც აუცილებელია უკვე სრული გაწევრიანებისთვის. ამ პროცესის ვადა თვითონ ევროკავშირს აქვს განსაზღვრული 2030 წლისთვის. შეიძლება მანამდეც მოხდეს, მაგრამ 2030 არის მათ მიერ დასეწესებული ბოლო ვადა. რაც შეეხება ბრიუსელში გაკეთებული დეკლარაციის ხელმოწერას, იქ სხვა ტიპის საკითხებია, რაზედაც მოხდა შეთანხმება პარტიებს შორის. საუბარია საარჩევნო პერიოდში ერთმანეთზე პოლიტიკური თავდასხმებისგან თავს შეკავებაზე, ასევე ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერაზე. დეკლარაცია არის „ქართული ქარტიის“ მხარდამჭერი დოკუმენტი. მხოლოდ დამატებით, ტექნიკურ საკითხებზე მოხდა შეთანხმება.
_ ქარტიაში საუბარია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, რას იტყვით ამ საკითხზე?
_ კი, ქარტიაში გაწერილია, რომ ამ რეფორმების გატარების შემდეგ უნდა დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები, რომელიც თავისუფალ გარემოში ჩატარდება, შემდეგ შეიკრიბოს ახალი პარლამენტი. ცოტა საკამათო საკითხი შეიძლება იყოს, თუ რა ვადაში შეიძლება არჩევნების დანიშვნა. ქარტიაში რაც არის გაწერილი, მეც მჯერა, რომ ერთი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ვერ მოესწრება რეფორმების ჩატარება, მაგრამ პრინციპის დონეზე რომ გაიხსნას მოლაპარაკებები ევროპასთან და ამის შემდეგ ჩატარდეს არჩევნები, ამ იდეას მაშინაც ვეთანხმებოდი და ახლაც ვეთანხმები. მეტიც, მგონია, რომ ჩვენ თუ მოვახერხებთ და ავცდებით აშშ-ს არჩევნებს, არ დაემთხვევა საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ამერიკის არჩევნებს, იქნება კარგი, ჩემი აზრით. წელს, მაგალითად, ჩვენც გვაქვს არჩევნები და აშშ-საც აქვს არჩევნები, შესაბამისად, ნაკლები ყურადღება და რესურსი არის საქართველოსა და რეგიონისკენ მომართული. ამასთან, გაუგებარია, რა პოლიტიკა ექნება შეერთებულ შტატებს საქართველოს მიმართ, რადგანაც პრეზიდენტი შესაძლოა, შეიცვალოს. ესეც იყო ჩემი ერთ-ერთი არგუმენტი, რომ ჯობია, ისეთ დროს დავნიშნოთ არჩევნები, როცა იქ იქნება არჩეული ადმინისტრაცია, დაკომპლექტებული და განსაზღვრული, ვინ არიან ადამიანები, რომლებიც იმუშავებენ საქართველოს საკითხებზე.
_ რაც შეეხება ქალბატონი სალომეს განცხადებას, რომ მთავრობა უნდა დაკომპლექტეს პროფესიონალებისგან და არა პოლიტიკოსებისგან, ამის შესახებ რას იტყვით?
_ ასეთი ჩანაწერი ქარტიაში არ არის. მახსოვს, ბოლო ვერსია იყო, რომ პრეზიდენტთან კონსულტაციების შედეგად უნდა შეირჩეს მთავრობა, სადაც პოლიტიკოსებიც იქნებიან და შეიძლება, არაპოლიტიკოსებიც. შეიძლება ტექნიკურ მთავრობასავით გამოვიდეს.
_ ისევ არჩევნების თემას დავუბრუნდები: მოვისმინეთ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ხაბეიშვილის განცხადება, რომ იგეგმება კუნთმაგარი პირების ჩამოყვანა, რომლებიც არჩევნებზე თავ-პირს დაამტვრევენ ოპოზიციას. რას იტყვით?
_ მეც მგონია, რომ ძალადობრივი გარემო იქნება წინასარჩევნო პერიოდში. „ქართული ოცნება“ რეალურად არის უმცირესობაში, ანუ მოსახლეობის განწყობები რომ გაზომო, ცალსახად ჩანს, რომ მათი მხარდაჭერა არის ისტორიულ მინიმუმზე, ერთადერთი, რაც მათ დარჩათ, არის ძალადობა და ძალადობით ძალაუფლების შენარჩუნება. ასი პროცენტით, ცხადია, თავს ვერავინ დადებს, მაგრამ მეც ის მოლოდინი მაქვს, ეს ძალადობრივი ატმოსფერო შენარჩუნებული იქნება და მათ შორის ხელის შეშლა იქნება ძალადობრივი გზებით პარტიების წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების დროს.
_ რა პრევენციული ზომები შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციას?
