ეთერ ჭყონია-ლამორისი: „ფიქრიც კი ვერ დავუშვი რუსეთში წასვლაზე“
გიორგი საკარული
ხელოვანთა ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. დიდი არჩევანი არ ჰქონდა, თუმცა ძნელი მისახვედრი არ იყო, თუ რა გზას გაჰყვებოდა. შესაბამისად, ბევრი არც უფიქრია და ეთერ ჭყონიამ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალურ ფაკულტეტზე. დიდი გავლენა ჰქონდა დედას, ოპერის ცნობილ მომღერალს, ლამარა ჭყონიას. ამბობს, რომ იგი ძალიან მკაცრი იყო და მისგან ბევრი რამ ისწავლა. მამა კი გახლდათ ბალეტის მოცეკვავე, მორის ლეკიაშვილი.
საქართველოში სამოქალაქო ომისა და ჩამკვდარი შემოქმედებითი ცხოვრების გამო ეთერ ჭყონია-ლამორისს საზღვარგარეთ გამგზავრება მოუწია. სწორედ აქედან იწყება ქართველი ვარსკვლავის გზა წარმატებისკენ. ის იმ ქართველ ხელოვანთა შორისაა, რომელთაც ჩვენს ქვეყანას მსოფლიო მასშტაბით გაუთქვეს სახელი.
„ქრონიკა+“-ს მსოფლიო ვარსკვლავი იმ ძირითად, მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ საკითხებსა და კარიერულ წარმატებაზე ესაუბრება, რომელიც მან საზღვარგარეთ მოღვაწეობისას დააგროვა:
_ ქალბატონო ეთერ, თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ (როდესაც პროფესიის არჩევაზე მიდგა საქმე), მე არჩევანი არ მქონდა. ბავშვობასა და მოზარდობაში სიმღერის გარდა, ყველაფერი მიტაცებდაო. მათ შორის, როგორც ვიცი, აქტიურად იყავით დაკავებული სპორტით. რას ნიშნავს, არჩევანი არ მქონდა? მშობლები ერეოდნენ თქვენს არჩევანში?
_ დიახ, მე არჩევანი არ მქონდა. მოზარდობის დროს სიმღერის გარდა მართლაც ყველაფერი მიტაცებდა: ფერწერა, კინო, თეატრი… საკმაოდ სერიოზულად ვიყავი დაკავებული ჩოგბურთით, ახალგაზრდული ნაკრების რიგებში პირველი თანრიგი მქონდა… გარკვეულ მომენტში მშობლები შეშინდნენ კიდეც, რომ ეს ვოკალს ხელს შეუშლიდა, ამიტომ სასწრაფოდ ჩამომაშორეს სპორტს. მე მაშინ არავინ მეკითხებოდა. მშობლების რწმენას, რომ მე აუცილებლად უნდა მემღერა, აძლიერებდა ჩემი ბუნებრივი საუკეთესო მონაცემები.
_ ოდესმე გინანიათ მშობლების გადაწყვეტილება და შემდეგ უკვე თქვენი ნების საწინააღმდეგოდ წასვლა?
_ ჩემი ნების რადიკალურად საწინააღმდეგოდ არ იყო. უბრალოდ, ეტყობა, იმდენად ბევრი იყო ჩვენს ოჯახში მუსიკა, რომ ინსტინქტურად მინდოდა, ყურს დაესვენა. ახლა უკვე მესმის, რომ მძიმე დროს დაემთხვა ჩემი კარიერის დასაწყისი, ანუ 90-იანებს და ელემენტარულად შეიძლებოდა, ვერ გადავრჩენილიყავი ან ძალიან დიდ მატერიალურ განსაცდელში ჩავვარდნილიყავი. ამიტომ ამ საქმემ გადამარჩინა, ვინაიდან უკვე რამდენჯერმე პირველი პრემიის ლაურეატი ვიყავი საქართველოს ფარგლებში და ადრე ჩამოყალიბებული, კარგად მომზადებული მომღერალი, რამაც გამატანინა თავი 500 დოლარით ჯიბეში. თან, სხვებთან შედარებით, ყველაზე ახალგაზრდა გავემგზავრე ევროპაში, კონკრეტულად კი ესპანეთში. ათმაგად მეტი მომცა ცხოვრებამ, მაგრამ მე მაშინ ჩემი ნიჭის შესახებ ბევრი არ ვიცოდი. დედა არ მათამამებდა, არც მე ვიყავი ზედმეტად თავდაჯერებული. მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსოვს, როდესაც მისაღებ გამოცდას ვაბარებდი თბილისის კონსერვატორიაში და კომისიაში მოწვეული მოსკოვის რექტორი იყო ჩამოსული. მას ჩემზე გამოუთქვამს აზრი, რომ „საქართველოს დაებადა დიდი მომღერალი“. იგივე გაუმეორა დედაჩემს, ლამარას. გაოცებული ვიყავი და ამან მომცა სტიმული.
