ვანო ნადირაძე: „ხმამაღლა ვამბობ: 7 აგვისტოს გიორგი ფარცვანია, ზაზა შონია და დანარჩენი უკრაინელები ბრძოლით შევიდნენ კურსკში, ბრძოლით შეიტანეს ქართული დროშა და ბრძოლით გაშალა იგი გიორგი ფარცვანიამ“

მიხეილ ხაჩიძე

„რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას გეგმავდა კურსკის რეგიონიდან, სანამ უკრაინამ თვითონ არ წამოიწყო იერიში რუსეთის ტერიტორიაზე გასულ თვეში“, _ განაცხადა უკრაინის არმიის მთავარსარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ოლექსანდრ სირსკიმ მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში 5 სექტემბერს მას მერე, რაც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ უკრაინის შეჭრას რუსეთის ტერიტორიაზე არ ჰქონია ზეგავლენა მოსკოვის სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე.

CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სირსკიმ ისიც განაცხადა, რომ ის კურსკის ოპერაციას წარმატებულად მიიჩნევს, რადგან ამით შემცირდა მტრის თავდასხმის საფრთხე: „ხელი შევუშალეთ მოქმედებაში. ბრძოლა მათ ტერიტორიაზე გადავიტანეთ, რათა მათ იგრძნონ ის, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ“, |_ დასძინა მან. ამასთან, უკრაინის არმიის მთავარსარდალმა აღიარა, რომ უკრაინა დიდ ზეწოლას გრძნობს პოკროვსკის რეგიონში, მაგრამ აღნიშნა, რომ უკრაინის ჯარები ჯერჯერობით ახერხებენ რუსეთის არმიის წინსვლის შეჩერებას.

პუტინმა ვლადივოსტოკში აღმოსავლეთ ევრაზიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კურსკის ოლქში ჯარის შეყვანით უკრაინამ დაასუსტა თავისი ძალები დონეცკის რეგიონში.

როგორ ვითარდება პროცესები კურსკში?

კურსკის მოულოდნელი ოპერაციის დაწყებიდან 4 კვირის თავზე უკრაინელები რუსეთის ტერიტორიაზე პოზიციებს ამაგრებენ.

ზუსტად 4 კვირის წინ, 6 აგვისტოს, უკრაინის ჯარი ქალაქ სუმის მიმდებარე საზღვართან რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა და კურსკის ოლქში შეიჭრა. კურსკის რეგიონში, მინიმუმ, 130 000-მა ადამიანმა დატოვა სახლები. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ამბობს, რომ, ბოლო მონაცემებით, უკრაინის არმია კურსკის რეგიონის 100-ზე მეტ დასახლებასა და ჯამურად 1300 კვ. მ. კილომეტრის ტერიტორიას აკონტროლებს.

მისივე თქმით, კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციის პირველი თვის განმავლობაში დაახლოებით 6000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა.

უკრაინელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება კურსკში სამი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხიდის განადგურება იყო. 16 და 18 აგვისტოს უკრაინელებმა მდინარე სეიმზე გამავალი სამი ხიდი ააფეთქეს. რუსები ჩივიან, რომ ხიდების აფეთქება მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას გაართულებს, ანალიტიკოსების შეფასებით კი რუსებს კურსკში დამხმარე ძალების გადასხმა გაუჭირდებათ.

სუჯაზე კონტროლის დამყარებისა და კურსკის რეგიონის დანარჩენ ნაწილებში პოზიციების გაძლიერების მიუხედავად, უკრაინელები ამბობენ, რომ მათი მიზანი სულაც არაა რუსული ტერიტორიის დაპყრობა.

„კურსკის ოპერაცია ჩვენი ყველაზე დიდი ინვესტიციაა რუსების ტყვეობიდან უკრაინელების განთავისუფლების პროცესში. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მიზანი“, _ თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 აგვისტოს.

კურსკში შეჭრის კიდევ ერთ ამოცანად უკრაინის პრეზიდენტმა „ბუფერული ზონის“ შექმნა დაასახელა: „ახლა ჩვენი მიზანია, გავანადგუროთ რუსების რაც შეიძლება დიდი პოტენციალი და მაქსიმალურად ეფექტიანად წარვმართოთ კონტრშეტევა“, _ თქვა ზელენსკიმ 18 აგვისტოს.

იგივე უთხრა ჩურრენტ თიმე-ს, რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივ პროექტს 19 აგვისტოს მიცემულ ინტერვიუში ზელენსკის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა.

