ვალერი გელბახიანი: „მხოლოდ ლაპარაკით და ლაი-ლაით არჩევნების გაყალბებას არავინ დაიჯერებს!“

მართალია, არსებობდა მოლოდინი, რომ „ოცნება“ არჩევნებს გააყალბებდა, მაგრამ იმას, რაც მოხდა, ვერავინ წარმოიდგენდა _ ცესკომ, ცხადია, ივანიშვილის გუნდის მითითებით, ახალი არითმეტიკა მოიგონა, რაც იმას ნიშნავს, რომ, მაგალითად, უბანზე მისული ამომრჩევლისა და დათვლილი ხმების რაოდენობა ერთმანეთს არ ემთხვევა. ასევე ისეთი ოქმებიც, როგორც ამბობენ, მრავლადაა, რომელსაც ბეჭედი არ აქვს. კანონის თანახმად კი ასეთი ოქმი ბათილად ითვლება, თუმცა რა დროს კანონია, როცა „ოცნება“ განსაცდელშია!
ერთი სიტყვით, შედეგებს მხოლოდ „ქოცები“ აღიარებენ, დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი კი არჩევნების არალეგიტიმურობაზე საუბრობს. სიტყვა „არალეგიტიმური“ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნახსენები არაა, თუმცა დიპლომატიური უწყება აცხადებს, რომ მოსახლეობასა და პარტიებს შედეგების გასაჩივრების უფლება აქვთ.

„აშშ-ის საელჩო მიესალმება ამომრჩეველთა მაღალ აქტივობას გუშინდელ საპარლამენტო არჩევნებზე და კოვიდ-19 პანდემიის დროსაც კი ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიისადმი გამოვლენილ ერთგულებას. ქვეყნის მასშტაბით ათასობით პასუხისმგებლიანი საარჩევნო მუშაკი და პროფესიონალი სადამკვირვებლო ჯგუფები იმსახურებენ დაფასებასა და მადლიერებას საარჩევნო ყუთებთან ამომრჩეველთა ხმის გამოხატვის უფლების მხარდასაჭერად გაწეული სამუშაოსთვის.
აშშ-ის საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოსა და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას გაითვალისწინოს აღნიშნული ხარვეზები მეორე ტურისა და შემდგომი არჩევნებისას“. საარჩევნო პროცესის ხელყოფის ეს მცდელობები: ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პარტიული და ოფიციალური საქმიანობის არამკვეთრი გამიჯვნა და საარჩევნო დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა, მიუხედავად იმისა, რომ შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი, განაგრძობს საქართველოს საარჩევნო პროცესის დაზიანებასა და ეს მიუღებელია.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ამომრჩევლებისა და პარტიების მიერ არსებული სამართლებრივი პროცედურების გამოყენებას არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების წარსადგენად. მნიშვნელოვანია, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დასაბუთებული დარღვევის მიუკერძოებელი გამოძიება და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჩივრებზე რეაგირება. სარწმუნო საჩივრების სამართლიანად, გამჭვირვალედ და დროულად გადაწყვეტა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს ნდობა არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის მიმართ.
შეერთებული შტატები გააგრძელებს არჩევნების მიმდინარეობაზე ყურადღებით დაკვირვებას, მათ შორის, საჩივრების განხილვაზე, აპელაციის პროცესსა და მომდევნო რაუნდის კამპანიაზე. ჩვენ ვთხოვთ საქართველოს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მოთმინება, რათა პროცესი წარიმართოს წყნარად, მშვიდობიანად და პატივისცემით, საქართველოს კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკასთან შესაბამისობაში. ყველა მხარე ვალდებულია, უზრუნველყოს საარჩევნო კოდექსის იმპლემენტაცია და აღსრულება.
ამ არჩევნების წინა პერიოდში მიღებულ რეფორმებში გათვალისწინებული იყო წინა არჩევნებზე დაფიქსირებული ზოგიერთი ხარვეზი. ჩვენ მოვუწოდებთ მომდევნო მოწვევის პარლამენტს, გაატაროს დამატებითი რეფორმები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რაც აღნიშნულია ოდირის საარჩევნო შეფასებებში. როგორც ყოველთვის, შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას, გააუმჯობესოს საარჩევნო პროცესი და ააშენოს უფრო ძლიერი დემოკრატია“, – ვკითხულობთ აშშ-ის საელჩოს განცხადებაში, რომელიც ბევრმა 2003 წლის ნომებრის არჩევნების წინ მაშინდელი ელჩის, მაილსის განცხადებას შეადარა, თუმცა ჩვენი რესპონდენტი, იურისტი ვალერი გელბახიანი, ამ ორ განცხადებას შორის პარალელს ვერ ავლებს.
