დიდი სპორტული სკანდალი კალათბურთის ფედერაციაში
ლუკა ბულაშვილის საქმე შესაძლოა, კალათბურთის ფედერაციაში დიდი სკანდალის დასაწყისი გახდეს. როგორც ლუკა ბულაშვილის მამა ამბობს, მისი შვილის ესპანეთში მომზადების ხარჯები თავად დაფარა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კალათბურთის ფედერაციაში 2 მილიონზე მეტი ევრო რამდენიმე უცხოელი სპორტსმენის დასაფინანსებლადაა გადარიცხული და, მათ შორის, მისი შვილის, ლუკა ბულაშვილის გვარიც ფიგურირებს.
ამ სკანდალური საქმის დეტალებზე „ქრონიკა+“-ს ლუკა ბულაშვილის მამა _ ლევან ბულაშვილი ესაუბრება:
_ ჩემი შვილი, ლუკა ბულაშვილი, კალათბურთელია, ამჟამადაც ესპანეთშია. 14 წლიდან ესპანეთში ვარჯიშობს, ახლა უკვე 19 წლის არის. პრობლემები 2015 წელს დაიწყო. იმ დროს კანარის კუნძულებზე ერთ-ერთ აკადემიაში იყო. მსოფლიოში განთქმული აკადემიაა და იქ ვარჯიშობდა, სწავლობდა ბურთის ტარებას, სროლას, რაც აქ, ფაქტობრივად, არ არის. ამაში ჩვეულებრივად ფულს ვიხდიდი, _ სასწავლებლის გადასახადს და ყოველწლიურ თანხას, რადგან ყველაფერი ფასიანია _ სწავლა, კვება, მომზადება (თუ გინდა ისწავლოს და ჩამოყალიბდეს). თუ გახსოვთ, ტელევიზორში რეკლამები იყო, რომ ბასკონიის ხალხია ჩამოსულიო. ეს არის, სადაც თორნიკე შენგელია თამაშობს. ჩემი შვილი და თოკო ძმაკაცები არიან და ერთად თამაშობენ. დავინტერესდი და დიღომში, „დინამოს“ ბაზაზე მივედი, შევედი ეზოში, ბევრი ბავშვი იყო. ვლადიმერ ბოისაც ვნახე, უფროსია, ისიც ვიცე-პრეზიდენტია და კახა შენგელია, ორივე მიცნობს. ერთმანეთი გადავკოცნეთ, ყველას ვიცნობ, რაც ჩემი შვილი ამ სპორტში ჩაერთო. როცა მივედი, ბოისა წავიდა და შენგელიას ვკითხე, _ რა ხდება-მეთქი? მითხრა, _ თოკო სადაც თამაშობს, ბასკონიის გუნდი, ის არის ჩამოსული და კემპს ატარებს, თუ რაიმე გაინტერესებსო. მე ვუთხარი, _ კანარის კუნძულებზეა ესპანეთში და ახლა ამთავრებს, ფინალიღა დარჩა, როგორ არ მაინტერესებს, ძლიერი გუნდია და ბავშვი რაც უფრო წინ წავა, უკეთესია, მოვედი, რომ რაღაცები მაინც გავიგო-მეთქი. კახა შენგელიამ, _ მე გაგაცნობ ამ ხალხსო. შევედი ნაცვლიშვილის კაბინეტში, თვითონ ნაცვლიშვილი არ იყო, ფინანსური დირექტორი იყო, გოჩა აბზიანიძე, ორი სახელი და ორი გვარი აქვს, ხან ერთით და ხან მეორით მოიხსენიებენ. მეორე გვარი და სახელია _ ვლადიმერ უკლება, ესპანეთის მოქალაქეა. როგორც მოგვიანებით გავიგე, ბასკონიასა და საქართველოში მომგვარებელია. ოფიციალურად კავკასიის სელექცია არ აბარია, მაგრამ არაოფიციალურად ყველაფერს ის აგვარებს, ვინ უნდა წავიდეს, ვის როგორი მამა ჰყავს. ეს იყო, ესპანურს რომ მითარგმნიდა. კახა შენგელიამ უთხრა, ლუკა ბულაშვილის მამა არისო. _ ვიცი, გამიგია, რომ ძლიერი ბიჭიაო და გაბრუნდა. მკითხეს, _ რა გაინტერესებსო? _ სწავლას ამთავრებს და თქვენთან რომ გადმოიყვანოთ, ეს კემპი ტარდება, ვიცი, რომ უკეთესია და რაც უკეთესი იქნება, ის მინდა. ასეთი სიტუაციაა, ბავშვი აქ არ არის-მეთქი. _ ვიცი, რომ ესპანეთშია და ფიზიკურად აქ არ არისო. 300 ბავშვია და აქედან 16 ბავშვი უნდა შევარჩიოთ, ისეთი რთული სიტუაციაა, ვერანაირად ვარჩევთ, ძალიან დაბალი დონეაო. თუ შეგიძლია, ისეთი რაღაცა გააკეთო, რომ კანარის კუნძულებიდან ბასკონიაში ჩამოიყვანო და იქ უფრო საფუძვლიანად შევამოწმებთ, აქ ზეპირად ვუყურებთ, ყველანაირი შესაბამისი ტექნიკა გვაქვსო. _ კი ბატონო-მეთქი. ჩემი ხარჯით ბილეთი ავიღე და კანარის კუნძულებზე ჩავფრინდი. ლუკამ ფინალები ითამაშა, ჩემპიონი გახდა. იქაც ავიღე ბილეთი და ორივენი ბასკონიაში გადავფრინდით, სასტუმროც ავიღე, ყველაფერი ჩემი ხარჯებით ხდება. აქ არც ფედერაცია ჩარეულა…
_ ლუკა ცენტრია თუ გამთამაშებელი?
