დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე-მღვდლის დღიური“

გაგრძელება, დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##35-41 (2019წ.); #2-4 (2020წ.)

„ქრონიკა+“ აგრძელებს დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის დღიურის გამოქვეყნებას. შეგახსენებთ, რომ „ლიტერატურული მუზეუმის“ მიერ წლების წინათ გამოცემული წიგნი, „მოქალაქე მღდვლის დღიურები“, რიგი გარემოებების გამო, ფაქტობრივად, ფართო მკითხველისთვის ხელმიუწვდომელია. მასალაში, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, ძირითადად, საუბარია საეკლესიო ინტრიგებსა და კულუარებზე. ნიკიტა თალაკვაძის შეფასებებით ეს კულუარები და ფაქტები დღევანდელი გადასახედიდანაც კი საკმაოდ მძიმე გასააზრებელია და უამრავ „ნაცნობ“ თუ უცნობ მოვლენას, ცნობილ თუ საზოგადოებისთვის უცნობ პერსონას საერთოდ სხვა კუთხით წარმოაჩენს.

შეგახსენებთ, რომ ნიკიტა თალაკვაძე დაიბადა მედავითნის ოჯახში. 1889-1895 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1895-1899 წლებში კი _ კიევის სასულიერო აკადემიაში; 1899-1902წწ. _ მუშაობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად; 1902 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა; მამა ნიკიტამ, მიტროფანე ლაღიძის, სოსიკო მერკვილაძისა და სხვათა დახმარებით, აღადგინა წმინდა თამარ მეფის ხსოვნის დღე და თამარობის დღესასწაული.
ნიკიტა თალაკვაძე იყო ეპისკოპოს კირიონ II-ის (საძაგლიშვილი) თანამოაზრე. აქტიურად მონაწილეობდა ავტოკეფალიურ მოძრაობაში. 1912 წელს იგი ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1917 წელს მიენიჭა დეკანოზის წოდება.
1917 წლის 8 მარტს მამა ნიკიტას ბინაზე შედგა საიდუმლო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, ალექსანდრე ლომთათიძე, სოსიკო მერკვილაძე და ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე). კრებაზე გადაწყდა, რომ 12 მარტს სვეტიცხოველში გადაეხადათ სამშვიდობო პარაკლისი, ხოლო შემდეგ წაეკითხათ ავტოკეფალიის აღდგენის აქტი.
1917-1920 წლებში დეკანოზი ნიკიტა იყო საკათოლიკოსო საბჭოს წევრი. იგი გახლდათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების დროს ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე და პირველმა გამოაცხადა ახლად აღდგენილი ქართული ეკლესიის მეთაურად კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II (საძაგლიშვილი). 1918-1921 წლებში დეკანოზი ნიკიტა გამოირჩეოდა აქტიური მოღვაწეობით, რაც გააგრძელა ქვეყნის გასაბჭოების შემდეგაც.
საბჭოთა ხელისუფლება ავიწროებდა უშიშრად მამხილებელ მოძღვარს. 1922 წლის 17 ოქტომბერს ქალთა სასწავლებლის დირექტორმა იგი მასწავლებლობიდან დაითხოვა; 1924 წელს დეკანოზი ნიკიტა აიძულეს, დაეტოვებინა ეკლესია. იგი ჯერ საქართველოს ფინსახკომის საბიუჯეტო განყოფილების უფროსად მუშაობდა, შემდეგ _ კულტურის სამინისტროში. დეკანოზი ნიკიტა იყო თავისი დროის შესანიშნავი მქადაგებელი. ჩვენამდე მოაღწია მისმა არაერთმა ქადაგებამ. იგი ავტორია ჩანაწერებისა, რომელიც ცნობილია, როგორც „მოქალაქე-მღვდლის დღიური“.

(გაგრძელება)

14 დეკემბერი

სტუდენტი ჩვენი უნივერსიტეტის ყოფილი სემინარიელი ჩაჩანიძე შემოვიდა ჩემს ბინაზე, რაღაც წიგნი მთხოვა. შემდეგ ლაპარაკი ჩამოუგდე ქართულ უნივერსიტეტზე, _ როგორ მიდის საქმე, სწავლა გაქვთ თუ არა თქო?!. ამაზე მიპასუხა: „სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტზე გვაქვს სისტემატიური ლექციების მოსმენა, ლექციებს გვიკითხავენ რექტორი ივ. ჯავახიშვილი, აკაკი შანიძე, გ. ახვლედიანი, კ. კეკელიძეო“! _ „ეს კეკელიძე რას ჰკითხულობს თქო“, _ ვკითხე; _ „ქართულ საეკლესიო ისტორიასო, მაგრამ მეტისმეტად რაციონალისტურად აშუქებს ჩვენს საეკლესიო ისტორიას, დიდი ურწმუნო ვინმე ყოფილა ეს ჩვენი ყოფილი სემინარიის რექტორი, დეკანოზი კეკელიძეო (თვით ჩაჩანიძე სემინარიელი მოწაფე იყო კეკელიძისა, ოდეს ეს მიტროსანი დეკანოზი იყო); არც ანდრია მოციქულის მოსვლა სჯერა საქართველოში (ეს პროფ. გოლუბინსკიმ მასზე ადრე უარჰყო), არც წმ. ნინოსი, ეს რაღაც ზღაპრად მიაჩნიაო, სულ უარს ჰყოფს ყოველივე ზებუნებრივს და სულიერსო“… კარგი საეკლესიო ისტორიკოსი გყოლიათ, მომილოცნია თქო, _ უპასუხე მე ახალგაზრდა სტუდენტს, რომელიც, ეტყობა, მორწმუნე ყმაწვილია და ძლიერ სწუხს თვისს „პროფესორის“ ასე მეტის-მეტად გადაკაჭკაჭებას და „განაციონალისტებას“! მაგრამ ქარი დღეს მატერიალიზმის ბანაკიდან ჰქრის, ხოლო კეკელიძეს მუდამ ცხვირი იქით ეჭირა, საიდანაც უფრო ძლიერი ქარი ჰქროდა! ასეთია ჩვენი ეხლანდელი „გაკრეჭილი“ საკათოლიკოზო საბჭოს წევრი _ ერისკაცთაგანი _ კ. კეკელიძე, რომელიც აქეთაც არის, იქითაც, ჩვენი ფული უნდა მხოლოდ, სჯული კი არა!..

17 დეკემბერი (4 ძველი სტილით, „ბარბალობა“)

