ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ლაზარეს პატიმრობაზე _ „ქართულ ოცნებას“, არასამთავრობო სექტორს თუ ორივეს ერთად?
გიგა გელხვიიძე
7-8 მარტის აქციებმა შედეგი გამოიღო, _ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ წამოწყებული პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ, რომელიც, პირველ რიგში, არასამთავრობო სექტორისკენ იყო მიმართული „ქართული ოცნების“ მიერ, ახალგაზრდების დახმარებით მალევე იქცა სახალხო პროტესტად და ხელისუფლებას, პირველად მმართველობის 11 წლის ისტორიაში, უკან გააწვევინეს მიღებული კანონი. თუმცა პროცესები ამით არ დასრულებულა.
მარტის აქციებიდანვე რამდენიმე დღეში 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს. ბრალდება იყო სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლის მისამართით ე. წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლა. გრიგორიადისის საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე სასამართლო პროცესი გაიმართა, საბოლოოდ კი ის დამნაშავედ ცნეს. ასე შეემატა ქართველი პოლიტპატიმრების სიას კიდევ ერთი სახელი და გვარი.
ერთი წელი და ექვსი თვე _ ეს მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის პოლიტიკური განაჩენია, რომელიც მას თბილისის საქალაქო სასამართლომ სულ სხვა საქმეზე გამოუტანა და არა იმაზე, რომლითაც ის დააკავეს. გრიგორიადისისთვის მოლოტოვის კოქტეილის გამოყენება ბრალდებად,სანქცირებული ლევან მურუსიძის სასამართლომ ამ დრომდე ვერ შეძლო.
ლაზარეს დაკავებიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა. ამ დროის მანძილზე მის მხარდასაჭერად არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზედაც პოლიტიკოსები, სტუდენტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, თუმცა ბოლო პერიოდის საპროტესტო აქციებზე სულ უფრო ნაკლები ხალხი გამოდის, აქედან კი ყველაზე შესამჩნევი არასამთავრობო სექტორის არყოფნაა, იმ ადამიანების, რომელთა ინტერესების დასაცავადაც შედგა მარტის მოვლენები.
„ქრონიკა+“ დაინტერესდა, რა ხდება ლაზარე გორგორიადისის საქმესთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორში და რა შემდგომი ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აპირებს ის. ამისთვის ჩვენ მარტის აქციების ავანგარდში მყოფ სტუდენტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს დავუკავშირდით.
დაჩი ნატროშვილი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც მარტის აქციების დროს გამორჩეულად აქტიურობდა და ბოლომდე იდგა რუსული კანონის წინააღმდეგ:
_ ბოლო პერიოდის აქციებზე ძალიან მწირია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ლაზარეს უჭერენ მხარს და მოითხოვენ მის განთავისუფლებას, რადგანაც ის არის პოლიტიკური პატიმარი. რატომ მიატოვეს ლაზარე?
_ პირველ რიგში, მინდა დავიწყო იმაზე საუბრით, რომ 7 და 8 მარტის აქციებზე, როდესაც რუსული კანონი გაიწვიეს უკან, ადამიანებმა ეს ყველაფერი აღიქვეს გამარჯვებად, მაგრამ ძალიან რთულია ამ პროცესს უწოდო გამარჯვება იმიტომ, რომ აქციებს მოჰყვა მსხვერპლი, რომელიც არის ლაზარე გრიგორიადისი. ეს დამოკიდებულება ლაზარეს მიმართ, როდესაც თითქმის მთელმა არასამთავრობო სექტორმა დააიგნორა ის, აღარ ეხმარებიან, ხალხის საუბარშიც აღარ დომინირებს და აღარ ისმის ლაზარე გრიგროიადისი, ეს არის ძალიან არასასიამოვნო, _ როდესაც შენს თანამებრძოლს ასე ექცევიან, ციხეში ზის სრულიად სხვა ფაქტის გამო და რეალურად რაზედაც ედავებოდნენ, ის ვერ დაუმტკიცეს, მეტი აქტიურობა გმართებს. ორი წლის წინ თაროზე შემოდებული საქმე გადმოიღეს და ამ თემით შეუფარდეს მას წელიწადი და ექვსი თვე. ძალიან საინტერესოა, რას აკეთებს ამ დროს არასამთავრობო სექტორი, რომელიც მუშაობდა ხალხის გამოყვანაზე, გამოდიოდნენ სიტყვით, მოუწოდებდნენ ხალხს, რომ გამოსულიყვნენ და თავისი ქვეყანა დაეცვათ. ვფიქრობ, რომ ისინი, როგორც ჩვენ, ვალდებულები არიან, საუბრის დროს თანაბრად ახსენონ ლაზარე გრიგორიადისი და იბრძოლონ მის გამოსაყვანად, რადგანაც მარტის აქციები სხვაგვარად გამარჯვება ვერ იქნება.