_ არა, გამთამაშებელია, პირველი ნომერია… საერთოდ, ფედერაცია არც ჩარეულა, არც გაბრიჭიძეს ვიცნობ, არ დამჭირვებია, მე თვითონ ვზრდი, მე თვითონ მივდევ ამ ბავშვს… ჩავედით და ერთი კვირის განმავლობაში სულ გაწურეს, ყველაფერი შეუმოწმეს. კომპიუტერულად ისეთი სისტემა აქვთ, აქ რომ იტყვიან, _ რა მაგარია, იდეაში ეს ითამაშებს და ერთ წელიწადში ჩერდება, ვეღარ ვითარდება, ეს კომპიუტერი კი გეუბნება, რამხელა რეზერვი აქვს, რა პოტენციალი და რამდენ ხანში გაჩერდება. მითხრეს, ერთ კვირაში პასუხი იქნება და დანარჩენი, რაც შევხედეთ, ყველაფერში მართლა ძალიან ძლიერია, წადით თბილისში, იქ დაგიკავშირდებითო. წამოვედით და დაახლოებით ერთ კვირაში გოჩა მირეკავს _ მე და ხესუსი აქ ვართ და შევხვდეთო. დაახლოებით საღამოს 11-ის ნახევარია. _ კი ბატონო-მეთქი. შევხვდით საკრებულოს გვერდით ერთ-ერთ კაფეში. დავინახე, სადღაც ხუთ მეტრში არიან, ხმაც მესმის და ვხედავ კიდეც, გოჩა და ხესუსი სხედან, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ზის. იქიდან დასკვნა გამოვიტანე, რამდენიმე ბავშვი, ვინც წაიყვანეს. ფეხზე დგანან მამამისი და ბავშვი და ლაპარაკობენ. არადა, კემპით უნდა შეარჩიონ, ხელშეკრულებაში წერია, რომ გამგეობამ უნდა შეარჩიოს და ისე უნდა წაიყვანონ ეს ბავშვები, სხვანაირად ხდება… მითხრეს, ასეთი სიტუაცია გვაქვს, შევამოწმეთ და კომპიუტერიდან წამოვიღეთ ნახაზებიო. სტენოგრამა მანახა და ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, დიდი ხანი არ გაჩერდება, დიდი განვითარება აქვსო… ოღონდ ერთი პრობლემა არის, ჩვენ ამჟამად ფული გვიჭირს, _ მეუბნება ხესუსი და კომერციული დირექტორი მითარგმნის, _ ფეხბურთის დიდ სტადიონს ვაშენებთ, მთელი სისტემა არის ბასკონის კლუბიო.
_ ლევან, ხესუსს ბასკონიაში რა პოზიცია უკავია?
