დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე-მღვდლის დღიური“

გაგრძელება, დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##35-41 (2019წ.); #2-5 (2020წ.)

„ქრონიკა+“ აგრძელებს დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის დღიურის გამოქვეყნებას. შეგახსენებთ, რომ „ლიტერატურული მუზეუმის“ მიერ წლების წინათ გამოცემული წიგნი, „მოქალაქე მღდვლის დღიურები“, რიგი გარემოებების გამო, ფაქტობრივად, ფართო მკითხველისთვის ხელმიუწვდომელია. მასალაში, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, ძირითადად, საუბარია საეკლესიო ინტრიგებსა და კულუარებზე. ნიკიტა თალაკვაძის შეფასებებით ეს კულუარები და ფაქტები დღევანდელი გადასახედიდანაც კი საკმაოდ მძიმე გასააზრებელია და უამრავ „ნაცნობ“ თუ უცნობ მოვლენას, ცნობილ თუ საზოგადოებისთვის უცნობ პერსონას საერთოდ სხვა კუთხით წარმოაჩენს.

შეგახსენებთ, რომ ნიკიტა თალაკვაძე დაიბადა მედავითნის ოჯახში. 1889-1895 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1895-1899 წლებში კი _ კიევის სასულიერო აკადემიაში; 1899-1902წწ. _ მუშაობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად; 1902 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა; მამა ნიკიტამ, მიტროფანე ლაღიძის, სოსიკო მერკვილაძისა და სხვათა დახმარებით, აღადგინა წმინდა თამარ მეფის ხსოვნის დღე და თამარობის დღესასწაული.
ნიკიტა თალაკვაძე იყო ეპისკოპოს კირიონ II-ის (საძაგლიშვილი) თანამოაზრე. აქტიურად მონაწილეობდა ავტოკეფალიურ მოძრაობაში. 1912 წელს იგი ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1917 წელს მიენიჭა დეკანოზის წოდება.
1917 წლის 8 მარტს მამა ნიკიტას ბინაზე შედგა საიდუმლო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, ალექსანდრე ლომთათიძე, სოსიკო მერკვილაძე და ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე). კრებაზე გადაწყდა, რომ 12 მარტს სვეტიცხოველში გადაეხადათ სამშვიდობო პარაკლისი, ხოლო შემდეგ წაეკითხათ ავტოკეფალიის აღდგენის აქტი.
1917-1920 წლებში დეკანოზი ნიკიტა იყო საკათოლიკოსო საბჭოს წევრი. იგი გახლდათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების დროს ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე და პირველმა გამოაცხადა ახლად აღდგენილი ქართული ეკლესიის მეთაურად კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II (საძაგლიშვილი). 1918-1921 წლებში დეკანოზი ნიკიტა გამოირჩეოდა აქტიური მოღვაწეობით, რაც გააგრძელა ქვეყნის გასაბჭოების შემდეგაც.
საბჭოთა ხელისუფლება ავიწროებდა უშიშრად მამხილებელ მოძღვარს. 1922 წლის 17 ოქტომბერს ქალთა სასწავლებლის დირექტორმა იგი მასწავლებლობიდან დაითხოვა; 1924 წელს დეკანოზი ნიკიტა აიძულეს, დაეტოვებინა ეკლესია. იგი ჯერ საქართველოს ფინსახკომის საბიუჯეტო განყოფილების უფროსად მუშაობდა, შემდეგ _ კულტურის სამინისტროში. დეკანოზი ნიკიტა იყო თავისი დროის შესანიშნავი მქადაგებელი. ჩვენამდე მოაღწია მისმა არაერთმა ქადაგებამ. იგი ავტორია ჩანაწერებისა, რომელიც ცნობილია, როგორც „მოქალაქე-მღვდლის დღიური“.

(გაგრძელება)

12 მარტი _ კვირა (ძველი სტილით 27 თებერვალი)

დღეს დიდი რევოლიუციის მეხუთე წლის თავია! იდღესასწაულეს აღლუმებით და ილუმინაცია-ჩირაღდნებით! გაჩირაღდნებული იყო სხვათა შორის „ჩეკაც“! _ ეს კაცთა სასაკლავო, სადაც ხვრეტენ „დამნაშავეებს“… წინეთ თითქოს ყველანი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგნი ვიყავით!!! ეხლა ასე გადაბრუნდა მსოფლმხედველობა! მახლას!..
ეკლესიურ სფეროებში ძველი წლიდან ახალში ისევ ძველი ზნე-ჩვეულებით გადმოვედით. სრული უილაჯობა-უთავბოლობაა! ვერავითარი თაოსნობა ვერ გამოიჩინა ახალმა, მესამე კათოლიკოზმაც! ყველანი პირად კეთილდღეობას ემსახურებიან, _ ერთი-მეორეს პირიდან ლუკმას სტაცებს. ქვაშვეთის კრებულმა (ცინცაძე-ლაზრიშვილებმა) კათოლიკოზთან ერთად და საკათოლიკოზო საბჭოსთან ხელთ იგდეს თბილისის ეკლესიები _ სანთლის ქარხნით და მთელ შემოსავალს ანადგურებენ, 24 მილიონს თვეში! თოთიბაძე-ციცქიშვილმა, როგორ ზემოთაც იყო აღნიშნული, იშოვეს საკვები ადგილი, ვერის ნიკოლოზის ეკლესია, სადაც განსვენებულ დეკ. გიორგიძეს დაუტოვებია 25 მილიონი ნაღდ ფულად, ხოლო სანთელი 10 ფუთი. ფუთი სანთელი ეხლა იყიდება ქარხნიდან რვა მილიონად, ხოლო ეკლესიებში ჰყიდიან სამჯერ მეტად! აი, ამ სიმდიდრეს დაასხდენ თავზე თოთიბაძე-ციცქიშვილი და სჭამენ, კათოლიკოზსაც _ საკათოლიკოზო საბჭოთი უგზავნიან ნაწილს, ხოლო სხვა დანარჩენს თვითონ მიირთმევენ; თოთიბაძე თვის მეგობარ ცინცაძესაც გაუნაწილებს ამ „ერთად ნაშოვარ საუნჯიდან“!..