მან განმარტა, რატომ არის საჭირო ბუფერული ზონა. პოდოლიაკის თანახმად, რუსეთი სასაზღვრო არეალს უკრაინის შიგნით 70-80 კილომენტრის სიღრმეზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასასხმელად იყენებდა.

პოდოლიაკი ირწმუნება, რომ უკრაინელები კურსკის ოლქში დაკავებულ ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართლის ნორმებს დაემორჩილებიან.

„უკრაინა არ აპირებს დასახლებული არეალის დაპყრობას ან ამ ტერიტორიის ოკუპაციას. ეს სხვა სახის ომია _ ომი, რომელიც ნათლადაა გაწერილი საერთაშორისო სამართალში და კონვენციებში, რითაც რეგულირდება, როგორ უნდა მოექცე მებრძოლებს და, განსაკუთრებით, არამებრძოლებს, ამ ტერიტორიის მშვიდობიან მოსახლეობას“, _ დასძინა მან.

უნდა აღინიშნოს, რომ კურსკში პირველ ნაკადად ქართველებიც შევიდნენ. 7 აგვისტოს გავრცელდა კადრები, სადაც ქართველი მეომრები საქართველოს დროშით ჩანდნენ.

რა ვითარებაა ახლა კურსკში? როგორია უკრაინის პოზიციონირება? _ ამ და სხვა აქტუალური თემების შესახებ „ქრონიკა+“ დისტანციურად ესაუბრა უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელ ვანო ნადირაძეს. ის თავად არის კურსკის ოპერაციებში აქტიურად ჩართული:

_ ბატონო ვანო, პირველ რიგში, კურსკში მიმდინარე პროცესების შესახებ რომ გვიამბოთ, რა ხდება დღეს რუსეთის ტერიტორიაზე, როგორ ვითარდება მოვლენები?

_ გვქონდა ინფორმაცია, რომ 29 აგვისტოს უნდა შემოსულიყო რუსეთის საჯარისო ერთეულები კურსკის ოლქში, თავად უნდოდათ ბუფერული ზონის გაკეთება, ამიტომ ჩვენ დავასწარით. დაზვერვის ინფორმაციები გვქონდა და მანამდე დავიწყეთ დაგეგმვა. გზებს ვაკეთებდით, რომ განგვენაღმა საზღვარი, მზადდებოდა ჯგუფები და 6 აგვისტოს დილის ხუთის ნახევარზე დავიწყეთ ოპერაცია. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს, რომ პირველი სადაზვერვო ჯგუფის დაზვერვის უფროსად სამი დღით ადრე დავნიშნე ქართველი მეომარი, გიორგი ფარცვანია _ პირველი ჯგუფი შევიდა ქართველის მეთაურობით. 7 აგვისტო კი იცით, რას ნიშნავს ჩვენთვის და ამას ხმამაღლა ვამბობ: 7 აგვისტოს გიორგი ფარცვანია, ზაზა შონია და დანარჩენი უკრაინელები ბრძოლით შევიდნენ კურსკში, ბრძოლით შეიტანეს ქართული დროშა და ბრძოლით გაშალა იგი გიორგი ფარცვანიამ.

შემდგომში უკვე, რა თქმა უნდა, ჩვენს ბიჭებს შეჰყვა სხვადასხვა ბრიგადა: 99-ე, 61-ე ბრიგადა და 225-ე სპეცდანიშნულების ბატალიონი. მათ დაიკავეს სოფლები. ჩვენთვის მთავარი იყო სუჯა, მაგრამ სანამ სუჯამდე მიხვალ, იქ არის გაზგამანაწილებელი სადგური, საიდანაც ევროპაში მიდის გაზი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დავიკავეთ ეს გაზსადენი, 129-ე ბატალიონი დავაყენეთ იქ და უკვე შემდეგ სუჯაში შევედით. გაფართოება დაიწყო, სადღაც, 2-3 დღის მერე, მაგალითად, არის ასეთი სოფელი პოროზი. ბელგოროდის ოლქის სოფლისკენ გადავინაცვლეთ, იქაც ჩვენი ჯგუფები შევიდა, პირველად დაზვერვის ჯგუფები, რათა საშუალება მიგვეცა, დერეფანი გაგვეკეთებინა დანარჩენი ბრიგადებისთვის, რომ შესულიყვნენ კურსკის ოლქში და გაფართოება დაწყებულიყო.

