გოჩა ჯოჯუა: „როგორც კი „ოცნება“ არჩევნებში 40 პროცენტზე მეტს დაიწერს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხი ქუჩაში გამოვა“
31 ოქტომბერი ახლოვდება და ყველა პოლიტიკური ძალა საკუთარ გამარჯვებაშია დარწმუნებული, ანუ ოპოზიციის თითქმის ყველა ფრთა ირწმუნება, რომ ორ კვირაში ქვეყნის პოლიტიკური რეალობა შეიცვლება. „ოცნება“ კი აცხადებს, რომ მისი დამარცხება შეუძლებელია. ამასობაში, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, გოჩა ჯოჯუა, „ქრონიკა+“-სთან სკანდალურ განცხადებას აკეთებს, ანუ ჩვენი რესპონდენტი, რომლის პოლიტიკურმა პარტიამაც წლევანდელ არჩევნებზე ბლოკი „ტრიბუნასთან“ შეკრა, ამბობს, რომ დამძიმებული ეპიდვითარების გამო შესაძლოა, არჩევნები, მინიმუმ, 60 დღით გადაიდოს. მეტიც, ჯოჯუას განმარტებით, არჩევნების შესაძლო გადადებაზე პოლიტიკურ კულუარებში თითქმის ყველა საუბრობს, მაგრამ ამის ხმამაღლა თქმას ამ ეტაპზე ერიდებიან.
რეალურია თუ არა არჩევნების გადადება და რატომ იქნება საქართველოსთვის კარგი, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ისევ დონალდ ტრამპი გახდეს? _ ჩვენი გამოცემა გთავაზობთ სკანდალურ ინტერვიუს გოჩა ჯოჯუასთან:
_ ბატონო გოჩა, არჩევნებამდე სამი კვირაც აღარ რჩება. 31 ოქტომბრისგან რას ელოდებით?
_ ამ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა ძნელია.
_ რატომ?
_ მკითხაობას არ დავიწყებ, მაგრამ რამდენიმე ვერსია არსებობს, მათ შორის, ისიც, რომ პანდემიიდან გამომდინარე, არჩევნები შესაძლოა, გადაიდოს! თუ ასე მოხდა, ამას ერთადერთი გამართლება ექნება _ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებს დაველოდოთ და იმის მიხედვით ვიმოქმედოთ, ჩვენ გარშემო პროცესები როგორ განვითარდება. საერთოდ, აშშ-ის არჩევნებს მთელი მსოფლიო უყურებს და მის შედეგებზე ბევრი რამეა დამოკიდებული… ისე, „ოცნება“ ფიქრობს, რომ არჩევნებზე 40 პროცენტს ასცდება და მთავრობას ჩამოაყალიბებს.
თუ ასე მოხდა, მართალია, საამისო წინაპირობა ჯერ არ ჩანს, მაგრამ ქვეყანაში ძალიან რთული პროცესები დაიწყება _ ყველაფერ ამას ქართველი ხალხი არ შეეგუება!
_ ვიდრე ამ თემას განვავრცობთ, ჩაგეკითხებით და დამიკონკრეტეთ, თქვენი პროგნოზით, არჩევნები რამდენი ხნით შეიძლება, გადაიდოს?
_ არჩევნების გადადების 60-დღიანი ვადა არსებობს, რასაც ვერ გავექცევით. როგორც გითხარით, არჩევნების გადადების საბაბი შესაძლოა, პანდემია გახდეს, თუმცა ოპოზიცია და ხელისუფლებაც ხვდება, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო შეიძლება მოხდეს, როგორ განვითარდება მოვლენები აშშ-ში.
_ ბატონო გოჩა, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, არჩევნების გადადებას რატომ პროგნოზირებთ, მით უმეტეს, ამაზე ხელისუფლებაც არ მიანიშნებს. პირიქით, პრემიერ გახარიას თქმით, დრამატული ეპიდვითარების მიუხედავად, პოლიტიკურ პროცესს, ანუ არჩევნებს, ხელი არ უნდა შეეშალოს…
_ ამას გახარია კი არა, ერთი ადამიანი წყვეტს! სხვათა შორის, ალბათ, გახსოვთ, ერთი კვირით ადრე „ოცნება“ ამბობდა, ოპოზიციასთან მოლაპარაკების მაგიდასთან არ დავჯდებიო, მაგრამ ერთი კვირის მერე დაჯდა და არჩევნების 120/30-ზე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. მოკლედ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ბიძინა ივანიშვილი როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამიტომ საერთოდ არაფერს ნიშნავს, გახარია რას ამბობს ან არჩევნების გადასადებად ნიშნები არსებობს თუ არა. აქ ერთი რამეა მთავარი: ქვეყნის რეალური მმართველი როგორ დათვლის, ანუ მისთვის რა სჯობს _ აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებს ქვეყანაში არეული სიტუაციით შეხვდეს.
