დემოკრატიიდან _ ბეროკრატიამდე

რამდენიმე გუნდად დაყოფილ „ქართულ ოცნებაში“ ვითარება სულ უფრო იძაბება. ტვ „პირველის“ ეთერში გასულმა აუდიოჩანაწერმა, საიდანაც ვიგებთ, რომ ბერა ივანიშვილი იმ ბავშვების დასჯას უკვეთავს, ვინც მას ფეისბუქზე ცუდი კომენტარი დაუწერა, სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა. „ქართული ოცნების“ წევრები უხალისოდ ცდილობენ თავისი ბოსის შვილის გამართლებას, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ივანიშვილის ვაჟს ტაშს უკრავენ.

ამ სკანდალურ აუდიოჩანაწერში პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც ფიგურირებენ. ამ ჩანაწერის გამო ირაკლი ღარიბაშვილს შესაძლოა, პრემიერის პოსტის დატოვება მოუწიოს. მისი გადადგომა უკვე მოითხოვა ოპოზიციის დიდმა ნაწილმა. ამ კვირაში ამ მოთხოვნას მთელი ოპოზიცია შეუერთდება. აღნიშნულ ჩანაწერზე ღარიბაშვილს ევროპაში ვიზიტის დროსაც ექნება საუბარი. მას ბევრ მწვავე კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. დასავლეთს ბერას დაკვეთებზე აუცილებლად ექნება მწვავე რეაქცია. ეს ამბავი ივანიშვილის ოჯახისთვის სანქციების დაწესების შანსს კიდევ უფრო ზრდის.

კიდევ ერთი შანსი კობახიძისთვის

საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტის დაკავება ირაკლი კობახიძეს რომ სურდა, ეს ყველამ ვიცით. ამ თანამდებობას მან ჯერ კიდევ არჩევნების წინ დაადგა თვალი. თავისი ოცნების ასრულება კი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გაუჩინარდა. პარტიის თავმჯდომარედ ქცეულმა კობახიძემ იფიქრა, ახლა კი ნამდვილად მოვიდა ჩემი დროო და გიორგი გახარიას პოსტის დატოვება მოსთხოვა. მას მამუკა მდინარაძეც უჭერდა მხარს. გახარიამ ორივეს აგინა და ცუდი მიმართულებით გაუშვა ისინი.
ნიკა მელიას დაჭერის გადაწყვეტილების გამო ირაკლი კობახიძე და გიორგი გახარია კინაღამ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ჯერ კიდევ პრემიერმა გახარიამ თავისი ყურით მოისმინა, როგორ თქვა მასზე კობახიძემ, _ მაგას ვინ ეკითხება, რასაც გვინდა, იმას ვიზამთო. მოგეხსენებათ, რომ გახარია მელიას დასაჭერად სპეცოპერაციის ჩატარების წინააღმდეგი იყო. ფრაზამ, _ მაგას ვინ ეკითხებაო, _ ექსპრემიერი გააღიზიანა და კობახიძეზე გაიწია. მუშტიც მოუქნია, მაგრამ როგორც თვითმხილველები ყვებიან, ააცილა. ამ ადამიანს მიზანი აშკარად არ უვარგა, პრემიერობისას ივანე მაჭავარიანს ესროლა პლასტმასის ბოთლი და ვერც იმას მოარტყა.