ამასთან, ვალერი გელბახიანს ვკითხეთ, თუ რა შემთხვევაში დადგება ახალი პარლამენტის ლეგიტიმურობა ეჭქვეშ და როგორ უნდა დაარწმუნოს ოპოზიციამ საერთაშორისო საზოგადოება, რომ „ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა?
„ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ოპოზიცია პერმანენტულ აქციებს რამდენად გაუძლებს“, _ ამბობს ბატონი გელბახიანი და იმასაც გვიხსნის, თუ რამდენი დეპუტატია საჭირო, რომ ახალი პარლამენტის უფლებამოსილება იქნეს ცნობილი.

_ ბატონო ვალერი, ოპოზიცია, არსებული ინფორმაციით, არჩევნების შედეგებს არ ცნობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო მანდატებს ბოიკოტს უცხადებს. ეს რას ნიშნავს, ანუ თუ ბოიკოტი პარლამენტში არშესვლაა, მაშინ გვახსოვს, თავის დროზე, პარლამენტში ლეიბორისტები არ შევიდნენ, მაგრამ ისინი დეპუტატები მაინც იყვნენ…
_ ამას სხვა პროცედურა და სამართლებრივი საფუძვლები აქვს.
_ კერძოდ?
_ ჯერ საბოლოო შედეგები და მეორე ტურის თარიღი უნდა ვიცოდეთ. ამას ჯერ _ ოლქებში, მერე _ ცესკო-ში, ბოლოს კი სასამართლოში საჩივრები მოჰყვება. სანამ ეს პროცედურები არ ამოიწურება, ლეგიტიმურობის საკითხი ვერ დასრულდება. ზოგადად, ლეგიტიმურობა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში კანონიერებაა, მაგრამ ლეგიტიმაცია პროცედურაა.
_ ანუ?
_ ყველა პროცედურის გავლის შემდეგ დღის წესრიგში დგება მანდატების ცნობის საკითხი.
თუ ოპოზიცია არც მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას და არც _ პარლამენტის პირველ შეკრებაში, ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტს შემადგენლობის ორი მესამედი არ ეყოლება, ანუ პარლამენტის უფლებამოსილება რომ დადასტურდეს, არჩეული წევრების 2/3 მაინც უნდა იყოს.
_ და ეს 2/3 რამდენი მანდატია?
_ 101. მოკლედ, თუ 101 დეპუტატი არაა, ასეთ შემთხვევაში ახალი პარლამენტი შემდგარად ვერ ჩაითვლება და საქმიანობას ძველი მანამდე აგრძელებს, სანამ დეპუტატების რაოდენობა 2/3-მდე არ შეივსება. იმ შემთხვევაში კი, თუ ეს რაოდენობა ვერ ივსება, მორიგი არჩევნები ინიშნება.
_ მორიგ არჩევნებს პრეზიდენტი ნიშნავს?
_ რა თქმა უნდა.
_ ოპოზიცია ამბობს, რომ მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს…
_ თუ მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია არჩევნებს არ აღიარებს და, შესაბამისად, პარლამენტშიც არ შედის. თუ მანდატები არ გადასცეს, ადამიანი არჩეულად ითვლება, მაგრამ არა _ პარლამენტის წევრად, ანუ პარლამენტმა თავისი შემადგენლობის 2/3 უნდა დაამტკიცოს, რათა საკანონმდებლო ორგანომ ფუნქციონირება დაიწყოს.
დავუშვათ, მანდატები გაუქმდა. ეს მდგომარეობა გამოიწვევს თუ არა ვადამდელი არჩევნების დანშვნას? _ აი, ახლა საუბარი ამაზეა.
_ თქვენ მიერ დასმულ კითხვაზე პასუხი როგორია?
_ იმის რეგულაცია, რომ მანდატების გაუქმება ვადამდელ არჩევნებს გამოიწვევს, კონსტიტუციაში ცალსახად არაა, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ასე იქნება.
_ ბატონო ვალერი, დავაკონკრეტოთ: თუ მეორე ტურში მონაწილეობა ერთმა ოპოზიციონერმაც არ მიიღო, ამით რა შეიცვლება?