_ რით ხსნი ფაქტს, რომ დღეს არასამთავრობო სექტორი ქუჩაში არ დგას ლაზარეს დასაცავად, მორიგი რუსული კანონის გასაპროტესტებლად? გქონდა მათთან რაიმე სახის კომუნიკაცია?
_ სამწუხაროდ, დღეს იმ არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი, რომელიც 7-8 მარტის აქციებზე აქტიურობდა და ღიად იყო ჩართული ამ ყველაფერში, აღარ ჩანს. მათთან არ გვაქვს არც კომუნიკაცია. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ ეს კანონი მათ აღარ ეხებათ და მათი პრობლემა აღარ არის. არ მაქვს მთლიან სექტორზე საუბარი, თუმცა უმეტეს ნაწილს ვგულისხმობ. დიახ, ამას ვაკეთებ ღიად, რადგანაც დასამალი აღარაფერია. ეს კანონი მათ არ შეეხოთ, შესაბამისად, არ უმუშავიათ ინფორმირებისა და ხალხის გამოყვანის კუთხით.
_ ამ გადმოსახედიდან მხოლოდ „ოცნებაა“ დამნაშავე ლაზარეს წინაშე?
_ „ქართული ოცნება“ რა თქმა უნდა დამნაშავეა ლაზარე გრიგორიადისის წინაშე, მაგრამ ისევეა დამნაშავე საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქე, რომელმაც დაივიწყა ლაზარე გრიგორიადისი, რადგანაც 7-8 მარტის აქციებზე ის ჩვენ გვერდით იდგა, იბრძოდა და არ აქვს მნიშვნელობა, მაშინ მას ვინმე იცნობდა თუ არა. ახლა ხომ ყველამ იცის მისი სახელი და გვარი და მის გვერდით უნდა იდგეს. ლაზარე გრიგორიადისის სახელის დავიწყება იქნება ჩვენი დანაშაული. ჩვენი ბრალია, რომ მას პატიმრობა მიესაჯა სრულიად აბსურდული მიზეზის გამო. ასე არ უნდა ვიქცეოდეთ, რადგანაც ნებისმიერ დროს შესაძლებელია მის ადგილზე აღმოვჩნდეთ, როგორც რეჟიმის მორიგი მსხვერპლი. ეს ყველაფერი იწვევს ნიჰილიზმს, თუმცა არც ნიჰილიზმში უნდა გადავვარდეთ, _ მეც რომ დამიჭირონ, ისევე მომექცევიან, როგორც ლაზარესო. ეს არის დროის ამბავი და ყველაფერი კარგად დასრულდება. მთავარია, ბრძოლა გამარჯვებამდე.
_ კიდევ ერთი რუსული კანონი მიიღო ხელისუფლებამ. თუ პროტესტის დროს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ახლა რიგი საკითხები კანონით დაარეგულირა მმართველმა პარტიამ, კიდევ დააკავებენ ვინმეს? ლაზარეს მაგალითზე ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბევრად უფრო მარტივი იქნება „ოცნების“ სამართლის აღსრულება?
