ვალერი კატუკია: „ყარაბაღიდან გამოდევნილი სომხები აფხაზეთში აპირებენ ჩასახლებას“
აფხაზეთში კატასტროფული ვითარებაა! _ სანქციებდადებულმა მოსკოვმა ოკუპირებული რეგიონის დაფინანსება შეამცირა. ამბობენ, რომ დაფინანსების შემცირება ხაჯიმბას უკავშირდება. კრემლის ნებიერა აფხაზებმა ამ წლის დასაწყისში გააბუნძულეს რესპუბლიკის მეთაურის პოსტიდან. მის ნაცვლად ბჟანია აირჩიეს, რომელიც ანქვაბთან ერთად პროაფხაზური ორიენტაციის პოლიტიკოსად მიიჩნევა. ფინანსურ კრიზისში მყოფ აფხაზეთს სხვა პრობლემებიც დაემატა. კორონავირუსი სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ოფიციოზი ყოველდღიურად 100 და მეტი ინფიცირებულის შესახებ იუწყება.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დევნილთა ხმის“ დამფუძნებელი ვალერი კატუკია „ქრონიკა+“-სთან ამბობს, რომ ინფიცირებულთა რიცხვი გაცილებით მაღალია. მისი აზრით, დაფინანსების შემცირება ოკუპირებულ რეგიონს სერიოზულ პობლემებს შეუქმნის. თუმცა კატუკიასთვის გაცილებით მნიშვნელოვანია სხვა პრობლემა, რომელიც მთიან ყარაბაღს უკავშირდება.
რა სიგნალები მოდის ყარაბაღიდან? შეიცვლება თუ არა დემოგრაფიული ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში? რას ელოდებიან აფხაზები თბილისისგან? შეიცვალა თუ არა ქართველების მიმართ დამოკიდებულება ხაჯიმბას წასვლის შემდეგ? რას აპირებენ დევნილები 31 დეკემბერს? _ ამის შესახებ ვალერი კატუკია „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ ვალერი, აფხაზეთში კორონავირუსის გავრცელების მხრივ უმძიმესი მდგომარეობაა. ოფიციალურად ყოველდღე 100 და მეტი ადამიანი ინფიცირდება. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ? როგორც ამბობენ, საავადმყოფოები კოვიდიანებს ვეღარ აუდის.
_ აფხაზეთში ჩვენი წყაროები გვყავს. იქ ძალიან მძიმედ არის საქმე. ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე ამას აფხაზეთის ხელისუფლება აცხადებს.
_ რამდენით მეტია?
_ ორჯერ მეტია. უმძიმესი მდგომარეობაა. აფხაზები ამ პრობლემას დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებიან. რუსეთი მათ გამო თავს არ იწუხებს.
_ გალის რაიონში რა ხდება ამ მხრივ?
_ გალშიც იგივე ვითარებაა. აქაც ბევრია კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა.
_ გალის მცხოვრებლები თუ ახერხებენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოსვლას?
_ ზოგი ახერხებს, ზოგიც _ ვერა. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოსვლა ჭირს. ვინც ძალიან ცუდადაა, მათ აძლევენ აქეთ გადმოსვლის საშუალებას. მძიმე ვითარებაა! იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ყველა მათგანი გამოჯანმრთელდება.
_ კორონავირუსის აფეთქების პარალელურად, აფხაზეთს ფინანსური პრობლემები შეექმნა. ერთი პერიოდი კრემლმა მათ დაფინანსება მკვეთრად შეუმცირა. ახლა რა ვითარებაა ამ მხრივ?
_ ვითარება არ შეცვლილა, ფინანსების მხრივ აფხაზებს ძალიან რთულად აქვთ საქმე. სეპარატისტული მთავრობა სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, რუსეთი მათ აღარ აძლევს იმდენ ფულს, რასაც აქამდე ურიცხავდა.
_ ეს რისი ბრალია? რატომ შეამცირა კრემლმა ოკუპირებული რეგიონის დაფინანსება?