დღეს ნავთლუღის წმ. ბარბარეს ეკლესიაში ვიყავი ტაძრის დღესასწაულზე მწირველად, დამპატიჟა ზემოაღნიშნულმა დეკანოზმა იოსებ ჩიჯავაძემ. უპირატესად გვყავდა ეხლახან არჩეული მთავარხუცესი დეკ. დიმ. ხახუტაშვილი, თანამწირველობდა ნაძალადევის დეკ. მიხ. მახათაძე და მე, თვით წინამძღვარი დეკ. ი. ჩიჯავაძე არ იყო მწირველი, განიცადენზე ერთხელ და სამუდამოდ დაწერილი რუსული ქადაგება წაიკითხა; წირვაზე სულ რუსები იყვნენ თითქმის, გალობდენ ოთხი-ხუთი რუსი, მეტად ულაზათოდ, ხახუტაშვილი და მახათაძეც „უპარუსკებდენ“, ერთიორი კვერექსი შემხვდა და ის ქართულადა ვსთქვი, _ მეტად ულაზათო, უსასო წირვა იყო _ არც სამოციქულოსი და არც სახარებისა ხალხს არა გაუგია რა (ორივე რუსულად და მეტად და მეტად ბუნდოვანად იყო წაკითხული); ხალხიც მეტად ცოტა იყო წელს, ეტყობა კომუნისტებმა იქონიეს შესაფერი გავლენა, ხალხმა გული აიცრუა სარწმუნოებაზე, ხოლო რა მიიღო მაგიერი, ამის განხილვაში არავინ შედის…
მთავარხუცესმა ამ დღეს გვაჩვენა „ტფილისის საეპარქიო საბჭოს კანცელიარიის“ მისდამი მიწერილობა ამა 1921 წლის 14 დეკემბრის თარიღით 1241 შემდეგის შინაარსისა:
„მთავარხუცესს _ დეკანოზს დ. ხახუტაშვილს“.
მცხეთა-თბილისის საეპარქიო სამწერლო ამით გაუწყებთ სათანადო გამოცხადებისა და განკარგულებისათვის, რომ საკათოლიკოზო საბჭომ 6-ს ამა დეკემბრის სხდომაზე იქონია მსჯელობა კათოლიკოზ პატრიარქის ქორეპისკოპოზის კურთხევის შესახებ და გამოიტანა შემდეგი განჩინება: 1) ურბნისის კათედრაზე ეპისკოპოსად დასახელებული დეკ. ქრ. ციცქიშვილი, თანახმად მისი უწმინდესობის წინადადებისა, დანიშნულ იქმნას კათოლიკოზ-პატრიარქის ქორეპისკოპოზად დროებით და აყვანილ იქმნას ეპისკოპოზის ხარისხზე მანგლელის სახელწოდებით; 2) ქორეპისკოპოზს მიეჩინოს სამწირველოდ წმ. გიორგის (ყოფილი სამხედრო) ტაძარი; 3) წმ. გიორგის (ყოფილი სამხედრო) ტაძარი მისი კრებულით და ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესია მისი კრებულითვე გაერთიანდეს ყოველგვარი მოვალეობისა და შემოსავლის მხრივ; 4) წინამძღვრობა გაერთიანებული ეკლესიებისა დაევალოს დეკანოზს ანტონ თოთიბაძეს; 5) საცხოვრებლად ქორეპისკოპოზს მიეცეს ვერის წმ. ნიკოლოზის წინამძღვრის ბინა; 6) ქორ-ეპისკოპოზის შესანახად ტფილისის ეკლესიებმა, გარდა სიონის ტაძრისა, გადასდონ თავის შემოსავლიდან საკათოლიკოზო საბჭოს ფონდში ყოველთვიურად, პირველი დეკემბრიდან, 3% შემოსავლისა; შემოსული ფულიდან მიეცეს ქორ-ეპისკოპოზს 800 ათასი მანათი ყოველთვიური ჯამაგირის სახით და ორი ფუთი ფქვილი; 7) ქორეპისკოპოზი მოწვეულ იქმნას საკათოლიკოზო საბჭოს წევრად სათათბირო ხმით“. სამწერლოს გამგე დ. დავითაშვილი
თანაშემწე დეკ. გ. კიკნაძე.
P. S. დეკანოზი ქ. ციცქიშვილი მის მღვდელმთავრად აღყვანამდე, თანახმად მის უწმინდესობის განკარგულებისა, მიიღებს საძმო შემოსავლიდან მღვდლის წილს“.
სამწერლოს გამგე დ. დავითაშვილი თანაშემწე დეკ. გ. კიკნაძე.
ნამდვილთან სწორეა, _ დეკანოზი ნიკიტა თალაქვაძე.
ეს დოკუმენტი მოვისმინეთ ნავთლუხში და აღშფოთებული ვიყავით ამ აშკარა უსირცხვილო მოქმედებით ცინცაძე-თოთიბაძე-ციცქიშვილისა, რომელთაც შეუბოჭიათ კათოლიკოზი და საკათოლიკოზო საბჭოც თავიანთ სათარეშო მოედნად გაუხდიათ; ამათ მხარს უჭერს დეკ. დიმ. ლაზრიშვილი, რომელიც დიდად სარგებლობის სანთლის ქარხნის წარმოების უკანტროლოდ ხელში ჩაგდებით; კერძო ვაჭრობა სანთლისა მოსპო, ყოფილ ჩვენს დუქნებში კერძო პირები განაგრძობენ ვაჭრობას, ხოლო მათთან კავშირი აქვს ლაზრიშვილს; ამასვე კავშირი აქვს ქუთათურ-კულაშელ ურიებთან, რომლებიც მაგას აწვდიან კოშტ- სანთელს, აქაც საკომისიოსაც ღებულობს; დიდუბის ეკლესიიდან კათოლიკოზს გადმოაყვანინა თვისი შვილი დიაკონი ანტონ ლაზრიშვილი ქვაშვეთის ტაძარში, სადაც მამაც მსახურებს! აი, ასე „ოჯახურად და თბილად“ ეწყობიან ჩვენი მღვდლები ქალაქში, თითქოს ქალაქის ტაძრები მათი ცოლების ნამზითვი იყოს! ეგევე დიაკონი ლაზრიშვილი მამამ _ დირექტორმა საკათ. საბჭოს სამეურნეო გამგეობისამ, ამ გამგეობაშიაც გადმოიყვანა სამსახურში _ დიდი ჯამაგირით!.. ეს ადგილი უთხოვია ქუთაისის საკრებულო ტაძრის საკათედრო დეკანოზს ჭეიშვილს, უთხოვია ასევე ადგილი სამების მღვდელს აივაზოვს (სემინარიელია), მაგრამ ორთავეს უარი უყვეს და მისცეს დამთხვეულ, უზრდელ-უცოდინარ-ქურდ (დიდუბის ხატის გაქურდვაში ბრალი ედებოდა, მაგრამ მიაფუჩეჩეს…) დიაკონ ანტონა ლაზრიშვილს, რომელიც კომერციულ სასწავლებლის მესამე კლასიდან არის გამორიცხული უნიჭობა-უსაქციელობის გამო და ერთხელ მტკვარშიც გადავარდა თავის დასახრჩობად, მაგრამ გადაარჩინეს… ასეთია ჩვენი საქმეები დღეს!..
ნავთლუხში ყოფნის დროს დეკ. ი. ჩიჯავაძემ გადმომცა, რომ „მე კათოლიკოზმა ამბროსიმ დამავალა შეგაგონო შენ _ დასთანხმდე სამოძღვრო კურსების დირექტორობაზეო“! მე უპასუხე: „რაზე იმცირებს ამზომ თავს მისი უწმინდესობა! თუ მისი წინადადება და თხოვნა არ მივიღე ამ თაობაზე, რატომ ჰფიქრობს ის, რომ შენს „შეგონებას“ მივიღებ?! ან შენ რატომ აიღე შენს თავზე ასეთი დავალება? მაგრამ მე თქვენ გატყობთ, რომ არც ერთი გულწრფელი არა ხართ და ამიტომაც არის, რომ ღმერთიც ხელს მიმართავს თქო! კაცო! სად არის კურსები? ან ვინ არის მაგ კურსებში შემომსვლელნი?! თქვენ და ცინცაძე- თოთიბაძე-ლაზრიშვილები შემოხვალთ კურსებზე, მე თანახმა ვარ გასწავლოთ სჯულიც, ზნეობაც და ადამიანობაც! მაგრამ საამისოდ თქვენ სად გაქვთ დრო!“ _ ხუმრობად გადავაქციე ლაპარაკი და თვითონაც დაიწყეს სიცილი _ მთავარ-ხუცესმა, დეკ. მ. მახათაძემ და თვით მამა იოსებმაც! _ მე „დირექტორობაზე“ განვაცხადე უარი, თანამშრომლობაზე კი არა, მე, როგორც შედარებით განათლებული მღვდელი, ვალდებულად ვსთვლი ჩემს თავს, სამოძღვრო კურსებზე ვიმასწავლებლო, მაგრამ უფროსობა-ხელმძღვანელობას ვერ ვიტვირთებ, ვინაიდან, როგორც თვით კათოლიკოზმაც მიბრძანა 4 ნოემბერს, _ მე „ხელს შემიშლიან, არ თანამშრომლობენ ჩემთან და ამ ადგილზე არ გამოვდგები“ _ ამის შემდეგ კი 26 იმავ ნოემბერს მნიშვნავს „დირექტორად“, რომ ამ „საპატიო ადგილით“ პირი მოიწმინდოს და ერთნაირი გასამართლებელი საბუთი ჰქონდეს საზოგადოების წინაშე, რომ ვერის სამრევლოზე ასე უსაბუთოდ უარი მიყო და ის სამრევლო თოთიბაძე-ციცქიშვილს გადაუგდო საკვებ-ულუფად“!..

