ვინ დგას ახალგაზრდების უკან და რა გეგმები აქვთ Gen-z -ებს?
გიგა გელხვიიძე
„თავისუფლებისთვის“ _ ასე ეწოდება ახალ სტუდენტურ ორგანიზაციას, რომელიც რამდენიმე დღის წინ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა და მარტის აქციების ერთ-ერთმა მთავარმა სახემ, ნიკო მანაგაძემ ჩამოაყალიბა.
ახალი სტუდენტური მოძრაობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მალევე მოჰყვა მითქმა-მოთქმა საზოგადოებაში და მისი ხელმძღვანელების ამა თუ იმ პოლიტიკურ ჯგუფზე ან საზოგადოებრივ ფიგურაზე „მიწებება“.
„ქრონიკა+“-ის მკითხველი აღნიშნულ ნომერში ექსკლუზიურად შეიტყობს, თუ რა მიზნები აქვს სტუდენტურ მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ და შეიძლება თუ არა მათი ხილვა რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან ერთად ალიანსში?
_ ნიკო, რამდენიმე სტუდენტური მოძრაობა არსებობს, მათ შორის, იმ სტუდენტების წარმომადგენლობით, რომლებიც მარტის აქციებზე თქვენთან ერთად იდგნენ. რატომ გახდა საჭირო ცალკე ორგანიზაციის შექმნა და რა განსხვავებაა თქვენ შორის?
_ ნამდვილად არსებობს რამდენიმე სტუდენტური მოძრაობა, თუმცა არც ისე დიდი მასშტაბის. ყველა მათგანის წარმომადგენლებს პირადად ვიცნობ, ერთად გვიბრძოლია და ბევრთან მეგობრობაც მაკავშირებს, მაგრამ ამ შემთხვევაში სრულიად ახალი ტიპის სტუდენტურ მოძრაობაზე ვსაუბრობთ, ბევრად მასშტაბურზე, თავისუფალსა და განსხვავებულზე, რასაც საზოგადოება მალე იხილავს. ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებითაც ბევრი თვისობრივი განსხვავება გამოჩნდება. ეს არ იქნება ორდინალური ქუჩის აქტივიზმი, თუმცა არც მის გარეშე გამოვა რამე. ყველა საჭირო მომენტში ეს მოძრაობა იქნება მთავარი მედროშე ქუჩაშიც, მაგრამ არ ვაპირებთ, კლასიკურ ქუჩის აქტივისტებად ვიქცეთ. ყველა ქმედება იქნება რეალურ მიზანზე ორიენტირებული და კარგად გათვლილი. გამოვიყენებთ ყველა პლატფორმას, რომლითაც საზოგადოებას ჩვენი ხედვებისა და აქტივობების შესახებ გავუზიარებთ ინფორმაციას: ტელევიზიებს, ონლაინ გამოცემებს, ბეჭდური მედიას, სოციალურ ქსელებს _ ყველა საშუალებას ავითვისებთ. ჩვენი მოძრაობის წევრები იქნებიან წარმოდგენილნი უამრავ ფორუმზე, კონფერენციასა თუ შეხვედრაზე. ვიქნებით აკადემიურებიც, მაგრამ ფიზიკური წინააღმდეგობის გამწევებიც რეჟიმის მიზნების მიმართ. მთავარი იდეაც სწორედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის, მისი ევროპული მომავლის დაცვისა და რუსეთიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება. ამ მოძრაობაში სტუდენტები ფუნქციებს გადაინაწილებენ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნიდან და პროფესიული მიზნებიდან გამომდინარეც, განსაკუთრებით გამოყოფილი იქნება საერთაშორისო ურთიერთობების, სამართლისა და ეკონომიკის მიმართულებები _ ამ ფაკულტეტების სტუდენტები შესაბამისი მიმართულებებით იმუშავებენ. თუმცა ცხადია, იქნება ზოგადი სამუშაოც და მოძრაობაში საკმაო მრავალფეროვნებაა აბსოლუტურად განსხვავებული ფაკულტეტების სტუდენტებისა. მაქსიმალურად ავითვისებთ საინფორმაციო ველს და შევეცდებით ფართო მასების