_ „არეულ სიტუაციაში“ რას გულისხმობთ?
_ როგორც კი „ოცნება“ არჩევნებში 40 პროცენტზე მეტს დაიწერს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხი ქუჩაში გამოვა.
_ ხალხი ქუჩაში შესაძლოა, არჩევნების გადადების შემთხვევაშიც გამოვიდეს.
_ არა, ამ შემთხვევაში, ხალხი ქუჩაში არ გამოვა.
_ რატომ?
_ არჩევნები, როგორც გითხარით, შესაძლოა, პანდემიის გამო გადაიდოს და ამ შემთხვევაში ყველაფერი უკვე ოპოზიციაზე იქნება დამოკიდებული.
_ ანუ?
_ დარწმუნებული არ ვარ, რომ ყველა პოლიტიკური პარტია ფიქრობდეს, არჩევნების ჩატარება ახლა სჯობსო.
მთავარია პოლიტიკური სიმწიფე, ანუ, ერთი შეხედვით, ნამდვილად ჯობია, რომ არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდეს, რადგან კოალიციურ მთავრობას მივიღებთ და იმ რთულ პოლიტიკურ მოვლენებს, რომელიც გველოდება, აპოლიტიკური ფიგურის ჩამოშორებით შევხვდებით, მაგრამ, მეორე მხრივ, ზამთარში ეკონომიკა, პრაქტიკულად, მთლიანად ჩამოიშლება, ფინანსური სექტორი აბსოლუტურ კრიზისში იქნება და ასეთ პირობებში ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც 10-15-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, კოალიციური მთავრობის დამხობა შეეძლება.
მოკლედ, არ მგონია, ახლა მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთად დადგეს და თქვას, არჩევნები 31 ოქტომბერს აუცილებლად უნდა ჩატარდესო.
_ ე. ი., ბოლო დროს გაზრდილი კორონასტატისტიკა არჩევნების გადასადებად განწყობების შექმნას ემსახურება?
_ დიახ, თან ეს მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული.
_ აბა, კიდევ ვისზეა დამოკიდებული?
_ ჩანს, რომ ევროპაში სიტუაცია საამისოდ მწიფდება _ მაგალითად, ჩეხეთსა და სხვაგან ისევ მკაცრ ზომებს იღებენ. ამას გარდა, უკვე ცნობილია, რომ ჩვენი საზღვრები მთლიანად ჩაიკეტება. შესაბამისად, ყველაფერი ეს შესაძლოა, არჩევნების გადასადებად კარგად გამოიყენონ.
_ გასაგებია, რომ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, ეპიდემიის გამო, ზომებს ისევ ამკაცრებს, მაგრამ, ბატონო გოჩა, ჩემზე კარგად იცით, რომ საქართველო ყველაფერში აშშ-ს ბაძავს, ოკეანის გაღმა კი მკაცრ ლოკდაუნს აღარ გეგმავენ.
_ დიახ, მაგრამ აქაც ორი მომენტია.
_ კერძოდ?
_ გეთანხმებით, რომ ამერიკელებს საქართველოში არჩევნების ახლა ჩატარება შესაძლოა, აწყობდეთ, მაგრამ მათაც შედეგზე აქვთ გათვლა.
მოკლედ, სრულიად გულწრფელად ვამბობ: გაურკვეველ თამაშში შესვლას, ჯობია, აშშ-ში ყველაფერი გაირკვეს.
_ აშშ-ში, მაინც, რის გარკვევას ელოდებით?
_ დაახლოებით შეგვიძლია იმის პროგნოზირება, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის ან ბაიდენის გამარჯვებას მთელ მსოფლიოში რა შეიძლება მოჰყვეს.