ისევ კათოლიკოზთან!

24 დეკემბერს (თვის თავზე), შაბათს, ლოცვის დროს კათოლიკოზის კელეინიკმა გადმომცა ამბროსის სადარბაზო ბარათი, შემდეგი წარწერით: „მამაო ნიკიტა! თუ ლოცვის შემდეგ მნახავ, დიდად დაგიმადლებ. თქვენი ერთგული ამბროსი კათოლიკოზი“. მეც ვეახელი ლოცვის შემდეგ. მიმიღო თვის კაბინეტში, დავჯექით თუ არა, ისევ წინადადება მომცა „დირექტორობაზე“: „მე გავიგე, რომ შენ ჩემზე ძალიან გაჯავრებული ყოფილხარ, მე კი შენთვის საუმჯობესო რამ განვიზრახე და მოგეცი, შენ რაზე გეკადრება საცეცხლურის ქნევა, შენ უფრო ინტელიგენტური საქმე გშვენისო“ და სხვა ასეთ კილოზე ბევრი ილაპარაკა, უსისტემოდ, უაზროდ, ზედვე ეტყობოდა საშინელი თაღლითობა-თვალმაქცობა, ერთნაირ მოვალეობას იხდიდა ჩემს წინაშე. მეც ეს შევნიშნე და უგდებდი ყურს, ხმა არ ამომიღია, სანამ თვისი ნაწყვეტ-ნაწყვეტი ბაასი არ შესწყვიტა. შემდეგ მეც უპასუხე: „თქვენზე გაჯავრება ეს რა სათქმელია, მაგრამ რომ დიდად ნაწყენი ვარ, ამას კი არ დაგიმალავთ! მე არც კი ვფიქრობდი ვერის სამრევლოს თხოვნას“. რატომო? _ მკითხა, _ იმიტომ, რომ წინდაწინვე ვიცოდი, რომ თოთიბაძე-ცინცაძე არ დაგანებებდენ თქვენ იმ მრევლის ჩემზე მოცემას, მაგრამ მრევლის წარმომადგენლებმა, რომელთაც მე ეს აზრი გაუზიარე, ძალა დამატანეს და დღისით ისინი გეახლენ, ხოლო საღამოთი, 26 ოქტომბერს, მე შემომატანიეს თხოვნა თქო! გავიგე ისიც, რომ თურმე იყო ისეთი მომენტი, რომ თქვენ კიდევაც გებოძებიათ ჩემთვის ვერის სამრევლო, მაგრამ შემდეგ გაგაგდებიეს ხელიდან ეს თქვენი განკარგულება თქო. აქ თავი ჩაღუნა, შერცხვა და ჩაილაპარაკა _ ეს არ არის მართალიო! _ შეიძლება თქო, მეც მოვახსენე და განვაგრძე _ მე თქვენგნით აღარავითარ სიკეთეს პირადად ჩემთვის არ მოველი, სანამ თვით ცინცაძე-თოთიბაძე არ მოიღებენ ჩემზე თავიანთ მოწყალებას, ხოლო მე ღვთის მოწყალებას ვეძიებ, მაგათი მოწყალება არ მსურს თქო! ეს „დირექტორობა“ რომ რეალური რამ იყოს და მას საბოლოო _ სასიკეთო რამ პირი უჩნდეს, განა მე დამანებებდენ მაგ „საპატიო“ თანამდებობასა თქო! ტყუილა ნუ შესწუხდებით, თქვენო უწმინდესობავ, _ დეკ. ჩიჯავაძისათვისაც კი დაგივალებიათ _ „შემაგონოს“ დირექტორობაზე დათანხმება, თუ თქვენ ვერ შემაგონეთ და ვერ დამაჯერეთ, განა ჩიჯავაძე კი შესძლებდა ამას, განა ჩიჯავაძეს მე თქვენზე მაღლა დავაყენებ რაიმე შემთხვევაში?! მე თქვენ უკვე მოგართვით დასაბუთებული მოხსენება „დირექტორობაზე“ უარის შესახებ და ერთ სიტყვასაც კი ვერ წავიღებ უკან, რაც იქ დავსწერე. მოგახსენებ კი _ კადნიერებით, რომ 4 ნოემბერს თქვენ ნამდვილი მიბრძანეთ ამ „დირექტორობისათვის“ ჩემს უვარგისობაზე, ხოლო 24 იმავ ნოემბრის წინადადება კი არის დიპლომატიური ნაბიჯი! მე არ მეგონა, რომ თქვენ ჩემთან ასეთი „დიპლომატობა“ დაგჭირდებოდათ თქო… შემდეგ გადავედი ზემო აღნიშნულ საკათ. საბჭოს განჩინებებზე და ანალიზი უყავი ამ განჩინებებს (ეს ანალიზი ცალკე მოხსენებით სახით, უკვე ჩავაბარე მთავარხუცესს დიმ. ხახუტაშვილს 1922 წ. 3 იანვრის თარიღით #1-ით), გამოსთქვი ჩემი განცვიფრება ამ განჩინებებზე; სხვათა შორის მოვახსენე, რომ დეკ. ციცქიშვილის თბილისში „მანგლელობა“ აღმაშფოთებელია თქო! ამ „ახალ სიტყვის“ ყოფილ რედაქტორს, რომლის ზურგს უკან იმალებოდა ნიღაბიანი კალმოსნები: „ახელი“, _ „ახუთელი“, „ა-ელი“, „ნაჭყებია“, „ჯაჭვაძე“ (ეს სულ დეკ. ი. შუბლაძის _ ერთი ადამიანის პსევდონიმებია!), აგრეთვე „ბაბასინ“ და „ჭინჭარი“ (ეს უბედურ ლეონიდის პსევდონიმებია!) და მათ ავან-ჩავან მაჩანჩალებს, ჩვენ კირიონ კათოლიკოზის „ზნეობრივი მკვლელები“ უწოდეთ საჯაროდ და პრესაშიაც, დეკ. ციცქიშვილს, რომელიც ზემოაღნიშნულმა „კალმოსნებმა“ საჭიდაოდ გამოუშვეს თქვენ მეგობარ, აწ განსვენებულ, ანტონ ქუთათელის წინააღმდეგ, თქვენ ეპისკოპოსად _ „მანგლელად“ უპირებთ კურთხევას, მის შენახვასაც თბილისის ეკლესიებს აკისრებთ?! 