„დაშინების მცდელობა უშედეგო იქნება“ – ბათუმის ენჯეოების წარმომადგენლები
გიგა გელხვიიძე
აშშ-ის სანქციები მოვიდა. პირველ ეტაპზე დასანქცირებულია ათობით ადამიანი, რომელიც უშუალო შემხებლობაში არის პრორუსულ „ქართული ოცნების“ რეჟიმთან და ასევე აქტიურად არის დაკავებული მისი პროპაგანდირებით თუ დაფინანსებით.
სანქციებამდე იყო რამდენიმე გამაფრთხილებელი და მეგობრული რჩევა, შემდეგ ცოტა უფრო მკაცრი ტონიც თუმცა, ბიძინა ივანიშვილის იმედად დარჩენილმა მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა აღნიშნული არაფრად ჩააგდეს და სრულიად თავდაჯერებულები იმეორებდნენ იმ სიტყვებს, რომელიც მათ ბელადმა დააჯერა _ არანაირი სანქცია არ იქნება.
სწორედ ამ თავდაჯერებულობის იმედად სანქციებამდე რამდენიმე კვირით ადრე „ქართული ოცნება“ დაკავებების პოლიტიკიდან დაშინებისა და ძალადობის პოლიტიკაზე გადავიდა, დაიწყო რეპრესიები სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციონერების, სტუდენტებისა და უბრალოდ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც აქტიურად აპროტესტებდნენ (ახლაც აპროტესტებენ) რუსულ კანონს და რეჟიმს. ამ ადამიანებს ხვდებოდნენ სადარბაზოებთან ხელკეტებით, ელექტროშოკებით და ყველა ჯერზე სახე შენიღბული ჰქონდათ, ასევე ირეკებოდა ტელეფონებზე უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნების ლოკაციებიდან, ადამიანებს სატელეფონო ზარებში ჯერ აფრთხილებდნენ, რომ აღარ გასულიყვნენ საპროტესტო აქციაზე, შემდგომ კი აგინებდნენ, ურეკავდნენ კონკრეტული პირების ოჯახის წევრებსაც. ეს არ იკმარეს და ამის შემდგომ დარეკვებს უკვე დაემატა სადარბაზოების გადაღებვა, საცხოვრებელი სახლებისა და ბინების კარებზე წარწერები, რომლებიც წესით იმ ადამიანების კარზე უნდა დაეწერათ, ვინც კონკრეტულ პირებს ეს დავალება მისცა.
დავალების გამცემის მოძებნა რთული არ იყო, ფაქტობრივად, მან საკუთარი თავის ლუსტრაცია საკუთარ სოციალურ ქსელში თავადვე მოახდინა, ეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, „ქართული ოცნების“ რეგიონების ხელმძღვანელი, დიტო სამხარაძეა, რომელიც გამოირჩევა არა კანონმდებლობითი საქმიანობით, არამედ ლანძღვით, გინებით (მათ შორის, ქალების) და ხელების ქნევით, რაც შეეხება ცემას, კრიტიკულ მომენტში სამხარაძე მიუხედავად ათასგზის დაანონსებული ქმედებისა, რომ ვინმეს სცემს და ა. შ., არც წინა ხაზზე ჩნდება და არც უკან, ამ დროს ის სოციალურ ქსელში უბრალოდ პოსტს აქვეყნებს.
დიტო სამხარაძის მიერ გაცემული ზონდერული ბრძანებების ადრესატები არიან ჩვენი რესპონდენტებიც, ა/ო ორგანიზაცია „მხარდაჭერისა და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის“ დამფუძნებელი ციალა ქათამიძე და გარემოსდამცველი და ეკოლოგი კახა გუჩმანიძე, რომლებიც რუსულ კანონს ჯერ კიდევ 2023 წლის მარტიდან აპროტესტებენ, ხოლო მას შემდეგ, რაც კანონი ხელმეორედ დაბრუნდა დღის წესრიგში, პროტესტი კიდევ უფრო მწვავე გახდა.
