ვალერი გელბახიანი: „ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე დიდი მხარდაჭერა „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს!“
ბოლო წუთამდე ოპოზიცია კოალიციურ მთავრობაზე საუბრობდა, თუმცა რამდენიმე დღის წინათ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ამ საკითხზე სკანდალური განცხადება გააკეთა. კერძოდ, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში სააკაშვილმა ცალსახად თქვა, რომ პარტიებს შორის კოალიციას ვერ ხედავს:
„მე ვხედავ კოალიციას საზოგადოების. მე საერთოდ არ ვხედავ პარტიულ კოალიციას, მე საერთოდ არ მჯერა პოლიტიკური პარტიებისა და პარტიუკების, საერთოდ არ მჯერა ზოგადად პოლიტიკანობისა და პოლიტიკოსობის ვიწრო გაგებით. ამ არჩევნებზე უმრავლესობას აიღებს ან „ნაციონალური მოძრაობა“, ან საქართველო დაიღუპება. ჩვენი გამარჯვების შემდეგ იქნება ფართო საზოგადოებრივი ინტერესებით წარმოდგენილი მთავრობა, იქ შეიძლება იყოს სხვა პარტიებიც“.
სააკაშვილის ზემოხსენებული გამოსვლა სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, ცხადია, უპასუხოდ არ დატოვეს და მხოლოდ მიშა კი არა, მთელი „ნაციონალური მოძრაობა“, ლამის, ცოცხლად დაასამარეს.
ამასობაში, პრემიერობის მსურველთა რიცხვიც გაიზარდა, ანუ თუ აქამდე ვიცოდით, რომ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის მეთაურობის სურვილი გიორგი ვაშაძეს, მიხეილ სააკაშვილს, „ლელოსა“ და „ევროპულ საქართველოს“ ჰქონდათ, ახლა ამ სიას შალვა ნათელაშვილიც მიემატა.
„მე მზად ვარ, დავიკავო საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი, თუ იქნება ხალხის ნება, მხარდაჭერა და ღმერთის ნება, რის შემდეგაც მეორე დღეს ჩვენ გავიღვიძებთ სრულიად სხვა საქართველოში, სადაც არ იქნებიან მშიერი, გაჭირვებული, ღატაკი, უიმედო, უმუშევარი და ქვეყნიდან გაქცევის მსურველი, დაჩაგრული, უსამართლობაში მცხოვრები, რეპრესირებული ადამიანები“, _ განაცხადა ნათელაშვილმა პარტიის პროპორციული სიის წარდგენისას.
ერთი სიტყვით, წინ ფრიად საინტერესო პერიპეტიები გველოდება. ამ პროცესებს ვალერი გელბახიანი „ორი ოქროს მანდატის“ თამაშს ეძახის, რაც იმას ნიშნავს, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ საქართველოს პრემიერი შესაძლოა, იმ პარტიის წარმომადგენელი გახდეს, რომელიც პარლამენტში ყველაზე ცოტა მანდატით შევა.
ამასთან, „ქრონიკა+“-სთან საუბრისას გამოცდილი იურისტი იმის ალბათობასაც უშვებს, რომ ოპოზიციამ კოალიციური უმრავლესობისა და, შესაბამისად, მთავრობის დაკომპლექტება ვერ მოახერხოს და გაზაფხულზე დღის წესრიგში დადგეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი.
„ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს ვალერი გელბახიანთან:
_ ბატონო ვალერი, როგორ ხართ, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე როგორი წინათგრძნობა გაქვთ?
_ ქვეყანაში სერიოზული დადებითი ძვრებია მოსალოდნელი.
_ ე. ი., იმედოვნებთ, რომ „ოცნება“ ხელისუფლებაში მესამე ვადით ვეღარ დარჩება?
_ კი არ ვიმედოვნებ, დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებში ქართველი ხალხი გაიმარჯვებს!
_ რატომ გგონიათ, რომ „ოცნება“ არჩევნებს არ გააყალბებს? სხვათა შორის, ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვით, ყველა მაჟორიტარულ ოლქში მმართველი პარტიის კანდიდატი ლიდერობს.
_ ლიდერობა რას ნიშნავს?
