დანგრეული საკათედრო ტაძარი და ორი მღვდელმთავრის ტრაგიკული ისტორია


ქუთაისის ამჟამინდელი ცენტრალური მოედნის ადგილზე მდებარეობდა ქუთაისის წმიდა კეთილმსახური მეფის, დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარი (სობორო), რომელიც 1924 წელს ბოლშევიკურმა მთავრობამ დაანგრია.
სავარდო და სამაისო ქუთაისს საუკუნეების განმავლობაში უამრავ მტერთან უწევდა გამკლავება და ყველა მძიმე კვალს ტოვებდა ქალაქზე. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, როცა ბოლშევიკები ეკლესია-მონასტრებს შეესივნენ, ქუთაისის საკათედრო ტაძარსაც მიადგნენ და მიწასთან გაასწორეს. მის ადგილზე ლენინის ძეგლი აღმართეს, ეკლესიის ქვები კი სასაფლაოს შემოსაღობად გამოიყენეს.

ქუთაისის ამ ტრაგიკულ პერიოდზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორანტი, თეოლოგიისა და პოლიტოლოგიის მაგისტრი _ ლაშა დეისაძე-შარვაშიძე:

_ ლაშა, მოგვიყევით საკათედრო ტაძარზე, რომელიც ბოლშევიკურმა მთავრობამ მიწასთან გაასწორა.
_ ტაძარი ქუთაისის ამჟამინდელი ცენტრალური მოედნის ტერიტორიაზე მდებარეობდა. მისი აგების იდეა 1851 წელს გაჩნდა. მშენებლობა ცნობილი რუსი მხატვრის, გაგარინის გეგმით მიმდინარეობდა, თუმცა, სამწუხაროდ, მალევე შეჩერდა.
მეუფე გაბრიელის (ქიქოძე) მღვდელმთავრობისას, მე-19 საუკუნის 60-70-იან წლებში, ქუთაისის იმდროინდელმა გუბერნატორმა, ლევაშოვმა, გლეხობის შემოწირულობით ტაძარი დაასრულა. ეპისკოპოსმა გაბრიელმა ტაძარი 1871 წელს ალექსანდრე ნეველის სახელზე აკურთხა. ახალ კათედრალს საარქიელო (ანუ სამღვდელმთავრო) სობორო ეწოდა. „სობორო“ ძვ. სლავური სიტყვაა და საკათედრო ტაძარს ნიშნავს.
1920 წელს კი ტაძარი წმიდა კეთილმსახური მეფის, დავით აღმაშენებლის სახელობის გახდა, სადაც უფლის მართალ სიტყვას ქადაგებდნენ: იმერეთის ეპისკოპოსი, წმიდა გაბრიელი (ქიქოძე _ 1871-1896 წწ.), იმერეთის ეპისკოპოსი ბესარიონი (დადიანი _ 1896-1900 წწ.), იმერეთის ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე, შემდგომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი _ 1900-1908 წწ.), იმერეთის ეპისკოპოსი გიორგი (ალადაშვილი, შემდგომ ჭყონდიდელი და ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი _ 1908-1917 წწ.), ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე _ 1917-1918 წწ.), ქუთათელი მიტროპოლიტი წმიდა ნაზარი (ლეჟავა _ 1918-1923 წწ.).
1921 წლის თებერვალში, როცა საქართველოში საბჭოთა საოკუპაციო ათეისტური მმართველობა დამყარდა, ბოლშევიკები გააფთრებით ებრძოდნენ ქრისტეს ეკლესიას. იხურებოდა ეკლესია-მონასტრები, სიცოცხლეს ასალმებდნენ სასულიერო პირებს, ბერ-მონაზვნებს, იდევნებოდნენ მორწმუნენი.
მათ ვერაგობას ვერც ქუთაისის საკათედრო ტაძარი გადაურჩა და 1923 წლის 8 მარტს ქუთაის-გაენათის ეპარქიას ჩამოერთვა სობოროს კათედრალი, რომლის გუმბათიდან იმავე დღეს ჩამოხსნეს ჯვარი, ტაძრიდან გამოიტანეს წმიდა ხატები და შეურაცხყვეს. სწორედ ამ საშინელ დღეს ათეისტებმა ტაძართან მიტინგი ჩაატარეს.
„ეკლესიას მოსწყდა ჯვარი, რომლის ნაცვლად აფრიალებულ იქნა წითელი დროშა, რომელსაც მხურვალე ტაშის ცემით, ოვაციებით და „ინტერნაციონალის“ ჰიმნით შეხვდნენ. აქვე დადგენილ იქნა, რომ კვლავ გაგრძელდეს ასეთი ბრძოლა ცრუმორწმუნეობის წინააღმდეგ და მიტინგი დაიშალა. ამ დღის შემდეგ ეს „სობორო“ კომკავშირის ქუთაისის სამაზრო კომიტეტის განკარგულებაშია“, _ წერდა გაზეთი „მუშა და გლეხი“ 1923 წელს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერი არსებობს. ეს გახლავთ საქართველოს კომუნისტური პარტიის ქუთაისის სამაზრო კომიტეტის 1924 წლის 30 იანვრის დადგენილება:
„დაირღვეს საკათედრო ტაძარი (სობორო). მასალა გამოყენებულ იქნას ძმათა სასაფლაოს შემოსაღობად. იმ ადგილზე გაფართოვდეს მოედანი და ტაძრის ადგილზე დაიდგას ამხანაგ ლენინის ძეგლი“.
