დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე-მღვდლის დღიური“
გაგრძელება, დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##35;36.
„ქრონიკა+“ აგრძელებს დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის დღიურის გამოქვეყნებას. შეგახსენებთ, რომ „ლიტერატურული მუზეუმის“ მიერ წლების წინათ გამოცემული წიგნი, „მოქალაქე მღვდლის დღიურები“, რიგი გარემოებების გამო, ფაქტობრივად, ხელმიუწვდომელია ფართო მკითხველისთვის. წინამდებარე მასალაში წარმოდგენილია დეკანოზის ჩანაწერები ქართული ენის მდგომარეობის შესახებ სამეგრელოს სკოლებში, კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ისა და ქუთათელის გარდაცვალების (მკვლელობის) ამბები, ქონების დატაცების ფაქტები და საკმაოდ მნიშვნელოვანი მონათხრობი თბილისის სასულიერო სასწავლებლის შესახებ. ასვე სხვა უმნიშვნელოვანესი დეტალები იმ პერიოდის სასულიერო და საერო ცხოვრებიდან.
შეგახსენებთ, რომ ნიკიტა თალაკვაძე დაიბადა მედავითნის ოჯახში. 1889-1895 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1895-1899 წლებში კი _ კიევის სასულიერო აკადემიაში; 1899-1902წწ. _ მუშაობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად; 1902 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა; მამა ნიკიტამ, მიტროფანე ლაღიძის, სოსიკო მერკვილაძისა და სხვათა დახმარებით, აღადგინა წმინდა თამარ მეფის ხსოვნის დღე და თამარობის დღესასწაული.
ნიკიტა თალაკვაძე იყო ეპისკოპოს კირიონ II-ის (საძაგლიშვილი) თანამოაზრე. აქტიურად მონაწილეობდა ავტოკეფალიურ მოძრაობაში. 1912 წელს იგი ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1917 წელს მიენიჭა დეკანოზის წოდება.
1917 წლის 8 მარტს მამა ნიკიტას ბინაზე შედგა საიდუმლო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, ალექსანდრე ლომთათიძე, სოსიკო მერკვილაძე და ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე). კრებაზე გადაწყდა, რომ 12 მარტს სვეტიცხოველში გადაეხადათ სამშვიდობო პარაკლისი, ხოლო შემდეგ წაეკითხათ ავტოკეფალიის აღდგენის აქტი.
1917-1920 წლებში დეკანოზი ნიკიტა იყო საკათოლიკოსო საბჭოს წევრი. იგი გახლდათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების დროს ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე და პირველმა გამოაცხადა ახლად აღდგენილი ქართული ეკლესიის მეთაურად კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II (საძაგლიშვილი). 1918-1921 წლებში დეკანოზი ნიკიტა გამოირჩეოდა აქტიური მოღვაწეობით, რაც გააგრძელა ქვეყნის გასაბჭოების შემდეგაც.
საბჭოთა ხელისუფლება ავიწროებდა უშიშრად მამხილებელ მოძღვარს. 1922 წლის 17 ოქტომბერს ქალთა სასწავლებლის დირექტორმა იგი მასწავლებლობიდან დაითხოვა; 1924 წელს დეკანოზი ნიკიტა აიძულეს, დაეტოვებინა ეკლესია. იგი ჯერ საქართველოს ფინსახკომის საბიუჯეტო განყოფილების უფროსად მუშაობდა, შემდეგ _ კულტურის სამინისტროში. დეკანოზი ნიკიტა იყო თავისი დროის შესანიშნავი მქადაგებელი. ჩვენამდე მოაღწია მისმა არაერთმა ქადაგებამ. იგი ავტორია ჩანაწერებისა, რომელიც ცნობილია, როგორც „მოქალაქე-მღვდლის დღიური“.
(გაგრძელება)
ქართული ენა სამეგრელოს სკოლებში
რუსის ექსარხოსები ამუშავებდენ, ანვითარებდენ და ძალაში შეჰყავდათ ჩვენში ყოველივე რუსული, ქართულმა ეკლესიურმა სახემ ჯერ მეორეხარისხოვანი ადგილი დაიჭირა თავის ქვეყანაში, შემდეგ თანდათან ის დევნა-მოსპობის გზაზე შესდგა; ქალაქებში განსაკუთრებით ეკლესიები გაგვირუსეს, ჩვენი სამრევლოები გამოიდევნენ მათგან და მათ ნაცვლად რუსები გაბატონდნენ; ქართველი სემინარიელ-აკადემიელი მღვდლები სიხარულით ეგებოდენ მათთვის დაგებულ ანკესებზე, იმათ უფრო ეხერხებოდათ სლავიანური წირვა-ლოცვა, გალობა-მწიგნობრობა, ქადაგება და მღვდელმოქმედება, ვინემ ქართული; ასეთი მიმართულება ჯილდოვდებოდა არქიელებისაგან, ასეთი მოძღვარნი წარმატებაში შეჰყავდათ და უბნელებდენ საცნობელს მღვდელსაც და ერსაც. ვაი იმას, ვინც ასეთ მიმართულების გვერდის ახვევას სცდიდა! იმას მოელოდა საშინელი დამცირება, დევნა-ყვედრება, ტანჯვა და ათას გვარი ნაკლულევანება. ეს გამოსცადა სხვათაშორის ამ სტრიქონების დამწერმაც, როდესაც ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ხანმოკლე მასწავლებლობის შემდეგ (1899-1902) ფოთის საკათედრო ტაძრის წინამძღვრობა ვიკისრე და იმ ეპარქიის საეკლესიო სკოლათა საბჭოს თავმჯდომარეობა. აქ უკვე დასმული დამიხვდა დეკ. ვოსტარგოვის მიერ (ეს იყო მთელი კავკასიის საეკლესიო სკოლათა საოლქო მეთვალ-ყურე, ექსარხოსების „ვრემენშჩიკი“ _ თვალი და ყური, მათი ნდობით მოსილი, ფაქტიურად მომქმედი ჩვენი ეკლესიის დენაციონალიზაციის სფეროში) საკითხი სამეგრელოს საეკლესიო სკოლებიდან ქართული ენის განდევნისა, როგორც არა მშობლიურისა; სამეგრელოს სამონასტრო სკოლებიდან კი უფრო ადრე განდევნილი იყო ქართული ენა ისე, რომ ხმაც კი არავის ამოუღია, გარდა ნეტარხსენებულ გაბრიელ ეპისკოპოზისა, რომელიც მედგრად შეებრძოლა იმ დროის მზრუნველს იანოვსკის. ეხლა ჯერი მისდგა საეკლესიო სკოლებიდან ამ ენის განდევნაზე, და ეს პროცესი უნდა მომხდარიყო მოხუც ალექსანდრე ეპისკოპოზისა და ჩემს ხელში; ამას წინა აღუდექით ორნივე, რამდენადაც ძალგვედვა და უარვყავით ვოსტორგოვისაგან მოწოდებული სასწავლო გეგმა; ამ თაობაზე დიდი ბრძოლა და უსიამოვნება გადამხვდა ფოთში; ზოგიერთმა