ვადო მაჭავარიანი: „დღეს ყველა გრძნობს ცვლილებების აუცილებლობას“
ირინა მაკარიძე
20 ოქტომბერს ახალგაზრდობა და სამოქალაქო საზოგადოება ისევ ქუჩაში გამოსვლასა და ევროპული მარშის გამართვას გეგმავს. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე საქართველოსა და ევროკავშირის დროშების ფრიალით ისევ ერთად დგომასა და და ქვეყნის შიგნითა და გარეთ იმის დემონსტრირებას აპირებენ, რომ ისევ აქ დგანან და უკან დახევას არ აპირებენ.
რა როლი აქვს ამ ყველაფერში ახალგაზრდობას? რა ფორმით არიან ჩართულები ისინი ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნების პროცესში? _ ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ახალგაზრდული მოძრაობა „12 სართულის“ დამფუძნებელი, ვადო მაჭავარიანი:
_ ჩვენი ძირითადი ფუნქცია არის, რომ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი, რა თქმა უნდა, ცვლილებების სასარგებლოდ და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ. ამაზე მნიშვნელოვან საქმეს ჩვენ ამ თვეში ვერაფერს გავაკეთებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების წინ სამოქალაქო საზოგადოება, ჩვენ, ყველა, ისევ გამოვიდეთ ქუჩაში და ვაჩვენოთ ქვეყანას, ჩვენს უცხოელ მეგობრებს, რომ ჩვენ ვართ ძალიან ბევრი და ის მუხტი, რომელიც იყო აპრილ-მაისში, თუნდაც შარშანდელ მარტში, არსად გამქრალა. როდესაც ვსაუბრობდით, რომ ეს მუხტი არჩევნებამდე უნდა მიგვეტანა, სწორედ ამის გამოხატულება იქნება ის მასშტაბური მარში, რომელიც 20 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. კარგია, რომ რამდენიმე ლოკაციიდან იქნება მსვლელობა და ყველანი შემდეგ თავისუფლების მოედანზე შევიკრიბებით. ეს ფსიქოლოგიური მომენტიც არის _ ეს უნდა იყოს სიგნალი „ქართული ოცნებისთვისაც“, რომ ვართ ბევრნი. ასევე ჩვენც უნდა გავიხსენოთ, რამდენი ვართ და როგორ ვედექით ასიათასობით ადამიანი ერთმანეთს გვერდით და მხარდამხარ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს აპრილ-მაისი და გვახსოვდეს, რომ ვართ ძალიან, ძალიან ბევრნი და ჩვენ ვართ ამ ქვეყნის უმრავლესობა, ანუ ის ხალხი, ვისაც გვინდა ევროპა, მივდივართ ევროპისკენ და უნდა შევცვალოთ ამ ქვეყანაში არჩევნებით ხელისუფლება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეგობრებმაც დაინახონ დასავლეთში, ჩვენმა არაკეთილმოსურნეებმაც, მათ შორის, „ქართულმა ოცნებამაც“ დაინახოს, რომ ჩვენ აქ ვართ და პოზიცია არ შეგვიცვლია. იქნება მოწოდება, რომ წავიდეთ არჩევნებზე, დავაკვირდეთ საარჩევნო პროცესს და ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე.
_ ახალგაზრდების ასეთი აქტიურობა დიდი ნახია, არ გვინახავს. რა გავლენას იქონიებს ეს არჩევნების შედეგებზე?
_ ახალგაზრდები მაშინ ვაქტიურდებით, როდესაც ვგრძნობთ, რომ გადამწყვეტი მომენტი არის ჩვენს ხელში, როდესაც ვგრძნობთ, რომ სასწორზე მნიშვნელოვანი რამეა. ეს არ ხდება შემთხვევით. მსგავსი ხდებოდა საქართველოში სხვადასხვა დროს, ჩვენ გვაქვს წინა ხელისუფლებების ცვლილებების მაგალითები, როდესაც სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს ცვლილებების ბედი. ეს ხდებოდა ეროვნული მოძრაობის დროსაც, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში იყო მსგავსი პროცესები პოზიტიური ცვლილებისთვის. მეც მგონია, რომ დღეს ყველა გრძნობს ცვლილებების აუცილებლობას. ახალგაზრდების ჩართულობას შედეგი, რა თქმა უნდა, ექნება _ ჩვენ ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია, იგივე სოციალურ ქსელებზე მარტივად გვაქვს წვდომა. შეგვიძლია ბევრი სიარული, ბევრ ადამიანთან მისვლა, ჩვენს უნივერსიტეტებში, ჩვენს სამეგობროში, ჩვენს ოჯახის წევრებთან საუბარი და იმ ენერგიის ხარჯვა, რაც საკმარისზე მეტი გვაქვს. ჩვენი გააქტიურება წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან ბუნებრივად მოხდა, რადგან შარშანდელი მარტი გვახსოვს და წლევანდელი აპრილი და მაისი. ეს მოყვა ხელისუფლების გადაწყვიტილებას, რომ როგორღაც რუსეთისკენ წაგვიყვანონ, არადა, ჩვენ გავიზარდეთ ისეთ ქვეყანაში და იმ გარემოში, რომ ზუსტად ვიცით, ევროპული განვითარება გვინდა და არა რუსულ სამყაროში დაბრუნება. ჯენზის თაობას ძალიან კარგად გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი, ბევრი ჩვენგანის ოჯახის წევრი აფხაზეთიდან არის წამოსული… ამ ისტორიებში ვიზრდებოდით ჩვენ. ბოლო წლებში, როდესაც ევროპასთან ამოქმედდა უვიზო რეჟიმი და კიდევ მეტად დავუახლოვდით ამ სამყაროს, მივედით ჩვენი ქვეყნისთვის ნორმალური და ბედნიერი ცხოვრების კართან, ამ დროს გადაწყვიტეს, რომ ყველაფერი ხელიდან გამოგვაცალონ. ჩვენ ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებთ. ამ არჩევანზე გადის ჩვენი ყველაფერი, _ როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ და როგორი იქნება თითოეული ჩვენგანის თუნდაც ყოველდღიურობა. აქედან მომდინარეობს ჩვენი განსაკუთრებული აქტიურობა. შედარება არ შეიძლება 2020 ან 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდთან, მაშინ ეს ხალხი არ ჩანდა, იმ დროს, როგორც ჩანს, ეს მომენტი არ იდგა. როდის დგება ეს მომენტი, ამას საზოგადოება წყვეტს, პოლიტიკოსი ამას ვერ გადაწყვეტს, ვერც არასამთავრობო და ვერც ვერავინ. აპრილ-მაისში ჩვენ დავინახეთ, რომ ასიათასობით ადამიანი გამოდიოდა ქუჩაში, მსგავსი რამ იშვიათად ახსოვს საქართველოს ისტორიას. როცა მსგავსი გამოსვლები იყო, ამას აუცილებლად მოჰყვებოდა ცვლილებები. მგონია, რომ ძალიან კარგად დაემთხვა ამ საპროტესტო ტალღას არჩევნების პერიოდი. ასეთ მასშტაბურ აქციებს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება უნდა მოყვეს შედეგად, ეს ასეც მოხდება ამ ოქტომბერში. ეს არის ახლა ჩვენთვის გადამწყვეტი შანსი, ამიტომაც მივდივართ 26 ოქტომბრის არჩევნებზე დამკვირვებლებად. მე პირადად დამკვირვებელი ვიქნები ჩემს მეგობრებთან, ორგანიზაცია „12 სართულის“ წევრებთან ერთად, ჩვენს სადამკვირვებლო კოალოციასთან ერთად, სადაც არის ასევე სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ჩვენი მეგობრები, ახლობლები, მოდიან, ინტერესს გამოხატავენ. ახლა დგას ზუსტად ეს მომენტი, როდესაც საზოგადოება წყვეტს, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს და რომ ქვეყანაა გადასარჩენი. ეს მომენტია დამდგარი. ეს არის მიზეზი ახალგაზრდების ასეთი აქტიურობის.
_ აშშ-ის მხრიდან სანქციებს მოყვა ევროპარლამენტისა და ბუნდესტაგის რეზოლუციები, რაც გულისხმობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ მკაცრი ზომების, სანქციების მიღებას. რას იტყვით ამაზე? ხომ არ არის საფრთხე, რომ ამან ევროპელი ხალხის მხრიდან ქართველების მიმართ განწყობა შეცვალოს?
_ ეს ქვეყანა გადარჩება ყველანაირად და მისი იმიჯიც გადარჩება „ოცნების“ წასვლასთან ერთად. საბედნიეროდ, ასე ცალსახად არ არის სიტუაცია, ერთი ან რამდენიმე რეზოლუცია წყვეტდეს ევროპელი ხალხის, თუნდაც ევროპელი პოლიტიკოსების საქართველოსადმი დამოკიდებულებას, მათაც იციან და ჩვენც ვიცით, რომ ერთმანეთი ძალიან გვჭირდება, რადგან ჩვენ, ფაქტობრივად, ამ ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი ვართ. ეს რეზოლუციები ძალიან საჭიროა ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების წინსვლისთვის. აუცილებელია, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ახლა სწორედ ეს პროცესია, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები ყველაფერს თავის სახელს არქმევენ. ყველა საკითხზე შეიძლება ვერ შეთანხმდე, მაგრამ ის, რომ ოლიგარქიული რეჟიმია და უნდა დასანქცირდეს ყველა, ვინც ამ ქვეყნის რუსეთისკენ სვლაში მონაწილეობს, ეს ცალსახაა. ეს რეზოლუციები სჭირდება დემოკრატიას, სჭირდება ჩვენს ევროპულ განვითარებას, თუმცა როდესაც შეიცვლება ხელისუფლება და ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ 26 ოქტომბერს სწორედ ეს გავაკეთოთ, მგონია, რომ ყველაფერი დაუბრუნდება თავის ადგილს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც ევროპული ტურნედან დაბრუნების შემდეგ სწორედ ეს განაცხადა, რომ მან ევროპელი ლიდერებისგან, პრეზიდენტებისგან მიიღო მტკიცე გარანტიები, რომ შეჩერებული ევროინტეგრაციის პროცესი არის დროებითი და როდესაც საქართველოს ეყოლება პროდასავლური ხელისუფლება, ქვეყანა დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას. იგივე ღიად განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა ჩიხში ეს პროცესი და როდესაც ეს შეიცვლება, საქართველო პირდაპირ დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას. ეს მოხდება ძალიან სწრაფად და ისე შეიცვალა უკვე გეოპოლიტიკური ვითარება, ეს უკვე აღარ არის შორეული პერსპექტივა.