_ მნიშვნელოვანი არის ის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუშალოთ იმით, რომ ვიყოთ ბევრი, რომ ვერ გაბედონ ამის გაკეთება. მეორე _ როცა იქნება ასეთი შემთხვევები, მაქსიმალურად დოკუმენტირება მოვახერხოთ, რომ მოხდეს მიწოდება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის და მაქსიმალურად აისახოს ეს უკვე არჩევნების შეფასებისას. არის ხოლმე, რომ თავდასხმა მოხდება და შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციები წერენ, ძალადობის ცალკეული ინციდენტები იყო. ჩვენ გვაქვს შეხვედრები სადამკვირვებლო მისიებთან და მათ ვუხსნით, რომ ეს „ცალკეული ინციდენტები“ არ არის. ჩვენ რომ მივდივართ შეხვედრაზე და ვიღაცები გვესევიან, ქვებს გვესვრიან და ფიზიკურად გვისწორდებიან, ეს ნიშნავს მერე იმას, რომ მეორე გასვლისას ხალხი აღარ გამოდის შეხვედრაზე. საფრთხეს გრძნობენ და ერიდებიან. – არავის უნდა, რომ გავიდეს შეხვედრაზე და ვიღაცებმა აგინონ, ფიზიკურად გაუსწორდნენ ან ქვები ესროლონ. ეს საბოლოო ჯამში აფუჭებს წინასაარჩევნო გარემოს. ეს ავუხსენით და გაიგეს, ამას მიაქცევენ აუცილებლად ყურადღებას.
_ რაც შეეხება ამ რუსულ კანონს, რომელიც როგორც ბიძინა ივანიშვილმა ახსნა თავის „საეტაპო გამოსვლაში“, სწორ დროს შემოიტანა. როგორც ვიცით, იგი სექტემბრიდან ამოქმედდება და მნიშვნელოვნად შეაფერხებს არასამთავრობო სექტორის საქმიანობას, რამდენად იმოქმედებს ის უკვე საარჩევნო საკითხებზე?
_ ეს კანონი შეიძლება ჯერ არ არის ძალაში შესული, მაგრამ უკვე დაიწყო მოქმედება. სამოქალაქო სექტორს უკვე აქვს პრობლემები, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ათწლეულობის განმავლობაში ამ ქვეყანაში აკვირდებიან არჩვენებს და შემდეგ წერენ დასკვნებს, ისინი უკვე ელოდებიან რეპრესიებს და ყველა მათგანი ეძებს გზებს, როგორ შეიძლება გადარჩეს. ეს კანონი თუ ამოქმედდა სრული ძალით, ის არის გათვლილი ზუსტად იმაზე, რა შედეგიც დააყენა მან რუსეთში – რომ რამდენიმე წელიწადში ამ ქვეყანაში აღარ დარჩეს სამოქალაქო საზოგადოება, გაქრეს კრიტიკული მედია და ოპოზიციური პარტიები. ჩვენ ვიმყოფებით ახლა ზუსტად იქ, სადაც რუსეთი იყო 2012 წელს, როდესაც იქ მიიღეს ეს კანონი. მაშინ იქაც იყო ძალიან დიდი პროტესტი, გამოდიოდა გარეთ ძალიან ბევრი ადამიანი, ზეიმობდნენ; მორჩა, მოვიგეთ, ერთად ვართ, მაგრამ ვხედავთ, სად არის დღეს რუსეთი. ამიტომ მე ვარ წინააღმდეგი, როდესაც ამ წინასაარჩევნო პერიოდს ადარებენ ხოლმე პოლონეთს, უნგრეთს ან აღმოსავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანას. არა, ჩვენ ვართ იქ, სადაც რუსეთი იყო. ეჭვი მაქვს, რომ ამ კანონის უკან აქაც დგანან იგივე რუსები, რომლებმაც ეს გააკეთეს თავის დროზე რუსეთში. ეს საფრთხე ძალიან რეალურია, ნამდვილად კრიტიკული არჩევნებია, როდესაც ყველანაირი გადაჭარბებისა და გაზვიადების გარეშე, წყდება ამ ქვეყნის ბედი, წყდება ის, საბოლოო ჯამში, ჩვენი შვილები საქართველოში დარჩებიან და გააგრძელებენ ცხოვრებას ქვეყანაში, რომელიც არის ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, თუ ჩვენს შვილებს მოუწევთ გაქცევა ისეთი ქვეყნიდან, რომელიც იქნება რუსეთის ერთ-ერთი გუბერნია. ამიტომ არის კრიტიკული ეს არჩევნები, როდესაც ყველა უნდა გამოვიდეს და ყველამ უნდა მისცეს ხმა.
_ თქვენ იყავით ავანგარდში, როდესაც გაერთიანებაზე დაიწყო ლაპარაკი „დროასთან“ და გიორგი ვაშაძესთან ერთად, მაშინ დიდი გაერთიანების წინააღმდეგი იყო ნიკა მელია, ენმ-ს მაშინდელი თავმჯდომარე, ახლა გიორგი ვაშაძე არის ენმ-სთან, თქვენ რატომ არ ხართ მათთან ერთად?
