დავით ჭიჭინაძე: „ივანიშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი დაპირებების შეუსრულებლობისთვის“
თამარ სანაძე
16 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა სანქციები დაუწესა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „კონსერვატიული მოძრაობის“, იგივე „ალტ-ინფოს“ ლიდერებს კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს.
სანქციების საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ აშშ-ის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქის სანქცირება „არის ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო“ და „ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა“.
პრემიერი საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანსაც შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს“.
სანქციებზე, წინასაარჩევნო გარემოსა და „ქართული ოცნების“ ქმედებებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარტია „ტრიბუნის“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე:
_ ბატონო დავით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, მის მოადგილეს, „ალტ-ინფოს“ ლიდერებს კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანქციები შემუშავებულია ბიძინა ივანიშვილისთვის. როგორ შეაფასებთ ამ მოცემულობას და საინტერესოა, რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ამ რეალობამ ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“?
_ ეს ხალხი ქართველი საზოგადოების წინაშე სჩადის დანაშაულს და ეს არის არჩევნების გაყალბება. 2020 წელს არჩევნები გაყალბდა, მიიტაცა „ოცნებამ“. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა მაშინ ქართველი ხალხის ინტერესი არ გაითვალისწინეს, არ დაასანქცირეს ეს პირები და გაყალბებული არჩევნები გაათეთრეს. არჩევნები რომ არ გაეყალბებინათ და შემდეგ მიტაცებულ არჩევნებზე თვალი არ დაეხუჭათ, ვერც მოსამართლეებს დანიშნავდნენ და ვერც კანონებს მიიღებდნენ. ანუ სანქცირება დღეს, პირდაპირ რომ ვთქვათ, როგორც მოქალაქეს და როგორც პოლიტიკოსს, მიმაჩნია, რომ არ არის გამოსავალი. რაც უფრო დაშორდები ამ ადამიანებს, კიდევ უფრო დააპირისპირებ საკუთარ ქვეყანასთან, კიდევ უფრო უბიძგებ დანაშულებებისკენ.
კი ბატონი, დაწესდა სანქციები, მაგრამ არ შეშინდა „ქართული ოცნება“, რეალურად გააყალბა არჩევნები, კიდევ უფრო უარესი ანტიდემოკრატიული ქმედებები ჩაიდინა, მე მაინტერესებს, მერე რა ხდება? სანქციების შემდეგი ეტაპი რა არის? ისევ შეშფოთება? აქედან გამომდინარე, ის თუ რა მოჰყვება სანქციებს ამ კონკრეტული ადამიანების, დასანქცირებულების პრობლემაა, მაგრამ სახელმწიფოსაც დემოკრატიისა და განვითარების თვალსაზრისით არ წაადგება, ძალიან დიდ ზიანს მოუტანს. მათი დასჯით, სანამ ისინი ხელისუფლებაში არიან, ჩვენი, ქართველი ხალხის დასჯა გამოდის, იმიტომ, რომ ისინი მერე შურს იძიებენ საკუთარ მოსახლეობაზე, რომ იქ დაკარგული აქ დააკომპენსირონ. კარგი, ბატონო, ვერ წავლენ ამერიკაში, მაგრამ იქ ფინანსური სანქციაა მთავარი, რომ მათ რესურსები შეეზღუდოთ. ამასთან დაკავშირებით, როგორც ვხედავ, დიდი ნაბიჯები არ იდგმება. მომხრე ვარ, რომ სხვა, ქმედითი ზომები იყოს მიღებული და მეტად აქტიური ნაბიჯები გადაიდგას, რომელიც გაანეიტრალებდა „ოცნების“ ხელისუფლებას და არანაირად არ მისცემდა არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას. ამ ნაწილში ოპოზიციაც სცოდავს და საკმაოდ მაგრად, რადგან ისინი არიან არა ქართველი ხალხის იმედად, არამედ სანქციების იმედი აქვთ და აი, ეს სანქციები და პარტნიორები წააქცევს ხელისუფლებას. არ არის ასე, თუ ქართველმა ხალხმა არ მოინდომა, თუ ხალხმა არ დაინახა, რომ სანქციები „ოცნებას“ კი არა, ჩვენ, ხალხს გვაზიანებს, არაფერი გამოვა. ეს ოპოზიცია საკუთარი ამომრჩევლის, ხალხის იმედად არ არის, ესენი არიან მხოლოდ დასავლელი პარტნიორების იმედად, რომ ისინი გადააგდებენ „ოცნებას“ და დასვამენ ოპოზიციას. თუ ხალხის მხარდაჭერა არ არის, ვერაფერს შეძლებს ვერც ერთი პარტია.