_ ფინანსური დირექტორია და ეგ აგვარებს ყველაფერს. ვინც არის პრეზიდენტი და მფლობელი, ბასკონიაში კალათბურთის გუნდიც აქვს, ბანკი „კუჩა ლაბორალი“, ერთი პერიოდი გუნდს „კუჩა ლაბორალი“ ერქვა, თავისივე ბანკი აქვს, თავისივე საფეხბურთო გუნდი აქვს და მთელი სისტემა აქვს… შემომთავაზა, _ ფული არ გვაქვს, გვიჭირს და თუ წელს შეგიძლია შენ დააფინანსო ამის კვება, საცხოვრებელი და იქ ცხოვრებაო… უკვე მომავალ წელს ჩვენ დავაფინანსებთ, ოღონდ იმ პირობით, თუ 12 კაცში მოხვდება, ხუთეულში მოხვედრაზე და ლიდერობაზე ზედმეტი იყო ლაპარაკი. თუ იმდენს გაქაჩავს, 12 კაცში ითამაშებსო. ეს ძალიან რთულია ესპანეთში, დიდი კონკურენციაა, იქ რომ 12 კაცში მოხვდე, ძალიან ძლიერი უნდა იყო და ლიდერი რომ გახდე, მით უმეტეს… უკვე ხელშეკრულებას დავდებთ 5 ან 10-წლიანსო, კონტრაქტს გავუფორმებთ, შესაბამისად, ხელფასებით და ყველაფრითო. ამ დროს ლუკა 16 წლის იყო, არასრულწლოვანი… ვკითხე, _ რამდენი დამიჯდება-მეთქი? _ 20 ათასი ევრო უნდაო. მე ვუთხარი, _ 20 ათას ევროს ვერ გადავიხდი-მეთქი. _ მაშინ ისე გავაკეთოთ, სახლში, სადაც რამდენიმე უცხოელი ცხოვრობს, იქ არ იცხოვრებს და სტუდენტურ საცხოვრებელში ცალკე ოთახი ექნება, იქ იცხოვრებს. ამ შემთხვევაში 17 ათასი ევრო დაგიჯდებაო… ვუთხარი, _ პასუხს ხვალ საღამომდე გეტყვით, ბანკში ბინას ჩავდებ და იქიდან „დაბრო“ უნდა მივიღო-მეთქი… _ კი ბატონოო. მთელი დღე ვირბინე და ბანკმა მითხრა, _ კი ბატონო, 17 ათას ევროს მოგცემო და თან გადამინაწილებდა. ვუთხარი, _ თანახმა ვარ, მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს: რადგან კემპი ჩატარდა, ამდენ ბავშვში ვერ შეარჩიეთ, ამბობთ, საუკეთესოა, ჯერ ეს ბავშვები იქ კემპზე არ წასულან, პროგრამაში არ ჩართულან, ვიცი, რომ სახელმწიფო აფინანსებს და იქნებ, მოახვედროთ ამ პროგრამაში, ოთხი შვილი მყავს და იმდენი არ გამაჩნია, რომ 17 და 20 ათასი ევრო ვიხადო-მეთქი… _ კი ბატონო, მაგრამ არ ვიცი და ხვალ დილას შეხვედრა გვაქვს ფედერაციაში გიგა ქართველიშვილთან, პასუხს გეტყვითო. გიგა ქართველიშვილი გენერალური მდივანია, მგონი, „ბალუს“ ეძახიან „კლიჩკით“ და ყველაფერი ის არის, ზის თავის ოთახში და ასაკობრივში, 14 წლამდელთა ნაკრებში, ეროვნულ ნაკრებში, ყველგან, ვინ უნდა ითამაშოს და ვინ არ უნდა ითამაშოს, ყველაფერს ის წყვეტს… მითხრეს, ხვალ გეტყვით პასუხსო. _ კი ბატონო, იქნებ, რაღაცა გამოვიდეს-მეთქი. კონკურენცია რომ იყოს, კარგია, მაგრამ მეუბნებით, რომ ძალიან რთული მდგომარეობაა, ბავშვები ბურთს ვერ ატარებენ და ამან უკვე ორი წელიწადი გაიარა ესპანეთში და ბურთის ტარება კი არა, ყველაფერი იცის-მეთქი… მეორე დღეს მოდიან და მეუბნებიან, _ კატეგორიული უარი მითხრა, მამამისმა გადაიხადოსო. ლუკა წავიდა, საბუთები გავუკეთე, ინვოისი გამომიგზავნეს _ ბასკონია, 17 ათასი ევრო. გადამინაწილეს, _ ჯერ 5100 გადაიხადე პირველად და მერე დანარჩენი გადავანაწილოთო. „ლიბერთი ბანკით“ 1500 ევროს ყოველ თვე, ჩვეულებრივად, როგორც შევთანხმდით, ვიხდიდი, ისინიც ყველაფერს ასრულებდნენ და ლუკაც ვარჯიშობდა… უკვე გაზაფხულია, ხან საიტზე ვხედავ, ხან „ლელოში“ ვკითხულობ, აი, ჩვენგან წარგზავნილი ბულაშვილი როგორი წარმატებულია, რა მაგარი პროგრამაა, ეს ვქენით, ის ვქენითო და მიდის პიარი, ყველგან წერია, სტატისტიკა და ყველაფერი, მაგრად თამაშობს და პერიოდულად თოკოსთანაც „აცებეში“ თამაშობს უმაღლეს ლიგაში, ძალიან ძლიერია… უკვე დავეჭვდი… მივედი, _ ქართველიშვილს შემახვედრეთ-მეთქი. გაბრიჭიძეც მოვიდა და მოწაფესავით იდგა, სანამ ვლაპარაკობდით. უბრალოდ, ერთი კითხვა დავუსვი, _ ბატონო გიგა, პირველად გაგიცანით, მე არაფერი ვიცი, ლუკა იქ არის, ხომ იცით, რომ თვითონ ვიხდი თანხას-მეთქი. _ კიო და სწორად აკეთებ, შენ თვითონ რომ იხდიო. მე ვუთხარი, _ რაღაც ეჭვები მიჩნდება, რომ დაკავშირებული ხომ არ არის ლუკა ამ კონტრაქტთან-მეთქი?.. _ არა, რას ლაპარაკობო?! _ ამოიწყვიტა ყველაფერი. ცალკე ეს იფიცებდა შვილებს, ცალკე _ გაბრიჭიძე, _ არ არსებობს, შენ სწორად აკეთებ, რომ იხდი და ლუკა მაგ პროგრამაში არ ზისო. მე ვუთხარი, _ მაშინ ისე არ გამოვიდეს, თორემ სიტუაცია ძალიან გამწვავდება და ცუდი შედეგი მოჰყვება-მეთქი. _ არა, ეგეთი ლაპარაკი რად გინდაო. _ კი ბატონო-მეთქი, გამოვბრუნდი და წამოვედი. როცა დავეჭვდი, ამის შემდეგ მე თვითონ ჩავუჯექი ამ საიტებს და ყველაფერს ყურადღებას ვაქცევდი. ერთი საიტი არის „პორტალ.გე“ და იგივე „ლელოშიც“ არის განცხადება, თვითონ ამის ინტერვიუში წერს: 2008 წელს ჩემს ესპანელ მეგობრებთან ერთად დავაფუძნეთ ქართულ-ესპანური ფონდი. ეს ფონდი არის 5+11, დავაფუძნეთ, დავმეგობრდით და კალათბურთის ფედერაციაში მოსვლის შემდეგ გადავწყვიტეთ, სწორედ ბასკონიასთან გაგვეფორმებინა ეს კონტრაქტი. ჩემს ძმაკაცებთან ერთად გავაფორმე 2 მილიონ 500 ათასი ევროზე… ეს არის სუფთა სახელმწიფოს ბიუჯეტის ფული, აქ არანაირი სპონსორების ფული არ არის, მიზნობრივად ბიუჯეტიდან მოიხსნა და მომზადებულია ამ პროექტისთვის… ამბობს, ეს ჩემს ძმაკაცებს გავუფორმეო. ე. ი. აქედან ირიცხება ამ ფონდში და ამის ფონდიდან ირიცხება ბასკონიის ერთ ბანკში. მერე სად მიდის და როგორ მიდის, რა ხდება, უკვე აღარ ვიცი… ამაზე უკვე ძალიან დავეჭვდი და ყველაფრის გამოკვლევა დავიწყე… მერე თვითონ ეს კონტრაქტი მომაწოდეს. იმ დონეზე იყო კონტრაქტი დამალული, რაც მაგათ შორის გაფორმდა, ისეა დამალული, რომ არც გამგეობის წევრებმა და არავინ არაფერი იცის. გაბრიჭიძემ ხელი მოაწერა, თვითონვე ხელით გადაუტანა, ხეჩიკაშვილს მოაწერინა ხელი და გაქრა, მორჩა!.. ავდივარ მერე ამ კონტრაქტით, გაბრიჭიძეც იქ არის და ვუთხარი, _ სწერ მინისტრ ხეჩიკაშვილს, ბატონო ტარიელ… შენი ხელმოწერა არის? _ კი, ჩემი ხელმოწერა არისო… კანცელარიაში _ გატარებულია? _ კიო… მინისტრთან მისულია, რეზოლუცია დადებულია, ვკითხულობთ: „თითოეული მოთამაშის გრანტის წლიურის ღირებულება არ არის 30 ათას ევროზე ნაკლები, ეს თანხა განკუთვნილია სასკე-ბასკონიისთვის… “ ე. ი., 30 ათასი კი არა, შეიძლება, 50, შეიძლება, 60 ათასს რიცხავს. კონკრეტულად უწერია თითო ბავშვზე 30 ათასი ევრო. აქვე ვკითხულობთ: „ამჟამად გრანტის მქონე არის 9 უცხოელი მოთამაშე“. ამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თითოზე 30 ათასი ევრო ირიცხება, რომელთაც თავიანთი აგენტები ჰყავთ, არც იციან საქართველო სად არის, მაგარ კლუბებში თამაშობენ, ხელფასები აქვთ და შენ ამ ცხრას ყოველწლიურად თითოეულს 30 ათასად აფინანსებ…
_ მაგათ პასპორტი მისცეს ქართული?
_ არა, პასპორტის მონაცემებიც არ არის… და აგერ მე-2 პუნქტი: „ქართველი მოთამაშეები ჩვენი ხელშეკრულებით, საქართველოს ფედერაციისა და ბასკონიის _ ლუკა ბულაშვილი, გიორგი ტურძელაძე, ნიკა დარბაიძე…“ ვეუბნები, აგერ წერია ლუკა ბულაშვილი, აგერ წერია 30 ათასი ევრო გადახდილი აქვს სახელმწიფოს, ყველანაირ სიაშიც არის, აგერ _ ლუკა ბულაშვილი, ნიკა დარბაიძე…
_ რა გიპასუხათ?