სოფლის ეკლესიებმა შესწყვიტეს ცენტრალურ მთავრობასთან კავშირი, იშვიათად რომ რომელიმე მღვდელს დასჭირდეს კათოლიკოზი ან ეპისკოპოზი; არც სანთელს ჰყიდულობენ ჩვენი ქარხნიდან; კერძო ვაჭრებში უფრო იაფად ჰყიდულობენ სანთელს, ჰყიდიან როგორც სურთ და თვითონვე ჰხარჯავენ ფულსაც. ასე რომ, მთელი სიმძიმე ეპარქიალურ მართვა-გამგეობის ხარჯებისა, თუ კათოლიკოზ-საკათ. საბჭოისა, სავსებით თბილისის ეკლესიებზეა გადმოტანილი. სანთლის ქარხნის საქმე კრიტიკულ მდგომარეობაშია, ცვილს ვეღარ შოულობენ, ხარჯები კი მეტად იზრდება, მოსალოდნელია გაკოტრება…
ასეთ ვითარებათა გამო ახალი მთავარ-ხუცესი თითქმის ყოველ კვირაში იწვევს ხოლმე თბილისის სამღვდელოების კრებას, არის მსჯელობა-თათბირი შექმნილ ვითარებაზე; ზოგჯერ კათოლიკოზიც ესწრება ხოლმე ასეთ კრებებს, მაგრამ არავითარი სანუგეშო დადგენილებანი არ გამოგვაქვს. მეტად აღშფოთებული იყო თბილისის სამღვდელოება ასეთ ნივთიერ ხელ-მოკლეობის დროს დეკ. ციცქიშვილის ეპისკოპოზის ხარისხზე აღყვანის დადგენილებით და მასზე კიდევ ახალი ხარჯის გაწევით, რაც უკვე აღვნიშნე 51-ე გვერდზე. ამ თაობაზე თითქმის თბილისის ეკლესიების ყველა წინამძღვრებმა წერილობითი მოხსენებით უარი განაცხადეს ხარჯების გაღებაზე, ხოლო ერთხმად უარჰყვეს „მანგლელი“ ქორეპისკოპოზის საჭიროება. სხვათა შორის მეც წარვადგინე დასაბუთებული წერილობითი მოხსენება რვა მუხლით, 3 იანვრის თარიღით #1, მთავარხუცესის სახელზე, სამღვდელოების კრებაზე მოსასმენად, ხოლო შემდეგ კათოლიკოზისადმი მისართმევად (ამ მოხსენების დედანს _ ერთ თაბახზე _ აქვე ჩავაკერებ). ყოველ კრებაზე გარს უვლიდით ამ მოხსენებას _ ვერ იქმნა ის წაკითხული ჯერ კიდევ (13 მარტს); კათოლიკოზისათვის უკვე უჩვენებია მთავარხუცესს ეს მოხსენება, ხოლო მას უბრძანებია, რომ კრებაზე ნუ წაიკითხავთო. ისე კი ციცქიშვილის ეპისკოპოსობა დღემდე შეჩერებულია, ის 3%-იც შეჩერებულია. მაგრამ ციცქიშვილს მეტად გაუტკბა ნიკოლოზის ეკლესიაზე მღვდლობა თოთიბაძესთან და აღარც სჩქარობს ეპისკოპოზად კურთხევას. თან ურბნისის ეპარქიის სამღვდელოებას ევაჭრება _ თუ გინდივართ _ ამდენი პური უნდა მომცეთ, ამდენი ფული, მისვლა-მოსვლაზე ცხენი და ეტლიო! ასეა საქმე! დღეს საეპისკოპოსო ღირსებად არის მიჩნეული მხოლოდ ერთი გარემოება _ უნდა იყო „ქვრივი“, მაგრამ შეიძლება გყავდეს ხასად რუსი დედაკაცი!..
16 თებერვალს თბილისის სამღვდელოების მორიგ სხდომაზე, დეკ. ციცქიშვილის და ან. თოთიბაძის თანადასწრებით (მესამე მათი თანამოღვაწე _ დეკ. ი. შუბლაძე არ დასწრებია, თავი მოიავათმყოფა, ეს იყო დედა-ეშმაკი „ახალ სიტყვისა“, თავი მოარიდა) _ დასმულა საკითხი თვით დეკ. ციცქიშვილის პიროვნებაზე _ რას ჰფიქრობს ის, როდესაც თბილისის სამღვდელოებაში ისევ შემოდის, ხოლო მან _ ციცქიშვილმა, ეს სამღვდელოება 1919 წლის მაისში მეტად შეურაცხჰყო, როდესაც ამ სამღვდელოებამ მას არ მოუწონა „ახ. სიტყვის“ რედაქტორობა, გარნა ციცქიშვილი მიუბრუნდა თბილისის სამღვდელოებას, დეკ. ს. შოშიაშვილის თავმჯდომარეობით, და შემდეგი თავხედი სიტყვები დაჰხარჯა: „თქვენც შეგარცხვინათ ღმერთმა და თქვენი კრებაცა, რას ბოდავთო“! ამის შემდეგ დეკ. ციცქიშვილი კრებამ გააძევა სხდომიდან, ოქმი იქმნა შედგენილი და წარედგინა კათოლიკოზ ლეონიდს, ამ უკანასკნელმა კი წინადადება მისცა ციცქიშვილს, ბოდიში მოეხადა სამღვდელოების წინაშე, რაც დღემდე მას არ შეუსრულებია, დღეს კი ის ისევ ჩვენს წრეში ტრიალებს, კრებაზე ესწრება, სამრევლოში შევიდა და ჩვენს ქორეპისკოპოზად ემზადება! ამ თაობაზე ცხარე კამათი ამტყდარიყო 16 თებერვლის სხდომაზე, მე გაკვეთილებიდან მიუსწარი ციცქიშვილის სიტყვის ბოლოს. ციცქიშვილმა განაცხადა _ „ჩემი სიტყვები მთელ კრებას როდი ეკუთვნოდა, არამედ ზოგიერთებსო“. დაასახელა აწ მოკლული მეორე საეკლესიო კრების გახსნის წინა ღამით 1920 წელს მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე. მაგრამ იქვე ამხილეს ციცქიშვილის ეს საშინელი ტყუილი, სწვდა დეკ. ჩიჯავაძე სიტყვით და თავ-ლაფი დაასხა. შემდეგ მე ავიღე სიტყვა და უფრო ნათლად დავასურათე საქმის ვითარება, მეც ვამხილე ციცქიშვილი ტყუილში და თან დავასურათე, თუ რა როლი ითამაშა მან 1905 წლიდან, როდესაც მის თავმჯდომარეობით ქართველ სამღვდელოებას ყაძახ-რუსებმა მათრახებით სისხლი ადინეს; „მართალია ამ აქტის დროს შენ თავმჯდომარეთ იყავი, მაგრამ ჩვენც თქვენ გვერდით ვიყავით და ტყვილა ისაკუთრებ იმ დროის სიმძიმეს შენ საკუთარ დამსახურებად თქო! ამ აქტის გამო მეფის მოადგილე სულთან-კრიმ-გირეისთან მე ვიყავი საპროტესტო დეპუტაციის წინამძღოლი, თვით მეფის მოადგილე _ ვორონცოვ-დაშკოვთანაც მე ვიყავი პროტესტის გამომცხადებელი, ქალაქის თვითმართველობაშიაც მე ვიყავი, მაშინ რო ავდექი, ჯერაც არ დავმჯდარვარ და შეძლებისა გვარად ვიბრძოდი ეკლესიის განთავისუფლებისათვის, შენ კი იმავ 1905 წლის აგვისტოში, ამ რევოლუციონურ კრების თავმჯდომარემ, მოახერხე სოფელ იტრიიდან