ეს არის ხალხის ბრძოლა, რომელიც გამარჯვებით დამთავრდება
კვირას, დღის 3 საათზე, მოპარული ხმების დასაცავად საქართველოს პალამენტის წინ მოქალაქეები, პოლიტიკოსები, მომღერლები, მსახიობები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შეიკრიბნენ. ყველა მათგანი ერთი მიზნისთვის გაერთიანდა _ დაიცვას საკუთარი ხმა, ღირსება და საქართველოს მომავალი.
მასობრივ საპროტესტო აქციამდე ერთი კვირით ადრე კი პოლიტიკოსებისგან მოწოდებები ისმოდა, თუ რატომ უნდა მისულიყვნენ აქციაზე მოქალაქეები.
რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული იყო ე. წ. კედელი _ „თამარ ჟვანიას გაყალბების ეროვნული მუზეუმი“, სადაც გამოფენილი იყო იმ ადამიანების ფოტოსურათები წარწერებით, რომელთაც უშუალოდ მიუძღვით წვლილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასა და ხალხის ხმების მოპარვაზე.
თბილისის პარალელურად გაყალბებული არჩევნები საქართველოს მოსახლეობამ ბათუმშიც გააპროტესტა. ბათუმის დრამატულ თეატრთან შეკრებილი ხალხის მოთხოვნაც იდენტური იყო: გადადგეს თამარ ჟვანია და ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.
ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლებას სამი მოთხოვნით მიმართა. მოთხოვნები პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ელენე ხოშტარიამ გააჟღერა:
- ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები;
- გადადგეს თამარ ჟვანია და კომისიები სამართლიანი წესით დაკომპლექტდეს;
- განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.
მოთხოვნების შემდეგ ხოშტარიამ ოლიგარქ ივანიშვილს წამმზომი ჩაურთო და დრო 20:00 საათამდე მისცა, თუმცა უმრავლესობის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას აბსურდული უწოდა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს ულტიმატუმის შესრულებას.
„იმედი მაქვს, ისინი ძალიან მალე თავადვე გაათვითცნობიერებენ თავიანთი მოთხოვნების აბსურდულობას და მიხვდებიან, რომ პოლიტიკურ ჩიხში აღმოჩნდებიან. იმედი მაქვს, დაუბრუნდებიან საარჩევნო რეჟიმს და მოგვიანებით საპარლამენტო ცხოვრებას“, _ განაცხადა გიორგი კახიანმა.
აქციის მსვლელობას მომღერალი სოფო ბათილაშვილი შეუერთდა და თავისი სათქმელი სიმღერით გადმოსცა. მუსიკალური პროგრამა კი მოგვიანებით ლექსენმა გააგრძელა.
„მეამაყება, რომ თქვენი თანამემამულე ვარ. ჩვენს სამშობლოს ასეთი ბიჭები და გოგოები სჭირდება, თქვენ რომ ხართ“, _ ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა, მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს და თავისი რეპერტუარიდან რამდენიმე სიმღერა შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ აქციები თბილისისა და ბათუმის პარალელურად, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც იმართებოდა. ქართველი ემიგრანტები მოპარულ არჩევნებს აპროტესტებენ.
აქციაზე, ერთი დღით ადრე, მისვლისკენ მოუწოდებდა თავის თაყვანისმცემლებს მომღერალი ნინო ქათამაძეც.
მისი თქმით, ეს არის ფასეულობების ბრძოლის დღე.
