ვასილ პაპავა: „ისრაელ-ირანის ომი ორივე მხარისთვის გამოუსწორებელი ზარალის მომტანი იქნება“

მიხეილ ხაჩიძე

თეირანში ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე მოკლეს. ლიკვიდაციამდე ის საქართველოს პრემიერ ირაკლი კობახიძესთან პოზიორობდა, რომელიც ასევე ესწრებოდა ამ ღონისძიებას ირანის მეჯლისში (პარლამენტი). ჰანიეს ლიკვდიაციის შემდეგ ირანი შურისძიებით დაემუქრა ისრაელს.

ამ ამბიდან უკვე მეორე კვირა გავიდა და მსოფლიოს ყურადღება ისრაელისკენაა მიმართული, რომელიც ირანის შეტევის მოლოდინშია. როგორ განვითარდება პროცესები და რას უნდა ველოდოთ უახლოეს პერიოდში? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ვასილ პაპავა:

_ როგორია დღეს ვითარება ახლო აღმოსავლეთში?

_ ბოლო წლებში ახლო აღმოსავლეთში რეგიონულ და გლობალურ აქტორებს შორის უპრეცედენტო გეოპოლიტიკური კონკურენცია შეინიშნება. ამ რეგიონში მზარდმა დაძაბულობამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს როგორც მსოფლიოს წამყვანი, ისე რეგიონული სახელმწიფოების უსაფრთხოებასა და ეკონომიკას. ღაზის სექტორის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა დამატებით გამოიწვია საერთაშორისო საზღვაო კრიზისი წითელ ზღვაში, რომელშიც მსოფლიოს მრავალი ქვეყანაა ჩართული. ეს არის პლანეტის სტრატეგიული და ეკონომიკური გზატკეცილი. მიუხედავად დასავლეთის ქვეყნების დიდი ზეწოლისა და ძალისხმევისა, ისევე როგორც აშშ-სა და ბრიტანეთის საჰაერო იერიშებს ჩრდილო იემენის შიიტური გასამხედროებული ჯგუფის („ჰუსიტები“) სამხედრო ბაზებსა და ობიექტებზე, წითელ ზღვაში კომერციული გემების უსაფრთხოება ჯერ კიდევ არ არის უზრუნველყოფილი. იმისთვის, რომ წითელი ზღვის რეგიონი არ იქცეს ახალ ცხელ წერტილად, შეერთებული შტატები და ჩინეთი, რომელთაგანაც თითოეულს აქვს მნიშვნელოვანი სამხედრო-პოლიტიკური გავლენები და ინტერესები რეგიონში, უნდა შეეცადონ ძალთა გარკვეული ბალანსის ჩამოყალიბებას, რადგან წითელი ზღვა დიდი ძალების კონკურენციის პოტენციურ თეატრად ყალიბდება. ამავდროულად, საკუთარი გავლენის გამოყენებით მათ უნდა მოუწოდონ ყურის ქვეყნებს, მშვიდობიანი გზით მოაგვარონ არაბულ ქვეყნებში მიმდინარე კრიზისი.

ჯერ კიდევ 28 იანვარს „ღეუტერს“-ი წერდა, რომ თეთრი სახლის მრჩეველიმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ იისთან მოლაპარაკების დროს განიხილა ეს საკითხი და სთხოვა პეკინს, გამოეყენებინა მისი გავლენები და დაერწმუნებინა ირანი, ზეწოლა მოეხდინათ „ჰუსიტებზე“. ვანგ იის თქმით: „ჩვენ ერთობლივად უნდა შევინარჩუნოთ წითელი ზღვის ზოლების უსაფრთხოება კანონის საფუძველზე და პატივი ვცეთ წითელი ზღვის ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის, იემენის“. ამავდროულად, პეკინმა აღნიშნა, რომ არც ვაშინგტონს და არც ლონდონს არ მიუღიათ ნებართვა გაერო-ს უშიშროების საბჭოსგან ძალის გამოყენების შესახებ, ამიტომ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო ოპერაციას „ჩინეთის თვალსაზრისით არ გააჩნია ლეგიტიმაცია“. როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი სავაჭრო ქვეყანა, ჩინეთი დამოკიდებულია წითელ ზღვაზე. ევროპაში ჩინეთის ექსპორტის უმეტესი ნაწილი სწორედ წითელი ზღვის გავლით ხორციელდება. წითელი ზღვის სატრანსპორტო მარშრუტის მნიშვნელობის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პეკინმა მხარი დაუჭიროს დასავლეთის სამხედრო კამპანიას „ჰუსიტების“ წინააღმდეგ. პეკინის დასავლურ ალიანსთან თანამშრომლობაზე უარის თქმის მიზეზები მარტივაგ გასაგებია. პირველ რიგში, ჩინეთი არ არის დაინტერესებული აშშ-ის ჰეგემონიის ზრდით. მეორე, საზღვაო კოალიციაში გაწევრიანებამ შეიძლება ძირი გამოუთხაროს მის მრავალმხრივ დიპლომატიას „ჰუსიტებსა“ და ირანის მიმართ. მესამე, არაბულ-ისლამური სამყარო ასეთ გადაწყვეტილებას შეხედავს ისე, როგორც ჩინეთის მხარდაჭერას ისრაელის ქმედებებზე ღაზის სექტორში. ჩინეთის პოზიცია სპარსეთის ყურის სახელმწიფოების მიმართ ყველაზე კარგად გამოჩნდა თითქმის ერთი წლის წინ, როდესაც პეკინის შუამავლობით შედგა მოულოდნელი სამშვიდობო შეთანხმება ირანსა და საუდის არაბეთს შორის. თუმცა, მიუხედავად აშშ-ის ამ მცდელობებისა, „ჰუსიტების“ ხისტ მიდგომაში ჯერ არ შეინიშნება არანაირი ცვლილება, ვერც ამერიკელებისა და ბრიტანელების საჰაერო თავდასხმებმა შეასუსტა „ჰუსიტების“ სამხედრო პოტენციალი და ვერ შეძლო, მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა მოვლენების მიმდინარეობაზე.