ისეთი აპათიაა არჩევნებთან დაკავშირებით, ხალხის დიდ ნაწილს არც არჩევნები აინტერესებს და ეს ოპოზიციური ძალები დაიღალა ნაგავში ქექვით, განსხვავებაც რომ არაფერი არის. არ მგონია, რომ ამ სანქციებმა ცვლილებები მოუტანოს ქვეყანას.
_ ბატონო დავით, „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის გორში გაკეთებული განცხადება, რომ ქართველებმა ოსებს ბოდიში უნდა მოუხადონ, ქართულ საზოგადოებაში ყველაზე აქტუალური და განხილვადი თემაა. თქვენი აზრით, პოლიტიკური შედეგების თვალსაზრისით რა სურათს გვაძლევს?
_ ბოდიშის თქმა როგორ შეიძლება, დასაძრახი იყოს, მაგრამ გააჩნია, რა კონტექსტში ამბობ ბოდიშს. შენ თუ ფიქრობ, რომ ბოდიში იმიტომ უნდა მოუხადო ვიღაცას, რომ დანაშაული ჩაიდინე, თუ დამნაშავე ხარ, მაშინ იხდი ბოდიშს. ასე გამოდის, ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ ქართველ ხალხს მიგვიძღვის დანაშაული იმის გამო, რომ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიები, საკუთარი ქვეყნის წარსული დავიცავით. მისთვის ეს პათოსი არაფერს ნიშნავს და ვისაც მოუნდება, ის ხელყოფს ჩვენს მიწებს, ჩვენ კი თავი უნდა დავიდანაშაულოთ, წინააღმდეგობა რატომ გავუწიეთო. თუ ბოდიშის მოხდაა საჭირო, უნდა დაიწყოს ადამიანმა იქიდან, რასაც ჰქვია იმ ავაზაკებთან ერთად, რომელიც დღეს იმ ქვეყანას მართავს, რომელიც შევარდნაძისა და „ნაციონალური მოძრაობის“ გადმონაშთია, მოქალაქეთა კავშირის გადმონაშთია, თავისი მაშინდელი ხალგაზრდული ფრთა. ეს ის ხალხია, რომელიც დღესასწაულად თვლიდა გამსახურდიას დამხობას. საკუთარი ხალხის წინაშე უნდა მოიხადო პირველ რიგში ბოდიში. ბოდიში უნდა მოიხადო მეგრელების წინაშე, რადგან ის სადამსჯელო ოპერაცია აფხაზეთის ომის წინ გამსახურდიას მხარდაჭერისთვის სამეგრელოს წინააღმდეგ იყო ჩადენილი. ამასთან მიმართებით თუ ექნება ბოდიშის მოხდის სურვილი, რადგან ამ საქმეს ამდენი ხანი სათანადო შეფასება არ მისცა და ნახევრად გამოძიებულია, ბოლომდე არ მიიყვანა. ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს საქართველოს ბედ-იღბალი, მას აინტერესებს გარე პარტნიორებთან, ვინც მას დაიცავს, მათთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები.
თუ მას რაიმისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი, ეს არის პირველ რიგში ის საქციელი, რომელიც მან 2012-ში ჩაიდინა, დაპირებები გასცა და არც ერთი არ შეასრულა. ამის აბსოლუტური იგნორირება ხდება. ამ ადამიანს ახასიათებს ასეთი უპირო საქციელების ჩადენა. ჩვენ გვახსოვს, 2018 წელს თითქმის მობოდიშებით, შეშინებული ლაპარაკობდა, ოღონდ ახლა დამიჭირეთ მხარი და ერთ წელიწადში გპირდებით, ყველაფერს გამოვასწორებო, ამ პირობის შეუსრულებლობისთვის არ აქვს ბოდიში მოსახდელი?
როცა შენ ბოდიშს იხდი, იმას სჭირდება არგუმენტები, მან რატომ მოიხადა ბოდიში, ჩვენ დამნაშავეები ვართ?
როცა მთავრობა ხალხს ძარცვავს ყველანაირად, უიმედობის გამო გარბის ხალხი, მის გამო აქვს მოსახდელი. ის რაც ივანიშვილმა თქვა არასწორია, ეს კიდევ ერთ ძალიან ცუდ შტრიხს უმატებს მის არსებობას, მოღვაწეობას.
_ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ტაქტიკა და სტრატეგია, მეტ-ნაკლებად, გასაგებია, მაგრამ არჩევნებზე მათი შანსებია მთავარი. „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ მათ დღეისთვის 60%-მდე აქვთ მხარდაჭერა. თუმცა თუ მათ ასეთი მხარდაჭერა აქვთ, რატომ გახდა საჭირო „ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულში პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილის დასახელება, ოლიმპიური ჩემპიონები ოცნების სიაში? რას შეიძლება ნიშნავდეს მმართველი გუნდის პირველ ნომრად ივანიშვილის ხილვა?
_ ჯობდა, „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ სპორტსმენებით დაეწყო სიის დაკომპლექტება. საკუთარი უსუსურობის აღიარებაა ეს ყველაფერი. ამ ადამიანებს, ოლიმპიელებს, საკუთარი ვალი ქვეყნის წინაშე მოხდილი აქვთ, ვინმე მაინც ჰყავთ გახარებული. ამ ქვეყანაში დეპუტატობა უკვე ჯილდოა და არა ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რა პრობლემაა _ ეს ხალხი დავაჯილდოვოთ, იმიტომ რომ გადახედეთ, რა ლიდერები, სად არის იქ ლიდერი, ყველა წყალწაღებულია, 2012 წელს არავინ მათი სახელი არ იცოდა, სად იყვნენ კობახიძეები, მდინარაძეები, სულ სხვა ხალხი იბრძოდა, მე მაგათ კოლექტიურ ზარდიაშვილებად მოვიხსენიებ, უსახური ადამიანები არიან, პარტიაც ასეთივე აქვთ. ბიძინა ივანიშვილი მათ ისეთ განცხადებებს აკეთებინებს, რომ მათ ბოლოს დასამალიც კი არსად ექნებათ, სამარცხვინოა, როგორი ზიზღით საუბრობენ ისინი. ვფიქრობ, სპორტსმენები კიდევ კარგი ვარიანტია. სულ სპორტსმენებით უნდა დაეკომპლექტებინათ მთელი სია, სულ ტაშ-ფანდურზე არიან. ნახევარი სია სპორტსმენები, ნახევარი მომღერლები, „ქართული ოცნება“ მეტი რა არის, მაინც კულუარებში წყდება ყველაფერი. რა სია, რის მხარდაჭერა, როდის უთქვამთ მათ სიმართლე? _ არასოდეს! გაიხსენეთ საპრეზიდენტო არჩევნები, კობახიძე გამოძვრა და 52% გვაქვსო. საწყალი ბიგვავა შეარცხვინა, დათვლილი ჰქონდა 37%, კობახიძემ კი უცებ მიუმატა 15% და ვითომ 52 გახადა. ამ ადამიანში უსინდისობის პიკია. კობახიძე ისე იტყუება, რომ თვალს არ ახამხამებს. ის კოლექტიური ზარდიაშვილია.
_ როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო კამპანიას? ზოგადად, რა ვითარება გვაქვს ამ კუთხით?
_ ოპოზიციაზეც რომ მოგახსენოთ, გადახედავ და ყველა ბიძინა ივანიშვილის ვალდებულია. ყველაფერს ივანიშვილი ალაგებს. როგორც არის თქმულება, ადგილი როგორც არ უნდა შეიცვალოთ, თქვენგან მუსიკოსები არ გამოვაო, ასეა ბევრი ოპოზიციონერი, რომლისგანაც პოლიტიკოსი არ გამოვა. როგორ შეიძლება დღეს მტერი იყო იდეოლოგიური და ხვალ თქვა, მე ყველაფერი უკან ჩამოვიტოვე და გადავდეო. რა ჩამოიტოვე? რა გადადე? რატომ უნდა ენდოს მოქალაქე პოლიტიკოსს, რომელმაც იდეოლოგიას უღალატა. მერყევი ადამიანებისგან არასოდეს არაფერი გამოსულა და არც ახლა გამოვა რამე. ეს მოცემულობაა დღეს და ყველაფერი რომ შეიცვალოს სასიკეთოდ, საჭიროა 1991-92 წლების ზუსტი ანალიზი და შეფასება, იქიდან მოყოლებული უნდა გაიწმინდოს და გასწორდეს ყველაფერი. დღეს ვინც გვყავს პოლიტიკურ ველზე, ამ ადამიანებმა მხოლოდ ქვეყნიდან გაქცევა და ქვეყნის დაცარიელება მოიტანეს. მათ ახალგაზრდები სჭირდებათ მხოლოდ პლაკატების გასაკრავად, როცა მოუნდებათ ეკრანზე გამოსაჩენად, ვის რას ეკითხებიან, თვითონ წყვეტენ ყველაფერს კულუარულად. ასეთი სახელმწიფო მოწყობით ახალგაზრდებს ჩვენს ქვეყანაში პერსპექტივა არ გააჩნიათ.