თბილისში, ავლაბრის გიმნაზიაში სამღვთო სჯულის მასწავლებლად გადმოსვლა! მე კი ეს თანამდებობა არ მეღირსა იმ დროში თქო! ხოლო ამ თანამდებობაზე დაგამტკიცა ექსარხოსმა ნიკოლოზმა, შემდეგ იმავ ნიკოლოზს ამოუდექი გვერდში სიონის ტაძარში თანამწირველად და თანამსახურად (სიონზე იქმნა მიწერილი, როგორც უეკლესიო გიმნაზიის მღვდელი), შვიდჯერ თაყვანსა სცემდი და უკმევდი იმავ ექსარხოსს, მე კი მაშინ სამღვდელოების ყველა დაწესებულებებში ვიყავი არჩეულ პირად და განვაგრძობდი ბრძოლას! ეს ყველაფერი მოგიხერხა აი იმ დეკანოზმა _ მიუშვირე ხელი ანტ. თოთიბაძეს! ჩვენ ვიცით, თქვენ რა შვილებიც ბრძანდებით და რა როლიც ითამაშეთ ჩვენს ცხოვრებაში! (ამ დროს ციცქიშვილი და თოთიბაძე იყვნენ გაფითრებულნი და თავჩაღუნულნი, კრინტი არ დაუძრავთ). სად იყავი შენ ამ დროს? რატომ შენი ბოხი _ გამბედავი ხმა აღარ გაისმოდა სადმე? ან გახსოვს, 1906 წელს აგვისტოს ბოლო რიცხვებში, ანჩის ხატის ტაძრის პირდა-პირ, მოლოდინიშვილის სახლის ქვედა სართულში, „სიტყვის“ რედაქციაში რო შემიყვანე და მიბრძანე: „ღვთისმშობლობას ექსარხოსი ნიკონი მწირველი იქნება შენთან, დიდუბის ეკლესიაში, არ გაბედო, წირვის შემდეგ ჩაიზე არ შეიპატიჟოო“?! მე ნიკონი გამალახვიეთ, გაროზგილი გამომასტუმრებიეთ დიდუბიდან, ხოლო ერთი თვის შემდეგ დედათა ეპარქიალურ სასწავლებლის დღესასწაულზე ისეთი ნადიმი გაუმართა ანტონ თოთიბაძემ იმავ ნიკონს, რომ კინაღამ იქაურობას ჭერი აჰყარეთ მისმა თანამეინახეებმა! შენც იქ ბრძანდებოდი! განა არ ვიცით რა როლი ითამაშეთ შენ და თოთიბაძემ „ნიკონის ბოიკოტზე“?!. რა ცუღლუტობა ჩაიდინეთ!.. გახსოვს, 1913-ში დედათა ეპარქიალურ სასწავლებლის საბჭოს წევრად მოვხვდით მე და შენ სამღვდელოების მხრივ, როგორ ვებრძოდი ჩვენი ეკლესიის გამძვინებულ მტერს დეკ. რაზუმოვსკის და როგორ ფეხებში ეგებოდი შენ?! ერთხელ, როდესაც მეტად დიდ ვერაგობაში ვამხილე რაზუმოვსკი, შენ, იმის მაგივრად, რომ ჩემთვის დაგეჭირა მხარი, რაზუმოვსკის გადაეფარე და შემდეგი სიტყვებით მომმართე: „Î, Íèêèòà, âû îòöó Ïðåäñåäàòåëþ (რაზუმოვსკის ) ïðîïîâåäü ÷èòàåòå“-ო! აბა თუ დედიშენის შვილი ხარ, უარ-ჰყავი ესე… ერთი სიტყვით, 1905 წლიდან შენ ჩვენი ეკლესიისა და სამღვდელოების უფლებებზე ხმა არ ამოგიღია. შენ მაშინ აღიმაღლე ხმა, როდესაც ჩვენი ეკლესია დამოუკიდებლობის გზაზე უკვე შესდგა, საკუთარი თავი დაიდგა და სააღმშენებლო მუშაობას უნდა შევსდგომოდით ყველანი. 1918 წელს შენ „ახალ სიტყვის“ რედაქტორობა აგკიდეს ზურგზე, გარნა ამ ბინძურმა ორგანომ და მისმა კალმოსნებმა _ „ახალმა“, ახუთელმა, ა-ლი, ნაჭყებია, ჯაჭვაძემ, ჭინჭარმა, ბაბასინმა და ასეთმა პირბადე ახვეულებმა, რომელნიც შენს ზურგს უკან იმალებოდენ, ასტეხეთ საშინელი ვაკხანალია მხცოვან კათოლიკოზ კირიონის გარშემო! შენა და შუბლაძემ იმ ორგანოს დევიზად გამოაცხადეთ _ „საეკლესიო მთავრობის უსამართლობის მხილება!“ _ რატომ ექსარხოსებს არ ამხელდით უსამართლოებას?! ან რატომ არ ამოასუნთქიეთ კირიონს, რა ცილისწამებას და თავხედობას არ იჩენდით მის შესახებ?! ასე უნდოდა ახალ ფეხ ადგმულ ეკლესიას ბეჭვდით ორგანოში ხელმძღვანელობა?! ან რა ჭკუა და სინდისი უნდა ეკითხოს იმ კალმოსანს _ „ჯაჭვაძეს“ (დეკ. შუბლაძე) ან მის რედაქტორს ციცქიშვილს, რომელთაც „ახ. სიტყვის“ მეშვიდე ნომერში მოათავსეს ასეთი პასკვილი: „კათოლიკოზი კირიონი და სიონის წაპილწვა“?! იმ კვირას, კათოლიკოზ ამბროსისთან ვიყავი მე თანამწირველი, რო იქ მე რაიმე მარცხი მომსვლოდა და თუ გინდ ტრაპეზთანვე ჩავსვრილიყავი, აქ რა შუაში იქნებოდა კათოლიკოზი ამბროსი?! რაზე აწამეთ და შეურაცჰყავით დატანჯული და ისედაც წამებული, ოცი წლის განმავლობაში დევნილი კირიონი?! მაგრამ განა შენ იყავი პირადად ამაში დამნაშავე?! არა, შენ სად შეგიძლია ან წერა ან დალაგებული ლაპარაკი, შენ სხვის ხელში ბრმა იარაღი იყავი და დღესაც ასეთი იარაღი ხარ და საფუძვლიანად ვფიქრობ, რომ ეპისკოპოსობაშიდაც ისევ სხვისი სათამაშო იარაღი იქნები! მართალი მოგახსენოთ, მე არ მშურს შენთვის „ეპისკოპოსობა“, პირიქით, მეინტერესება კიდეც ვნახო _ როგორი „ეპისკოპოსი“ იქნები?! ანტონ ქუთათელისადმი რო საჭიდაოდ წამოგაყენა „ახალმა სიტყვამ“, სამედიატორო სამართალში რო იწვევდი ქუთათელ მიტროპოლიტს, რას ჰფიქრობდი, რა ჭკუაზე იყავი მაშინ, ან ახლა რას ჰფიქრობ ყოველივე ამაზე?! ასეთი დაუმუშავებელი პიროვნება „მანგლელ“ ეპისკოპოსობას ჰფიქრობ თბილისში! გარნა თბილისის სამღვდელოებას თავზე ლაფი დაგვასხი, ეხლა კი ეპისკოპოსად უნდა მოგვევლინო, თავზე გადაგვახტი, საკათოლიკოზო საბჭოც და კათოლიკოზი შეცდომაში შედიან, და ჩვენ ხელზე უნდა გემთხვიოთ?! კარგი, მამაო, გემთხვევით, იეპისკოპოზე ჩვენზე, მაგრამ ბოდიში მაინც მოიხადე, უკან წაიღე შენი „ახალი სიტყვის“ რედაქტორობის სახელი, უკან წაიღე ის შეურაცხყოფა, რისთვისაც თბ. სამღვდელოებამ კრებიდან გაგაძევათ, გადმოდგით რამოდენიმე ნაბიჯი შესარიგებლად, რომ ჩვენ მოგეგებოთ, დავცხრეთ, დავწყნარდეთ, და ამ საშინელ დროში ეკლესიას ვუპატრონოთ, თორემ ჩვენ რა ვართ და ჩვენი დამწყსილი ერი რა უნდა იყოს“?!. ამ ბოლო სიტყვებზე კრებამ ოვაციები გამიკეთა და მოსთხოვა დეკ. ციცქიშვილს ბოდიშის მოხდა. ციცქიშვილმა ნაცვლად ბოდიშისა განაცხადა, რომ ის დღესაც იცავს „ახ. სიტყვაში“ რაც დაიბეჭდა, იქ ყველაფერს „მართალსა“ ვსწერდითო“! _ ამ სიტყვებზე წამოვარდა დეკ. ი. ჩიჯავაძე და შესძახა: „შე მ…ლო! კირიონზე რო სწერდით, სახარების კითხვა არ იცისო, ამ ახალმა კათოლიკოზმა კი იცის კითხვა?! რატომ არ ჩადიხარ და არ ეტყვი _ ხუცური წაკითხვა და არც წირვა-ლოცვა არ იციო“?!. (სულ ყველამ თავი ჩაღუნა!) ვის უნდა ასეთი „სიმართლე“ შე უბედურო“?!. შემდეგ ციცქიშვილმა დამიწყო კბენა მე და მიკიჟინა _ ალექსანდრე ეპისკოპოსთან ცუდად იყავიო, ლეონიდთანაც, დავითთანაც, დეკ. კ. ცინცაძესთანაც _ თუმცა ამას მეც ხშირად ვეწინააღმდეგები _ „ღეჭიააო“!.. ამაზე მე მიუგე: „ალექსანდრე ეპისკოპოსთან ჩინებულად ვიყავი: როდესაც ის გადააგდეს კათედრიდან, მეც დავსტოვე ფოთი და აღარ მიმსახურია ფოთში მის შემდეგ; მის გარდაცვალებაზე ავედი შიომღვიმის მონასტერში და კრების წინაშე, იმდენ ხალხის თანადასწრებით, ისეთი თამამი სიტყვა წარმოვსთქვი იმ ძველ დროს, რომლის მსგავსს შენ ვერ გაბედავდი, ან სად ბრძანდებოდი მაშინ შენ?! რატომ შენც ჩვენთან არ იყავი შიო-მღვიმეში, ალექსანდრე ეპისკოპოზის დასაფლავებაზე?! ის ჩემი სიტყვა დღეს დაბეჭდილია, დეე, საზოგადოებამ სთქვას, იმ სიტყვის ავტორი ცუდად იყო ალექსანდრე ეპისკოპოსთან?! მაშ, ეს ერთი ნომერი წაგიხდა. დავით ეპისკოპოსი ჩემი სკოლის ამხანაგია, როდესაც ყველამ ადგილები გაინაწილეს 1917 წლის საეკლესიო კრებაზე, დავითი ყველას დაავიწყდა რუსეთში, მე მოვიგონე ის მხოლოდ და ძლივს გამოვგლიჯე ნაზარ არხიმანდრიტს ხელიდან ურბნისის კათედრა მისთვის! შენ სად ბრძანდებოდი მაშინ, დავით ეპისკოპოზის ეხლანდელო მეგობარო?! ან 1921 წელს თბილისიდან რო გაიქცნენ კათოლიკოზი ლეონიდი, დეკ. ან. თოთიბაძე და სხვები, დავით ეპისკოპოსი უპატრონოდ რო დააგდეს აქ და ბავშვივით გულგახეთქილი, ავათმყოფი უმწეოდ დააგდეს აქ, მე მივხედე მას მაშინ თუ შენ? სად ბრძანდებოდი მაშინ შენ, მამაო?! სად იმალებოდი?! ეს მეორე ნომერიც წაგიხდა. მართალია ლეონიდთან მქონდა მწვავე შეტაკებანი, _ მაგრამ ეს ისევ გაქნილ, ცუღლუტ „ახ. სიტყველების“ კალმოსნების მიერ მოგვდიოდა. წინეთ მე და ლეონიდი დიდი მესაიდუმლე ვიყავით ერთმანეთისა. ის ქუთაისიდან თუ ფოთიდან მწერდა ექსარხოსების ბატონობის დროს წერილებს და მამხნევებდა ეკლესიის თავისუფლებისათვის ბრძოლაში! მას რომ ჩემზე დანდობა და ახლო მეგობრობა არ ჰქონოდა, განა ასეთ ბარათებს მანდობდა?! ასეთი მეგობარი, ნაჭირნახულევი _ მოღვაწე კაცი შენისთანა პირებმა წამაჩხუბეს, მაგრამ, ვმადლობ ღმერთს, რომ შემდეგ ლეონიდიც მიგიხვდათ თქვენს ოინბაზობას, სიკვდილის წინ ერთი თვით ადრე დამიბარა, მთელი აღსარება უთხარით ერთმანეთს, რა მითხრა ლეონიდმა შენზე და სხვებზე, ამას აქ ადგილი არა აქვს, იქ ჩვენ შორის მხოლოდ ღმერთი იყო მოწამე! მაგრამ რომ შევრიგდით, და ისევ ერთად დავიწყეთ მუშაობა, ივლისის (1921 წ.) საეპარქიო კრებაზე ფაქტიურ თავმჯდომარედ დამსვა და საქმეებს შეუდექით, ამას მოწმობს ჟურნალი, რომელიც შედგენილია ამ თაობაზე! მაშინ შენ, მამაო, სად იყავი?! რას აკეთებდი?! ან რო გარდაიცვალა, რატომ პატივი არ ეცი?! სურამში რო ბინდაობდი საკუთარ სასახლეში და ეზო-ვენახში, იქნებ ეს დიდი მეგობრობა გეგონა ლეონიდისადმი?!. რაც შეეხება მამა კალისტრატე ცინცაძეს, ამასთან მე მომდიოდა უთანხმოება, დღესაც არ ვიზიარებ მაგის ზოგიერთ შეხედულებას საქმეზე, მაგრამ დაუბრებით არასოდეს არ დაუბრებივარ, არც შენთან შემიწყვეტია სალამი და საუბარი! ერთადერთი კაცია დ. დავითაშვილი, რომელიც სალამს არ იძლევა, რომ მომცეს სალამი, მე სიამოვნებით უპასუხებდი! მე მაგისთანა წვრილმანებს არ მივსდევ, მე პირად ჟინიანობისათვის კი არ ვაწყენინებდი ვინმეს, თუ ვაწყენინებდი ისევ საზოგადო-პრინციპიალურ საკითხებში და საქმეში. ყოველ შემთხვევაში, მე ვსწუხვარ, რომ შენ მაინც ისევ „ახ. სიტყვის“ „ზნეობას“ იცავ, უკან არ მიგაქვს შენი დანაშაულობანი, დღესაც ვერ შეგიგნია შენ ის წუმპე, რომელშიდაც ჭყუმპალაობდი, გეტყობა ეპისკოპოსობისათვის არ ხართ დამუშავებული პიროვნება! თუ შენ „ახ. სიტყვის“ _ „სიმართლის გზით“ წაიყვან ჩვენს სამღვდელოებას თუ სამწყსოს, მე მაგ გზაზე ვერ გამოგყვები“…
შემდეგ სიტყვა აიღო დეკ. კ. ცინცაძემ. მან განაცხადა: „მე „ახ. სიტყვა“ მეორე ნომრიდგანვე არ მომწონდა, ბევრი რამეებიც კი წავშალე შიგ (თურმე, „ახ. სიტყვის“ ცენზორი ყოფილა მამა ცინცაძე!), მაგრამ ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ ორგანოს გამოსაცემი საშვალება ისევ აქ დამსწრე სამღვდელო პირებმა _ ზოგიერთებმა გამოიღეს, საორგანიზაციო კრებაზე მაშინ დაგვესწრო მღვდელმთავრები ლეონიდი და დავითი“.