_ რა სახით შეიძლება იმოქმედოს ან მოქმედებდეს ჩვენზე ეს დაძაბული ფონი და ირანის აქტიურობა ისრაელის წინააღმდეგ?

_ იმ შემთხვევაში, თუ ირან-ისრაელის კონფლიქტი აქტიურ საომარ მოქმედებებში გადაიზარდა, ეს თავისთავად დიდ უარყოფით გავლენას მოახდენს მთლიანად სამხრეთ კავკასიაზე.

_ რა მესიჯი იყო თეირანში ჰანიეს ლიკვიდაცია?

_ პალესტინის ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ლიკვიდაციამ თეირანში რეზონანსული სახე მიიღო. ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, ამაში „სიონისტური რეჟიმი“ დაადანაშაულა.

ირანის მსგავსი რეაგირება გასაკვირი არ არის, რადგან თეირანის მოკავშირე ირანის ტერიტორიაზე მოკლეს. როგორი რეაქცია ექნება თეირანს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. აღნიშნული სიტუაცია ცვლის კონფლიქტის ფორმატს და სახეზეა ყველა ნიშანი იმისა, რომ ახლა დაპირისპირება ისრაელსა და პროირანულ დაჯგუფებებს შორის დაიწყება. ისრაელის სპეცსამსახურების პრევენციული სპეცოპერაციები პროირანული და ანტიისრაელური ძალების ლიდერების წინააღმდეგ არის პირდაპირი გაფრთხილება, როგორც ამ ორგანიზაციების მეთაურების, ასევე მათი საგარეო სპონსორების მიმართ, რომ ისრაელი ყველგან მისწვდება იმათ, ვინც ტერორისტულ საქმიანობას ეწევა ისრალის წინააღმდეგ. მიმაჩნია, რომ ირანთან ომი ორივე მხარისთვის გამოუსწორებელი ზარალის მომტანი იქნება, რადგან ეს ომი დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება და დამანგრეველ შედეგებს გამოიწვევს ყველა მონაწილისთვის. თან ამ კონფლიქტში პირდაპირ ჩართული იქნებიან რეგიონული და არარეგიონული სახელმწიფოები. უნდა გვახსოვდეს, რომ შეერთებულ შტატებს თავდაცვის პაქტი აქვს დადებული ისრაელთან და მხარს დაუჭერს მას იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სახელმწიფო თავს დაესხმება.

_ რა პროგნოზები გაქვთ, რას უნდა ველოდოთ?

_ მსოფლიოს თანამედროვე გეოპოლიტიკური სტრუქტურის ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა იმ ქვეყნების რაოდენობის ზრდა, რომლებიც თავიანთი ეროვნული იდენტობის ფარგლებში მოქმედებენ და ცდილობენ თავიანთი გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვას სწრაფად ცვალებად საერთაშორისო გარემოში. ამ პროცესის ფარგლებში იზრდება გეოპოლიტიკური არასტაბილურობა მსოფლიო არენაზე, რასაც თან ახლავს საერთაშორისო ურთიერთობების გართულება და ძალებს შორის იზრდება კონკურენცია მსოფლიო თუ რეგიონული ლიდერობისთვის ბრძოლაში. საერთაშორისო არენაზე ნებისმიერი სახელმწიფო ცდილობს გაატაროს საკუთარი ეროვნული ინტერესები და შესაბამის ზომებს მიმართავს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ამ კონტექსტში არც ირანი უნდა ჩაითვალოს გამონაკლისად. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო რეგიონული პოლიტიკა ეფუძნება გარკვეულ იდეოლოგიურ რწმენას, რომელშიც ძირითადი აქცენტი ეროვნულ უსაფრთხოებაზე კეთდება. 1979 წელს პროდასავლური შაჰის რეჟიმის დამხობის შემდეგ ირანი მძლავრი გარე ზეწოლის წინაშე აღმოჩნდა, რაც გამოწვეული იყო დასავლეთისა და მისი რეგიონული მოკავშირეების მიერ ანტიშაჰური რევოლუციის გამარჯვებით შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციის უარყოფით. შაჰის შემდგომ პერიოდში თეირანმა დაიწყო დასავლეთისგან უფრო დამოუკიდებელი საგარეო და რეგიონული პოლიტიკის გატარება, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგებოდა შაჰის პროდასავლურ პოლიტიკას.

