დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე – მღვდლის დღიური“
გაგრძელება, დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##35-41 (2019წ.); #2-9 (2020წ.)
„ქრონიკა+“ აგრძელებს დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის დღიურის გამოქვეყნებას. შეგახსენებთ, რომ „ლიტერატურული მუზეუმის“ მიერ წლების წინათ გამოცემული წიგნი, „მოქალაქე მღდვლის დღიურები“, რიგი გარემოებების გამო, ფაქტობრივად, ფართო მკითხველისთვის ხელმიუწვდომელია. მასალაში, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, ძირითადად, საუბარია საეკლესიო ინტრიგებსა და კულუარებზე. ნიკიტა თალაკვაძის შეფასებებით ეს კულუარები და ფაქტები დღევანდელი გადასახედიდანაც კი საკმაოდ მძიმე გასააზრებელია და უამრავ „ნაცნობ“ თუ უცნობ მოვლენას, ცნობილ თუ საზოგადოებისთვის უცნობ პერსონას საერთოდ სხვა კუთხით წარმოაჩენს.
შეგახსენებთ, რომ ნიკიტა თალაკვაძე დაიბადა მედავითნის ოჯახში. 1889-1895 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1895-1899 წლებში კი _ კიევის სასულიერო აკადემიაში; 1899-1902წწ. _ მუშაობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად; 1902 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა; მამა ნიკიტამ, მიტროფანე ლაღიძის, სოსიკო მერკვილაძისა და სხვათა დახმარებით, აღადგინა წმინდა თამარ მეფის ხსოვნის დღე და თამარობის დღესასწაული.
ნიკიტა თალაკვაძე იყო ეპისკოპოს კირიონ II-ის (საძაგლიშვილი) თანამოაზრე. აქტიურად მონაწილეობდა ავტოკეფალიურ მოძრაობაში. 1912 წელს იგი ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1917 წელს მიენიჭა დეკანოზის წოდება.
1917 წლის 8 მარტს მამა ნიკიტას ბინაზე შედგა საიდუმლო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, ალექსანდრე ლომთათიძე, სოსიკო მერკვილაძე და ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე). კრებაზე გადაწყდა, რომ 12 მარტს სვეტიცხოველში გადაეხადათ სამშვიდობო პარაკლისი, ხოლო შემდეგ წაეკითხათ ავტოკეფალიის აღდგენის აქტი.
1917-1920 წლებში დეკანოზი ნიკიტა იყო საკათოლიკოსო საბჭოს წევრი. იგი გახლდათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების დროს ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე და პირველმა გამოაცხადა ახლად აღდგენილი ქართული ეკლესიის მეთაურად კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II (საძაგლიშვილი). 1918-1921 წლებში დეკანოზი ნიკიტა გამოირჩეოდა აქტიური მოღვაწეობით, რაც გააგრძელა ქვეყნის გასაბჭოების შემდეგაც.
საბჭოთა ხელისუფლება ავიწროებდა უშიშრად მამხილებელ მოძღვარს. 1922 წლის 17 ოქტომბერს ქალთა სასწავლებლის დირექტორმა იგი მასწავლებლობიდან დაითხოვა; 1924 წელს დეკანოზი ნიკიტა აიძულეს, დაეტოვებინა ეკლესია. იგი ჯერ საქართველოს ფინსახკომის საბიუჯეტო განყოფილების უფროსად მუშაობდა, შემდეგ _ კულტურის სამინისტროში. დეკანოზი ნიკიტა იყო თავისი დროის შესანიშნავი მქადაგებელი. ჩვენამდე მოაღწია მისმა არაერთმა ქადაგებამ. იგი ავტორია ჩანაწერებისა, რომელიც ცნობილია, როგორც „მოქალაქე-მღვდლის დღიური“.
(გაგრძელება)
21 მაისი. კვირა.
ზაქარია ჭიჭინაძის იუბილე, _ 50 წლის მოღვაწეობა მწიგნობრობის ასპარეზზე! გაიმართა ზეიმი სახაზინო საოპერო თეატრის დარბაზში. ბილეთები ხელზე იყიდებოდა, ბილეთები გაყიდულიყო, მაგრამ თვით ხალხი ნაკლებად იკრიბებოდა, შემდეგ გაუღეს კარები და სულ ყველანი უსასყიდლოდ შეუშვეს. გამოვცხადდით მე და ჩემი დეკ. მაჭარაშვილი, ერთი მილიონ მანეთით პაკეტში, შევედით „საქართველოს მწერალთა კავშირის საბჭოში“, რომლის თაოსნობითაც გაიმართა იუბილე, აღგვნიშნეს ჩვენც _ „კათოლიკოზის წარმომადგენლებად“. ეს ჭიჭინაძე დიდი მოამაგეა ჩვენი მწიგნობრობის ასპარეზზე, ჯერ წიგნებით ვაჭრობდა, პირველდაწყებითი სკოლაც არ დაუთავებია, შემდეგ თავისი სურვილით განვითარებულა, შეუყვარებია კითხვა, შეჰყვარებია „წიგნი“ _ ჯერ ბუკინისტობდა, წიგნთ-საცავი გაიჩინა, მასთან იპოვებოდა 70 წლებში საუკეთესო წიგნები რუსულ ენაზე, უფრო კი „აღკრძალული“, მთვრობისაგან დევნილი ავტორებისა; ამ ჭიჭინაძეს აწყდებოდა ქართველი ახალ-გაზრდობა, მასთან ჰპოულობდა წასაკითხავ წიგნებსა; განსაკუთრებით ელტოდენ მას ტფილისის სასულიერო სემინარიის მოწაფეობა; მაგის ხელ-მძღვანელობით ჰკითხულობდენ წიგნს ეხლანდელი „სოციალიზმის“ ბელადნი ჩვენში _ მენშევიკი ნოე ჟორდანია და ბოლშევიკი _ ფ. მახარაძე; დიდ-ძალი წიგნი აქვს გამოცემული ამ ჭიჭინაძეს, სხვა და სხვა დარგში, უფრო კი ისტორიულში; ესევე ავრცელებდა წიგნებს ხალხში, ზურგზე აკიდებული დადიოდა კუთხიდან-კუთხეში, რამდენიმეჯერ შემოვლილი აქვს სამცხე-საათაბაგო-სამაჰმადიანო საქართველო, საინგილო, სამეგრელო-აფხაზეთ-სვანეთი, _ ყველგან წიგნს ავრცელებდა, წერა-კითხვას ავრცელებდა და ათვითცნობიერებდა ხალხს; შედიოდა მუშათა წრეებში, იქაც შეჰქონდა წიგნი და ცნობიერება; თვითონაც ბევრი საკუთარი ნაწერები აქვს _ ისტორიკოსია! ამანვე გამოსცა ბროსსეს აკადემიურ გამოცემის შემდეგ „ქართლის ცხოვრება“; დიდძალი ნაწერები აქვს გაბნეული ქართულ ჟურნალ გაზეთობაში; ამასთანავე არის კაცი შემბრალებელი, მაგისი ღარიბი ბინა ყოფილა ღარიბ-ღატაკ-ახალ-გაზრდობის თავშესაფარი, ბევრი უბედურება, დევნა-სიმწარე გამოუვლია და კიდევ კარგი, რომ ამ „კომუნისტურ“ ხანაში მოხერხდა მაგისი პატივისცემა. ბოლოს ხალხმაც საკმარისად მოიყარა თავი თეატრში, გაიხსნა იუბილე მწერალთა კავშირის კოტე მაყაშვილის თავმჯდომარეობით; ამან მოკლე ბიოგრაფიული ცნობები წაუკითხა ხალხს და მოიპატიჟა იუბილარი სავარძელში; იუბილარს ოვაციით მიეგება საზოგადოება, _ სცენაზე იდგა ჭიჭინაძის დიდი სურათი, მხატვარ ზაზიაშვილისაგან დახატული. პირველი სიტყვა წარმოსთქვა დამსახურებულმა მწერალმა ვასილ ბარნოვმა (ეს სასულიერო აკადემიისაგან არის, ჯერ თელავის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ თბ. სასულიერო სემინარიაში ნამასწავლებელი, ეხლა ქალთა გიმნაზიაშია (ყოფილ ეპარქიალურში), კარგი რომანისტია; კბილები აღარ აქვს, წყნარი ხმა აქვს და ვერა გავიგონეთ რა მისი სიტყვისა, შემდეგ გამოვიდა კომუნისტურ მთავრობის წარმომადგენელი „ამხანაგი თოდრია“ (ეს გურული ყოფილა, თუმცა გვარი მეგრულს უგავს); დაიწყო სხაპა-სხუპით და ბაქი-ბუქით ლაპარაკი, ზაქარია ჭიჭინაძე, შეიძლება მისუნებურად, ჩვენს, კომუნისტურ საქმეს ემსახურებოდა, მუშურ-გლეხურ მთავრობისათვის ამზადებდა ნიადაგს, ეს მდაბიო ხალხის მასსიდან არის