_ გაბრიჩიძე ჯერ მეუბნება, ეს „ატპეჩატკა“ არისო, ზუსტად ამ სიტყვით… მე ვუთხარი, _ „ატპეჩატკა“ ვიცი, რაც არის, მაგრამ „ატპეჩატკა“ შეიძლება ვინც დაბეჭდა, იმას მოუვიდა, ეს უკვე ესპანურიც არის და ქართულიც არის, ესპანურშიც „ატპეჩატკა“ უნდა იყოს, ქართულშიც „ატპეჩატკა“ უნდა იყოს, ნოტარიულად დამტკიცებულია, ნოტარიუსსაც ეს „ატპეჩატკა“ გაეპარა და რეესტრსაც „ატპეჩატკა“ გაეპარა-მეთქი?! ზღაპრებს რატომ მიყვები-მეთქი?! ეს რა არის, თურმე, ბავშვს სახელმწიფო მიფინანსებს 30 ათასი ევროთი და მე 20 ათასი ევრო რატომ გადამახდევინეთ?! _ არა, შანსი არ არისო. და ვერანაირ პასუხს ვერ მცემს… ეს კითხვა რომ დავუსვი, არც უშიშროებაში წავსულვარ, არც სასამართლოში, არც პროკურატურაში და არსად, მხოლოდ პასუხი მინდოდა. ხომ შეიძლება, პასუხი იყოს, _ აი, ბუღალტერს შეეშალა, ან ანგარიში სხვაგან წავიდა და რაღაც სისულელე თქვა… არანაირი, გაიჭედნენ, ეს არ წარმოედგინათ, რომ კონტრაქტი ჩემს ხელში აღმოჩნდებოდა… ამის მერე დაიწყო პრობლემები. უკვე ორი წელიწადია, ბულაშვილის გვარი საერთოდ გაქრა, ყველანაირად დაიბლოკა, ორი წლის განმავლობაში ზუროსი კითხულობს, _ ბულაშვილს რატომ არ მაძახებინებ, მარტო ცინცაძეა, აღარ შეუძლია სირბილი, ფეხები დასიებული აქვს, დაინვალიდებულია, წელსაც დიქსონზე გადაიარა, გამთამაშებელია, მე-2 ადგილზეა მთელ ესპანეთში, როგორც საუკეთესო გამთამაშებელი. მამამისს პრობლემა აქვს ფედერაციაში და მორჩა… ისიც უცხოელია, ფიქრობს, ამათ პრობლემაში რატომ ჩავერიოო და ვერ იძახებს. ორი წელიწადია დაუძახებენ, ჩამოვა და წავა. ჩამოიყვანენ, წავა ისევ, სიაში ჩასვამენ, ისევ ამოიღებენ და ბოისას ჩასვამენ და შეურაცხყოფას აყენებენ რა დონეზე. მთელი საქართველო ელოდება. იცის, იქ თამაშობს, სამწლიანი კონტრაქტი აქვს, ბინაც აქვს, ხელფასიც, ყველაფერი, მაგრამ ბავშვი მეუბნება, მთელი ესპანეთი რატომ მცემს პატივს და საქართველოში რატომ მასწორებენ მიწასთან, რატომ მლანძღავენო?.. კი, 19 წლის არის, მაგრამ ბავშვია, ხელფასს მე არ მაძლევთ, ნაკრებში ხელფასი არ არის, ჩემი ხარჯით უნდა ჩამოვიდე, ჩემი ხარჯით უნდა წავიდე, ტრავმის საშიშროებაა, რომ ბოისამ და მისნაირებმა ტრავმა მიაღებინონ და ექვსი თვე სკამზე იჯდეს. რისთვის იწვალა?!
_ პასუხი რა არის?