_ მოგეხსენებათ, რომ რუსეთს საერთაშორისო თანამეგობრობამ სერიოზული ფინანსური სანქციები დაუწესა. კრემლს ამ კუთხით ძალიან ცუდად აქვს საქმე და მას ოკუპირებული რეგიონების ძველებურად დაფინანსების საშუალება აღარ გააჩნია. აფხაზეთს მნიშვნელოვნად შეუმცირდა დაფინანსება. ეს რეგიონი მთლიანად რუსეთზეა ფინანსურად დამოკიდებული. დაფინანსების შემცირებამ მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ აფხაზეთში ბევრი შეიძლება, უხელფასოდ დარჩეს.
_ ამას აფხაზები როგორ ეგუებიან?
_ უნდა შეეგუონ. სხვა რა გამოსავალი აქვთ? ფინანსურად მთლიანად მოსკოვზე არიან დამოკიდებულები, მოსკოვს კი ფინანსური თვალსაზრისით სერიოზული პრობლემები აქვს.
_ აფხაზებს რა ეგონათ, რომ რუსეთი აცხოვრებდა და ააყვავებდა მათ? ისე, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ხშირად ამბობდნენ, პატარა ღელეში, ანუ საქართველოს შემადგენლობაში ყოფნას გვირჩევნია, დიდ ოკეანეში დავიხრჩოთო. ჰოდა იხრჩობიან კიდევაც.
_ რუსეთში ისინი ნამდვილად დაიხრჩობიან. მათი გადარჩენის ერთადერთი შანსი საქართველოა. იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან ისინი გონს მოეგებიან და საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას გადაწყვეტენ. აფხაზეთი საქართველოა და ის საქართველოს შემადგენლობაში აუცილებლად დაბრუნდება.
_ გინდათ თქვათ, რომ აფხაზები ჯერ ვერ ხვდებიან, რუსულ ორბიტაზე დარჩენით თავს რომ იღუპავენ?
_ სათანადო პოლიტიკა რომ გაგვეტარებინა, დარწმუნებული ვარ, აფხაზების უდიდესი ნაწილი არჩევანს საქართველოს სასარგებლოდ გააკეთებდა. სამწუხაროდ, ვერ ვდგამთ საჭირო ნაბიჯებს, ამიტომაც აფხაზები ჯერ ისევ რუსეთისკენ იყურებიან, მიუხედავად იმისა, რომ იქ არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ.
_ თქვენი აზრით, რატომ არაფერი კეთდება ამ მიმართულებით?
_ იმას ვერ ვიტყვი, რომ არაფერი კეთდება. რაღაც პროგრამები მუშაობს. მაგალითად, ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია.
_ ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ბევრმა აფხაზმა იმკურნალა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, მაგრამ ამას აფხაზებში პროქართული განწყობები არ გაუჩენია.
_ სამწუხაროდ, ჯანდაცვის პროგრამამ აფხაზებზე დიდი გავლენა ვერ მოახდინა. აფხაზებისთვის საქართველო ისევ არაა მიმზიდველი. ვიღაცები ხვდებიან, რომ ისინი ქართველებთან ერთად გადარჩებიან, მაგრამ ხმამაღლა ამის თქმას ჯერ ვერ ბედავენ. ჩვენ ცოტა სხვანაირი პოლიტიკა რომ გვეწარმოებინა ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით, ამაზე დღეს აფხაზები უკვე ხმამაღლა ილაპარაკებდნენ. აუცილებლად უნდა დავიწყოთ მუშაობა.
_ სამუშაო საკმაოდ მძიმეა. არ იქნება ადვილი აფხაზების დარწმუნება იმაში, რომ საქართველო მათი მტერი არაა. თაობები გაიზარდა იქ ჩვენი სიძულვილით. ახალგაზრდებმა არც კი იციან, რა არის საქართველო.
_ სამწუხაროდ, ასეა. აფხაზეთი 27 წლის წინათ დავტოვეთ. ბევრმა მართლაც არ იცის, რა არის საქართველო. ქართველებს, როგორც მტრებს, ისე გვიყურებენ. ჩვენ ისე უნდა ვიმუშაოთ, რომ აფხაზ ახალგაზრდებს ეს ილუზია გაუქრეთ. ამის გაკეთება რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი.