არაკეთილსინდისიერმა ქართველებმა (დეკ. არს. თოხაძემ, საეპარქ. კანცელარიის მდივანმა ლეონტი ჩაჩანიძემ, _ კაცმა მექრთამემ, კაცისმკვლელმა (მოჰკლა თითქოს უცაბედად დეკ. დიმ. ქიქოძე), რომელნიც საბჭოს წევრებად იყვნენ და პირადად ჩემი მოწინააღმდეგენი იყვნენ (პირველს კათედრის დეკანოზობა არ მისცა ალ. ეპისკოპოზმა და მე მიმიწვია, მეორემ თავისი და შემომაძლია საცოლოდ და უარვყავი მე), განიზრახეს ამ ნიადაგზე ჩემზე შურის ძიება და გასვრა, ვითომც მე, ეპარქიალურ მეთვალყურე თ. ჟორდანიასთან ერთად მომხრე ვიყავი ვოსტორგოვის პოლიტიკისა. მაგრამ საქმე მაინც გავიტანე, ამ თაობაზე შედგენილი ვრცელი ჟურნალი დაამტკიცა ალექსანდრე ეპისკოპოსმა, ხოლო დადგენილება საბჭოსი, ჩემი სახელით გაუგზავნე დეკ. ვოსტორგოვს ტფილისში, საოლქო საბჭოში. ეს მეტად იწყინა მან, მე გამომაცხადა უნიჭოდ და უვარგისად რუსის პოლიტიკის ჩვენს ცხოვრებაში გატარებისა, ხოლო ალექსანდრე ეპისკოპოზი მოხუცებულობის გამო გამოიყვანეს სამსახურიდან, კათედრა ფოთიდან უნდა გადატანილიყო ბათუმში, სადაც რუსი დეკანოზი ალ. რალცევიჩი გაუწევდა სკოლების საბჭოს სათანადო ხელმძღვანელობას, ხოლო მე კი უნდა დავრჩენილიყავი ფოთში, არსენ თოხაძესთან საშფოთავად; მაგრამ ალექსანდრე ეპისკოპოზი როგორც გაიყვანეს სამსახურიდან, მეც ტფილისის დიდუბის ეკლესიაში გადმოვმწესდი (ფოთში დარჩენა ჩემი უაზრო იყო, ამიტომ ვითხოვე ტფილისის ქაშვეთის ტაძარი, რომლის მაშინდელი წინამძღვარი დეკ. ესტ. ელიაშვილი გორის ქორეპისკოპოზად აკურთხა ალექსი ექსარხოსმა, ქაშვეთზე კი მე მომცა რეზოლუცია, გამოგზავნა პეტერბურგიდან, მაგრამ დიდუბის დეკ. კ. ცინცაძემ დაიხმარა გენერალი ივან გივის ძე ამილახვარი და თვით დეკ. ვოსტორგოვი, წამართვეს მოცემული ქაშვეთი, რუს ქორეპისკოპოზ ბენიამინეს საშუალებით ექსარხოსს უკან წააღებიეს თვისი ჩემზე გადმოგზავნილი რეზოლუცია და ცინცაძემ წამართვა ქაშვეთი; მაშინ დიდუბე ვითხოვე, მაგრამ ამას დეკ. ან. თოთიბაძე მართმევდა. მაგრამ ეს ნომერი აღარ გაუვიდა მას, ვინაიდან დიმიტრი ეპისკოპოზს (აბაშიძე), რომელიც ფოთში დაინიშნა ალექსანდრეს შემდეგ, მე არ ვსურდი იქ ვყოლოდი და მოითხოვა დეპეშით, რომ ჩემთვის დიდუბის ეკლესია მიეცათ და მოვეშორებიეთ ფოთიდან; კათედრის ბათუმში გადატანა შეფერხდა, ვინაიდან 1903 წლის მიწურულში რუსეთ- იაპონიის ომი მზადდებოდა და მე მოვხვდი დიდუბეში… აქაც 1903 წლის ნოემბრიდან 1912 წლის 20 მაისამდე დიდი ბრძოლა და უბედურება გადამხვდა, ისევ რუსიფიკაციის ნიადაგზე, ეკლესია და სამრევლო უკვე დაეფლოთ რუსებს _ შავრაზმელებს, ეს დეკ. კ. ცინცაძის ხელში, რომელიც აქ მსახურებდა 1891 წლიდან 1903 წლამდე! როდესაც აქ, დიდუბეში, შეუდექი ნელ-ნელა ქართული წირვა-ლოცვის გაძლიერებას, სახარების ქართულად წაკითხვას, ზოგჯერ ქართულად ქადაგების წარმოთქმას, ამიჯანყდნენ რუსები და 1910 წელს ექსარხოს ინოკენტის ხელში მიშოვნეს მარჯვე დრო, ამიტეხეს ბრძოლა ინოკენტის მიერ გადმოყვანილ (დიდუბეში) ლოთ მთავარდიაკონ სლადკოპლეცევის ხელმძღვანელობით, შავრაზმულ გაზეთ „Гîëîñú Êàâêàçà“-ს დახმარებით, სურდათ რუსის მნათის არჩევა, სამრევლო სამზრუნველოს წევრებადაც რუსების არჩევა, მაგრამ ამ ბრძოლაში ვაჯობეთ ქართველებმა; ამათ თავი მოუყარე, ორგანიზაციულად დავრაზმე და ყოველ კრებაზე ჩვენ ვიმარჯვებდით; ამ ბრძოლაში გავიდა კაი ხანი და რომ ინოკენტიმ ვერა ნახა რა საბაბი ჩემი იქიდან საქმით, პასუხისგებაში მიცემით, თავიდან მოშორებისა, 1912 წლის 20 მაისის რეზოლიუციით ქება-დიდებით გადამიყვანა ანჩისხატის ტაძარში, ვითომდა ამ სიწმინდის და სიძველის აღსადგენ-მოსავლელად! ამას გამოეხმაურა დიდუბის ქართველობა, ამაზე მხარი დამიჭირეს თავად-აზნაურთა კრებამ, პეტერბურგიდაც კი გააგზავნა სინოდში თუ ობერ-პროკურორთან ამ თაობაზე პროტესტები, მაგრამ ყოველივე უშედეგოდ დარჩა; დიდუბეში სამსახურის დროს ჟანდარმის პოლკოვნიკი პასტრიულინიც მოსვენებას არ მაძლევდა, ის, ინოკენტის შეგონებით თვეში ორჯელ-სამჯელ დამიბარებდა და მაწვალებდა, „შენ ავტოკეფალისტი ხარ, დიდუბეში რუსები დადიან საყდარში და რა საჭიროა იქ ქართული წირვა-ლოცვაო“! ვიყავი ერთ უბედურობაში! უკანასკნელად ამ პასტრიულინმა ერთხელ კიდევ დამიბარა უკვე უკანასკნელ ექსარხოს პლატონის დროს, როდესაც უკვე ანჩხათში ვიყავი. ეს იყო 1916 წლის 12 აგვისტოს. ამ დროს ვებრძოდი პლატონის ვერაგ პოლიტიკასა, მან გარს შემოირტყა ჩვენი ქართველი აკადემიელი დეკანოზები: მარკოზ ტყემალაძე (უბოძა მიტრა), დეკ. კ. კეკელიძე (უბოძა სემინარიის რექტორობა), დეკ. კ. ცინცაძე _ თოთიბაძე, დავიდოვი და ძმანნი მათნი; მე არ ვისურვე ამათ კომპანიაში ყოფნა და ეპ. ანტონთან ერთად (გიორგაძე, შემდეგ ქუთათელი მიტროპოლიტი) ვაწარმოებდით პლატონის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს ბრძოლა მეტად ძვირად დაგვიჯდებოდა ორთავეს, თუ რომ 1917 წლის თებერვლის დიდ რევოლუციას არ ესწრო. ამას შედეგად მოჰყვა 1917 წლის 12 მარტის მცხეთის აქტით ავტოკეფალიის აღდგენა (ამ თაობაზე ჩემს ბინაზე 8 მარტს იყო კრება, დაესწრო ანტონ ეპისკოპოზი, თვით ნოე ჟორდანია, რომელიც მომიყვანა სოსიკო მერკვილაძემ, ვიყავით მე და ჩემი ცოლი. აქ მივიღეთ საჭირო პოლიტიკური დირექტივები ნოე ჟორდანიასგან და მოვაწყვეთ 12 მარტის აქტი, დაგვესწრო ალ. ლომთათიძე, შემდეგ დამფუძნებელ კრების წევრი, მცხეთის ეზოში დიდძალ ხალხის წინაშე პირველი სიტყვა წარმოსთქვა მან, მეორე მე…).
