ვანო ნადირაძე: „საქართველოს ხელისუფლება რუსული იდეოლოგიური დესანტის გადმოსმას ხელს უწყობს“
მიშა ხაჩიძე
ვანო ნადირაძე უკვე მეორე წელია, უკრაინაში ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძვის. ის სულ ცოტა ხნის წინათ უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი გახდა, სამხედრო კონტრდაზვერვაში მუშაობს. „ქრონიკა+“-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინას აქვს განსაკუთრებული და სერიოზული იარაღი _ ეს არის მოტივაცია: „უკრაინელი ჯარისკაცი იცავს მიწას, სამშობლოს, ოჯახს, შვილებს, და ა. შ. რუსს კი არ გააჩნია მოტივაცია“, _ განმარტავს ქართველი მეომარი.
რუსების საქართველოში შემოშვების საკითხს ნეგატიურად აფასებს. ფიქრობს, რომ ამით საქართველოს საფრთხე მიადგება. „გერასიმოვის სამხედრო დოქტრინაში ძირითადად გაწერილია: ყველგან, სადაც შედიან, ერთი მიზეზი აქვთ: რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვა“. ნადირაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება რუსული იდეოლოგიური დესანტის გადმოსმას ხელს უწყობს.
რა ვითარებაა უკრაინაში? რა ევალება მას და მის დანაყოფებს? რამდენად მნიშვნელოვანია დრონების ომი მოსკოვსა და ქერჩზე? როგორ შეაფასებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, ივანიშვილის მთავრობასა და რუსების მასობრივ შემოდინებას? _ ამ და სხვა შეკითხვებს უკრაინიდან მესენჯერის საშუალებით უპასუხებს ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე:
_ ბატონო ვანო, რით შემოიფარგლება თქვენი საქმიანობა ამ ეტაპზე ფრონტის ხაზზე?
_ ამ დროისთვის უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ვარ, სამხედრო კონტრდაზვერვაში. ერთ-ერთ მიმართულებას ვხელმძღვანელობ. დღესდღეობით რაც ხდება, გარდა იმისა, რომ აგენტურის აღმოჩენაზე ვმუშაობთ, ამის გარდა, საკმაოდ აქტიურ დივერსიულ საქმიანობას ვეწევით მტრის ტერიტორიაზე შესაბამისი ტექნიკით. მე ცალკე ჯგუფი მყავს დრონების. ვმუშაობთ ძირითადად რუსეთის ტერიტორიაზე და ვანადგურებთ მტერს. ჩვენი აგენტურა რუსეთის ტერიტორიაზეც შიგნიდან მუშაობს.
_ ფრონტის რომელ ხაზზე მოძრაობთ? სად ხართ ძირითადად კომპეტენტური?
_ ბელგოროდის, ბრიანსკისა და კურსკის ოლქებია ძირითადად, სადაც მტრის საკვანძო ბაზები და საწყობებია, მაგ ტერიტორიებზე მიდის დარტყმები ჩვენგან, უპილოტო თვითმფრინავებით შეტევა. ვანადგურებთ მტრის პოზიციებს, ვიღებთ ინფორმაციას და ვამუშავებთ.
_ რამდენად მნიშვნელოვანია და ეფექტიანია დრონების ომი დღეს?
_ ფაქტობრივად, უფრო მეტი შედეგი დრონებს მოაქვს, მტერს უფრო მეტი დრონი აქვს. ჰაერში მიდის ომი, დღეს დრონებით ომია. უკვე დასავლეთის დახმარებით ჩვენ გვაქვს თანამედროვე რაკეტები და შეგვიძლია, სწორი დარტყმები მივაყენოთ.
ქერჩის ხიდზე რაც მოხდა გუშინ, განხორციელდა უკრაინული იარაღით. ეს-200 რაკეტებია, რომლებიც საბჭოთა პერიოდიდან დარჩა უკრაინაში, მოხდა მათი მოდერნიზება, გადაკეთება, ინერციული ჯიპიეს მოდულის ჩაყენება, რომელიც მართვის საშუალებას აძლევს ამ რაკეტას. ჯერჯერობით ექსპერიმენტული სახითაა. დასავლეთმა აგვიკრძალა დასავლეთის რაკეტების გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე, ამიტომ უკრაინა იძულებული გახდა და საშუალება აქვს, თავისი რაკეტების მოდერნიზება მოახდინოს და მტერს შორ მანძილზე ზიანი მიაყენოს.
_ მოსკოვში დრონების თავდასხმები რას ნიშნავს, არის ეს ერთგვარი მესიჯი?
_ მოსკოვს თავდასხმების დრონებიც უკრაინული წარმოშობისაა, უკრაინელების მიერ შექმნილი ჯიპიეს-მოდული უყენია და 1000 კილომეტრზე მიფრინავს და ძალიან ეფექტიანად მუშაობს.
არის მესიჯიც და დემორალიზება მოსახლეობის. მაგალითად, კიევი შეეჩვია რუსების სარაკეტო დარტყმებს, მოსახლეობა შეეჩვია, სამალავშიც კი აღარ ჩადიან კიევში უკვე, მაგრამ მოსკოვის მოსახლეობა თამამად იყო, არ ელოდებოდა, რომ კიევი ოდესმე მიაღწევდა მოსკოვამდე, მაგრამ მიაღწია, ეს ფაქტია. ეს უკვე მესიჯი კი არ არის, ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა მოსკოვის მოსახლეობაზე, რომელიც ახლოს არის პუტინთან, პროტესტი რომ გამოხატოს.
უკრაინას აქვს განსაკუთრებული და სერიოზული იარაღი _ ეს არის მოტივაცია. უკრაინელი ჯარისკაცი იცავს მიწას, სამშობლოს, ოჯახს, შვილებს და ა. შ. რუსს არ გააჩნია მოტივაცია, ამიტომ ასეთი დარტყმები მოსკოვსა თუ სხვადასხვა ქალაქზე, ფსიქოლოგიურად მოქმედებს თავად რუსულ მოსახლეობაზე. ეს ძალიან შედეგიანია ჩვენთვის,
_ რა სჭირდება უკრაინას დღეს სრული წარმატებისთვის?
_ ახლა დიდი კონტრშეტევაა ზაპორიჟიეს, ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით. სამწუხაროდ, დასავლეთმა სანამ არ დაინახა, რომ ჩიხში შედიოდა, ფაქტობრივად, კონტრშეტევა და ვეღარ ვითარდებოდა, მანამდე არ მიაწოდა კასეტური ბომბები უკრაინას. არადა, შეეძლო, რომ კონტრშეტევამდე მიეწოდებინა კასეტური ბომბები. დღეს და გუშინ, მაგალითად, ამ კასეტურმა ბომბებმა იმხელა შედეგი გამოიღო, რომ 3-4 დღეში, როგორც ვიცი, და ველოდებით, უკრაინა სწრაფ ნახტომს გააკეთებს მელიტოპოლის მხარეს.
ძირითადად საარტილერიო დანადგარები, სარაკეტო დანადგარები და ყველაზე მთავარი ცა რომ დაიცვას, საჰაერო თავდაცვის კომპლექტი, რაკეტები და ა. შ.
_ სად არის ყველაზე ცხელი წერტილები დღეს?
_ ყველაზე ცხელი წერტილები ახლა არის ორ მიმართულებზე, ბახმუტი უკვე აღარ არის ისეთი მწვავე, ეს არის სვატოვა კრემენას მიმართულება. რუსებმა წამოიწყეს შეტევა, რათა ძალები გადავაადგილოთ და მეორე არის ზაპორიჟიის ოლქი, სადაც კონტრშეტევა მიმდინარეობს.
_ როგორ განვითარდება მოვლენები, რა პროგნოზები გაქვთ? როგორ აფასებთ, ზოგადად, ვითარებას?
_ ჩვენ ახლა გვაქვს ძალიან მცირე დრო სექტემბრის ბოლომდე, სანამ დაიწყება წვიმების სეზონი. წვიმების სეზონის დაწყებამდე ძირითადი გარდატეხა უნდა შევიტანოთ ჩვენს წარმატებაში. ეს არის ბერდიანსკი, მელიტოპოლის აღება და განთავისუფლება, რათა ხერხემალში გადატყდეს რუსეთის ჯარი. როგორც იცით, , დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, ხერსონის ოლქში უკვე გადავიდა ჩვენი ნაწილები. ეს ორი დავალება თუ წარმატებით შესრულდა _ მაგალითად მელიტოპოლის აღება და ბერდიანსკის განთავისუფლება, პლუს მარცხენა სანაპიროზე გადასვლა და გამაგრება, ფაქტობრივად, რუსეთს მიიყვანს კაპიტულაციის დონემდე, მაგრამ ეს უნდა განხორციელდეს მანამდე სანამ, წვიმები დაიწყება, რომ ჩვენს მუხლუხებიან ტექნიკას არ გაუჭირდეს გადაადგილება.