_ ამ ქვებით აგებული გალავანი დღესაც არსებობს?
_ დიახ. ამ სასაფლაოს ადგილზე დღეს ნინოშვილის ბაღი-სკვერია, რომელიც სწორედ ამ ტაძრის ქვებისგან აგებული გალავნითაა შემოსაზღვრული.
_ იმ დროს პროტესტის გამოხატვა სიკვდილზე წასვლას ნიშნავდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მაშინდელმა საზოგადოებამ ამ ვანდალიზმს წინააღმდეგობა გაუწია?
_ საპყრობილიდან ახალგანთავისუფლებულმა ქუთათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა (ლეჟავა) მეორე დღეს, 31 იანვარს, ბოლშევიკურ საოკუპაციო რეჟიმს მიმართვა გაუგზავნა:
„ქუთაისის საკათედრო ტაძრის დაკეტვამ ძაძებით შემოსა მორწმუნეები, ხოლო მისი დანგრევა უეჭველად სასოწარკვეთილებაში ჩააგდებს და სარწმუნოებრივ აღშფოთებას გამოიწვევს არათუ ქუთაისის მორწმუნეთა, არამედ იმერეთის ნახევარმილიონ მორწმუნეთა შორის. ასეთი სარწმუნოებრივი გრძნობის შელახვა არ მომხდარა არათუ ჩვენს მეზობელ სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებში, არამედ არც რუსეთში, სადაც დღეს სარწმუნოებრივი ცხოვრება დუღს და გადადუღს. სრული იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ სამართლიანობის საფუძველზე არ უნდა მოხდეს არც საქართველოში“.
ბოლშევიკებმა არც ქუთაისელი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტ ტრიფონ ჯაფარიძის თხოვნა შეისმინეს, რომ ტაძარში მუზეუმი მოწყობილიყო და იგი არ დაენგრიათ. 1924 წლის ზაფხულში მთავრობამ ტაძარი მთლიანად დაანგრია _ მიწასთან გაასწორა.
_ ეკლესია ქვეყნის სიწმინდე და განძია, ამ ტაძარს კი ჩვენი ქვეყნისთვის სხვა დატვირთვაც ჰქონდა. ამის შესახებაც მოგვიყევით.
_ ტაძარი გახლდათ კათედრალი, თან ისეთი უმნიშვნელოვანესი ეპარქიისა, როგორიც იყო ჯერ იმერეთისა და შემდეგ ქუთაისის სამღვდელმთავრო, რომელიც საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი ეპარქია გახლავთ და მისი დაარსების თარიღად მე-9 საუკუნე მოიაზრება. შესაბამისად, ასეთი უძველესი ეპარქიის კათედრალი, მით უმეტეს, ბაგრატის ტაძრის ადგილმონაცვლე, მნიშვნელოვანი იყო თავისი სიდიადით.
_ ბევრმა არ იცის, რომ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე შეიძლება მღვდელმთავრების საფლავებზეც დააბიჯებდეს. რომელი სასულიერო პირები განისვენებენ იქ?
_ ქუთაისის საკათედრო ტაძარში დაკრძალული იყო საქართველოს ეკლესიის ორი მღვდელმთავარი: იმერეთის ეპისკოპოსი ბესარიონი (დადიანი), რომელიც 1896-1900 წლებში მწყემსმთავრობდა იმერეთის ეპარქიას და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიური მოძრაობის უპირველესი ლიდერი, ავტოკეფალიის აღდგენის ერთ-ერთი შემოქმედი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტის ავტორი, ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე), რომელიც ზუსტად ერთი წელიწადი მწყემსმთავრობდა ქუთაისის უძველეს სამიტროპოლიტო კათედრას.
მიტროპოლიტი ანტონი 52 წლის იყო, როცა 1918 წლის 18 სექტემბერს ის საკუთარმა სიძემ, ქალიშვილის მეუღლემ, ნიკალაი რედიგერმა მოწამლა. მეუფე ანტონი 24 სექტემბერს ქუთაისის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. მღვდელმთავრების საფლავები დღესაც ამ ტერიტორიაზე, ანუ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზეა.
_ ტაძრის დანგრევამდე რატომ არ გადაასვენეს ისინი?