ქათამიძე ერთ-ერთი იყო, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საპროტესტო აქციების დაორგანიზებაში აჭარის რეგიონში, კონკრეტულად კი ბათუმში, ცდილობდა (ცდილობს) მაქსიმალურად მიეწვდინა ხმა ყველასთვის და ეთქვა, რომ ეს კანონი არის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი. სწორედ ამის გამო ბათუმში „ქართული ოცნების“ „ტიტუშკებმა“, დიტო სამხარაძის დავალებით, აქტიურად დაიწყეს მისი დევნა და შევიწროება.
უფრო მეტ დეტალს იმის შესახებ, თუ რა ტიპის ზეწოლა ხორციელდებოდა ქათამიძეზე, მკითხველი „ქრონიკა+“-ის ინტერვიუდან შეიტყობს:
_ ქალბატონო ციალა, საიდან წამოვიდა თქვენ მიმართ ის აგრესია, რომელიც სრულიად საქართველომ იხილა, ვგულისხმობ წარწერებს სადარბაზოში, სატელეფონო თუ სხვა ტიპის მუქარებს?
_ აჭარაში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქტივობების ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარ სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება აქციები, შეხვედრები, ახალგაზრდებთან კომუნიკაცია, პარტიებთან, ენჯეოებთან და ა. შ. ზარები ჩემთან შემოვიდა დაახლოებით მაშინ, როდესაც დაიწყო ყველგან და თავდაპირველად მათ ჰქონდა ის ზოგადი და სტანდარტული ხასიათი, როგორიც იყო სხვაგან, ვგულისხმობ გინებას. ამის შემდეგ ნელ-ნელა რეკვა დაუწყეს ოჯახის წევრებსაც. წინა ღამით, სანამ დაწერდნენ ამ წარწერებს, სადაც უკვე სახელობითად ვიყავი მოხსენიებული, ახალგაზრდებმა მომწერეს, რომ ბათუმში „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრი, რიჩარდ სირაბიძე, მთვრალი დადიოდა ღამით მანქანით მეზობლებთან ერთად და ამის პარალელურად პარტია „ახლებისა“ და „ლელოს“ ოფისზე შეურაცხმყოფელი წარწერები აღმოაჩინეს. ასე პირდაპირ არ უნახავთ, თუ ვინ წერდა ამას, თუმცა ეს ორი ფაქტი არსებობს, რომ ახალგაზრდა საკრებულოს წევრი რიჩარდ სირაბიძე თავის თანამოაზრეებთან ერთად მოძრაობდა და წარწერები გაჩნდა. ასევე ბოლოს გახარიას ოფისთან შეხვდნენ ერთმანეთს და იქ მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. ამ დროს მეც გავედი, მაგრამ სირაბიძე უკვე წასული იყო. მეორე დღეს პირველი წარწერა აღმოვაჩინეთ, პირადი ხასიათის შეტყობინების, ჩემი მეგობრისა და კოლეგის, ილია გუჩმანიძის სახლთან, სადაც იყო ზოგადი მისამართის გინებისა და შეურაცხმყოფელი წარწერები და უშუალოდ ჩემი მისამართით სალანძღავი და მუქარის შემცველი მესიჯები.
_ რამდენადაც ცნობილია, აღნიშნულ ფაქტზე მიმართეთ სამართალდამცველ ორგანოებს.