_ საინტერესოა, რომ არა მომღერალი, დღეს ვინ იქნებოდა ეთერ ჭყონია-ლამორისი? წარმატებული სპორტსმენი?
_ არა, სპორტში დიდი მონაცემები არ მქონია. უფრო მხატვარი ვიქნებოდი ან მსახიობი. ალბათ, ორივე დარგში კარგი, ვინაიდან იქაც მქონდა მონაცემები. რამდენად კარგი, ეს უკვე არ ვიცი.
_ სიტყვამ მოიტანა და რა ისტორია უკავშირდება თქვენს სასცენო სახელ ლამორისს?
_ ესპანეთში მეორე კონკურსში გამარჯვების შემდეგ მომიახლოვდა ჟიურის პრეზიდენტი და მითხრა, რომ დიდი მომავალი მქონდა, ოღონდ გვარი უნდა გამომეცვალა. ასო ჭ-ს ევროპელები სამი თანხმოვანი ასოთი წერდნენ, ამიტომ ჭყონია მათთვის ჟღერდა, როგორც თჩკონია. ამას ემატებოდა ისიც, რომ ესპანურ ენაზე ჩემი გვარის ფუძე უწმაწურ სიტყვას ნიშნავდა. ლამორისი კი ლამარასა და მორისის კომბინაციაა. საერთოდ, ძალიან ბევრი მსახიობი და მუსიკოსი ატარებს ფსევდონიმს, მაგრამ ამის გამო არცერთი მათგანი თავის ნაციონალობას არ კარგავს. მე ბიოგრაფიაშიც ასე მიწერია და მასმედიაც ისე მომიხსენიებს, როგორც ქართველ მომღერალს. თან ასეთი გვარი არ არსებობს. არც იტალიურ გვარს ჰგავს, როგორც უმეტესი უცხოელი მომღერალი ირჩევს და არც ინტერნეტში ფიგურირებს.
_ საკმაოდ მძიმე წლებში დატოვეთ საქართველო. რა იყო ის მთავარი მიზეზი, რის გამოც მოგიწიათ სახლიდან წასვლა და ქვეყნის დატოვება?
_ ჯერ კიდევ მაშინ გაავრცელეს საქართველოში ხმები, რომ თურმე დედა – ლამარა ჭყონია _ მიწყობდა ხელს ჩემს წარმატებებში. მახსოვს, გავბრაზდი და გადავწყვიტე, დასავლეთ ევროპაში დამემტკიცებინა, რომ მე ჩემი ნიჭი, სახე და ინდივიდუალობა მახასიათებდა. მით უმეტეს, ლამარა, როგორც პედაგოგი, თავად მიმტკიცებდა ამას. რამდენიმე წელიწადში მრავალგზის ლაურეატი გავხდი. ახლა მეცინება, რომ ვიხსენებ. უკვე კარგად ვიცი, რაც ხდებოდა კონკურსებზე. უცხოეთის საერთაშორისო კონკურსებზე დღეს უკვე თავად მიწვევენ ჟიურის წევრად და ეჭვი აღარ მეპარება, რომ ყოველთვის სამართალი არ იმარჯვებს. ჩემი გამოსვლის დროს სიჩუმე ჩამოვარდებოდა ხოლმე. როგორც კი სიმღერას დავასრულებდი, ჟიურის წევრები ქაღალდების ნერვიულად გადაადგილებას იწყებდნენ, ზოგჯერ ხმამაღალი ჩურჩულით.
იგრძნობოდა, რომ რაღაც გეგმებს ვურღვევდი. პრემიის გაცემის წინ კი ცალკე კაბინეტში იკეტებოდნენ და გაწერილი 30 წუთის ნაცვლად, საათ-ნახევარი ხმამაღლა ბჭობდნენ. სანამ „განაჩენს გამოიტანდნენ“, დარბაზში მაყურებელსაც და ყველა მონაწილეს გვალოდინებდნენ. ეს ყველაფერი ახლა ჩემში ასოციაციებს იწვევს, როგორც ზღაპრებში – ნათელი ძალები ბნელ ძალებს რომ ებრძვიან და იმარჯვებენ… იმ „საქმოსნებს“ შორის, რომლებსაც თავიანთი ფავორიტი მომღერლები ჩამოჰყავდათ, ჩემდა საბედნიეროდ, ერთი სამართლიანი ჟიურის წევრი მაინც გამოერეოდა ხოლმე და როგორც თავისიანს, ისე მიცავდა.