გამოსული, ამავ მასსაში შეჰქონდა სინათლე და შეგნებაო; ამიტომ ჩვენც ვღებულობთ მის პატივისცემაში მონაწილეობას, ჩვენ უსურვებთ მას, რომ ორმოცდაათი წელიწადი კიდევ იმუშაოს და ჩვენი მთავრობა მუდამ მაგისი შემწე-მფარველი იქნებაო; შეიძლება ბევრს გაგეცინოთ გუნებაში და სთქვათ _ „როგორ, ეს კომუნისტები კიდე ჰფიქრობენ ამდენ ხანს ჩვენში გაჩერებას, შეიძლება თქვენ ჩვენთვის არამც თუ 50 წელი, 50 საათიც არ გემეტებოდესო“! ამ სიტყვებზე ხალხში ასტყდა სიცილ-ხარხარი და ტაშისცემა; ლოჟებში დამსწრე კომუნისტებმა უკან, ლოჟის სიღრმეში დაიწიეს სირცხვილისა გამო; მეტად უხერხული მდგომარეობა შეიქმნა მათთვის _ საქვეყნოდ გამოტანილ იქმნა ის საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ასე უარყოფით ეგებება კომუნისტების მოღვაწეობას ჩვენში; მე ვფიქრობ, რომ „ამხანაგი თოდრია“ შენიშვნას და საყვედურსაც მიიღებს ამ თაობაზე… შემდეგ ჩინებული სიტყვა წარმოსთქვა ექიმმა ივანე გომართელმა, მენშევიკების ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა; ამან დაახასიათა ჭიჭინაძის მოღვაწეობა სავსებით, თუ როგორ მან „წიგნით აიღო საქართველოს ყველა ბნელი კუთხეები, როგორც კარგმა სარდალმა“… შემდეგ „ნარკომ-პროსის“ (განათლების სამინისტრო) სახელით არტისტმა შალვა დადიანმა მოკლე სიტყვით მიულოცა და ოცდახუთი მილიონი გადასცა ამ დაწესებულებიდან; შემდეგ ჯერი მოსდგა ჩემზედაც, გავედი ჩემი მაჭარაშვილით, ოვაციებით მოგვეგება ხალხი, დიდ-ხანს გვიკრავდენ ტაშს. წარმოვსთქვი ვრცელი, დასაბუთებული სიტყვა „ქართულ სულიერ კულტურის ზეიმობაზე“; შევეხე ქართულ ძველ და ახალ მწერლობის მსვლელობას ჩვენში, მწიგნობრობის განვითარებას და გავრცელებას ჩვენში; წიგნმა რა სასწაული მოახდინა, როგორ გაათვითცნობიერა ხალხი, თუ როგორ სულიერ მოთხოვნილებად გადაიქცა ჩვენში წიგნი და გაზეთი, თუ როგორ შეიქნა მასაში შეგნება ძმობა-ერთობა-თანასწორობისა, შემოჰკრიბა დაფლეთილი ეროვნული სხეული ჩვენში, როგორ ჩამოჰკრა „ჩონგურს“ „ნათელამ“ თვისი გრძნეული თითები, როგორ ჩასწვდა სამაჰმადიანო საქართველოს _ დედა-სამშობლოს „იავ-ნანა“! და „რა ჰქნა ამ იავ-ნანამ“. ამ დროს შიგადაშიგ გაცხარებული ტაში და ოვაციები იმართებოდა, ხშირად სიტყვას მაწყვეტიებდენ, ხოლო მეც ხალხთან ტაშს უკრავდი იუბილარს. შემდეგ დავახასიათე იუბილარის ამ მიმართულებაში დიადი ღვაწლი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის სახელით და ქართველ სამღვდელოების მონდომილებით მიულოცე ზაქარიას ნახევარ საუკუნის მოღვაწეობა _ მუშა-ფუტკრად დავსახე ის, რომელიც ყვავილოვან საქართველოს თვალ-წარმტაც მინდორ-ველიდან ყველა კუთხეში ეზიდებოდა სურნნელოვან თაფლს შეგნებისა და კულტურისას; ამ თაფლის ცვილიდან ჩამოქნილ სანთელს როგორ ანთებდა ზაქარია სამშობლოს საკურთხევლის წინაშე (ისევ ოვაციები). უსურვე, რათა ამ „ახალ დროშიც“ არ მოგვკლებოდეს მაგისი გამობრძმედილი მუშაობა, დღეს მთელი მსოფლიო სდუღს და ბობოქრებს, კაცობრიობა გამოსულა სოციალ-ეკონომიურ-პოლიტიკურ გარდაქმნა-განახლების ჯვარედინ გზაზე, ამ საერთო ორომტრიალში მონაწილეობას ღებულობს ჩვენი ერიც; ქართველობაზე დღეს ლაპარაკობენ, სწერენ და კამათობენ ყველგან და ყველანი. ცხადია, ჩვენც ერი ვართ, ჩვენც ქუდი გვხურავს თავზე, ჩვენ საერთო ფერხულში ვართ ჩაბმულნი. მაშ, დასტკბი და გაიხარე მხცოვანო მუშაკო, რომ ცუდად არ ჩაუვლია შენი 50 წლის მოღვაწეობის სულისკვეთებას. გისურვებთ, რათა ასე მხნეთ, ასე ყოჩაღად შეჰგებებოდე შენ მარად შენი საქართველოს ჭეშმარიტ თავისუფლებას და აღორძინებას. ქრისტე აღსდგა, ძმაო ზაქარია! _ და გადავკოცნე ის! მაჭარაშვილმა პაკეტით ფული გადასცა. დიდი ოვაციები გაგვიმართა, როგორც ხალხმა, ისე თვით სცენამ. კარგი განცდა შეიქმნა… იუბილარს მოუგროვდა ას მილიონამდე, ერთი დიდი ტომარა თეთრი კანადის ფქვილიც მიართვეს; სიტყვები და მილოცვები ბლომად იყო. ქართველ კათოლიკეთა ორი მღვდელიც იყო, ერთი ერის კაცით, ამან წაიკითხა ადრესი, დაიბნა, დაბეჭდილი ადრესიც კი ვერ წაიკითხა, ამან ცოტა შეგვაწუხა; ისე კარგად ჩატარდა ზეიმი…
ზეიმზე მე მგზავნიან თოთიბაძე-ცინცაძე-„მანგლელი“, შუბლაძე-მირიანოვები კი სძოვენ ჩვენს ეკლესიას, ფულებს აგროვებენ და „სცხოვრობენ“!.. მიუტევე, უფალო!.. მაგრა რო იციან და შეგნებულად სჩადიან ყოველივე ამას?!. მე ცხოვრება მიჭირს, მათ თავზე გადასდის…
23 მაისი
ალბად „ამხანაგ თოდრიას“, რომელიც ზემოდ მოვიხსენიე, ძლიერ შეჰშურდა ჩემი „დაფნის გვირგვინები“ ჭიჭინაძის იუბილეზე და გაზეთ „კომუნისტში“ გამამასხარავეს ჭიჭინაძისადმი მილოცვის გამო: „გამოხტა სცენაზე რიჟა მღვდელი თალაქვაძე, კათოლიკოზისაგან დაქირავებული და დაიწყო რაღაცეების ბოდვაო“!.. აი, ასე სწერენ ჩვენი უბედური კომუნისტები „ისტორიას“! მათი სიტყვა და საქმე სულ ტყუილებზე და სიყალბეზეა აგებული!..
23 მაისს (უცნობნი) ვიღაც ახალგაზრდები მოვიდნენ ჩემთან ბინაზე და მითხრეს, რომ ხვალ, 24 მაისს, გაფიცვა უნდა მოვახდინოთ თბილისში, გადაწყვეტილია _ დილის 11 საათზე, როდესაც რკინისგზის დეპოს „გუდოკი“ დაიძახებს, ეკლესიებმა სამგლოვიარო ზარები უნდა ჩამორეკოთ, დუქან-მაღაზიები დაიკეტება და მიტინგები გაიმართებაო; ესენი წავიდნენ, ეხლა სხვები მოსულან ჩემს ბინაზე, ამათაც ესა სთქვეს! ქუჩაში შემხვდენ ვიღაც-ვიღაცეები, ამათაც ეს მითხრეს! მიკვირს ასე გაფიცვის მოწყობა! არავითარი კონსპირაცია არ ემჩნევა საქმეს, თუ ამდენმა ხალხმა იცის ხვალინდელი გაფიცვის გეგმა, ცხადია ამას გაიგებენ მოწინააღმდეგენიც და ყოველივე ზომებს მიიღებენ წინდაწინვე, რათა ჩაშალონ ეს გაფიცვა; ასეთ მოუფიქრებელ და დაუმუშავებელ საქმეში ეკლესიების ჩათრევა მეტად სახიფათო გარემოებად უნდა ჩაითვალოს, მით უმეტეს, რომ ეკლესიების განძეულებაზე ილესავენ კბილებს, ყოველდღე სწერენ ამ თაობაზე რუსეთის ეკლესიებიდან განძეულების გამოტანაზე, ამით ამზადებენ ჩვენში საზოგადოებას, რომ მას არ გაუკვირდეს, თუ ჩვენშიც კომუნისტებმა გამოიტანონ ტაძრებიდან ბარძიმ-ფეშხუმი, და ოქრო-ვერცხლიანი ხატები თუ სხვა სამკაულები; ამას გარდა კათოლიკოზის „მემორანდუმისა“ გამოც მეტად გაცეცხლებულნი არიან კომუნისტები; მოსალოდნელია ისედაც ჩვენზე დიდი დევნა-რეპრესიები და ეხლა ასეთ გაუთვალისწინებელ გაფიცვაშიც ითრევენ ჩვენს ეკლესიებს. ამ თაობაზე არც სამღვდელოებას აქვს ერთმანეთში მოლაპარაკება, არც კათოლიკოზისაგან ვიცით რაიმე განკარგულება, ეტყობა, რომ ასე თითო-თითოდ ჩამოუვლიათ ტაძრები და მოუხდენიათ „გაფიცვის კომიტეტს“ განკარგულება.