_ რა თქმა უნდა, ზუსტად ეს იყო. გვიახლოვდება ევროკავშირის სტატუსის მიღება-არმიღების გამოცხადების თარიღი, გვიახლოვდება არჩევნები, „ქართული ოცნებაც“ ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს და ეს კანონი მათთვის იყო ყველაზე ხელშემწყობი რამ, რაც კი შეიძლებოდა მოეფიქრებინათ, რადგანაც ნებისმიერ დროს სამართალდამცველმა შეიძლება, დინამიკი იქნება იქ, სცენა თუ სტენდი, კანონდარღვევად მიიჩნიოს და მოგიწოდოს დაშლისკენ. თუ არ დაემორჩილე, მას აქვს საშუალება, ადმინისტრაციული წესით დაგაკავოს. ეს ყველაფერი არის ერთგვარი პრევენცია, რომელიც გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, რომ მათთვის ცუდ სიტუაციაში მარტივად აღმოფხვრან ყველაფერი კანონის ფარგლებში. ეს არის პირდაპირი შეზღუდვა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების. ეს არის საშინელი კანონი, იმაზე საშინელი, ვიდრე გუშინ მიიღეს (რუსული კანონი).
_ სად ხედავ გამოსავალს ამ სიტუაციიდან?
_ ძალიან რთულია, „ქართული ოცნების“ ხელში გამოსავალი დაინახო. ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად უნდა წავიდეს _ „ოცნების“ მმართველობაში ქართველი ხალხი ვერ ხედავს მომავალს ევროკავშირში, ვერ ხედავს მომავალს განვითარებაში. ერთადერთი, რასაც ვხედავთ „ქართული ოცნების“ შემყურე, არის ის, რომ შეიძლება პარლამენტთან, საქართველოს დროშის გვერდით, აღიმართოს რუსული დროშა, აი, აქამდე მივდივართ და გამოსავალი არის მხოლოდ ბრძოლა. ეს ბრძოლა იქნება წიგნით და კალმით თუ ქუჩაში საპროტესტო აქციებით, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.
სამოქალაქო აქტივისტი და სტუდენტური მოძრაობა „ნაბიჯის“ წარმომადგენელი, დავით ჩხობაძე, „ქრონიკა+“-თან აცხადებს, რომ მარტის აქციების ორგანიზატორებმა ვერ შეძლეს დაპირების შესრულება და ადამიანების სრულად დაცვა, რაც ლაზარეს და არა მხოლოდ მის შემთხვევაში ნათლად გამოიხატა:
_ მარტის აქციებმა კონკრეტული შედეგი დადო, თუმცა პოლიტპატიმართა ნუსხას კიდევ ერთი ადამიანის სახელი და გვარი დაემატა _ ლაზარე გრიგორიადისი. რატომ ვერ მოახერხეს მარტის აქციების ავანგარდში მყოფმა ადამიანებმა ისეთივე მუხტის აწევა უსამართლობის წინააღმდეგ?