„ჩვენვე უნდა გადავწყვიტოთ, როგორი ცხოვრება გვინდა. შვილების ბედნიერებით განათებული ქვეყანა, ფერადი სახლები, ყვავილებით სავსე ქუჩები, მუსიკით და ლექსებით სავსე საღამოები, თუ ნაცრისფერი კედლები, უბედური მშობლები, გაძარცული სახლები, ბნელი ღამეები, მკვდარი ყვავილები… ჩვენი ფასეულობებისთვის ბრძოლის დღეა. თუ ვერ შეძლებთ მოსვლას, ფანჯრები გააღეთ, დარაბები გახსენით, აივნებიდან ყვავილები შემოგვაგებეთ. მართლაც ისტორიული დღეა, არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ჩვენი ცხოვრებისთვის. ბედნიერების მაგალითებისთვის. გთხოვთ! გთხოვთ! გემუდარებით! დაე, ხვალ იყოს ყველაზე ნამდვილი ღირებულებების დღე! მიყვარს ჩემი კეთილი გულების სამშობლო. აქ აღარ არის მოღალატეების ადგილი, რადგან ჩვენი შვილები სიყვარულის ერთგულებით გავზარდეთ და მათ ვეღარ ვუღალატებთ“, _ განაცხადა მომღერალმა.
აქციაზე იმყოფებოდა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც მოსახლეობას სიტყვით მიმართა:
„ჩვენ დღეს ვდგავართ აქ გაბრაზებულები, ჩვენ ვდგავართ აქ შეურაცხყოფილები და ცოტა გაოცებულებიც, რადგანაც ვერც ერთი გაკვეთილი ვერ ისწავლა ამ ხალხმა ისტორიის; ვერ ისწავლა იმის გაკვეთილი, რომ ქართველ ხალხს ვერ დაამონებს. ეს თვალნათლივ ჩანდა მთელი ჩვენი ქვეყნის ისტორიის მანძილზე. როგორ შეიძლება ამ ხალხის ხელისუფლება გერქვას და საერთოდ ვერ გრძნობდე ამ საზოგადოებას?! როგორ შეიძლება, საკუთარ თავს ამ ხალხის მთავრობას უწოდებდე და საერთოდ არ იცოდე მისი ისტორია?! ჩვენ აქ ვდგავართ ამდენი წლის განმავლობაში და არც ერთხელ არ წაუგია ქართველ საზოგადოებას. როგორ შეიძლება, ეს არ იცოდე?! კიდევ კარგი, აქ ვდგავართ არა მხოლოდ ის ხალხი, ვინც 30 წლის წინათაც აქ ვიყავით, არამედ მე ვხედავ იმ ახალგაზრდობას, რომელსაც გადავაბარებთ ჩვენს მომავალ ხელისუფლებას. მე მინდა მივმართო არა მარტო ამ მიტინგს, არამედ იმ ხალხს, ვინც ტელევიზიით გვისმენს, მინდა მივმართო იმ ხალხს, ვინც „ქართული ოცნება“ შემოხაზა: კიდევ კარგი, რომ ჩვენ დღეს აქ ვდგავართ, ჩვენი პროტესტი რომ არ ყოფილიყო, რა საქართველოში გაიღვიძებდა საქართველო?! ყველა მოქალაქე იმ საქართველოში გაიღვიძებდა, სადაც აი, ის მოკრიმინალო, ისტერიული დამნაშავეები მიადგებოდნენ და რასაც უნდოდათ, მოსთხოვდნენ. იმ საქართველოში გაიღვიძებდნენ, სადაც უსამართლობა იქნება დაწესებული ფორმა. ეს ყველას შეეხებოდა, არ აქვს მნიშვნელობა, რა შემოხაზა. გვინდა ასეთ საქართველოში ცხოვრება?! გვინდა, წავიდეთ უკან?! მე მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც ტელევიზორში უყურებენ აქციას და თავისი იდეები აქვს, თუ რა უნდა გააკეთოს და რა ნაბიჯები გადადგას ოპოზიციამ. ოპოზიციამ დღეს აჩვენა უპრეცედენტო ერთობა, პრინციპულობა, ოპოზიციამ აჩვენა ის, რასაც წლების განმავლობაში ვითხოვდით მისგან, მან დაიცვა მოქალაქის ხმა. ოპოზიციამ აჩვენა, რომ არ გაიყიდება არც ერთ გადმოგდებულ ლუკმაზე და მეტი რა უნდა აჩვენოს ოპოზიციამ?! თუ გუშინ ოპოზიცია შემოხაზე, დღეს აიღე და ენდე მათ ლიდერებს. ან მათ გვერდში დადექი ან გაჩუმდი“, _ განაცხადა მარგველაშვილმა.
„ქრონიკა+“ მთელი დღის განმავლობაში მოვლენების ეპიცენტრში იყო და გთავაზობთ ოპოზიციონერი ლიდერების კომენტარებს:
ალეკო ელისაშვილი, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი:
_ დავაკვირდეთ ჩვენს ისტორიას, როდის და სად ვმარცხდებოდით და რატომ არის, რომ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე აღარ ვართ და აგერ, შუაგულ ქართლშია ღობე შემოვლებული. რატომ? _ იმიტომ, რომ ხშირად ერთმანეთის ქიშპი გვერჩივნა ქართველებს. ეს დღეები გაისმის: იმასთან ნუ დადგები, ამასთან ნუ დადგები, ამას ნუ იზამ, ამას ხელი არ ჩამოართვა, იმას არ მიესალმო. დიდი საფრთხის წინაშეა საქართველო და ამ საფრთხეში მომავალს გვართმევენ. ამ საფრთხეში უნდა გადავდოთ აქ მდგომნი, ვის ვინ გვეხატება გულზე და ვის ვინ არ გვეხატება, ვინ რამდენი პროცენტი აიღო და ვინ _ რამდენით ნაკლები. საქართველო არის საფრთხეში და ერთხელ და სამუდამოდ ერთ მუშტად უნდა შევიკრათ, ვაჩვენოთ მტერს და ვაჩვენოთ მოყვარეს, რომ ჩვენ თავისუფლებას არ დავთმობთ! ჩვენი ბრძოლა არის სამართლიანი, ჩვენ ვითხოვთ პატიოსან არჩევნებს. დიდი ბრძოლა, დიდი ჯანჯღარი გველის, დიდი დაძაბულობა, მაგრამ მგონი, მზად ვართ.
ნიკა მელია, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი:
_ დღეს ჩვენ აქ ნამდვილი ისტორიის სწორ მხარეს მდგარი, თავისუფალი საქართველო შევიკრიბეთ, ჩვენი დიდი ხალხისა და ქვეყნის ამაყი და უდრეკი შვილები შევიკრიბეთ, მაგრამ ძალიან, ძალიან განრისხებული შვილები შევიკრიბეთ იმიტომ, რომ ჩვენი წინამორბედი თაობების მთელ მონაპოვარს წყალში გადაყრას უპირებს ოლიგარქი. იგი თავისუფლებას გვინადგურებს, ქვეყანას გვპარავს, მომავალს ძარცვავს…
დღეს აქ რეალური საქართველოა. ეს არის ნამდვილი სახალხო კრება მრავალეთნიკური ქართველი ხალხისა, რომელიც აცხადებს ივანიშვილის რეჟიმს არალეგიტიმურ ხელისუფლებად. მის ფარსად ქცეულ არჩევნებს ვეუბნებით უარს! მის მიერ დაწერილ შედეგებს ვეუბნებით უარს!
გიგი უგულავა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი:
_ როცა არჩევანს მოგპარავენ, ჩვენი ვალდებულებაა ყველამ ერთად, ყველა პოლიტიკოსმა, დავანახოთ საზოგადოებას, რანი ვართ ჩვენ პარტიების მიღმა, იმიტომ, რომ ეს ბრძოლა აღარაა პარტიული ბრძოლა, იმიტომ, რომ პარტიული ბრძოლა და არჩევნები წაგვართვეს. ამიტომ ეს არის ხალხის ბრძოლა, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დამთავრდება. მეგობრებო, უნდა გვესმოდეს, რამხელა ნაძირალებთან გვაქვს საქმე, ამ ადამიანებმა, იმიტომ, რომ საკუთარი პროპაგანდისტული არხების ეთერზე დაეწერათ „გარეჯი საქართველოა“, ამისთვის ორი ადამიანი ჩასვეს ციხეში. მარტო ამიტომ! გარეჯი საქართველოა, მაგრამ თქვენ არ ხართ საქართველო. თქვენ ხართ უცხო, უბედურება, შავი ჭირი, რომელსაც ქართველი ხალხი ჩამოირეცხავს.