ჩემი თავგადასავალიდან ზემო აღნიშნული ეპიზოდები იმიტომ მოვიყვანე, რომ მაგალითით გამეშუქებია თუ რაგვარი გახრწნილი პოლიტიკით მოქმედებდენ აქ რუსის არქიელები და როგორ უწყობდენ მათ ხელს ჩვენი განათლებული დეკანოზები, სწორედ ისინი, რომელთაც 1905 წელს ავტოკეფალიის დროშაც კი ააფრიალეს, მაგრამ როგორც კი დაგვსუსხა რეაქციის ჩრდილოეთის ქარმა, სულ ყველანი მიიმალ-მოიმალნენ, და ისევ ექსარხოსების კალთას შეაფარეს თავი.
მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში არც მომქმედი ეპისკოპოზები გვყვანდენ, ბევრი მათგანნი გაუნათლებელნი იყვნენ, მაგ. გაბრიელ ტუსქია, _ გურიისა, გრიგოლ ეპისკოპოზი გურია-მეგრელიისა და ბესარიონი; მხოლოდ ერთად ერთი მანათობელი სვეტი გვყავდა მეცხრამეტე საუკუნის სამოციან წლებიდან, ეს იყო გაბრიელ ეპისკოპოზი იმერეთისა, რომელმაც დიდი სიკეთე დასთესა ჩვენში, ღრმა კვალიც გაავლო ჩვენს სარწმუნოებრივ ცხოვრების გამობრუნების, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, მან გვაჩვენა მაგალითი თუ როგორ უნდოდა მთავრობის აგენტებთან შებრძოლება (იანოვსკი, ექსარხოსები და სხვანი); გაბრიელის შემდეგ უნდა აღინიშნოს მეცნიერი ეპისკოპოზი კირიონი, შემდეგ კათოლიკოზი; ამან წამოაყენა პირველმა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალობის აღდგენის საკითხი, რასაც შედეგად მოჰყვა მისი რუსეთში გაგდება (აფხაზეთიდან), იქ მისი 20 წლის განმავლობაში წამება; შემდეგ აღსანიშნავია ალექსანდრე ეპისკოპოზი, როგორც სუფთა ზნეობის და სამშობლოს მოყვარული პირი, მაგრამ მოკლებული გამჭრიახობას; ეს უფრო შიო მღვიმეს მონასტრის და ზოგიერთი სხვა მონასტრების აღდგენით და მოწყობით არის ცნობილი; აღსანიშნავია ამის ძმისწული ლეონიდი, ჯერ იმერეთისა, შემდეგ გურია-სამეგრელოსი და კირიონის დაღუპვის შემდეგ მეორე კათოლიკოზი ახალ აღდგენილ საქართველოს ეკლესიისა. ეს იყო ენერგიული ეპისკოპოზი, კარგი მქადაგებელი, მოყვარული თვისი ერისა და ეკლესიისა, მებრძოლი ავტოკეფალიისათვის, ეს უძღვებოდა საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობას 1917 წლის 12 მარტიდან 1917 წლის დეკემბრამდე, როდესაც კათოლიკოზად არჩეულ იქმნა კირიონი, ლეონიდი კი დარჩა ტფილელ მიტროპოლიტად. აღსანიშნავია ზემო დასახელებული ეპ. ანტონი (გიორგაძე), შემდეგ ქუთათელი მიტროპოლიტი; ესა, ლეონიდი და კირიონი მოჰყვნენ დავიდოვისაგან, ცინცაძე-თოთიბაძე-კეკელიძე-შუბლაძე-ციცქიშვილი და ძმათა მათთა მიერ დაგებულ ინტრიგანულ ბადეში და ერთმანეთი ამოიჭამეს; ამ ტრაგედიის გამაშუქებლად გამოდგება 1918 წელს დეკ. ციცქიშვილის რედაქტორობით დეკ. ი. შუბლაძის და დავიდოვის მიერ წარმოებული ყოვლად საზიზღარი კომპანია კათოლიკოზ კირიონის წინააღმდეგ და ქუთათელ მიტროპოლიტ ანტონის წინააღმდეგ; სულ გამოვიდა 13 ნომერი. მე მოვყევი კირიონის სფეროში, როგორც ანჩისხატის დეკანოზი, რომელიც ერგო წილად ახლადარჩეულ კათოლიკოზს ტფილისში, სადაც გაბატონდა „ტფილელი“, ხოლო ამან აღადგინა ძველი „ტფილელების“ ბრძოლა მცხეთელის წინააღმდეგ; გარე-შემოხვეულ წრეებმა კი ამ ჯოჯოხეთს შეურთეს და შეურთეს ჩინჩხვალი მუგუზლები, დაანთეს ცეცხლი, დაასხეს ზედ ნავთი და ნაცვლად ახალაღდგენილ ეკლესიის მოწყობისა, მისს ქვეყნის სამსახურისათვის მომართვისა, ამ სოციალისტურ-მატერიალისტურ ხანაში, სულ დასცეს ეკლესიის და სარწმუნოების პრესტიჟი საზოგადოების და ხალხის თვალში. საკათოლიკოსო საბჭოში იყო გაშმაგებული ბრძოლა კირიონის წინააღმდეგ, რომელსაც ვიცავდი მე და იმის დისწული ქრ. კაპანაძე; დასნეულებულ კირიონს (დამბლა დაეცა დაუსრულებელ უსიამოვნების ნიადაგზე) 23 მაისს 1918 წლის 14 საბრალმდებლო მუხლი წარუდგინა და წაუკითხა დეკ. კ. ცინცაძემ; ეს დოკუმენტი მე მაქვს დაცული, ზედ ხელი უწერია, გარდა ცინცაძისა, დეკ. კ. კეკელიძეს, პ. ბარათაშვილს, რ. ივანიცკის, პ. ინგოროყვას, იპ. ვართაგავას; 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს კათოლიკოზი კირიონის დაუკითხავად და მოუპატიჟებლად ჩასხდნენ ავტომობილში მიტროპ. ლეონიდი, ეპ. დავითი (ურბნისისა, კაცი სნეული და ყოვლად უსარგებლო, დიდგულა და უქნარა) და არქიმანდრიტი ნაზარი (ლეჟავა), ინოკენტი ექსარხოსის და პლატონის ნამდვილი აგენტი, გარყვნილ გათახსირებული (ეხლა ქუთათელი მიტროპოლიტი! ვაი, სირცხვილო!), წავიდნენ სასახლეში, სადაც ეროვნულ საბჭოს საქართველოს დამოუკიდებლობა უნდა გამოეცხადებიათ. როდესაც მათ ჰკითხეს, „კათოლიკოზი სად ბრძანდებაო“, ნაზარიმ უპასუხა, _ „ავად არისო“! ნამდვილად კი კათოლიკოზი იმ დღეს ჩინებულად გრძნობდა თავს, მწირველი იყო ანჩისხატში, ისაუზმა ჩემს ოჯახში, შემდეგ თვისს სასახლეში გული გადაელია _ მიმიპატიჟებენ სასახლეშიო, და შემდეგ დაინახა, რომ ზემოაღნიშნული პირნი ჩასხდენ გამოგზავნილ ავტომობილში და არც კი იკითხეს თვისი მამამთავარი სად იყო, იქვე ათ საჟენის მანძილზე კი იყო და უცქეროდა მათ გამგზავრებას! აი, ასეთი დამოკიდებულება შექმნეს ინტრიგანებმა ლეონიდსა და კირიონს შორის, მეც ზედ მიმაჭყლიტეს, როგორც კირიონის მორჩილი (მხოლოდ ჩემი ეკლესია არგუნეს მას ტფილისში!).
