დავით თავართქილაძე: ,,თანხა, რომელიც ფედერაციისგან მეკუთვნის, არ გამამდიდრებს, მაგრამ პრინციპის საკითხია!”
დავით თავართქილაძე გამოცდილი სპორტული ჟურნალისტია. ორი ათეული წლის განმავლობაში ქართულ სპორტულ გამოცემებში მუშაობდა. ჟურნალისტურის გარდა მას საკმაო გამოცდილება აქვს საფეხბურთო საკლუბო მენეჯმენტში. რამდენიმე თვეა, ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუშაობს. სამშობლოდან წასვლა არ უნდოდა, მაგრამ აქაურმა გარემომ სხვა არჩევანი აღარ დაუტოვა.
საქართველოში თავართქილაძის ბოლო სამსახური საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იყო, რომლის დატოვებაც ფედერაციაში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ მოუწია.
„ქრონიკა+“ ნიუ-იორკში დავით თავართქილაძეს ესაუბრება:
_ დავით, რა პოზიციაზე მუშაობდით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში?
_ ფედერაცია საკუთარ ჟურნალსა და გაზეთს უშვებდა. მე ჟურნალის რედაქტორი ვიყავი. ყველაფერი ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეიცვალა.
_ რა მოხდა არჩევნების შემდეგ?
_ ახალი ხელმძღვანელობა საკუთარი ხედვებითა და პრიორიტეტებით მოვიდა. არჩევნებიდან დაახლოებით ერთ თვეში ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, მე და დანარჩენი ჟურნალისტები შეგვკრიბა და გამოგვიცხადა, რომ ფედერაციას ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ამის გამო ჟურნალი და გაზეთი უნდა დახურულიყო. შესაბამისად, ჩვენთან კონტრაქტები წყდებოდა. თუმცა ისიც დაამატა, რომ, მოგვიანებით, ფედერაციას ახალი ბეჭდვითი გამოცემა ექნებოდა. ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია, ვის გაუშვებს სამსახურიდან და ვის დაიტოვებს, თუმცა სამსახურიდან გაშვების ფორმასაც გააჩნია. დაახლოებით 20 წელიწადია, ქართულ ფეხბურთში ვარ, კობიაშვილთან წლების განმავლობაში ნორმალური, ადამიანური ურთიერთობა მქონდა და ვფიქრობ, იმის ღირსი ვიყავი, საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ცალკე ეცნობებინა და ჩვენი თანამშრომლობა უფრო ტაქტიანი ფორმებით შეწყვეტილიყო. ისიცაა, რომ ფედერაცია დაფინანსებას უეფადან და ფიფადან იღებს და ყოველთვიური ჟურნალის გამოშვება მისთვის დიდი ფინანსური ტვირთი ნამდვილად არ არის, შესაბამისად, ფინანსური პრობლემები ვერ იქნებოდა თანამშრომლობის შეწყვეტის რეალური მიზეზი.
_ თქვით, კობიაშვილი შეგვპირდა, ფედერაციას ახალი ბეჭდვითი გამოცემა ექნებაო…
_ დიახ, ამან დიდი გაურკვევლობა შექმნა, რომელიც საკმაო ხანს გაგრძელდა. ამ პერიოდის განმავლობაში კობიაშვილს რამდენჯერმე პირადად ვკითხე, თუ რა იგეგმებოდა ჩემთან მიმართებით? არაერთხელ მითხრა, _ პასუხს მერე გეტყვიო. მისგან მაინცდამაინც დადებით პასუხს არც ველოდი, უბრალოდ, იმედი მქონდა, რომ ამჯერად ტაქტიანად მაინც მომექცეოდნენ, მაგრამ ამაოდ… ბოლოს მითხრა, _ მედიაპროექტს ახალი ხელმძღვანელი დაენიშნება და ის გადაწყვეტს ყველაფერსო.
_ კონტრაქტის შეწყვეტისთვის გათვალისწინებული კომპენსაცია თუ მიიღეთ?
_ მხოლოდ ნახევარი თვის ხელფასი გადამიხადეს, რაც სრულიად უსამართლო გადაწყვეტილება იყო. ადვოკატთან კონსულტაციები გავიარე, რომელმაც მითხრა, რომ ორი თვის ხელფასი მეკუთვნოდა.