_ არავითარი!.. და მერე დავიწყე შეხვედრები: შევხვდი ლერი ხაბელოვს. დამირეკა, _ ჩემთან კაბინეტში შევხვდეთო. მერიის უკან ოლიმპიური კომიტეტია. მივედი და გაბრიჭიძეს დაუძახა. მკითხა, _ პრობლემა ხომ არ გაქვსო? _ არა, დაუძახე-მეთქი. მე პასუხი მაინტერესებს, რაღაც პასუხი გაგვცეს, რა ხდება… სამი ვისხედით, დაახლოებით, ერთი საათი ვლაპარაკობდით და ერთი საათის განმავლობაში ხან მე და უფრო ხაბელოვი ეუბნება, _ აი, მშობელია და გაეცი პასუხი, რა არის ეს, სახელმწიფომ გადაიხადა და მშობელმაც რატომ გადაიხადაო?… ვერაფერს ამბობდა, უბრალოდ, წამოხტებოდა, კაბინეტში დარბოდა, _ ბატონო ლევან, მე ქურდი არ ვარ, რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, მე ეს ფული არ მომიპარავსო. ისე დავშორდით, პასუხი ნული… სპორტკომიტეტის თავმჯდომარე იყო იქ და ლერი ხაბელოვმა, მე უზრუნველვყოფო და მირჩია, _ სასამართლოში შეიტანე, ზუსტად არ ვიცი, რა მუხლით, მაგრამ დარღვევას ვხედავო!.. იმ 9 უცხოელის დაფინანსებაზე სულ გადაირია, _ ჩვენ რატომ ვაფინანსებთ, რა, შვეიცარია ვართო?!. ეკითხება, _ ესენი რატომ ჩასვითო?! და ეს ეუბნება, _ იმიტომ გვყავს ჩასმული, ესენი რომ 2025 წელს გაძლიერდებიან, მერე „ნბა“-ში გაიყიდებიან და შემოსავალი ფედერაციას დაუბრუნდებაო… ამ 9 კაციდან ორი ბავშვი საერთოდ წასულია, ორი ევროლიგას თამაშობს. ევროლიგას რომ თამაშობ, იქ მაღალი ხელფასები აქვთ, მილიონზე ნაკლები არ აქვთ და საქართველოში ერთი თეთრიც კი არ გადმორიცხულა!.. ვერანაირად ამტკიცებენ და თანაც, რაც მთავარია, ამ ხელშეკრულებაში ლუკაზე ისიც წერია, რომ ხუთწლიანი კონტრაქტი აქვს და ხუთი წლის განმავლობაში რომ გაიყიდება, ბასკონიას ყველანაირი უფლება აქვს, 70%-ია ბასკონიის, 30%-ია _ ფედერაციის, ე. ი. წყალზე და პურზე უნდა ითამაშოს 5 წლის განმავლობაში, თანაც ჩემი ფულით დავაფინანსე, არადა, 2020 წელს სააგენტომ უნდა დააყენოს ნბა-ს დრაფტზე… გაგიჟდნენ აგენტები!..
_ ლევან, ახალ ხელმძღვანელობასთან ხომ არ გიცდიათ შეხვედრა?
_ ხაბელოვთან ასე მორჩა, კომიტეტის სხდომას ჩავატარებ და იქ გავარკვიოთ ყველაფერიო. მერე მირეკავს სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, _ ბატონო ლევან, კითხვები გაგჩენიათ და შევხვდეთო… _ კი ბატონო, ნახევარ საათში მანდ ვიქნები-მეთქი. შევედი, მელოდებოდა და ერთი ერთზე დავსხედით, იმათ არ დაუძახა. ეს კონტრაქტი დავუდე და ავუხსენი. ვიცი შენს შვილზე ყველაფერიო… ლერი ხაბელოვს ერთი რამ ვთხოვე, _ ბატონო ლერი, ძველი სპორტსმენი ხართ, ამდენი რაღაცა გაქვთ გამოვლილი, უბრალოდ, ბავშვი არ დამიბლოკონ, მიბლოკავენ, ამდენი ხანია ბლოკავენ, ყველანაირი გასაქანი მოუსპეს საქართველოში, ამას ნუ აკეთებენ-მეთქი. _ რას ჰქვია, დაბლოკავენ, ამას ვიზამ და იმას ვიზამო! მაგრამ რეაგირება ნული, ამაზე მეტი დაბლოკვა რაღა გინდათ?!.
მერე შევხვდი ხეჩიკაშვილს, ხეჩიკაშვილთან დავსხედით, დივანზე იჯდა წინ და მეც ასე, გადმოვუღე და ვანახე ეს ხელშეკრულება. _ ამას მე პირველად ვხედავ, ეს რა არისო?! _ თქვენი ხელმოწერაა, გაბრიჭიძის ხელმოწერაა, თქვენთან შემოსულია, თანხმობა მიცემული გაქვთ და თანხები ირიცხება. ყველა გადარიცხვა მაქვს, სუყველა, რა თანხებიც მიდის, როდის და რა რიცხვშია გადარიცხული-მეთქი. უცხოელებზე გადაირია, _ რას ჰქვია, უცხოელებს ერიცხებათ, საიდან მოხვდნენ დაფინანსებაში, საიდან მოხვდა ეს საბუთიო?!. _ მე მეკითხებით-მეთქი?!. პირდაპირ ვუთხარი, _ ბატონო ტარიელ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიღაცამ გადმოგიტანათ და ხელმოსაწერად შემოგიცურათ და თუ ასე აცურებენ 7 მილიონ ნახევარი ლარის კონტრაქტს და ირიცხება თანხები, მაშინ ავდგები, გავბრუნდები აქედან, რაღა უნდა გითხრათ-მეთქი?! _ აუ, ახლა, დღესვე დავავალებ ჩემი შიდა აუდიტის სამსახურს და მოიკვლევს, საერთოდ ვინ დაბეჭდა, ვინ მოამზადა, უცხოელები რატომ არიან?! თანხები საერთოდ გაჩერდება, რას ჰქვიაო?!. მერე მეკითხება, _ ეს კონტრაქტი სამართალდამცველებთან ხომ არ მიგიტანიაო? _ არ მიმიტანია, მაგრამ გაზეთები აჭრელებულია, ყველამ იცის, ეს ხელშეკრულება ყველგან ატვირთულია, მაგრამ მე რა გითხრათ, სუს-ში არის თუ არ არის-მეთქი… _ იქნება, კი, ალბათო… როგორც შევატყვე, დაიბნა, არც იმას ეგონა, რომ კონტრაქტი ჩემს ხელში აღმოჩნდებოდა… ორი წელიწადია, დამაბერეს, რა!..