აქ ვწვდი მამა ცინცაძეს და მოვახსენე: „შე დალოცვილო! თუ არ მოგწონდა ის ორგანო, რატომ იყავი თანამშრომელთა სიაში აღნიშნული, რატომ შემდეგ არ მოხსენი შენი სახელი?! რატომ მოათავსე იმ ბინძურ ორგანოში შენი ხელმოწერილი ქადაგება?! ან როგორ მოხდა ის გარემოება, რომ 14 საბრალმდებლო მუხლი, რომელიც შენ დაახალე კათოლიკოზ კირიონს, მოთავსებულ იქმნა იმ შენგან დაწუნებულ „ახალ სიტყვაში“! ეხლა კი მიცვალებულ ლეონიდის ზურგს უკან ამოფარება სირცხვილია, მამაო! გამოდის, რომ თქვენ გაგიბრიყვებიათ მაშინ სამღვდელოება და ეხლა ლეონიდისა და დავით ეპისკოპოზის მხილებით გინდათ, თავი იმართლოთ, სირცხვილია, მამაო ეს“!.. გაშავდა დეკ. ცინცაძე, რაღაც წამოილუღლუღა კიდევ, მაგრამ სიკვდილის ფერი ედო. შემდეგ სხვებმაც ბევრი უსაყვედურეს „ახ. სიტყვაზე“, უსაყვედურეს ციცქიშვილს ეხლანდელი მისი ჯიუტობა, განსაკუთრებით ამხილა ის დეკ. იასონ კაპანაძემ, რომელმაც შემდეგ წარმოადგინა ასეთი რეზოლიუცია „ახ. სიტყვის“ შესახებ მსჯელობის დასკვნად: „თბილისის სამღვდელოების კრება ღრმა მწუხარებით აღნიშნავს, რომ განახლებულ ეკლესიის ცხოვრებაში ადგილი ჰქონდა ისეთ გამოცემას, როგორიც იყო „ახალი სიტყვა“, იგი ჰგმობს მისს მიმართულებას და გამოსთქვამს ღრმა რწმენას, რომ სამღვდელოებაში ამჟამად არ მოიპოება ისეთი გონიერი სამღვდელო პირი, რომელიც მხარს უჭერდეს მის მიმართულებას. ამასთან სამღვდელოება გულწრფელად აღიარებს, რომ „ახალი სიტყვის“ გამოცემაში ბრალი ედება არა მარტო აქტიურ მის გამომცემლებს, რომლებთა შორის იყო დეკ. ციცქიშვილი“.
ეს რეზოლიუცია მიიღო მთელმა კრებამ, გავარდა მხოლოდ ციცქიშვილი, დაიწყო ყვირილი _ „ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ დეკ. ჩიჯავაძეს ეპისკოპოსობა უნდა, დეკ. თალაკვაძეს კი ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მიცვალებულებიო“! ამაზე ერთხმად მიაძახეს: ეს დემაგოგიააო! მე კი უთხარი: „თუ ასეთი სამარცხვინოა მიცვალებულების პატივისცემა, მაშ, რაღად დააცხრით შენ და შენი ხელმძღვანელი თოთიბაძე იმ ეკლესიას თქო? სამხედრო ტაძარზე რო ზედ მიიწერეთ და იქაურობას ანიავებთ, რატომ არა გრცხვენია ამ „საეპისკოპოსო“ კაცსა თქო?“… შემდეგ სუყველამ ხელი მოვაწერეთ ამ რეზოლიუციას, რომელიც ჩატანილ იქმნა ოქმების წიგნში. ჩემდა განსაცვიფრებლად, შემდეგ კრებაზე რო გადავშალე ეს წიგნი, სულ ყველაზე ბოლოს ხელი მოეწერა თვით დეკ. ქრ. ციცქიშვილსაც!
აი, ასეთი პიროვნებაა, ასეთი სინდისის და ნამუსის პატრონია ეს ჩვენი საეპისკოპოსო და შემდეგ „საკათოლიკოზო“ ციცქიშვილი! ვაი, ჩვენი ეკლესიის ბრალი ჩვენს ხელში!..
ამ სხდომაზე დეკ. ცინცაძემ გადმომცა მიმართვა 1922 წ. 15 თებერვლის თარიღით #6329-ით, რომლითაც ის მიწვევს „სამოძღვრო კურსებზე“ მასწავლებლად: „ყოვლად პატივცემულო, მამაო ნიკიტა!
უწმინდესის კათოლიკოზ-პატრიარქის ამბროსის 1922 წ. იანვრის 20 ბრძანებით, მე მაქვს დავალებული სამოძღვრო კურსების საპედაგოგო ნაწილის მოწყობა. ამის გამო პატივისცემით გთხოვთ, მაცნობოთ, რომელი საგნის სწავლებას ინებებთ თან დართულ საგანთა სიითგან.
ზემო აღნიშნულს დავსძენ, რომ კურსებზე საღამოობით მეცადინეობა მოხდება.
უღრმესი პატივის ცემით, დეკ. კ. ცინცაძე.
დედანთან სწორია, _ დეკ. ნ. თალაკვაძე.
სამოძღვრო კურსებზე სასწავლო საგანთა სია
I. საღვთო სჯული ძველისა და ახალი აღთქმისა.
II. ძველისა და ახალის საღვთო წერილის მიმოხილვა.
III. საეკლესიო ისტორია მსოფლიო და მშობლიური.
IV. ღვთისმსახურება და ელემენტარული ცნობები კანონიკითგან.
V. ღვთისმეტყველება (ელემენტალური ცნობები დოგმატიკითგან, ეთიკიდგან, პოლემიკითგან და უცხო სარწმუნოებათა მიმოხილვისაგან).
VI. მქადაგებლობა.
VII. ქართული ენა (ძველი სამწერლო ენა).
VIII. საეკლესიო გალობა“.
ამ მომართვაზე თებერვლის 19-ის თარიღით #6 მე უპასუხე:
„მამაო დეკანოზო კალისტრატე!