უკვე დროა, აფხაზეთის მიმართულებით ჩვენც გადავდგათ ნაბიჯები. ერთი რაღაცის გაკეთება მაქვს ჩაფიქრებული და ამას პირველად თქვენს გაზეთთან ვიტყვი: მოგეხსენებათ, ქართველებს ასეთი ტრადიცია გვაქვს, ახალ წელს ყველანი საკუთარ სახლებში ვხვდებით. მინდა, რომ აფხაზეთიდან დევნილებიც საკუთარ სახლებში შევხვდეთ ახალ წელს.
_ ყველა დევნილი სიამოვნებით შეხვდებოდა ახალ წელს საკუთარ სახლში, მაგრამ ვინ უშვებს.
_ დღეს ენგურს მიღმა ქართველ დევნილებს არ უშვებენ, მაგრამ ამ პრობლემის დაძლევაც შეიძლება. პირადად მე ვაპირებ, რომ 31 დეკემბერს ენგურის ხიდთან მივიდე და მოვითხოვო, გამატარონ, რათა ახალ წელს ჩემს სახლში შევხვდე. სხვა დევნილებს იგივეს გაკეთებისკენ ვერ მოვუწოდებ, რადგან არ ვიცი, როგორ განვითარდება ადგილზე მოვლენები, რუსებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ვინმე თუ წამოვა საკუთარი ინიციატივით, ხელს არ შევუშლი.
_ სამაგიეროდ, რუსები შეგიშლიან ხელს.
_ წინასწარ ნურაფერს ვიტყვით.
_ თქვენ ფიქრობთ, რომ 31 დეკემბერს თუ მიხვალთ ენგურის ხიდთან, რუსები გაგატარებენ?
_ წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. მე მივალ ენგურის ხიდთან და იქნებ, მიშვებენ. რა უფლება აქვთ, ხელი შემიშალონ?
_ ბევრი რამის უფლება არ აქვთ, მაგრამ აკეთებენ. თქვენც ტყუილად აპირებთ იქ წასვლას, მაგრამ რაკი ასე გინდათ, სცადეთ.
_ აუცილებლად უნდა ვცადო. ვითხოვ საკუთარ სახლში დაბრუნებას! რა უფლება აქვთ რუსებს, რომ ამაში ხელი შემიშალონ? დიდი იმედი მაქვს, რომ ახალ წელს აფხაზეთში, საკუთარ სახლში შევხვდები.
აფხაზეთს ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში დავიბრუნებთ, თუ იქიდან გამოდევნილი 300.000 ადამიანი დაუბრუნდება საკუთარ საცხოვრებელს. ჩვენ ომს არავისთან ვაპირებთ. ჩვენ ასე ვუყურებთ მომავალს _ დაბრუნდებიან ქართველი დევნილები აფხაზეთში, მერე აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად ჩავატარებთ არჩევნებს. როგორც არჩევნებზე გადაწყდება, ისე იქნება ყველაფერი. ჩვენ ერთად უნდა ავირჩიოთ ჩვენი ხელისუფლება. რაც ადრე მიხვდებიან ამას აფხაზები, მით უკეთესი მათთვის. ეს 300.000 დევნილი, ადრე თუ გვიან, მაინც დაბრუნდება თავის სახლებში.
_ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილების დიდი ნაწილი დღემდე საკმაოდ მძიმე პირობებში ცხოვრობს. თქვენ ზემოთ თქვით, რომ ისეთ პოლიტიკას არ ვატარებთ, რომელიც აფხაზებს დაარწმუნებს, მათი გადარჩენის შანსი საქართველოშიაო. აფხაზები ხომ ხედავენ, როგორ ცხოვრობენ დევნილები. არ იტყვიან, ესენი თავისიანებს ვერ უვლიან და ჩვენ როგორ უნდა მოგვხედონო?