24 მაისის გაფიცვა საქართველოში _ კომუნისტების საწინააღმდეგო დემონსტრაცია
გათენდა 24 მაისი; დილა-ადრიანვე ქართული ეროვნული დროშა აღუმართავენ თვით სასახლეზე, უნივერსიტეტში და ზოგ-ზოგ ვაჟთა თუ ქალთა გიმნაზიებში! უნდა შევნიშნოთ, რომ 26 მაისის მოლოდინში, კომუნისტურმა მთავრობამ ყველა სასწავლებლებში მაცადინეობა დაასრულებია 20 მაისისათვის და ვინც კი _ მოწაფე-მასწავლებელნი, 22-23-24 მაისს წავიდ-წამოვიდოდნენ ქალაქიდან თავ-თავიანთ სახლებში, მათთვის უფასო ვაგონები იქნებოდა სადგურზე სამგზავროდ მომზადებულნი; ცხადია თვით კომუნისტები ელოდნენ გამოსვლებს 26 მაისისათვის, რომლის დღესასწაულობა მათ მოსპეს და ნაცვლად 26 მაისისა, გამოაცხადეს „საქართველოს ნამდვილ დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეთ“ 25 თებერვალი 1921 წლისა, როდესაც კომუნისტები რუსის წითელ არმიით შემოვიდნენ თბილისში, დაიპყრეს ის და მასთან მთელი საქართველო!..
რასაკვირველია გამოკიდებული ეროვნული დროშები მაშინვე ჩამოხსნეს კომუნისტებმა და დახიეს ისინი! ზოგ-ზოგ ადგილზე სამგლოვიარო შავი დროშებიც გამოეფინათ, ეს დროშებიც დახიეს კომუნისტებმა. მთელი ქალაქი სულგანაბული ელოდება 11 საათზე _ „გუდოკის“ აშვებას. მე მითხრეს, ზარის დამრეკავს ჩვენ თვითონ გამოვგზავნით, თქვენ ნუ შესწუხდებითო; ასევე იქნება სიონში და სხვა ეკლესიებზეო! მეც რა ღონე მქონდა, რაც სხვას, ის ჩემ ტაძარსაც, _ ვიფიქრე მე; ამასთნავე იყო ნაბრძანები, რომ სანამ დეპოს „გუდოკი“ არ აუშვებს ხმას, მანამ ზარების ხმაც არ უნდა აშვებულიყო. ანჩისხატის სამრეკლო მაღალია, იქ ქვევიდან ზარს ვერ დარეკავენ, სამრეკლოზე შესასვლელად საჭიროა გაღებულ იქნას ტაძრის დერეფანი. მე და ჩემმა დიაკონმა ნიკოლოზ ყანდარელმა გავაღეთ ტაძარი, მეორე დღე ამაღლებაა, ვლოცულობთ, მაგრამ ზარი არ დაგვირეკია, რომ რაიმე არევ-დარევა არ შეგვეტანა საზოგადოებაში. ამ დროს ტაძარში შემოვიდა ერთი უცნობი ქერა ახალ-გაზრდა, მე ზარის დასარეკად გამომგზავნესო! მე ვკითხე _ როდის, რა ნიშანზე უნდა დაიწყო რეკა თქო?! _ როგორც „გუდოკს“ აუშვებენო, _ მიპასუხა მან და დაუმატა: „თუ „გუდოკი“ არ აუშვან, ზარის დარეკა არ შეიძლებაო, ჯერ სიონის ზარი უნდა ჩამორეკონ და შემდეგ სხვა ტაძრებისაო“. შესრულდა 11 საათი, არ ისმის „გუდოკი“! დაიწყო მეთორმეტე საათი, არ ისმის არავითარი ხმა! ამ დროს ტაძარში შემოვიდა დეკ. ზაქარია ლუკაშვილი (ჩემი სიმამრი), ჩუღურეთის წმ. ნიკოლოზის წინამძღვარი. ამან მოიტანა შემდეგი ამბავი: „ქუჩებში მილიცია დადის, რომ არავინ გაბედოს დუქნების დაკეტვა, დიდი მიხლა-მოხლაა ქუჩებში, ეტყობა გაფიცვა ჩაიშალაო“. შეიქმნა 11 1/2 საათი, ზარის დამრეკავი ახალგაზრდა წავიდა და სთქვა: „ზარი არ დარეკოთ თუ „გუდოკის“ ხმა არ გაიგონოთო“. როდეაც 12 საათის შესრულებას ათი წუთიღა აკლდა, მე ტაძარი დავკეტე, სამრეკლოზე ასავალი კარი ღია დავსტოვე და წავედი სასახლისაკენ; რო მიუახლოვდი კალოუბნის ტაძარს, აქედან მოისმოდა სადღესასწაულო ზარის რეკა, ასეთივე ყველა ზარების რეკა მოისმოდა ქვაშვეთის ტაძრიდან და მამა დავითიდანაც! მაღაზიები და დუქნები სულ ყველა ღია იყო, ქუჩებში სიწყნარე, ხალხი ბლომად სეირნობდა რუსთაველის პროსპექტზე; ამ დროს შევხვდი გზაში ნიკოლოზ არჯევანიძეს (გენერალია), გავიარეთ პროსპეკტზე და შემდეგი გულ-საკლავი სურათი დავინახეთ: შუა ქუჩაში მოდის ორი ცხენოსანი წითელ არმიელი (რუსნი), ცხენებშუა უყენიათ და ქვეითად მოჰყავენ ორი დაპატიმრებული ახალ-გაზრდა ქართველნი, _ ეტყობოდათ, რომ უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ. ამათ „ძაბრიანქუდიანი“ არმიელები მიერეკებიან „ჩეკაში“, მოსეირნე ხალხი კი ზედაც არ უყურებს მათ! ამათ რა ენაღვლებათ ან რა ედარდებათ ქართველ ახალგაზრდობის აგრე დარბევა-აწიოკება. თბილისში დღეს ქართველობა დიდ უმცირესობას წარმოვადგენთ, აქ გაფიცვის ჩატარება ყოვლად შეუძლებელია! აივსო ჩვენი დედა- ქალაქი სომხობა-კრუებით, რუსებით, ურიებით, ოსებით! ესენი ყველანი შეერთდნენ ჩვენ ჩასაყლაპად, ამათ „ხელმძღვანელობენ“ ქართველი კომუნისტებიც და აშენდა ოჯახი! ასეთ პირობებში გაფიცვის გამოცხადება ქალაქში უაზრობაა…
გამოირკვა შემდეგი: კალოუბანს, ქვაშვეთს, მამა დავითს, თეოდოსის, იოანნე ღვთის მეტყველის (ეს ორი რუსებისაა) ეკლესიებს სადღესასწაულო რეკა აუტეხიათ, თითქოს პასექის დღესასწაულს ათავებენ ამაღლების წინა დღით! ამით ისინი თავს იმართლებდენ მთავრობის წინაშე თუ პასუხს მოსთხოვდენ, იმავე დროს საზოგადოების წინაშეც _ „კომიტეტის წინაშეც“ მართალნი აღმოჩნდებოდენ, _ „ჩვენ ზარები დავრეკეთო“! ასეთი თაღლითობით აბა, რა სიკეთე უნდა გაკეთდეს?! ნაბრძანებია სამგლოვიარო ზარის ჩამორეკა, ესენი კი „ტრეზვონს“ რეკენ?! ნაბრძანებია „გუდოკზე“ რეკა, ესენი კი პირველ საათზე რეკენ! მიუხედავად ამისა, მიუსწრეს ქვაშვეთში დიაკონ ანტონ ლაზრიშვილს რეკის დროს წითელ არმიელებმა, ხმაც კი არ ამოაღებიეს, ცემა-ტყეპით წაიყვანეს „ჩეკაში“, მაგრამ ერთი საათის შემდეგ გაანთავისუფლეს, _ „ჩვენ სადღესასწაულო ეკლესიური რეკა გვქონდაო“, _ განუმარტავს მთავრობისათვის ქვაშვეთის დეკანოზს კ. ცინცაძეს! სიონზეც ჩამოურეკიათ ერთი-ორი, მაგრამ მაშინვე ხელი უტაცნიათ მილიციონერებს… სიონის ქუჩაზე შეეცადნენ დუქან-მაღაზიების დაკეტვას, მაგრამ თოფის კონდახებით ჩაუმტვრიეს ცხვირ-პირი მოვაჭრეებს, ისევე გააღებინეს, ვინც მოასწრო დაკეტვა, მათ დაუბეჭდეს მაღაზიები და დაიჭირეს, მაღაზიებს ჰკეტავდენ მხოლოდ ქართველობა, მაგრამ ქართველობა ისე მცირეა მოვაჭრეთა შორის, რომ მათი დუქნების დაკეტვა არც კი შეემჩნევა ქალაქს. ყოფილა შეტაკებანი ქუჩებში _ ავლაბარში, აბანოების მხარეზედა; აქ ერთ სომეხ ვაჭარს ისე შეშინებოდა, რომ გული გახეთქია და იქვე ქუჩაზე სული ამოსვლია!..