_ რას იტყვით „ქართული ოცნების“ შიშებზე დამყარებულ პროპაგანდაზე, რომ „ევროპა გვართმევს ტრადიციებს და გვითრევს ომში“? რამდენად აქვს ამას გამოძახილი ხალხში?
_ „ქართული ოცნება“ დღეს ხავსს ეჭიდება. ის, რომ ჩვენ ტრადიციების დავიწყებასა და ომის დაწყებას არავინ გვთხოვს, ამას ხვდება პატარა ბავშვიც კი, ეს ყველასთვის ნათელია. გეთანხმებით, ეს არის ასეთი სენსიტიური თემები, რაზედაც ამყარებენ იმედს, თუმცა ძალიან ბევრს ვსაუბრობ ჩემი ასაკისა და უფროს ადამიანებთან, მაგრამ ვერ ვხედავ, რომ ეს პროპაგანდა ვინმეზე მუშაობდეს. ყველამ იცის, რომ ევროპა გვიღებს ჩვენი ტრადიციებით და ჩვენი კანონებით. იგივე არატრადიციულ ქორწინებასთან დაკავშირებით, ევროპაში არის ქვეყნები, სადაც არ არის ეს დაკანონებული. რამდენიმე ქვეყნის მაგალითი არსებობს, მათ შორის, ხორვატიის, სადაც ხალხმა რეფერენდუმით გადაწყვიტა, რომ არ სურს ეს და არ არის დაკანონებული. ევროკავშირში ისე არ არის, როგორც ბიძინას საქართველოში, რომ როგორც მას უნდა, აუცილებლად ისე იქნება, არა, იქ ხალხი წყვეტს, ეს არის მართლა დემოკრატია. იქ ხალხის სიტყვა არის კანონი, შესაბამისად, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების ვალდებულება არ არსებობს. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ჩვენს ტრადიციებს, ისტორიასა და კულტურას პატივს სცემენ. ამის დადასტურებაა თუნდაც ის, რომ მათ დააფინანსეს არაერთი ჩვენი ეკლესია-მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ამ პროპაგანდას საფუძველი არ გააჩნია, ეს არის სისულელე, რომელსაც ცდილობენ, რომ თავს მოგვახვიონ, მაგრამ ჩვენი ძალიან ჭკვიანი, კარგი მოსახლეობა, მისი უდიდესი უმრავლესობა, ამას არ დაიჯერებს. ომში ქვეყნის ჩათრევა კი წარმოუდგენელია, ვინმეს უნდოდეს, მით უმეტეს, რომ მილიონებს დებენ, რომ ეს ქვეყანა განვითარდეს და წინ წავიდეს. დარწმუნებული ვარ, ამ სისულელესაც არავინ დაიჯერებს. საქართველოსთვის მშვიდობის გარანტია არის ზუსტად ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა.
_ როგორც ცნობილია, აქციების დროს მოქალაქეების მიმართ ძალადობის გამო აშშ-ის მიერ სანქცირებული სპეცრაზმის უფროსი, ზვიად ხარაზიშვილი არჩევნების დღეს სამართალდამცველების მონიტორინგის ჯგუფებს უხელმძღვანელებს, აქედან გამომდინარე, რამდენად გაქვთ მოლოდინი და განცდა, რომ არჩევნების დღეს ან წინასაარჩევნო პერიოდში იქნება ძალადობების სერია, თუ უკვე ამას ვეღარ გაბედავენ?
_ რა თქმა უნდა, მათი მხრიდან იქნება დაშინების მცდელობები, მაგრამ ვფიქრობ, ეს ყველაფრი ჩვენ ქართულმა საზოგადოებამ უკვე გავიარეთ აპრილ-მაისში. არავის ეშინია მათი დაშინების მეთოდების, ეს მეთოდები არის მოძველებული, ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლება და წინა ხელისუფლებაც იყენებდა მას, მაგრამ ამან მათაც ვერ უშველა. ჩვენ, ვინც აქციებზე ვიდექით, გააზრებული გვაქვს, რისთვის ვიბრძვით, არჩევნებზე წასვლაც არის ამ პროტესტის ერთგვარი გამოხატულება. მით უმეტეს, სანქცირებული ხელისუფლების არ გვეშინია და სანქცირებული ადამიანები საქართველოში არ უნდა იყვნენ თანამდებობებზე. ჩვენ ამ ყველაფერს 26 ოქტომბერს ერთად შევცვლით და დავიცავთ საქართველოს ევროპულ მომავალს!