_ ჩვენი დევნილები ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობენ. საჭიროა მათი პრობლემების მოგვარება. ყველა პრობლემის მოგვარებას ეკონომიკური კუთხით განვიხილავ. ეკონომიკაა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გადამრჩენი. როდესაც საქართველო ფეხზე მყარად დადგება და ეკონომიკურადაც ძლიერი იქნება, აფხაზებიც და ოსებიც მოინდომებენ ჩვენთან თანაცხოვრებას.
_ გაძვალტყავებული საქართველო თავად ქართველებს აღარ უნდათ და აფხაზი და ოსი რატომ მოინდომებს?
_ ძლიერი ეკონომიკა ბევრი რამის მოგვარებაში გეხმარება. აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ ეკონომიკა, ამასთან, აფხაზები და ოსები დავარწმუნოთ, რომ დაკარგული ტერიტორიები ომით არ დაბრუნდება.
_ ომის გარეშე გამოვა ეგ საქმე?
_ გამოვა. ჩვენ, ახალგაზრდები, ომით ტერიტორიების დაბრუნებას არც კი განვიხილავთ. აზერბაიჯანულ სცენარს კატეგორიულად გამოვრიცხავთ. ძალიან გვინდა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, მაგრამ არანაირი სურვილი არ გვაქვს, ჩვენს დებსა და ძმებს იარაღით დავუპირისპირდეთ. ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტას უნდა შევეშვათ.
_ საინტერესოა, ოსი და აფხაზი ახალგაზრდებიც ასევე თუ ფიქრობენ? ისინი ამბობენ, რომ ქართველებთან ომისთვის მზად არიან.
_ სამწუხაროდ, ისინი ცოტა სხვანაირად ფიქრობენ, რაც რუსული პოლიტიკის დამსახურებაა. კრემლი აფხაზებსა და ოსებს წლებია, უწამლავს გონებას და უმტკიცებს, რომ ქართველები მათი მტრები არიან. ჩვენ არც აფხაზების მტრები ვართ და არც _ ოსების. სამწუხაროდ, არ შეგვიძლია, რომ ისინი ამაში დავარწმუნოთ.
_ კრემლის პროპაგანდასთან ბრძოლა ძნელია.
_ აქ მარტო კრემლის პროპაგანდა არაა, ჩვენი მონდომებაც საჭიროა. საინფორმაციო პოლიტიკას სწორად თუ წარვმართავთ, აფხაზებიც და ოსებიც ირწმუნებენ, რომ მათი მტრები არ ვართ.
_ სანამ არაფერს ვაკეთებთ და მხოლოდ ვოცნებობთ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე, აფხაზეთში ქართველების სახლებს რუსები ეპატრონებიან.
_ რუსებს კი ჰგონიათ, რომ დაეპატრონნენ, მაგრამ მთლად ასეც არ არის საქმე. სად გაგონილა, ვიღაც რუს ტურისტს მოეწონოს სახლი და მასზე თქვას, ჩემიაო?! ამ სახლებს პატრონები ჰყავთ და ისინი აფხაზეთში აუცილებად დაბრუნდებიან. მინდა იცოდეთ, რომ აფხაზეთი აფხაზების დიდმა ნაწილმაც დატოვა. ისინი, ძირითადად, რუსეთში ან თბილისში ცხოვრობენ. მათი სახლებიც უპატრონოდაა მიტოვებული. ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტმა სერიოზული საფრთხე გააჩინა იმისა, რომ აფხაზეთში დემოგრაფიული ვითარება შეიცვალოს.
_ რას გულისხმობთ?
_ ყარაბაღიდან წამოსულმა ეთნიკურმა სომხებმა შესაძლოა, აფხაზეთს შეაფარონ თავი. ამის სერიოზული საფრთხე არსებობს. რაღაც ინფორმაციებიც მაქვს, რომ ისინი ამას აპირებენ.
_ ეს არც უნდა გაგვიკვირდეს _ აფხაზეთი და მთიანი ყარაბაღი ხომ თანამშრომლობდნენ. ერთმანეთთანაც დიდი მისვლა-მოსვლა ჰქონდათ.