კირიონის სიკვდილი; ქუთათელის დაღუპვა
საბედისწერო ტყვიამ 1918 წლს 26-27 ივნისს, გათენებისას განგმირა გული წამებულ კირიონისა მარტყოფის მონასტერში! სისხლით შეიღება კათოლიკოზის კათედრა… ახალი ჭორები, ახალი ცილისწამება მიცვალებულზედაც _ თავი მოიკლაო! ტყუილია! არც კი გასჭრეს მიცვალებულის გვამი, არავინ გამოუდგა საქმის გამოძიებას, მენშევიკებს არ ეცალად ამ „საქმის გასაქექად“, რომ ქვეყანა არ აღელვებულიყო და ჩაიარა კირიონის დაღუპვამ… 1918 წლის ენკენისთვეს დაიღუპა ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი. ეს მოაწამლვიეს მისსავე სიძეს, ტომით ფანლიანდიელს, რომელსაც ცოლად ჰყავდა ანტონის ქალი; იმავ წლის 17 აგვისტოს (ძვ. სტილით) გელათიდან (დავასაფლავეთ იქ ბიძა იღუმენი სოფრონი), შევიარე ქუთაისში, ანტონისთან; დავსხედით სადილად: მიტროპოლიტი, მე და მისი სიძე, ჩვენს გარდა სხვა არავინ იყო; მზარეულმა ბერმა რომ სუპი შემოგვიტანა და ჭამას უნდა შევსდგომოდით, მიტროპოლიტი რაღაცას საყვედურებს მეუბნებოდა „ახალ სიტყვის“ პუბლიცისტებზე (ამათში ლეონიდიც იგულისხმებოდა, ის თანამშრომლობდა ამ პასკვილურ „ორგანოში“ „ჭინჭარის“ და „ბაბასინის“ ფსევდონიმებით და ილაშქრებდა ანტონის წინააღმდეგ მისს ზნეობრივ და მამულიშვილურ ღირსების დასამცირებლად), სასტიკი საყვედურები სთქვა არქიმანდრიტ ნაზარიზე, რომელიც მოსისხლე მტერი იყო ანტონისა, უცბად ამ პირთა საყვედურებიდან აი რაზე გადავიდა: „მამაო ნიკიტა! იცით, ჩემი მოწამვლა რო უნდათ“?! _ მე გავიკვირე და ერთნაირი საყვედურიც მოვახსენე: „აბა რასა ბრძანებთ, ვის უნდა უნდოდეს თქვენი მოწამვლა, რატომ ხართ ბერები ასეთი იჭვიანი ხალხი თქო“? ამაზე ისევ სერიოზულად მომიგო: „მე მართლა გეუბნები, ჩემი მოწამვლა განუზრახავთ!“ _ მიუბრუნდა სიძეს და ჰკითხა: „აბა ამ ჩემს ერთგულ კაცთან სთქვი: რამდენი გაძლიეს ტფილისში, ერთ ოჯახში, ჩემი მოწამვლის სასყიდლად“? სიძემ წარბ-შეუხრელად განაცხადა: „ათასი თუმანი“, „äåñÿòü òûñÿ÷“-ო! მაშინ ეს ფული იყო. მე საყვედური უთხარი ანტონის სიძეს: „როგორ გაგიბედეს, თქვენ ასეთი საზიზღარი და საშინელი წინადადების მოცემა და თუ გაგიბედეს, თქვენ რატომ იკადრეთ და რად უთხარით მიტროპოლიტს, ხომ ჰხედავთ, ეს კაცი თქვენ მოგიწამლავთ კიდეც-თქო“!.. აი, ასეთ ლაპარაკს ჰქონდა ადგილი იმ დღეს ჩვენ შორის! ის აღარ თქმულა თუ ვის ოჯახში იყო ეს ნათქვამი ანუ ვისგნით; ამის შემდეგ კი არ გასულა ერთი თვეც, რომ ანტონი მოულოდნელად დაიღუპა 18 ენკენისთვეს, ხოლო 21-ს დავასაფლავეთ… დაიღუპა ერთი რიგიანად მომზადებული ეპისკოპოზთაგანი ასე უდროოდ, ასე საშინლად! გასჭრეს მიცვალებული, სისხლი ავარდნია თავშიო! ნაწლევები ტფილისში გამოგზავნეს გამოსარკვევად, აქ ექიმმა ლომოურმა ქიმიურად გამოიკვლია და აღმოჩნდა შიგ ვერცხლის წყალი და თაგვის შაქარი _ მიშიაკი!.. ეს საქმეც მიაფუჩეჩეს; ანტონის სიძე და ქალი არ ვიცი სად მიიმალნენ….
ინგლისის ჯარის სარდლობასთან
ანტონის კათედრა ზემოაღნიშნულმა ნაზარმა დაიჭირა ისე შინაურულად, უკანონოდ, უარჩევნებოდ, საეპარქიო საბჭომ მოიწვია ზოგიერთ საოლქო საბჭოების წევრნი და ასე აირჩიეს ქუთათელი! ეს არჩევნები დაამტკიცა საკათოლიკოზო საბჭომ ლეონიდის თავმჯდომარეობით!.. ამ თაობაზე დასაბუთებულ პროტესტით შევედი საკათ. საბჭოში, გავასაჩივრე ასე თვითნებობა საკლესიო კრებისადმი წარსადგენად, მაგრამ საკათ. საბჭომ ამის საპასუხოდ მეორე უკანონობა ჩაიდინა: თვით ტფილელი მიტროპოლიტი ლეონიდი კათოლიკოზად გამოაცხადა უარჩევნებოდ, შეეკითხნენ საეპარქიო საბჭოებს, ამათგან მოვიდა (ფოთიდან და ქუთაისიდანაც) საწინააღმდეგო აზრები, მაგრამ ვინაიდან პირველ საეკლესიო კრებაზე ლეონიდიც იყო ამორჩეული, თუმცა კირიონზე ნაკლები ხმით, უნდა იმ არჩევნებით დავკმაყოფილდეთ და ვაკურთხოთ კათოლიკოზადო. ამ თაობაზედაც მე და ქრ. კაპანაძე შევედით დასაბუთებული პროტესტით, მაგრამ არც ამ პროტესტს მისცა მსვლელობა საკათ. საბჭომ. ამ დროს მეტად გამწვავდა დამოკიდებულება ჩემსა და საკათ. საბჭოს უმცირესობას შორის და თვით ლეონიდთანაც; სამეურნეო ნაწილის ჯამაგირიანი წევრობა ვიკისრე საკათ. საბჭოში; ვმუშაობდი თავ-გამოდებით; ჩვენი შენობები ძველი და ახალი სემინარიისა, სასულიერო სასწავლებლისა, მათი ინვენტარით დათმობილი ჰქონდა ინგლისის ჯარებს; მათთან საქმე დავიჭირე, ჩვენი ამ შენობებზე უფლებები ვაღიარებიე მენშევიკურ მთავრობასაც და ინგლისის სარდლობასაც; საიჯარო ფული გადავახდევინე; რაც გადარჩენილიყო ვაკის შენობებში (სემინარია-სასულ. სასწავლებლისა) რაიმე ნივთები, ამის ცნობაში მოყვანას შეუდექი, ინგლისელებმა დაგვაცლევინეს ის შენობები და ნივთები, ბიბლიოთეკა სემინარიის და დგამი უნდა გადმოგვეზიდა.