_ რა რეაქცია მოჰყვა ხეჩიკაშვილთან თქვენს შეხვედრას?
_ იმასაც იგივე ვუთხარი, _ არ დამიბლოკონ, თორემ სასწაულს ვიზამ-მეთქი! მითხრა, _ დაგიკავშირდებიო. მერე დამიკავშირდა მისი მდივანი თუ თანაშემწე, _ კომიტეტის სხდომაა ჩანიშნული, ჩემთან ჩატარდებაო. _ კი ბატონო-მეთქი.
შემთხვევით შევხვდი კახი კალაძეს, მაშინ ენერგეტიკის მინისტრი იყო და უკვე მერობისთვის ემზადებოდა. ზაფხულია და ლუკა ჩამოსულია, ტრენერი მყავს აყვანილი, გაწელვებს უკეთებს სპორტულ დარბაზში. კახი კალაძე დაცვით მოვიდა ტრენაჟორებზე. იქ ვისხედით მეც და ლუკაც იქ იყო. ვუთხარი, _ რაღაც საკითხზე მინდა დაგელაპარაკოთ-მეთქი. _ კიო, რაზეა ლაპარაკიო… და იმასაც ავუხსენი, ასე და ასეა-მეთქი. აგერ ბავშვი, ერთადერთი, როგორც შევატყვე, მთელ სისტემას დავეჯახე, აქ არის უკვე ლერი ხაბელოვი, ხეჩიკაშვილი… თან როგორია, ხაბელოვი დამპირდა, ამას ვიზამ და იმას ვიზამო და ერთ კვირაში „რუსთავი 2“-ზე ვუყურე, სპორტის სამინისტრო ბორჯომში 1 ლარად მთელ კომპლექსს აძლევს და ეს კიდევ მე დამიდგება გვერდით?! რად მინდა დადგომა, ორი წელიწადია ვეხვეწები, ბავშვს ნუ მიბლოკავთ-მეთქი. _ კი, მივხედავ ამ საკითხსო… როგორც ლერი ხაბელოვს ვუთხარი, ისე ვუთხარი, _ ბატონო კახი, რთული სპორტული ცხოვრება გქონდათ, იმას ხომ არ გეუბნებით, ჩემი შვილი ნარკომანია, ან იარაღზეა, ან მკვლელობაზეა დაჭერილი, მიშველეთ და გამომაყვანინეთ. არაფერი მინდა, ერთადერთი, სისტემა ებრძვის და ამას ნუ გააკეთებინებთ, ახალგაზრდა სპორტსმენია და მომავალი აქვს-მეთქი… _ კი, რაზეა ლაპარაკი, მივხედავო. კიდევ რამდენიმეს შევხვდი და მეტი რა ვიცი, ერთი ივანიშვილს არ შევხვედრივარ, დანარჩენი თითქმის ყველას შევხვდი და ყველას ყველაფერი ველაპარაკე, შედეგი არის ნული!.. ორი ადვოკატი დამიბლოკეს, პირველი ადვოკატი, სახელსა და გვარს არ ვიტყვი, მაგრამ საკმაოდ ძლიერი და განთქმული ადვოკატია. ის ადვოკატი გამიჩერეს. პირდაპირ მითხრა, _ ძალიან დიდი ბოდიში, საქმეს თავს ვანებებო. მეორე ადვოკატიც საკმაოდ ძლიერია, ხაბელოვსა და მეძმარიაშვილს რომ დავა ჰქონდა, იმის ადვოკატი იყო, საკმაოდ ძლიერია, _ ერთი დღე დამაცადე და ზუსტად გეტყვი, რა ხდება და ვის დავეჯახებიო. მეორე დღეს კატეგორიულად მეუბნება, რომ ამ საქმეს ხელს ვერ მოვკიდებო. არადა, სანამ მაგას იტყოდა, ყველაფერი ნახა, თქვა, _ სუფთა კრიმინალიაო!.. ფულის გათეთრება, თანაც უაზრო გათეთრება, ისეთი კი არა, რომ დოკუმენტი მაინც შექმნა, უცხოელების სახელსა და გვარებს წერ და მორჩა!