_ ანუ პირველ ადგილზეა. ყოველ შემთხვევაში, „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ბრიტანელების მიერ ჩატარებული კვლევა ასეთია…
_ სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ეს კვლევა სანდოა თუ არა, მით უმეტეს, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დავდივარ და სრულიად სხვა სურათს ვხედავ. ხალხის განწყობა ხელისუფლების მიმართ აბსოლუტურად უარყოფითია და რამდენიც უნდათ, იმდენი კვლევა ჩაატარონ.
_ ხელისუფლების უარყოფითი განწყობა იმას არ ნიშნავს, რომ ხალხს ოპოზიცია მოსწონს.
_ დიახ, მაგრამ ოპოზიციის მიმართ ხმები გაშლილია.
_ ანუ?
_ ერთ ოპოზიციას ხმას არავინ აძლევს, მაგრამ ოპოზიციური პარტიებიდან ზოგი ერთ პროცენტს მიიღებს, ზოგი _ 5-ს, ზოგი _ 15-ს და ა. შ.
_ ე. ი., ეს ე. წ. გაშლილი ხმები კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების საფუძველი გახდება, არა?
_ დიახ. „ოცნებამ“ არჩევნები რომც გააყალბოს, გარდაუვალია, რომ ამას ესკალაცია ან ვადამდელი არჩევნები არ მოჰყვეს. ეს კი ამთავითვე იმას ნიშნავს, რომ „ოცნება“ ძალაუფლებას ვეღარ მოიპოვებს!
_ შეიძლება, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი კოალიციურ მთავრობას გამორიცხავს, ანუ მისი მტკიცებით, ახალი მთავრობა მთლიანად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა დააკომპლექტოს. ეს რეალისტური სცენარია, ბატონო ვალერი?
_ სააკაშვილი ამ განცხადებას ზუსტად ისეთივე რიტორიკით აკეთებს, რა რიტორიკითაც „ოცნება“ ამბობს, ამ არჩევნებს მე მოვიგებო.
საერთოდ, თუ არჩევნებს „ნაციონალური მოძრაობა“ მოიგებს, ზუსტად ისე მოხდება, რასაც სააკაშვილი ამბობს, თუმცა მისი ეს განცხადება უფრო ხმების მობილიზებაზეა გათვლილი. არ ვიცი, აქედან რა გამოვა, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ცუდი მდგომარეობა ნამდვილად არ აქვს. ყოველ შემთხვევაში, რასაც მე ვუყურებ, ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე დიდი მხარდაჭერა სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება.
_ სხვათა შორის, სააკაშვილის ზემოხსენებულ განცხადებას ოპოზიციაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. შესაბამისად, საქმე იქამდე ხომ არ მივა, რომ „ანტიოცნებელები“ ბრძოლას „ოცნებას“ კი არა, ერთმანეთს დაუწყებენ და ეს ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატზე უარყოფითად იმოქმედებს?
_ არ მგონია, რომ ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა გადაწყვეტილება ამის მიხედვით მიიღოს. ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს თავიანთი ხედვა აქვთ და ამა თუ იმ პარტიასაც სწორედ ამის მიხედვით აძლევენ ხმას. ხომ იცით, ზოგს ვირი მოსწონს და ზოგს _ ვირის პატრონი.
_ უკაცრავად, არჩევნებთან ვირი და მისი პატრონი რა შუაშია?
_ იმის თქმა მინდა, რომ გემოვნებაში ვერავის შევედავებით და ვერ ვეტყვით, ამა თუ იმ პარტიას ვინ რატომ უჭერს მხარს, მაგრამ ისე არაა, რომ ხალხის განწყობა იმის მიხედვით იქმნებოდეს, ტელევიზიით ვინ რას იტყვის. პოლიტიკაში ელემენტარული ჭეშმარიტება არსებობს.
_ რას გულისხმობთ?