_ რა გასაკვირია, უკვე სერიოზულად მიდის ამაზე საუბარი. ყარაბაღიდან აფხაზეთში სომხების ჩასახლება თუ დაიწყო, ეს კატასტროფა იქნება.
_ ამას აფხაზებშიც პროტესტი მოყვება. ისინი იმითაც უკმაყოფილონი არიან, რომ ეთნიკური სომხები დაეპატრონნენ გაგრას.
_ არა მარტო გაგრას. ძალიან ბევრი სომხური სოფელი გაჩნდა აფხაზეთში. ახლა ყარაბაღიდანაც თუ ჩამოვიდნენ სომხები, ძალიან ცუდ სურათს მივიღებთ. გავიმეორებ, ეს იქნება კატასტროფა, პირველ რიგში, აფხაზებს ჩააგდებს ცუდ მდგომარეობაში.
_ საინტერესოა, გაუწევენ თუ არა აფხაზები ამას წინააღმდეგობას?
_ შეეცდებიან, მაგრამ რუსეთმა თუ მოითხოვა, ვერაფერს გახდებიან.
_ თან ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აფხაზები სომხებთან ვალში არიან. ომის დროს ბაგრამიანის სახელობის სომხურმა ბატალიონმა თავი გამოიჩინა ქართველებთან ბრძოლით.
_ უკვე სერიოზულად საუბრობენ, რომ ყარაბაღიდან გამოდევნილი ეთნიკური სომხები აფხაზეთში ჩასახლდებიან. ამას რამენაირად უნდა შევუშალოთ ხელი.
_ ბაგრამიანის ბატალიონი ვახსენეთ და ნეტავ, ამ ბატალიონის მებრძოლებმა ყარაბარელი სომხების დახმარება თუ მოისურვეს? თუ მარტო ქართველების წინააღმდეგ ბრძოლა იყო მათი მიზანი?
_ ნამდვილად არ იქნება გასაკვირი, თუ ყარაბაღში საბრძოლველად წავლენ ბაგრამიანის ბატალიონის მებრძოლები. რადგან ამასთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაციები არ მაქვს, არაფერს ვიტყვი. არ მინდა, რომ ჭორაობა გამომივიდეს.
ყარაბაღელი სომხები თუ ჩასახლდნენ აფხაზეთში, ეს მართლა კატასტროფა იქნება.
_ აფხაზებისგან განსხვავებით მათთან საერთო ენის გამონახვა გაგვიჭირდება.
_ ამიტომ ვამბობ, რომ აფხაზეთში დასაბრუნებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მე წავალ 31 დეკემბერს ენგურის ხიდთან და მოვითხოვ, რომ შემიშვან ჩემს სახლში. 300.000 დევნილი რომ მიადგეს ამ მოთხოვნით ენგურის ხიდს, რუსები იძულებული გახდებიან, გაატარონ.
_ რატომ გგონიათ, რომ გაატარებენ?
_ 300.000 ადამიანის გამჩერებელი ვინაა? ამას ვერავინ გაბედავს.
_ ცოტა საეჭვო და სარისკოცაა, რომ 300.000 ადამიანი ენგურის ხიდს მიადგეს.
_ რუსებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ამიტომ ვერ მოვუწოდებ ვერავის, რომ ჩემთან ერთად წამოვიდეს ენგურის ხიდზე. მე მარტო წავალ. თუ ვინმეს მოეწონება ეს იდეა, მასაც შეუძლია წამოსვლა. იგივე უნდა გავაკეთოთ ცხინვალის მიმართულებითაც. ამ რეგიონების ომით დაბრუნება გამორიცხულია. აფხაზი და ოსი ძმები ძლიერ ეკონომიკით უნდა დავიბრუნოთ.
_ აფხაზები და ოსი ძმებიო, ამბობთ და არ გიჭირთ ამის თქმა?
_ რატომ უნდა გამიჭირდეს? ისინი ჩვენი ძმები და დები არიან.