ყოფილი პრემიერი პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს მძიმედ რომ დაშორდა, ეს 5 მარტს ალავერდის მონასტერშიც გამოჩნდა. 5 მარტს ისინი ალავერდის მონასტერში გოგა მაისურაძის პანაშვიდზე შეხვდნენ ერთმანეთს. სამძიმარზე „ოცნების“ სხვა დეპუტატებიც იყვნენ მისული. როგორც თვითმხილველები „ქრონიკა+“-ს უყვებიან, გახარიამ ირაკლი სესიაშვილი და დავით სონღულაშვილი მოიკითხა, კობახიძესა და ვახტანგ გომელაურს კი ზედაც არ შეხედა. გამარჯობის თქმაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
გახარიას სამომავლო გეგმებზე ოდნავ მოგვიანებით, ახლა ისევ კობახიძის ფაფარაშლილ ოცნებებს დავუბრუნდეთ. ამ ადამიანს ძალიან უნდოდა პრემიერობა და როცა გახარია პროტესტის ნიშნად გადადგა, მან უკვე დაიწყო თავისი მთავრობის დაკომპლექტება. დარწმუნებული იყო, რომ მას უბოძებდა ამ პოსტს უზენაესი. ყველაფერი თითქოს აქეთკენ მიდიოდა და გუნდიც შეგუებული იყო ამას. კობახიძეს ჩრდილოვანი კაბინეტიც მზად ჰქონდა. შს მინისტრად მამუკა მდინარაძის დანიშვნას აპირებდა.
„ქრონიკა+“ წინა ნომერში უკვე წერდა იმის შესახებ, რომ „ოცნებამ“ ივანიშვილს ზრდილობის გულისთვის გაუგზავნა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატების სია. სიის თავში კობახიძე ეწერა, ბოლოში _ ღარიბაშვილი. ივანიშვილმა გრიგოლ ლილუაშვილის პირით შემოუთვალა გუნდს, რომ პრემიერი ის იქნება, ვინც სიის ბოლოშიაო. ამას გუნდში დიდი ამბები მოჰყვა.
ირაკლი კობახიძე გადაირია. როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, ის იგინებოდა და იმუქრებოდა. მისი დაწყნარება არჩილ თალაკვაძემ აიღო საკუთარ თავს. პოეტი ადამიანი პოეტურად მიუდგა საქმეს და პრემიერობა ახეულ კობახიძეს ორდენი დაჰკიდა. იმ დღეს კი გაიღიმა გადაგდებულმა კობახიძემ, მაგრამ მას შემდეგ აღარავის ეკონტაქტება. როგორც „ოცნების“ კულუარებში გვითხრეს, ძალიან გაბრაზებულია და სამაგიეროს გადახდით იმუქრება. სათქმელი და ინფორმაცია მასაც ბევრი აქვს. და არც ისეთი ბუნჩულაა, როგორც გამოიყურება.
ღარიბაშვილთან ერთი ომი მას და კახა კალაძეს უკვე მოგებული აქვთ. 2015 წლის ბოლოს ღარიბაშვილი ივანიშვილმა პრემიერობიდან რომ გააგდო, ამაში პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და და დედაქალაქის მერმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს. დამსახურება არც სოსო გოგაშვილს უნდა დავუკარგოთ. როგორც ამბობენ, სწორედ გოგაშვილი აწვდიდა კალაძეს ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე კომპრომატებს. კალაძეს აჰქონდა ეს კომპრომატები ივანიშვილთან.
კახა კალაძემ აუმხედრა პირველი პრემიერობისას ღარიბაშვილს მინისტრები. ცნობილი ამბავია, რომ მინისტრები მთავრობის მეთაურის ზარსაც კი არ პასუხობდნენ. მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ღარიბაშვილს ქაღალდები მიაყარა სახეში. მაშინ კალაძე ენერგეტიკის მინისტრი და პირველი ვიცე-პრემიერი იყო.
პრემიერად მეორედ მოსულ ღარიბაშვილს გუნდში უკვე შეექმნა პრობლემები. „ნაციონალების“ მიმართ მისმა აგრესიულმა რიტორიკამ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ძალიან გაახარა. ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერების პირველივე ღამეს ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის ჩატარებასაც ჟრიამულით შეხვდნენ მეოცნებენი. მაგრამ დასავლეთიდან ისეთი მუშტი მოხვდათ ცხვირში, მალე დაკარგეს მადა.