მდინარე სეიმზე 3 ხიდი ავაფეთქეთ და, ფაქტობრივად, რუსები მოყოლილი არიან „კატიოლში“. კი ახრეხებენ ხანდახან პანტონის ხიდის გაკეთებას, მაგრამ ჩვენი ავიაცია  კარგად მუშაობს და ძალიან მალე ის ხიდი აღარ არსებობს ხოლმე, ანადგურებს.

ახლა რუსების კვეხნის შესახებ, რომ სამ დღეში უნდა აეღოთ კიევი, ვერ განხორციელდა, მერე დაიმუქრნენ, რომ კურსკიდან 2 კვირაში გამოგვყრიდნენ, _ ესეც ვერ გააკეთეს. კარგა ხანი კიდევ ვერ გამოყრიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კურსკიდან. სანიტარიულ ბუფერული ზონა, რაც გვჭირდებოდა უკრაინულ მხარეს, უკვე შექმნილია, პლუს, დამატებით, ამ ოპერაციას რა დატვირთვა ჰქონდა _ ის, რომ იძულებული გახდნენ, 60 ათასი რუსი ჯარისკაცი დონეცკისა და ზაპოროჟიის ოლქიდან მოეხსნათ და გადმოესროლათ კურსკში. ამის გამო უკვე მესამე დღეა, პოკროვსკის მიმართულებით შეტევას ვეღარ ახორციელებენ. მოგესხენებათ, რომ პოკროვსკ საფრთხის წინაშე იდგა, მაგრამ უკვე შეტევა შეჩერებულია. პოკროვსკში შევიდა ძალიან ძლიერი მოერიშე ბრიგადა, სახელად „კარადაგი“ და უკვე გუშინ ძველი პოზიციები დავიბრუნეთ. მიმდებარე სოფელში ამ მოერიშე ბრიგადამ ერთ-ერთი რუსული ბატალიონი, პრაქტიკულად, სულ ამოწყვიტა. ასე რომ, კურსკის ოპერაციამ და კურსკში შესვლამ თავისი ამოცანა 80%-ით შეასრულა, რისთვისაც გაკეთდა ეს ოპერაცია.

_ შეიძლება ითქვას, რომ ეს ოპერაცია სერიოზული გათვლებით ძალიან მნიშვნელოვანი მიზნებისთვის ჩატარდა და წარმატებულიც აღმოჩნდა.

_ მოგესხენებათ, დასავლეთს რამდენი ხანი ვემუდარებოდით, რომ ის რაკეტები, რასაც გვაძლევდნენ, დაერთო ნება, რომ მაგალითად საზღვრისპირა აეროდრომებისთვის დაგვერტყა, საიდანაც იბომბება უკრაინა ბალისტიკური რაკეტებით და ისკანდერებით. ყველა წერტილი ვიცით გამშვები კომპლექსების, სად რა უდგათ, მაგრამ უფლებას არ გვაძლევდნენ, რომ ეს რაკეტები გამოგვეყენებინა ამ კომპლექსების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, დასავლეთს დავანახეთ, რომ ჩვენი ძალებითაც შეგვიძლია, კარგი ოპერაცია ჩავატაროთ და გავუმკლავდეთ რუსებს.

_ დასავლეთი მართლაც აღფრთოვანებულია. რა განცხადებებიც მოვისმინეთ, ყველა მხარს უჭერს უკრაინის ამ ოპერაციას.

_ დიახ. ვიმეორებ: დავალება შესრულებულია 80%-ით. ამოცანა შესრულებულია. აქვე რამდენიმე სიტყვას გეტყვით ე. წ. უკრაინულ რაკეტა-დრონ „პალიანიცის“ შესახებ. ის ძალიან შორს მიფრინავს და სერიოზულ ზარალს ვაყენებთ ოკუპანტებს.

გემახსოვრებათ, 10 დღის წინ როსტოვის ნავთობგადამამუშავებელ ორ ქარხანას დავარტყით, ერთიც და მეორეც 10 დღის განმავლობაში იწვოდა. იქ იყო გამოყენებული ზუსტად ეს დრონი-რაკეტა „პალიანიცა“.

ჟურნალისტური მოკვლევა

ცნობისთვის: 24 აგვისტოს, როდესაც უკრაინის სახელმწიფო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საბრძოლო ვითარებაში პირველად გამოცადეს შორი მოქმედების უკრაინული „რაკეტა-დრონი“. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თანახმად, ესაა „სრულიად ახალი კლასის“ დრონი „პალიანიცა“, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაც რუსეთს ძალზე გაუჭირდება.