_ წახვედით ესპანეთში და არა რუსეთში, როგორც მრავალი სხვა ქართველი მოღერალი ან ხელოვანი, რადგან რუსულ ბაზარზე მეტად ადვილია გზის გაკვალვა და, პრინციპში, იმ პერიოდში ყველა რუსეთს აფარებდა თავს. თქვენ?
_ კარგი კითხვაა. ხშირად მილაპარაკია ჩემს მეუღლესთან, _ რა იქნებოდა, ევროპის მაგივრად რუსეთში რომ წავსულიყავი-მეთქი? როგორც ლამარას შვილი, ერთი მხრივ, უფრო ადვილად მოვიხვეჭდი სახელს, იმიტომ, რომ ლამარა ჭყონია სწორედ რუსეთსა და ყოფილ სსრკ-ს რესპუბლიკებში იყო ცნობილი, მაგრამ მაშინ რუსეთშიც საშინელი დრო იყო. ყველაფერი ინგრეოდა, ხშირი მკვლელობები ხდებოდა და ეკონომიკური კრიზისი იყო. საუკეთესო მომღერლები რუსეთიდან სწორედ ევროპაში გარბოდნენ. ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ 9 აპრილი უკვე მომხდარი იყო და მე ფიქრიც კი ვერ დავუშვი რუსეთში წასვლაზე.
_ როდის დაიწყო თქვენი წარმატებული კარიერა?
_ ალბათ, მსოფლიოში ცნობილ რეჟისორ ფრანკო ძეფირელისთან მუშაობის შემდეგ. ყველამ არ იცის და უნდა განვმარტო, რომ ის იყო დიდი, ლეგენდარული, პირველ რიგში, მხატვრული ფილმების რეჟისორი, რომელმაც სახელი გაითქვა ცნობილი ფილმით, „რომეო და ჯულიეტა“. მან შემიყვარა, როგორც მომღერალი-მსახიობი და პირადად მიკავშირდებოდა. 20 წლის მანძილზე გვქონდა თანამშრომლობა.
_ ითამაშა თუ არა დედის ფაქტორმა დიდი როლი თქვენს წარმატებულ კარიერაში?
_ მხოლოდ როგორც პედაგოგმა და თან ძალიან დიდი როლი. როგორც მომღერალი ევროპის მუსიკალურ წრეებში ლამარა ჭყონია ზოგიერთმა გაიცნო ჩემი ძალისხმევით. ყველგან მასზე ვლაპარაკობდი. ჩემი ბიოგრაფია კი მისი სახელით იწყებოდა და იწყება დღესაც.
_ რას გვეტყვით დედაზე, ქალბატონ ლამარა ჭყონიაზე? მკაცრი იყო?
_ დიახ, ძალიან მკაცრი იყო დედა. ცრემლებამდე მივყავდი, მაგრამ ისეთი ხასიათი ჩამომიყალიბდა, რომ ბოლო წლებში, როდესაც უკვე მართლა გულწრფელად მეუბნებოდა, „ძალიან კარგია, გააგრძელეო“, მე ვჩერდებოდი და ვპასუხობდი, „არა, არ ვარგა“ და თავიდან ვიწყებდი არიის სიმღერას. ბოლოს, მგონი, მე თვითონ შევიკალი დედა ხელში ჩემი სიმკაცრით.
_ ხშირად ხელოვან მშობლებს არ უნდათ, რომ შვილმა იგივე გზა გაიაროს, რაც მათ, მაგრამ თქვენს შემთხვევაში პირიქით იყო. სწორედ დედას უნდოდა, რომ გემღერათ. რა რჩევებს გაძლევდათ, რა ცხოვრებისეული გაკვეთილები მიიღეთ მისგან, რომელიც შემდეგ უკვე გამოგადგათ კარიერასა და ცხოვრებაში?
_ ნამდვილად, მე აღარ მომინდა, რომ ჩემს ორ შვილს ჩემი გზა გაეგრძელებინა. რჩევებს რაც ეხება, დასანანია, მაგრამ ჩემს მშობლებს ჩემთვის ბევრი დრო არ ჰქონიათ, ამიტომ მათი რჩევები არ მახსოვს, თუმცა ზოგჯერ ძალიან მჭირდებოდა. მაგრამ დღევანდელი ცხოვრების შემხედვარე მადლობელი ვარ, რომ დედამ სპეციალობა მომცა, სწორი ვოკალური ტექნიკა შემასწავლა, რაც ხშირი მოვლენა არ არის საქართველოში. ცოტა ადამიანი შემიძლია დღეს დავასახელო, რომელსაც სწორი ვოკალური სკოლა აქვს გავლილი, მათ შორის, უცხოეთში მოღვაწეებს შორის. საერთოდ, ყველაზე დიდი რჩევა ჩემთვის დედის მაგალითი იყო, ნულიდან დაიწყო და საქვეყნოდ ცნობილი გახდა.