ინფორმირებას ყველა მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებით. ვფიქრობ, ახლა აუცილებელია საზოგადოებასთან ინტენსიური კომუნიკაცია და მათი მომზადება გარდამტეხი ცვლილებებისთვის, რომელიც თავს აარიდებს ქვეყანას იმ ეგზისტენციალური საფრთხეების სისრულეში მოყვანას, რაც დღეს რუსული ხელისუფლების პირობებში გვემუქრება. სტუდენტები თავიანთი ინტელექტუალური თუ ფიზიკური რესურსით იქნებიან მთავარი ბარიერი რეჟიმისთვის საქართველოს რუსეთიზაციის გზაზე. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ თბილისის უნივერსიტეტებზე არ მაქვს საუბარი. სტუდენტები გვიერთდებიან ქუთაისისა და ბათუმის უნივერსიტეტებიდანაც. სწორედ ამიტომ, ეს იქნება ქვეყნის მთავარი სტუდენტური მოძრაობა და მისი წყალობით საზოგადოება მალე ახალ და ძალიან საინტერესო ახალგაზრდებს გაიცნობს. მოძრაობას დავარქვით „თავისუფლებისთვის“, რაც, ვფიქრობ, იდეალურად გამოხატავს ჩვენი ბრძოლის იდეებსა და შინაარსს. ეს არის თავისუფალი ადამიანების გაერთიანება და სწორედ თავისუფალი თაობა გაათავისუფლებს ამ ქვეყანას დასავლური, ნათელი მომავლის გზაზე იმ ადამიანებისგან, რომლებიც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზე მიდიან და მზად არიან, საქართველოს ისტორიული კურსი შეუცვალონ, დააბრუნონ რუსული ბოროტების იმპერიის ორბიტაზე. მათი ეს მიზანი მიუღწეველი დარჩება და ქართულ საზოგადოებასთან ერთად ქვეყნის მთავარი სტუდენტური მოძრაობა იქნება ამის გარანტორი საკუთარი ბრძოლით. აქამდეც ხშირად იყო რჩევები თუ მოწოდებები ჩემი მისამართით, რომ ამგვარი ნაბიჯი გადამედგა და მოძრაობა დამეფუძნებინა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ გავხდი ინიციატორი სტუდენტების გამოღვიძებისა და მაშინ (20 ივნისს, „შინ, ევროპისკენ“ აქციაზე) ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველად იხილა საზოგადოებამ ქუჩაში გამოსული ამდენი სტუდენტი, რაც ბევრი ადამიანისთვის მოტივატორად იქცა. პოლიტიკური ბრძოლის ასპარეზზე ახალგაზრდების მთავარ აქტორად გამოსვლა მარტის მოვლენებმაც ცხადყო. ვფიქრობ, ახლა დადგა დრო, საფუძველი ჩავუყარო ქვეყნის მთავარ სტუდენტურ მოძრაობას და ჩემს თანატოლებთან ერთად გადავდგა გადამწყვეტი ნაბიჯები გარდამტეხი ცვლილებებისთვის. ვითანამშრომლებთ სხვა მოძრაობებთანაც, მაგრამ ზემოთ მოყოლილის გათვალისწინებით, ეს აბსოლუტურად სხვა ტიპის მოძრაობაა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ მოძრაობის სახით იქმნება მნიშვნელოვანი, ანგარიშგასაწევი ძალა, ამ ქვეყნის გამორჩეული სტუდენტებით და საზოგადოება ბევრად სხვა რამეს უნდა მოელოდეს, ვიდრე აქამდე სტუდენტური მოძრაობების სახით უნახავთ. ახლა ინფრასტრუქტურული და ორგანიზაციული სისტემის აწყობა მიმდინარეობს და მინდა, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებში მოესწროს პრეზენტაცია. ყველა დეტალის შესახებ სწორედ ამ დროისთვის გაიგებს საზოგადოება.
_ ახალი სტუდენტური მოძრაობის შესახებ ინფორმაციის გახმაურებისთანავე გაჩნდა შეკითხვები მისი დამფინანსებლების გარშემო. ვინ არიან ეს ადამიანები და რატომ გაიგივებენ ამა თუ იმ ჯგუფებთან?
