დიმიტრი ბიძინაშვილი: „ქართული ოცნებისთვის“ მალე კრიზისი დაიწყება“
გიორგი საკარული
ოპოზიცია არ აღიარებს „ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგებს“ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ის მიიჩნევს, რომ 26 ოქტომბერს არჩევნების გაყალბება იმ საძირკვლის ხელყოფაა, რომელსაც ეყრდნობა თანამედროვე საქართველო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო.
ეს არის ისტორიის გაყალბება და რუსული პროპაგანდისტული მეთოდებით ტყუილის სიმართლედ გასაღება, თუმცა რა გააკეთა ოპოზიციამ ან რას აკეთებს დღეს იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქის ხმა დაცული იყოს? დაუშვებს თუ არა იგივე შეცდომას ოპოზიცია, რაც 2020 წელს მოხდა და შევიდა პარლამენტში? როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და სად ხედავენ ისინი გამოსავალს? _ ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარტია „ახალის“ წევრი, დიმიტრი ბიძინაშვილი:
_ ეგზიტპოლებში, რომელიც გამოქვეყნდა ოპოზიციურ არხებზე, ამხელა აცდენა არასდროს ყოფილა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დიდი მანიპულაციების შედეგად დაიწერა შედეგები, მათ შორის, საკუთარ ეგზიტპოლებზეც კი სხვა შედეგი იყო. მიმაჩნია, რომ „ოცნებას“ მონაცემები გაექცა, შესაბამისად, იმაზე მეტი დაიწერა, რაც სურდა.
საერთოდ არ მგონია, რომ ამ პროცესში „ქართული ოცნება“ არის გამარჯვებული, რადგან ჩვენ ვნახეთ ირაკლი კობახიძის ვიზიტი, სადაც არავინ ელაპარაკება მას, ის სრულ იზოლაციაშია _ როგორც ის, ასევე მთლიანად „ქართული ოცნება“ და ყველა ცდილობს, რაღაცნაირად თავი აარიდოს საქართველოს მთავრობას. ეს როგორი „გამარჯვებაა“? შვედეთის მთავრობამ საერთოდ უარი თქვა საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე და წყვეტს ურთიერთობას, რაც ნიშნავს იმას, რომ უამრავი დახმარება, რომელიც მოდიოდა შვედეთიდან, გაჩერდება, რაც თავისთავად ცუდად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. ეს უკვე დაეტყო ვალუტასაც, სადაც „ქართულ ოცნებას“ მოუწია იმაზე დიდი რადენობის თანხების გამოყოფა ეროვნული ბანკიდან და სავალუტო რეზერვებიდან დახარჯვა, ვიდრე ეს აქამდე იყო პანდემიის დროს და, მათ შორის, იმ კრიზისების დროს, რომელიც იდგა ხოლმე ჩვენი ქვეყნის წინაშე. ამიტომ „ქართული ოცნება“ საერთოდ არ არის გამარჯვებული, მაშინ როდესაც საერთაშორისო პარტნიორები და ზოგადად ცივილიზებული სამყარო მათ არჩევნებს არ აღიარებს და ისინი ითხოვენ გამოძიებას. ოღონდ, ამ გამოძიებაშიც არ ენდობიან „ქართულ ოცნებას“ და ეს გამოძება უნდა ჩატარდეს საერთაშორისო სტანდარტებით. სულ მალე ვნახავთ იმ შედეგებს, რაც „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი გაყალბებული არჩევნების ხარჯზე მოუტანა ამ ქვეყანას.
_ თქვენ ახსენეთ ირაკლი კობახიძის ვიზიტი და ის სრული იზოლაცია, რომელიც უცხოელ პარტნიორებს მმართველი გუნდის მიმართ აქვთ, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ საერთიდ არ ანაღვლებს მათი ასეთი დამოკიდებულება, რაც მათ კომენტარებშიც აისახება. ვოლსკი, კალაძე და თუნდაც კობახიძე საზეპიროსავით ამბობენ, რომ ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას.