_ მეორე დღეს ვიყავი საკრებულოს სხდომაზე, სადაც საკრებულოს თავმჯდომარესა და საკრებულოს წევრებს მოვუყევი საჯაროდ ამის შესახებ და ვთხოვე, რომ მათ შესაბამისი რეაგირება განეხორციელებინათ. მთელი დღის განმავლობაში „ქართული ონების“ როგორც საკრებულოს წევრები, ასევე უმაღლესი საბჭოს წევრები „ოცნებიდან“, რომლებთანაც წლების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა ტიპის საქმიანობა მქონია, მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, რომ არ არიან პასუხისმგებლები და არ იციან, ვინ გააკეთა ეს წარწერები და მიცხადებდნენ მხარდაჭერას უსაფრთხოების ნაწილში. ამის შემდეგ იყო დიტო სამხარაძის ვიდეო, ერთგვარი აღიარებითი ჩვენება: ამბობდა, რომ დავალება შეასრულეს და იყო მუქარა იმის შესახებ, რომ არავინ მოგვეპარება უკნიდან, წინ დაგვხვდებიან, თუ გავაგრძელებთ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას. იმ ღამეს, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ცხოვრობენ ამ ბინაში (ილია და კახა გუჩმანიძეების საცხოვრებელი სახლი) ვიყავი პოლიციის სამმართველოში, დავწერთ განცხადება, უშუალოდ როგორც სატელეფონო ზარებზე, ასევე ამ მუქარის შემცველ წარწერებთან და თვითონ დიტო სამხარაძის პოსტთან დაკავშირებით და მეორე დღეს დილით დაგვხვდა კედლები შეღებილი დაახლოებით იმავე შინაარსის წარწერებით. გამოვიძახეთ პოლიცია, დავრეკეთ ასევე გენერალურ ინსპექციაში და დღე-ნახევრის განმავლობაში (რამდენჯერმე დავრეკეთ) არ გამოჩენილა არც საპატრულო ეკიპაჟი, არც ვინმე სხვა კონკრეტულად არც აჭარის საპატრულოს ხელმძღვანელი, არც სამმართველოს ხელმძღვანელი. ქალაქში რეალურად გაქრა სამართალდამცველი ორგანოები და მეორე დღესაც ისევ მე დავრეკე, რადგანაც ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, რომ ეს შეურაცხმყოფელი წარწერები ყველგან წაეშალათ და მის ნაცვლად სხვადასხვა პოზიტიური მესიჯები, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები დაეხატათ. ამიტომ მთხოვეს, რომ კიდევ დამერეკა პოლიციაში, რადგანაც არაფერი არის გამორიცხული ამ ხელისუფლებისგან და შესაძლებელია, ჩვენ დავედანაშაულებინეთ ამ კედლის გადაღებვაში. სამართალდამცველები მეორე დღეს გამოჩნდნენ.
_ თბილისის შემდეგ ბათუმი ერთ-ერთი მთავარი ცენტრი იყო პროტესტისა და დღემდე ასე რჩება, ყველაზე მეტად დედაქალაქის შემდგომ ბათუმში შეიმჩნევა საპროტესტო განწყობა. ამ ყველაფრის მერე ზოგადად რას ფიქრობენ აჭარის რეგიონში რუსულ კანონზე?
_ ვგრძნობ მხარდაჭერას ადამიანებისგან, რომლებიც ვერ დადიან აქციაზე მოუცლელობის ან შიშის გამო თუნდაც, რომ ერიდებიან სხვადასხვა ტიპის რეპრესიებს. ასევე ვგრძნობ თანადგომას უშუალოდ არა მხოლოდ ნაცნობებისგან და იმ ადამიანებისგან, რომლებსაც წლების განმავლობაში ვიცნობდი და ვპარტნიორობდი მათთან სხვადასხვა საჯარო, კერძო თუ სამოქალაქო სექტორში, არამედ სხვა უცნობი ადამიანებისგან. მათგან ეს ემოცია არის არა რომელიმე კანონის საწინააღმდეგო, ეს არის ხელისუფლების წინააღმდეგ ემოცია, რომელმაც რეალურად კანონის ძალაში შესვლამდე უკვე არაერთი ფაქტი განახორციელა ბათუმსა და სხვა რეგიონებში: ეს რის შანტაჟი, დაშინება ბოლშევიკური მეთოდებით და შეურაცხყოფა. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული საზოგადოება, მიუხედავად მისი პარტიული კუთვნილებისა, მზად არის უარი უთხრას ხელისუფლებას, რომელიც ცდილობს შეცვალოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და თან ამას საჯაროდ ვერ აღიარებს, იყენებს საზიზღარ მეთოდებს, რომლის გამოც 2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა.