ქონების დატაცება
ბევრი რაიმე გადმოვზიდეთ კიდეც მე და ქრ. კაპანაძემ, მაგრამ ვერც კი მოვასწარით რექტორ კ. კეკელიძის ბინიდან აუარებელი და მშვენიერი მოწყობილების საკათ. საბჭოს შენობაში გადმოზიდვა (ინგლისელებს გამოვართვი ავტომობილები და ისე გადმოვაბარგე რექტორი კეკელიძე საბჭოს შენობაში, სადაც წინეთ კანტორის პროკურორი იდგა ექვს ოთახში მუქთად, ელექტრონით, წყლით და ყოველივე მოწყობილებით), რომ ამ პატიოსანმა გვამმა მიშოვნა დრო, როდესაც მე საბჭოში არ დავესწარი ერთ სხდომას, შეუტანია თხოვნა დამრთეთ ნება, რომ სემინარიის რექტორის ბინის მოწყობილება, რომელიც აქ გადმოვზიდეთ, მე შევიძინო საკუთრებადო! ამას ნება დართო დეკ. კ. ცინცაძემ (ნათესავია კეკელიძისა), ვინაიდან რასაც ცინცაძე ინებებდა, იმას ლეონიდი წინ ვერ აღუდგებოდა და ორას თუმნად (2000 მანეთად!) მიჰყიდა დეკ. კ. კეკელიძეს, ყოფილ რექტორს, სემინარიის დამსამარებელს ის აუარებელი ნივთები, _ დღეს რამოდენიმე მილიარდად ღირებული! კეკელიძის მაგალითს მიჰყვა ქრ. კაპანაძე, რ. ივანიცკი, პ. ბარათაშვილი, პავლე ინგოროყვა და სხვანი წევრნიც საბჭოსა და ჩვენი გადმოზიდული ნივთები თუ კანტორისა სულ დაიტაცეს ოხრის ფასად! ამ თაობაზე საკათ. საბჭოში შევედი სასტიკი პროტესტით, მაგრამ დამეტაკენ სულყველანი, ქრ. კაპანაძეც კი (ამანაც ზორბად ისარგებლა) და კინაღამ შემჭამეს; ყველაზე მეტად მებრძოდა თვით ლეონიდი! ამის სასახლის ქვემო თუ ზემო სართულებშიც დიდძალი ვენის სკამები, დიდებული ძვირფასი შკაფები, მაგიდები და სხვა და სხვა ავეჯეულება შევინახეთ; დავიდოვის ბინის ქვეშაც დიდძალი ნივთები _ ავეჯეულება შევინახეთ; საბჭოს შენობაში სემინარიიდან გადმოვზიდეთ დიდძალი სპილენძეულება სემინარიისა თუ სასულიერო სასწავლებლისა, ერთი დიდი სპილენძის ემბაზიც კი იყო, რამოდენიმე დიდი საარყე ქვაბები, პატარა ქვაბები, ფლავის სპილენძეულება, კაი ძალი ფრაჟეს დანა-ჩანგალი. როგორც ქვემოდ თავის ადგილზე აღვნიშნავთ, ესენი სულ დაუტაცნიათ ვინ იცის ვის!..
როგორც სამეურნეო ნაწილის გამგეს, მე თითქოს მოვალე ვიყავი, საეპარქიო საბჭოს მდივნის დავიდოვის სადგომ ბინის გადაკეთება მეკისრა, ყოფილი საეპარქიო კანცელარიის შენობა მის ბინად გადამეკეთებია, დავიდოვის ფეხისალაგები გამეკეთებია ქრისტ. აღმადგენელ საზოგადოების თანხებიდან! ამაზე მე განვაცხადე პროტესტი, ეს საკათოლიკოზო საბჭოს წევრის საქმე არ არის თქო და ასეთ საჭიროებაზე აღნიშნულ თანხების დახარჯვა უკანონობაა თქო; ასეთი შინაარსის ქაღალდი შევიტანე; ამაზე ამიტყდა მთელი საბჭო, გარდა ქრ. კაპანაძისა და კინაღამ შემჭამეს, მთელი სამი სხდომა ამას მოვანდომეთ, ერთს სხდომაზე გულიც წამივიდა და ცოცხალ-მკვდარი მიმიყვანეს ბინაზე; ვიავათმყოფე 15 დღე!.. ბეჭვდითი ორგანოს გამოცემა მომანდო ლეონიდმა, მაგრამ, როდესაც საქმეს უნდა შევსდგომოდი, ამიტეხეს საკათ. საბჭოში ისევ შფოთი და ასე მითხრა: „შენისთანა კაცს ორგანოს გამოცემა როგორ მიენდობაო“! მაშ რაზედ მომანდეთ თქო და ასტყდა კიდევ საშინელი კლიაუზა და მიხლა-მოხლა. განცვიფრებული ვიყავი, მიმიწვია ჯამაგირიან წევრად ლეონიდმა, რედაქტორობის წინადადება მომცა მანვე, ვმუშაობ და ვხედავ, რომ რამდენ ნაბიჯს წინ გადავსდგამ, საბჭო ლეონიდის მეთაურებით მეჭიდებიან უკნიდან, ანაფორის კალთაზე და საქმეს მაშორებენ, ხელს მიშლიან, დამცინიან და მამცირებენ! დავიდოვი იბღვირება, ჩემს მღვდელს დ. ჩიკვაიძეს ეუბნება: „შენი წინამძღვრის სული აი, ამ მაგიდის უჯრაში მაქვს დამწყვდეულიო! რო იცოდეს რა ვიგდეთ ხელში, მილიონებს არ დაიშურებდა ამ დოკუმენტის ხელში ჩასაგდებადო“!.. მიკვირდა, რა დოკუმენტი უნდა გასულიყო ჩემი ხელიდან ისეთი, რომელიც ასეთი სამარცხვინო უნდა ყოფილიყო ჩემთვის…
ტფილისის სასულიერო სემინარიის ლიკვიდაცია