_ შვედეთის სამეფო საზოგადოებამ ოქროს ორდენით დაგაჯილდოვათ და ჩვენი დროის საუკეთესო მომღერლად გაღიარათ. ცერემონია სტოკჰოლმის სამეფო სასახლეში გაიმართა და ჯილდო პირადად შვედეთის პრინცესამ გადმოგცათ. მოგვიყევით ამის შესახებ.
_ მეამაყება, რომ პირველი უცხოელი მომღერალი ვარ, რომელსაც შვედეთის სამეფო საზოგადოებამ ასეთი ჯილდო მიანიჭა. ეს, რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი პატივია, მომღერლის კიდევ ერთხელ აღიარება. მახსოვს, ჩემმა მშობლებმა მითხრეს, _ თბილისში უკვე ლაპარაკობენ, რომ ამ ჯილდოსთან ერთად 150 ათასი დოლარი აიღეო. ამაზე ბევრი ვიცინე. დაჯილდოება, კონცერტი და მეჯლისი მართლაც საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება. იქ ყველაფერი ძვირფასი იყო – განსაკუთრებით მეფის სასახლე, მაგრამ პირადად მე მხოლოდ ჯილდო გადმომცეს. ის ოქროსია, პატარა ბრილიანტებით გაწყობილი.
_ როგორ ფიქრობთ, საქართველოდან რომ არ წასულიყავით, ასეთი წარმატებული იქნებოდით დღეს საქართველოში?
_ არა მგონია… და არც არავინ იქნებოდა. მაშინ, 90-იან წლებში, ყველაფერი დაიშალა, სპექტაკლებიც აღარ იმართებოდა. ჩემი წაუსვლელობა არც ერთ ვარიანტში არ გამოდიოდა. ეს ხომ ბრძოლა იყო გადარჩენისთვის. ასე რომ, ეს ჩემი ბედი ყოფილა.
_ თქვენ მსოფლიოს მრავალ სცენაზე მდგარხართ, თუ გამოარჩევთ რომელიმეს?
_ ნიუ-იორკის კარნეგი ჰოლის დიდ დარბაზს. აბსოლუტურად უნიკალური აკუსტიკაა. ხმა ჟღერს და თითქოს მასთან ერთად დაფრინავ.
_ აქვე ჩაგეკითხებით, რომელი საოპერო როლი არის თქვენთვის გამორჩეული და მნიშვნელოვანი? როლი, რომელმაც ერთგვარი წარმატებაც განაპირობა?
_ ვერდის „ლა ტრავიატაში“ ვიოლეტას როლი. კრიტიკოსებმა 21-ე საუკუნის ვიოლეტაც კი შემარქვეს.
_ ამბობენ, წარმატებული კარიერის გასაკეთებლად ყველა რისკი გამართლებულიაო. თქვენ რა რისკებზე წასულხართ ან, როგორ ფიქრობთ, წარმატების მისაღწევად უნდა მიდიოდეს თუ არა ადამიანი ყველაფერზე?
_ არავითარ შემთხვევაში! სიტყვა წარმატება სიტყვა ბედნიერების სინონიმი ისედაც არ არის. რამდენია წარმატებული და უბედური. წარმატების გემოს ვერ გაიგებ, თუ ცხოვრების მნიშვნელოვან ელემენტებზე უარი თქვი. მაგალითად, მარია კალასი უბედური გარდაიცვალა. პირველ რიგში, იმიტომ, რომ შვილი არ ჰყოლია და მეორე _ ადამიანური ურთიერთობები აკლდა, რაც თავად უთქვამს. ძნელია საყვარელი მომღერლის კრიტიკა, მაგრამ არა მგონია, მის სახელს რამე მოჰკლებოდა, სხვა ცხოვრების მნიშვნელივანი ნაწილიც რომ გაეცნო. ხელოვნება მართლა მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ მე ყოველთვის ვამატებ: „გააჩნია მსხვერპლს“!
_ გითქვამთ ისეთ რამეზე უარი, რამაც თქვენს კარიერაზე უარყოფითად იმოქმედა?
_ ჩემი საოპერო კარიერა სულ წინააღმდეგობებით არის სავსე. რთული გზა იყო, ამიტომაც ადვილად დავთმე საოპერო დარგი მეორე შვილის გაჩენის შემდეგ და მთლიანად საკონცერტო-პედაგოგიურ და საპროდიუსერო დარგზე გადავედი.
_ გაქვთ ისეთი ოცნება, რომელიც ბავშვობიდან დღემდე აუსრულებელი დაგრჩათ?
_ ორღანის თანხლებით დიდ ტაძარში სოლო კონცერტი ჯერ არ ჩამიტარებია და ძალიან მინდა.