_ ყველასთვის ცნობილია თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ, რომელიც აქტიურად მუშაობს ეკომიგრანტების პრობლემებზე და ეხმარება მათ. როდესაც საკრებულოში იმყოფებოდით, მაშინ თქვით, რომ რუსული კანონის მიხედვით, კონკრეტული მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლოა მოგიხდეთ ადამიანების ძალიან მნიშვნელოვანი, პირადი ინფორმაციის გაცემა, რომელიც რეალურად უნდა იყოს დაცული და კონფიდენციალური. ამის შესახებ რომ ვისაუბროთ, რა საფრთხეს ქმნის ეს კანონი ადამიანების პირად ინფორმაციებთან მიმართებით მაშინ, როდესაც რეალურად მისი დანიშნულება, როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობდნენ, უნდა ყოფილიყო გამჭვირვალობა, არასამთავრობოების ფინანსური ნაწილი.
_ საუბარი არის იმაზე, რომ კანონის ერთ-ერთი მუხლი ავალდებულებს ორგანიზაციებს, რომელიც ამ შემთხვევაში არ დარეგისტრირდება ან დარეგისტრირდება „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“, რომ იუსტიციის სამინისტროს შესაბამის წარმომადგენლობით პირს გაუზიაროს ყველა ტიპის ინფორმაცია, პერსონალური მონაცემების შესახებ კანონის საფუძველზე. არის ჩამონათვალი, სადაც რეალურად არის ყველა ტიპის ინფორმაცია, დაწყებული სექსუალური, ძალადობის შემცველი და ა. შ. ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეული ადამიანის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ერთხელ მაინც მოუმართავს ჩვენი ორგანიზაციისთვის და კანონი პერსონალური მონაცემების შესახებ გავავალდებულებდა შენახვას, არა გასაჯაროებას და ა. შ., ახლა რუსულ კანონში შეტანილი დანამატის საფუძველზე, იუსტიციის სამინისტროს შესაბამის პირზე ვალდებული ვართ, რომ გავცეთ მსგავსი ტიპის ინფორმაცია. ეს ნიშნავს იმას, რომ ტერორი, შანტაჟი და მსგავსი რამ უკვე დაკანონებული იქნება.
_ როგორია თქვენი მოლოდინი კანონთან მიმართებით იმ ადამიანების უფლებების დაცვის ნაწილში, რომლებსაც ემუქრებიან და ტერორს ახორციელებენ მათ მიმართ?
_ ძალიან რთული პერიოდი დგას. ჩვეულებრივ სიტუაციაში, იმ სტატუსის მატარებელი ადამიანი, როგორიც მე ვარ, სამოქალაქო ორგანიზაციებს წარმოვადგენ და ვარ სხვადასხვა პროექტში, შესაძლოა, არ უნდა ვაძლევდე თავს ამის თქმის უფლებას, მაგრამ მაინც მიწევს თქმა: ერთ-ერთ შეზღუდული შესაძლებლობების ორგანიზაციას ჰქონდა ძალიან კარგი ფორუმი, რომელსაც ესწრებოდნენ შშმ პირები და პარტიები გამოკლებით „ქართული ოცნებისა“. ამას ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ წინა შეხვედრას ესწრებოდნენ ისინიც. ამ შემთხვევაში დემონსტრაციულად არ დავპატიჟეთ ისინი, ხოლო სხვა ყველა ის პარტია იყო წარმოდგენილი, რომელიც ამ ქვეყნის მომავალს ხედავს რეალურად ევროპაში. შეხვედრაზე საჯაროდ ვთქვი, რომ ამას ნორმალურ მდგომარეობაში არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მოვუწოდე შშმ პირების ოჯახის წევრებს, რომ გაეზიარებინათ ეს ინფორმაცია მათი ახლობლებისთვის და მეგობრებისთვის, რომ „ქართული ოცნება“ არ უნდა შემოხაზონ 26 ოქტომბრის არჩევნებზე, რადგან მათ რეალურად გააკეთეს არჩევანი ამ ქვეყნის ევროპულ მომავალსა და რუსულ მომავალს შორის. შესაბამისად, მოვუწოდებ ნებისმიერ პარტიას, რომელსაც ექნება გაცხადებული ის, რომ დაიცავს ადამიანის უფლებებს და ევროპული პერსპექტივა იქნება მნიშვნელოვანი, აუცილებლად დასჯის იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა ქვეყანაში ახორციელებენ ტერორს, შანტაჟსა და ა. შ. მათ უნდა დაუჭირონ მხარი ამ პარტიებს და არა „ქართულ ოცნებას“. დარწმუნებული ვარ, თითოეული სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელი ნელ-ნელა დაიწყებს ამაზე საუბარს თავის ბენეფიციარებთან, ეს ბენეფიციარები თავიანთ მეზობლებთან, მეგობრებთან და საბოლოოდ მივიღებთ შედეგს, რომ მიუხედავად გაყალბების მცდელობისა, „ქართული ოცნება“ აუცილებლად დამარცხდება 26 ოქტომბრის არჩევნებში და სამართლიანი სასამართლოს პირობებში აუცილებლად დაისჯება ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს კანონის მიღებამდეც კი ახორციელებს საზიზღარ სადამსჯელო ოპერაციებს. აუცილებლად უნდა მივმართო დიტო სამხარაძეს და იმ ადამიანებს, რომლებსაც დააკავებენ აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით, რომ მოვინახულებთ მათ და ვეცდებით მათი სამართლებრივ-კონსტიტუციური უფლებები იქნას დაცული როგორც დაკავებისას, ასევე სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, ციხეში ყოფნის პერიოდში.
შემდეგი, ვისაც „ქართული ოცნების“ ძალადობრივ და შანტაჟის ქმედებებზე ვესაუბრეთ, გახლავთ გარემოსდამცველი და ეკოლოგი კახა გუჩმანიძე, რომელიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტით აჭარის ეკოლოგიის სადარაჯოზე დგას. გუჩმანიძე და მისი ოჯახის წევრები, ციალა ქათამიძის მსგავსად, აღმოჩნდნენ იმ სამიზნეთა სიაში, რომელიც დიტო სამხარაძემ შეადგინა:
_ კახა, თქვენი შეფასება იმ თავდასხმებზე, რომლებიც ხორციელდება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიმართ ზოგადად და ამ კონკრეტულ შემთხვევაში აჭარის რეგიონში.
_ ჩემი შეფასებით ეს არის აბსოლუტურად საღ აზრს მოკლებული და ყოველგვარი მორალისგან დაცლილი უშედეგო მცდელობა ენჯეო სექტორის დაშინებისა, რაც პრინციპში უკან მოუბრუნდათ ძალიან ცუდად. მსგავსი საქციელით, რაც მათ განახორციელეს, ვინც კონკრეტულად ვებრძვით რუსულ კანონს და ყველგან ვაფიქსირებთ პოზიციას „არა რუსულ კანონს“, შევიძინეთ უფრო მეტი ენერგია და გაასმაგებულად დავიწყებთ ბრძოლას იმ კანონის წინააღმდეგ, რომელიც უკვე მიიღეს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის მარაზმი, რაც დღეს საქართველოში ხორციელდება სახელისუფლებო პარტიისა და ხელისუფლების მიერ, აღიკვეთოს. რაც შეეხება თავად მცდელობას, მინდა გავაკეთო ძალიან მარტივი შეფასება: ვინც ეს ყველაფერი განახორციელა და აღიარა კიდეც, თავის ფეისბუკპოსტით და ამაზე თანდართული ვიდეო მასალით, რომ ეს ყველაფერი იყო დიტო სამხარაძის დაგეგმილი და ადგილზე განახორციელეს სახელისუფლებო პარტიის „ტიტუშკებმა“, ეს იყო ყოვლად ამორალური მცდელობა დაშინების. ადამიანებს ოჯახებში მიუვარდე, საკუთარ კარზე, კედელზე, იქ სადაც ბავშვები და ფეხმძიმე ქალი ცხოვრობს, დაუწერო დამაშინებელი მუქარის ამორალური ტექსტები და ემუქრებოდე ფიზიკური ანგარიშსწორებით და ამას ამაგრებდე პოსტებით და თან ურთავდე ვიდეომასალას, ეს არ არის არანაირი პოლიტიკა. ეს არ ჯდება რანაირი პოლიტიკური კულტურის, ცივილიზაციის ჩარჩოებში და არის ფსკერი. ფსკერზე ქვევით მყოფი საქციელი, რომელიც განახორციელა დიტო სამხარაძემ. უპრეცედენტო შემთხვევაა, პოლიციაში განვაცხადეთ, ასევე მედიის საშუალებით გაშუქდა და მეორე დილით იგივე განმეორდა, ოღონდ წარწერები გადმოიტანეს კარზე და უფრო მეტი წარწერა გააკეთეს ჩვენს სადარბაზოში კარსა და კედელზე.