როგორც თქვენი მომართვისაგან ვსცანი, უწმინდეს კათოლიკოზს დაუვალებია თქვენთვის სამოძღვრო კურსების საპედაგოგო ნაწილის მოწყობა, ხოლო მე მიწვევთ ამ კურსების ერთ-ერთ საგნის მასწავლებლად. ზნეობრივ მოვალეობად ვსთვლი, ამ საქმეში თანამშრომლობა გაგიწიოთ, მაგრამ ვშიშობ რითიმე ხელი არ შეუშალო ამ ახალ საქმის მოწესრიგებას და თუ ამჟამად გამანთავისუფლებთ ამ მოვალეობისაგან, მეტად მადლობელი ვიქნები. უნდა მოგახსენოთ, რომ კვირაში 26 გაკვეთილს ვაძლევ მეოცე ქალთა ტეხნიკუმში, მეტად ვიქანცები, ამასთანავე საღამოობითაც ხშირად ხან საპედაგოგო სხდომაზე ვარ ხოლმე იმავ ტეხნიკუმში, ხან მრევლში ვასრულებ წესებს; ამიტომ შესაძლებელია კურსებზე ვერ ვიარო წესიერად და დაქანცულმა ვერც ვიმუშაო სათანადო ენერგიით. ამას ყველაფერს უნდა გათვალისწინება, რომ არც თქვენ ჩაგაყენოთ უხერხულ მდგომარეობაში და არც მე ჩავდგე. მით უფრო შესაძლებელია ამჟამად ჩემი განთავისუფლება, რომ კურსებზე სასწავლო საგნების მასწავლებლობის მსურველი სხვა ბევრი შედარებით თავისუფალი პირი გამოჩნდება. მაგრამ, თუ მაინცა და მაინც აუცილებელ საჭიროდ დაინახავთ ჩემს მოწვევასაც, პატივისცემით გთხოვთ მიიღოთ მხედველობაში ზემოაღნიშნული ჩემი სამსახურის გარემოებანი ყოველივე გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად. თქვენ მიერ დართულ საგანთა სიიდან მე ვიკისრებდი ან ძველი და ახალი აღთქმის, საღვთო წერილის მიმოხილვას და ან საეკლესიო ისტორიას.
დეკ. ნიკიტა თალაკვაძე“.
22 თებერვალს, თბილისის სამღვდელოების მორიგ კრების შემდეგ, დეკ. კ. ცინცაძემ მოახდინა კურსებზე მის მიერ მასწავლებლებად მიპატიჟებულ პირთაგან თათბირი, რომელზედაც დაესწრნენ დეკანოზები: მ. ტყემალაძე, გ. გამრეკელი (სასულიერო აკადემიელებია), ი. შუბლაძე, ქრ. ციცქიშვილი (ამათ ქართული უნივერსიტეტი მოისმინეს), ის. ჩეკურაშვილი (სემინარიელია), დეკ. ნ. თალაქვაძე და თვით თავმჯდომარე კ. ცინცაძე. დაგვესწრო დეკ. იას. კაპანაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ამერიკაში გადავდივარ ცოლ-შვილით და კურსებზე მასწავლებლობას ვერ ვიკისრებო. გაინაწილეს სასწავლო საგნები: მე მარგუნეს _ „მქადაგებლობა“, ცინცაძემ აიღო „კანონიკა“, შუბლაძემ _ დოღმატიკა-ეთიკა, ციცქიშვილმა _ „ძველი ქართული ენა“, გამრეკელმა _ საეკლესიო ისტორია; ტყემალაძემ _ ღვთისმსახურება, ჩეკურაშვილმა _ სამღვთო ისტორია ძველი და ახალი აღთქმისა; კურსები იქნება ორწლოვანი, ცენზი _ ერთ-კლასიანი პირველ დაწყებითი სკოლა; წლოვანება _ არანაკლებ 18 წლისა; სკოლის ბინა _ საკათ. საბჭოს დარბაზის შუა სართული. კურსების ხელმძღვანელმა დეკ. ცინცაძემ განაცხადა: „კურსები უსათუოდ უნდა გავხსნათ სულ რომ ხუთი კაცის მეტი არ გამოცხადდესო; უნდა გაიგოს ყველამ, რომ კურსები გვაქვსო; ნებართვა ვითხოვე განათლების კომისარიატში, მომთხოვეს დაწვრილებითი ცნობები საგნებზე, მათ პროგრამებზე და მასწავლებლებზე~ (ეს ბოლშევიკების მთავრობაა!!.). მოგვთხოვა ჩვენ-ჩვენ საგნებში პროგრამის დამუშავება და წარდგენა. მე არ გამანთავისუფლა, მიბოძა სამი გაკვეთილი კვირაში საღამოობით. სასყიდლის გამოანგარიშება შემდეგ მოხდებაო. ვნახოთ _ რა იქნება. ძლიერ კარგი ვქენი, რომ უარი განვაცხადე „კურსების დირექტორობაზე“, ეს უმეტესწილად „ახალ სიტყვის“ კოლეგიაა! ამათ დეკ. ცინცაძე თუ შეჰკრავდა, თორემ მე ესენი არ გამიწევდნენ ანგარიშს. ყოველ შემთხვევაში ძლიერ ნაკლები იმედი მაქვს, რომ კურსები მოეწყოს; ჯერ არც მოწაფეები სჩანან.
მე წარვადგინე შემდეგი პროგრამმა:
პროგრამმა
თბილისის სამოძღვრო კურსებისა _ მქადაგებლობაზე.

  1. მქადაგებლობა, როგორც არსებითი მოვალეობა მოძღვრისა („წიგნი თანამდებობათათვის სამრევლოთა მღვდელთასა“, თავი 2).
  2. სათანადო მომზადება ამ მოვალეობის შესასრულებლად: ა) გონებრივად, ბ) ზნეობრივად, გ) განკრძალვა ღვთისადმი ლოცვა-ვედრებაში, დ) მადლი ღვთისა, როგორც მამოძრავებელი ძალა მქადაგებელი მოძღვრისა.
  3. მქადაგებლობა, როგორც მართლ-მადიდებელ ქრისტიანობაზე სწავლა-დარიგება-საუბარი; მოძღვარი-მწყემსი _ „ანგელოსი უფლისა ყოვლისა მპყრობელისა“.
  4. რა არის „ქადაგება“? სად, როგორ და როდის იქადაგებოდეს სიტყვა ღვთისა? რა მიზანს ემსახურება ქადაგება?
  5. მქადაგებლობისათვის სახელმძღვანელო წესები ანუ „გომილეტიკა“: ა) ქადაგების სხვადასხვა საგანი, ბ) მისი გარეგანი მხარე ანუ გამოხატულება, გ) მისი შინაგანი მიმართულება ანუ ხასიათი, დ) წინასწარ შედგენილ ქადაგების წარმოთქმა, ე) იმპროვიზაცია.