„ეს არის აგრესორის მიმართ ჩვენი შურისძიების ახალი მეთოდი. მტერი განადგურდა“, _ განაცხადა 24 აგვისტოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელსაც არ დაუზუსტებია, მტრის ცოცხალი ძალა განადგურდა თუ ტექნიკა. მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ტელეგრამის არხში გამოქვეყნებული ვრცელი ცნობა ნათელს ხდის, რომ უკრაინის სარდლობა „პალიანიცის“ ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ რუსეთის სამხედრო აეროდრომებს განიხილავს.

„სრულმასშტაბიანი ომის ორწელიწად-ნახევარში რუსეთმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 10 ათასამდე რაკეტა და 33 ათასზე მეტი KAB-ი (კორექტირებადი საავიაციო ბომბი) ესროლა. ჩვენს ქალაქებზე თავდასხმები შეიძლება შეწყდეს ამ იარაღის მატარებლებზე _ რუსულ სამხედრო თვითმფრინავებზე, მათსავე აეროდრომებზე _ დარტყმებით. გუშინ მტრის შეტევითი პოტენციალის გასანადგურებლად პირველად წარმატებულად გამოვიყენეთ ჩვენი ძალებით შექმნილი ახალი იარაღი _ უკრაინული შორი მოქმედების რაკეტა-დრონი „პალიანიცა“. შევქმნით კიდევ უფრო მეტ რაკეტა-დრონს, ისევე როგორც უკვე შევქმენით შორი მოქმედების უპილოტო თვითმფრინავები, რომელთა შედეგს ყოველდღიურად ვხედავთ“, _ თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ანალიტიკოსების ანალიზით, „პალიანიცის“ საბრძოლო დიაპაზონი დაახლოებით 750 კმ-ია. ეს კი ნიშნავს, რომ უკრაინული დრონი, რომელსაც „დიფენს ექსპრესი“ არა რაკეტა-დრონს, არამედ რეაქტიულ დრონს უწოდებს, მოწინააღმდეგის ტერიტორიის საკმაოდ დიდ სიღრმეში შეძლებს სამხედრო ამოცანების შესრულებას.

მთავარი კითხვაა, რამდენად სწრაფად დაფრინავს ეს დრონი? თუ ჩვეულებრივი პროპელერიანი დრონი, მაგალითად, იგივე „შაჰიდი“ (ირანული წარმოების დრონი, რომელსაც რუსეთი იყენებს) დაფრინავს 100-200 კმ/სთ სიჩქარით, მაშინ „პალიანიცის“ მსგავს რეაქტიულ დრონს შეუძლია, მინიმუმ, 400-500 კმ/სთ და მაქსიმუმ 800-900 კმ/სთ სიჩქარით ფრენა.

_ ბატონო ვანო, ზემოთ ახსენეთ და კიდევ ჩაგეკითხებით: 7 აგვისტო საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი თარიღი, კურსკში ამ დროს გიორგი ფარცვანია და ზაზა შონია, როგორც თქვენ ბრანეთ, ბრძოლით შევიდნენ და  ქართული დროშები შეიტანეს, რა მესიჯი იყო ეს?

_ ეს იყო რუსეთის ტერიტორიაზე ბრძოლით შეტანილი დროშა. ეს ამბავი ისტორიული იყო, თან 7 აგვისტოს სიმბოლურად, საქართველოში 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის შემოჭრისა და ომის დაწყების დღეს. აქვე გეტყვით, რომ მე, რა თქმა უნდა, ძალიან ვუფრთხილდები მებრძოლებს და განსაკუთრებით ქართველ მებრძოლებს. რაღაც მომენტში დიდ რისკად მეჩვენებოდა, მაგრამ ბოლოს ვიფიქრე და მერე გადავწყვიტე, _ თქვენ უნდა შეხვიდეთ პირველები-მეთქი და შევიდნენ გიორგი ფარცვანია, ზაზა შონია და კიდევ ჩემი დაზვერვის უკრაინელების ჯგუფი. ორივე მაგარი ქართველი მეომარია. გიორგი ახალგარზდა ბიჭია, აქ არის ბატალიონის დაზვერვის უფროსი სერჟანტი. ზაზა შონია არის უჭკვიანესი მეომარი, აფხაზეთის ომის მონაწილე. სეიროზულ გათვლებს აკეთებს დაზვერვისთვის და უმნიშვნელოვანეს დავალებებს ასრულებს. პირდაპირ ვიტყვი: ისეთ ქართველებს ვეძებ, რომლებიც არიან მოწესრიგებულები და პროფესიონალები. ეს ორი ადამიანი აღმოჩნდა ისეთი, რომლებიც ჩემ გვერდით უნდა ყოფილიყვნენ და დღემდე ამდენი ხნის განმავლობაში არიან.

