დავით ჭიჭინაძე: „თუ რამე დაკარგა ქვეყანამ, ამ ხელისუფლების პირობებში დაკარგა“
თამარ სანაძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პარტნიორებთან ურთიერთობების გადატვირთვაზე საუბრობს. ის აცხადებს, რომ ახლა ურთიერთობების გაჯანსაღებაა საჭირო, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ევროკავშირთან.
პარალელურად, აგენტების კანონის მიღების შემდეგ ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა, განაცხადა, რომ NDI და IRI შესაძლოა, გავიდნენ საქართველოდან, ისინი ვეღარ მოახერხებენ ოპერირებას ამ კანონის პირობებში. ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რაც მათ აქვთ გასაკეთებელი, ეს არის პოლიტიკური პროცესების მონიტორინგი განსაკუთრებით არჩევნებზე, ეს კი ქმნის საფრთხეს, რომ საქართველო შესაძლოა, საერთაშორისო ორგანიზაციების დაკვირვების გარეშე დარჩეს.
„ჩვენ ვესაუბრეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში, ჩვენს საკუთარ ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტსა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს (IRI), რომელთაც ასეთი კარგი სამუშაო ჩაატარეს საქართველოში. ისინი გვეუბნებიან, რომ ვერ შეძლებენ მუშაობას ამ კანონის პირობებში. ამგვარად, შემოღებული იქნება სანქციები იმ პირებისთვის, რომლებიც ჩართული არიან ამ კანონის შექმნაში. ეს შეუზღუდავს ლიდერებს მოგზაურობას. გვინდა, მკაფიოდ გავაგებინოთ ახლანდელ ლიდერებს „ქართული ოცნების“ მთავრობაში, რომ ქმედებები მოჰყვება იმას, რასაც აკეთებენ.
ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა ჩვენ სამხედროებსა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოიპოვეს. გვინდა, მკაფიოდ გავაგებინოთ, რომ იმას, რაც ახლა საქართველოში ხდება, გავლენა ექნება სამხედროთა შორის ურთიერთობებზეც. ვიმედოვნებთ, ეს იქნება ძალიან ძლიერი მესიჯი საქართველოს ლიდერებისთვის, რომ მათ ქმედებებს შედეგები მოჰყვება. ეს გავლენას იქონიებს დახმარებაზე, რომელსაც ისინი აშშ-ისგან იღებენ და ურთიერთობებზე იმგვარად, რაც სასარგებლო არ იქნება ლიდერებისთვის, განსაკუთრებით, როდესაც მათი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს დასავლეთისკენ აქვს ხედვა და სურს, იყოს ევროკავშირის ნაწილი, იხედება ნატო-სკენ და ძალიან პოზიტიურადაა განწყობილი აშშ-ის მიმართ“, – განაცხადა სენატორმა შაჰინმა.
ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე, სანქციებზე, მოახლოებულ არჩევნებსა და ანაკლიის პორტის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარტია „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე:
_ ბატონო დავით, ახლოვდება არჩევნები. პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ „ოცნების“ დამარცხების ფორმულა გაერთიანებაა, ზოგიერთისთვის კი გარკვეულ პარტიებთან გაერთიანება მიუღებელია. როგორია თქვენი შეფასება? რა მდგომარეობაშია ოპოზიცია და რა შედეგი შეიძლება მივიღოთ?
_ სიმართლე გითხრათ, მომხრე ვარ, რომ ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული პარტიები თუ ადამიანები, ყველა ის, ვისაც არაფერი აკავშირებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, გაერთიანდს. ვერ წარმომიდგენია, რომ რამენაირად შეძლონ დაკავშირება ამ პარტიასთან. კარგად ვიცი, როგორები არიან ეს ადამიანები, მათი ერთი სიტყვაც კი არ დაიჯერება, მათი არც ერთი დაპირება არ დაიჯერება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ზოგადად „ოცნების“ წევრები არიან ყოფილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ყველანაირად უპირო და სიტყვის გამტეხი ადამიანები. რაც შეეხება გაერთიანებას, ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს მრავალფეროვანი არჩევანი. ის, რასაც „ქართული ოცნება“ 2018 წლიდან აკეთებს, რომ არჩევანი წაართვას ქართველ ხალხს და მარტო დაუტოვოს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, ეს არის უსინდისობა. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ წარსულიდან გამომდინარე ძალები უნდა გაერთიანდნენ და დაუპირისპირდნენ ამ უმსგავსობას, რასაც „ნაცქოცური“ მმართველობა ჰქვია.