_ რომელი პარტია დაარწმუნებს საზოგადოებას, რომ მისი ხედვები თუ პროგრამები უფრო რეალურია და ხალხთანაც ახლოს დგას? _ გადამწყვეტი სწორედ ესაა, თორემ ოპოზიციაში რაც უნდა ჩხუბი იყოს, ის, ვისაც არ უნდა, რომ „ოცნებას“ ხმა მისცეს, მაინც არ დაუჭერს მხარს, ანუ ოპოზიციის კინკლაობით „ოცნებას“ არაფერი ემატება!
სხვათა შორის, ყველაფერი ეს თავისებური კონკურენციაა. აბა, წარმოუდგენელია, არჩევნების დროს კონკურენცია რომ არ იყოს.
_ ისე, ბატონო ვალერი, თქვენი არ ვიცი, პირადად მე კი მგონია, რომ წლევანდელი საარჩევნო კამპანია, წინამორბედებისგან განსხვავებით, ერთობ მშვიდად მიმდინარეობს.
_ ჯერ რა იცით, მშვიდად მიმდინარეობს თუ არა? ჯერ სიები ბოლომდე დაზუსტებული არ არის. ეს პროცესი ორ დღეში დასრულდება და ამის შემდეგ ვნახავთ, რა მოხდება. შეიძლება, ექსცესებიც იყოს.
_ მუშტი-კრივს, დედის გინებასა და „ოცნების“ მხრიდან პროვოკაციებს ელოდებით?
_ მე კი არა, ამას აშშ-ის საელჩო და სხვა სამსახურებიც ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება დესტაბილიზაციის წყაროს წარმოადგენს და ამიტომ საზოგადოება ფრთხილად უნდა იყოს, ანუ როცა საარჩევნო კამპანიის პიკი იქნება და „ოცნება“ დაინახავს, არჩევნებს აგებს, ისეთ ხერხებს მიმართავს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, მაგრამ მეორე საკითხია, თუნდაც ამ ხერხებით ძალაუფლებას შეინარჩუნებს თუ ვერა.
_ წეღან ვადამდელი არჩევნები ახსენეთ და, სხვათა შორის, ბევრი ვარაუდობს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი ვადას ვერ ამოწურავს და გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნები ჩატარდება. ბატონო ვალერი, თქვენი აზრით, ვადამდელის დანიშვნის საბაბი რა შეიძლება გახდეს?
_ თუ ოპოზიცია უმრავლესობასა და, შესაბამისად, მთავრობაზე ვერ ჩამოყალიბდა, ამას, ყველა შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნები მოჰყვება.
_ დღევანდელი გადასახედიდან, ოპოზიცია მთავრობაზე შეთანხმებას მოახერხებს?
_ თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიას პრემიერობის საკუთარი კანდიდატი ჰყავს და ყველა თავის მინისტრთა კაბინეტზე, ასე ვთქვათ, ოცნებობს. ეს კი, საბოლოო ჯამში, ხელს შეუშლის, რომ ახალი პარლამენტი სტაბილური არ იყოს და, მეტიც, უუნარო აღმოჩნდეს. შეიძლება, კონსენსუსი შედგეს, მაგრამ ახალი პარლამენტი ყოველ წუთს მაინც დაშლისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების წინაშე იდგება.
მოკლედ, მგონია, რომ ამ არჩევნებით მყარი ან შეთანხმებული კოალიციური უმრავლესობა მივიღოთ.
_ ვადამდელი არჩევნები ჩვენი სახელმწიფოსთვის კარგი იქნება თუ ცუდი?
_ ყველა ქვეყანა, სადაც ასეთი კრიზისი და გარდამავალი პერიოდია, ცდილობს, რომ მყარი და სტაბილური ხელისუფლება შექმნას, ანუ ვადამდელი არჩევნები საფრთხის შემცველი არსად ყოფილა და არც ჩვენთან იქნება. პირიქით, ვადამდელი არჩევნები სტაბილიზაციის გარანტიაა. გავიხსენოთ, მაგალითად, იტალია ან საბერძნეთი _ ალბათ, გახსოვთ, სამი-ოთხი წლის წინათ რა დღეშიც იყვნენ, მაგრამ დალაგდნენ.
_ კი ბატონო, მაგრამ იტალიისა თუ საბერძნეთისგან განსხვავებით, საქართველოს ეკონომიკა ზომაზე მყიფეა. იმ ფონზე, როცა ლარი რეკორდულად უფასურდება, ვადამდელი არჩევნები უარესად არ დაგვაქცევს?
