დენდროპარკი და ასფალტის ჭამა
ოღონდ, არ ჩამქოლოთ _ ამ დღეებში დენდროპარკში ვიყავი…
ამის შესახებ _ სულ რამდენიმე მოსაზრება…
პირველი: საქართველოში ძალიან გავრცელებულია მცდარი წარმოდგენა, თითქოს ნებისმიერი ობიექტი, რომელიც ფართო მასების გამდიდრებასა და გაძღომას (უკაცრავად დეფინიციისთვის) არ ემსახურება, არის ფულისა და დროის ფუჭი ხარჯვა.
ინფრასტრუქტურული პროექტები, გზები, ხიდები, ქალაქების იერსახის გაუმჯობესება _ ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ეკონომიკის გამოცოცხლებას ხელს უწყობს, თუმცა სულსწრაფობით ცნობილ და მოწინააღმდეგე ბანაკის დემონიზაციას მიჩვეულ ქართველს ეს ნაკლებად ესმის.
გახსოვთ უკვდავი ფრაზები: „ჩვენ, რა, ასფალტი ვჭამოთ?“ ან „რაში გვჭირდება ამდენი სასტუმრო, ქართველები ხომ იქ ვერ დაისვენებენ“, ან „ამდენს რომ ტყუილად ხარჯავენ, ჯობია, ხალხს დაურიგონ“…
იდეოლოგია „ასფალტი ვჭამოთ?“ არის უკიდურესად ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა და შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მაჩვენებელი. ეს ასე იყო 2012 წლამდე და ასევეა დღესაც, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.
თბილისის იერსახის შეცვლაზე ათობით მილიონი დაიხარჯა, რაც „ასფალტის მჭამელების“ აღშფოთებას იწვევდა: „ამდენი ფული ფასადებზე იხარჯება, ჩვენ კი ვშიმშილობთ“.
დღეს ძველი თბილისი შემოსავლის ისეთივე წყაროა, როგორც რომელიმე ქარხანა და ეს, პირველ რიგში, არქიტექტურის განახლების წყალობით გახდა შესაძლებელი. არავის ეგონოს, რომ მთელი მსოფლიოდან თბილისში ტურისტები „კაი ბიჭების“ სანახავად ჩამოდიან.
მეორე: ეს უკვე მიმართვაა ოპოზიციისადმი, _ ნუ დაემსგავსებით „გრეჩიხისტებს“ და 2010-2012 წლების „მეოცნებეებს“, რომლებიც დაუნდობლად ლანძღავენ ყველაფერს, რაც იყო საჭირო და რაც საჭირო არ იყო.
გახსოვთ, „სიღნაღი რას დაამსგავსეს“ ან „რა ქალაქი იყო ბათუმი და დღეს რა სიმახინჯეა“? გახსოვთ გაურკვეველი ასაკოვანი მამრი, რომელიც „ქართული ოცნების“ მიტინგზე ბათუმში ასლან-ბაბუს დროინდელ „ჩაზნექილ სკამებს“ ნატრულობდა?
დღეს „რას ჰგავს ეს დენდროპარკი“ ან „საერთოდ რაში გვჭირდება, ჩვენ რა, დენდროპარკი ვჭამოთ?“ _ არის იგივე, რაც „ასფალტის ჭამა“ და ჩაზნექილი სკამები“ 2012 წლამდე.
ქართული პოლიტიკა მოწინააღმდეგის დემონიზებას მიეჩვია _ თუ ხელისუფლებაში შენი მოწინააღმდეგეა, ის ვერაფერს კარგს ვერ გააკეთებს. რამე კარგი რომც გააკეთოს, ისიც ცუდია.
მაშინაც კი, როდესაც დღევანდელი იგივეს აკეთებს, რასაც გუშინდელი, მაგალითად, გზებს აგებს.
„ჩვენიანები“ გზებს ქვეყნისთვის აკეთებენ, „ესენი“ კი _ ფულის მოსაპარად“, _ ამ სიტყვებით ნებისმიერი, ყველაზე სწორი ინიციატივის გაუფასურებაა შესაძლებელი.
ეს ცუდია არა ხელისუფლებისთვის, არამედ თავად ოპოზიციისთვის. კრიტიკა იარაღია და მისი არასწორი გამოყენება შესაძლოა, მის მფლობელს მოუბრუნდეს. კრიტიკა კრიტიკისთვის, როდესაც არ აქვს მნიშვნელობა, რა და რატომ, მთავარია, გალანძღო _ თავისთავად უფასურდება. აზრი არ აქვს მოუსმინო იმას, ვინც ჩასაფრებულია და აუცილებლად რამე ცუდს იტყვის.
საერთოდ გაუგებარი იყო, ოპოზიციამ ხეების გადატანაზე ამხელა აქცენტი რატომ გააკეთა და ამ ლოკალურ მოვლენას ასეთი გადაჭარბებული მნიშვნელობა რატომ მიანიჭა? კაცი თავისი ფულით ყიდულობს ხეებს კერძო პირების ეზოებიდან, რა პრობლემაა? დიახ, სახალისოა, სასაცილოც და ახირებასაც წააგავს, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ 5 წელი საინფორმაციო გამოშვებები ამით დაიწყოს.
მესამე: თქვენი მოწინააღმდეგის მიერ კარგად გაკეთებული საქმის აღიარება მის ლეგიტიმაციას არ ნიშნავს. „ქართული ოცნება“ უვარგისია, ქვეყანას ვერ მართავს და სიტუაცია უფრო და უფრო უარესდება. ამ მოცემულობას ვერანაირად შეცვლის ვერავითარი დენდროპარკი.
არის მინიმუმ 2 საკითხი, რომელიც ივანიშვილს არ ეპატიება, მთელი საქართველოც რომ დენდროპარკად აქციოს; ყველა მოქალაქეს თითო დენდროპარკი რომ აჩუქოს _ მაშინაც კი.
- „2008 წლის აგვისტოში ომი რუსეთთან საქართველომ დაიწყო“, _ ეს არის მოწინააღმდეგის დემონიზების უმაღლესი გამოვლინება, რომელიც პირდაპირ სახელმწიფო ღალატის ზღვარზე ბალანსირებს. ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებენ, არათუ ქვეყნის მართვის, არამედ საჯარო გამოსვლის მორალური უფლებაც არ გააჩნიათ.
- „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში კრიმინალური მენტალიტეტის აღდგენას ხელი შეუწყო. საქართველოში ისევ „მაყურებლები“, „კაი ბიჭები“ და ქურდული რომანტიკის მოყვარული ერთუჯრედიანი მდედრები გამოჩნდნენ.
ეს ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულია, რომელსაც ივანიშვილი ვერც ლემურებით და ვერც ვარდისფერი ფლამინგოებით გამოისყიდის.
ერთი მეორესთან არავითარ კავშირში არაა _ მოწინააღმდეგის მიერ წარმატებული ნაბიჯის გადადგმის აღიარება, პირველ რიგში, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების სიძლიერეა და არა _ სისუსტე.
ამიტომაც დენდროპარკიც მშვენიერია და „ქართული ოცნებაც“ ხელისუფლებას რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩამოშორდეს.
თენგიზ აბლოთია