მართალია, მელიას დაჭერას ყველა ტაშს უკრავდა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, გადაწყვიტეს, ისევ ღარიბაშვილისთვის შეეწმინდათ ხელი. რამდენიმე მეოცნებემ თანამდებობიდან მისი გადადგომაც კი მოითხოვა. თქვეს, ასეთი აგრესიული რიტორიკა არ გამოგვადგებაო. რადიკალურად არა, მაგრამ პრემიერმა რიტორიკა ნამდვილად შეარბილა. ეს, პირველ რიგში, დასავლეთის რეაქციის დამსახურებაა.
და ერთი ამბავიც, პრემიერი პირველივე საკადრო ომში დამარცხდა. გიორგი გახარიასი არ იყოს, მასაც სურდა თანამდებობიდან გაეშვა ნათელა თურნავა და ივანე მაჭავარიანი, მაგრამ არც მას გამოუვიდა რამე. თურნავას ივანიშვილის რუხი კარდინალი ივანე ჩხარტიშვილი ლობირებს. მაჭავარიანსაც ის მფარველობს. ღარიბაშვილს ფინანსთა მინისტრად ჯუანშერ ბურჭულაძის დანიშვნა სურდა, რომელიც მისი თავდაცვის მინისტრობის დროს უწყების ფინანსებს განკარგავდა. თავდაცვის მინისტრად ირაკლი სესიაშვილის დასმა სურდა. სესიაშვილის კანდიდატურა ივანიშვილმა დაიწუნა. მაჭავარიანი ჩხარტიშვილის ჩართულობით თანამდებობაზე დარჩა, ჯუანშერ ბურჭულაძემ კი თავდაცვის სამინისტრო ჩაიბარა.
სკანდალურმა აუდიოჩანაწერმა ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობას ძალიან სერიოზული საფრთხე შეუქმნა და ის საქართველოს ისტორიაში შეიძლება შევიდეს იმით, რომ ყველაზე ნაკლები დროით ეკავა პრემიერის პოსტი. იმიჯის გადასარჩენად ივანიშვილმა მას შეიძლება, კიდევ ერთხელ მიუთითოს კარისკენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხალხი, რომელსაც ის ეკონტაქტება, ღარიბაშვილს არ სწყალობს.
„ქართულ ოცნებაში“ საჯაროდ ამ კადრების გავრცელებას „ნაციონალებს“ უკავშირებენ, თუმცა პირად საუბრებში ყველა თანხმდება, რომ ეს ნაღმი შიგნიდან არის აფეთქებული. გამოკვეთილია სამი „ეჭვმიტანილი“ _ სოსო გოგაშვილი, კობახიძე-კალაძის დუეტი და გიორგი გახარია. მმართველ პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ სკანდალური ჩანაწერები ისევ გავრცელდეს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილზეც. არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ამ ჩანაწერით ვიღაცამ ოლიგარქი გააფრთხილა.
მმართველ პარტიაში ბიძინა ივანიშვლზე ბევრია განაწყენებული. სოსო გოგაშვილი დღემდე ვერ პატიობს, რომ „ოცნებიდან“ დაიფრინეს. კალაძე-კობახიძე იმის გამო არიან ნაწყენები, პრემიერობა რომ გამოაცალა ხელიდან. დანარჩენი გუნდი იმას ვერ ინელებს, რომ ოლიგარქმა პარტიას ირაკლი კობახიძე დაასვა თავზე, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ 2014 წელს მივიდა. ამის გამო განსაკუთრებით პირველი თაობის მეოცნებეები არიან ნაწყენი. ეს ამბავი არც კახა კალაძეს მოსწონს, მაგრამ უკმაყოფილებას არ გამოხატავს, რადგანაც ახლა მათ ერთად დგომა სჭირდებათ _ დუეტში ნამდვილად კარგად ხლართავდნენ სამთავრობო ინტრიგებს.