მამუკა ხაზარაძე, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი:
_ დღეს „ლელო“, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, შეიკრიბა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ტყუილი, ვერავინ გაბედოს თავისუფალი მოქალაქისთვის ხმის წართმევა. დღეს ჩვენ სხვადასხვა პარტიას წარმოვადგენთ, მაგრამ ყველაზე დიდი პარტია არის საქართველო. ჩვენ უნდა ავმაღლდეთ თითოეული პარტიის დონიდან და ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანაზე! ქვეყანაზე, რომელიც გამუდმებით იბრძვის თავისუფლებისთვის და ბედისწერად აქვს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა.
ბრძოლა იქნება უკომპრომისო იმიტომ, რომ ბრძოლა ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხვალინდელ დღეს და ამ ბრძოლას ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ. დღეს ილიას დაბადების დღეა. დიახ, ამდენი ხნის მერე კიდევ აქტუალურია მთავარი საკითხი, _ ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა? გვეკუთვნის ჩვენ ეს ქვეყანა? აქ დგომით ვამბობთ, რომ ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ და არავის დავუთმობთ! არც თავისუფლებას დავუთმობთ არავის.
ქვეყნის დამონება იწყება ადამიანის შეშინებით, ქვეყნის დამონება იწყება ყველაზე მთავარი, ღმერთისგან ბოძებული სიტყვის წართმევით, ხმის წართმევით. მე გეუბნებით, რომ ყველა ხმა იქნება დაცული. ჩვენ გვჭირდება ერთიანობა! ქართველებო, გვჭირდება სამართლიანი სახელმწიფო, გვჭირდება სამართლიანი სასამართლო და კანონის უზენაესობა, თუ გვინდა, რომ ამოვიდეთ ამ მენტალური და ეკონომიკური ჭაობიდან.
მითხრეს, რომ ამ არჩევნებზე პირველად მოვიდა, დაახლოებით, 80 ათასი ახალგაზრდა და ხმა მისცა. 80 ათასი ჩვენი შვილი პირველად მონაწილეობდა არჩევნებში. გეკითხებით, რა უნდა ვუთხრათ ამ შვილებს? გავატაროთ? რა უნდა ვუთხრათ ამათ, ვითომ არაფერი მოხდა? ასე არ გამოვა! ჩვენ თითოეული ამ შვილის ხმა უნდა დავიცვათ. ამ პარლამენტში არავინ შევა იმიტომ, რომ მოღალატეებთან, ხმის ქურდებთან საქმე არასდროს უნდა დაიჭირო, თუ გვინდა, რომ მომავალი თაობა ამ გაჭირვებიდან გამოვიდეს, თუ გვინდა, რომ ქვეყანა განვითარდეს, თუ გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ თავისუფალი ვიყოთ, ევროპული ქვეყანა, უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე. თავისუფლება არ არის ერთჯერადი აქტი, თავისუფლება ყოველდღიური ბრძოლაა. ჩვენ ამ ქვეყანას არ დავუთმობთ არც ბიძინას, არც „ოცნებას“, არც რუსეთს! გაუმარჯოს ნაღდ, გულანთებულ საქართველოს!
დავით ბერძენიშვილი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი:
_ დღევანდელ ოპოზიციას ქართველმა ხალხმა მოგვცა ხელისუფლებაში ყოფნის, ქვეყნის მართვის მანდატი. მანდატი მისცა ქართველმა ხალხმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსაც, _ ოპოზიციაში ყოფნის მანდატი და უნდა იცოდეს პოლიტიკურმა პარტიამ, მისმა ამომრჩეველმა, რომ თუ არ შეგიძლია იყო ოპოზიციაში, მაშინ არ ხარ პოლიტიკური ორგანიზაცია, მაშინ აორთქლდები, როგორც აორთქლდა „მოქალაქეთა კავშირი“, „აღორძინება“ და სხვ.
ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა თქვა, რომ არ ვყოფთ ამერიკას წითლებად და ლურჯებად, არც ჩვენ ვყოფთ საქართველოს წითლებად და ლურჯებად, ყვითლებად, ნარინჯისფერებად, მრავალფეროვნება ერთიანობაში, ერთიანობა მრავალფეროვნებაში, _ ეს ვართ ჩვენ, ჩვენი ქვეყანა.
ამოიწურა ივანიშვილის დრო და როდესაც ქართველი ხალხი ხელისუფალს ეუბნება „ნახვამდის“, ან ისწავლე ოპოზიციაში ყოფნა, ან _ გაგვეცალე! ქართველი ხალხის არჩევანი დადასტურებულია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ, ევროპისა და ამერიკის მიერ და ის იქცევა არჩევნად. მივმართავ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს: მოგვეხმარეთ ქართველი ხალხის არჩევანის დასაცავას!
ჩემს ადგილზე და ჩემი თაობის წარმომადგენლების ადგილზე ვინც ამ ტრიბუნასთან დგას, შეიძლება რელევანტური იყოს კითხვა, _ არ გრცხვენია, ისევ აქ, ათეული წლების განმავლობაში, 30 წელზე მეტი გავიდა, ისევ ქუჩაში ისევ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში?! სუსტები აღმოვჩნდით, მაგრამ მოგიტანეთ ფერი რუკაზე ახალგაზრდებს და გეხმარებით, რომ თავისუფლებაც მიიღოთ. დამოუკიდებლობა ჩვენ მოგიტანეთ, თავისუფლება თქვენ უნდა შექმნათ! ჩვენ ვიცით, რომ ბრძოლა იქნება ხანგრძლივი. თავი არ მოვიტყუოთ, ჩვენ ამ შეკრებით ხელისუფლებას უკვე ვაზანზარებთ, მაგრამ მას ჩვენ ჯერ ვერ ვამარცხებთ. ჩვენ ბრძოლა გვექნება მშვიდობიანი, პრინციპული!
თინა ბოკუჩავა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი:
_ ივანიშვილმა ვერა და ვერ შეიცნო საკუთარი ხალხი, ვერა და ვერ გაიგო, რომ ქართველი ხალხი ამ უსამართლობას არ შეეგუება. არ შევეგუებით წართმეულ არჩევნებს, წართმეულ მომავალსა და თავისუფლებას, ვიბრძოლებთ ბოლომდე. აქ შეკრებილი ადამიანები ვითხოვთ ხელახალ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ამის მისაღწევად გადავდგამთ ყველა სამართლებრივ და პოლიტიკურ ნაბიჯს. ჩვენ ვითხოვთ ნანა დევდარიანად ქცეულ თამარ ჟვანიას გადაყენებას, ის გახდა გაყალბებული არჩევნების სიმბოლო. თამარ ჟვანია უნდა წავიდეს. ჩვენ ვითხოვთ ცესკოს და ყველა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას ნორმალური პროფესიონალებით და არა არჩევნების გამყალბებლებით, რომლებმაც ელემენტარული არითმეტიკაც კი არ იციან და 7-ჯერ შესწორებულ ოქმებსაც ვერ სვამენ.
