გულ-სისხლძარღვთა რა დაავადებებს იწვევს აბდომინალური სიმსუქნე (ე.წ. ღიპი) – კარდიოლოგ სოლომონ ზეიკიძის პრაქტიკული რჩევები



კორონამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ დედამიწაზე, ინფექციურის გარდა, სხვა სახის ეპიდემიაც არსებობს. ამ შემთხვევაში სიმსუქნეზე ვსაუბრობთ, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 21- საუკუნის არაინფექციური ეპიდემია, ჯერ კიდევ, რამდენიმე წლის წინათ უწოდა. საერთოდ, ჭარბი წონა ჯანმრთელობას სერიოზულად აზიანებს და ეს კორონაეპიდემიამაც ნათელყოვირუსით გარდაცვლილთა უმეტესობის თანმხლები დაავადება, როგორც ირკვევა, სწორედ სიმსუქნე იყო. სიმსუქნე, უფრო კონკრეტულად, აბდომინალური სიმსუქნე, ანუ მარტივად და არასამედიცინო ენით რომ ვთქვათ, ღიპი უცხო არც ჩვენი პოპულაციისთვისაა. შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართევლოში გულის დაავადებებიც ხშირია. ე. ი., აბდომინალურ სიმსუქნესა და გულსისხლძარღვთა დაავადებებს შორის პირდაპირი კორელაცია არსებობს.

მოკლედ, გულის რა პრობლემებს იწვეს ღიპი? – „ქრონიკა+“ მედიცინის აკადემიურ დოქტორს, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორს, თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკის კარდიოლოგს, საქართველოსა და ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების წევრ სოლომონ ზეიკიძეს ესაუბრა:

დასამალი არაა, რომ ჩვენი პოპულაციისთვის და განსაკუთრებით ქართველებისთვის, დამახასიათებელია აბდომინალური სიმსუქნე, ანუ არასამედიცინო ენით რომ ვთქვათ, ღიპი _ აბდომინალურ სიმსუქნეს რა იწვევს?

– „აბდომენ“ ლათინური სიტყვაა და ქართულად მუცელს ნიშნავს. აბდომინალური სიმსუქნე კი ისეთ მდგომარეობას ეწოდება, როდესაც ძირითადად მუცლის არესა და სხეულის ზედა ნაწილში ზედმეტი ცხიმოვანი ქსოვილი ვითარდება. ეს მოვლენა უფრო მამაკაცებისთვისაა დამახასიათებელი, ამიტომაც აბდომინალურ სიმსუქნეს ზოგჯერ ანდრიოდულ, ანუ მამაკაცური ტიპის სიმსუქნესაც უწოდებენ („ანდროს“ ბერძნული სიტყვაა და მამაკაცს ნიშნავს), თუმცა აბდომინალური სიმსუქნე ქალბატონებშიც გვხვდება.

ე. ი., აბდომინალური სიმსუქნე მამაკაცებისთვის უფრო საშიშია?

– ასე ვერ ვიტყვით, რადგან ქალებში საშიში იმიტომაა, რომ ამ დროს, ესთეტიკური მხარის გარდა, მამაკაცის სასქესო ჰორმონების სტიმულაცია ხდება, ასევე ძლიერდება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი ნაწილის ფუნქცია, ფორმირდება ჰორმონული დისბალანსი და მენსტრუალური ციკლიც ირღვევა. გარდა ამისა,  შესაძლებელია, რომ სხეულზე მამაკაცური ტიპის თმის საფარი, ე. წ. ჰირსუტიზმი განვითარდეს.

რაც შეეხება მამაკაცებს, აბდომინალური სიმსუქნის დროს ირღვევა სქესობრივი ფუნქცია, ძლიერდება ქალის სასქესო ჰორმონების – ექსტროგენების წარმოქმნა, რაც ხშირად შეიძლება, უშვილობის მიზეზიც გახდეს.

აბდომინალური სიმსუქნის დროს ცხიმოვანი უჯრედების – ადიპოციტების დაგროვება იწვევს მუცლის კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვლის განვითარებას, თუმცა ცხიმოვანი ქსოვილი შესაძლოა, შინაგანი ორგანოების გარშემოც განვითარდეს (ე.წ. ვისერალური ცხიმოვანი ქსოვილი). ეს კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის განვითარებაზე გაცილებით საშიშია.