_ ხელისუფლებამ მიიღო კანონი აგენტების შესახებ. ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ NDI და IRI შესაძლოა გავიდნენ საქართველოდან, ისინი ვეღარ მოახერხებენ ოპერირებას ამ კანონის პირობებშიო. ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რაც მათ აქვთ გასაკეთებელი, ეს არის პოლიტიკური პროცესების მონიტორინგი განსაკუთრებით არჩევნებზე. როგორ ფიქრობთ, შეიძლება ქვეყანა საერთაშორისო მისიების მონიტორინგის გარეშე დარჩეს?
_ ის მიმართულებები, რომლებიც ქვეყანაში უნდა გაძლიერებულიყო (დასავლური დემოკრატიული ინსტიტუტები), მათ ეს პერსპექტივა ვეღარ დაინახეს და, შესაბამისად, სენატორის ეს განცხადება მიანიშნებს იმას, რომ საქართველოში ძალიან რთული პროცესები შეიძლება განვითარდეს. ყველა ხელისუფლების პირობებში ვმუშაობდით და ნაბიჯებს ვდგამდით, რომ ინტეგრირებული ყოფილიყო ქვეყანა დასავლურ ინსტიტუტებთან, საფინანსო სისტემა იქნება თუ სასამართლო სისტემები. ყველა ვხვდებით, რომ როცა იზოლაციაში მოვყვებით, ძალიან სერიოზული პრობლემები შეგვექმნება. დავბრუნდებით ისეთ ვითარებაში და იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს ეჭვის თვალით უყურებდნენ და საერთოდ არანაირი პერსპექტივა არ გვქონდა, რომ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი გავმხდარიყავით. ჩვენ არც ერთი ცივილიზაციის ნაწილი არ ვართ დღეს, სამწუხაროდ. დღეს ვუყურებთ და ვუსმენთ ჩვენს ხელისუფლებას, მათ დაუბალანსებელ განცხადებებს. ერთ დღეს აგინებენ პარტნიორებს, მეორე დღეს ეფერებიან, აუცილებლად ევროკავშირში უნდა გავწევრიანდეთო.
ევროკავშირში რომ უნდა გაწევრიანდე, ამას რად უნდა განცხადება, ეს კონსტიტუციაში გიწერია და ხალხის მოთხოვნაა ევროპისკენ სწრაფვა. თუ რამე დაკარგა ამ ქვეყანამ, ამ ხელისუფლების პირობებში დაკარგა. ისედაც წამხდარი ქვეყანა რომ შენ გამო ექცევა იზოლაციაში და ზარალდება, ეს დიდი დანაშაულია. არა მხოლოდ IRI და NDI, ვფიქრობ, საერთაშორისო ორგანიზაციებიც შეწყვეტენ ჩვენთან თანამშრომლობას და წავლენ საქართველოდან, რაც საკმაოდ მტკივნეული და მძიმე შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისთვის. როდესაც ასეთი რამ ხდება ქვეყანაში და როდესაც ხელისუფლება ხალხის წინააღმდეგ მიდის, იქ შემდეგ სხვანაირი განვითარება ხდება მოვლენების.
_ „ქართული ოცნება“ ალაპარაკდა პარტნიორებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე. ამასთან, იძაბება ურთიერთობა ბერლინთანაც. რუსული კანონის მიღების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გერმანია არ დაუჭერს მხარს საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნას. საქართველო-გერმანიის ურთიერთობები ბოლო პერიოდში დაბალ ნიშნულზეა და ამას მოწმობს ამბასადორიალი, რომელსაც კობახიძემ უმასპინძლა ბერლინში. გვახსოვს, რომ ორი თვის წინ შოლცი და კობახიძე შეხვდნენ ერთმანეთს და შოლცმა აღნიშნა, რომ ასეთ კანონებს არ იღებს ევროპა. როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოსა და პარტნიორებს შორის?