1919 წელს მაისში, თბილისის სამღვდელოებამ თავხედი დეკ. ციცქიშვილი საოლქო კრებიდან გარედ გააგდო, რო კრებიდან გამოდიოდა, მოგვიბრუნდა და დაგვიძახა: „თქვენც შეგარცხვინოს ღმერთმა და თქვენი კრებაცაო“! მას შემდეგ ის ჩვენს კრებაზე აღარ გამოცხადებულა, ბოდიშიც კი არ მოუთხოვია, ამ თაობაზე ოქმიც კი იყო შემდგარი და წარედგინა კათოლიკოზ ლეონიდს, ასეთ კაცს ჩვენ ხელზე უნდა ვემთხვიოთ?! განა ამას მოველოდით ჩვენ თქვენგან?! ან რაზე გჭირდებათ „ქორ-ეპისკოპოსი“? თუ არა და მთავარ-ხუცესი იგივე „ქორ-ეპისკოპოსი“ არ არის?! ან რა საქმე გაქვთ ისეთი, რომ ეპისკოპოსი გჭირდებათ ქალაქში?! თუ „ურბნისის“ კათედრაზე დაასახელეს დეკ. ციცქიშვილი და ამ ზაფხულს მომხდარ საეპარქიო კრებაზე გორში ის არჩეულიც იქმნა (არ ყოფილა არჩეული!), ისევ იმ ეპარქიისათვის აკურთხეთ, იმ ეპარქიამ შეინახოს და იქვე იცხოვროს. სიონი ვერ მოგიწყვიათ „სამწირველოდ“ და ეხლა „ყოფილი სამხედროც“ ციცქიშვილს „სამწირველოდ“ უნდა მოუწყოთ?! მაგრამ ბარემ ის „ყოფილი სამხედრო ტაძარი“ თქვენს საკათედრო ტაძრად გამოაცხადოთ, როგორც ეს ჰქონდა განზრახული ექსარხოსებს ნიკონ-ინოკენტის და მათ ამაში ხელს უწყობდა ცინცაძე-თოთიბაძე?! სირცხვილი არ არის ასე ჩვენი გასულელება?! რატომ ჩაუვარდით ამზომ ტყვეთ ამ ორ ჩვენი ეკლესიის „მესაფლავეებს“?! ამაზე მიპასუხა: „გავაგდებიოთ ხელიდან მესაფლავეებს ბარი და ნიჩაბიო“! _ როგორ უნდა გავაგდებინოთ, როდესაც თქვენ ასე მაგრად ხელთ აძლევთ მათ თბილისის ეკლესიებს თქო?! ან რას ჰქვია „გაერთიანება“ აღნიშნულ ტაძრებისა?! ეს ტერმინი ხომ სიცილადაც არ ჰყოფნის ვინმეს! რატომ მრევლის ინტერესებს არ იღებთ სახეში?! იმ მხარეზე რუსებს სამი ტაძარი აქვთ, გაჩაღებული წირვა-ლოცვა-გალობა-მოძღვრებით, ქართველებს კი ეს ერთი ჰქონდათ და ისიც თოთიბაძე-ციცქიშვილს საკვებ-ულუფად (პაიოკი) გადაუქციეთ! „სამწირველოდ“ მათ ექნებათ „ყოფილი სამხედრო ტაძრები“, ხოლო შემოსავლის წყაროდ ვერის წმ. ნიკოლოზის ტაძარი!!! არ ვიცი ეს თუ საქმეა, ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ თქვენც და საკათოლიკოზო საბჭოსაც! ჩვენ ვინ გვაძლევს ან „ჯამაგირს“ ან „ფქვილს“, რომ გვიბრძანებთ ციცქიშვილს ვაძლიოთ თბილისის ეკლესიებმა მათი 3% დაბეგვრით?! რა გაგიხდათ ეს „ციცქიშვილი“ _ კაცი ურწმუნო, უზნეო, თავხედი, უნიჭო, რომ „ყველი და პურით“ უკან მისდევთ მას?! მაგრამ, ვიცი, ეს „პროპკათა“ ჰყავს თოთიბაძეს, დასჭირდათ, „ახალ სიტყვის“ რედაქტორად ჩასჩარა, დასჭირდა „სამხედრო ტაძარში“ ჩასჩარა, როდესაც თვითონ ივლტოდა თბილისიდან ჟამსა ბოლშევიკების შემოსევისა, დასჭირდა, ეხლა ვერის ნიკოლოზში და ყოფილ სამხედროში „ქორ-ეპისკოპოსად“ ჩასჩარა! „ახალ-სიტყვის“ „მოლარე“ (თოთიბაძე) და „რედაქტორი“ განაგრძობენ დღესაც თავიანთ შავ საქმეს, ხოლო თქვენ კი ამზომ ხელს უწყობთ მათ?! რატომ არ მოიგონებთ დეკ. მიხ. ფხალაძეს, აკადემიელს, მომზადებულ _ ჭკუიან _ ზნეობრივ ადამიანს, დაქვრივებულიცაა! ხო გახსოვს ის ყაზანის აკადემიიდან?! შეკრთა კათოლიკოზი. _ მახსოვსო, შემოვიდა კიდეც ჩემთან, მნახა, მომილოცა, მაგრამ „პიდჟაკით“ როგორ გაბედა ჩემთან შემოსვლაო“! ამაზე მიუგე: „თქვენო უწმინდესობავ! თუ ყოფილი მიტროფორნი დეკანოზი _ ნარექტორალი კ. კეკელიძე, გელათის საეკლესიო კრებაზე, თქვენი თავმჯდომარეობით, დაუშვით უნივერსიტეტის დელეგატად, ხოლო იმავ საეკლესიო კრებაზე ის აარჩევიეთ საკათ. საბჭოს წევრადაც („ერისკაცთაგანად“), თუ მაშინ კეკელიძეს „პიდჟაკმა“ არ შეგაშფოთათ, რატომ გაშფოთებთ ფხალაძის „პიდჟაკი“ თქო?! კეკელიძისათვის არც ვინმეს არც რაიმეს ძალა არ დაუტანებია ანაფორა გაეხადა, პირიქით მაგან თვისი ანაფორის გახდით დააყრუა, გააუქმა უნივერსიტეტში არსებული ჩინებული ეკლესია დავით აღმაშენებლის სახელზე (ეს შენობა და ტაძარიც ყოფილ სათავად-აზნაურო გიმნაზიისაა, ნიკო ცხვედაძის უნარით აგებული); დღეს ეს ტაძარი უკვე გაძარცულ-გაპარტახებულია, აქ კეკელიძეს შეეძლო თვეში ერთხელ მაინც ეწირა, იმოდენა სტუდენტობა გარს ახვევია, მღვდლებიც ბლომათა ჰყავთ უნივერსიტეტში მსმენელებად, გალობა-მწიგნობრობა არ გაუჭირდებოდათ და ეს დიდებული საქმე იქნებოდა, ამის მოწყობა კარგად შეიძლებოდა, მაგრამ ურწმუნო-უზნეო კეკელიძემ არ გვაკმარა ქალთა ეპარქიალურ გიმნაზიის წაპილწვა, აგრეთვე სასულიერო სემინარიის გაძარცვა-დაღუპვა, უნივერსიტეტის ეკლესიაც ზედ მიაყოლა! ასეთი კაცი ქართულ საეკლესიო ისტორიის კათედრიდან ლექციებს ჰკითხულობს! თვისი ცრუ-მეცნიერულ-მეტიჩარულ ვითომდა „რაციონალიზმით“ ძირ-ბუდიანად თავდაღმა ამხობს ჩვენს წარსულსაც, ამით დღევანდელ ურწმუნო დროს აძლევს ის ხარკს, _ როგორც პლატონ ექსარხოსის დროს იყო მისი აგენტი და პლატონის სახელით წერილებით გამოდიოდა გაზეთ „საქართველოს“ ფურცლებზე 1916 წელს! ასეთი პიროვნება კი, რომელიც ოთხი-ხუთი წელიწადია არც კი ზიარებულა და თურმე მაინც „დეკანოზად“ სთვლის თავს „თავისუფალ“ ტანთ საცმელში, თქვენ გვერდით გყავთ, მისი უსაქციელობა (საყვარელი ჰყავს მ. კასრაძის ქალი, ხოლო ცოლი უყურადღებოდ მიგდებული, შვილები (3) გაფუჭებულ-გაქურდებულები) არ გაშფოთებთ, ხოლო ფხალაძის „პიდჟაკს“ აგრე გაუნაწყენებიხართ?! აკი მოგახსენეთ, რომ ფხალაძე ქუჩაში დარჩა უადგილოდ, მას არც ქალაქში, არ სოფლად მრევლი აღარ მისცეს _ ეს ყოფილ სასულიერო სასწავლებლის „სმოტრიტელს“-ზედამხედველს! მე ანაფორის ფანატიკოსი არა ვარ, მომხრე ვარ თავისუფალ კოსტიუმისა სამსახურის გარეშე, განსაკუთრებით ასეთ დიდ ქალაქში და ასეთ დროს (თუმცა მე თვითონ არასოდეს არ ჩამიცვამს საერო კოსტიუმი მღვდლობაში, თუმცა ქალთა მესამე გიმნაზიაში უკვე მომცეს წინადადება _ საერო ტანისამოსით იარეთ, თორემ დაგითხოვთო, ვერც დამითხოვეს და ანაფორაშიც დავდივარ!), _ საქმე „ანაფორა-პიდჟაკი“ როდია, _ „მღვდელს ჭილობშიდაც იცნობენო“, _ უთქვამთ ჩვენს ძველებს, საქმე ყოფაქცევაშია, ამ მხრით მიხეილ ფხალაძე ბევრად მაღლა სდგას იმ პირებზე, რომელნიც დღეს თქვენ გარს გახვევიათ, ზოგს „მანგლელობას“ სთავაზობთ, ზოგს სამი-ოთხი „გაერთიანებულ“ ტაძრების „წინამძღვრობას“! ეგ არ შექმნის ჩვენში ერთობას, სიყვარულს და თანხმობას! ყოველივე ამაში ჩვენ ვერ ვხედავთ ვერც თქვენს ხელს, ვერც თქვენს ნებას, ეს, აღარ ვიცი რა ამბავია დღეს ჩვენს თავზე“?!. ამ ბაასის დროს კათოლიკოზი იჯდა თავჩაღუნული, მეტად დაღონებული! ეტყობა არც თვითონ არის კმაყოფილი შექმნილ ვითარებით, გრძნობს ის თავის თავს აღარ ეკუთვნის, ის დატყვევებულია იმ პირთაგან, რომელთაც „გამარჯვება“ მოუპოეს გელათის კრებაზე წელს და კათოლიკოზის კათედრაზე აღიყვანეს, რათა სახელათ ეს იყოს კათოლიკოზი, ხოლო საქმით და სარგებლობით მისი ავან-ჩავანები…
„მე ფხალაძეზე ცუდი აზრისა როდი ვარ, _ ბრძანა კათოლიკოზმა, _ მე მას წინადადება მივეცი გომარეთის სამრევლოში წასულიყო მღვდლად, მაგრამ უარი მიყო“! _ ამაზე უპასუხე: „ეს სამრევლო ლეონიდმა ჩემს მეორე მღვდელს, დ. ჩიკვაიძეს, შეაძლია, მაგრამ ამანაც კი უარი განაცხადა იმ მრევლზე! (ეს ოთხკლასიანი, გაოხრებული მღვდელია, დღეს ტფილისის ახლოს არის სოფლად გადაყვანილი) გომარეთი ორას ვერსტზეა თბილისიდან, იქ მისვლას უკანასკნელი ორი მილიონი არ ეყოფა, აბა სად შეუძლია ფხალაძეს იქ წასვლა?! ან კი ისეა საქმე, რომ აკადემიელი მღვდლები ისე მოგჭარბდნენ, რომ საგომარეთოდაც კი გაგვიხდენ!!. ციცქიშვილი-თოთიბაძე-ლაზრიშვილისებური დეკანოზები საპასუხისმგებლო პოსტებზე გყავთ წამოყენებული, ჩვენ კი ასე დაქვეითებულნი და დამცირებულნი! გარწმუნებთ, თქვენო უწმინდესობავ, რომ სულ ერთიანად ჩამოეფუშებათ ხელში ეკლესია, როგორც ორგანიზაცია და ბოლოს არა ბრძანოთ, რომ არავინ მშველოდით, ყველანი განზე გამიდექითო“! შემდეგ კათოლიკოზმა დიპლომატიურად გადმომიგდო სიტყვა ჩუღურეთის წმ. ნიკოლოზის სამრევლოზე, სადაც დამბლა დაცემული დეკ. ს. შოშიაშვილია დღეს წინამძღვრად, ხოლო დიაკონის შტატზე აპოლონ ივანიცკი _ დეკანოზი, რომელმაც ადგილი სოფლად გადაუცვალა მღ. ხარლ. ხუციშვილს _ ბაკურაძე-მღვდლის მოკლვის ორგანიზატორს, როგორც მას ბრალსა სდებდა ხოლმე საზოგადოებრივი აზრი, თორემ ამ ხუციშვილს სურდა ბაკურაძის სისხლის სასყიდლად შოშიაშვილის ადგილი, მაგრამ გამომჟღავნდა ყოველივე ეს და სოფლად წავიდა, მაგის ადგილზე კი საკათ. საბჭოს წევრმა რაფიელ ივანიცკიმ თავისი ძმა _ აპოლონი დაანიშვნინა ლეონიდსა და დავითაშვილს; აი, ეს მრევლი მთხოვოს ფხალაძემ და მივსცემო, მიბრძანა კათოლიკოზმა! ნამდვილად კი გამოდიოდა, რომ შენ მთხოვე და მოგცემო! მე ეს მივხვდი და თავი დავიჭირე, „კარგი, ბატონო, ვნახავ ფხალაძეს და გადავსცემ თქვენი სახელით თქო! ეს მრევლიც ჩინებულია, მაგრამ მე მას მაინც არ ვითხოვ, იქ ივანიცკის სურს „წინამძღვრობა“, ორი მღვდელი კი მეტი იქნება, ვერც მორიგდებიან ერთმანეთში და ვინც ივანიცკებს ჩაეცილებათ ამ საქმეში, მას კაი დღე არ დაეყრება. ფხალაძეს მე გადავეცი ყოველივე, მან მითხრა, კათოლიკოზს მე მივსწერ ჩემზე ყველაფერსო… ერთი სიტყვით, კათოლიკოზმა ვერ დამტყუა ვერაფერი, ვერც „დირექტორობაზე“ დამითანხმა, „მეგობრებიც“ მიწასთან გაუსწორე და წამოვედი სახლში.