რა თქმა უნდა, არ ვარ ციდან ჩამოფრენილი და ბუნებრივია მესმის, რომ აქაური პოლიცია ვერ დაკითხავდა დიტო სამხარაძეს, ვუთხარი კიდევაც ეს, რომ არ მაქვს იმის ილუზია, რომ მის დაკითხვას თქვენ ოდესმე მოახერხებთ-მეთქი, მაგრამ ჩვენ, როგორც კეთილსინდისიერი მოქალაქეები ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას და მოგმართეთ სამართალდამცველ ორგანოებს. ღამით დავბრუნდით გვიან და აღმოჩნდა, რომ. როგორც ჩანს, პოლიციაში განაცხადის გაკეთებამ და დაკითხვამ ძალიან ცუდად იმოქმედა დიტო სამხარაძეზე და ადგილობრივ ლიდერებზე შურისძიებისა და ბოღმიდან გამომდინარე, მეორე დილითაც, როგორც ზემოთ ვთქვი, დაგვხვდა უფრო მეტი წარწერა. დიტო სამხარაძეს, ბუნებრივია, კონკრეტული ინფორმაცია შესაძლოა ჰქონდა ჩვენზე, რომ ჩვენი ოჯახი, სამივე ძმა, რომლებიც ვართ ჩართული სამოქალაქო სექტორში, აქტიურად ვიბრძოდით, ვიბრძვით და შემდგომშიც ვიბრძოლებთ რუსული კანონის წინააღმდეგ, თუმცა ვფიქრობ და ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ჩვენი მონაცემების სია, კონკრეტული მისამართები იქნა მიწოდებული „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ხელმძღვანელების მიერ და შემდეგ განხორციელდა ყველაფერი ადგილობრივი „ტიტუშკების“ მხრიდან. ძალიან ძნელია, რომ ვინმეს კონკრეტულად დადო ხელი, თუმცა ფაქტია, რომ მსგავსი ტიპის ამორალური ქმედების განხორციელებამდე ინფორმირებული იქნებოდნენ აქაური პარტიული კონკრეტული სტრუქტურები. ვინ დაიჯერებს იმას, რომ დიტო სამხარაძემ თბილისიდან გამოუშვა „ტიტუშკები“? როგორც ჩანს, ვიღაცას თვალში ვეჩხირებოდით, არ მოსწონდათ ჩვენი მოქმედება და სწორედ ეს იყო ამის განმაპირობებელი. აქედან გამომდინარე ჩვენმა ოჯახმა თავიდანვე განაცხადა, რომ ჩვენი დაშინება არის შეუძლებელი და ამას ვაფიქსირებ ხაზგასმით: მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი გზა არის ჩვენი ფიზიკური განადგურება, სხვა მხრივ ფიზიკური დაშინება იქნება, წარწერები, დახვედრები, სადარბაზოში ჩასაფრება თუ სხვა, ჩვენ არ დავიხევთ უკან და ასმაგი ენერგიით გავაგრძელებთ ბრძოლას იმ მარაზმისა და ქვეყნის დაღუპვისთვის მიმართული საქციელის წინააღმდეგ, რასაც ახორციელებს „ქართული ოცნება“. დაბოღმილები და გაბოროტებულები არიან, რადგანაც შედეგი ვერ დაიდო, დაშინება ვერ მოხერხდა, ვერც მოახერხებენ.