დიდი ამბები გადახვედრია თავს გაფიცულებს რკინის გზის დეპოსთან, აქ „გუდოკი“ წინდაწინვე ჩაუგდიათ ხელში კომუნისტურ მთავრობის აგენტებს, „გუდოკი“ არ აუშვეს, ჯარი შეუსიეს მუშებს, მოხდა შეტაკებანი, სისხლიც დაიღვარა და დიდ-ძალი ხალხი დააპატიმრეს, აივსო ციხეები ქალაქში!..
დიდი შეტაკება მომხდარა უნივერსიტეტთანაც; შენობა უკვე გარე-მოცული იყო წითელ არმიელთაგან, უნივერსიტეტში აღარ უშვებდენ არც სტუდენტობას, არც პროფესორებს. როდესაც რექტორი ივანე ჯავახიშვილი შედიოდა ეზოში, შეაჩერეს ის რუს-არმიელებმა, არ გაუშვეს, რექტორი ეკითხება მათ ქართულად, _ „რა ამბავიაო“, _ რუსები უპასუხებენ: „არ გვესმის, რას ლაპარაკობ, გველაპარაკეთ რუსულად, გასაგებ ენაზეო“! ჯავახიშვილს ვერ დააძრევინეს რუსულად ვერც ერთი სიტყვა, დააპატიმრეს ისიც, მაგრამ მალე გაანთავისუფლეს; ასევე მოექცენ პროფესორ რაზმაძესაც და სხვებსაც…
სტუდენტობა _ ქალები თუ ვაჟები, დაიძრა ვერის სასაფლაოსაკენ, აქ გამართეს დიდი მიტინგი, აუშვეს ეროვნული დროშები; მაგრამ ფიცხლად გარს შემოერტყა მათ წითელ-არმიელები და მილიციელების რაზმები; მოხდა შეტაკებანი! გამძვინებულ ვეფხვივით იბრძოდენ ქართველი ქალები _ სტუდენტები, ბევრს ცხვირ-პირი ჩაამტვრიეს, ტანისამოსი შემოაფხრიწეს, დააპატიმრეს და ციხეები თუ „ჩეკები“ აავსეს… აი, რით დასრულდა თბილისში 24 მაისის გაფიცვა, რომელსაც კომუნისტებმა „აჯანყება“ უწოდეს…
25 მაისი _ ამაღლება
დღეს წყნარად ჩაიარა ქალაქში ცხოვრებამ. 26 მაისისათვის აპირებდენ კიდევ დემონსტრაციას, მაგრამ ვინღა მოახდენდა დემონსტრაციას, ვინაიდან ყველა ცოცხალი ძალები ციხეებში და „ჩეკებში“ იქმნენ ამომწყვდეულნი.
26 მაისი
დღევანდელ დღეს ჩვენმა კომუნისტებმა ჩაიდინეს უდიდესი დანაშაული, თუ რუსულ არმიის საშვალებით საქართველოს დაპყრობა ისტორიულ ღალატად და დანაშაულად ჩაეთვლებათ ქართველ კომუნისტებს, 26 მაისის დღესასწაულის მოსპობაც უუდიდეს დანაშაულად უნდა იქმნეს აღიარებული. 1918 წლის 26 მაისის ნაცვლად 1921 წლის 25 თებერვლის გამოცხადება _ ეს საშინელი თვალთ-მაქცობაა მათგნით! თუ მათ დამოუკიდებელი საქართველო სწამდათ, 26 მაისი უნდა ხელ-შეუხებლად დაეტოებიათ, ხოლო 25 თებერვალს „გადატრიალების“ დღეთ მიიჩნევდენ. ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა საქართველომ აღიდგინა 1918 წლის 26 მაისს, ხოლო 1921 წლის 25 თებერვალს მან დაჰკარგა ეს დამოუკიდებლობა, ისევ რუსთა ბატონობის უღელქვეშ მოვხდით ქართველი ერი, გარნა ეს მონობის უღელი დაადასტურეს ქართველმა კომუნისტებმა 1921 წლის 26 მაისს, როდესაც ამ დღესაც ისინი რუს არმიელთა საშუალებით განაგრძობდენ ჩვენს დედა-ქალაქში ნამდვილ „ნადირობას“!.. 26 მაისი მაინც აღინიშნა დედა-ქალაქში დემონსტრაციებით, სხვა და სხვა კუთხეებში _ ქალაქისაში _ კიდევ გამოჰფინეს სამგლოვიარო დროშები, იქა-აქ მოხდა შეტაკებანი, ბევრი დააპატიმრეს; „სალდათის ბაზარზე“ შუადღის პირველ საათზე, მოულოდნელად მოხდა მიტინგი, ერთმა ახალგაზრდამ ააფრიალა ეროვნული დროშა და წარმოსთქვა მხურვალე სიტყვა! შეგროვდა ხალხი, მიჰკეტ-მოჰკეტეს მაღაზიები, მაგრამ გაჩნდენ წითელ-არმიელი რუსები, დააპატიმრეს ორატორი, დამსწრეთაგანიც, გაჰფანტეს ხალხი და ჩაამუნჯეს ყოველივე; სარდაფებში და სახლებში ყოველ ქუჩაზე იყვნენ ამ დღეს ჩასაფრებულნი წითელ არმიელები, „აჯანყების“ მოლოდინში. აჯანყებას კი არავინ ჰფიქრობდა ამ დღეებში, ეს დღეები სურდათ აღენიშნათ მხოლოდ დემონსტრაციებით, რათა არა სთქვან, რომ საქართველო შეურიგდა საბჭოთა ხელისუფლებას, როგორც ამას სწერენ ესენი საზღვარგარეთულ გაზეთებს და ავრცელებენ ცრუ ცნობებს.
პროვინციაში
ეს დღეები, როგორც მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებული სიმწვავით განუცდიათ საქართველოს ყველა პროვინციაში. გრანდიოზული სურათი მიუღია დემონსტრაციას გურიის სხვა და სხვა კუთხეში; ოზურგეთში შეწყვეტილა მოქალაქობა, მიუხედავად იმისა, რომ წითელი ჯარით სავსეა იქაურობა, მოქალაქეთ ერთსულოვნად დაუკეტიათ დუქან-მაღაზიები და დიდ-მიტინგზე მისულან; მომხდარა შეტაკებანი და დაპატიმრებაც; ფიჩხის ჯვარზე (ასკანის საზოგადოებაში) მომხდარა დიდი მიტინგი, რომელსაც მთელი საზოგადოება დასწრებია; აქ სროლაც აუტეხია არმიელებს ხალხისათვის, უიარაღო ხალხისათვის! დახოცილან კაცი, ქალი და ბავშვებიც კი! ასეთივე შეტაკება, ხოცვა-ჟლეტა მომხდარა ლანჩხუთში; სამტრედიაში, ქუთაისში, ხონში, სამეგრელოშიდაც დიდი სროლა და ხოცვა მოუხდენიათ; დიდი დემონსტრაციები მოუხდენიათ თელავში და სიღნაღში; აქ კომუნისტები ხალხს განუიარაღებია კიდეც, ყოფილა ისეთი მომენტი, როდესაც მთელი ხელის უფლება ჩამოურთმევიათ კიდეც მათთვის, დაუპატიმრებიათ ისინი, ხოლო მიტინგების გათავების შემდეგ ისევ გაუნთავისუფლებიათ და დაუბრუნებიათ ხელის-უფლება. ქიზიყში დანავარდობს ვინმე ჩოლოყაშვილის რაზმი 600 კაცისაგან შემდგარი _ 300 ცხენოსანთა, 300-ც ქვეითოსანი, ესენი თავზარს სცემენ კომუნისტებს, მაგრამ რა უნდა გამოვიდეს ასეთი უაზრო შეტაკებებით, თუ არ ისევ ხალხის დაზიანება და მოქალაქობრივ ცხოვრების უფრო არევ-დარევა…