_ არ მგონია, არ ანაღვლებდეთ, თუ რას იტყვის დასავლეთი. ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი ლეგიტიმაცია მიიღოს ამ არჩევნებმა, მათ შორის ცეესკოს განცხადებები. „ოცნების“ ლიდერის განცხადებები სხვა რამეს მეტყველებს. ასე მარტივადაც არაა საქმე. აქ ფინანსურ დახმარებაზეა საუბარი, ფინანსური ინვესტიციების შემოდინებაზეა საუბარი. როგორ წარმოგიდგენიათ, ქვეყანას, რომელსაც სანქცირებული მთავარობა ჰყავს, იქ ინვესტიციას ვინმე შეიტანს? ან ვიზალიბერალიზაციის გაუქმება თუ მოხდა, ვინმე რამე რესურსს ჩადებს? პირდაპირ ვთქვათ, რომ ჩვენი ეკონონომიკა დიდწილად დამოკიდებულია დასავლეთზე და იმ ყველაფერზე, რაც იქიდან მოდის. ყველამ კარგად იცის, რომ არჩევნები მოიპარა „ქართულმა იცნებამ“ და არჩევნები მოპარა ქართველ ხალხს, ამიტომ ძალიან მძიმე კრიზისში შეიძლება შევიდეს ქვეყანა მათი გადაწყვეტილების გამო. დასავლელმა პარტნიორებმა ძალიან მკაფიოდ გვითხრეს, რომ თუ ჩვენ გვინდა ევროკავშირი, უნდა ვიაროთ სხვა გზაზე, თუ არ ვივლით ამ გზაზე და თუ არ გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო, თუ ადამიანების უფლებები არ იქნება დაცული, მაშინ ჩვენ ვერ მივიღებთ იმ სიკეთეებს, რაც არის ევროკავშირისგან. ამიტომ მგონია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან მალე დაიწყება კრიზისი და ამ ყველაფერს მზად უნდა დავხვდეთ.
_ არჩევნების დღესვე ვნახეთ, თუ პროცენტულად როგორი დიდი აცდენა იყო ხმების დათვლის შემდეგ. რატომ არ ჰქონდა იმავე საღამოს ან თუნდაც მეორე დღეს ოპოზიციას მყისიერი რეაგირება და რატომ არ დაიცავით თითოეული მოქალაქის ხმა?
_ მთავრი და მნიშვნელოვანი ამოცანა იყო ის, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიგვეწოდებინა ის მტკიცებულებები, რომელსაც მოვიპოვებდით, რათა ისინი დარწმუნებულები ყოფილიყვნენ, თუ როგორ მოიპარა და გააყალბა „ქართულმა ოცნებამ“ ეს არჩევნები. არალეგიტიმურია ეს არჩევნები და არავინ აღიარებს მას დედამიწის ზურგზე, გარდა ირანისა და ისეთი სახელმწიფოებისა, რომლებიც არ არიან დემოკრატიულები. ჩემი აზრით, ამას მიექცა უფრო დიდი ყურადღება, რომ მტკიცებულებები რაც შეიძლება მალე აღმოჩენილიყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ხელში და ამან იმუშავა. ფაქტია, რომ არცერთ დასავლელ პარტნიორსა და მათ შორის ამერიკას არ უღიარებია ეს არჩევნები. ამიტომ ძალიან საინტერესო პროცესი მიდის, მნიშვნელოვანი იყო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, სადაც პირდაპირ თქვა სასამართლომ, რომ ფარულობა დარღვეული იყო და ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ან არასამთვრობო ორგანიზაციების ბრძოლა, ეს არის თითოეული მოქალაქის ბრძოლა, რომელსაც სურს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ. თითოეული მოქალაქის ვალია, საკუთარი არჩევანი, საკუთარი ხმა დავიცვათ და „ქართულ ოცნებას“ არ მივცეთ იმის საშუალება, რომ ისტორიული შანსი მოგვპაროს.
_ თბილისის სააპელაციო სასამართლომ საპარლამენტო არჩევნებისას ხმების ფარულობის დარღვევის შესახებ სარჩელები არ დააკმაყოფილა. როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების განვითარება?
_ ჩინჩალაძეები და მურუსიძეები რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ეს გასაგებია იმის მიუხედავად, რომ ჯერ სასამართლო პროცესი თითქმის 24 საათი მიმდინარეობდა, რაც წარმოდუგენელია და არ შეიძლება. ამავდროულად, იქ როდესაც ჩაატარეს ექსპერიმენტი, თავად მოსამართლეებმა დაინახეს, რომ ფარულობა იყო დარღვეული, თუმცა ბიძინა ივანიშვილის სააპელაციო სასამართლომ და მურუსიძეების კლანმა ხელი მოაწერა არჩევნების გაუქმებას და კონსტიტუციის დარღვევას. ახლა ბრძოლის ხაზი გადის ქუჩაში, ქუჩა არის ერთადერთი, სადაც ჩვენი უფლებები უნდა დავიცვათ და ასევე უნდა დავიცვათ ქართველი ხალხის მისწრაფება, რასაც ევროკავშირი ჰქვია. ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ, მათ შორის მაშინ, როდესაც ცეესკო გამოაცხადებს შედეგებს. მაშინაც ბევრი უნდა ვიყოთ, როცა პარლამენტი გაბედავს შეკრებას. მოკლედ, ქუჩაში უნდა დავიცვათ საკუთარი ინტერესები და ისტორიული მომავალი, რადგან სხვა შანსი, უბრალოდ, არ დაგვიტოვა ბიძინა ივანიშვილმა.