_ ძმები ძმებს ისე არ ექცევან, როგორც ისინი მოიქცნენ ქართველებთან მიმართებით.
_ მესმის. ძალიან ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ რუსული პოლიტიკის ბრალია. აფხაზიც და ოსიც ამ პოლიტიკის მსხვერპლია, ისევე როგორც _ ქართველი. ამას, ალბათ, აფხაზები და ოსებიც გააცნობიერებენ. ჩვენ აუცილებლად შევძლებთ შერიგებას და ერთად ცხოვრებას.
აფხაზებისგან და ოსებისგან რატომ გიკვირთ, რომ რუსულ ანკესზე წამოეგნენ, როცა ქართველებმა დავუშინეთ ერთმანეთს ტყვიები?! არც ისე დიდი დროა გასული იქიდან, როცა ცხენისწყალი გადაკეტილი იყო და ერთმანეთს ვესროდით, მაგრამ ჩვენ ხომ შევძელით ამის დავიწყება? აფხაზები და ოსებიც დაივიწყებენ, ჩვენც დავივიწყებთ და ისევ ერთად ვიცხოვრებთ. ამასთან, ყველას გვეცოდინება, რომ რუსების პროვოკაციას არ უნდა წამოვეგოთ.
გონიერება რომ არ გამოგვეჩინა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარდა შეიძლება, სამეგრელოც კი დაგვეკარგა. რუსებმა ძალიან ბევრი გააკეთეს იმისთვის, რომ ამ კუთხეში სეპარატიზმი გაეღვივებინათ. 90-იან წლებში არაერთხელ დალაშქრა სხვადასხვა ფორმირებამ სამეგრელო, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. სამეგრელოს არ უთქვამს, რომ ის საქართველოს ნაწილი არ იყო. სამწუხაოდ, თბილისში ბევრი ცდილობდა, მეგრელები არაქართველებად წარმოეჩინა. მახსოვს, პურის რიგები რომ იყო, რიგში გვარებს ვწერდით ხოლმე და მეგრულ გვარზე აგრესია მოდიოდა. ამ აგრესიამ ძალიან მალე გაიარა. აფხაზებსა და ოსებზეც იგივე იქნება. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი რუსებმა გააკეთეს.
საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ბევრი აფხაზი და ოსი ცხოვრობს. მათ მიმართ ხომ არ გვაქვს აგრესია? მათ ხომ ისე ვუყურებთ, როგორც ჩვენს დებსა და ძმებს? იგივე დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ცხინვალსა და სოხუმში მცხოვრებლებთან.
_ იმათ მიმართ რანაირად უნდა ვიყოთ ლოიალურად განწყობილი, ვინც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იარაღით ხელში იბრძოდა?
_ ჩათვალეთ, რომ ეს იყო სამოქალაქო ომი. თბილისსა და სამეგრელოშიც იყო სამოქალაქო ომი. ომის მონაწილე მხარეები დღეს ჩვეულებრივად თანაცხოვრობენ. ასე უნდა მივუდგეთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონსაც. აფხაზები თავს ქართველებად რომ არ თვლიდნენ, ისინი ომის მერე თბილისში არ ჩამოვიდოდნენ საცხოვრებლად.
_ ნამდვილი აფხაზები ქართველობენ, მაგრამ გააფხაზებულ ადიღეელებზე რას იტყვით? ისინიც ჩვენი ძმები არიან?
_ თუ დაბრუნება გვინდა, ძმებად უნდა მივიღოთ. მჯერა, რომ, ადრე თუ გვიან, მაინც დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს. 27 წელია, რაც აფხაზეთი დავკარგეთ. ეს ჩვენ გვეჩვენება, რომ დიდი დრო გავიდა, თორემ 27 წელი ისტორიისთვის არაფერია. ახლა მთავარია, სწორი პოლიტიკა ვაწარმოოთ. აფხაზებმა და ოსებმა თავისი ნებით უნდა აირჩიონ საქართველოში ცხოვრება.
შორენა მარსაგიშვილი