ემზარ ქვარიანი თინა ხიდაშელს: „თავდაცვის სამინისტროში ისე იქნები, როგორც თხა კონცერტზე!“
„მებრძოლ პატრიოტთა კავშირის“ თავმჯდომარე, ვეტერანი ემზარ ქვარიანი „ქრონიკა+“-სთან ქვეყანაში ბოლო დროს განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ეხმიანება. კერძოდ, „რესპუბლიკელი“ თინა ხიდაშელის თავდაცვის სამინისტროში პირველი რანგის ჩინოსნად წარდგენას, არაადეკვატურ ქმედებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ: „შემირცხვენია ისეთი საქართველო, თინა ხიდაშელის მეტს რომ თავდაცვის მინისტრად ვერ ნახავენ! კიდევ ერთხელ დასცინეს და აბუჩად აიგდეს ქართველი საზოგადოება. საგარეჯო ხომ ააყვავა, და ახლა თავდაცვის სისტემას ააშენებს. სამწუხაროდ, რაც დრო გადის, უფრო ვრწმუნდები, რომ ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს და უფრო მეტიც, ნეტავ, ვიცოდე ასე ძალიან ვინ დაწყევლა საქართველო, რომ თინა ხიდაშელის მეტი გასამინისტრებელი, ისიც თავდაცვის უწყებაში, ვერავინ ნახეს?! მთელი ამ უბედურებისა და, მართლა, უთავობის მიზეზი – ამერიკის საელჩოა და ოდესმე დავფიქრდებით, საით მივდივართ და მიდის ჩვენი ქვეყანა?!“ – განუცხადა „ქრონიკა+“-ს ემზარ ქვარიანმა.