_ ბატონო ვანო, ალბათ, კურსკის შემდეგ უკრაინის მეომრებში მოტივაცია უფრო გაიზარდა. როგორია განწყობა და ფონი ახლა?

_ რა თქმა უნდა, მოტივაცია გაიზარდა. ეს მნიშვნელოვანი ოპერაციაა. მაგრამ უკრაინას მობილიზაციის წლოვანების დაკლება სჭირდება აუცილებლად, იმიტომ რომ დღეს არის 25 წლიდან 60 წლამდე მობილიზაცია. ბევრ ბატალიონში არიან მეომრები 45 წლიდან და პლუს, რომლებიც საკმაოდ წლოვანები არიან და უჭირთ დავალების შესრულება. ამიტომ დგას საკითხი, რომ 20 წლიდან იყოს მობილიზაცია და მე ამის მომხრე ვარ. 25 პლუსი არ გვაწყობს.

_ იარაღის კუთხით რა მდგომარეობაა, საჭიროება არის?

_ საჭიროება არის. ახლა ერთ-ერთ პოზიციაზე საათ-ნახევრის წინ მქონდა საუბარი. მოვითხოვე 120-მილიმეტრიანი ნაღმტყორცნები და ნაღმები, მაგრამ როგორც გავარკვიე, ნაკლებობა იყო. მაგალითად, 1/12-ზე იყო, ანუ ერთს ჩვენ ვისროდით, 12-ს ისინი გვესროდნენ. ვფიქრობ, ეს სიტუაციაც გამოსწორდება. რამშტაინის შემდეგ შეხვედრას თავად ზელენსკიც დაესწრება და ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ სიტუაცია ბევრი კუთხით გამოსწორდება, წამოვა მეტი ტექნიკა და იარაღი, რაც საჭიროა ფრონტზე. კურსკით დასავლეთმაც ერთგვარი სტიმული მიიღო _ არ სჯეროდათ და დავაჯერეთ, რომ ჩვენც შეგვეძლო.

_ დიახ, ეს ცალსახად სერიოზული მესიჯი იყო დასავლეთისთვის, მათ დაინახეს თქვენი მოტივაცია და შესაძლებლობები.

_ სირსკის ვიცნობ 2015 წლიდან. სირსკი არ არის უბრალოდ ტაქტიკოსი, ბრძოლის ველზე ის არის ადამიანი სტრატეგი, მე ამის ხმამაღლა თქმა შემიძლია. კიევის განთავისუფლების დაგეგმარებაც  ამ კაცის იყო, ხერსონის ოლქის კონტრშეტევაც ამ კაცის დაგეგმილი იყო, ხარკოვის ოლქის კონტრშეტევაც მისი დაგეგმილი იყო. მე ამ კაცის ყოველთვის მჯეროდა და აგერ ფაქტი კიდევ ერთხელ დაგვიდო ამ ადამიანმა.

_ დაბოლოს, საქართველოს შესახებაც ხომ არ გვეტყვით რამდენიმე სიტყვით, არჩევნებზე, მოლოდინებზე, რა აზრის ხართ ზოგად პოლიტიკურ ფონზე?

_ საქართველოს მდგომარეობას ნამდვილად არ მინდა შევეხო და გეტყვით, რატომაც. ამას ხშირად ვამბობ: არ მჯერა არჩევნების, არც იმის მჯერა, რომ გაყალბების შემთხვევაში ვინმეს ექნება თავი, რომ ხმები დაიცვას, ბევრი-ბევრი, ერთი კვირა გამოვიდნენ რუსთაველზე და მერე რაღაც მოლაპარაკებები დაიწყება და პარლამენტში შევლენ. ამიტომ ერთადერთი იმის მჯერა, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს რუსეთზე, რომ ჩვენს ქვეყანას ეშველოს.

წინასაარჩევნო მარათონს კი თვალს ვადევნებ, მაგრამ რაიმე კომენტარი რომ გავაკეთო ან სტატუსი დავდო სოცქსელში, არ ვაკეთებ _ არ მჯერა, გაყალბებულია უკვე არჩევნები და იმისიც არ მჯერა, რომ ოპოზიცია რამე ზომებს მიიღებს ხმების დასაცავად.