_ სამწუხაროდ, ჩვენ ბოლომდე ვერ შევასრულეთ ის პირობა, რომ დავიცავდით ჩვენს ყველა თანამებრძოლს, რომელიც მარტის მოვლენების დროს იდგა და ებრძოდა რუსული ხელისუფლების მიერ შემოღებულ რუსულ კანონს. თუმცა, ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებამ ზუსტად შეარჩია მსხვერპლი და ეს იყო განსხვავებული გარეგნობის ადამიანი, ის არ იყო სტანდარტული ახალგაზრდა. ხელისუფლება ეძებდა მსხვერპლს, რომელიც იქნებოდა მისთვის სასარგებლო. მინდა, პარალელი გავავლო კიდევ ერთ მსჯავრდადებულთან, რომელსაც ემუქრება 7-დან 9-წლამდე პატიმრობა მარტის მოვლენების გამო, ეს არის თორნიკე აკოფაშვილი, მაგრამ იმის გამო, რომ ის იყო უკრაინაში მებრძოლი ქართველი და მიუხედავად მისი ასაკისა, ის არის ვეტერანი, მას ვერ გაუბედეს ასეთი რამ, რადგანაც ხელისუფლებისთვის არ იყო სასურველი მსხვერპლი. სწორედ ამიტომ მათ ამოირჩიეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც თავისი გარეგნობის გამო იქნებოდა სასურველი მსხვერპლი და მათ სურდათ, ამით რაღაცის სახე ეჩვენებინათ, თუმცა ეს ასე არ არის. ეს ადამიანები არიან ლაღი, ჯანსაღი, ფერადი თაობის წარმომადგენლები და ამ თაობას გააზრებული აქვს, რომ ვინმეს პოლიტიკურ შეხედულებას, ორიენტაციასა და ა. შ. არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი არის მათი ღირებულება და ფასეულობები. ამოირჩიეს სამიზნე და ამ საინფორმაციო პროპაგანდისტულმა კამპანიამ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით იმუშავა.
_ გასაგებია, თუ რა იყო ხელისუფლების ჩანაფიქრი და ისიც, რომ თქვენ გააცნობიერეთ გარკვეული ხარვეზები, თუნდაც ის, როგორც თქვენ ახსენეთ, თანამებრძოლები სათანადოდ ვერ დაიცავით. სწორედ ამის ფონზე მინდა გკითხოთ, რა ხდება დღეს? სად არიან ის ადამიანები, რატომ არის სულ უფრო და უფრო ცოტა აქციის მონაწილე წარმოდგენილი ლაზარეს მხარდასაჭერ აქციებზე? 20-25 კაცი ეს უკვე მაქსიმუმად იქცა ასეთი აქციების დროს. რატომ ვერ ხერხდება ადამიანების მობილიზება?
_ დღეს არ არსებობს პოლიტიკური პროცესი, სადაც ადამიანები გაერთიანდებიან რაღაც პოლიტიკური საკითხის გარშემო. სამწუხაროდ, ლაზარე გრიგორიადისის პატიმრობა არ აღმოჩნდა ისეთი გამაერთიანებელი საკითხი, რომ რამდენიმე ათასი ადამიანი გამოსულიყო ქუჩაში, დაეცვა ის და მოეთხოვა მისი განთავისუფლება.
_ ეს კითხვა არაერთხელ გაჟღერდა, თუმცა იგი ყოველ ჯერზე იბრუნებს აქტუალობას _ მიიჩნევ თუ არა მთავარ შეცდომად პროტესტის დასრულებას მაშინ, როდესაც რუსული კანონი კი გაიწვია „ქართულმა ოცნებამ“, თუმცა ამ კანონის მიღების მთავარი ინიციატორი, ანუ ივანიშვილის ხელისუფლება, კვლავაც დარჩა? სწორედ ამის შემდგომ დაიწყო კიდევ უფრო მეტი წნეხი საზოგადოებაზეც და მათ შორის მარტის აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებზე.
_ კი, ცხადია, ეს იყო შეცდომა და გამოუყენებელი შანსი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თუ ჩვენ ავიღებთ კალენდარს და ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ პირველი მარტიდან 9 მარტამდე, ამ დროის მანძილზე, ხელისუფლებას დავახევინეთ უკან იმ მხრივ, რომ მან შემოიტანა კანონპროექტი და უკან გაიწვია. ამის მიუხედავად, რეალურად ჩვენ გამარჯვებულები ვერ ვიქნებით, რადგანაც ის ბრძოლა და ყიჟინა უნდა მიგვემართა ხელისუფლების მიმართ, რომელმაც შემოიტანა კანონი და არა სხვა მხრივ. მოთხოვნების დაყენების დროსაც მგონია, რომ გვჭირდებოდა უფრო მეტი მუშაობა, უფრო დიდი საინფორმაციო კამპანია და ცხადია, სხვადასხვა ხარვეზი დავუშვით. ეს მაგალითი იქნება შემდგომში. ჩვენი მთავარი სამიზნე უნდა იყოს რუსული ხელისუფლება.