რატომ?

– ცხიმოვანი უჯრედების გულის, თირკმლებისა და სხვა ორგანოების გარშემო დაგროვებამ შესაძლოა, მათი ფუნქციური დარღვევა გამოიწვიოს.

მაშასადამე, აბდომინალური სიმსუქნე გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემებთან პირდაპირ კავშირშია, არა?

– დიახ, აბდომინალური სიმსუქნე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ერთ-ერთი რისკფაქტორია.

ბატონო სოლომონ, შეგიძლიათ, მარტივად ამიხსნათ, „ღიპიგულის მუშაობაში რა ცვლილებებს იწვევს?

– აბდომინალური სიმსუქნის დროს შესაძლოა, განვითარდეს მეტაბოლური სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, ასთმა, ჰიპერტენზიული დაავადება, ათეროსკლეროზი, ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი და გულის სხვა დაავადებები. ასევე სამეცნიერო ლიტერატურაში მონაცემები გვხვდება ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკზეც.

საერთოდ, ორგანიზმში ჭარბი ცხიმების დაგროვების დროს შესაძლოა, გულის მკვებავი სისხლძარღვების, ანუ კორონარების ათეროსკლეროზული დაავადება განვითარდეს, რომელიც გულის იშემიური დაავდების წინაპირობაა. დადგენილია, რომ იმ ადამიანებში, რომლებისთვისაც აბდომინალური სიმსუქნეა დამახასიათებელი, გულის მკვებავი სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანება სამ-ოთხჯერ იზრდება.

ე. ი., ბატონო სოლომონ, აბდომინალური სიმსუქნე გულთან კოლერაციაშია, ანუ პირდაპირ გულსა და სისხლძარღვებს ურტყამს. სწორად გავიგე?

– აუცილებელი არაა, რომ ადამიანს რამე დაემართოს, მაგრამ  გარკვეული კორელაცია, დიახ, არსებობს, ანუ აბდომინალური სიმსუქნის დროს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი, წეღანდელი თქმისა არ იყოს, გაცილებით მაღალია.

როგორც კარდიოლოგი, ასეთ პაციენტებს, გარდა იმისა, რომ გულის პრეპარატები უნდა მიიღონ, კიდევ რას ურჩევთ ხოლმე?

– აბდომინალური სიმსუქნის მქონე პაციენტს აუცილებლად კომუნიკაცია ენდოკრინოლოგთან, დიეტოლოგთან, გასტროენტეროლოგსა და, რა თქმა უნდა, კარდიოლოგთანაც უნდა ჰქონდეს, რათა მკურნალობა კომპლექსური იყოს.

ამ პრობლემის მქონე პაციენტი რა ტიპის გამოკვლევებს საჭიროებს?

სასურველია ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების გამოკვლევა. ასევე  სისხლში გლუკოზის დონე და ლიპიდური სპექტრი უნდა განისაზვროს. ამას გარდა, შესაძლებელია, ჩატარდეს გასტროსკოპია, მუცლის ღრუს ექოსკოპია და საჭიროების შემთხვევაში, კომპიუტერული ტომოგრაფია. ასევე სხვა გამოკვლევები, რასაც ექიმი მიიჩნევს საჭიროდ.

ადამიანი, რომელსაც ღიპის პრობლემა აქვს, პირდაპირ კარდიოლოგთან უნდა მივიდეს თუ სხვა პროფილის ექიმთან, ანუ თუ სიმპტომები არ აქვს, რატომ უნდა იეჭვოს, რომ შესაძლოა, გული აწუხებდეს?

– უკეთესია, რომ აბდომინალური სიმსუქნის მქონე ადამიანმა კონსულტაცია ენდოკრინოლოგსა და კარდიოლოგთან ერთდროულად გაიაროს. ენდოკრინოლოგი ან დიეტოლოგი ძირითადი მკურნალია, კარდიოლოგი კი გამორიცხავს, ამ მდგომარეობამ გულ-სისხლძარღვთა მხრივ რამე პრობლემა ხომ არ გამოიწვია.