_ ჩემი პოზიცია იყო მაშინაც, რომ ბარიერის გამო ნებისმიერ შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგს მოუწევს გარკვეულ კონფიგურაციაში შეთანხმება. მე ვიყავი და ვრჩები ერთი დიდი ერთობის მომხრე, ბევრი მიზეზის გამო. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის: მოქალაქეებმა უნდა დაინახონ, ეს ნამდვილად რეფერენდუმია _ იქით მხარეს არის რუსეთი და აქეთ მხარეს დასავლეთი და ცივილიზებული სამყარო. კიდევ სხვა ბევრი არგუმენტი მაქვს, მაგრამ ამ იდეას არ აქვს პოლიტიკურ სპექტრში მსხვილი მოთამაშეებისგან მხარდაჭერა. თუ ერთი იდეა არ გამოდის, მაშინ უნდა გამოვიდეს მეორე. ნებისმიერ შემთხვევაში, ვარ მაქსიმალური გამსხვილებისა და ნაკლები ფრაგმენტაციის მხარდამჭერი.
_ რაც შეეხება კითხვის იმ ნაწილს, _ რატომ არ ხართ იქ, სადაც არის გიორგი ვაშაძე?
_ არა, ეგ არაფრის მომტანი არის ჯამურად ოპოზიციური ფლანგისთვის, ამის შედეგი მხოლოდ შეიძლება ის იყოს, რომ ბარიერი გადავლახოთ და პარლამენტში შევიდეთ, რაც ჩემი თვითმიზანი არასდროს ყოფილა. ახლაც მქონდა მანდატი და დატოვებული მაქვს პარლამენტში. ჩვენი თვითმიზანი არის, რომ გავიმარჯვოთ. გამარჯვებას სხვა რამე სჭირდება და არა, ვთქვათ, ვიღაცასთან გაერთიანება.
_ საუბარი იყო ერთიან სიაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის იდეა იყო და როგორც ვიცი, თქვენ „გირჩი-დროა“ იყავით ამ ერთიანი სიის მომხრე, ასე არ არის?
_ არა, მიხეილ სააკაშვილის იდეა ეს არ ყოფილა, უბრალოდ, ჩვენ ვიყავით ამ იდეის ინიციატორები, ჩვენ დავდიოდით და ყველას ველაპარაკებოდით, უბრალოდ, საჯაროდ არ გვქონდა ამაზე საუბარი, ვიდრე რაღაც არ დალაგდებოდა. მერე სააკაშვილმაც გააკეთა ამაზე განცხადება. ჰყავს ამ იდეას მხარდაჭერები, როგორც პოლიტიკურ, ისე სამოქალაქო სპექტრში. ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, მაგრამ ჯამურად, როგორც გითხარით, რამდენიმე მსხვილი მოთამაშე არ არის ამის მხარდამჭერი, შესაბამისად, არ გამოვიდა. ამიტომ უნდა ვაკეთოთ ის, რაც შეიძლება გამოვიდეს.
_ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დააანონსა, რომ აპირებენ ამნისტიის კანონის მიღებას, რას იტყვით ამის შესახებ და გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ გაათავისუფლებენ მიხეილ სააკაშვილს და არსებობს შიშები, რომ ეს ისევ გამოყენებული იქნება პოლარიზაციისა და „ანტიმიშას“ ფაქტორის გასაძლიერებლად, რას იტყვით ამის შესახებ?
_ ნაკლებად მჯერა, რომ სააკაშვილი გამოუშვან ციხიდან. ასეც რომ მოხდეს, სააკაშვილის პოლიტიკური წონა დღეს ის აღარ არის, რაც შეიძლება იყოს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სერიოზული ბუსტის მიმცემი, სხვა მხრივ, მგონია, რომ არსებულ სურათს ვერ შეცვლის. მათ შორის ხელისუფლების მხრიდან სააკაშვილის ფაქტორის „საფრთხობელად“ გამოყენებასაც ვერ ექნება ის ეფექტი, რაც ჰქონდა წინა წლებში _ 2013-სა და შემდეგ წლებში. რაც შეეხება ამნისტიას, მგონია, რომ ამის მიზანია, ვიღაცები გამოუშვან ციხიდან, რომლებიც საარჩევნოდ „დაალაგებენ“ ქუჩას, რომ ხმები დაამობილიზონ. ალბათ უფრო ამაზეა გათვლილი, თუმცა, რა თქმა უნდა, ამნისტია ისეთი ჰუმანური აქტია, მისი წინააღმდეგი არ ვარ. თუ ამ სამ ამოცანას გადავჭრით, რის შესახებაც უკვე ვისაუბრე, არა მხოლოდ პოლიტიკური სპექტრი, არამედ სამოქალაქო სექტორი და ნებისმიერი მოქალაქე, ყველას საქმე არის ეს, _ იქნება ოპტიმალური კონფიგურაციები, მაღალი გამოცხადება და ხმების დაცვა, ივანიშვილს არ უშველის არაფერი, არც ხმების გამოძალვა, არც ძალადობა, არც მუქარა და არც შანტაჟი.