ამ დროსვე მოხდა ჩვენი სასულიერო სემინარიის დახურვა, მისი ლიკვიდაცია რექტორ კეკელიძისა და არქიმ. ნაზარის მიერ (ეს მასწავლებლად ჰყავდა კეკელიძეს მიწვეული). ისე დაიხურა სემინარია, რომ არც კათოლიკოზი და არც ვინმე სხვა საკათ. საბჭოდან არ დასწრებია არც ერთ გაკვეთილს სემინარიაში, არავითარი რევიზია აქ არ მოუხდენია ვინმეს, არავითარი ინტერესი არ აღუძრავს რექტორ კეკელიძეს მოწაფეებისათვის სარწმუნოებისა და ქრ. ზნეობისადმი, არავითარი შინაარსი არ ჩაუდვია „ქართულ სემინარიაში“, რომელიც 1917 წლის ოქტომბერში დიდის „რეჩით“ გახსნა მან კათოლიკოზ კირიონის და ლეონიდე ტფილელის თანადასწრებით გადახდილ პარაკლისზე ქალთა ეპარქიალურ სასწავლებლის ეკლესიის დარბაზში, მთელ მოწაფეების და კორპორაციის თანადასწრებით! დეკ. კეკელიძემ თავის საზეიმო სიტყვაში მთელი საუკუნის მანძილზე „ხელი გაუწოდა“ ქართულ სემინარიის უკანასკნელ რექტორს და მით თითქოს გვპირდებოდა რუსთა ბატონობის მიერ შეწყვეტილ ქართულ ღვთისმეტყველების, ეთიკის და ეკლესიურ კულტურის აღდგენა-განახლებას! მაგრამ დეკ. კეკელიძე, როგორც ურწმუნო და მეტად უზნეო კაცი, ამ საქმეს ვერ შეასრულებდა, არც უნდა ეკისრნა, არც საკათ. საბჭოს უნდა დაეკისრებია მისთვის ასეთ დროში ასეთი კონფესიონალური, წმინდა სარწმუნოებრივი საქმე. რაც თვით არ ჰქონდა, სხვისთვის რა უნდა მიეცა დეკ. კეკელიძეს და აკი ვერც მისცა! ჯერ განაცხადეს, რომ სემინარია გიმნაზიად უნდა გადავაკეთოთ, როგორც პირველმა კრებამ დაადგინა, სამღვთო სჯულის ორ-ორი გაკვეთილით კვირაშიო; შემდეგ, სემინარია სამინისტროში მიიღეთო ეხვეწნენ ნოე ჟორდანიას, რომ ჯამაგირები არ მოგვისპოს და უფლებები არ დავკარგოდ მასწავლებლებმა თუ მოსწავლეებმაო; ჟორდანია კი ეხვეწა მათ (ეს ინსპეკტორმა ნიკიფორე მამინაიშვილმა მითხრა დეკ. ი. კაპანაძის თანადასწრებით) _ „ნუ აჩქარდებით სემინარიის განათლების სამინისტროს უწყებაში გადმორიცხვისას, წლის დამლევამდე კრედიტი გაქვთ _ იანვრიდან სეკტემბრამდეც ინერციულად გაგრძელდება კრედიტები და მანამ კი თქვენს საქმეს მოაწყობთო“! ცხადია ნ. ჟორდანიას ენანებოდა სახელოვან სასწავლებლის დაღუპვა, მას ეგონა, რომ ჩვენ უფრო მოუვლიდით და შევინახავდით, მაგრამ ვინ იყო მსმენელი! სემინარიის საბჭო განუსაზღვრელ „ავტონომიით“ იყო აღჭურვილი, საკათ. საბჭომ ერთხელაც არ ჩაიხედა ამ ჩვენ დამღუპველ ავტონომიაში და უგუნურების ხელში ეს დიდი საქმე წაიქცა და ნივთიერადაც მეტად დავზარალდით!
ტფილისის სასულიერო სასწავლებელი
გაიმართა შფოთი სემინარიისა და ყოფილ სასულიერო სასწავლებელს შუა, ეს უკანასკნელი უკვე გიმნაზიად იყო გამოცხადებული, გამგედ იყო ან. ნატროშვილი; მაგრამ როდესაც სემინარია გაკოტრდა, მაშინ კეკელიძემ განიზრახა ყოფილ სასულიერო სასწავლებლის მის კორპორაციით შემოერთება და ამ სახით გიმნაზიის გამოცხადება სამინისტროს ხელქვეით, უსამღვთო სჯულოდ! გაიმარჯვა კეკელიძემ, დამარცხდა ნატროშვილი, ვინაიდან საკათ. საბჭომ მხარი დაუჭირა კეკელიძეს. გადაეცა ეს გაერთიანებული ყოფილი ჩვენი უბედური სასწავლებელი სამინისტროს; ეხლა შეიქმნა ცილობა თუ ვინ იქნებოდა გაგიმნაზიებულ სემინარია-სასწავლებლის „დირექტორად“! კენჭი იყარეს კეკელიძემ, ნატროშვილიმა, იპ. ვართაგავამ, ბარნოვმა; ამოირჩიეს დეკ. კეკელიძე, მაგრამ ის, როგორც სასულიერო პირი, სამინისტრომ არ დაამტკიცა; არც სხვები დაამტკიცა და ქუთაისიდან გამოიწვია ვინმე ჯორჯიკია; კეკელიძის მიერ გაიძარცვა (თვით კეკელიძემ და მისმა შვილებმაც დაიტაცესო) მდიდარი პანსიონის ლოგინები, ზეწარ-საფენები, სტოლის მოწყობილება _ გადასაფარებელ-ხელსახოცები, დანა-ჩანგალი, აუარებელი საზაფხულო თუ საზამთრო საბნები; ცოტა ხანი იარსება გადაკეთებულმა „გიმნაზიამ“; ის მალე დაიხურა, მოწაფეები და მასწავლებელნი დაარიგეს ტფილისის გიმნაზიებში; დეკ. კეკელიძე გაპროფესორდა ქართულ უნივერსიტეტში, რომელიც (მისივე ხელმძღვანელობით) დაეპატრონა სემინარიის ახალ შენობასაც, მდიდარ წიგნთ-საცავსაც (თუმცა დიდძალი და საუკეთესო წიგნები ამ წიგნთსაცავისა თვით რექტორს და მასწავლებლებს ჰქონდათ დატაცებული და ამ გადაცემა-გადმოცემაში შერჩათ კიდეც და ამ სახით ვანდალურად დაზარალდა ერთი უძველესი და უმდიდრესი წიგნთსაცავი ტფილისში!)