_ საქართველოზეც გკითხავთ: როგორ აფასებთ ჩვენი მთავრობის პოზიციებს, დამოკიდებულებას თუნდაც უკრაინასთან მიმართებით ან რუსებთან ასეთ შეხმატკბილებულ ურთიერთობაში ყოფნას?
_ ძალიან ნეგატიურად. ფაქტობრივად, ფილიალი გახდა, რუსული გუბერნიის დონეზე მართავენ უკვე ქვეყანას, ღიად და აშკარად გამოხატავენ რუსულ პოზიციას. უკრაინის მიმართაც იცით, როგორი ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ, იმიტომ რომ რუსეთიდან აქვთ ეს დავალება. ჩემი მოწოდება იქნება, რომ ძალიან მალე უნდა გავუშვათ რუსული ხელისუფლება ქვეყნიდან.
_ ამდენი რუსის ქვეყანაში შემოშვება რამდენად არალოგიკურია და რა საფრთხის წინაშე გვაყენებს ეს ჩვენ?
_ ძალიან დიდი საფრთხეების ქვეშ გვაყენებს. გერასიმოვის სამხედრო დოქტრინაში ძირითადად გაწერილია: ყველგან, სადაც შედიან, ერთი მიზეზით, _ რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვა. საქართველოშიც ეგ მიზეზი ჰქონდათ, უკრაინაშიც ეგ მიზეზი ჰქონდათ. ამიტომ მათ შემოშვებას ძალიან ნეგატიურად შევაფასებდი. საქართველოს ხელისუფლება რუსული იდეოლოგიური დესანტის გადმოსმას ხელს უწყობს. სამწუხაროდ, ოპოზიციაც ძალიან სუსტია ამ მიმართებით. ემზადებიან არჩევნებისთვის და იმის წარმოდგენაც არ უნდათ, რომ ეს რუსული ექსპანსია რამდენად საშიშია საქართველოში. საერთოდ, ვერცერთი პარტიისგან ვერ გავიგე და დავინახე ამ რუსული დესანტის წინააღმდეგ ან საპროტესტო გამოსვლა, ან დაგმობა..
_ თქვენ თქვით, რომ ძალიან მალე უნდა გავუშვათ რუსული ხელისუფლება ქვეყნიდან. როგორ, რა გზებით, რა გამოსავალს ხედავთ?
_ არავითარი იმედი იმის, რომ 2024 წლის არჩევნებში ოპოზიციას რაღაც გამარჯვება ექნება, არ მაქვს. ეს არის ნული იმედი ამ გადმოსახედიდან. ქაღალდით და ბიულეტენით ბრძოლა ივანიშვილთან ყოველთვის წამგებიანია. კატალიზატორი ბევრი იყო და, ალბათ, კიდევ იქნება, რომ ხალხი, საზოგადოება გამოვიდეს ქუჩაში. ეს მარტო ოპოზიციური, პოლიტიკური პარტიების ლიდერებზე არ არის დამოკიდებული, ინტელიგენციამ უნდა იაქტიუროს და საზოგადო მოღვაწეებმა, რომ კატალიზატორი შექმნან და ხალხი გამოვიდეს ქუჩაში. მე პირადად ბიულეტენებით ბრძოლის არ მჯერა.
_ რას მოუწოდებთ ქართველებს, რა იქნება თქვენი რჩევები?
_ ისე მოხდა, რომ ხელისუფლების ხრიკებით, რუსული ФСБ-ს გავლენით, ყველა ჩვენი პატრიოტული თემა რუსულმა პროპაგანდამ ხელში ჩაიგდო, ეს არის ოპოზიციის სისუსტე. მოგიწოდებთ: მეტი ქართული იდეოლოგია საზოგადოებაში, უნდა ვიფიქროთ ქართულ ღირებულებაზე და გადავარჩინოთ სამშობლო. შენი ტრადიცია და იდეოლოგია მტერს არ უნდა ჩაუგდო სასპეკულაციოდ, სავაჭროდ.