ოპონენტების მიმართ კახა კალაძე დახვეწილი საუბრის მანერით არასდროს გამოირჩეოდა. სხვა თუ არაფერი, მას ეკუთვნის კლასიკად ქცეული ფრაზა, _ ანძაზე გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთო. ღარიბაშვილის გაპრემიერების შემდეგ მისი რიტორიკა რადიკალურად შეიცვალა. ბრეჟნევივით სულ მშვიდობასა და ოპოზიციასთან დიალოგის აუცილებლობაზე ლაპარკაკობს. „ნაციონალების“ ოფისზე განხორციელებული შტურმის შემდეგ ცდილობს, მეოცნებეებისგან თავი შორს დაიჭიროს. გუნდში უკვე სერიოზულად საუბრობენ იმაზე, რომ მან შეიძლება „ქართული ოცნება“ დატოვოს და დამოუკიდებელი თამაში დაიწყოს. ამისთვის მას გუნდიც ჰყავს და ფინანსებიც აქვს.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, კალაძეს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდა „ოცნებიდან“ წასვლა, მაგრამ მოცდა გადაწყვიტა. თან სუსისგანაც მიიღო გაფრთხილება. ანტიკორუფციული სამსახური მის გარშემო რკალს ნელ-ნელა ავიწროებს. მის ცოლისძმაზე აღძრული საქმეც შემოდებულია სუსის თაროებზე. ანტიკორუფციული მის საქმეებსაც სწავლობს. ეს თბილისის მერმა მშვენივრად იცის. სუსის ბოლო ნაბიჯები კალაძემ, ალბათ, ივანიშვილისგან მოსულ გაფრთხილებად ჩათვალა. მან ძალიან კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი სუსის უფროს გრიგოლ ლილუაშვილს თვალდახუჭული ენდობა. ლილუაშვილი და თბილისის მერი ერთმანეთს დასანახავად ვერ იტანენ.
როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, დღეს ივანიშვილი მხოლოდ ორ ადამიანს ეკონტაქტება: ესენი არიან ვანო ჩხარტიშვილი და გრიგოლ ლილუაშვილი. ვახტანგ გომელაურის ზარებს ოლიგარქი სულ უფრო იშვიათად პასუხობს. აღსანიშნავია, რომ მოქმედ პრემიერს ივანე ჩარტიშვილთანაც ცუდი ურთიერთობა აქვს და _ გრიგოლ ლილუაშვილთანაც.
კალაძე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას აჭიანურებს. შესაძლოა, ის გუნდში დარჩენაზე იმით დაიყოლიონ, რომ მეორე ვადით წარადგენენ თბილისის მერის პოსტზე. ის ამ წინადადებას თითქმის დათანხმდა, თუმცა სკანდალურმა ჩანაწერმა შეიძლება, ვითარება შეცვალოს. არაა გამორიცხული, ღარიბაშვილი გადადგეს. ამ შემთხვევაში მასაც და ირაკლი კობახიძესაც გაუჩნდებათ შანსი, აისრულონ ოცნება და ჩასხდნენ პრემიერის სავარძელში. იმ შემთხვევაში, თუ მართლა რომელიმე მათგანს ერგო პრემიერობა, მაშინ უკვე ერთმანეთის დაჭმაზე გადავლენ. წამოსაძახებელი ერთმანეთისთვის ბევრი აქვთ. ეს ყველაფერი ქვეყნის იმიჯს აზიანებს, თორემ ვაქცინისა და პურის გარეშე დარჩენილ საქართველოს გულის გადასაყოლებლად სანახაობა არ აწყენს.

გახარიას გეგმა

„ქართულ ოცნებაში“ დატრიალებული ქაოსი არც ყოფილ პრემიერ გახარიას დატოვებდა გულგრილს, რომელიც, ალბათ, დიდი სიამოვნებით ადევნებს თვალს ამ ყველაფერს. თუ გავითვალისწინებთ, როგორ ინტრიგებს უხლართავდა მას გუნდი, მისი რეაქცია სავსებით ადეკვატურად უნდა მივიჩნიოთ.
ყველა ელოდება, რომ ის პარტიას შექმნის. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ იგი უნდა იყოს ის ოპოზიცია, რომლის შექმნაც ივანიშვილმა წლების წინათ დააანონსა. „ქართული ოცნების“ შემქმნელის გათვლებით, ახალმა ოპოზიციამ „ქართული ოცნება“ უნდა ჩაანაცვლოს.
