ევროკავშირმა COVID 19-ის დასაძლევად საქართველოს 60 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოუყო
ევროკავშირმა COVID19-ის კრიზისის დასაძლევად საქართველოს 60 მილიონი ევროს (დაახლოებით, 240 მილიონი ლარი) ოდენობის გრანტი გამოუყო. სახსრები განკუთვნილია საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელების მხარდასაჭერად.
„ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას პანდემიის პერიოდში. აღნიშნული 240 მილიონი ლარის ოდენობის გრანტი არის იმ 1.5 მილიარდი ლარის მოცულობის დახმარების ნაწილი, რომლის მობილიზებაც ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე განახოციელა“, – აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი.
გრანტი პირველი ტრანშია იმ 75 მილიონი ევროდან, რომელიც COVID19-ის მიმართ საქართველოს მდგრადობის ხელშეკრულებით არის განსაზღვრული და მას წინ უსწრებდა მაკროფინანსური დახმარებისთვის 100 მილიონი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ გრანტის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის, ეკონომიკური პოლიტიკის, სახელმწიფო ფინანსური რესურსების მართვისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის დადასტურების შემდეგ. მათივე ცნობით, დარჩენილი თანხა გამოიყოფა მთავრობის მიერ გატარებული ზომების შეფასების საფუძველზე.
კარლ ჰარცელის თქმით, საქართველო წლის ბოლომდე სამედიცინო ეკიპირებისა და სხვა ჰუმანიტარული საჭიროებების კიდევ ერთ პარტიას მიიღებს.
ელჩის განცხადებითვე, ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა (Team Europe) COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად უზრუნველყვეს, დაახლოებით, 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება, ახალი სახსრების მოზიდვისა და არსებულის გადანაწილების გზით. ამ თანხის თითქმის 2/3 გრანტის სახითაა წარმოდგენილი, დანარჩენი კი შეღავათიანი სესხის სახით. მისივე თქმით, ეს ევროკავშირის მიერ მსოფლიოს ნებისმიერი უცხო ქვეყნისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ნენე ინჯგია