ჩემი „გასამართლება“
სემინარიის ტრაღედიის შესახებაც ბევრი ვიბრძოლე, ამ თაობაზედაც პროტესტებით შევდიოდა საკათ. საბჭოში, მაგრამ ვინღა მიგდებდა ყურს, ისე დამიწყეს დევნა, როგორც ცოფიან ძაღლს. ამ ვაი ვაგლახში დასრულდა 1919 წელი. 1920 წლის 2 იანვრისათვის ლეონიდს მოუწვევია შეერთებული კრება საკათ. საბჭოსი და საკათ. სასამართლოსი, უწყებაში საგანი ასეთ არაჩვეულებრივ კრებისა არ იყო აღნიშნული; გამოცხადდა სულ 17 კაცი; არის რაღაც ჩოჩქოლი, ერთმანეთთან ჩალაპარაკება, ზოგჯელ ღიმილი, ზოგჯელ ორაზროვანი ჩემსკენ გამოხედვა; მიკვირს, აზრი ვერ ამიღია რაშია საქმე; საკათ. სასამართლოს წევრი ყანჩელი მომიჯდა გვერდით (მაშინ ბრალმდებლის თანაშემწედ მსახურებდა მენშევიკურ სასამართლოში); მას ვკითხე: „სანდრო, რა საგანზეა ეს დღევანდელი კრება მოწვეული თქო“? _ „კაცო მე მეკითხები ამაზე?! მე მგონია შენ უფრო კარგად უნდა იცოდე ამ კრების საგანი, ამბობენ შენი მოხსენება უნდა მოვისმინოთო“! _ მე უთხარი, „არავითარი მოხსენება ჩემთვის არ მოუნდვიათ, თქვენ მეხუმრებით თქო“!.. გაიხსნა სხდომა. ლეონიდმა წინადადება შემოიტანა ასეთი: „ქუთაისიდან მომივიდა ერთი დოკუმენტი (როდის მოუვიდა ის არ აღნიშნა) და საჭიროდ დავსახე თქვენც გაგიზიაროთ მისი შინაარსიო და დაიწყო კითხვა ამ „დოკუმენტისა“. რო გაათავა წაკითხვა (მე უკვე მივხვდი რაში იყო საქმე) განაცხადა: „ეს დოკუმენტი ხელმოუწერელია, მაგრამ როგორც ნაწერი, ისე შინაარსი მისი უნდა ეკუთვნოდეს საკათ. საბჭოს წევრს დეკ. ნ. თალაკვაძესო, ეხლა თქვენთვის მინდოდა შემეკითხა, რა უყოთ ასეთ ადამიანს, აქვს თუ არა მას უფლება საკათ. საბჭოს წევრად დარჩესო“! შეიქმნა სამარისებური მყუდროება, ბუზის გაფრენაც კი გაიგონებოდა, დოკუმენტი კი გადადიოდა ხელიდან ხელში და როდესაც ჩემამდე მოახწია, ავიღე ხელში, არც კი დამიხედნია ზედ ისე, ავდექი და წარმოვსთქვი ვრცელი, დასაბუთებული და მოწინააღმდეგეთა გამანადგურებელი სიტყვა. „ამის გამოსარკვევად რა საჭირო იყო, თქვენო უწმინდესობავ, ამოდენა ხმაურობა, ჯერ ამოდენა საიდუმლოებით კრების მოწვევა და უჩუმრა ორღობიდან ჩემზე თავდასხმა თქო. ჯერ ზიზღი და სირცხვილი იმ ქუთათურს, ვინც თქვენ ეს დოკუმენტი გადმოგიგზავნათ, ეს არის ნამდვილი იმერული, ძველი მოხრიკეს ნამოქმედარი; მეორედ თუ გადმოგიგზავნათ და მიხვდით კიდეც რომ ეს დეკ. თალაკვაძის ნაწერ-ნაწარმოებია, დამიბარებდით წყნარად და შემეკითხებოდით ჯერ პირადად და თუ არ გამოვტყდებოდი, შემდეგ შეგეძლოთ საქვეყნოდ გამოგეტანეთ და თუ დანაშაულობა რამ ჩამიდენია პასუხისგებაში მიმცემდით წესისამებრ თქო. თორემ თქვენ განგიზრახავსთ ჩემზე თავზარის დაცემა, იქნებ გეგონათ კიდეც, რომ მე მაგ დოკუმენტის სიმძიმის ქვეშ აქვე წავიქცეოდი და გული გამისკდებოდა, მაგრამ ხო ხედავთ, როგორ დამშვიდებულად ვგრძნობ თავს და დალაგებითაც გიპასუხებთ!? დიახ, ეს დოკუმენტი ჩემი ნაწერია, ჩემივე შეთხზულია, აწ განსვენებულ ქუთათელ მიტროპ. ანტონის ტფილისში ყოფნის დროს, კათოლიკოზ კირიონის დასაფლავების მეორე დღეს, ამ ტრაღედიის შთაბეჭდილების ქვეშ! ეს შემდეგ გადავსწერე ანტონის ბრძანებით და მასს საეპარქიო საბჭოსათვის მოხსენების მასალად გადაუგზავნე, ცალკე, ჩემ მიერ ხელმოწერილი ბარათთან; ასე რომ ეს დოკუმენტი, მთელი თაბახი ქაღალდი, რომელშიდაც საკათ. საბჭოში ჩემ მიერ შეტანილი მოხსენებებია ნომრებით აღნუსხული, ჩემი სახელი და გვარიც არის შიგ ჩემი ხელითვე დაწერილი, ასეთი დოკუმენტი, ვიმეორებ, ანონიმად ვერ გასაღდება თქო! მაგის ქუთაისიდან გადმომგზავნს რომ სინიდისი ჰქონებოდა, ერთი რომ მაგას არ გადმოგცემდა თქვენ და თუ გადმოგზავნა, უნდა გადმოეგზავნა ის მეორე წერილიც, რომელიც მაგ დოკუმენტზე იყო ძაფით მიკერებული თქო!.. ეს გარეშე გარემოებანია ამ დოკუმენტისა; ეხლა შევეხები შინაარს და ვიტყვი: დღემდე ეს იყო უბრალო, მასალად დაწერილი ქაღალდი, დღეიდან კი მაგ ქაღალდმა მიიღო ისტორიული მნიშვნელობა, მე მაგ დოკუმენტის შინაარს დღესაც სავსებით ვიზიარებ, მე თავი მომწონს კიდევაც მაგ დოკუმენტის ავტორობით! თქვენთვის მაინცა და მაინც ახალი მაქ არაფერი არ უნდა ყოფილიყო: საგანია კათოლიკოზ კირიონის დაღუპვა, რომლის შესახებ მე ვრცელი და დასაბუთებული სიტყვა წარმოვსთქვი სიონის ტაძარში, ცხედრის კუბოზე, თქვენს წინაშე; შემდეგ ეს სიტყვა დავბეჭდე ჟურნალ „თეატრი და ცხოვრებაში“, იქაც და მაგ დოკუმენტებში მე ერთ ჯგუფს, „ახალი სიტყვის“ გარშემო შეკრებილს და საკათ. საბჭოს უმრავლესობას უწოდე „ზნეობრივი მკვლელები კირიონ კათოლიკოზისა“! ამას ახლაც ვიმეორებ და ვამტკიცებ კიდეც! მე ფიზიკურ მკვლელს არ ვეძებ, ეს ჩემი საქმე არ არის… რომ ქუთათელი მიტროპოლიტიც ასეთივე მუხანათობის მსხვერპლი არ გამხდარიყო, უსათუოდ მოვაწყობდით გადატრიალებას ჩვენს ეკლესიურ ცხოვრებაში სწორედ ისე, როგორც აწ განსვენებულმა ანტონ ეპისკოპოზმა, მე და ჩვენთან კიდევ რამოდენიმე პირმა მოვაწყვეთ 1917 წლის 12 მარტის აქტი, მაშინ როდესაც თქვენც და თქვენი დღევანდელი მომხრენი პლატონ ექსარხოსის კალთას