_ 30-ვე მანდატს „ოცნება“ წაიღებს.
_ ამ შემთხვევაში „ოცნება“ 101 დეპუტატს, ანუ 2/3 შეაგროვებს, რათა პარლამენტის ლეგიტიმაცია მოახდინოს?
_ მგონი, ვერა.
_ ე. ი., საკანონმდებლო ორგანოს გარეშე დავრჩებით?
_ არა.
_ აბა?
_ გასაგებად გითხარით, რომ კონსტიტუციის თანახმად, ასეთ დროს ძველი პარლამენტი მუშაობას იქამდე აგრძელებს, სანამ მანდატები 2/3-მდე არ შეივსება და თუ არ შეივსება, მაშინ პრეზიდენტი ვადამდელ არჩევნებს ნიშნავს.
_ პრეზიდენტი ვადამდელს დანიშნავს?
_ თუ არ დანიშნავს, ახალი პარლამენტი მაინც ვერ იმუშავებს, მაგრამ ძველი მუშაობას სადამდე გააგრძელებს? _ ბოლოს და ბოლოს, არალეგიტიმური იქნება.
_ რატომ?
_ ვერც მთავრობას დააკომპლექტებს და, საერთოდ, ვერაფერს შეძლებს.
_ ისე, დასავლეთის ქვეყნებმა „ოცნებას“ გამარჯვება არ მიულოცეს…
_ ალიევმა მიულოცა.
_ კი ბატონო, მაგრამ ალიევი მსოფლიო დემოკრატიის ჭიპი არაა… აი, მაგალითად, აშშ-ის საელჩომ განცხადება კი გაავრცელა, რომელშიც მისალოცი სიტყვები ნამდვილად არ არის… სამაგიეროდ, ხაზგასმულია, მხარს ვუჭერთ ამომრჩევლებისა და პარტიების მიერ არსებული სამართლებრივი პროცედურების გამოყენებასო…
_ მეც ხომ ეს ვთქვი, ანუ იგივე აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს, რომ ოპოზიციამ ოქმები საოლქოში, ცესკო-სა და სასამართლოში გაასაჩივროს.
_ ბატონო ვალერი, აშშ-ის ახლანდელი განცხადება „ვარდების რევოლუციის“ წინ მაილსის გაკეთებული განცხადების იდენტურია?
_ არ მგონია.
_ რატომ?
_ სანამ ოპოზიცია ოდირ-ს მტკიცებულებების უზარმაზარ მასას არ მიუტანს, არავინ არაფერს დაიჯერებს, თორემ ცესკო და სასამართლოც საჩივრებს რომ არ დააკმაყოფილებს, ეს ახლავე ცნობილია _ „ოცნებას“ ცესკო და სასამართლოც გავლენის ქვეშ ჰყავს, მაგრამ აშშ-ის საელჩო რომ ხარ და დოკუმენტს მოგიტანენ, აი, ბატონო, თავშიც გაყალბებულია და ბოლოშიც, რას უყურებ, მაინცდამაინც, სასამართლომ უნდა თქვას? ადექი და შენ თქვი, _ ვნახე დოკუმენტი, რომელიც გაყალბებულიაო… ამ შემთხვევაში აშშ-ის საელჩო სასამართლოცაა და ვერდიქტიც, მაგრამ თუ დოკუმენტები არ მიუტანეს, არაფერს იტყვის.
_ თქვენი აზრით, ოპოზიციას ასეთი დოკუმენტები აქვს?
_ ლაპარაკით და ლაი-ლაით, არჩევნები გაყალბდაო, არავინ დაიჯერებს, მაგრამ ხათუნა გოგორიშვილს მოვუსმინე, ეს დოკუმენტები მაქვს და წარმოვადგენო. ანალოგიური განცხადება სხვებმაც გააკეთეს. ასე რომ, მოლოდინი არის, ოპოზიციამ ეს დოკუმენტები „დააძროს“!
სხვათა შორის, ერთ-ერთმა ტელევიზიამ აჩვენა, კომისიის თავმჯდომარე ერთი ოქმიდან მეორეში მარტო როგორ წერს. ამას სხვა მტკიცებულება რაღად უნდა? _ კაცი ოქმს მარტო ავსებს, რაც კანონით აკრძალულია! ამასთან, ერთ-ერთი უბნიდან მონაცემები გამოვიდა, რომელსაც ბეჭედი არ აქვს, მაგრამ ჩათვლილია. ამას ოქმი როგორ უნდა დავარქვათ?