_ მოძრაობის ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური დაფინანსების წყარო, ამიტომ არჩევანი შევაჩერე კერძო პირზე, ვიდრე რომელიმე საერთაშორისო ფონდზე. თავიდანვე მქონდა ერთადერთი პირობა _ არ აქვს მნიშვნელობა სახელსა და გვარს, ვინ იქნება მოძრაობის ფინანსური მხარდამჭერი, უპირველესია შეთანხმება მთავარზე _ თავისუფლების გარანტიაზე. მე არ ვარ იმ ტიპის ადამიანი, რომელსაც ვინმე ფულს გადაუხდის და საკუთარი სურვილების მიხედვით ათამაშებს, საკუთარ მარიონეტად აქცევს. ქვეყნის მთავარ სტუდენტურ მოძრაობაში სხვა ტიპის ახალგაზრდები იყრიან თავს. ჩვენთვის მთავარია იმ საქმის გულწრფელად კეთება, რაც გვაერთიანებს და არ არსებობს არანაირი ინტერესები ფინანსური ბენეფიტების მიმართ. ამიტომ უარი ვთქვით ხელფასებსა თუ პირად შემოსავლებზე, რაც ჩვენს თავისუფლებას უზრუნველყოფს. დაფინანსება მოიცავს მხოლოდ ინფრასტრუქტურულ და მოძრაობის ფუნქციონირებისთვის საჭირო მინიმალურ ხარჯებს. ესეც არის ის მნიშვნელოვანი მოცემულობა, რაც გამოგვარჩევს და ბევრად თავისუფალს გვხდის ჩვენს ქმედებებში. დამფინანსებელთან და დაფინანსების სხვა დეტალებთან დაკავშირებით მოგვიანებით აუცილებლად ვისაუბრებ საჯაროდ და ყველა კითხვას გავცემ პასუხს ამ თემის ირგვლივ. გამჭვირვალობა ჩემი მთავარი პრინციპია და მოძრაობის ფუნქციონირებისთვის გამოყოფილი თითოეული თეთრის წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია ექნება ყველა დაინტერესებულ პირს.
_ პირდაპირ გკითხავთ, გაქვთ თუ არა მოლაპარაკებები პოლიტიკურ ჯგუფებთან?
_ ამ ეტაპზე არანაირი სახის მოლაპარაკება არ გვქონია რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან და პირდაპირ რომ გითხრათ, არც არსებობს ამის საჭიროება. ნებისმიერ საჭირო მომენტში მზად ვართ თანამშრომლობისა და საუბრისთვის ყველასთან, თუმცა რომელიმე პარტიასთან ჩვენი საქმიანობის დაკავშირება გამორიცხულია. თავისუფლება გულისხმობს მათ შორის პარტიული გავლენების მიღმა ყოფნასაც და ამ ზღვრის დაცვას აუცილებლად ვაპირებთ. ამასთან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა საჭირო მომენტში ვითანამშრომლებთ ნებისმიერ სუბიექტთან საერთო ამოცანების ირგვლივ, მაგრამ ჩვენი მოძრაობის პარტიული მიკუთვნება არ და ვერ მოხდება.
_ ხომ არ გიხილავთ ნიკა მელიას გვერდით?
_ არ ვიცი, საიდან გაჩნდა ამგვარი განცდა. არც პარტიებთან და არც კონკრეტულ ლიდერებთან არ ვაპირებთ აფილირებას, მათ შორის, არც მელიასთან. პირადად მეც არანაირი კავშირი არ მქონია მასთან არასდროს და გაუგებარია მისი გვარის ხსენება ამ მოძრაობის კონტექსტში.
_ დღევანდელი პოლიტიკური ველიდან გამომდინარე, რთულია რამე სახის პროგნოზების გაკეთება, _ როგორია თქვენი ხედვები?
_ მნიშვნელოვანია პარტიული გადანაწილებები წინასაარჩევნოდ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ოპოზიციური ხმა დაიკარგოს არჩევნებზე და მეტმა პარტიამ გადალახოს ბარიერი. დღეს ამ მხრივ ჯერ კიდევ გაუგებრობაა პოლიტიკურ ველზე და არჩევნებთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთებაც რთულია. თუმცა არჩევნებამდე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ელოდება ქვეყანა და ძალაუფლებაში მოკალათებული რუსული რეჟიმის ანტიდასავლური ქმედებების ფონზე საინტერესოა, როგორ იმოქმედებს ევროპა. თუკი ხელისუფლების წყალობით ხელიდან გავუშვით ეს უდიდესი შესაძლებლობა, ალბათ, ქართველი ხალხის რეაქციაც ადეკვატური იქნება. მომდევნო თვეების განმავლობაში მოვლენების განვითარების რამდენიმე შესაძლო სცენარი არსებობს, მაგრამ წინასწარ ამაზე დეტალურად საუბრისგან თავს შევიკავებ. ცხადია, მაქსიმუმ 1 წლის თავზე ქვეყანა ახალი რეალობის წინაშე იდგება.
_ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან დაკავშირებით მინდა, რომ გკითხოთ, _ ის აქტიურად იდგა თავისი განცხადებებით ახალგაზრდების გვერდით. უნდა ჰქონდეს თუ არა მას თქვენი იმედი ახლა, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო?
_ პრეზიდენტის ვიზიტების შეზღუდვით სტატუსის მოლოდინის წინა პერიოდში ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების პროცესის საბოტაჟირების მთავარი განმხორციელებელი თავადაა. პრეზიდენტს არ მისცეს უფლება, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს კიევში ჩასულიყო. არ გასცეს ნებართვა არც მის ევროპულ ტურნეზე, რაც აღმაშფოთებელი აღმოჩნდა ბევრი ადამიანისთვის. მიხარია, რომ სალომე ზურაბიშვილი არ დაჰყვა ლეგიტიმაციის პრობლემის მქონე რეჟიმის ბრძანებას და დაგეგმილ ტურნეს მაინც შეუდგა. რაც არ უნდა კონსტიტუციის დარღვევის გამო დაემუქროს მას რეჟიმი იმპიჩმენტით, ამის ძალა „ოცნებას“, უბრალოდ, არ გააჩნია, _ მათ არ აქვთ პარლამენტში საჭირო 100 ხმა. ასე რომ, ივანიშვილის მოლაპარაკე თავების ეს მუქარა მხოლოდ მუქარის სიტყვებად დარჩება, მისი იმპლემენტაცია შეუძლებელია.
რეალურად, კონსტიტუციის მთავარი დამრღვევები თავად არიან, როცა (მათ შორის ამ ნაბიჯით) ზღუდავენ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას (ვგულისხმობ კონსტიტუციის 78-ე მუხლს). როცა რეჟიმი ანტიკონსტიტუციურ სივრცეში გადის და ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ღიად მოქმედებს, ვფიქრობ, კიდევ უფრო მკაფიო იქნება პრეზიდენტის პოზიცია და ქმედებები. მას საზოგადოების, მათ შორის, ახალგაზრდების, აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს. ეს კარგად იცის მან და სწორედ ამიტომ მოქმედებს ასე გამბედავად ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ის ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა საზოგადოების მაკონსოლიდირებელ ფიგურად, რომელსაც მხოლოდ პრორუსულად განწყობილი ადამიანები „იწუნებენ“, რაც აბსოლუტური საფუძველია იმის სათქმელად, რომ მისი ნაბიჯები არის სწორი და ემსახურება ამ ქვეყნის ჯანსაღ ინტერესებს.
იმპიჩმენტი მხოლოდ მას მოელის ხალხისგან, ვინც ღიად მტრობს საქართველოს მომავალს, მის დასავლურ განვითარებას და ჩრდილოურ ორბიტაზე ექაჩება. ასეთი ადამიანების მიმართ ქართველი ხალხის განაჩენი მსუბუქი არ იქნება!
_ მოსახლეობა ახალ ძალას ელოდება და მიგაჩნიათ თუ არა, რომ ქვეყნის მომავალი მარტის აქციების შემოქმედების ხელშია?
_ საბოლოო ჯამში, დღევანდელი ახალგაზრდობა იქნება ამ ქვეყნის მომავლის მთავარი განმსაზღვრელი, თუმცა ამ ეტაპზე დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრზეა მნიშვნელოვანი რაღაცები დამოკიდებული. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს ქვეყანა გადავარჩინოთ იმას, რისკენაც ეს რეჟიმი გვექაჩება და ამ მხრივ მოსახლეობა ნამდვილად იმედით უყურებს ახალი ადამიანების გამოჩენას პოლიტიკურ სცენაზე, მაგრამ მხოლოდ ჩვენს იმედზე ყოფნა არ არის საუკეთესო გამოსავალი. ცვლილებები ერთობლივი შრომითა და ბრძოლითაა მისაღწევი და ეს არცთუ ისე მარტივი ამოცანაა ამგვარი ავტოკრატიული, რუსული რეჟიმის პირობებში. მარტის აქციებმა კიდევ უფრო გამოაღვიძა ქართული საზოგადოება და, ალბათ, შორი აღარაა იმ მიზნის მიღწევისგან, რისკენაც ამდენი ხნის განმავლობაში მივისწრაფვით. ეს თაობა ნამდვილად იქნება ერთ-ერთი მთავარი აქტორი ამ გზაზე.