_ საბერძნეთში ბევრად ცუდი ვითარება იყო _ დეფოლტის წინაშე იდგა, მაგრამ ვადამდელი არჩევნებით პოლიტიკური სტაბილიზაცია დაიწყო და პროცესიც ნე-ნელა დალაგდა.
სხვათა შორის, იგივე პროცესები, თავის დროზე, ესპანეთშიც იყო და პორტუგალიაშიც.
მოკლედ, ვადამდელი არჩევნები ეკონომიკისთვის შეიძლება, საფრთხეა, მაგრამ ეს დაუძლეველი ფაქტორი არაა. საერთოდ, ეკონომიკისთვის პოლიტიკური სტაბლურობა ყოველთვის გარანტიაა და ეს გზა გასავლელი გვაქვს. ყველაფერი ეს მარტივად, უცბად და ხელის ერთი მოსმით არ მოხდება…
_ მაშასადამე, 31 ოქტომბრის შემდეგ ქართულ პოლიტიკაში უფრო საინტერესო პროცესები დაიწყება, არა?
_ რა თქმა უნდა. ხალხი უფრო მეტ ძალას იგრძნობს და უფრო ჯანსაღი პროცესები დაიწყება.
ჩვენ ხომ ბელადომანია გვჭირს _ ამას ვერა და ვერ ავცდით. ამ კრიზისიდან გამოსვლით კი, პირველ რიგში, ეს ბელადომანია მოისპობა და თავისუფალი კონკურენცია დაიწყება. თავისუფალ კონკურენციაში კი, ცხადია, ყველა პოლიტიკურ ძალას მეტი შანსი ექნება, რომ ხალხის რეალური ნდობა და, შესაბამისად, ძალაუფლებაც მოიპოვოს. დღემდე ჩატარებულ ნებისმიერ არჩევნებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ერთ ქარიზმატულ ლიდერს ჰქონდა. ახლა სწორედ ეს სურათი იცვლება, ანუ ჯანსაღდება.
_ ე. ი. წლევანდელ არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილის აქტიურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ ექნება?
_ სააკაშვილი თავისი პარტიის მხარდაჭერაზე მუშაობს. ის რომ გაჩერდეს და ტემპი შეანელოს, ბუნებრივია, ვიღაც იფიქრებს, „ნაციონალები“ არჩევნებს, მგონი, აგებენ და გულგატეხილები ამიტომ არიანო. სააკაშვილი საარჩევნო კამპანიის დროს ასეთ სურათს არ შექმნის. პირიქით, მუხტს რაც შეიძლება, მაღლა აწევს და შეეცდება, საკუთარი ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ ამ არჩევნებს სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ იგებს.
_ სხვათა შორის, სააკაშვილმა, როცა განაცხადა, ვბრუნდებიო, მუხტი, მართლაც, აწია, თუმცა მალევე განაცხადა, მაშინ დავბრუნდები, როცა ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხე არ იარსებებსო და ამ მეორე განცხადებამ იგივე „ნაცმოძრაობის“ გულშემატკივრები, ცოტა არ იყოს, დააბნია…
_ სააკაშვილს არ უთქვამს, საქართველოში ხვალ ვბრუნდებიო. იცით, ეს როგორი განცხადება იყო?
_ როგორი?
_ სააკაშვილი თუ საჭიროება იქნება, დაბრუნდება, თუ არ იქნება, არ დაბრუნდება.
_ თქვენი აზრით, დღეს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საჭიროება არსებობს?
_ დღეს ქვეყანაში ყოველ მხრივ უმძიმესი ვითარებაა _ პანდემია, ეკონომიკური კოლაფსი, პოლიტიკური აშლილობა და ასევე არასტაბილური პოლიტიკური გარემოს შექმნაა მოსალოდნელი. ასეთ სიტუაციაში სააკაშვილი მაპროვოცირებელი იქნება თუ არა, ეს თავად მასზეა დამოკიდებული, თუმცა ის ბავშვი არ არის _ სახელისუფლებო, ასე ვთქვათ, რგოლი გავლილი აქვს და სახელმწიფოს პრობლემები, ასე თუ ისე, იცის.