  6. მქადაგებლობის შესასწავლი გზა _ თეორეტიული როგორც სხვადასხვა გამომუშავებულ წესების აღნიშვნა და _ პრაქტიკული, როგორც ამ წესებით ხელმძღვანელობა და მქადაგებლობაში გატარება, ესე იგი: ა) სანიმუშო ქადაგებათა განხილვა და მათში გომილეტიკური წესების ჩვენება, ანუ ქადაგების ანალიზი, ბ) მოწაფეთა ვარჯიშობა აღნიშნულ წესებზე ქადაგებათა შედგენაში, გ) მოწაფეთა მიერ საკუთარ ან სხვის ქადაგებათა წარმოთქმა სკოლის კათედრიდან, დ) ვარჯიშობა თავისუფალ იმპროვიზაციაში.
  7. მოკლე ისტორიული მიმოხილვა საზოგადოდ მქადაგებლობისა და განსაკუთრებით ქართულისა.
    სანიმუშო _ სახელმძღვანელო ქართული ქადაგებანი: განსვენებულთ _ ეპ. გაბრიელისა, კათოლიკოზ ლეონიდისა, ამბროსი ნეკრესელისა და ანტონ ჭყონდიდელისა.
    დეკ. ნ. თალაქვაძე 1922 წლისა მარტის 7-სა დღესა.
    22 თებერვალს, თბილისის სამღვდელოების მორიგ კრებაზე, დაგვესწრო კათოლიკოზი ამბროსი, თვითონვე თავმჯდომარეობდა; არ დაგვსწრებია არც დეკ. ან. თოთიბაძე და არც ქრ. ციცქიშვილი, ესენი გამოტანილ რეზოლიუციისა გამო „ახ. სიტყვაზე“ _ ჯერაც ვერ მოსულან თავიანთ გუნებაზე; სხდომაზე დამიგვიანდა გაკვეთილებიდან; რომ მივედი კრებაზე, კათოლიკოზმა წერილობითი თვისი მოხსენება წაუკითხა სამღვდელოების კრებას, რომელშიდაც ის სთხოვდა თბ. სამღვდელოებას, რათა ამან აღმოუჩინოს დახმარება ახალ პროტოდიაკონს _ უჩანეიშვილს, რომელიც გადმოყვანილ იქნა ფოთიდან. „პროტოდიაკონი ნივთიერად შევიწროებულია, ცოლ-შვილი ფოთში ჰყავს, თვითონ აქ სცხოვრობს, გაუჭირდა და წასვლას აპირებს, მე კი უმაგისოთ წირვის შესრულებას ვეღარ შევსძლებო“, განაცხადა კათოლიკოზმა. პირველი სიტყვა ამ თაობაზე აიღო დეკ. ი. შუბლაძემ, რომელმაც საზიზღარი მლიქვნელობით და კათოლიკოზის „სასიამოვნებლად“ ისეთი პრანჭვა-გრეხით მოგვმართა, რომ სირცხვილის ალმურმა დაგვწვა ყველანი: „სიტყვის შეუბრუნებლად, ულაპარაკოდ, ერთხმად უნდა დავაკმაყოფილოთ უწმინდესი მეუფის სურვილი, აქა ვართ ყველა სამრევლო საბჭოების თავმჯდომარენი, აქვე აღვნიშნოთ ყველამ, ვის რამდენი შეგვიძლია გადავსდოთ ამ საქმეზეო; მე იმედი მაქვს, ჩემი საბჭო დამეთანხმება და ამთავითვე პეტრე-პავლეს ეკლესიიდან გადავდებ ათი ათას თუმანს თვიურად (100.000 მ.)“… ეს იყო მისი ქვემძრომ სიტყვის დასკვნა, თან ისე იხლაკნებოდა, თვალ-წარბიდან, ქვეშ-ქვეშ უღიმოდა კათოლიკოზს, რომ ყველას ზიზღი მოსდიოდა. მგონი არც კათოლიკოზი დასდგა კაი გუნებაზე ასეთ „მხარის დაჭერით“. ი. შუბლაძე ახუთელი მეგრელია, კათოლიკოზის „მიწა-წყლისა“! ეს მეგრული ხასიათი ორთავეს ახასიათებს და გამოსჭვივის მათ ყოველივე სიტყვა-მოქმედებას _ ეს არის საარაკო ცბიერება და არაგულწრფელობა!.. პეტრე-პავლეს ეკლესია არის თბილისის ერთ-ერთი მომქმედი სასაფლაოს ადგილი; დღეს პირველხარისხოვანი _ მეტად შემოსავლიანი ადგილია; იქ ორი მღვდელია მხოლოდ; აქ დიდ-ძალი შემოსავალია სანთლის ოპერაციიდან და საფლავების გაყიდვისაგან, თან შუბლაძეს მილიარდების საღირალი სანთელი აქვს მომარაგებული, დიდ შემოსავალშია; მიუხედავად ამისა, საკათ. საბჭოს სამეურნეო გამგეობაშიაც „ბუხგალტერის“ თანამდებობაზე მსახურებს, იღებს ჯამაგირს, ულუფას, ეხლა სამოძღვრო კურსებსაც ეპოტინება, „რამდენი მექნება ჯამაგირიო“, _ პირველად ეს იკითხა! მეტად გაუმაძღარი პიროვნებაა! ასეთ ტაძრიდან ათი ათასი თუმნის გამოღება სიცილად არ ეყო კრებას! ერთხმად ყველამ ხარ-ხარი აუტეხეს მამა შუბლაძეს და ჩაჩუმდა. შემდეგ ილაპარაკა სიონის მესამე მღვდელმა დეკ. გ ასათიანმა: მან თამამად განაცხადა: „პროტოდიაკონი არ გეყოფა, უწმინდესო, წირვისათვისო; საჭიროა კათედრის მოწყობა, საჭირონი არიან დეკანოზებიც, იპოდიაკონიც, მსახურნიც და მგალობელნიცო; კანდელაკი უკვე მიდის ამერიკაში, მას შიმშილმა აფიქრებია იქ გადაბარგებაო; მე ერთი ფეხი თუ ორივე არა უკვე სამარეში მიდგია (მოხუცია და თვალებით ბრმავდება), ეს დეკ. ტყემალაძეღა გყავთ და ერთი იპოდიაკონი სიკო მონასელიძე, რომელიც გალობით _ მიცვალებულებზე მიპატიჟებით, სცხოვრობს; არ ვფიქრობ, რომ ჩემს შემდეგ ჩემს ადგილზე ვინმე მოვიდეს; ან რა კათედრა იქნება ქალაქ გორში?! სანამ იქ ეპისკოპოზს აკურთხევდეთ, კათედრის გამართვაზე უნდა იზრუნოთო… სიონი იღუპება, აღარც მრევლი ჰყავს (ექსარხოსების დროს ჩამოშორდა მას მრევლი) და არც ვინმე სხვა ჰპატრონობსო“… ასეთივე საყვედურის კილოთი ილაპარაკა კათედრის დეკანოზმა მარკოს ტყემალაძემ… ეტყობოდა, ყველანი უკმაყოფილონი იყვნენ კათოლიკოზის განცხადებით მხოლოდ პროტოდიაკონის დაკმაყოფილებაზე…
    მე შევიტანე შემდეგი კითხვა: „დღეს რა აქვს პროტოდიაკონს ჯამაგირად თქო“, დეკ. ლაზრიშვილმა გამოიტანა სამეურნეო გამგეობის დავთარი და ამოიკითხა იქიდან, რომ „საერთოდ პროტოდიაკონი უჩანეიშვილი იღებს სიონიდან, საკათ. საბჭოს სამეურნეო გამგეობიდან და ვერის ნიკოლოზიდან ორ მილიონ მანეთამდე თვეში და რამოდენიმე ფქვილსაცო“. ამაზე დეკ. ტყემალაძემ მწარედ გაიღიმა: „მე კი ნახევარ მილიონსაც ვერ ვიღებ თვეშიო“! დეკ. ასათიანმა დაუმატა: „მე ვერც ნახევარ მილიონს ვიღებო“! ზოგიერთმა მღვდელმა სთქვა: „პროტოდიაკონი ჩვენზე ბედნიერი ყოფილა, ის ხელის გაუქნევლად ორ მილიონამდე იღებს თვეში მზა-მზარეულად, ბევრია ჩვენ შორის ისეთნი, რომელნიც ორ მილიონს იღებდეს თვეშიო“?..