_ ერთი სიტყვით, გოჩა ბატონო, თქვენი საუბრიდან გამომდინარე, შეიძლება, დავასკვნა, რომ თუ საქმე საქმეზე მიდგება, დავით ჭიჭინაძისა და „ქრისტიან-დემოკრატების“ საარჩევნო ბლოკი არჩევნების გადადებას მხარს დაუჭერს?
_ ყოველ შემთხვევაში, არ მგონია, თავი გამოვიდოთ, გინდა თუ არა, არჩევნები ახლავე უნდა ჩატარდესო. სხვათა შორის, შემიძლია, ნებისმიერ ოპონენტს დავუჯდე და დავუსაბუთო, არჩევნების გადადება რატომაც ჯობია.
_ წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ოპონენტი ვარ. ჰოდა, აბა, დამისაბუთეთ, არჩევნების გადადება უკეთესი რატომაა?
_ ჩვენ ბრმად მივდივართ.
_ რას გულისხმობთ?
_ არაერთხელ ყოფილა, როცა მაგალითად, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში იმ კანდიდატს ვუჭერდით მხარს, რომლის წაგებასაც აგვისტოს ომი და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვა მოჰყვა.
ასეთი მწარე შეცდომების მაგალითი ისტორიულად ბევრი გვაქვს, თუმცა ადრე პასუხისმგებლობა გაცილებით მეტი იყო. აი, მაგალითად, დემეტრე თავდადებულმა ყველაფერი სწორად დაალაგა, მაგრამ ის ადამიანი, რომელსაც მხარს უჭერდა, გადატრიალებისას დამარცხდა.
_ მგონია, უკეთესი იქნება, დემეტრე თავდადებულს თავი გავანებოთ და დღევანდელობაზე ვისაუბროთ…
_ კი ბატონო.
ავიღოთ იგივე აგვისტოს ომი, რომელიც შეცდომა, ანუ მაკკეინზე გაკეთებული აქცენტი იყო და სერიოზულად წავაგეთ. გასაგებია, რომ თავს ვიმშვიდებთ, რუსეთთან პირველი ომი ჩვენ გვქონდა და მსოფლიოს მისი ნამდვილი სახე დავანახეთო, მაგრამ მსოფლიოს ისეთი რა დავანახეთ, რაც აგვისტოს ომამდე არ იცოდა?! მსოფლიომ ძალიან ბევრი რამ ჩვენზე კარგად იცოდა და იცის!
ერთი სიტყვით, როცა დავსხდებით და ამ თემებზე საუბარს დავიწყებთ, ვფიქრობ, ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტნიორი დაგვეთანხმება.
_ მედალს, როგორც წესი, ორი მხარე აქვს. შესაბამისად, „ოცნება“ არჩევნების გადადებით რას მოიგებს, მით უმეტეს, უმძიმესი ზამთარი გველოდება და მმართველი გუნდის რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა…
_ დიახ, არჩევნების გადადების შემთხვევაში „ოცნების“ რეიტინგი ნული გახდება, მაგრამ ერთ რამეს მოიგებს.
_ კონკრეტულად, რას?
_ დღევანდელი ხელისუფლება დიდ ფულს შოულობს და არჩევნების გადადების შემთხვევაში, მინიმუმ, ორი თვე ამ ფულის შოვნას გააგრძელებს. საერთოდ, „ოცნებამ“ ფულის შოვნის მეტი არაფერი იცის.
_ „ოცნების“ ფულის შოვნის სქემა როგორია?
_ ქონებებს იფორმებენ, ანუ რაიონებში საკრებულოს არაგეგმური სხდომები ზოგჯერ იმიტომ იმართება, რომ ქონებები გადაფორმდეს.
თუ არჩევნები ახლა ჩატარდება, „ოცნებამ“ შეიძლება, 40 პროცენტი აიღოს და, როგორღაც, ვადა გაიგრძელოს, მაგრამ ზამთარში აუცილებალდ დამთავრდება!
_ მაშასადამე, თუ ახლა გადაიდო, არჩევნები ნაახალწლევს ჩატარდება?
_ დიახ, 60-დღიანი ვადა სწორედ ნაახალწლევს გადის. ისე, თუ გახსოვთ, თავის დროზე, საპრეზიდენტო არჩევნები სწორედ ახალი წლის დღეებში ჩავატარეთ.