როგორც „ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო გვიყვება, გახარიას მიერ პარტიის შექმნა, ჯერ კიდევ, მისი პრემიერობის დროს მიიღეს. ის პრემიერობიდან, ადრე თუ გვიან, მაინც აპირებდა წასვლას. ამის შესახებ ის ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნების წინაც ესაუბრა. მაშინ შეთანხმდნენ, რომ ის რაღაც დროით დარჩებოდა. ეს დრო უსასრულოდ მოეჩვენათ კობახიძის კანტორის ხალხს და მას გადადგომა მოსთხოვეს. ეს მოთხოვნა გახარიამ უშვერი სიტყვების კორიანტელით რომ შეამკო, უკვე მოგიყევით _ ნიკა მელიას დაჭერის საკითხი რომ დადგა დღის წესრიგში და საჩვენებელი სპეცოპერაცია დაიგეგმა. მაშინ გადაწყვიტა რევანში და წავიდა.
დაპირებისამებრ, მას წასვლის შემდეგ თავისი გუნდის ფორმირება უნდა დაეწყო. როგორც ამბობენ, მას გარკვეული კონსულტაციები უკვე ჰქონდა, მათ შორის, რუსებთანაც. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის ლამის ყოველდღე ხვდება თავის მომავალ პარტნიორებს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, პარტიის შექმნა დროებით გადაიდო, რადგანაც ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიაზე ძალიან გაბრაზებულია. ის მიიჩნევს, რომ გახარია ამ ვითარებაში პრემიერობიდან არ უნდა გადამდგარიყო. პარტიის შექმნა, სავარაუდოდ, მას შემდეგ დაიწყება, რაც ივანიშვილს ბრაზი გადაუვლის. ამასობაში თუ რიგგარეშე არჩევნებამდე მივიდა საქმე, ახალი პარტიის შექმნა დაგვიანებული იქნება.
ყოფილმა პრემიერმა პარტია თუ შექმნა, იქ აუცილებლად იქნება მაია ცქიტიშვილი. მოგეხსენებათ, რომ ცქიტიშვილმაც თავისი ნებით დატოვა ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი. ღარიბაშვილი მის შეცვლას არ აპირებდა, რადგანაც ცქიტიშვილი ივანიშვილის ნდობით აღჭურვილ პირად ითვლება. ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა თავად არ მოისურვა ახალ პრემიერთან მუშაობა. ისინი ერთმანეთს ვერასდროს იტანდნენ. გადამდგარი ცქიტიშვილი გახარიასთან მივიდა სახლში. რაზე ისაუბრებდნენ მთავრობის ყოფილი წევრები, ძნელი გამოსაცნობი არ არის.
ყოფილი პრემიერის გუნდში მოიაზრებიან ძმები ხოჯევანიშვილებიც. ერთი პარლამენტის წევრია, ხოლო მეორემ გასულ კვირას დატოვა სუსის უფროსის მოადგილის პოსტი. გახარიას წარმოადგენს შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძეც, რომლის მოხსნასაც ვახტანგ გომელაურმა უდიდესი ენერგია შეალია, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. საეჭვოა, ის გახარიას გუნდში ვიხილოთ.
გახარიას კადრად ითვლებოდა ირაკლი ჩიქოვანიც. ეს უკანასკნელი სწორედ გახარიას ჩართულობით წარადგინეს ზუგდიდის მაჟორიტარად. გიორგი გახარიას მისი შს მინისტრად დანიშვნაც კი უნდოდა, მაგრამ ივანიშვილი წავიდა წინააღმდეგი, _ სანდო არ არისო. არც ტყუოდა, ჩიქოვანი ირაკლი ალასანიას პარტიას წარმოადგენდა, მაგრამ როცა დასჭირდა, უპრობლემოდ გადახტა „ოცნების“ ნავში. ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის, რა ვითარებაში მოხდა ეს. თან მას შს მინისტრად მისი თვალი და ყური უნდოდა. ასეთი კი ვახტანგ გომელაურია. გავრცელებული ინფორმაციით, ჩიქოვანმა გახარიასთან ყოველგვარი კონტაქტი შეწყვიტა და დიდი ალბათობით მისი გუნდის წევრი არ იქნება.