_ გარდა იმისა, რომ აქტიურად აპროტესტებთ რუსულ კანონს, გაქვთ ორგანიზაცია, რომელიც წლებია იბრძვის აჭარის ეკოლოგიისთვის. რუსული კანონის მიღების შემდგომ რა ბედი ელის ამ ორგანიზაციას?
_ მადლობა შეკითხვისთვის, პირველი: არცერთი ჩვენი ოჯახის წევრი არ წარმოადგენს საქართველოში არცერთ პოლიტიკურ გაერთიანებას და პარტიას, წლების მანძილზე ვემსახურებით და ვსაქმიანობთ არასამთავრობო სექტორში, ძირითადად ეკოლოგიის, გარემოს დაცვის, საგანმანათლებლო და ადამიანის უფლების დაცვის სფეროში. წლების მანძილზე ჩვენი ყველა ინტერვიუ, განცხადება თუ ქმედება მიმართული იყო პროფესიული კუთხით და ასე ვაკეთებდით დასკვნებს, ექსპერტულ შეფასებებსა და ა. შ. გარდა ამისა, ჩვენი ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივობა იყო ის, რომ როგორც ღირსეული ადამიანები, გამოვდიოდით მთელი ჩვენი ოჯახით, რესურსით და ვაფიქსირებდით დამოკიდებულებას 84 მოღალატისა და რუსული კანონის მიმართ, ეს იყო ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიცია. არცერთი გუჩმანიძე არ არის ჩართული პოლიტიკურ პარტიებში, ამიტომ აპელირება იმაზე, რომ ვიღაც დეპუტატებს დაუწერეს წარწერები, რომლებიც წარმოადგენენ პოლიტიკურ პარტიას და მხარი დაუჭირეს ბინძურ რუსულ კანონს, როგორც მოღალატეებმა, ჩვენ არა ვართ პარტია და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამით ჩვენზე იძიეს შური, კიდევ ერთხელ ვამბობ, _ ეს არის სიცრუე. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოქალაქეობრივი პოზიცია არ გვაქვს, ჩვენს პოზიციას წლების მანძილზე ვაფიქსირებთ სახელისუფლებო პარტიის მიმართ და თავიდანვე ვამბობდით, რომ გვაქვს ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება იმ მარაზმის მიმართ, რასაც „ქართული ოცნება“ ჰქვია და იმ კანონის მიმართ, რასაც რუსული კანონი ჰქვია.
ბათუმში განვითარებული პროცესების პოლიტიკური შეჯამება პარტია „ახალის“ პოლიტსაბჭოს წევრს, გიორგი კირთაძეს ვთხოვეთ:
_ ბატონო გიორგი, უკვე დიდი ხანია აკვირდებით იმ პროცესებს, რაც ხდება საქართველოში და ამავდროულად ბათუმში. როგორია ამ ყველაფრის პოლიტიკური შეფასება?
_ ჩვენ პირდაპირ გვითხრეს, რომ ვცხოვრობთ ზუსტად იმავე ტიპის რეჟიმის ქვეყანაში, როგორშიც ცხოვრობენ რუსეთში რუსები, ბელარუსში ბელარუსები და ა. შ. თუ ადრე მაინც ახერხებდნენ, რომ გაბრაზებულ მოქალაქეებს აბრალებდნენ მსგავსს საქციელებს, ახლა დიტო სამხარაძე მოგვევლინა ღიად ამ ყველაფრის ორგანიზატორად. ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, რომ ეს არის მისი ბრძოლის მეთოდი განსხვავებულად მოაზროვნე ხალხის მიმართ.
_ რა გავლენა იქონია ამ ქმედებებმა საპროტესტო მუხტზე?
_ ბიძინა ივანიშვილი ტელეფონზე რეკვებით, ცემა-ტყეპით ხალხს ვერ აშინებს და ეს უამრავჯერ დამტკიცდა ბოლო თვეების განმავლობაში. ერი ჩამოყალიბდა, რომ ივანიშვილის მსგავსი ადამიანი არ შეიძლება იყოს ძალაუფლებით აღჭურვილი. ეს განაჩენი საბოლოოდ ძალაში შევა 26 ოქტომბერს.