„გონიოს გადარჩენის კომიტეტი“ შველას ითხოვს
მიუხედავად მოსახლეობის არაერთი განცხადებისა, მიმართვისა და პროტესტისა, ადგილობრივი ხელისუფლება განაგრძობს ნებართვების გაცემას მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე ზღვის სანაპიროს გასწვრივ.
გონიოს გადარჩენის კომიტეტმა „ქრონიკა+“-ს მომართა. ორგანიზაცია შედგება იმ ადგილობრივი მკვიდებისგან, რომელთა უმეტესობას კრედიტები აქვს გამოტანილი საკაბალე პირობებით, მაგრამ არ თანხმდება ინვესტორების წინადადებას, რკინა-ბეტონის კონსტრუქციაში ჩასვან რეგიონი. ისინი დღეს გონიოს გადარჩენისთვის იბრძვიან და უკვე საგანგებოდ მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს (არა მარტო). მათი განცხადებით, კორონავირუსმაც კი ვერ შეაჩერა რეკრეაციული ზოლის გაჩეხვა და მათ ადგილას მრავალსართულიანი კორპუსები აღიმართა. თან მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები შენდება იქ, სადაც გზის სიფართე სამ მეტრს არ აღემატება. გარდა იმისა, რომ ირღვევა ყველა სამშენებლო ნორმა, ზღვისა და მთის ხედები იკეტება ასევე სანაპიროზე გასასვლელი გზები მოსახლეობისთვის, იჩეხება ასწლიანი ხეები… ადგილობრივების მხრიდან მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, არ არის მოწყობილი საბავშვო სკვერები, სპორტული მოედნები. არადა, ხელისუფლება სულ ჰპირდებოდა წინა არჩევნებზეც და ახლა, რომ მომავალში აიკრძალება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. გონიოელები კითხვას სვამენ, _ რით ვერ დადგა ეს მომავალი? საქართველოს უნიკალური საკურორტო ზონა კარგავს თავის მიმზიდველობას. ტურისტები უარს ამბობენ მრავალსართულიანი შენობების გვერდით მდგომ სახლებში დასვენებაზე. თუ ტურისტი არ მოვიდა, რით უნდა აანაზღაუროს მოსახლეობამ იგივე გესტჰაუზების მშენებლობისთვის გაწეულ ხარჯები? შედეგად _ გონიოს მოსახლეობის 80%-ის უძრავ ქონებას, საბანკო პირობების შეუსრულებლობის გამო, გაყიდვა ემუქრება.
აჭარის ტერიტორია განიცდის ძლიერ ანთროპოგენურ ტრანსფორმაციას, რომლის ანალოგი არ გვხვდება ამიერკავკასიაში. ამას ემატება საშიში გეოლოგიური პროცესების გამოვლინება, რაც დაკავშირებულია 1988 წლის ცნობილ მიწისძვრასთან და სხვა ფაქტორებთან.
საინტერესოა, რატომ და ვის გადაეცემა სახელმწიფო მიწები ზღვის სანაპიროს გასწვრივ მრავალსართულიანი სახცოვრებელი სახლების მშენებლობისათვის?! რა სარგებელს ნახულობს ამაში ხელისუფლება და რა სარგებელი აქვს უბრალო ხალხს! ყველამ კარგად იცის ზღვისპირეთში, რომ ამით ცხოვრობს და მდიდრდება ნებრთვების გამცემი ბიუროკრატია. „ინვესტორს“ ხომ თავად ისინი ჩეკენ და შეჭამეს უკვე ხალხი. გონიოს მოსახლეობა ზუსტად იმის პირდაპირ პროპოციულობით ღაფავს სულს, რამდენადაც მდიდრდებიან ადგილობრივი ჩინოვნიკები.
დღეს ყველა საბჭოთა კავშირს აგინებს და საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში, შავი ზღვის სანაპიროდან 300-500 მეტრის მანძილზე, მინისტრთა საბჭოს დადგენილების გარეშე აკრძალული იყო ნებისმიერი მშენებლობის წარმოება. ამ აკრძალვის დარღვევა ვერ გაბედეს და იგი შენარჩუნდა ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდშიც, რამაც 2005-2007 წლებამდე შემოგვინახა გონიო-კვარიათი მთელ შავიზღვისპირეთში, როგორც საუკეთესო, ეკოლოგიურად სუფთა საკურორტო ზონა. დღეს ეს ზონა განადგურების პირასაა.