_ საერთოდ გასაოცარი იყო მაგის გაგრძელება, როდესაც კობახიძემ იქით დაუწყო მტკიცება შოლცს, რომ არა, კაცო, თქვენ ასეთი კანონი გაქვთო, გერმანიის კანცლერი კიდევ იმას ამტკიცებდა, რომ ჩვენ არ გვაქვს ეს კანონიო. ხომ ხვდებით, რასთან გვაქვს საქმე? კობახიძე ცალკე ფენომენია. კობახიძე აბსოლუტურად არაქართული ტიპაჟია: მშიშარა, მხდალი პიროვნებაა. ან ის განცხადება, რომ მას თითქოს მოკვლას უპირებდნენ, რა იყო? სულ რომ პირდაპირ გესროდნენ, შენ იმ ქვეყნის შვილი ხარ, რომლის წარმომადგენლებიც მუდმივად ღირსეული და თავდადებულები იყვნენ ყველგან. ედუარდ შევარდნაძეზე რამდენი თავდასხმა იყო და ერთხელაც კი არ დაუწუწუნია, მოკვლას მიპირებენო. ვინმეს იდეალიზებას კი არ ვაკეთებ, მაგრამ როდესაც პირველი პირი ხარ, უნდა მოიქცე ისე, როგორც შენს ერს ეკადრება და არა ისე, როგორც შენი შინაგანი შიშები გკარნახობს. აქედან გამომდინარე, თვითონ ირაკლი კობახიძემ ძალიან სასაცილო პერსონაჟად გარდაიქმნა საკუთარი თავი. თვითონაც ძალიან კარგად იცის, რომ ამ ქვეყანაში პირველი პირი ბიძინა ივანიშვილია და ესენი თოჯინები არიან.
თუმცა კობახიძესთან შედარებით მეტ-ნაკლები წარმატება ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილს და საერთოდ არაფერს ვამბობ გიორგი კვირიკაშვილზე. მას სერიოზულ პიროვნებად აღიქვამდნენ და სერიოზული ურთიერთობები ჰქონდათ ტრამპს, მერკელს, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს. რეალურად, მის დროს მოიპოვა ქვეყანამ ვიზალიბერალიზაცია ძალიან რთულ პირობებში, „ნაციონალური მოძრაობა“ აღარავის ახსოვდა, „ქართული ოცნება“ და ქვეყანა განვითარებისკენ ისწრაფოდა, საარჩევნო დაპირებები იყო ხალხზე, განათლებაზე, სამუშაო ადგილებზე, ქვეყანა მატერიალურ დოვლათზე იყო ორიენტირებული. დღეს რას ვხედავთ? ვირტუალური ციფრები, დაცლილი ქვეყანა, უიმედობა, უპერსპექტივობა, გაქცევაზე მოფიქრალი ხალხი და ამ ყველაფერს დაემატა სანქცირება. როდესაც ასეთ პირობებში იმყოფები, საერთოდ რა პერსპექტივებზე შეიძლება ილაპარაკო? შენ, ხელისუფლებამ, რაზე უნდა ისაუბრო და როგორ შეიძლება თქვა, რომ ამ პირობებში ქვეყანას სიკეთეს მოუტან? ერთადერთი ბუა დარჩა „ოცნებას“, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოვა და ეს შიში სუფევს ამ ქვეყანაში. ყველა ვხედავთ, რომ ენმ დაცლილია, გაღარიბებულია, დაშლილია, ეს თვითონაც კარგად იციან და ამიტომ არიან გამოქცევაზე. ცხვრის ქურქში არიან გახვეულები. ისინი იყვნენ 9 წელი ხელისუფლებაში და ისეთი დაღი დაასვეს ქვეყანას, რომ ხალხს მათი გაგონებაც აღარ უნდა.
რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ის განვითარებას, წინსვლას ვეღარ მოუტანს ამ ქვეყანას. დაბეჩავებული, შეშინებული პრემიერ-მინისტრი გვყავს, დაბეჩავებული, შეშინებული მთავრობა გვყავს. ბიძინა ივანიშვილმა ეს ადამიანები ბოლომდე გაწირა. ასლან აბაშიძემ როგორც გაწირა და შეატოვა თავისი გარემოცვა „ნაციონალებს“, ისე შეატოვებს ამ ადამიანებს, როგორც ასევე შევარდნაძემ შეატოვა თავისი ხალხი „ნაცებს“, ისე გაწირავს ივანიშვილიც ამათ და მიუგდებს ხახაში ახალ მთავრობას. თან სანქცირებულები არიან, ვერსად წავლენ, ვერ გაიქცევიან, არსად წაესვლებათ, თავს ვერსად შეაფარებენ.