სამაგიეროდ, „ოცნებაში“ აქტიურად საუბრობენ, რომ კალაძე იქნება ყოფილ პრემიერთან ერთად. ეს ორი ერთმანეთს დასანახად ვერ იტანს და ცოტა უცნაური იქნება მათი ერთად მუშაობა. თუმცა ჩვენს პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა. თბილისის მერი დამოუკიდებელ თამაშს თუ ვერ გარისკავს, შეეცდება, გახარიასთან ერთად ითამაშოს.

ვაქცინა და ბრძოლა ჯანდაცვის მინისტრის პოსტისთვის

სკანდალურმა ჩანაწერებმა არანაკლებ სერიოზული სკანდალი გადაფარა. საუბარია ვაქცინებზე, რომლის შემოტანასაც საქართველოს ხელისუფლება ვერ ახერხებს ან შეგნებულად არ შემოაქვს. იმ დროს, როცა დასავლეთში ზოოპარკებში უკვე მაიმუნებს ცრიან, საქართველოში ერთი ვაქცინაც კი არ არის შემოტანილი. ამაში დამნაშავეა როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე ე. წ. მუშკეტერები. პაატა იმნაძეს, თენგიზ ცერცვაძესა და ამირან გამყრელიძეს საუბარში აშკარად ეტყობათ, რომ ვაქცინების შემოტანაზე არც ფიქრობენ და მათი ნება რომ იყოს, შეიძლება, არც შემოიტანონ.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ვაქცინების შემოტანის ჩაფლავება შესაძლოა, ჯანდაცვის მინისტრის წინააღმდეგ მოწყობილი ობსტრუქცია იყოს. სამედიცინო სფეროში და „ქართულ ოცნებაში“ ყველამ კარგად იცის, რომ ამ თანამდებობის დაკავება თენგიზ ცერცვაძეს სურდა. წლების მანძილზე ის ბიძინა ივანიშვილის ბავშვების ექიმი იყო და ოლიგარქთან კარგი ურთიერთობა აქვს. როგორც „ქართული ოცნების“ კულუარებში ყვებიან, ცერცვაძემ დიდი როლი შეასრულა იმაში რომ დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრობიდან გაეშვათ. ეგონა, რომ ივანიშვილი მას შესთავაზებდა ამ პოსტს, მაგრამ ივანიშვილმა მინისტრობა თავის სტომატოლოგ ეკატერინე ტიკარაძეს უბოძა. გასულ შემოდგომაზე, როცა კორონამ ძალიან შემოგვიტია და საავადმყოფოები პაციენტებს ვერ იტევდნენ, დავით სერგეენკო საავადმყოფოში მოხალისედ მუშაობდა. ცერცვაძე ორ მუშკეტერთან ერთად ტელეეკრანებიდან ყელყელაობდა.
ცერცვაძემ ტრიუკის ჩატარება ტიკარაძისთვისაც მოინდომა. შარშან ეპიდემია რომ გამწვავდა, ცერცვაძემ თქვა, თანამდებობიდან მივდივარო. ეგონა, სთხოვდნენ, ოღონდ შენ არ წახვიდე და მინისტრობას მოგცემთო. მისი კაპრიზი არავინ დააკმაყოფილა. ის თანამდებობაზე დარჩა, მაგრამ მუშკეტერებში პირველობა დაკარგა. ამჯერად მთავარი სიტყვა ამირან გამყრელიძეს ეთქმის, რომელსაც ასევე უნდა მინისტრის პოსტის ხელში ჩაგდება. გამყრელიძე ერთხელ უკვე იყო ჯანდაცვის მინისტრი და კარგად იცის, თუ რა საქმეების დატრიალება შეიძლება იქ.