_ თქვენი საქმე ახლა რა სტადიაზეა?
_ ახლა არჩევნები იყო, სადაც არც ჩავრეულვარ, უბრალოდ, ყველაფერი არეულია, დააქციეს ეროვნული ნაკრები, ისეთ ხალხს სვამენ: ძმებს, დებს, ბებიებს, ბაბუებს, ბოისებს, როგავებს… ოჯახები ტრიალებს ნაკრებში, არ შეიძლება!
_ ერთი შეკითხვა მაქვს, გურასპაულთან თუ გქონდათ კომუნიკაცია?
_ გურასპაული კარგად მიცნობს, უფრო სწორად, ჩემი ლუკა იცის და ბავშვობიდანვე სულ აქებდა და რაღაცა იცის, მაგრამ ჩემთვის სულერთია, ვინც გინდა ის იყოს, გურასპაული, როგორც პიროვნება, იგივე ნულია, რაც გაბრიჭიძეა, იგივე ნულია ისიც!.. ქართველიშვილმა ერთ კვირაში მოიყვანა და დასვა გურასპაული. „გრეჩიხას“ ბიჭი დაიყენა თავის თანაშემწედ, ხელფასი აქვს, მე მგონი, ფედერაციის პრეზიდენტზე დიდი, ნაკრებები სადაც დადის, ყველგან „პაესტკებში“ დაჰყვება და დაიყენა „კრიშად“.
_ ადვოკატი აღარ გიცდიათ? არ გინდათ, ვინმე აიყვანოთ?
_ სუს-ი ჩაერია, თვითონ აღძრა, არც მე მივსულვარ, არც შენგელია მისულა, თვითონ დაგვიბარა, ყველა დაგვკითხა, ლუკაც და ესენიც დაკითხა და სამი თვის განმავლობაში ვრეკავდი, _ რა ხდება-მეთქი. აი, ველოდები პასუხს პროკურატურიდან და ბოლოს, თურმე, დასკვნა დაუდევს, რომ ტელევიზიით ეგრე იყო, რომ დანაშაული ვერ აღმოვაჩინეო… მთლიანი კონტრაქტი არის 2015, 2016, 2017, 2018, 2019 _ ხუთი წლის განმავლობაში 500-500 ევრო უნდა გადარიცხულიყო, აგერ, ამოვიღე ეს საბუთები, რომ მარტო 2015 წელს უკვე მილიონ 400 ათასი არის გადარიცხული წინსწრებით, ახლა 2016 წელს რამდენია გადარიცხული და 2017 წელს დახურული იქნება. შედეგი არის ნული, იქიდან არც ერთი თეთრი არ წამოსულა საქართველოში, ბავშვები არც ერთი განვითარებულა და არც ერთს არანაირი შედეგი არ დაუდევს, შედეგი არის ნული!.. ხომ შეიძლება თქვა, არ არის შედეგი და შეწყვიტო ხელშეკრულება. ჩემს შვილს არც ერთი კლუბი არ ჰკიდებდა ხელს, ყველა ინტერესდებოდა, უკვე ხელის მოწერაზე მიდიოდა საქმე და ყველა უკან იხევდა, არავინ ამბობდა, რა ხდებოდა. სულ მიკვირდა, ორი წლის განმავლობაში რატომ არ აფორმებდნენ კონტრაქტებს?! თურმე, დალომბარდებულია ბავშვი. სასკე-ბასკონის სპეციალისტების მიერ შერჩეული იქნება, მინიმუმ, 20 ბავშვი, თითო 5-5 ბავშვი, სამი მწვრთნელი. არანაირ უცხოელზე აქ საუბარი არ იყო… მე როგორც ვიცი, ეს ივანიშვილის ყურამდე მივიდა, ამ კონტრაქტს გადააყოლა ყიფიანი, მაგრამ ყიფიანის დროს უცხოელების ხსენება არ ყოფილა, მოვიდა ტარიელ ხეჩიკაშვილი და ახალი მაფიოზური სქემა ააწყო, შვიდ მილიონ ლარზე მეთი თანხა წყალშია გადაყრილი! ფული გათეთრდა! ბიუჯეტის თანხა ესპანეთში უცხოელებისთვის გადაირიცხა! ერთი თეთრის ინვესტიცია უკან არ დაბრუნებულა! ტარიელ ხეჩიკაშვილი მოხსნეს და თითქოს არც არაფერი! რაკი საქართველოში სამართალს ვერ ვპოულობ, საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა მივმართო და ამ მაფიოზური სქემის გამოძიება მოვითხოვო.
ელისო კილაძე