ჩვენი საზოგადოება ისევ მოლოდინშია თუ რას იტყვის გააგის კონფერენცია, რომელიც გაგრძელება იქნება გენუის კონფერენციისა. ინგლისის პრემიერ ლოიდ-ჯორჯს ისევ გაუმარჯვნია პარლამენტში, განაგრძობს თვისს პოლიტიკას; ცხარე მოწინააღმდეგეა საბჭოთა რუსეთისა საფრანგეთის პრემიერი პუანკარე და მისი მინისტრი ბარტუ; ამერიკა განზე სდგას, ამათ რუსებთან მოლაპარაკება არა სწამთ, მათთან მხოლოდ იარაღით შეიძლება ლაპარაკიო; გავრცელდა ხმა, თითქოს, ლოიდ-ჯორჯი სცდილობს მოურიგდეს გერმანიას, დაითანხმოს ამაზე საფრანგეთი და შექმნას ძლიერი კავშირი _ გერმანიისავე მონაწილეობით, რათა გერმანია ჩამოაშოროს რუსეთს სამუდამოდ, ამიტომ ალბად კომპენსაციას მისცემენ გერმანიას ვერსალის ხელ-შეკრულობის სფეროში. ლოიდ-ჯორჯს წარმოუთქვამს სიტყვა რუსეთის შესახებ: რუსეთის საკითხი შეიძლება ორი გზით გადაწყდეს _ ან იარაღით, ან მიუშვათ რუსეთი თავის თავზეო; (ესე იგი თვითონ ამოიჭამენ თავიანთ თავსაო!); იარაღის ხმარებას რუსეთზე ანტანტა ერიდება, მუშათა საკითხი ევროპაშიაც საკმაოდ ასაფეთქებელ მასალას შეიცავს და ეშინიათ სოციალურ რევოლიუციისა, ამიტომ, უნდა ვიფიქროთ, რომ მეორე გზას დაადგება ანტანტა რუსეთისადმი, თავისი ძალ-ღონით რუსეთი ვერასდროს ვერ გასწორდება წელში, ჯერ უდიდესი შიმშილობა, რომელმაც გამოიწვია რუსეთში ადამიანთა ხორცის ჭამა, არც ახალი მოსავალი იძლევა იმედებს, ვინაიდან ძლიერ ცოტა დათესილა მინდვრები რუსეთში, თესლისა და სამუშაო იარაღ-საქონლის უქონლობისა გამო; გზები _ ტრანსპორტი, ქვანახშირის მაღაროები, თვით ბაქოს ნავთის დამუშავება მეტად სამწუხარო მდგომარეობაშია; მოსალოდნელი უფრო მეტი შიმშილობა და უბედურება; ამ უბედურებაში კი კავკასიაც იქნება ჩათრეული, ჩვენს თვალწინაც იმართება საშინელი სურათი შიმშილობისა, ხოლერისა, ჟამისა და ათასგვარ სნეულებათა; აივსო საქართველო რუსებით, სომხებით-კრუებით, ურიებით! განსაკუთრებულ ჯაშუშ-მოღალატეთა როლს თამაშობს ჩვენი „ძველი მეზობელი“ _ სომხობა! ამ გაფიცვის დღეებში დიდ სამსახურს უწევდენ ესენი კომუნისტებს, ვიღაც მამიკონიანის მეთაურობით თბილისში შემდგარა 5000 კაცისაგან ორგანიზაცია, რომელიც დახმარებას უწევს წითელ-არმიას საქართველოში, ქართველებზე ნადირობაში! ამას წინეთ ქალთა XX ტეხნიკუმში, სადაც მე განვაგრძობ მასწავლებლობას, სომხითის ისტორიის მასწავლებელმა ვინმე ტერ- ავეტისიანმა (პროფესორ მარრის მოწაფე ვარო, იძახის) _ დაშნაკმა, სამასწავლებლო ოთახში მისაყვედურა _ მენშევიკები სომხებს გვიჭერდენ თბილისში, გვასახლებდენ აქედანო, ჩემზედაც ნადირობდენო _ „Ловили нас по улицам“, გახსოვს ესა?!“ _ შემეკითხა! მე უპასუხე: „ეს კი არ მახსოვს, მაგრამ ის კარგად მახსოვს, თუ როგორ სომხები და თათრები 1905 წელს ერთმანეთზე ნადირობდით, ერთმანეთს ჟუჟღავდით, ხოლო ქართველები გაშველებდათ ორთავე მხარეს თქო, _ „Грузины вас разнимали“! ნურას უკაცრავად, თუ სომეხ-ქართველთა ომის დროს, რომელიც ისევ თქვენ გამოიწვიეთ, და რომლის დროს ქალაქში თქვენ ფრონტის შექმნას შეეცადეთ, თუ მაშინ მენშევიკებმა ეს ჩაგიშალეს და ცოტა შეგაწუხეს თქო! მაგრე ისტორია როდი იწერება თქო! აბა, მიიხედ-მოიხედე დღეს ჩვენს დედა-ქალაქში, ვინ ვისზე ნადირობს, ჰარუმ თქო!.. დამსწრენი _ რუსნი _ სომეხნი და ქართველნი ყურს გვიგდებდენ ამ პაექრობის დროს და ბოლოს სიცილი დაიწყეს!.. მეტად ატეხილნია სომხობა დღეს ჩვენში! მეტად თავმობეზრებულნი არიან ქართველობა მათგნით და ცოტა რამ გადატრიალებაა საკმარისი, რომ მოთმინების ფიალა გადმოვიდეს და სომხობას „დალაქმა“ სისხლი გაართვას! ესღა აკლია უბედურ სომხის ერს, რომ საქართველოშიაც დაიწყონ მათი ჟუჟღვა, აქაც დაჰკარგონ მათ თავს-შესაფარი!!! დეე, თავისთავს დააბრალონ ყოველივე…
სამღვდელოების ჯილდოებზე
კათოლიკოზ ამბროსის, როგორც ზემოდაც აღვნიშნეთ, რასაკვირველია, მენშევიკების ზეგავლენით, „მოწოდება“ გაუგზავნია გენუის კონფერენციაზე და შეუჩივლია „განათლებულ კაცობრიობის წარმომადგენელთათვის“ რუსთა ბატონობის განახლება საქართველოში ამჟამად კომუნიზმის სამოსელში და მოითხოვდა რუსის არმიის გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან. ასეთ „მოწოდების“ შედგენა თუ გაგზავნა მას არავისთვის არ უცნობებია, არც შეიძლებოდა ეს ფართო წრეებში გასულიყო, მაგრამ ზოგიერთებს მაინც უნდა გვცოდნოდა ასეთი ნაბიჯი ჩვენი ეკლესიის თავისა, რათა ყოველივე შემთხვევისათვის მზად ვყოფილიყავით! მაგრამ ამისი ღირსი არ გაგვხადა კი ამბროსიმ, ისევ ისევე თავის წრეში მიკერძოებით მოქმედებს ყველაფერში და ასე მოიქცა ამ დიდად საპასუხისმგებლო საქმეშიც! ალბად კათოლიკოზს და მის კომპანიას ეგონათ, რომ გენუის კონფერენცია აიძულებდა კომუნისტებს საქართველოდან გასვლას და ამათ შერჩებოდათ გმირობა-მამულიშვილობა! მაგრამ ამათი ასეთი ჭკუა-მოკლე მოლოდინი არ გამართლდა, გენუის კონფერენცია ჩაიშალა, ხოლო კათოლიკოზის „მოწოდება“ და ნოე ჟორდანიას განცხადება კონფერენციაზე რუსეთის დელეგატმა ჩიჩერინმა გადმოგზავნა მოსკოვში, მოსკოვიდან თბილისში და ასტეხეს საშინელი განგაში აქაურ გაზეთებში! გაზეთი ორი გამოდის დღეს თბილისში _ ქართული „კომუნისტი“, ხოლო რუსული „Правда Грузии“, _ ეს ჯერ გადააკეთეს „Правда Закавзказья“-ათ, მაგრამ ისევ აღადგინეს „Правда Грузии“! მესამე გაზეთი გამოდიოდა მემარცხენე სოციალ- ფედერალისტებისა „ტრიბუნა“, მაგრამ 24 მაისიდან ისიც შეაჩერეს და დარჩათ ბურთი და მოედანი „პრესისა“ კომუნისტებს. რუსულში თუ ქართულში ეს ორი თვეა სულ კათოლიკოზის „მემორანდუმის“ გამო სწერენ და ოხუნჯობენ კომუნისტები თავიანთ გაზეთებში! კათოლიკოზი მეტისმეტ პოპულიარ პიროვნებად გახდა საქართველოში! ხშირად ვრცელდება ხმა _ აი, ეხლა დააპატიმრეს კათოლიკოზი, „ჩეკაში“ ჩასვეს, მეტეხში გადაიყვანეს; სახლი გაუჩხრიკეს და ამ ჩხრეკის დროს კათოლიკოზმა დიდის სულიერი სიმტკიცით მიმართა ჩეკისტებს: „სული ჩემი ეკუთვნის ღმერთს, გული სამშობლოს, ხოლო ლეში მიიღეთ კომუნისტებმაო“! ეს აფორიზმი სხვა და სხვა ვარიაციით ტრიალებს და მეორდება ჩვენს საზოგადოებაში! ნამდვილად კი ჯერ კათოლიკოზისათვის ხმაც კი არავის გაუცია, არც ჩვენება ჩამოურთმევიათ მისთვის, პასუხი არ მოუთხოვიათ მისგან, არც ბინაზე მისულა მასთან ვინმე და არც მას უთქვამს ვინმესთვის ზემოაღნიშნული სიტყვები! მხოლოდ გაზეთებში ამასხარავებენ, დასცინიან, ემუქრებიან, „ალბად ამბროსის შეშურდა მოსკოვის პატრიარქ ტიხონის დაფნის გვირგვინიო“! ეს ტიხონი წინააღუდგა კომუნისტებს ეკლესიებიდან განძეულობის გატანის საქმეში; მაგიერში კომუნისტებმა განხეთქილება ჩამოუგდეს მას „დაბალ და მაღალ სამღვდელოებაში“, _ დაბალი სამღვდელოება, ეპისკოპოზ ანტონინის მეთაურობით, გადაუდგა ტიხონს, ის გადააყენეს თანამდებობიდან, ხოლო კომუნისტებმა ტიხონი მისცეს რევოლიუციონურ ტრიბუნალს სამსჯავროში, როგორც „კონტრ-რევოლიუციონერი“!..
აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ რუსეთის ეკლესიაში დიდი ანარქიაა, უკრაინა გავიდა ავტოკეფალურ კიევის მიტროპოლიათ, მგონი ციმბირიც გამოეყოთ, დონიც, ცარიცინიც _ თვისი ცრუ-პატრიარქ _ ილიოდარით; რამოდენიმე ცრუ-პატრიარქები ჰყავთ დღეს რუსეთში; ამას გარდა მოსკოვის სამღვდელოებაში შემდგარა ძლიერი მიმდინარეობა ეპისკოპატის წინააღმდეგ, ეპისკოპოსები ეკლესიების თავადები- კნიაზებია, არ გვინდა ისინი, პრესვიტერთა კოლეგია აღვიაროთ ეკლესიის სათავეშიო და სხვა… განძეულობა მაინც გაიტანეს რუსეთის ეკლესიებიდან, დიდ-ძალი ოქრო-ვეცხლი და ძვირფასი ქვები. დიდი ღვთის წყრომა დაატყდა სინოდალურ ეკლესიას თვისს ცოდვებისა გამო…
აი, ამ გარემოებაზე უთითებენ ამბროსის, აშინებენ მას, _ „Амвросий трепещетъ за свою судьбу“-ო! უწერენ მას!.. ასეთი მძიმე მომენტი დაგვიდგა საქართველოს ეკლესიაში! მოსალოდნელია რეპრესიები, მოსალოდნელია ჩვენი ეკლესიების გაფცქვნაც, მოსალოდნელია თუ კათოლიკოზს ახლებენ ხელს, ჩვენც გვახლებენ ხელს. ამიტომ საჭიროა დიდი სიფრთხილე, წინდახედულობა, სიფაქიზე ცხოვრებაში, მოქმედებაში, მართვა-გამგეობაში. ჩვენი კათოლიკოზი და მისი ამალა კი (საკათ. საბჭო) ისე იქცევა, თითქოს სხვა პლანეტაზე ვიყოთ ჩვენ და სხვაზე ყოველივე ის, რაც აღვნიშნეთ! ეკლესიებში წირვის შემდეგ მართვენ დიდ-დიდ სადილებს _ ეკლესიებისავე ხარჯით: მაგალითად, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე მიიწვია კათოლიკოზი ცნობილმა შუბლაძე დეკანოზმა, სადილზე 65 სული ჰყავდათ, ოცი მილიონი ფული დაჰხარჯესო! ასევე იყო „თამარობას“ დიდუბეში 14 მაისს (1 ძვ. სტ.), აქ 25 მილიონი დახარჯეს! კვირაცხოველის ღატაკ ტაძარში 3 1/2 მილიონი; ამაღლებისაში 5, _ მამა დავითში 8 მილიონი! ქვაშვეთში ხომ ორჯელ-სამჯელ იყო სადილზე, დიდ საზოგადოებით, იქაც დიდი ფული გაიფლანგა; აგრეთვე ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში თოთიბაძე-ციცქიშვილის „პურ-მარილით“ მოირწყო იქაურობა! მხოლოდ ანჩისხატში არ უწირავს ჯერ ამბროსის, ისე კი ხშირად შემოდის საღამოს ლოცვაზე, აქედან ორჯელ-სამჯელ ჩაიზე გავიპატიჟე სახლში მარტოთ-მარტო!..
ყოველივე ასეთი ვაკხანალია ხდება ამ შიმშილობის და ნაკლულევანებათა დროს! ხალხი შიმშილით იგუდება, საქართველოს სოფლებშიაც დიდი ნაკლულევანებაა პურისა, შიმშილობაა, ეხლა უსწრო ახალმა მოსავალმა, გაიჭრა უკვე ქერები და პურიც მალე იქნება!.. ასეთ დროს ჩვენი მწყემსმთავარი, მის წინაშე ალესილ კომუნისტების თვალწინ, ორგიებში მონაწილეობს, მრავალ-ჟამიერს გაჰკივიან დავიდოვები და ძმანი მათნი, იფლანგება მორწმუნეთა მიერ საფლავის ფასად თუ სანთლის ფასად გაღებული ფულები! არ ვიცი, ეს სიგიჟეა, თავხედობა და თუ რა აღარ ვიცი! ჯერ ვერ მოიცალეს ჩვენთვის კომუნისტებმა, მომენტი ხელს არ უწყობს მათ ჩვენც დაგვერივნენ, მაგრამ თუ ფეხი მოიმაგრეს, თუ მათი საერთაშორისო მდგომარეობა განმტკიცდა, თუ გააგის კონფერენციაც ისე ჩაატარეს, როგორც გენუისა, მაშინ მათ იციან „ხუცების“ ქურქის გლეჯა! კომუნისტებმა რომ საკათ. საბჭოს ფინანსების ხარჯვას კბილი გაუშინჯონ, ერთი საფუძვლიანი რევიზია გაუკეთონ, დარწმუნებული ვარ,ბევრი ვინმეები დაიხვრიტება კიდეც და საქვეყნოდ თავს მოგვჭრიან _ აბა, შეხედეთ რას სჩადიან თქვენი სულიერი მამები, ამბროსის ხელმძღვანელობითო! თავისთავად ცხადა, რომ ასეთი რამეები არ შეესაბამება იმ სახელს და დიდებას, რომელიც ამბროსიმ მოიხვეჭა თვის „მოწოდებით“ გენუის კონფერენციაზე! ასეთ ნაბიჯს სრულებით არ შეესაბამება არც მესამე საეკლესიო კრების მიერ სამღვდელოების ჯილდოების აღდგენა, რაც მოხდა ამბროსის თავმჯდომარეობით. გელათის კრების აქაური დელეგატები _ დეკ. კ. ცინცაძე, თოთიბაძე, მაჭარაშვილი, მირიანაშვილი და სხვანი, რო დაბრუნდნენ კრებიდან, თითქოს უარყოფით ეკიდებოდენ ამ „ჯილდოებს“, ისინი კრების შეუგნებელ ნაწილს სდებდენ ამის ბრალს, დეკ. ქრ. ციცქიშვილმა და ან. თოთიბაძემ მოხსენებაც კი წაიკითხეს ჯილდოების წინააღმდეგ, მაგრამ არა გაგვივიდა რაო, კრების დიდმა უმრავლესობამ მოითხოვა ჯილდოების აღდგენაო, მაგრამ ჩვენვე მოგვანდვეს ამის შესახებ ინსტრუქციის გამომუშავება, ამას კი ჩვენ იმდენ ხანს ვათრევთ, რომ მანამ მეოთხე კრებაც გვისწრობს, რომელიც ისევ გააუქმებს ჯილდოებსაო, _ ასე ბრძანებდა თვით დეკ. კ. ცინცაძე, საკათ. საბჭოს და თვით საეკლესიო კრების მესვეური; ციცქიშვილ-თოთიბაძის გალაშქრება ჯილდოების წინააღმდეგ საეკლესიო კრებაზე იყო თვალთ-მაქცობა, რო იცოდეთ ყველამ, ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით, მაგრამ არა გაგვივიდა რაო! ასეთივე „წინააღმდეგნი“ ყოფილან ცინცაძე-მირიანაშვილიც, მაგრამ კრებას მაინც თავისი გაუტანია!..
მეც დავიჯერე, რომ საკათ. საბჭო ჯილდოების საქმეს მსვლელობას არ მისცემდა და ვიყავი დამშვიდებული! ვამბობ „დამშვიდებული“, იმიტომ, რომ დღეს „ჯილდოები“ და ჩინები ყველგან და ყოველივე სფეროში უარყოფილია, რუსეთის ეკლესიაშიც და ყველგან! ამ საშინელ რევოლიუციონურ ზონაში იმ ჯილდოების აღდგენა, რომელსაც არც კი იცნობს საქართველოს ეკლესიის პრაქტიკა, და რომელიც სინოდალურმა რუსეთის ეკლესიამ მოგვახვია თავზე და გაგვათახსირა ჯილდოების საშვალებით, ეხლა ამ ჯილდოების აღდგენა, ჩემის აზრით, იქნებოდა უფრო მეტად დაცემა ჩვენი პრესტიჟისა საზოგადოების თვალში, ხოლო კომუნისტებს მისცემდა მეტ საბაბს, რომ ჩვენ მოვენათლეთ მონარქისტულ რეჟიმის აგენტებად, რეაქციონერებად და ვინ იცის, კიდევ რად!..
ამიტომ მეტად ავღელდი, როდესაც შემთხვევით გავიგე, რომ თურმე საკათ. საბჭოს, ჯერ კიდევ, სააღდგომოდ ჰქონებია დამზადებული ინსტრუქცია სამღვდელოების დაჯილდოვების შესახებ; წარდგინებანიც მოსვლია მათ ეპარქიებიდან; არ ჰქონებიათ წარდგინებანი მხოლოდ ქ. თბილისიდან, ალბად ჩვენ გვიმალავდენ და იმიტომ საბოლოოდ შემოგვინახეს. საკათ. საბჭოს სხდომები ხდება დახშულ კარებში, კათოლიკოზის ბინაზე, მოწყვეტილი ყოველივე ამა ქვეყნიურ ნიადაგიდან, არც რა ამბავი გამოდის გარეთ!
30 მაისს, ჩემმა სიმამრმა, დეკ. ზაქარია ლუკაშვილმა, მომიტანა ამბავი, რომ მთავარხუცესი დიმ. ხახუტაშვილი შემხვდა დღეს და მკითხა: „რა იყო შენი სიძის უკანასკნელი ჯილდოო, უნდა წარვადგინო მორიგ ჯილდოზეო“! მე დანამდვილებით არ ვიცოდი შენი უკანასკნელი ჯილდო, მაგრამ უთხარი, უკანასკნელად მკერდის ჯვარი მიიღოო; ეხლა მაშ ენქერი ერგება, ენქერზე წარვადგენო!..