„ნიკოლოზობა“ (19 დეკემბერს 1921 წ. ახ. სტ.)

ამ დღეს კათოლიკოზი იყო მწირველი ალექსანდრეს ბაღში არსებულ „ყოფილ სამხედრო ტაძარში“, რომელიც ისევ დეკ. ან. თოთიბაძის წინამძღვრობის ქვეშ არის, თუმცა მას იმ ტაძარში ჰყავს მოხუცი დეკ. პავლე ხუციშვილი, კაცი უენო და თოთიბაძის მონა-მორჩილი. თანამწირველობდა კათოლიკოზს _ თვით დეკ. ან. თოთიბაძე, დეკ. ქრ. ციცქიშვილიც! ამ ტაძარში წირვა-ლოცვა რუსულად არის ხოლმე, მორწმუნენიც სულ რუსები დადიან. კათოლიკოზს სიტყვა უთქვამს რუსულად, ენა დაბმია საცოდავს; მან კი მითხრა, რომ „სიტყვის“ დროს რუსის დედაკაცები სულ ცრემლებსაც ღვრიდენო“!.. წირვის შემდეგ თოთიბაძეს კათოლიკოზი სახლში მიუწვევია, თავის „სამხედრო“ ბინაზე _ ვერისაკენ! თურმე სადილი ვერის წმ. ნიკოლოზის ტაძრის ხარჯით იყო გამართული! ამ ტაძრის მღვდელს _ დეკ. ვ. მატათაშვილს ორ მილიონამდე ფული დაუხარჯავს „კარგი სადილის“ გასამართავად; დიდად უსიამოვნებიათ სადილზე, ღამის ათს საათამდე კათოლიკოზი დარჩენილა თოთიბაძისას, ვახშამიც იქ მიურთმევია და შემდეგ ეტლით გამოუმგზავრებიათ! _ ასე რომ წირვა _ ბაღის ნიკოლოზში, ხოლო სადილი ვერის ნიკოლოზის ხარჯით! აი, ასეთია ჩვენი ამბავი დღეს! დეკ. ციცქიშვილს განუცხადებია თოთიბაძისათვის: „თუ ცინცაძე გეყოლება სადილად, მე იქ მომსვლელი არა ვარო“! ეტყობა _ ცინცაძე-ციცქიშვილს შუა რაღაც ბრძოლა სწარმოებს! მგონი ციცქიშვილი არ სჩქარობს „მანგლელად“ კურთხევას! „მე გაზაფხულამდე მქონდა ვადა აქ, მრევლში დავრჩენილიყავიო“, _ უთქვამს მას საყვედური! ცინცაძე-თოთიბაძეს კი სურთ მალე აკურთხონ ეპისკოპოსად, მისი შენახვა თბილისის ეკლესიებს მოახვიონ თავზე, ხოლო შემოსავალი „ვერის ნიკოლოზისა“ სულ თოთიბაძე-ცინცაძე-კათოლიკოზმა მიირთვან! თუ ეპისკოპოსად კურთხევით, თორემ სხვა გზით ესენი ციცქიშვილს ვერც მოიშორებენ თავიდან და ვერც დაიმორჩილებენ. ეპისკოპოსად რო დაჰბორკავენ, შემდეგ თუ გაჭირვეულდა ურბნისის ეპარქიაში გადააგზავნიან, სადაც ამ ზაფხულს საეპარქიო კრებაზე არ იქმნა დეკ. ციცქიშვილი არჩეული ურბნელად! აი, აქედან მოახვევენ თავზე ურბნისს მისგან დაწუნებულ ციცქიშვილს, როგორც გურია-სამეგრელოს ეხლა-ხან გაუგზავნეს ეპისკოპოზად განრღვეული, ურბნისიდან გამოძევებული დავითი! შემდეგ „მანგლელად“ ავანტიურისტი რაფიელ ივანიცკი უნდა სურდეთ, ის ივანიცკი, რომელიც „ერთი კენჭით“ დასახელებულ იქმნა გელათის საეკლესიო კრებაზე კათოლიკოზობის კანდიდატად, ალბად ეს ერთი „კენჭიც“ მაგისი იქნებოდა! ეს ივანიცკი არის „ამომავალი ბოროტება“ ჩვენი უბედური ეკლესიის პირქუშ ცაზე… ასეთი ყოფილა გეგმები საკათ. საბჭოისა…
…მაგრამ ისიც ღირსაღსანიშნავია, რომ ბაღის ნიკოლოზის დეკანოზს ზემო აღნიშნულ პ. ხუციშვილს დეკ. თოთიბაძემ წინადადება მისცა: „სადილისათვის საჭირო პური შენ იყიდე და გაგზავნე ჩემს ბინაზეო“, ამაზე პავლეს უპასუხნია: „დალოცვილო, მაგდენ ხალხის გასაძღომი პური რა ფულით უნდა ვიყიდოო“, „მაშ, სადილზედაც ვეღარ წამობრძანდებიო“, _ უთქვამს დეკ. თოთიბაძეს, ნიშნის მოგებით და არც წაუყვანია პავლე სადილად, არც ცინცაძე ჰყოლიათ სადილზე: დიდ ძალი ღვინო და სანოვაგე დარჩა თოთიბაძის ოჯახს იმ დღესა, _ უთქვამს ვერის დეკ. ვ. მატათაშვილს დეკ. გიორგიძის ქვრივისათვის, თვის დისათვის! „რატომ ცოტა რამე მეც არ მაჭამეთ თქვენი სადილიდანო“, _ უსაყვედურნია ყოფილ „ვერის-ფოფოდიას“ ძმისათვის, რომელიც მისმა ქმარმა _ დეკ. გრიგოლმა გაიმწესა (ცოლისძმა) თავისთან და დღეს ესეც ლეკურს უვლის სიძის საფლავს! მაგრამ მაგასაც უპირებენ თურმე გუდა-ნაბადის აკიდებას და სოფლად გაძევებას… საშინელი ინტრიგებია…
აბა მე სად შემიძლია ისე ვაქეიფო, ვასიამოვნო კათოლიკოზი, როგორც ეს გაუმართეს მას დეკ. ცინცაძემ „ქვაშვეთობა დღეს“ (10 ნოემბერს ძვ. სტ.), ხოლო თოთიბაძემ 6 დეკემბერს ძვ. სტ. _ ნიკოლოზობას!.. ამას გარდა ისიც საგულისხმოა, რომ კათოლიკოზს და ცინცაძეს საზიაროდ ძროხა უყიდნიათ, ეს ძროხა კათოლიკოზის ეზოშია დაბინავებული, თივა მილიონისა საკათ. საბჭოს სამეურნეო გამგეობის „დირექტორს“ დეკ. დ. ლაზრიშვილს უყიდია მათთვის (სანთლის ფულით!), ეს უვლის ძროხას, რომ მისი რძით გამოკვებოს თვისი კათოლიკოზიც და თვის წინამძღვარი _ ცინცაძეც, რომელთაც შვილი _ დიაკონი დიდუბიდან, მამასთან გადმოუმწესეს ქვაშვეთის ეკლესიაში! ასე „ოჯახურად“, „შინაურულად“ ეწყობიან ერთმანეთში ჩვენი ეკლესიის „მესვეურები“!.. ეხლა ლაზრიშვილსაც უყიდნია თავისთვის ძროხა 9 მილიონად და იქვე მოუთავსებია, სულ კუდში შეჰყურებენ… ძროხებს!..
არავითარი იდეიური მუშაობა არ სწარმოებს დღეს ჩვენი ეკლესიური ცხოვრების გასაუმჯობესებლად. შემოღებულია მთავრობისაგან სამოქალაქო ქორწინება-ნათლობა-დასაფლავება. ქორწინების რეგისტრაცია მარხვებშიდაც სწარმოებს, რასაკვირველია, ქალაქის რევკომში, ხოლო რევკომიდან „დაქორწინებულნი“ ჯვრის დაუწერლად პირდაპირ სახლში მიდიან, ვინაიდან ეკლესიების კარები მათთვის ჯვარსაწერად დახშულია! პირველმა საეკლესიო კრებამ განაჩინა მარხვებში (გარდა დიდმარხვა-მარიამობისა) ჯვრისწერა, მაგრამ ლეონიდმა მეორე კრებას ეს მოასპობინა, ხოლო მესამე კრებამაც აღარ შეიწყნარა. მაგრამ ცხოვრება თავის გზით მიდის, ხალხს ეს „კრებები“ არც კი გაუგია (უმეტესობამ დღესაც არ იცის ექსარხოსი გვყავს თუ კათოლიკოზი ან ვინ არის ჩვენი კათოლიკოზი!). ამ თაობაზე კათოლიკოზს უსაყვედურე, მეტად ჩამოვრჩით მოქალაქობრივ ცხოვრებას, რატომ არ ზრუნავთ ასეთ საკითხებზე თქო! სულ ერთია თქვენი მღვდლები ამ შობის მარხვაშიც სწერენ ჯვარს, მაგრამ ქურდულად, ქრთამით და დიდი ფული თქო! რატომ შეგყავთ ან ერი ან მღვდელი ასეთ განსაცდელში თქო! ამ მომავალ ახალ გახსნილებაზე თუ ვინმემ მთხოვა, უსათუოდ აშკარად დავსწერ ჯვარს, ამას ეხლავე გიცხადებ და ბოლოს თვითნებობად არ ჩამომართოთ თქო! ამაზე კათოლიკოზმა ბრძანა, _ „საჭიროა ასეთ საკითხების გამორკვევაო“! მაგრამ ის კი აღარ ბრძანა, როდის, ვინ და რა სახით აპირებენ ასეთ „საკითხების გამორკვევას“! ალბად დეკ. ცინცაძე ისევ კანონ-პროექტს შეადგენს და წარუდგენს მესამე საეკლესიო კრებას განსახილველად! ხოლო ეს მესამე საეკლესიო კრება განზრახულია სამი წლის შემდეგ წმ. ნინოს ბოდბის მონასტერში! მანამ კი ასეთი მესვეურები ქვას-ქვაზე აღარ დასტოვებენ ჩვენს უბედურ ეკლესიაში!
ასეთი შავი ფიქრებით გადავდივართ 1922 წელში, საქართველო ილეწება, ნიავდება; სასტიკი დიქტატურაა გამეფებული მოქალაქობრივ-პოლიტიკურ-სოციალურ პირობებში! საზღვარგარეთ მენშევიკები ამოძრავებენ ევროპის საზოგადოებრივ აზრს რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ ჩვენში, ხოლო აქაური კომუნისტები სცდილობენ მაგრა მოიდგან ფეხი და თავიანთი გარემოება განამტკიცონ; დიდი სიძვირეა, დიდი და აღვირახსნილი „სპეკულიაციაა“ ანუ ჩარჩობა! ყველანი ვაჭრობს, ერთი მეორეს ატყუილებს ან აშკარად ლუკმას აცლის პირიდან; ჩვენი ქვეყანა იძარცვება, სულ გააქვთ დამშეულ, დანგრეულ რუსეთში, რაც კი მოეწონებათ ან მოეპრიანებათ…