_ დიახ, ეს, თუ არ მეშლება, 2004 წელს იყო, როცა სააკაშვილი პრეზიდენტად პირველი ვადით ავირჩიეთ…
_ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ახლა შანსი აქვს, მაგრამ არჩევნები ზამთარში ან გაზაფხულზე რომ ჩატარდეს, შანსი აღარ ექნება, თუმცა იმასაც მნიშვნელობა აქვს, ამ შანსს ვინ როგორ დაინახავს.
_ ანუ?
_ შეიძლება, პოლიტიკურმა ძალამ არჩევნები წააგოს, მაგრამ პოლიტიკაში დარჩეს. საერთოდ, პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება იმის ყველაზე კარგი ბერკეტია, რომ საკუთარი შეხედულებები დაიცვა.
სხვათა შორის, ყველაფერი ეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით უკვე ვნახეთ.
_ მაშასადამე, თუ არჩევნები ახლა ჩატარდება, „ოცნებამ“ შეიძლება, წააგოს, მაგრამ შანსი ექნება, რომ პოლიტიკაში დარჩეს. ამას ამბობთ, ბატონო გოჩა, არა?
_ დიახ…
_ ისე, პირველი პოლიტიკოსი ხართ, რომელიც არჩევნების შესაძლო გადადებაზე ღიად ალაპარაკდა…
_ პოლიტიკური სპექტრი იმას ფიქრობს, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, ანუ „ოცნებას“ შანსი აქვს და ამიტომაც არჩევნებს არ გადადებს. ამასთან, პოლიტიკოსები ფიქრობენ, არჩევნების გადადებაზე საუბარი რომ დაიწყონ, ამას ამომრჩეველი სწორად გაიგებს თუ არა, მაგრამ როცა არჩევნების შესაძლო გადადებაზე საუბრობ და ამას არგუმენტებით ასაბუთებ, ვფიქრობ, მოსახლეობა ყველაფერს ძალიან კარგად გაიგებს.
სხვათა შორის, საარჩევნო ფულის ძალიან დიდი ნაწილი გახარჯულია და არჩევნების გადადებით „ოცნება“ შესაძლოა, უკეთეს სიტუაციაშიც აღმოჩნდეს, რადგან ოპოზიციასთან შედარებით მას ულევი რესურსი აქვს. არჩევნების გადადებით ოპოზიცია ფინანსებს კი დაკარგავს, მაგრამ სხვა რამეს მოიგებს.
_ რას?
_ საახაწლოდ ხელისუფლების რეიტინგი, პრაქტიკულად, განულდება. შესაბამისად, იმის შანსიც აღარ ექნება, რომ 40 პროცენტი მაინც აიღოს.
_ ამ არგუმენტიდან გამომდინარე, ფიქრობთ, რომ არჩევნების გადადება ყველაზე მეტად ოპოზიციას უნდა აწყობდეს?
_ დიახ.
_ ქართული ოპოზიცია ჭრელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ჯობია, დააკონკრეტოთ, არჩევნების გადადება პატარა ოპოზიციურ პარტიებს აწყობს თუ, ვთქვათ, „ნაციონალურ მოძრაობას“?
_ ნებისმიერს, ანუ არჩევნების გადადებას ყველა სათავისოდ ძალიან კარგად გამოიყენებს, რადგან ყოველი დღე „ოცნების“ რეიტინგს ანგრევს.
_ ამ ლოგიკით, არჩევნები შეგვიძლია, ათი წლის შემდეგ ჩავატაროთ და „ოცნებას“ რეიტინგი საერთოდ აღარ ექნება!
_ ღმერთმა ნუ ქნას, პირდაპირ დიქტატურა დამყარდეს! სხვათა შორის, ასეთი ქვეყნები არსებობენ, მაგრამ ვითარება იქაც ფეთქებადია.
ერთი სიტყვით, საუბარი გონიერ დროზეა, ანუ არჩევნები შეიძლება, ორი თვის მერე, ზამთარში ჩატარდეს, როცა „ოცნება“ ურთულეს ვითარებაში იქნება, მაგრამ თუ არჩევნები, რაღაც პირობების გამო, გაზაფხულამდეც გადაიდო, მაშინ „ოცნება“ საერთოდ დამთავრდება.