ყველაზე დიდი შეცდომა და სისულელე მათი ის არის, რომ თითქოს დასავლეთს ეჩხუბებიან, ეომებიან და აქეთ ჩრდილოეთს პრობლემებს უქმნიან. გაუბედურებული და დაბეჩავებული, სანქცირებული „ქართული ოცნება“ არც რუსებს აწყობთ, _ აქედან საქონლის იმპორტი, რომელსაც ახორციელებენ სანქციებისთვის გვედრის ასავლელად, პრაქტიკულად, ეგ არხი იკეტება, ამიტომ ასეთი ხელისუფლება უკვე ყველასთვის უსარგებლოა. ჩვენთვის კი ჩვენი ხელისუფლება დიდი ხანია, უსარგებლოა, მაგრამ საერთაშორისო არენაზე უკვე ყველა მიმართულებით სულ უფრო და უფრო უსარგებლოები ხდებიან. ამას ვამბობ ხელისუფლებაზე, თორემ ჩვენს ქვეყანას სულ უფრო დიდი ფასი ედება.
_ საინტერესოა თქვენი მოსაზრება „ოცნების“ გადატვირთვის პოლიტიკაზე _ კობახიძე ყოველ ჯერზე იმეორებს, რომ საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა-გაჯანსაღება პარტნიორებთან, ამასთანავე „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა დაუახლოვდეს ევროპას და ჩვენი მომავალი ევროკავშირშია. რა სიგნალებს, რა გზავნილებს უშვებს ივანიშვილის ხელისუფლება?
_ იმდენად არაადეკვატური განცხადებებია, როდესაც მათი გუნდის წევრები გამოდიან და აგდებულად ელაპარაკებიან ევროპელ ლიდერებს, ბიჭებო, თქვენი დრო დამთავრდაო, სხვები მოდიანო, რაზე უნდა ისაუბრო, როდესაც ჯიბრით ეუბნებიან პარტნიორებს, რომ შენ არჩევნებს წააგებ, ტრამპი მოიგებს და საქართველოს ყველაფერი დაულაგდებაო. ეს არის აბსოლუტურად ბოდვა, სიგიჟე. ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპაში კონსერვატიული მოძრაობა ძლიერდება, მაგრამ იქაც საგანგაშო სიგნალები ჩანს. ძალიან კარგად უნდა დავაკვირდეთ იმას, რომ სანამ დიდი ცვლილებები მოხდება, აღარ ვიქნებით, გავუბედურდებით. საქართველო არც ირანია და არც რუსეთი, რომ სანქციებს დაუძვრეს. ეს ქვეყნები თავისი რესურსით ძალიან ძლიერი ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ქვეყნები არიან. მოგვწონს თუ არა რუსეთი, მსოფლიოს მეოთხე ეკონომიკაა, ეს ჩემი მოგონილი არ არის, რიცხვები და სტატისტიკა ხომ არსებობს ამის ამსახველი. წარმოიდგინეთ, ამ ქვეყნებს შეუქმნა დისკომფორტი სანქციებმა და ჩვენ ხომ საერთოდ რა მდგომარეობაში ვიქნებით და რა გადატვირთვაზე ვსაუბრობთ საერთოდ?