_ მიგაჩნია თუ არა შეცდომად ამ გადმოსახედიდან პოლიტიკურ ჯგუფებთან დისტანცირება, რაც ვიხილეთ მაშინ?
_ ცხადია, ეს პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური. მასში ჩართული უნდა იყოს საზოგადოების წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქეები და, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიები, ვინაიდან ჩვენი ყველა მოთხოვნა არის პოლიტიკური და თუ ვითხოვთ ხელისუფლების გადადგომას და სხვადასხვა პოლიტიკური მოთხოვნის დაკმაყოფილებას, შეუძლებელია, ამ პროცესებში არ იყვნენ ჩართულები პოლიტიკოსები და პოლიტიკური მოთამაშეები. ხელისუფლება იყენებს ამ ყველაფერს და მას სურს, რომ გაყონ საზოგადოება და პოლიტიკოსები. ეს მათი მოთხოვნაა, რადგანაც საზოგადოება პოლიტიკურ დღის წესრიგს ისე კარგად ვერ გაატარებს, როგორც ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადოების წარმომადგენლები ერთად.
_ როგორ ფიქრობ, რა უნდა მოხდეს, რომ ისევ აიწიოს პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა და საზოგადოებამ საკუთარი ნება აჩვენოს?
_ ჩვენ არ უნდა ველოდოთ პროცესის გამძაფრებას. უნდა ავიღოთ ყველამ პასუხისმგებლობა საკუთარ საქციელზე, ქმედებასა და დამოკიდებულებაზე ხელისუფლების მიმართ. არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებზე უკურეაქცია, არამედ უნდა ვიყოთ დღის წესრიგის შემქმნელები და უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ დაიცვას თავისი თავი და პოზიციები, ნაცვლად იმისა, რომ თავად ვიყოთ მუდმივად საკუთარი პოზიციისა და დღის წესრიგის დაცვის რეჟიმში. ამიტომ შეუძლებელია წინასწარ ვთქვათ, რა პროცესები განვითარდება მომდევნო კვირებისა თუ თვეების განმავლობაში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ დღის წესრიგის შემქმნელები და არა ხელისუფლების მოპასუხეები. უნდა ვაიძულოთ ისინი, რომ მათ გასცენ პასუხები კითხვებს, რომლებიც დაგროვდა ამ დროის მანძილზე.
შემდეგი, ვისაც ლაზარეს საკითხზე ვესაუბრეთ, სტუდენტი ლუკა შველიძეა, რომელიც ერთ-ერთია, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა, თუ რას ნიშნავს დევნა მარტის აქციების შემდეგ. ის ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ ყველა აქციაზე დგას და ცდილობს, ბოლომდე იბრძოლოს უსამართლობის წინააღმდეგ:
_ ყველა აქციაზე დგახარ და ხედავ, რომ თქვენ გვერდით აღარ არიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. თუ გქონია მათთან კონტაქტი ამ საკითხზე ან მცდელობა მაინც?