ამ თაობაზე დიდი საყვედური მივეცი დეკ. ზ. ლუკაშვილს, რომ ის ასე მსუბუქად შეჰგებებია ამ სამწუხარო მოვლენას, გავიკვირვე თვით მთავარხუცესის საქციელიც და იმავ დღეს, საღამოთი მივმართე მთავარხუცესს შემდეგი ოფიციალურ მოხსენებით:
„დღეს, 30 ამა მაისს, დეკ. ზაქარია ლუკაშვილმა გადმომცა, რომ ჩემი წარდგინება განგიზრახავთ ჯილდოზე _ ენქერზე. ამ თაობაზე მსურს მოგახსენოთ შემდეგი: ჩემდა განსაცვიფრებლად, მესამე საეკლესიო კრებას, მართალია, აღუდგენია სამღვდელოების დაჯილდოება, მაგრამ ჯილდოების გამომუშავება უკისრნია საკათ. საბჭოს და ვიმედოვნებდი, რომ საკათ. საბჭო არ აჩქარდებოდა ასეთ არა მნიშვნელოვან საქმის ამჟამად ცხოვრებაში გასატარებლად; კერძო საუბრებში საკათ. საბჭოს ზოგიერთი წევრნი, იმ კრების დელეგატნი, თითქოს უარყოფით და ირონიითაც კი ეპყრობოდენ ამ საგანს, ჰფიქრობდენ კიდეც მისს დავიწყებისათვის მიცემას და ასეთ უმნიშვნელო, დრო-მოჭმულ და უკვე საკმარისად ცხოვრებისაგან უარ-ყოფილ მოვლენის აღდგენა-დამუშავებაზე აღარ დაჰკარგავდნენ დროს და ამ ჯილდოებისა გამო არც სამღვდელოების ცოტად თუ ბევრად შეგნებულ ნაწილს ჩაგვაგდებდენ უხერხულ მდგომარეობაში საზოგადოებრივ აზრის წინაშე. ჩემის აზრით, უმჯობესი იქნებოდა საკათ. საბჭოს თვისი მოცალეობა, გამოცდილება და ცოდნა მოეხმარებია ეკლესიის მართვა-გამგეობის აპპარატის ამოძრავებისათვის, ფინანსიურ მხარის მიზან-შეწონილად გამომუშავებისათვის, ამ ფინანსების პასუხისგებელ კონტროლის ქვეშე დახარჯვისათვის, რათა შექმნილიყო ერთნაირი მომქმედი მწყობრი სისტემა ახალაღდგენილ ეკლესიის ნივთიერად მოწყობა-გაჯანსაღების და ზნეობრივად განახლებისათვის. ამ მხრივ არც ცენტრში, არც ეპარქიებში სასიკეთო არა სჩანს რა; როგორც სამღვდელოებაში, ისე მღვდელთა და მრევლთა შორის არსებობს და ღრმავდება საშინელი ანარქია, თვითნებობა და უზნეობა. მე არ მესმის ასეთ პირობებში სამღვდელოების დაჯილდოებაზე ლაპარაკიც კი! ეს სირცხვილია! ეს მეტად დასცემს ისედაც შერყეულ ჩვენს პრესტიჟს საზოგადოების თვალში და, სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის, გვიშუამდგომლეთ კათოლიკოზ-პატრიარქის წინაშე _ შეჩერდეს ჯილდოებს გამოცხადება. არ ვიცი, ვერ წარმომიდგენია, ვინღა დაგვრჩა დღეს საქართველოს ეკლესიაში დაუჯილდოებელი?! 1917 წლის 15 ენკენისთვიდან ღვდლები სულ გავდეკანოზდით, ჩამოგვერთვა „ბედენიკი“ და მოგვეცა „ენქერი“, როგორც ამ ხარისხის „ინსიგნია“; მღვდლები კი, ვინც კი დარჩა დეკანოზობის გარეშე, ყველანი კამილავკებით და „ყვითელ ლითონის მკერდის ჯვრებით“ არიან მორთულ-მოკაზმულნი!
მე მგონია, ყოველივე ეს ამხანად კმარა, მამაო დეკანოზო!
ჩემდა თავად დაბეჯითებით მოვითხოვ, რომ არ ვიქმნე შეტანილ დაჯილდოებულთა სიაში. აწ განსვენებულ კათოლიკოზ კირიონის დროს მქონდა შემთხვევები უარმეყო მოწოდებული ენქერიც და მიტრაც. საკათ. საბჭოს 1919 წლის იანვრის 30 #54 განჩინებით, როგორც დეკანოზს, მაქვს უკვე უფლება ენქერის ტარებისა (თუმცა ამ უფლებით არც მისარგებლია და არც ვისარგებლებ), ხოლო ეხლა _ 1922 წელს, იმავ ენქერზე ჯილდოთ წარდგენა, სხვა რო არა ვსთქვათ რა, გაუგებრობა იქნებოდა! იმედი მაქვს ეს ჩემი სამართლიანი მოთხოვნა იქნება შეწყნარებული, ერთხელ და სამუდამოდ განმათავისუფლებთ ყოველივე ჯილდოსაგან. მე ამ ცოტა ხანში საკმარისად ვიქმენ დაჯილდოებული.
გთხოვთ, ამ ჩემს მოხსენებას მისცეთ სათანადო მსვლელობა.
დეკ. ნიკიტა თალაქვაძე 1922 წ. მაისის 30-ს #19“.
ეს მოხსენება სამშაბათ საღამოთი გაუგზავნე მთავარხუცესს. ხოლო ხუთშაბათს დილით, 1 ივნისს _ მამა-დავითობა დღეს, საკათ. საბჭოს კანცელიარიის გამგეს და წევრს _ დეკ. კალისტრატე ცინცაძეს მივსწერე შემდეგი წერილი: „მამაო დეკანოზო კალისტრატე!
გავიგე, რომ საკათ. საბჭოში უკვე „დაგიმუშავებიათ“ სამღვდელოების დაჯილდოების შესახები დებულებანი და ამ დღეებში კიდევაც უნდა გაატაროთ ცხოვრებაში ეს დებულებანი! მე არ ვიცი და არც მაქვს საშვალება ვიცოდე საკათ. საბჭოს აწინდელი მუშაობა; საკათ. საბჭო ისეთ დახშულ დაწესებულებად გადაიქცა, რომ ქალაქის სამღვდელოებამდისაც კი არ ახწევს მისი განზრახვანი და მისწრაფებანი; საზოგადოებრივ აზრისათვის ხომ სრულებით მიუწდომელი და მოწყვეტილია ეკლესიურ ცხოვრების მიმდინარეობა; საკათ. საბჭო თითქოს არავითარ ანგარიშს არ უწევს აწინდელ საზოგადოებრივ ვითარებას, ის ისე მოქმედებს, თითქოს სულ სხვა პლანეტაზე ჰქონდეს საქმე! ჩაკეტილ კარებში აზროვნებს, მოწყვეტილი ყოველივე რეალურ ნიადაგს. მე და შენ ვერასოდეს ვერ ვაზროვნებდით შეთანხმებულად, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, არც ზემოაღნიშნულ ჩემს აზრს საკათ. საბჭოზე გაიზიარებ, მით უფრო, რომ აწინდელი საკათ. საბჭო (წინანდელებიც) _ შენ ხარ და შენვე მოგმართავ ამ ბარათით და გთხოვ: შეაჩერეთ „ნაგრადების“ გამოქვეყნება! რა უყოთ, რომ საეკლესიო კრებამ აღადგინა „ნაგრადები“, ხოლო თქვენ მოგანდოთ ამის დამუშავება! მესამე კრების მიერ შესწორებულ დებულებაში „კონტროლიც“ კი გიწერიათ, მაგრამ არამცთუ ეს კონტროლი არ შეჰქმენით, პირიქით, გააუქმეთ კიდეც ის კონტროლიც კი, რომელიც შარშან ზაფხულში შექმნა საეპარქიო კრებამ, საეპარქიო სანთლის ქარხნისათვის, ხოლო მე, როგორც კონტროლიორის თანამდებობაზე საეპარქიო კრების მიერ არჩეულ და შემდეგ საკათ. საბჭოს მიერ გაუქმებულ პირს, დღემდეც არ მიმიღია ცნობა თუ რა საბუთით და უფლებით გამომაგდეთ არჩეულ თანამდებობიდან! სამეურნეო გამგეობის დირექტორმა სიტყვიერად გამომიცხადა ეს და შემდეგ „ლიკვიდაციას“ მიკეთებდა უკანასკნელ თვის ჯამაგირის მიცემით, რომელიც მე უარვყავი! ეს იმიტომ მოვიტანე აქ, რათა არა ბრძანოთ, რომ საკათ. საბჭო თითქოს კრებების დადგენილებებს ასრულებდეს და ჯილდოების შესახებაც აგრე მოიქეცით! მე კარგად მახსოვს თუ რა ირონიით და თითქოს უარყოფით იხსენიებდით მესამე კრებით აქაური დელეგატები ამ დადგენილებას. ისიც მახსოვს, რომ პირადად შენ სთქვი: ამ ჯილდოების საქმეს მეოთხე კრებამდე მივიტანთ და ის მას გააუქმებსო! მეც