1922 წელი

ახალ წელშიდაც ისევ ძველი, არეულ-დარეული გზით მიმდინარეობს ჩვენი მოქალაქობრივი და ეკლესიური ცხოვრებაც. საქართველო და მისი ეკლესია უბრუნდებიან 17-18 საუკუნოების ანარქიულ მდგომარეობას. ქვეყანას არ ჰყავს ნამდვილი, ნდობით მოსილი მთავრობა! არ ვიცით, ვინ არს დღეს საქართველოს მესვეური?! საქართველო ქაღალდზე დამოუკიდებლად იხსენიება! ეს რაღაც დეკორატიული დამოუკიდებლობა გამოდის! თან „ფედერაციაც“ არის გამოცხადებული ამიერ კავკასიის „საბჭოთა რესპუბლიკებისა“, საბჭოთა რუსეთთან ერთად! საქართველოს „რევკომში“ ამ რამოდენიმე თვის წინეთ ფილიპე მახარაძე თავმჯდომარის სავარძლიდან გადმოაბრძანეს და მის მაგივრად ბუდუ მდივანი წამოსკუპდა იმ სავარძელში! მახარაძე რუსეთში გააძევეს, ამბობდენ ის აღარ დაბრუნდება საქართველოშიო, მაგრამ ლენინის მთავრობამ მახარაძე ისევ დააბრუნა საქართველოში, ის მიწად-მოქმედების კომისარია, მიწის საკითხს „აწესრიგებს“ საქართველოში! ეტყობა რევკომში დიდი განხეთქილებაა თვით ქართველ კომუნისტთა შორის. ამას წინეთ ბუდუ მდივანსა და ვიღაც ლორთქიფანიძის შორის დიდი შეტაკება მომხდარა, რევოლვერებითაც კი უწევიათ ერთმანეთზე; ბუდუ თავმჯდომარეობიდან გადადგა და მის ადგილზე შინაგან საქმეთა კომისარი კვირკველია ავიდა! ბუდუ სად არის არ ვიცით! თან ვაშინგტონის და შემდეგ კანნის (საფრანგეთში) კონფერენციათა შემდეგ მზადდება გენუის კონფერენცია, რომელზედაც საბჭოთა რუსეთიც მოუწვევიათ, თუ ლენინი იცნობს რუსეთის ძველ ვალებს, აღიარებს კერძო საკუთრებას, ხელს აიღებს მეზობელ ქვეყნებში კომუნიზმის პროპაგანდაზე და ჯარს გაიყვანს საქართველოდან! ამ წინადადებების გარშემო დიდი განგაშია ატეხილი რუსეთის პრესაში და თბილისშიაც! მენშევიკები, ეტყობა, დაუღალავად მუშაობენ ევროპაში; იქ სცემენ გაზეთს ქართულ ენაზე: „თავისუფალი საქართველო“, გზავნიან საქართველოში მოწოდებებს, დარიგებებს… მაგიერში კომუნისტებმა აავსეს საქართველოს ციხეები თბილისი-ქუთაის-ბათუმში ჩვენი ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლებით, დაიჭირეს მენშევიკები _ მოხუცი ისიდორე რამიშვილი, სანდრო ლომთათიძე, დ. ლორთქიფანიძე, გიორგაძე და სხვები… დაიჭირეს ნაციონალ-დემოკრატების ლიდერებიც _ სპ. კედია, ალ. ასათიანი, პ. გოთუა, რ. ინგილო (ივანიცკი) და სხვები… მოხუცი სილიბისტრო ჯიბლაძე _ ეს ერთ-ერთი ლიდერი მენშევიკებისა, ესეც დაჭერილი იყო, შედეგ გამოუშვეს, ისევ უნდოდათ მისი დაპატიმრება, მაგრამ მიიმალა; გამოცხადდა თებერვლის 11-ში თბილისს; პროვინციების სასწავლებელთა გაფიცვები, მოითხოვენ დაპატიმრებულთა განთავისუფლებას; გაფიცვებს ხელმძღვანელობს ქართულ უნივერსიტეტის სტუდენტობა; ამათშიც დიდ-ძალი სტუდენტობაა დაპატიმრებული; პროვინციაშიდაც ყოფილა მოსწავლე-ახალგაზრდობის და მასწავლებელთა გამოსვლები, მათ ცემა-ტყეპით და მათრახებით გამასპინძლებიან ქუჩებში; მზადდება კომუნისტების ქალაქში შემოსვლის წლის თავის „დღესასწაული“ _ 25 თებერვალი! ამ დღისათვის დიდ ფაცა-ფუცში არიან კომუნისტები, მოწინააღმდეგე პარტიათა ცოცხალი ძალები სულ ციხეებში გამოამწყვდიეს და სამარისებური სიჩუმეა დღეს ქუჩებში; დღეს წითელ არმიის აღლუმი იქნება თბილისის ქუჩებზე, მათ უკან გაჰყვება რუსობა-სომხობა-ოსობა და სხვა გარეშე ეროვნებანი, _ ჩვენი საზოგადოება დამგლოვიარებული ზის სახლში; ნამდვილი ზეიმი კომუნისტებმა გადასდეს 12 მარტისათვის, როდესაც ისინი რუსეთის დიდ რევოლიუციის წლისთავს იდღესასწაულებენ… ყოველისფრიდან სჩანს, რომ კომუნიზმმა რუსეთში ჩაიცვა იმპერიალისტური ქურქი, სურს მას _ სოციალიზმ-კომუნიზმის მანტიის ქვეშ ძველი რუსეთის საზღვრები აღადგინოს! ამ ტრაგი-კომედიაში მონაწილეობენ ქართველი კომუნისტებიც, ამათ თვალს უბამენ საქართველოს „საბჭოთა რესპუბლიკის“ „დამოუკიდებლობით“! ნამდვილად კი საოცარ სასაცილო მდგომარეობაში არიან ჩაცვივნულნი! ნამდვილი პამპულებია ეს ახალი დროის მოღალატენი! აკი ლექსიც გამოუთქვეს მათ ხალხში! დღეს ყველა ოჯახში, ყველა წვეულებაზე, თავისუფლად მღერიან ქართველ კომუნისტების დასამცირებელ კუპლეტებს. აი, ერთი ამ კუპლეტთაგანი:
„საქართველომ გამოზარდა ოთხი დიდი მოღალატე:
მახარაძე, ელიავა, ბუდუ (მდივანი), ორახელაშვილი“!..
„მიყვარს ვარდი, მიყვარს ია, მომწონს
ნოე ჟორდანიაო“!..
თვით რუსის წითელ არმიაში ამ ბოლო დროს დიდი მოძრაობაა, გავრცელდა ხმა, რუსის ჯარი უნდა გავიდეს საქართველოდანო! ნაწილ-ნაწილ გაჰყავთ კიდეც! მაგრამ თან გააქვთ უამრავი ქონება, როგორც სამხედრო, ისე სხვა სიმდიდრე! ვინ არის ხმის ამომღები! ჩვენი რევკომის წევრები ერთმანეთის გაბიაბრუებას უნდებიან, ერთმანეთს სწეწენ და ჰგლეჯენ! ზოგი მომხრეა თურმე საქართველოში ნაციონალურ პოლიტიკის წარმოებისა (მახარაძე-გეგეჭკორი!), სხვები კი რუსეთის ბატონობას უწყობენ ხელს, ვინაიდან კარგად იციან, რომ რუსეთის ჯარი თუ გაყვანილ იქნება საქართველოდან, ვეღარც კომუნისტური მთავრობა იბოგინებს საქართველოში! გამოდის, რომ მთელი ეს მძიმე უღელი იმიტომ უნდა ვატაროთ, რომ ქართველმა კომუნისტებმა არხეინად იცხოვრონ და დრო ატარონ საქართველოში, ერთხანს მაინც! ვინაიდან საბოლოო პირი კომუნიზმს არამც თუ საქართველოში, არც რუსეთში უჩანს! ჩვენ დიდ გარდამავალ ხანის წინაშე ვსდგევართ! ვნახოთ რა იქნება!..
ამ ერთი კვირის წინეთ გარდაიცვალა ზემო აღნიშნული სილიბისტრო ჯიბლაძე; მთავრობამ მიცვალებული მოსტაცა ჭირისუფალს და მილიციელებს დაასაფლავებია რუსების ეკლესიის გალავანში _ იოანნე ღვთისმეტყველის ეზოში [ეს ძველი ქართული მონასტერი ყოფილა „ლურჯი მონასტერი“, აქ ეხლაც არის ერთი ძველი ქართული ტაძარი, მაგრამ რუსებმა გვერდით აიშენეს ახალი ტაძარი, _ დღეს ორთავენი მათ ხელშია, ვერის ნიკოლოზის გვერდით], _ ამ ტაძრის ეზოში დაასაფლავეს ს. ჯიბლაძე…