კორონა-პანდემია რომ არა, გამყრელიძე შესაძლოა, განსასჯელის სკამზეც კი აღმოჩენილიყო. გასული წლის დასაწყისში აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა, საიდანაც გავიგეთ, რომ ნახევარი მილიარდის ღირებულების ცე ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატს ვადა გაუვიდა. ეს ძვირადღირებული პრეპარატები საქართველოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აჩუქა. ერთი კურსის ღირებულება 80.000 დოლარია.
ამ პრეპარატებზე სხვა სკანდალიც აგორდა. ამერიკელებმა ისინი რუსეთის შავ ბაზრებზე აღმოაჩინეს. ცე ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამაში ოსები და აფხაზებიც არიან ჩართულები. როგორც ამბობენ, ჩვენი ჩინოსნები ოს და აფხაზ ჩინოსნებს შეეკრნენ და მათი მეშვეობით გაიტანეს წამალი რუსულ ბაზარზე. ამ საქმის გამოძიებასაც კორონაპანდემიამ შეუშალა ხელი.

ბეროკრატია

არჩევნების წინ გიორგი გახარიამ გაგვიმხილა, რომ მისთვის იდეალური იყო ჭორვილის ეფექტი. ამაზე სრულიად საქართველო აღშფოთდა, _ ჩვენი გზა დასავლეთში მიდის და არა ოლიგარქის სოფელშიო. მაშინ ჩვენმა მოსახლეობამ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ჭორვილა თურმე სანატრელი გვქონდა და კადიროვის ჩეჩნეთში ვცხოვრობდით.
ტვ „პირველის“ ეთერში გასული გამაოგნებელი ჩანაწერების გასვლის შემდეგ უკვე ყველამ ვიცით, რომ საქართველოში იგივე ამბები ტრიალებს, რაც ჩეჩნეთში. ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს სთხოვს, ადამიანები ფეისბუქკომენტარის გამო დასაჯონ და საჯაროდ მოახდევინონ ბოდიში.
ამ მიმდინარეობას საფუძველი ჩაუყარა შერეკილმა და ცივსისხლიანმა მკვლელმა რამზან კადიროვმა. არაერთხელ გვინახავს ვიდეო, თუ როგორ იხდიან ჩეჩნეთში ადამიანები ბოდიშს ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის გამო. რამდენიმე წლის წინ იქ 50 წელს მიღწეულმა ჩინოსანმა ახალგაზრდა გოგო მოიყვანა ცოლად. ქორწილის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ჩეჩენი ქალები შევარდნენ ფბ-ში და მოთქმა ატეხეს, ეს რა უბედურებააო. კადიროვმა ყველა მათგანი შეკრიბა და სათითაოდ მოახდევინა ბოდიში. ბოდიშებს ის პირადად ისმენდა. სხვა ბევრი ბოდიში გვაქვს ნანახი. ისინი, ვინც ბოდიშს არ იხდიან, უკვალოდ იკარგებიან.
საქართველოც აშკარად ამ გზას დაადგა. კადიროვისგან განსხვავებით, ბერა ქვეყნის მმართველი არაა, მაგრამ მმართველის შვილია და გადაწყვიტა, თავისი წესებით ათამაშოს ქვეყანა, რაც მას არ გამოუვა. ყველაფრის მიუხედავად, ამ ქვეყანაში თავისუფალი ადამიანები ცხოვრობენ. თავისუფალი ადამიანები არ დაუშვებენ, რომ საქართველოში ბეროკრატია დამყარდეს.
9 წლის წინათ ხელისუფლებაში მოსულმა ივანიშვილმა პირობა დადო, ისეთი დემოკრატია იქნება საქართველოში, ევროპასაც გავაოცებთო. დემოკრატია არა, მაგრამ ბეროკრატიით კი ნამდვილად დავაღებინებთ მსოფლიოს პირს.

შორენა მარსაგიშვილი