_ სასამართლოს არ მიმართეთ?
_ ამერიკაში წასვლის წინ ჩემი ადვოკატის რეკომენდაციით სასამართლოში სარჩელი შევიტანე და ადვოკატს პროცესზე დასასწრებად მინდობილობა დავუტოვე, მაგრამ საქმის განხილვას საშველი არ დაადგა. სხვათა შორის, ჩემი საქმე ბოლო დროს ძალიან ცნობილ მოსამართლე ურთმელიძეს მიაწერეს. მან პროცესიც კი არ დანიშნა. ერთი სიტყვით, საქმე, რომელიც საკმაოდ მარტივი უნდა გამოსულიყო, ასე უსასრულოდ გაიწელა. სარჩელის შეტანიდან, მინიმუმ, ორ თვეში უნდა დაინიშნოს საქმის განხილვა, _ ასე მითხრა ჩემმა ადვოკატმა, თუმცა ორი კი არა, უკვე მეოთხე თვეა, პროცესს არ ნიშნავენ.
_ ბოლომდე ბრძოლას აპირებთ?
_ თანხა, რომელიც ფედერაციისგან მეკუთვნის, არ გამამდიდრებს, მაგრამ კუთვნილი აუცილებლად უნდა მივიღო. ეს პრინციპის საკითხია!
_ ქართულ ფეხბურთში დღეს მიმდინარე პროცესებს როგორ აფასებთ?
_ ფეხბურთის ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამ განვითარების პროგრამა წარმოადგინა და ვნახოთ, როგორ განახორციელებს მას. ისე, პროგრამის დაწერა რთული საქმე არ არის, მთავარი მისი რეალიზებაა, საამისოდ კი სწორი გზით სიარულია აუცილებელი.
_ ხედავთ დღეს ამის ნიშნებს?
_ რა გითხრათ?.. თუ ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფოს დარწმუნებას შეძლებს, რომ მთავარი კერძო კლუბების ხელშეწყობა და მათი მომრავლებაა, წარმატების შანსი გვექნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული ფეხბურთი წინ ვერ წავა. მუნიციპალიტეტების ჩემპიონატს ქართული ფეხბურთის წინსვლისთვის აზრი არ აქვს. თუ ქართული კლუბების უმეტესობა ისევ მუნიციპალური იქნება, ამას ის უარყოფითი მხარეც აქვს, რომ ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის ხარისხი ისევ ძალიან დაბალი იქნება და ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში ყოველთვის ხელისუფლების ფავორიტი კანდიდატი გაიმარჯვებს. შარშან გამართული სფფ-ის არჩევნების წინ რამდენიმე მუნიციპალურმა კლუბმა სფფ-ის წევრობა მოითხოვა, ფედერაციის არჩევნებში ჩვენც უნდა მივიღოთ მონაწილეობაო. როგორც მე მითხრეს, ყველა ამ კლუბმა აბსოლუტურად იდენტური ტექსტით მიმართა ამის თაობაზე ფედერაციის წინა ხელმძღვანელობას. საინტერესოა, მანამდე რატომ არ ითხოვდნენ ამას ასეთი მონდომებით? საინტერესოა ისიც, რომ ფედერაციის წევრობა იმ მუნიციპალურმა კლუბმაც მოითხოვა, რომელიც უკვე ისედაც იყო ფედერაციის წევრი. რა თქმა უნდა, ყველაფერი ნათელი იყო _ ყველა მუნიციპალიტეტს უნდოდა, ხელისუფლებისთვის ესიამოვნებინა და მისთვის სასურველი კანდიდატისთვის დაეჭირა მხარი.