არ შორდებოდით და 12 მარტს კი მზა-მზარეულ საქმეზე მობრძანდით და ასე ლამაზად დაწყებული საქმე წაგვიქციეთ, ტალახში და უმანკო სისხლში ამოსვარეს ჩვენი ეკლესიის სახელი და პრესტიჟი ასეთ საპასუხისმგებლო დროს… მიუხედავად ყოველივე ამისა, მე მაინც გული მოვიბრუნე, ამდენ უბედურების შემდეგ მაინც შესაძლებლად ვსცანი ასეთ კოლეგებში სამსახური ისევ ეკლესიის სახელის და საქმის გამოსაბრუნებლად; თქვენ კი ნაცვლად ხელის შეწყობისა, ნაცვლად განვლილ უბედურებათა დაცხრომისა, ისევ აღვივებთ, ამწვავებთ დამოკიდებულებას, მთელი წელიწადია ხელში გჭერიათ ეს განსვენებულ ქუთათელის კაბინეტში ნაპოვნი აწ დოკუმენტი, რომელიც რაღაც საფრთხობელად გაგიხდიათ ჩემთვის, მაგისი არსებობა აქ ყველას სცოდნია, ჩემს გარდა და მთელი წლის განმავლობაში ისე მათამაშებდით, როგორც კატა თაგვს, ეხლა მესმის ის აურაცხელი და სხვაფრივ ჩემთვის გაუგებარი და აუხსნელი მოპყრობა, რომელიც მე ამ ერთი წლის განმავლობაში განვიცადე თქვენგნით კერძოთ და საკათ. საბჭოს უმრავლესობის მხრივ საზოგადოდ. მე კმაყოფილი ვარ, რომ ამ გაუგებრობას ფარდა აეხადა და თქვენ სვამთ საკითხს ჩემ შესახებ, მაგრამ მოგაგონებთ იმასაც, რომ, როგორც საკათ. საბჭოს წევრი, დებულებით შეუვალი პიროვნება ვარ, მაქვს თავისუფლება სიტყვისა, წერისა, აზროვნებისა და მოქმედებისა, როგორც მოქალაქობრივად, ისე ეკლესიურად; მაპატიეთ, თქვენო უწმინდესობავ, თქვენ ერთხელ კიდევ სასტიკ შეცდომაში შეუყვანიხართ თქვენდამი დაახლოებულ პირთ, ურომლისოდ თქვენ უფრო სწორეთ და მუდამ კანონიერად იმოქმედებდით და არც ამდენი მარცხი მოგივიდოდათ, რაც თქვენ ამ მოკლე ხანში განიცადეთ, თქვენ ეკლესია ხელში გეფუშებათ და ჩემზე ყრილობთ ჯავრს, ეს პირდაპირ საარაკოა. მე მზად ვარ მოვისმინო თქვენი მსჯავრი ჩემზედ~…
მეტად გამოილაშქრა ჩემს წინააღმდეგ საკათ. საბჭოს წევრმა რ. ივანიცკიმ, ლეონიდის შვილობილად წოდებულმა; გამოილაშქრა დეკ. ცინცაძემ, კეკელიძემ, პ. ბარათაშვილმა; ესენი მოითხოვდენ ჩემს საკათ. საბჭოდან სრულებით გაძევებას, სხვები უჩვენებდენ დებულებას, რომ ამის უფლება არა გაქვს, საეკლესიო კრებას უნდა მოხსენდესო. ბევრი მიხლა-მოხლის და თათბირის შემდეგ გამოიტანეს ასეთი რეზოლიუცია: „დეკ. ნ. თალაკვაძეს არა აქვს ზნეობრივი უფლბა საკათ. საბჭოს წევრად დარჩესო“… მე ამაზე მოკლედ უპასუხე: თქვენ ჩემ მსაჯულებად არ გამოდგებით, ჩვენ ორთავე მხარე დაინტერესებულ მხარეებად ჩავითვლებით, ეს ვინმე მესამე პირმა უნდა მამხილოს; მე თქვენ ზნეობრივ მკვლელებად გაცხადებთ, მე თქვენს გარეკას ვსცდილობდი საკათ. საბჭოდან, მე თქვენ უზნეო და დამნაშავე პირებად გთვლიდით და ეხლა თქვენ ზნეობაზე მელაპარაკებით, ზნეობას მიწუნებ თქო…
მაგრამ მეორე-მესამე დღეს ცოტა რამ საქმეები მივაწყვ-მოვაწყვე საკათ. საბჭოში და აღარც მივსულვარ კრებაზე, გადაუწყვეტიათ, რომ თუ მე გამოვცხადდებოდი, ისინი დემონსტრატიულად გავიდოდნენ დარბაზიდან. მეც აღარ გავჭირვეულდი და აღარ დავდიოდი საკათ. საბჭოში; ქალთა მესამე გიმნაზიაში ვიშოვე მასწავლებლობის ადგილი. ამ სახით ჩამოშორებულ ვიქმენ ეკლესიის საქმეთაგან, იმ ეკლესიისაგან, რომლის სამსახურისათვის შეგნებულად ვიტვირთე მძიმე ჯვარი მღვდლობისა, ამდენი ვებრძოლე ექსარხოსების რეჟიმს, ამდენი დევნა- უსიამოვნება, შევიწროება, დამცირება და ნივთიერი ნაკლულევანება განვიცადე, არავისთვის არც კი გამიზიარებია ისე ჩემი მწუხარება-გაჭირებანი! ვისგნით შემხვდა ყოველივე ეს?! სამწუხაროდ და სამარცხვინოდ ჩვენდა ისევ ჩემიანთაგან! არ ვიტყვი, რომ ყველგან და ყველაფერში მე ვიყავი მართალი, ალბად მეც შეცდომები მომდიოდა, მაგრამ შეგნებულად და ანგარებით ან რაიმე პირად სარგებლობის ან თავმოყვარეობის გავლენით არა ჩამიდენია რა, თუ ვსცდებოდი ან ზოგჯერ გადავამეტებდი სიტყვით თუ წერით, ეს მომდიოდა ადამიანის ბუნების სისუსტით, ვნება-ბოროტება კი არავისთვის მიმიყენებია. მაგრამ ვიფიქრე: ვინაიდან ეს ხალხი გააფთრებული მსდევნიან, ამზომ ამითვალწუნეს, მოდი ჩამოვშორდები ერთ ხანს, ვნახო იქნებ მართლა მე უშლი მათ ხელს, იქნებ უჩემოდ ესენი უფრო კარგ გზას და მოქმედებას დაადგებიან ეკლესიის მოწყობის საქმეში. ასე მოვიქეცი, არაფერ საქმეში აღარც მეძახოდენ, არც მე თვით ვერეოდი. მაგრამ უფრო მეტად აეწეწათ საქმეები _ ლეონიდის სასახლის ქვეშ დაბინავდენ მისი ძმისწულები, დისწულები, ოქროპირიძე-კარიჭაშვილები, იაკობ ცინცაძე (ია ეკალაძე, რომელიც წინეთ დიდი მოწინააღმდეგე იყო ლეონიდისა და შემდეგ ქუთათელის გარდაცვალებისა დავიდოვმა მიიმხრო, ლეონიდს შეარიგა და განიზრახეს ამ კაცისათვის მიენდოთ სასულიერო ბეჭდვითი ორგანოს გამოცემა საეკლესიო ფულებით; ეს ცინცაძე კი _ ჩემი სკოლის ამხანაგია სემინარიიდან, არის კაცი ურწმუნო, ღვინის მიმყოლი და მეტად ზერელე მოაზროვნე, ამან სთარგმნა და ავრცელა ჩვენს ხალხში რუსული რენანის თხზულება „ცხოვრება იესოსი“, რენანისა, რომელსაც ეწოდა სახელი „ქრისტეს გამყიდველისა“…
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)