_ დიახ, მაგრამ ეს რა შუაშია?
_ სააკაშვილს რაში აწყობს, რომ საქართველოში სიტუაცია აირიოს, დაიძაბოს და უმართავი გახდეს? სხვათა შორის, ეს არავის ინტერესში არ შედის.
_ ბატონო ვალერი, იქიდან გამომდინარე, რომ გამოცდილი იურისტი ხართ, ერთ კითხვას დაგისვამთ: „ნაციონალურმა“ მოძრაობამ მიხეილ სააკაშვილი, რომელზედაც საქართველოში ე. წ. შიდა ძებნაა გამოცხადებული და რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეც არაა, პრემიერობის კანდიდატად დაასახელა. ვთქვათ, 31 ოქტომბერს არჩევნები ყოფილმა მმართველმა პარტიამ მოიგო. რა მექანიზმი არსებობს, რომ უცხო ქვეყნის ძებნილი მოქალაქე, ანუ მიხეილ სააკაშვილი, ჩვენი პრემიერი გახდეს?
_ სააკაშვილს ძალიან მარტივად შეუძლია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდეს.
_ ამიხსენით, როგორ მარტივად?
_ თუ ოპოზიცია უმრავლესობის შექმნას მოახერხებს და ამ უმრავლესობაში დომინანტი „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება, მაშინ პარლამენტის პირველსავე სხდომაზე სააკაშვილს იმ ბრალდებებს, რომელიც წაყენებული აქვს, მოუხსნიან.
_ პარლამენტს ბრალდებების მოხსნასთან რა ხელი აქვს? საამისოდ ხომ სასამართლოა საჭირო?
_ მესმის, მაგრამ არსებობს პარლამენტის ცნობილი დადგენილება, რომელიც პოლიტპატიმრებს ეხება, ანუ სააკაშვილი პოლიტპატიმრად ან პოლიტიკურ დევნილად იქნება მიჩნეული და მის წინააღმდეგ ყველანაირი დევნა პარლამენტის დადგენილების შესაბამისად შეწყდება.
გარდა ამისა, მეორე გზაც არსებობს.
_ კერძოდ?
_ ახალ პარლამენტს მთავრობის დასაკომპლექტებლად 20 დღე აქვს. ამიტომ სასამართლო სხდომა დაჩქარებულად ჩატარდება და სავსებით შესაძლებელია, რომ სასამართლომ სააკაშვილს ყველა ბრალდება ერთ კვირაში მოუხსნას. ამის შემდეგ კი ის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას მოითხოვს.
_ რა გარანტია არსებობს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომლის ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებაც სწორედ სააკაშვილის დამსახურებაა და რომელიც დღეს მიშას დასანახად ვერ იტანს, მას საქართველოს მოქალაქეობას აღუდგენს?
_ თუ ზურაბიშვილი სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას არ აღუდგენს, მაშინ ეს საქმე სასამართლოში გასაჩივრდება და სასამართლო პრეზიდენტის ბრძანებას გააუქმებს.
_ ყველაფერი ეს დროში გაიწელება. ამიტომაც ზოგს ჰგონია, რომ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“, უბრალოდ, საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება მოახდინა, თორემ მიშა საქართველოში დაბრუნებას შესაძლოა, საერთოდაც არ აპირებს…
_ კი ბატონო, არსებობს კონსტიტუციური შეზღუდვა, რომ პრემიერი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს, მაგრამ ხომ გვაქვს პრეცედენტები, როცა მაღალ თანამდებობაზე ისეთი პირი დაინიშნა, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ იყო?
_ მაგალითად?
_ იგივე პრეზიდენტი, ანუ თუ „ქართული ოცნებისთვის“ შეიძლებოდა, რომ საფრანგეთის მოქალაქე სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გამხდარიყო და იგივე საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი _ პრემიერი, მაშინ რატომ არ შეიძლება, რომ პრემიერი სააკაშვილიც გახდეს?