ორმა კლუბმა, „დინამომ“ და „საბურთალომ“, წინასაარჩევნო პერიოდში ლევან კობიაშვილს ღიად დაუჭირა მხარი და შედეგად, ახალ აღმასკომში მათი არაერთი წარმომადგენელი შევიდა. ამის საპირისპიროდ, „ვიტ ჯორჯიას“ პრეზიდენტი გურამ რუხაძე მეორე კანდიდატის, რევაზ არველაძის მომხრე იყო და არჩევნების შემდეგ ყველამ „კუთვნილი“ მიიღო. რუხაძე აღმასკომში ვერ მოხვდა. სწორედ რუხაძის პოზიციას ვუკავშირებ იმასაც, რომ მცხეთის სტადიონი, სადაც მისი „ვიტ ჯორჯია“ თამაშობს, გაისად ჩასატარებელი ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძელთა სიიდან ამოიღეს და სხვა სტადიონით ჩაანაცვლეს. ევროპის ჩემპიონატის მატჩებისთვის მცხეთასაც რომ ემასპინძლა, ამ ქალაქის სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდებოდა, რაც „ვიტ ჯორჯიასთვის“ დიდი თანადგომა იქნებოდა.
რაც შეეხება „დინამოს“, მისი პრეზიდენტი რომან ფიფია კობიაშვილის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი იყო, არადა, წლების წინათ, ფიფიას იქ მისვლამდე, როცა „დინამოს“ ფინანსურად ძალიან უჭირდა, არველაძეებს კლუბის გადასარჩენად საკუთარი ფული მიჰქონდათ, თანაც ისე, რომ კლუბი მათი არ იყო… როგორმე ვასიამოვნოთ ხელისუფლებას, _ ძირითადად ეს იყო კობიაშვილის მხარდამჭერის მიზეზი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში. ამ თვალსაზრისის ფაქტებით დადასტურება ძნელი არ არის და თუ ვინმეს პოლემიკის სურვილი აქვს, ამისთვის მზად ვარ.
_ საკუთარი მომავალი ქართულ ფეხბურთსა და, ზოგადად, საქართველოში როგორ წარმოგიდგენიათ?
_ ოკეანისგაღმა წასვლა ჩემი ოცნება ნამდვილად არ ყოფილა და საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები. იმედია, მალე ჩვენს ქვეყანაში რეალობა უკეთესობისკენ შეიცვლება და მთავარი გახდება ადამიანის პროფესიონალიზმი და არა ის, თუ ვისი ახლობელია. ვფიქრობ, მალე დადგება დრო, როცა საქართველოში ადამიანი უპირველესი ღირებულება გახდება, მისი ღირსება არ შეილახება. ქართველებს ძალიან გვიჭირს საზოგადოების შექმნა, ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბება, თუმცა კარგად ვიცით თავისუფლების ფასი და დარწმუნებული ვარ, ქართველობა დიდი ხნით არავის მოუხრის ქედს! ჩვენ არ ვართ არც რუსეთი, არც ყაზახეთი, არც უზბეკეთი ან აზერბაიჯანი, საქართველოს თავისი დინამიკა აქვს და ცვლილებები აუცილებლად მოხდება!
საფეხბურთო სამყაროს მთავარი პრიორიტეტი კი ერთიანობა, პატივისცემა და სოლიდარობა უნდა იყოს, რაც, სამწუხაროდ, ზოგს არ ესმის…
_ როგორ ჩატარდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები? თქვენი აზრით, ხელისუფლება ცალსახად ჩაერია ლევან კობიაშვილის გამარჯვებაში?
_ ყველამ ყველაფერი იცის. ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების დროს, ლამის, მთელი დღის განმავლობაში ქვეყნის ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ლევან კობიაშვილის მხარდამჭერებს და უეფას წარმომადგენელს არ მოსცილებია. მე არ მინახავს, რომ კალაძე არველაძის მხარდამჭერებთანაც მისულიყო. არჩევნების წინა დღეს რევაზ არველაძის მხარდამჭერი დელეგატი დააპატიმრეს… სხვა ფაქტების მოყვანაც შეიძლება, თუმცა მე არც ერთი კანდიდატის წინასაარჩევნო ჯგუფში არ ვყოფილვარ და ამ ყველაფერზე დეტალურ საუბარს მოვერიდები.
საქართველოსა და ქართულ ფეხბურთს ვუსურვებ, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მომდევნო არჩევნების შედეგი მხოლოდ საფეხბურთო სამყაროს გადასაწყვეტი იყოს.
მარიამ ბალანჩივაძე