    ასე მითქმა-მოთქმის შემდეგ მეც ავიღე სიტყვა და მოვახსენე: „სიონი დედა-ეკლესიაა საქართველოში! როდესაც რომელიმე უცხოელი ტურისტი მოდის ხოლმე ჩვენ დედა-ქალაქში და ჰკითხულობს _ თუ რა არის აქ ღირს-შესანიშნავი, მას უთითებენ სხვათა შორის და ყოვლის უპირველესად სიონის ტაძარზე და ეუბნებიან, რომ ქართველებს ჰყავს თვისი ეკლესიის თავი პატრიარქ-კათოლიკოსი; უცხოელები მიდიან სიონის სანახავად, მათ სურთ ინახულონ ჩვენი კათოლიკოსი, მოისმინონ მისი წირვა-ლოცვა, გალობა ქართული და საზოგადოდ ქართული რელიგიური კულტი. მაგრამ დღევანდელი ვითარება სიონისა ამ მხრივ მეტად სასირცხო მდგომარეობაშია; მოსალოდნელი იყო, რომ საკათ. საბჭო იზრუნებდა კათოლიკოზის კათედრის მოწყობაზე; ამ მხრივ კი მას სრულებით არა გაუკეთებია რა ჯერ-ჯერობით. მე ვფიქრობდი, რომ საკათ. საბჭოს წევრნი (6 კაცია) ამ დაწესებულებაში იმსახურებდენ, როგორც საზოგადო მოღვაწენი, უსასყიდლოდ; მით უმეტეს, რომ ისინი ყველანი ასე-თუ ისე დაკმაყოფილებულნი არიან ძირითადი სამსახურიდან [დეკ. ცინცაძე _ წინამძღვარია ქვაშვეთის ტაძრისა, დეკ. ი. მირიანაშვილი _ დიდუბისა; კ. კეკელიძე პროფესორობს უნივერსიტეტში, თავდგირიძეცა და რ. ივანიცკიც უზრუნველყოფლნია (ესენი სხვა და სხვა ფინანსიურ დაწესებულებებშია და სხვა „სპეკულაციასაც“ აკეთებენ, მხოლოდ ერთი დეკ. ტყემალაძეა სიონიდან)], მიუხედავად ამისა ამათ ერთმანეთს ჯამაგირები დაუნიშნეს საბჭოში, შექმნეს კანცელიარიისა და სამეურნეო გამგეობის ვეებერთელა შტატი, რომელზედაც, როგორც ამ გამგეობის დირექტორი ბრძანებს, თვიურად 25 მილიონამდე იხარჯება! საკათ. საბჭო კვირაში ორჯელ იკრიფება, საღამოობით; ჩვენ არ ვიცით რას აკეთებს ეს საბჭო, ან რა საქმიანობაა მის კანცელიარიაში თუ სამეურნეო გამგეობაში! ის კი ვიცი, რომ, როდესაც აქ ამოვდივართ ხოლმე, ზოგჯერ ერთი-ორი ადამიანის მეტი არც კია (ამ დროს კათოლიკოზი თავჩაღუნული იჯდა, სხვები გაფითრდნენ…). ჩემის აზრით, უმჯობესი იქნებოდა, ეს ფული სიონის კათედრის მოწყობაზე წასულიყო, რო აქ გყავდეს ღირსეული კათედრის კრებული, პროტოდიაკონით და საუკეთესო მგალობელთა გუნდით. ეს კათედრა უნდა იქმნეს სამაგალითო სკოლა ქრისტიანულ მღვდელ- მოქმედებისა, ტიბიკონისა და გალობისა, რომ აქ მომსვლელმა იქონიოს წარმოდგენა თუ რა არის ქართული ეკლესიის კულტი! დღეს მისი უწმინდესობა მხოლოდ პროტოდიაკონზე გვიბრძანებს დახმარების აღმოჩენას! ჩვენ, რასაკვირველია, მისი უწმინდესობის წინადადებას ძირს არ დაუშვებთ, მაგრამ ამასთანავე სასურველია, რომ დღესვე ვიქონიოთ საერთო მსჯელობა სიონის კათედრის მოწყობაზე, ხოლო ამ თაობაზე საკათ. საბჭომ უნდა გვაჩვენოს თვისი მზრუნველობა, ის ხარჯი, რომელიც მასზე მოდის, უნდა მიექცეს სიონს და შემდეგ ჩვენც _ თბილისის სამღვდელოებაც _ დავეხმარებით! ფაქტიურად საკათოლიკოზოს ხარჯებს და მთელ სანთლის ოპერაციას უძღვება თბილისის ეკლესიები! ეს არ არის სამართლიანი! კათოლიკოზი, საკათ. საბჭოთი და სიონის ტაძარი _ კრებულით _ ეს მთელ საქართველოს ეკლესიის კუთვნილებაა, _ ესენი მარტო თბ. ეკლესიებისა და მღვდლების შესანახი როდია, არამედ მთელი საქართველოისა! აი ამაზე უნდა ეზრუნა საეკლესიო კრებას გელათში! მაგრამ ამ კრებას ასეთ საჭირ-ბოროტო საკითხებისათვის როდი მიუქცევია ყურადღება. ეხლა მაინც იზრუნოს საკათ. საბჭომ, რომ „ცენტრალიზაციის“ საფუძველზე ყველა ეპარქიებმა შემოიტანონ ცენტრალურ ორგანოთა შესანახი საშუალებანი. ეხლა კი საჭიროა დროებით, ამ ჩვენმა კრებამ აღმოუჩინოს საერთო დახმარება სიონის ტაძრის კრებულს, მასში, პროტოდიაკონსაც…
    ილაპარაკა ამ თაობაზე დეკ. ცინცაძემ, ის შეეცადა დაემტკიცებია ჩემთვის, რომ საკათ. საბჭოს წევრებს ეკუთვნის ჯამაგირი… (მე ამ თაობაზე აღარ გამოვკამათებივარ.) და სიონსაც საერთო დახმარება უნდაო… ბოლოს კრებამ გადასწყვიტა, რომ დროებით სიონის ტაძრის კრებულის დასახმარებლად მოგროვილ იქმნას ქალაქის ეკლესიებიდან სამი მილიონი მანათი და განაწილდეს ეს თანხა კრებულზე…

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)