ერთი სიტყვით, რთული ბარიერები არსებობს, მაგრამ თუ პოლიტიკური ნება იქნება, სამართლებრივად ყველაფრის გაკეთება შეიძლება.
სხვათა შორის, პარლამენტს პრემიერობის კანდიდატის წარდგენის, ასე ვთქვათ, ორი ვადა აქვს. პირველი ვადა 7-დღიან პროცედურას ითვალისწინებს, მეორე ვადა კი _ ორკვირიანს. საერთო ჯამში, 21 დღე გამოდის. თუ პარლამენტი პრეზიდენტის მიერ წარდგენილ პრემიერის კანდიდატურას ჩააგდებს, ამის შემდეგ კიდევ ახალი 21-დღიანი პროცედურა დაიწყება. თუ პარლამენტმა პრემიერის კანდიდატურა მეორედაც ჩააგდო, ასეთ შემთხვევაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.
_ ისე, რაკი მომავალ პრემიერობაზე ვსაუბრობთ, ბარემ გკითხავთ _ თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიას პრემიერობის საკუთარი კანდიდატი ჰყავს. რამდენიმე დღის წინ ამ თანამდებობაზე პრეტენზია გამოთქვა „ლეიბორისტების“ ლიდერმაც _ შალვა ნათელაშვილის თქმით, იგი მზადაა, რომ საქართველოს მთავრობის მეთაური გახდეს. მოკლედ, ბატონო ვალერი, პრემიერობის უამრავი კანდიდატია.
_ დიახ, ყველას პრემიერობის თავისი კანდიდატი ჰყავს _ „ლელოდან“ დაწყებული, „სტარტეგია აღმაშენებლით“ დამთავრებული. ყველა ეს განცხადება იმაზეა მიბმული, თუ რა ფასი დაედება იმ მანდატებს, რომელსაც თითოეული პარტია არჩევნებში მიიღებს, ანუ არსებობს ალბათობა, რომ პრემიერი ყველაზე მცირე ზომის პარტიის წარმომადგენელი გახდეს.
_ ეს როგორ?
_ დავუშვათ, სამმა ოპოზიციურმა პარტიამ კოალიცია შექმნა, მაგრამ იმისთვის, რომ მთავრობა დააკოპლექტოს, ორი მანდატი აკლდება. ასეთ შემთხვევაში ეს ორი მანდატი „ოქროს მანდატი“ იქნება, ანუ ამ ორი „ოქროს მანდატის“ მქონე პარტია იტყვის, კი ბატონო, კოალიციაში შემოვალ, მაგრამ პრემიერის თანამდებობა მომეცით. თუ არ მომცეთ, მაშინ მეორე ბანაკში წავალო.
ერთი სიტყვით, პოლიტიკური თამაში „ოქროს მანდატებით“ დაიწყება. ამ თამაშს, გნებავთ, სპეკულაცია დავარქვათ. იმ ადამიანებს, რომლებიც თავს პრემიერობის კანდიდატად ასახელებენ, ალბათ, ეს სურათი აქვთ წარმოდგენილი.
მოკლედ, პრემიერ-მინისტრის ბედი შესაძლოა, ერთმა მანდატმა გადაწყვიტოს!
_ მაშასადამე, რეზიუმე რომ გავაკეთოთ, ცუდი არაფერი გველოდება, ბატონო ვალერი?
_ არა! ერთადერთი ცუდი ვარიანტი შესაძლოა, ის იყოს, რომ ბიძინამ არჩევნები გააყალბოს და ლუკაშენკოს სცენარი გაიმეოროს, მაგრამ სხვა საქმეა, ბიძინას ხელისუფლება ლუკაშენკოს სცენარს გაუძლებს თუ ვერა.
_ რატომ ვერ გაუძლებს?
_ ლუკაშენკოს ხელისუფლება მყარი იყო, მაგრამ ბიძინას ხელისუფლებაზე ვერ ვიტყვით, რომ მყარიაო. ეს მორყეული ხელისუფლებაა და ისიც კი წააქცევს, სული რომ შეუბეროთ.
არ მგონია, ასეთმა არამყარმა ხელისუფლებამ რეპრესიები დაიწყოს _ საამისოდ ენერგია არ ეყოფა.
გიორგი აბაშიძე