ედნარ ბაგრატიონი: „15 წუთში დავარწმუნე, რომ ისინი ჩემი პარტიის წევრები გამხდარიყვნენ“
ვინ არის „სახე+“? რა გეგმები აქვს მას? რისთვის მოვიდნენ? რას ჰპირდებიან ისინი ბათუმელებს? _ ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ „ქრონიკა+“ პარტიის დაფუძნებელ ედნარ ბაგრატიონს ესაუბრება:
_ ბატონო ედნარ, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა?
_ მოგესალმებით! მე ვარ ედნარ ბაგრატიონი _ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს ხალხთა ერთობა გაერთიანებული დემოკრატიული სახელმწიფოსთვის _ სახე+“ პარტიისა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე. დღემდე ვეწეოდი ბიზნესსაქმიანობას.
დეტალურად მოგახსენებთ, თუ რატომ გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა, მანამდე კი ჩემი ეკონომიკური საქმიანობის შესახებ:
2000 წლიდან წარმოვადგენ აჭარის რეგიონში ყველაზე დიდ კომპანიებს. პირველი კონტრაქტი გავაფორმე კომპანია „მაგთიკომთან“ და ვიყავი დილერი აჭარის რეგიონში;
2002 წელს „ჯეოსელმა“ უფრო მომხიბვლელი პირობები შემომთავაზა _ ეს იყო სადისტრიბუციო კომპანიის ხელმძღვანელის პოზიცია;
2005 წელს „თურქსელის“ შემოთავაზებით გადავერთე უკვე უკრაინაში, რადგან „თურქსელმა“ უკრაინაში შეიძინა კომპანია, რომელიც მთელი უკრაინის ტერიტორიაზე ოპერირებს. ეს არის პირდაპირ ჩვენი გამოცდილების გაზიარება. მიმაგრებული ვიყავი კომპანია „ვოქსტროთში“, რომელიც გახლავთ საოჯახო და ტექნიკის მაღაზიათა გიბერმარკეტის ქსელი მთელი უკრაინის ტერიტორიაზე (700-მდე გიბერმარკეტის ქსელი). ჩვენი მოვალეობა იყო, ზუსტად ამ ქსელში აბონენტთა მომსახურების ოფისების განლაგება. ერთი წლის განმავლობაში მოვახერხეთ და სრულიად უკრაინის ტერიტორიაზე გავშალეთ აბონენტთა მომსახურების ოფისები. ერთწლიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ჩემსა და „თურქსელს“ შორის შემდეგ კომპანია „ვოქსტროთმა“ მოითხოვა ჩემი დარჩენა და შიდა ხელშეკრულება ორი წლით გავაგრძელეთ იგივე პირობებით: ეს იყო უფრო გაფართოება, კომპანიის უფრო გაძლიერება და მეტი შედეგის დადება;
როდესაც სამშობლოში ჩამოვედი, ტექნიკის მაღაზიათა ქსელის ანალოგიური ბიზნესის გაკეთებას ვაპირებდი საქართველოშიც. ბათუმში, ფოთსა და ქუთაისში უკვე შევქმენით, მაგრამ, 2008 წლის ომი დაემთხვა, გეგმები აგვერია და ეს საქმიანობა შევაჩერე. მოსალოდნელი მოვლენებიდან გამომდინარე გავწყვიტე უკრაინასთან ურთიერთობა და ადგილობრივ მეწარმოებაზე გადმოვერთე და ხელშეკრულება გავაფორმე კომპანია „კოკა-კოლასთან“. 2018 წლამდე ვიყავი კომპანია „კოკა-კოლის“ წარმომადგენელი აჭარაში. 2018 წლიდან დღემდე ვატარებ ბიზნესტრენინგებს ახალგაზრდა ბიზნესმენებსა და მომავალ მეწარმეებთან.
რატომ გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა? დღეს, მოგეხსენებათ, ეს მოთხოვნა, რაც გაჩნდა ხელისუფლების მიმართ, ამაში ოპოზიციამ და ჩვენმა მეზობელმა, მეგობარმა ქვეყნებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური ძალა ჩაერთოს პოლიტიკაში. ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება, „საქართველოს ხალხთა ერთობა“, ზუსტად 21 ივლისს დარეგისტრირდა. 21 ივლისიდან დღემდე ძალიან რთული გზა გავიარეთ. ყოველთვის ვფიქრობდით ერთ რამეს, რომ დღეს საქართველოში არის ერთობის პრობლემა, ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეფუძნებიანა პარტია „სახე+“ _ „საქართველოს ხალხთა ერთობა გაერთიანებული დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“. 1339 პარტიის წევრი შეიკრიბა ჩვენ ირგვლივ მთელი საქართველოს მასშტაბით. 21 ივნისს ყრილობა ჩავატარეთ ბათუმში ღია ცის ქვეშ პანდემიიდან გამომდინარე. შესაბამისი დოკუმენტაცია შევიტანეთ იუსტიცის სახლში და 21 ივლისს უკვე რეგისტრაცია გავიარეთ.
_ პარლამენტის არჩევნებში თქვენი პარტია რატომ ვერ მონაწილეობს?
_ მიუხედავად ამ დაბრკოლებებისა, 14 ივლისამდე იყო ბოლო ვადა რეგისტრაციისთვის და ჩვენ მოწმობა ავიღეთ 21 ივლისს.
_ რა ნიშნით არჩიეთ პარტიის წევრები?
_ როგორც მოგახსენეთ, 1339 წევრია სულ სრულიად საქართველოდან პარტიაში გაწევრიანებული. მათი დარწმუნება მინიმალურ დროში მომიწია და თან პანდემიის დროს _ 15 წუთში დავარწმუნე ისინი, რომ ჩემი პარტიის წევრები გამხდარიყვნენ _ ნაცნობიც და უცნობიც.