_ ბატონო ვალერი, ცესკომ ყველა უბანი უკვე დათვალა და ამ მონაცემებით „ოცნებას“ 62 მანდატი აქვს, ანუ 30-ვე სამაჟორიტარო ოლქი რომ მოიგოს, 101 მანდატს მაინც ვერ აგროვებს, ხომ ასეა?
_ დიახ, ასეა და ვნახოთ, რას იზამს.
_ რაღა უნდა ქნას?
_ ამას საჩივრები მოჰყვება.
_ ერთი სიტყვით, პოლიტიკურ კრიზისში შევდივართ თუ არა?
_ არ ვიცი, ეს პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ.
_ ბატონო ვალერი, თქვენი აზრით, „ოცნება“ ასეთ ტოტალურ გაყალბებაზე რატომ წავიდა?
_ გაყალბებაზე რომ არ წასულიყო, აბა, წაგებას შეეგუებოდა? „ოცნება“ და არგაყალბება ერთად როგორ იქნება?
_ არ იქნება, მაგრამ დასავლეთის მაინც არ შეეშინდა?
_ როცა ძალაუფლებას კარგავენ, არავისი ეშინიათ!
_ დღევანდელი მოცემულობით ვადამდელი არჩევნები დაინიშნება?
_ ეს ოპოზიციის ნებისყოფასა და ხალხის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.
_ ოპოზიციამ შეცდომა ხომ არ დაუშვა, რომ ფართომასშტაბიანი აქცია 8 ნოემბრისთვის გადადო?
_ არა.
_ რატომ?
_ ოპოზიციაში ერთი კი არა, ბევრი პარტიაა. რაღაცებზე ვერ შეთანხმდნენ და დრო მოითხოვეს, რათა ნახონ, დარღვევების სიმძიმე როგორია და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები მოისმინონ. თუ მივლენ იმ დასკვნამდე, რომ დარღვევები არსებითი ხასიათისაა და ამის გამო არჩევნები უნდა გაუქმდეს, აზრსაც გამოთქვამენ, ანუ ყველაფერი ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია ჯერ ჩამოყალიბებული არაა.
_ დღევანდელი რეალობა 2003 წლის არჩევნების შემდგომ შექმნილ ვითარებას ხომ არ გაგონებთ?
_ არა, მაშინ სხვა მზაობა და ხალხშიც სხვა განცდა იყო.
_ მაშასადამე, „ოცნება“ ხელისუფლებაში მესამე ვადით რჩება?
_ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ოპოზიცია პერმანენტულ აქციებს რამდენად გაუძლებს.
_ რას გულისხმობთ?
_ კი ამბობენ, პარლამენტში არ შევალთო, მაგრამ აბა, წარმოიდგინეთ, ადამიანი თავს დეპუტატად თვლის და ახლა, ეუბნებიან, გინდა თუ არა, ბარიკადზე ამოდი და მანდატზე უარი თქვიო. ეს დიდი ცდუნებაა, რასაც შეიძლება, ბევრმა ვერ გაუძლოს.
ერთი სიტყვით, ახლა ყველაფერი ოპოზიციის ნებისყოფაზეა დამოკიდებული.
_ ოპოზიციიდან ცდუნებას ვინ შეიძლება, ვერ გაუძლოს?
_ ყველა ამბობს, გავძლებო და ვნახოთ, რა იქნება.
_ სხვათა შორის, ყველა ამას არ ამბობს. აი, მაგალითად, თამარ ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ ბოიკოტს აზრი არ აქვს და რას მოგვცემსო?!
_ ბოიკოიტი იმას მისცემს, რომ თვითონ და მისი პარტიაც პოლიკურად შეიძლება, გადარჩნენ! თუ პარლამენტში შევიდა, როგორც პოლიტიკური ძალა, აღარ იარსებებს, ანუ როგორც კი პარლამენტის კიბეზე მოხვდება, „ევროპული საქართველო“ ოპოზიციონერობას დაასრულებს!
_ გამორიცხავთ, რომელიმე პარტიას პარლამენტში შესვლა უნდოდეს, ცალკეულ ლიდერს კი განსხვავებული აზრი ჰქონდეს და ამის გამო პარტია დატოვოს?