საერთოდ, თუ ხელისუფლებამ ვერ გაითავისა, რომ არჩევნები უნდა წააგოს, ქუჩაში გამოსვლა ყველა შემთხვევაში მოგვიწევს!
_ ბატონო გოჩა, რატომ ამბობთ, რომ „ოცნებამ“ არჩევნები მაინცდამაინც უნდა წააგოს?
_ როცა სასამართლოა, ფინანსები და ძალოვანი სტრუქტურები მისია, რაზე ვსაუბრობთ? ამიტომაც ვამბობ, რომ „ოცნებამ“ ყველაფერი ეს არ უნდა გამოიყენოს და არჩევნები წააგოს.
_ ის, რომ „ოცნებას“ მთელი სახელმწიფო მანქანა უზურპირებული აქვს, ყველამ ვიცით, მაგრამ შესაძლოა, ვინმემ თქვას, გოჩა ჯოჯუას არჩევნების გადადება იმიტომ უნდა, რომ დავით ჭიჭინაძის „ტრიბუნასა“ და ქდმ-ს ბლოკის რეიტინგი სოციოლოგიური კვლევებით არც კი იზომებაო…
_ ამ სოციოლოგიურ კვლევებს არაფრად მივიჩნევ!
_ რატომ?
_ დიდ ორგანიზაციებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, „ტოჩნი ზურაბას“ სოციოლოგიური კვლევებიც გვახსოვს, როცა ცდომილება თითქმის 20% იყო.
_ უკაცრავად, „ტოჩნი ზურაბა“ რა შუაშია?
_ იმის თქმა მინდა, რომ ასეთი ცდომილებებით ბევრი რამ ლაგდება.
_ სახელდობრ?
_ „ტრიბუნა“-ქდმ მხოლოდ პოლიტიკურ ველზე კი არაა გამოსული, არამედ ორივე მხარის კონკურენტია.
_ „ორივე მხარეში“ „ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ გულისხმობთ?
_ დიახ.
_ ბატონო გოჩა, გულწრფელი ხართ, როცა ამბობთ, „ტრიბუნა“-ქდმ „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ კონკურენტიაო?
_ რა თქმა უნდა. ჩვენს შესაძლებლობებს რადარზე ვზომავ და გადაჭარბებულად არაფერს ვამბობ, ანუ 2-დან 3-პროცენტამდე ჩვენი შემჩნევა უკვე შესაძლებელია. ამასთან, გარკვეული დრო კიდევ გვაქვს.
_ რისთვის?
_ აი, მაგალითად, ბევრმა არც კი იცის, რომ ლია მუხაშავრია არჩევნებში ჩვენი სახელით მონაწილეობს. შესაბამისად, თუ არჩევნებამდე კვლევა კიდევ ჩატარდება, მაშინ იძულებული გახდებიან, რომ შედეგებში „ტრიბუნა“-ქდმ-ც ჩაწერონ.
_ ბატონო გოჩა, ამბობთ, რომ მოსახლეობა ხელისუფლების შეცვლას ელოდება. ამ ფონზე არჩევნების გადადებას ხალხში რა რეაქცია მოჰყვება?
_ გასაგებია, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ამის მოლოდინი ხალხს მაინცდამაინც 31 ოქტომბერს აქვს, ანუ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები გადაიდება, მოსახლეობა დიდ ზიანს ვერ მიიღებს, თან ჩვენი პოლიტიკური არგუმენტაციაც უნდა გაიზიაროს. ბოლოს და ბოლოს, ხალხი ძალიან კარგად ხედავს, რომ ჩვენგან ხუთას კილომეტრში ადამიანები იღუპებიან.
_ სომხეთ-აზერბაიჯანის განახლებულ კონფლიქტს გულისხმობთ?
_ დიახ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენთან უპილიტო აპარატებიც ჩამოვარდა, ანუ ჩვენი საჰაერო სივრცე ირღვევა, ე. ი., საფრთხე არსებობს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ეთნიკურად სომხები და აზერბაიჯანელებიც ცხოვრობენ, მივხვდებით, რომ არჩევნების ჩატარება ურთულეს პირობებში გვიწევს.
მოკლედ, მგონი, მოსახლეობაც ხვდება, რომ ასეთ რთულ ვითარებაში არჩევნების გადადება შესაძლოა, ყველაზე კარგი ვარიანტი და გამოსავალი იყოს.