25 თებერვლისთვის მოწვეულ იქმნა სრულიად საქართველოს კომუნისტური კონფერენცია; გაიხსნა ის სახაზინო თეატრში, ფ. მახარაძის თავმჯდომარეობით; გადასინჯეს მთელი წლის თავიანთ „ნამუშევარი“, მოიწონეს ყველაფერი და გამოსთქვეს საჯაროდ ის აზრი, რომ მთელი მშრომელი საქართველო მათი მომხრეა. ამ კონფერენციამ „იშვილა რუსეთის წითელი არმია“! არ უშვებენ რუსეთის ჯარს რუსეთში, მიუხედავად იმისა, რომ ლენინი მოითხოვს მათ გამოყვანას საქართველოდან, რომ გენუის კონფერენციაზე დაშვებულ იქმნენ კომუნისტები რუსეთიდან. კონფერენციამ გადასწყვიტა ფედერატიულ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა გაერთიანებულ მართვა-გამგეობის მოწყობა; სამი რესპუბლიკის აღმასრულებელ კომიტეტთა თავმჯდომარეები აწესრიგებენ ამ საქმეს, ჩვენგნით ფ. მახარაძეა. საზოგადოებაში ბევრგვარი ჭორი ტრიალებს, საშინელი სიცრუე _ ტყუილები ვრცელდება საზოგადოებაში; კაცმა არ იცის რას დაუჯეროს… მეტად გაძვირდა ცხოვრება, ყოველდღე ფასები იწევენ სანოვაგეზე ზღაპრული სისწრაფით… რუსეთი დამშეულია, ადამიანები ერთმანეთს სჭამენ! კაცი- ჭამიობაა!!! საქართველოც იმშევა! უკვე გამოცხადებულია გაზეთებში „Ãîëîä âú Ãðóçèè“! და ფულების შეგროვება იქნება 20, 21 და 22 მარტს. რკინისგზის სამგზავრო ბილეთების ფასიც მეტად ასწიეს, მაგალითად, სამტრედიაში ჩასვლა ღირს 700.000! მანეთი! ამის მიხედვით აწეულია გადასაზიდი ტარიფიც!.. ჯამაგირებს ვერ ურიგებენ მომსახურე პირებს თავის დროზე, ზოგს ჯერ, მარტში, იანვრის ჯამაგირი არ აუღია! განსაკუთრებულ უმწეო მდგომარეობაშია მასწავლებლობა, ამათ არც ჯამაგირს აძლევენ თავის დროზე და არც ულუფას! პური ჩამოიყვანეს ერთ გირვანქამდე მოსამსახურე პირზე, ოჯახისათვის არაფერს იძლევიან! მასწავლებელს ჯამაგირი თვიურად ეთვლება 1.500.000 მანეთი!!! ერთი რომ არ იძლევიან თავის დროზე და რომც მოგცენ, რას იყიდი ამით?! სიმინდის ფქვილი ფუთი ღირს 400.000 მანეთი, პურისა 700.000 მ. ხორცი გირვანქა 50.000 მანეთი, პური გირვანქა 15-18000 მანეთი! ტანისამოსზე და ფეხსაცმელზე ხო მეტია ლაპარაკი!.. მეტად სჭირს ცხოვრება! არ ვიცით როგორ მივახწევთ ახალ მოსავალს… დიდი შიმშილია კახეთშიც, სულ დასძარცვა ჯარმა გლეხ-კაცობა, შეუჭამეს პურიც და სიმინდიც (ცხენებს შეაჭამეს სიმინდი)… ყოველ ღამე გუგუნ-გუგუნით მიდის მატარებელი _ მატარებელზე რუსეთისაკენ გააქვთ ყველაფერი…

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)