დავით ბაქრაძე, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი:
_ დღეს აქ დგას როგორც არასდროს გაერთიანებული ბევრი პარტია, დღეს აქ დგას როგორც არასდროს გაერთინებული ქართველი ხალხი, რომელიც არ ეკუთვნის არც ერთ პარტიას, რომელიც ეკუთვნის საქართველოს, რომელიც იბრძვის საქართველოსთვის და რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველოსთან ერთად. დღეს ჩვენ ყველა ვიბრძვით საქართველოსთვის ქართულ პოლიტიკაში, სადაც, სამწუხაროდ, დღემდე პოლიტიკოსები იბრძოდნენ და იბრძვიან საკუთარი პრივილეგიებისთვის, საკუთარი სკამებისთვის, საკუთარი შემოსავლებისთვის. მე ვარ ამაყი, რომ ამ სცენაზე ვდგავარ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც უარი თქვა პრივილეგიებზეც, პარლამენტარობაზეც, ამ შენობაში შესვლაზეც იმიტომ, რომ არ შეიძლება, უსამართლოდ აიწყო შენი ცხოვრება, არ შეიძლება დადგე ტყუილის მხარეს, შენი ქვეყნის დანგრევის მხარეს და ის, რაც გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, ეს არის ამ ქვეყნის და ამ ქვეყნის მომავლის დანგრევა. სწორედ ამიტომ ჩვენ დღეს ვართ ის ხალხი, ჩვენც და თქვენც ერთად, რომელიც არაფერს ითხოვს თავისთვის, რომელმაც დათმო ყველაფერი თავისთვის და ერთად დადგა საქართველოს მომავლისთვის ბრძოლაში და თუ ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი აქვს და აუცილებლად ყველას გვჯერა, რომ ამ ქვეყანას მომავალი აქვს, აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში.
ივანიშვილისთვის, „ქართული ოცნებისთვის“, ჟვანიასთვის თქვენ ხართ უბრალოდ რიცხვები, რიცხვები, რომელიც შეიძლება გადაკეთდეს: 1 უდრის 3-ს, 4 უდრის 9-ს, მაგრამ ერთი არ უდრის 3-ს, არც 4 უდრის 9-ს და ქართველი ხალხი არ უდრის ოლიგარქს და „ქართულ ოცნებას“. ეს უნდა დავინახოთ ყველამ დღეს, რომ ქართველი ხალხი არ უდრის დაშინებას, ქუჩის კრიმინალს, მოსყიდვას და 50 ლარს, იმ უიმედობას და ჭაობს, რომელშიც ყველას გვითრევს ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, ამას ვაჩვენებთ როცა ამდენი ადამიანი გამოვედით. ამიტომ რაც არ უნდა ჩაახშონ ინტერნეტსიგნალი, დრონების გაშვების საშუალება არ მოგვცენ, რომ იფრინონ და საქართველომ დაინახოს, რამდენი ვართ, ეს არ უშველით, რადგან დღეს აქ თქვენთან ერთად დგას სიმართლე, ღირსება, საქართველოსა და ჩვენი შვილების მომავალი და მეორე მხარეს დგას ქურდობა, ჭაობი, უიმედობა, ამიტომ ღირსეულად გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში.
ეს არ არის პარტიული ბრძოლა, ეს არ არის ლიდერების ბრძოლა, არ არის სავარძლებისთვის ბრძოლა, ჩვენ ყველაფერზე უარი ვთქვით, გვერდზე გადავდეთ განსხვავებებიც, დაპირისპირებებიც, ეს არის ბრძოლა თითოეული თქვენგანისთვის, ვინც დღეს ტელევიზორთან უყურებთ ამ ყველაფერს, ეს არის ბრძოლა თქვენი და თქვენი შვილებისთვის, რომ მათ არ იცხოვრონ იმ ქვეყანაში, საიდანაც თურქეთსა და პოლონეთში მოუწევთ პლანტაციაში და მაღაროში გაქცევა სამუშაოდ, რომ არ იცხოვრონ იმ ქვეყანაში, სადაც 30 წლის შემდეგ ისევ ისე აარჩევინებენ „ქართულ ოცნებას“, როგორც თქვენ აგარჩევინეს „ქართული ოცნება“. ეს ბრძოლაა დღეს, ამიტომ ყველა უნდა ჩაებათ, ყველა გამოხვიდეთ და ერთიანად გავიმარჯვოთ.
გიორგი საკარული