_ ვერ გეტყვით, მოსახლეობა ასე ჩათვლის თუ არა, მაგრამ პირადად მე მგონია, რომ რაღაც ახალ პოლიტიკურ თამაშს იწყებთ. ვცდები?
_ პოლიტიკურ თამაშს კი არ ვიწყებ, ვითარებას რეალურად ვაფასებ. სხვათა შორის, ამ სიტუაციას ყველა ხედავს, მაგრამ ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს. მე კი ჩემს თავს ამის ხმამაღლა თქმის უფლება მივეცი!
_ ბატონო გოჩა, კარგად იცით, რომ პოლიტიკურ კულუარებთნ გარკვეული შეხება მაქვს. ჰოდა, სიმართლე რომ გითხრათ, არჩევნების შესაძლო გადადებაზე კულისებშიც არ მსმენია. თქვენ კი მეუბნებით, ყველა ამ თემაზე ლაპარაკობსო…
_ ამ თემაზე „ქოცისა“ და „ნაცის“ გარდა ყველა საუბრობს.
_ მაინც, ვინ ყველა, მაგალითად, ჯონდი ბაღათურია?
_ ჯონდი ბაღათურია რა შუაშია?
_ უბრალოდ, გამახსენდა…
_ ასე, შეიძლება, ძალიან ბევრი სხვაც გაიხსენოთ… არჩევნების შესაძლო გადადებაზე ვინმესთვის კითხვა დაგისვამთ?
_ დიახ, დამისვამს და ყველას უპასუხია, _ რა არჩევნების გადადება, 31 ოქტომბერი დედლაინია, როცა ყველაფერი უნდა დასრულდესო…
_ უბრალოდ, პიარულად და ისე გპასუხობენ, როგორც ჟურნალისტს. ჩემთან საუბრისას კი ამ აზრს ბევრი იზიარებს, თუმცა იქვე დასძენს, ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, რადგან არჩევნების გადადების შემთხვევაში საერთოდ დამთავრდება, ახლა კი რაღაც შანსი აქვსო, ანუ ახლა „ოცნების“ გამარჯვება ის იქნება, რომ 40-პროცენტიან ჩამკეტამდე როგორმე მივიდეს…
_ რა ამის პასუხია და აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპმა რომ გაიმარჯვოს, ეს ჩვენთვის კარგი იქნება თუ ცუდი?
_ ტრამპის პოლიტიკა აშშ-ის ეკონომიკურ მაჩვენებლებზეა გათვლილი, ანუ ტრამპი იგივე საარჩევნო კამპანიას სწორედ ამაზე აგებს. საერთოდ, პოლიტიკას ეკონიმიკა განსაზღვრავს. შესაბამისად, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის ხელმეორედ გამარჯვება მსოფლიოში აქამდე არსებულ ეკონომიკურ პოლიტიკას მთლიანად შეცვლის, ანუ ეს საგარეო პოლიტიკაზეც იქონიებს გავლენას და, შესაბამისად, საქართველოსაც დიდი შანსი აქვს, რომ ახალ მოდელს მოერგოს და ისეთი მოვლენები, რაც ახლა ყარაბაღში მიმდინარეობს, ნაკლებად განვითარდეს.
_ თუ აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი გახდება, მაშინ რას ელოდებით?
_ მიკროომები ყველგან იქნება, რასაც შეიძლება, პატარ-პატარა შიდა რევოლუციებიც მოყვეს…
_ „ტრიბუნა“-ქდმ-ს ტრამპის გამარჯვება უნდა?
_ აქ საუაბრი ჩვენს ნდომაზე არაა.
_ აბა, რაზეა?
_ აუცილებლობაზე, ანუ სირთულეები ტრამპის გამარჯვების შემთხვევაშიც იქნება, მაგრამ არა ისეთი, როგორიც, ვთქვათ, ახლა ყარაბაღშია. მოკლედ, ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში სახელმწიფო საკუთარ თავზე ძალიან ბევრ რამეს აიღებს. სხვათა შორის, ჩვენი არ იყოს, ბანკებს შემთხვევით არც ტრამპი ეხება. ეს ძალიან დიდი ხნის წინ დაწყებული ბრძოლაა…
გიორგი აბაშიძე