1980-იანი წლებიდან ირანის ხელმძღვანელობა დიდ ფინანსურ, ლოჯისტიკურ, მატერიალურ-ტექნიკურ და სამხედრო დახმარებას უწევს შიიტურ (და არა მხოლოდ) და სხვა მოძრაობებს (ისლამისტური და ანტიდასავლური ორიენტაციის), ასევე სხვადასხვა ისლამურ საგანმანათლებლო და საქველმოქმედო საზოგადოებებს, რომლებიც გარეგნულად საკმაოდ ლოიალური და აპოლიტიკურიც ჩანან, რეალურად კი ისინი წარმოადგენენ ისლამური რევოლუციის ექსპორტის პოლიტიკის განხორციელების გრძელვადიან პროექტს, რომლის მეშვეობით ირანი ცდილობს გავლენების გაფართოებას რეგიონში.

აღსანიშნავია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა არის სახელმწიფო, რომელიც დამოუკიდებელია საგარეო პოლიტიკის წარმართვაში და აქვს დიდი გავლენები რეგიონულ და გლობალურ პოლიტიკაზე, აქვს მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება, ტრადიციები და გლობალურ პოლიტიკაში მონაწილეობის ისტორიული კულტურა.

თეირანი დღეს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეა რეგიონში. მისი გეოპოლიტიკური გავლენების ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია იმ მნიშვნელოვან მოვლენებთან, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში 2000-იანი წლებიდან ტრიალებს. შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების შეჭრამ ავღანეთსა (2001) და ერაყში (2003) ხელი შეუწყო თეირანის გავლენების ზრდას ორივე სახელმწიფოში. სისხლიანი რევოლუციებისა და კონფლიქტების ტალღამ კი ე. წ. არაბული გაზაფხულის პერიოდში მკვეთრად გაზარდა ირანის რეგიონული პოზიციები, რომელიც აქტიურად იყენებს პროქსი-ძალებს გავლენების შესანარჩუნებლად.

ტერიტორიული, დემოგრაფიული და ბუნებრივი რესურსების პოტენციალი თეირანს შესაძლებლობას აძლევს, იმოქმედოს როგორც აქტიურმა მოთამაშემ ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკურ არენაზე. ამ კონტექსტში ისლამური რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი რეგიონის შიიტებთან სოლიდარობაა.

რაც შეეხება ირანის სამხედრო პოტენციალს, უნდა ითქვას, რომ თეირანი ახლოსაა ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობასთან, რაც, თავის მხრივ, რადიკალურად შეცვლის ძალთა ბალანსს ახლო აღმოსავლეთში და, დიდი ალბათობით, ხელს შეუწყობს რეგიონში კონფლიქტების ესკალაციას.

არაბული სახელმწიფოები, რომლებიც შეადგენენ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების უმრავლესობა არ არის მზად, მიიღოს და აღიაროს ირანის რეგიონული ლიდერობა გეოპოლიტიკური ინტერესების, ცივილიზაციური, ისტორიული, რელიგიური და კულტურული განსხვავებების გამო. ანალოგიურად, თურქეთი, რომელმაც ასევე გააძლიერა თავისი პოზიციები ახლო აღმოსავლეთში ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ირანი არ გახდეს მთავარი რეგიონული ძალა. გარდა ამისა, არარეგიონული გლობალური მოთამაშეები, უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატები და ისრაელი, ირანს განიხილავენ, როგორც სახელმწიფოს, რომელმაც არ უნდა დაიკავოს ცენტრალური მოთამაშის როლი რეგიონში.

აქედან გამომდინარე, ძირითადი გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ფაქტორების ერთობლიობა, რომელიც დაკავშირებულია ღრმა ისტორიულ, კულტურულ, რელიგიურ და ცივილიზაციურ კონფლიქტებთან, ისევე როგორც აშკარა დაპირისპირება რეგიონულ ძალებსა და გლობალურ მოთამაშეებს შორის, არის ის ფაქტორები, რომელიც ყველანაირად ხელ შეუშლის ირანს, შექმნას სრულფასოვანი მძლავრი სახელმწიფო და რეგიონული ქვესისტემა ახლო აღმოსავლეთში მისი კონტროლის ქვეშ მოექცეს.