ირაკლი კობახიძე პარტნიორებს იმას ეტყვის, რაც მას უნდა, იმ შეურაცხყოფას მიაყენებს, რაც „ოცნებას“ სურს, მერე მიადგება და რაღაც გადატვირთვაზე სისულელეებზე საუბრობს. სინამდვილეში კი ასეა. ჩვენ ამას შიდა პოლიტიკისთვის ვიყენებთ, თორემ გარეთ მართლა ასე კი არ ვფიქრობთ, გარეთ ჩვენ თქვენი მონები ვართო. იმასაც კი ვერ ხვდებიან, რომ ორპირობა ყველაზე საშინელი თვისებაა ადამიანის, ანუ ყველაზე არასანდო პარტნიორად გახასიათებს ეს და მით უმეტეს, ქართულ ხასიათში ეს ორპირობა, ყოველგვარი პირის გატეხვა, არასანდო მდგომარეობაში თავის ჩაგდება, უსიტყვობა ყველაზე დიდი შეურაცხყოფა იყო. ქართველები ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ასეთები ვიყოთ. კობახიძე პირდაპირ ამბობს, უპიროები, უსიტყვოები, ცრუპენტელები ვართ და გვაპატიეთ, რა მოხდაო. ყველაზე კარგად „ქართული ოცნების“ წევრებმა იციან, ვინ არის კობახიძე. ყველას ნანახი აქვს, ყოველთვის მხდალი და ჩამშვები ტიპი იყო. თუმცა ივანიშვილს ზუსტად ასეთები მოსწონს: მხდალები, ფლიდები. ამათ გადატვირთვას, გაჯანსაღებას საერთოდ არა მგონია, ვინმე ისმენდეს. ესენი თავიანთ ამომრჩეველს ელაპარაკებიან. ერთხელ ჩრდილოეთ კორეამ მოატყუა თავისი ხალხი, რომ თითქოს მათი საფეხბურთო გუნდი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ეგაა, რა, კობახიძე, მე მგონი, ჩრდილოეთ კორეაშია. პუტინი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს რომ შეხვდნენ, ახლა შეიძლება კობახიძეც ჩავიდეს და იქიდან უთხრას დასავლეთს, მოდით, გადავტვირთოთ ურთიერთობებიო, ასეთი დონისაა უკვე კობახიძე და როგორ შეიძლება, მას სერიოზულად ესაუბრო?
_ ანაკლიის პორტის მშენებლობის თემაზეც საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება. გაირკვა, რომ ჩინურ კომპანიას, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ კონტრაქტი გააფორმა, არ აქვს კარგი რეპუტაცია. ელჩმა დანიგანმა განაცხადა, რომ ამ კომპანიას 2009 წელს მსოფლიო ბანკმა აუკრძალა გლობალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობა და ამ პროექტებისთვის ფინანსების მიღება.
_ ფაქტია, რომ ანაკლიის პორტის თემის ირგვლივ რაღაც ხდება. თქვენი აზრით, რა არის ეს?
_ ანაკლიის პორტი და საერთოდ ბევრი პორტი უნდა არსებობდეს და ეს კარგია ქვეყნისთვის, მაგრამ უნდა არსებობდეს ტვირთები. თუ ტვირთები არ შემოდის, პორტს არანაირი დატვირთვა არ აქვს. ვისაც შეუძლია, ტვირთით მოამარაგოს, ეს არის ჩინეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი სხვა ქვეყნები ევროპისკენ.
აქედან გამომდინარე, თუ ეკონომიკური თვალსაზრით ვუყურებთ, სხვაა და პოლიტიკური თვალსაზრისით კიდევ სხვა მოცემულობაა. ის, რომ ხაზარაძეს და მის გუნდს არ ჰქონდა თავი ამ პორტის აშენების, ცხადი იყო. ის, რომ მათ კაფსულა ჩადეს, მაშინ ამერიკული კომპანია აღარ იყო, უკვე ჩინური კომპანია იყო და ისეთი აბსურდული პირობები წააყენა ამასთან დაკავშირებით, რომ წარმოუდგენელი გახლდათ ყველაფერი. ძალიან ცნობილი ადამიანების კონცეფციაც იყო ამასთან დაკავშირებით, მაშინ გააკეთეს განცხადებები 1000 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვაზე, ოღონდ სააკაშვილი ლაზიკას ეძახდა და ესეც არარეალური კონცეფცია იყო. აქედან გამომდინარე, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჯერ უნდა გავერკვეთ, ეკონომიკური სარგებლის მიღების კუთხით ვუყურებთ ამას თუ პოლიტიკური სარგებელი გვსურს? ხაზარაძე და მისი ჯგუფი ამის განმახორციელებელი არ იყო, მათ ამისთვის არც ფული ჰქონდათ, სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა ეს. გაიხსენეთ, მე მაშინ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრი ვიყავი, როდესაც ამაზე ვსაუბრობდით და რეალურად არც ერთი არგუმენტი არ იყო „თიბისი“ ჯგუფის სასარგებლოდ, რადგან ამ პორტს სჭირდება დიდი ფინანსური რესურსი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მას სჭირდება ძალიან დიდი ენერგეტიკული რესურსი. ის, რომ ტვირთებს მოემსახურო და ამხელა პორტი ააშენო, იქ მინიმუმ 200 მეგავატის დეფიციტია, რომელიც უნდა შექმნა, ანუ არაფერი არ იყო განსაზღვრული. ესენი აპირებდნენ, რომ თავისი საკეთებელი ფული ჰქონოდათ. ჯერ საკონტეინერო ტვირთებს აკეთებდნენ და მერე ყველანაირ ტვირთზე გადავიდნენ. კონცეფციას ცვლიდნენ და სახელმწიფო ამაში იხდიდა ფულს.