_ პირადად მე არ მქონია კონტაქტი ვინმესთან, თუმცა დიდი ალბათობით არც სხვებს ჰქონიათ ჩემ ირგვლივ, რადგანაც აუცილებლად მექნებოდა კონკრეტული ინფორმაცია. რაც შეეხება მთავარ საკითხს, პირველი მინდა ვთქვა ის, რომ ნიჰილისტური დამოკიდებულება არის ხალხში. ჩვენ ვინც დავდივარ აქციებზე, ყოველთვის ერთი და იგივე ხალხს ვხედავთ, ვინც ვიაზრებთ იმას, რომ თუ დღეს იყო ლაზარე, შეიძლება ხვალ ვიყოთ ჩვენ, ასევე ვიაზრებთ იმასაც, თუ რამხელა უსამართლობა არის, როდესაც უდანაშაულო ახალგაზრდა ბიჭი ზის ციხეში იმის გამო, რაც არ დაუშავებია და ცხოვრება ენგრევა. ცდილობენ, რომ ახალგაზრდები ასე დააშინონ. არ გამოვრიცხავ, რომ ზოგს ეშინია კიდევაც, რაც, ჩემი აზრით, სრული უაზრობაა, ვინაიდან ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ თუ დაგინახა შეშინებული, სწორედ მაგით მოიგებს ბრძოლას ჩვენთან. შიში არ უნდა დაანახო მათ. როდესაც გავდივართ აქციაზე ვიცით, რომ შეიძლება დაგვაკავონ, 2000-ლარიანი ჯარიმა დაგვიწერონ და სხვა. ვიცით, რომ ყოველთვის არიან მოტივირებულები დღეს ახალგაზრდების დაკავებაზე, რადგანაც 7-8 მარტის მოვლენების ძირითადი ბირთვი სწორედ ჩვენ ვიყავით.
_ შენ ხარ ერთ-ერთი, რომელიც მარტის აქციების შემდგომ იდევნებოდა და ყველამ ვნახეთ, თუ რა გაგიკეთა ხელისუფლებამ. ხომ არ გიქმნის ყველაფერი ეს ისეთ შთაბეჭდილებას, რომ ლაზარეს დაკავების, გასამართლებისა და სასჯელის მისჯის ფონზე, რომელიც, ფაქტობრივად, შერჩა ხელისუფლებას, მისთვის აღარ არის საშიში ახალგაზრდების აქციები და ის განცხადებები, რომლებიც კეთდება?
_ კარგად იციან, სად უნდა დაარტყან ხოლმე. ლაზარეზე არ უმუშავია მხოლოდ მთავრობას, იმუშავეს ტროლ-ბოტებმა და საკმაოდ დიდი შავი პიარი აუგორეს. ასევე ამ ყველაფერში ჩართული იყო სამთავრობო მედია და მიდიოდა ლაზარეს ძალიან დიდი გაშავება. გასათვალისწინებელია, რომ ლაზარე აირჩიეს სპეციალურად, მას ჰქონდა განსხვავებული გარეგნობა და ეს ყველაფერი გამოიყენეს. ჩვეულებრივი რიგითი ადამიანის გაშავებას ისე, როგორც ლაზარე გააშავეს, ვერ მოახერხებდნენ. მათ კარგად იციან, როგორ მოსპონ ადამიანები.
_ სად არიან დღეს პოლიტიკური პარტიების ლიდერები? რა არის მათი გასაკეთებელი ლაზარესთან მიმართებით და რას არ აკეთებენ?
_ ყველა პარტია არ არის ხოლმე, მაგრამ არიან პარტიული ახალგაზრდულები, მეც თავად წარმოვადგენ ერთ-ერთი პარტიის ახალგაზრდულს. არის შემთხვევები, როდესაც უერთდებიან ხოლმე პოლიტიკოსები, დიდი თაობის წარმომადგენლები, თუმცა ისინი ახალგაზრდებს გვითმობენ ასპარეზს და მიკროფონს და ჩვენ გვალაპარაკებენ.
_ თქვენ ახსენეთ საინფორმაციო ნაწილი და მედიები, რომელსაც იყენებს ხელისუფლება და მათი მომხრეები, _ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ისევე, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ თავიანთი ტრიბუნა, მედიასაშუალებები, სადაც გამოდიან და საუბრობენ ამა თუ იმ თემაზე, ლაზარეს საკითხზე კი ყველაზე ნაკლებად გვესმის განცხადებები. თითოეული გამოსვლის დროს სულ მცირე დრო რომ დაუთმონ ლაზარეზე საუბარს, იქნება თუ არა ეს წინგადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იმ მხრივ, რომ საზოგადოება არ დარჩება მხოლოდ სახელისუფლებო მედიების მიერ მიწოდებული ინფორმაციის ამარად და ექნება ალტერნატიული ინფორმაციაც ამ საკითხზე?
