ელისაბედ II უინძორი: „თუნდაც ყველაზე ბნელ ღამეებშიც არის იმედი განთიადისა“

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მმართველმა დედოფალმა, ელისაბედ მეორემ, ყოველწლიურ სადღესასწაულო მიმართვაში ყურადღება გაამახვილა პანდემიასა და მისგან შექმნილ გამოწვევებზე.

მისმა სამეფო უდიდებულესობამ აღნიშნა, რომ  არსებული მდგომარეობის გამო ის, რაც ადამიანებს წლევანდელი შობის დღესასწაულზე ყველაზე მეტად სურთ, ერთმანეთთან სიახლოვეა.

„რასაკვირველია, ბევრისთვის შობის დღესასწაული სევდით იქნება შეფერილი – ზოგი დაკარგულ ძვირფასს ადამიანებს გლოვობს, ზოგს მეგობრები და ოჯახის წევრები ენატრება, რომლებთანაც, უსაფრთხოების გამო, განცალკევებით უწევს ყოფნა. თუ თქვენ მათ შორის ხართ, იცოდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ. ის, რაც ბევრ ადამიანს ამ წელს შობისთვის სურს, უბრალოდ, ჩახუტება ან ხელის ჩაჭიდებაა, მაგრამ თუნდაც ყველაზე ბნელ ღამეებში არის იმედი განთიადისა.

აღსანიშნავია, რომ წელმა, რომელმაც ერთმანეთს დაგვაშორა, მრავალმხრივ დაგვაახლოვა კიდეც. დიდ ბრიტანეთსა და მთელ მსოფლიოში ადამიანები ამ წლის გამოწვევებს შესანიშნავად გაუმკლავდნენ და მე ამაყი ვარ ამ შეუპოვარი სულისკვეთებისთვის“, – განაცხადა ბრიტანეთის დედოფალმა.

ნენე ინჯგია