ბიძინა ივანიშვილი თავის დროზე მართალს ამბობდა, რომ მომიტანე ამ პორტის ეკონომიკური მომგებიანობის დასაბუთება და მე ამას დავაფინანსებ, არ არის საჭირო სახელმწიფო დაფინანსებაო.
წარმოიდგინეთ, როგორი რაღაც არის: თუ ირანი აღარაა სანქცირებული და ამ ქვეყანას ეხსნება სანქციები, მაშინ ეს პორტი ვეღარ იტვირთება და სახელმფწიფომ ამაში ფული უნდა გადაყაროს, ოღონდ ეს ფული მიიღება სესხებით, ვალებით და ა. შ. ეს არ არის კარგი ამბავი.
აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია: როგორ გააფორმებ ხელშეკრულებას, რა დაცვის მექანიზმებს განიხილავ. თუკი შენ ხელშეკრულებას ზედაპირულად გააფორმებ, ნებისმიერ კომპანიას შემოუშვებ, ვერაფერს ეუბნები, იმიტომ რომ ალბათ კორუფციაში არიან ჩართულები ჩვენი ჩინოვნიკები. ავიღოთ რიკოთის უღელტეხილი: 800 მილიონი დოლარიდან სადამდე ავედით, ეს იმიტომ, რომ ჩაერია ჩხარტიშვილი, ჩაწიეს კვირიკაშვილი, შეცვალეს შემსრულებელი, მოიყვანეს ახალი ინფრასტრუქტურის მინისტრები და ვხედავთ, რომ დაუსრულებელი ხარჯთაღრიცხვაა ამასთან დაკავშირებით. ეს უნდა დასრულებულიყო 2020 წელს, ახლა 2024 წელია და კიდევ არ უჩანს პირი რიკოთის დასრულებას. ისეთი სამუშაოებია ჩატარებული, რომელიც პრობლემებს ქმნის. ჩაბარებითაც ვინ ჩაიბარებს? ძალიან სერიოზული პრობლემებია ამ დიდი საერთაშორისო პროექტების განვითარების კუთხით. ამიტომ ჯერ უნდა ჩამოყალიბდნენ, რა მიზანი ამოძრავებთ და რისი მიღწევა უნდათ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, _ ეკონომიკური სარგებელი სურთ თუ პოლიტიკური? შესაბამისად, ისე გააკეთონ განცხადებები და იმის მიხედვით მიიღონ გადაწყვეტილებები.
ჩვენი ქვეყნისთვის უმჯობესია, პოლიტიკა და ეკონომიკა ერთმანეთს ემთხვეოდეს, ცალ-ცალკე ამათი დაყენება კარგი არ არის, რადგან ჩვენ არ ვართ ისეთი სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებელი პოლიტიკა ან ეკონომიკა აწარმოოს. პირდაპირ უნდა ითქვას, სად ვართ, ვისკენ ვართ, როგორ ვართ, კონსტიტუციას ვარღვევთ თუ არ ვარღვევთ და ჩვენს ჩინოვნიკებს სუვერენიტეტი ხანდახან რომ ახსენდებათ, ასე არ შეიძლება. როდესაც ფულს მათხოვრობ და მზად ხარ, ყველაფერს მოაწერო ხელი, ვგულისხმობ ჩინეთთან ურთიერთობას მაშინ, როცა ზურგს არაფერი და არავინ გიმაგრებს, საკმაოდ სარისკოა, სუვერენიტეტი მაშინ არ გახსენდება და როცა კანონის მიღებაზეა საქმე, ამბობ, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოაო. ეს არის ორმაგი სტანდარტი და იმის პირდაპირი ნიშანი, რომ ჩვენ არათანმიმდევრული ხელისუფლება გვყავს.