ე. ი., შეიძლება, სიმპტომებს ვერ ვგრძნობდე, მაგრამ გულთან დაკავშირებული პრობლემა მქონდეს?

– რასაკვირველია, მით უმეტეს, რომ აბდომინალური სიმსუქნე, ესთეტიკურის გარდა, სერიოზულ დარღვევებს ჯანმრთელობის მხრივაც იწვევს. შესაბამისად, ასეთი პაციენტების უმეტესობა, თუ ყველა არა, გარკვეული დაავადების მატარებელია და ერთ-ერთი უმთავრესი შესაძლოა, სწორედ გულ-სისხლძარღვთა დაავადება იყოს…

ზოგი ამბობს, მსუქანი კი არა, უბრალოდ, დაბადებიდან ძვალმსხვილი ვარო. ადამიანი როგორ უნდა მიხვდეს, რომ აბდომინალური სიმსუქნე აქვს?

– ამ ტიპის სიმსუქნის განსასაზღვრად რამდენიმე მეთოდი არსებობს. ამ მხრივ პაციენტებმა კონსულტაცია  უნდა გაიარონ ენდოკრინოლოგთან, რომელიც სხეულის მასის ინდექსს განსაზღვრავს და დადგინდება, აქვს თუ არა ჭარბი წონა. საერთოდ, სხეულის მასის ინდექსის (სმი) განსაზღვრა ძალიან მარტივია – სხეულის მასას ადამიანის სიმაღლის კვადრატზე ვყოფთ. სხეულის მასა კილოგრამებით იზომება, სიმაღლე კი – მეტრებით.

ბატონო სოლომონ, გასაგებია, რომ ენდოკრინოლოგი არ ხართ, მაგრამ ვინაიდან .. ღიპისა და გულის დაავადებების კორელაციაზე ვსაუბრობთ, იქნებ, მასწავლოთ, საშინაო პირობებში როგორ უნდა დავადგინო, აბდომინალური სიმსუქნის რისკის ქვეშ ვარ თუ არა?

– აბდომინალური სიმსუქნე თეძოსა და ტანის შეფარდების ინდიკატორით განისაზღვრება.

ანუ?

– ადამიანი ჩვეულებრივი საზომი ლენტით წელს და ასევე თეძოს ყველაზე განიერ ნაწილს გაიზომავს. შემდეგ წელის ზომას თეძოს გარშემოწერილობის ზომაზე ყოფს. სხვათა შორის, სხვადასხვა ავტორი სხვადასხვა პარამენტრს მიუთითებს, მაგრამ შეგვიძლია, საშუალოდ, ვთქვათ: თუ ქალებში თეძოსა და ტანის შეფარდების ინდიკატორი 0, 85-ზე მეტია, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ აბდომინალური სიმსუქნეა წასული. კაცებში კი ეს ციფრი 0, 95-ზე მეტი არ უნდა იყოს, თუმცა ეს კვალიფიციურმა ექიმმა უნდა დაადგინოს.

ბატონო სოლომონ, მუცლის ტიპის სიმსუქნეს რა სიმპტომები ახასიათებს?

– პირის სიმშრალე, თავისა და მუცლის არეში ტკივილი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევა, ყაბზობა, ფაღარათი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ბუასილი, დეპრესია, მცირე ფიზიკურ დატვირთვაზე ჰაერის უკმარისობა და ქოშინი.

.. ღიპმა შესაძლოა, არტერიული ჰიპერტენზიის პროვოცირება მოახდინოს?

– საერთოდ, არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკფაქტორი სიმსუქნე და, მათ შორის, აბდომინალური სიმსუქნეა.

სხვათა შორის, კლინიკური დარღვევების გარდა, აბდომინალური სიმსუქნე ფსიქოლოგური პრობლემაცაა.

რატომ?

– ამ დაავადებამ, როგორც აღვნიშნე, შეიძლება, სერიოზული დეპრესია და ნერვული აშლილობა გამოიწვიოს. ყველაფერი ეს კი პიროვნების პირად ბედნიერებასა და თვითრეალიზაციასთანაა კავშირში.