_ ბატონო ედნარ, რას ფიქრობთ დღევანდელ პოლიტიკაზე?
_ არ მომწონს ეს დამოკიდებულება, როცა ყველა ამბობს, პოლიტიკა ბინძურიაო. 1339 პოლიტიკური პარტის წევრი მყავს და თქვენ რა გგონიათ, 1339-თანვე მქონდა 15 წუთიანი საუბარი და თანხმობა? 5 ათას ახალგაზრდას გავესაუბრე. რატომ არ წევრიანდებოდნენ, იცით, ჩემთან? ამბობდნენ, მინდა, ღირსეულად ვიცხოვრო, არ მინდა პოლიტიკაში მოსვლა და არ მინდა, რომ ვინმეს ვალანძღინო თავი, არ მინდა, რომ ჩემი ღირსება და სტატუსი არასწორად გამოვიყენოო. და როცა ასაკიანებთან მივდიოდი _ პროფესორებთან, აკადემიკოსებთან _ ისინი მეუბნებოდნენ, რომ ღირსეულად განვვლეთ ცხოვრება, 2 პარასკევიღა დაგვრჩა და არ გვინდა, ვინმეს ცუდი ვათქმევინოთ ჩვენზეო. პოლიტიკას სახელი აქვს გაფუჭებული და ყველა ერიდება მას.
დანის წვერზე ფეხშიშველი დავდიოდი და ყველაფერს ვითვალისწინებდი, რომ კონკრეტულ პიროვნებას არ სტკენოდა და მე ვაზარალებდი ჩემს ოჯახსა და საკუთარ თავს. დღემდე მოვედი, ამის შემდეგ გაგრძელებაც გამიჭირდება იმიტომ, რომ ვიცი, ლაფს მესვრიან, როცა ძალას ნახავენ. მაგრამ მზად ვარ, რადგან ქვეყანა მტკივა! მზად ვარ, რადგან აჭარაში, როცა აღდგომაა და მუსლიმი ნათესავის საფლავზე კვერცხს გადააგორებენ ქრისტიანი ბავშვები, აუცილებლად მინდა, რომ გადავიღო! მაგრამ ამ წელს პანდემიის ფონზე ვერ შევძელი. ასევე მუსლიმი რომ ბაირამს აღნიშნავს, ჰალვა და ბაქლავა მიაქვს ქრისტიანი ნათესავის საფლავზე! ასეთი რამე სხვაგან არ ხდება! წარმოიდგინე, ეს რამხელა მაგალითის მიმცემია! ჩვენ 300 წელიწადში ბევრი რამ გადავიტანეთ. რამდენი წელი გერმანია გაყოფილი იყო და გაერთიანდა. ჩვენც ასე გავერთიანდით და აჭარას იმ გავლილი პერიოდის შემდეგ საუკეთესო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა თურქეთთან სამსახურებრივად, ბიზნესით, შოპინგით და ა. შ. ამდენად, რატომ არ შეუძლია აფხაზს, ჩვენთან რომ შემოვიდეს გამართულად, აწარმოოს თავისი საქმე. ბევრი შანსია, მაგრამ 28 წელი გავიდა და 28 ნაბიჯი არ გადადგუმლა. გული მტკივა. საზოგადოებას უნდა მივცეთ მოტივაცია და შევუქმნათ განწყობა. განწყობის გარეშე ეკონომიკა ვერ დადგება ფეხზე, განწყობას უნდა ჰქონდეს თავისებური ხასიათი, კრიზისიდან გამოსვლის გზების რეცეპტი. პოლიტიკა მომწონს. როცა ამბობენ, ადამიანში 80%-ზე მეტი წყალიაო, ისე უნდა იყოს პოლიტიკოსში ხელოვნების აღქმა. აი, ზუსტად ეს მაძლევს ძალას. ჩემი ოჯახი ხელოვანთა წრიდანაა. მხატვარი იმას კი არ ხატავს, რასაც ხედავს, არამედ იმას, რისი დანახვაც სურს. მე, როგორც ხელოვანს, მინდა, ბედნიერი საქართველო დავხატო ჩემი ძალებით, თუნდაც არ ვიყო ხელისუფლებაში, თუნდაც ვიყო ერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც ღირსეულ ნაბიჯებს გადადგამს საუკეთესო ხალხთან ერთად, მესიჯებს გაუგზავნის ხელისუფლებას, რომ ერთად შევქმნათ ის საქართველო, რომლითაც დატკბება ჩვენი და მომავალი თაობა. ეს ხომ შესაძლებელია? რა გვჭირს, რატომ ვართ დახარბებული ამ სკამებზე, რა გვემართება? რატომ გვმართავს ვიღაცა?! ხომ შეიძლება, თავისუფლები ვიყოთ, _ საკუთარი თავის უფალი.
_ როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება პანდემიას მის სასარგებლოდ იყენებს?
_ პასუხზე თავს შევიკავებ. მაგრამ ხელისუფლება რომ ბევრი რაღაცის გამოყენებას დააპირებს, ეს მოსალოდნელია. ვფიქრობ, პანდემიის სათავისოდ გამოყენება სარისკო ნაბიჯია.
_ შეგიძლიათ შეაფასოთ „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას, რომელმა უფრო მეტი გააკეთა აჭარისთვის?
_ არავის ვებრძვი პირადად. „ნაციონალურმა“ მოძრაობამ შეცდომები რომ დაუშვა, ვაღიარებთ, მაგრამ კარგი რომ გააკეთა, ესეც უნდა ვთქვათ. მე კარგის კეთებას გავაგრძელებ, თუ იქნება ჩვენი საზოგადოების ნება, რომ მე ვიყო უმრავლესობით.
ხვიჩა მამულაძე