დავიჯერე ეს მაშინ! მაგრამ ეხლა მესმის, რომ დაგიმუშავებიათ კიდეც ეს დებულება და წარდგინებანიც მოგსვლიათ… იმერეთის ეპარქიიდან ხუთ… მიტრაზე! ერთ ამდენს, მეტს თუ არა გურია-სამეგრელოც მოითხოვს, ცხუმისაც, დედაქალაქის დეკანოზებიც მოინდომებენ მოჭედილ თავებით მოქალაქობას! ან ვინ დაუდგებათ წინ?!. მაგრამ, რატომ არ ჰფიქრობთ _ რა გავაკეთეთ დასაჯილდოებელი?! განა დარჩა კიდევ ჩვენში ვინმე დაუჯილდოებელი?! ამბობენ, 1919 წლიდან „ინსიგნიად“ აღიარებული კამილავკა- ყვითელ-ლითონის ჯვარი _ ენქერი უნდა ჩამოართვათ სამღვდელოებას და ისევ ჯილდოებად უნდა დაურიგონო?! ნუ თუ ეს შესაძლებელია?! ნუ თუ ეს მართალია?! და თუ ეს ასეა, ნუ თუ ეს საქმეა?! ეს ხომ უდიდესი დაცინვა და დამცირება იქნება ჩვენი სამღვდელოებისა?! ამას მტერიც კი ვერ ჰკადრებდა მას და რას სჩადიხართ მოყვარენი?! _ სამღვდელოების ერთი მეხუთედი ნაწილიც კი სანთელს არ ჰყიდულობს ეპარქიალურ ქარხნებში, საშინელი ანარქია და უსაქციელობაა დღეს ჩვენში გამეფებული და ასეთ დროს ვინმეს დაჯილდოებაზე ლაპარაკი განა შეიძლება?! ისედაც ეკლესიის მოწინააღმდეგენი კბილებს და კალამს ილესავენ ჩვენზე და საკათ. საბჭო ახალ საბუთს, ჩვენთვის ყელის გამომჭრელ იარაღს აძლევთ მათ ხელში ამ დრო-მოჭმულ, ცხოვრებისაგან უკვე საკმარისად გათახსირებულ ჯილდოების მოფენით?! აბა, დაფიქრდით, მამაო! აქაც ის არ მოგივიდეს, რაც „ახ. სიტყვის“ შესახებ ბრძანეთ ამა წლის 16 თებერვლის საოლქო კრებაზე თბილისში?! თურმე შენ „ახ. სიტყვის“ ცენზორიც ყოფილხარ მაშინ, ამ ორგანოს თანამშრომელიც იყავი და, როდესაც მსჯავრზე მიდგა საქმე, შენ ვიღაცეებს ამოეფარე ზურგს უკან და განაცხადე: „მე „ახ. სიტყვა“ მეორე ნომრიდანვე არ მომწონდა, ბევრი რამ წავშალე შიგო“! თუ არა და მოიგონე შემდეგი: როდესაც აწ განსვენებულმა თბილელმა ლეონიდემ „ახ. სიტყვის“ ხელმძღვანელი მღვდლები ილია შუბლაძე და ქრ. ციცქიშვილი (ეხლანდელი „მანგლელი“!) დეკანოზობის ხარისხით დააჯილდოვა, ამ პუბლიცისტებმა იმავ ორგანოში განაცხადეს: მართალია ჩვენ წინააღმდეგნი ვართ ჯილდოებისა, მაგრამ ამხანად ვღებულობთ მასო… ისე არ მოგივიდეს შენც!..
ჩემს მოვალეობად მივიჩნიე, ეს ბარათი მოგწერო და გაგაფრთხილო, _ სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის, შეაჩერეთ და მოსპეთ „ჯილდოების“ შემოღება. ამას გწერ მეგობრულად, ბოლოს რაიმე საყვედური არ იყოს… იმედი მაქვს, საწყენად არ მიიღებ ამ ბარათს და, თუ გაიკვირვო ესევითარი კადნიერება ჩემი, სცან ისიც, რომ მეტად დამაღონა და გამაკვირვა, როდესაც გავიგე, რომ ჩემს წარსადგენად მთავარ-ხუცესი ცნობებს აგროვებდა _ თუ რა იყო უკანასკნელი ჩემი ჯილდო… მე ამ ცოტა ხანში ბევრნაირად „დავჯილდოვდი“, გმადლობთ“!
დეკ. ნიკიტა თალაქვაძე 1922 წ. 1 ივნისსა.
ეს ბარათი გავატანე ჩემ შვილს გერმანს, რომლის ნათლიაა დეკ. კ. ცინცაძე; ეს უკანასკნელი ტაძარში დაუხვდა, ეკლესიას ალაგებდაო. იმ დღეს მამა-დავითობა იყო, კათოლიკოზი მწირველი ბრძანდებოდა მამა-დავითში; ავედი წირვის მოსასმენად მეც, თანამწირველნი იყვნენ _ დეკანოზები _ ტყემალაძე, ცინცაძე, მირიანაშვილი, მთავარხუცესი დ. ხახუტაშვილი, თვით ნ. მაჭარაშვილი, კანდელაკი მ. ფხალაძე. გალობდა კათოლიკოზის გუნდი პაპიაშვილის ლოტბარობით _ რუსულ კილოზე, კათოლიკოზიც რუსულ-ქართულად სწირავდა, გუნდიც რუსულად ჰგალობდა, ქადაგებაც კათოლიკოზმა ქართულის შემდეგ რუსულადაც ბრძანა, არც ქართული ეხერხება და არც რუსული ამ დალოცვილს, რას წვალობს ან ხალხს რაზე აწვალებს. ქართველობა საყვედურობდა: „ისევ პაკი-პაკი შემოიღესო“, აბა, ვინ ჰყავთ აქ რუსები, სამიოდე დედაბერი ამოსულა, ამათ ქართულიც ეყურებათ, აბა, რომელ რუსულ ეკლესიაში უქართულებენ თბილისშიო“?!. როდესაც კათოლიკოზი ჰქადაგებდა, მისი თანამწირველნი ისხდნენ საკურთხეველში და ხმა-მაღლა ბაასობდენ, განსაკუთრებით ისმოდა ბოხი ხმა „ვირგლა-მანგლელ-ქრისტეფორესი“, ამანაც რუსულად სთქვა დიდ-გამოსვლის მოსახსენებელი!!!
თურმე ცინცაძეს უკვე მოუსწრია საკათ. საბჭოს წევრთათვის ჩემი ბარათის ჩვენება და „მანგლელი“ ეოხუნჯებოდა, „საკათოლიკოზო საბჭო შენ ხარო“!.. მე არ შევსულვარ საკურთხეველში. შემდეგ ნადიმი იქმნა გამართული… მიმიწვია მაჭარაშვილმა მეც, მაგრამ არ ვეახელი; წამოველ სახლში!
2 ივნისი _ პარასკევი
ამ დღეს შუადღის 12 საათზე ვიდექ ჩემი ტაძრის წინ, გამოიარა დეკ. იოელ გამრეკელმა; შეჩერდა და დავიწყეთ ბაასი, არა იცოდა რა ჯილდოების შესახებ; ცოტა ხნის შემდეგ გამოიარა საკათ. საბჭოს წევრმა დეკ. ი. მირიანაშვილმა, _ სხდომიდან მოდიოდა, დღეს უნდა განეხილათ ქ. თბილისის დასაჯილდოებელ სამღვდელოთა სია და კვირას _ 4 ივნისს _ სულიწმიდის მოფენის დღეს _ ეს ჯილდოები უნდა გამოეფინათ მთელს საქართველოში!.. მაგრამ ჩემს გამოსვლას, ეტყობა გაუჭრია, როგორც დეკ. მირიანაშვილმა გვითხრა, დაჯილდოებაზე წარმოდგენანი დაუსაბუთებელნი აღმოჩნდენ და შევაჩერეთო! თავისუფლად ამოვისუნთქე, ამ დროს დეკ. ზ. ლუკაშვილიც შემოგვიერთდა და გაიმართა ბაასი ამ ჯილდოებზე და ეკლესიების ხარჯზე ნადიმებზედაც… ეტყობოდა, რომ ჩემი წერილები წაკითხული იყო საკათ. საბჭოში… ამხანად ანგარიში გაუწიეს ჩემს პროტესტს და შეაჩერეს, მაგრამ ესენი თავისას მაინც არ დაიშლიან, დეკანოზ ცინცაძეს, თოთიბაძეს და მირიანაშვილს მიტრებიღა აკლიათ ეხლა! ტყემალაძეს თუ სინოდიდან აქვს მიტრა, ესენი თვით დაიხურავენ! შემდეგ თუ კარგი დარი დაუდგათ შენახულ-დაკეცილ წითელ-ყვითელ ლენტ-ბანტიან ორდენებსაც გაიკეთებენ! ტყემალაძეს და თოთიბაძეს მესამე ხარისხის ვლადიმერის ორდენი ჰქონდათ მიღებული, გააზნაურდენ. რევოლუციას რო არ ესწრო ტყემალაძეს ვარსკვლავი უნდა მიეღო! ეს ყველა ორდენები ცინცაძე-თოთიბაძე-მირიანოვ- ტყემალაძეებს დაკეტილ-შენახულები აქვთ! საეკლესიო კრებას განა ესენი გაუგონებდენ, განა კრების სურვილს მაგენი გაატარებდენ რო თვითონ არ ყოფილიყვნენ მსურველნი?! რა თვალმაქცობით, რა თაღლითობით ისრულებენ თავიანთ ქვენა განზრახვებს!
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)