_ ჩვენ არჩევნებამდეც გვქონდა ინტერვიუ და მაშინაც დავსვი კითხვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ასე ადვილად არ დათმობდა ძალაუფლებასა და ხელისუფლებას. ასევე ვიკითზე, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია წააგებდა, იქნებოდა გეგმა „ბ“, რითაც შემდგომ ოპოზიცია გააგრძელებდა მუშაობას? აღმოჩნდა, რომ ოპოზიციას არანაირი გეგმა „ბ“ არ ჰქონია. მაგალითად, გვარამიამ კარვების გაშლა დააანონსა, თუმცა ორშაბათს გამართულ მიტინგზე ვერც კარვები დავინახეთ და ვერც ის გეგმა, რაც ოპოზიციას უნდა წარედგინა ხალხისთვის.
_ ის, რომ ვიღაცას დაწერილი გეგმა შეიძლებოდა ჰქონდა არჩევნების დასრულებამდე, ეს, ჩემი აზრით, არასწორია. ჩვენ არ ვიმყოფებით დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიულად მიდის მოვლენები. ჩვენ გვყავს რუსი ოლიგარქი, რომელიც ახდენს ძალაუფლების უზურპაციას. ძალიან რთულია რამე გეგმაზე საუბარი და იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს ხვალინდელი დღე. ამის ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს, რომ ერთი კვირით ან თუნდაც ერთი თვით ადრე დავგეგმოთ რამე. პროცესები გამოაჩენს ყველაფერს, მათ შორის, თუ როგორ უნდა გადაიდგეს სწორი ნაბიჯები. მთავარი გეგმა არის ის, რომ ოპოზიციამ უარი თქვა გაყალბებულ მანდატებზე და ის არ შედის პარლამენეტში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავინ გაბედოს პარლამენტში შესვლა და დაუშვან ის შეცდომა, რაც 2020 წელს დაუშვეს. 2020 წელს ოპოზიციას რომ არ გადაედგა ის ნაბიჯები, და არ შესულიყო პარლამენტში, დღეს შეიძლება ამ სიტუაციაშიც არ ვყოფილიყავით. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქუჩაშიც ვიყოთ, საერთაშორისო ზეწოლაც მოვახდინოთ „ქართულ ოცნებაზე“ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ეს არის ერთადერთი გზა, თუ როგორ შეგვიძლია დავიბრუნოთ მიტაცებული სახელმწიფო და წავართვათ ძალაუფლება ბიძინა ივანიშვილს. რაც შეეხება კარვების თემას, ჩემი აზრით მოვა, ალბათ, მაგის დროც, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი იდგება და დარჩება ქვეყნის ინტერესების დასაცავად.
_ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებითაც მქონდა კითხვა, რადგან ჩვენ გვახსოვს 2020 წელს ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია, რომელიც მაინც შევიდა პარლამენტში. დღეს როგორ ფიქრობთ, რამდენად უღალატებენ თავიანთ პრინციპებს და მოსალოდნელია თუ არა იგივე სცენარის განმეორება?
_ ეს იყო და არის განსხვავებული არჩევნები, სადაც ქართველი ხალხი მკაფიოდ ამბობს, რომ ჩვენ გვინდა ევროპა და არა რუსეთი. უბრალოდ, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწერა ის შედეგები, რაც მივიღეთ, შესაბამისად, დღეს ვინც კი გაიფიქრებს პარლამენტში შესვლას, ეს არის ღალატის ტოლფასი და ხელის მოწერა იმაზე, რომ საქართველოში ხელისუფლება არასდროს შეიცვლება და ვკარგავთ იმ ისტორიულ შანსს, რასაც ევროკავშირში შესვლა ჰქვია. ვინც ამაზე გაიყიდება, ალბათ საზოგადოება დაარქმევს თავის სახელს. არც კი მინდა ვიფიქრო, ვინ შეიძლება აღმოჩნდეს ასეთი, ვინც საკუთარი ინტერესების გამო ყიდის სამშობლოს.
_ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია ძალადობაზე იყო დაფუძნებული, სადაც ყველა ლიდერი ერთხმად ამბობდა, რომ აუცილებლად გასამართლდება „ნაცმოძრაობა“ და მისგან პორტირებული პარტიები. როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია თუ არა ოპოზიციონერი წევრების დაკავება?
_ ცოტა რთულია ივანიშვილისგან წინასწარი პროგონოზის გაკეთება, რადგან ის არ არის პოლიტიკოსი, ის არის რუსი ოლიგარქი, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავსა და ძალაუფლებაზე ფიქრობს. ამიტომ აბსოლუტურად ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად, ეს არ არის ბრძოლა, რომელიც ერთი ან ორი თვით გაგრძელდება, ეს არის ბრძოლა, რომელიც შეიძლება ცოტა დიდხანს გაგრძელდეს. ჩვენ არ გვაქვს იმის დრო, რომ ყურები ჩამოვყაროთ. ყველანი უნდა გავიდეთ ქუჩაში და უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ეს არის ისტორიული შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ და არ გვაქვს დასაკარგი დრო. მოვერევით ბიძინა ივანიშვილს!