ისე, აბდომინალური სიმსუქნე რამდენ ხანში ვითარდება?

– ამ ტიპის სიმსუქნე თანდათანობით ვითარდება და მისი გამომწვევი მიზეზებია: ჰიპოდინამია (უმოძრაობა), ცხიმოვანი, ტკბილი და ზედმეტად მარილიანი საკვების მიღება, ჰიპოთალამუსის დარღვევები (კვების ცენტრის დარღვევა), მემკვიდრეობითი განწყობა, ჰორმონული პრეპარატის მიღება, დეპრესია და ა.შ.

იანვარი ქართველებისთვის ჭამასმასთან ასოცირდება, შესაბამისად, ეს გაუთავებელი ქეიფები შესაძლოა, მასობრივი აბდომინალური სიმსუქნის საბაბი გახდეს?

– რა თქმა უნდა!!! ამ ტიპის სიმსუქნის განვითარებას მხოლოდ ზედმეტი სკავების კი არა, ალკოჰოლის მიღებაც უწყობს ხელს და კვების რეჟიმის დარღვევაც.

ხალხური მითოსით, ღიპს მხოლოდ ლუდი ზრდის. ასეა?

– ზომიერად მიღებული ალკოჰოლი, ღვინო იქნება, არაყი თუ ლუდი, მუცლის ტიპის სიმსუქნეს არ იწვევს. ღიპი მაშინ იზრდება, როცა ადამიანი არაჯანსაღად ცხოვრობს და ალკოჰოლსა თუ საკვებს ზედმეტად იღებს.

მოკლედ, რეზიუმე რომ გავაკეთოთ, თქვენ, როგორც კარდიოლოგი, ადამიანებს, რომლებსაც აბდომინალური სიმსუქნე აქვთ, რას ურჩევთ, ბატონო სოლომონ?

– რეკომენდაცია ასეთია: დაბალკალორიული დიეტა, ცხოველური ცხიმებისგან თავის შეკავება, რაფინირებული ნახშირწყლებისა და შაქრის შეზღუდვა. ამასთან, საკვები შემწვარი კი არა, მოხარშული ან ორთქლზე უნდა იყოს მომზადებული. ასევე სასურველია დიდი რაოდენობით წყლის მიღება, რათა ორგანიზმიდან დაშლის პროდუქტები გამოიდევნოს.

აბდომინალური სიმსუქნის დროს ფიზიკური დატვირთვაც აუცილებელია, თუმცა ყველაფერი, მათ შორის, დაბალკალორიული დიეტაც ენდოკრინოლოგსა და დიეტოლოგთან უნდა  შეთანხმდეს. ამასთან, შესაძლოა, რომ მეტაბოლური პრეპარატებიც დაინიშნოს, რათა ნახშირწყლებისა და ლიპიდების ცვლა დარეგულირდეს. უფრო მძიმე შემთხვევის დროს კი შესაძლოა, ქირურგიული ჩარევაც მოხდეს, ანუ ე.წ. ბარიატრიული ოპერაციები (კუჭშიგა ბალონირება, რეზექცია, გასტროშუნტირება და ა.შ.) ჩატარდეს. ოპერაციები შესაძლოა, დამზოგველი – ლაპარასკოპიული მეთოდით ჩატარდეს, რაც პაციენტისთვის ნაკლებად ტრავმულია.

სხვათა შორის, არსებობს მოსაზრება, რომ თუ ადამიანს გულის პრობლემები აქვს, ბევრი სითხე არ უნდა მიიღოს. ამაზე რას იტყვით?

– ეს არასწორი მოსაზრებაა. ადამიანმა, თუ გულის პრობლემები აქვს და სწორ მედიკამენტურ მკურნალობაზეა, სითხის მიღება არ უნდა შეწყვიტოს!

მოკლედ, აბდომინალური სიმსუქნის პრობლემის მოგვარებით გულსისხლძარღვთა პრობლემაც მოგვარდება?

– დიახ, დადგენილია, რომ წონის კორექციით დიაბეტის, ინფარქტისა და ინსულტის რისკი ოთხ-ხუთჯერ მცირდება!

გიორგი აბაშიძე