_ ჩერგოლეიშვილმა რაც უნდა წეროს, იქ მარტო ბოკერია არ წყვეტს. უგულავას მოვუსმინე და მისი გამოსვლა სულ სხვა კონტექსტში იყო. ასე რომ, მარტო ერთი ქალის აზრს ვერ დავეთანხმები…
_ იმ შემთხვევაში, თუ „ოცნება“ მაშველ რგოლად კომენდანტის საათს, ანუ ხელმეორე „ლოქდაუნს“ გამოიყენებს, ამით პოლიტიკური ვნებები ჩაცხრება?
_ არ მგონია.
_ რატომ?
_ კომენდანტის საათი პოლიტიკას ვერ შეცვლის, თანაც პროცედურები ჯერ არ დამთავრებულა, ანუ ახლა გარდამავალი პერიოდია.
_ ეს რას ნიშნავს?
_ ძველი მთავრობა დროებითით იცვლება, ახალი არ გვყავს. ისინი, რომლებმაც ახალი მთავრობის ფორმირება უნდა მოახდინონ, ამბობენ, არჩევნებს არ ვცნობთო.
საერთოდ, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ეს პერიოდი ასეთია.
_ როგორი ასეთი?
_ არჩევნების დამთავრებიდან პარლამენტის პირველ შეკრებამდე არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს უფლება აქვთ, გააპროტესტონ, აქციები ჩაატარონ და პირობების შეცვლა მოითხოვონ.
თუ კომენდანტის საათს დანიშნავს და იარაღით გაეკიდება, ეს ხელისუფლებისთვის მთლად უარესი იქნება.
_ რატომ?
_ ჯერ საარჩევნო პროცედურები არ დამთავრებულა და ხალხს უკვე ანგარიშსწორებისთვის დასდევს! ამას დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს!
_ ბატონო ვალერი, ცესკომ არჩევნები დასრულებულად რა დროში უნდა გამოაცხადოს?
_ 20 დღეში, ანუ დასკვნა უნდა დაწეროს და არჩევნების შეკრების თარიღიც დანიშნოს.
_ ე. ი., მეათე მოწვევის პარლამენტი, წესით, ნოემბრის ბოლოს უნდა შეიკრიბოს, არა?
_ ჯერ მეორე ტურიც უნდა დაინიშნოს და აი, მეორე ტურის შემდეგ ცესკოს კიდევ ოცი დღე ექნება.
_ თუ ოპოზიცია ბოიკოტს გამოაცხადებს, მეორე ტურს რაღა აზრი ექნება _ „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები ისედაც ხომ გამარჯვებულები იქნებიან?
_ მეორე ტური მაინც უნდა ჩატარდეს.
_ თუ მეორე ტურში ცოტა ამომრჩეველი მივიდა, რა მოხდება?
_ ერთი ამომრჩეველიც რომ მივიდეს, არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება.
_ საინტერესოა…
_ ეს პერიოდი ყველა ქვეყანაში, წეღანდელი თქმისა არ იყოს, საინტერესო ფაზაა…
_ ბოლოს, ბატონო ვალერი, პირველ ნოემბერს, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე, ნიკა მელიამ ე. წ. საპრობაციონერო სამაჯური მოიხსნა. ჰოდა, წვრილფეხა „ქოცებმა“ ერთი ამბავი ატეხეს, სასწრაფოდ დასაჭერიაო. კობახიძემ კი თქვა, მელიას ახლა დაჭერა პოლიტიკურად სწორი არ იქნებაო. სამართლებრივად ნიკა მელიას რა ელის?
_ თუ იურიდიულად ვსაუბრობთ, პროცედურულად, ეს ქმედება რეაგირებას ითვალისწინებს, ანუ სასამართლომ უნდა იმსჯელოს, აღმკვეთი ღონისძიება უნდა შეუცვალოს თუ არა.
სხვათა შორის, სამართალდამცველებს მაშინვე უნდა შეედგინათ ოქმი, რომ პრობაციის წესები დაირღვა, თუმცა ვერდიქტი მაინც სასამართლომ უნდა გამოიტანოს, ანუ ასე, ავტომატურ რეჟიმში, ხელს ვერავის მოკიდებენ და ციხეში ვერ შეიყვანენ.
_ დიდი მადლობა, ბატონო ვალერი, წარმატებას გისურვებთ და ოდესმე კარგ ქვეყანაში ცხოვრება, ალბათ, გვეღირსება!
_ აუცილებლად! თუ ყველანი გავჩუმდებით, პუტინისა და ლუკაშენკოს მომავალი გველის!

გიორგი აბაშიძე