_ როდესაც ვუყურებ ხოლმე ეთერებს, მაგალითად პოლიტპატიმრებსა და ზეწოლაზე, ყოველთვის არის ხოლმე საუბარი ლაზარეზეც. ის, რასაც თქვენ ამბობთ შეუძლიათ, მაგრამ როდესაც ჩვენ გავდივართ ეთერში და ვლაპარაკობთ, იქ ერთი წუთი გვაქვს, რომელსაც ვიყენებთ. წარმოიდგინეთ, რამხელა დრო აქვთ დათმობილი „იმედზე“ ან მაგალითად „პოსტ ტვ“-ზე ლაზარეს გაშავებას. ანუ უფრო მეტი დრო ეთმობა იმათი მხრიდან და რაც არ უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ვერ ვფარავთ. მაგათი ბატონ-პატრონი არის ბიძინა და ამ ფულით შეუძლია, რომ კამპანია აწარმოოს ლაზარესა და ჩვენ წინააღმდეგ, ეს არის და ეს. მართალია, ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ, მაგრამ ისინი ამ ყველაფერში დებენ ფულს, ქირაობენ ტროლ-ბოტებს. ჩემი კონკრეტული ფეისბუქგვერდიდან რომ გამოქვეყნდეს რამე ლაზარეს სასიკეთო, ეს არის ერთი კონკრეტული გვერდი და ამის ფონზე, როდესაც მოდის ასი გვერდი და ერთსა და იმავეს წერს, ის უფრო ჩანს ხოლმე, ვიდრე ერთი ადამიანის ნაწერი და ხალხს ხვდება ეს გვერდები. მათი სამიზნე აუდიტორია არის დიდი ადამიანები, რომლებიც ნაკლებად ერკვევიან იმაში, თუ რა არის ტროლ-ბოტები და იჯერებენ ამ ყველაფერს, ისინი შემდეგ უკვე თავიანთ ახლობლებს აჟერებენ და ცდილობენ, არ გაუშვან არც საპროტესტო აქციაზე და არაფერ მსგავსზე.
_ ვინც არ დაღლილა ლაზარესთვის ბრძოლაში, ეს ადამიანები იყვნენ ლაზარეს ოჯახის წევრები, რომლებიც იდგნენ ყველა აქციაზე. დღეს ისინი იმყოფებიან ასევე ხელისუფლების ტყვეობაში. გრიგორიადისების მთელი ოჯახია, ფაქტობრივად, დაკავებული. იგეგმება საპროტესტო აქციების განახლება? აპირებთ თუ არა კიდევ ერთხელ მოთხოვნის დაყენებას პრეზიდენტისთვის, რომ შეიწყალოს ლაზარე?
_ რა თქმა უნდა, გაგრძელდება ეს ყველაფერი, მაგრამ ამას სჭირდება დაგეგმვა, ერთ დღეში ვერ ხერხდება, მით უფრო პერმანენტულ აქციებს სჭირდება ძალიან დიდი დრო და გათვლა. რასაც ვაკეთებთ, ეს პროტესტი გაგრძელდება ყოველთვის, მათ შორის, პოლიტპატიმარ ლაზარეზეც და ყველა საქმე, რაც კი იქნება გასაპროტესტებელი, ვეცდებით, რომ გავაპროტესტოთ, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი დავდოთ ამ ყველაფერზე.
ამ მასალის ბოლოს შეჯამება უნდა გაეკეთებინა ლაზარე გრიგორიადისის მამას, თუმცა რამდენიმე დღის წინ ის და მისი ძმა ხელისუფლებამ, სრულიად მშვიდობიანი პროტესტის გამო, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.