_ ბოლშევიკური მთავრობა ქრისტეს ეკლესიას იდეოლოგიურ მტრად მიიჩნევდა _ ის სდევნიდა და შეურაცხყოფდა სასულიერო იერარქიის წარმომადგენლებს, როგორც ამქვეყნად მყოფებს, ისე _ გარდაცვლილებს. შესაბამისად, მათ არაფრად მიაჩნდათ ტაძარში მღვდელმთავართა საფლავების ყოფნა. მათთვის ეს ფასეულობას არ წარმოადგენდა. ტაძარი მიწასთან გაასწორეს და იქ რა იყო, არც აინტერესებდათ. თან მიტროპოლიტი ანტონი მკვეთრად ანტირუსული განწყობის გახლდათ, აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა რუსეთის იმპერიას.
აქვე აღვნიშნავ, რომ 2018 წლის 18 სექტემბერს 100 წელი შესრულდა მიტროპოლიტ ანტონის გარდაცვალებიდან. ამ დღეს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მივედი და ყვავილების გვირგვინი მივიტანე. ამგვარად მივაგე პატივი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს.
_ არავის უფიქრია, რომ მღვდელმთავრების საფლავები მოეძებნათ და ნეშტები სათანადო ადგილზე დაეკრძალათ?
_ სამწუხაროდ, არა! ეს საკითხი არც ამ ეტაპზე განიხილება. მაშინ მოედანი მთლიანად უნდა გადაითხაროს. აღსანიშნავია, რომ მიტროპოლიტს საფლავში მედალიონი ჩააყოლეს. ასე რომ, ნეშტის აღმოჩენის შემთხვევაში იგი ადვილი ამოსაცნობი იქნება.
_ საკათედრო ტაძრის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლება ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიასაც მიადგა და დაანგრია. ის რა ადგილზე იდგა?
_ ქუთაისის მერიის გვერდით, ახლა რომ შრომის მემორიალია. მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი 1450 წელს აიგო და დიდი ხნის განმავლობაში ქუთაისში, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე არსებული ერთადერთი ტაძარი გახლდათ. დრო-ჟამის მსვლელობამ ძველი ტაძარი დააზიანა და ახლის აშენება გახდა საჭირო. 1829 წელს დეკანოზმა იესე გიორგაძემ წერილობით მიმართა იმერეთის მთავარეპისკოპოსს, რომ ახალი ტაძრის აგების ნება დაერთო.
მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ამ ადგილზე ახალი ტაძარი ააშენეს და იგი 1840 წელს აკურთხეს. ამ ტაძარში არაერთი ქადაგება აქვს წარმოთქმული წმიდა მღვდელმთავარ გაბრიელს (ქიქოძე). აქვე მსახურობდნენ ცნობილი სასულიერო პირები: დეკანოზი რაჟდენ გიგაური, დეკანოზი კორნელი კეკელიძე (1905 წელს; შემდგომში ცნობილი აკადემიკოსი, ძველი ქართული ლიტერატურის მკვლევარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი) და სხვანი…
_ წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის გალავანში სასაფლაო მდებარეობდა, რომელიც ერთგვარი პანთეონი იყო. იქ დაკრძალული იყვნენ გამოჩენილი პიროვნები: საბა კლდიაშვილი, სამსონ თოფურია, დიმიტრი ნაზარიშვილი და სხვები. მათ საფლავებს რა ბედი ეწია?
_ კომუნისტებმა ტაძარი 1944 წელს დაანგრიეს. ამ შემთხვევაში მათი ნეშტები სხვადასხვა სასაფლაოზე გადაასვენეს (ძირითადად, მწვანეყვავილას პანთეონში), თუმცა ზოგიერთი საფლავი არ გაუხსნიათ და იმ ადგილზე დღესაც რამდენიმე საფლავია. იქვე მდებარე სახეცვლილი ქვის გალავანი სწორედ ხსენებული ტაძრის გალავნის ნაშთია.
წმიდა მთავარანგელოზთა ტაძარს სამრეკლოც ჰქონდა, რომელიც ტაძრის დანგრევიდან ერთ წელიწადში, 1945 წელს დაანგრიეს და იმ ადგილზე შრომის მემორიალი ააგეს, რომელიც, როგორც უკვე ვთქვით, დღესაც არსებობს.
_ ეკლესიის ქვები სად წაიღეს?
_ მისი ქვები გამოიყენეს ქუთაისის ქალაქკომის, ამჟამინდელი მერიის შენობის ასაგებად. დღეს ქუთაისის მერიის შენობაში მოქმედი ტაძარი სწორედ დანგრეული ეკლესიის ადგილმონაცვლეა. როდესაც შენობის ერთ-ერთი კედელი გახსნეს, რომ ეკლესიისთვის კარი გაეკეთებინათ, იმ ადგილზე ქვა აღმოჩნდა ჯვრის ბარელიეფით, რომელიც სწორედ დანგრეული ტაძრის იყო. ძველი ტაძრის სხვა ქვებიც აღმოაჩინეს და დღეს ეს სიწმინდეები მის კარიბჭესთან არის გამოფენილი.

ლევან ქემოკლიძე