გონიოს გადარჩენის კომიტეტს ხელთ აქვს საექსპერტო დასკვნა, რომლის მიედვითაც მდინარე ჭოროხის შესართვიდან, თურქეთის ტერიტორიულ წყლებამდე შავი ზღვის აკვატორიაში, ურთულესი ეკოლოგიური ვითარებაა. მიზეზი _ ცენტრალური ხელისუფლებისა და შესაბამისი უწყებების მხრიდან გაცემული ნებართვები. როგორც უცხოური, ასევე ადგილობრივი სენერების მხრიდან უმოწყალოდ ნადგურდება ფაუნა, რის გამოც მკვეთრად შემცირებულია შავ ზღვაში თევზებისა და დელფინების რაოდენობა. ზარალი კი, რომელიც ამ სახით ადგება აჭარის ბუნებას, ბევრად აღემატება ნებართვებით გაცემულ შემოსავალს. ეს ყოველივე აისახება ისტორიულად თევზჭერით დაკავებული ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ბათუმის მოსახლეობის თევზით მომარაგებაზე.
ყოვლად დაუშვებელია ის, რაც ხდება სარფი-ბათუმის გზაზე _ გონიო-კვარიათის მონაკვეთზე. გზა, რომელიც თურქეთთან დამაკავშირებელი ერთ-ერთი მთვარი მაგისტრალია და რომელსაც, სხვათა შორის, არ გააჩნია ფეხით სავალი ნაწილი. განსაკუთრებით საშიშია მოსახლეობისა და დამსვენებლებისთვის გადაადგილება საკურორტო პერიოდში. არ არის შუქნიშნები, სიჩქარის გამაფრთხილებელი ნიშნები და თანამედროვე ვიდეოკამერები. ხშირად ავტომობილების სიჩქარე ბევრად აღემატება დასაშვებ ნორმას. ამ დროს აჭარაში შეგიძლიათ ნახოთ მთელი მონაკვეთები, სადაც სრულიად დაუსახლებელ ტერიტორიებზე გამავალ გზებზე დამონტაჟებულია ჭკვიანი კამერები. ამას თან ერთვის ზაფხულის პერიოდში, ერთი ორად მომატებული მსუბუქი და მძიმე სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა, რაც დამატებით უქმნის სერიოზულ პრობლემას დამსვენებლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას. მიუხედევად გიონიოს მოსახლეობის არაერთი მიმართვისა, ეს საკითხები დღემდე მოუგვარებელი რჩება.
მივადექით ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, რომელსაც „ქრონიკა+“ ბათუმში ყოფნის დროს შეეხო და მაშინ ექსპერტებიც ჩავწერეთ. ბათუმის ნაგავსაყრელის ამჟამინდელი მდგომარეობა ანალოგიურია, რაც იყო 10 წლის წინ. მიუხედავად არაერთი დაპირებისა და მცდელობისა ხელისუფლების მხრიდან, რომ ნაგავსყრელს გადაიტანდნენ შესაფერის ადგილზე და მთელი ეს სიბინძურე ზღვაში არ ჩავიდოდა, დაპირება დაპირებად დარჩა. შემუშავდა მთელი გეგმა, რომ მისი გადამუშავება მოხდებოდა ახალი ტექნოლოგიებით, ტენდერიც გამოცხადდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ნაგავსაყრელის გადატანა არ აწყობთ! ამ საკითხის თუნდაც ერთი წლის განმავლობაში მოუგვარებლობამ შესაძლოა, შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს.
„გონიოს გადარჩენის კომიტეტმა“ შეიმუშავა გეგმა, რომელიც სასწრაფო ღონისძიებების გატარებას მოიცავს, რათა გადარჩეს გონიო, როგორც უნიკალური საკურორტო ზონა. ამისთვის საჭიროა:
- დაუყოვნებლივ შეწყდეს ზღვის სანაპირო ზოლზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა!
- ადგილობრივმა ხელისუფლებამ, სპეციალისტების ეკოლოგებისა და მოსახლეობის ჩართულობით, უნდა შეიმუშავოს განაშენიანების გეგმა!
- უმოკლეს ვადებში შემოწმდეს უკვე აშენებული ან გაცემული სამშენებლო ნებართვების კანონიერება!
- საქართველოს მთავრობამ მიიღოს კანონი ადგილობრივი ტურიზმის განვითარებისთვის, როგორც ინდივიდუალური ბინათმშენებლობის, ასევე მცირე ზომის სასტუმროების მშენებლობის ხელშეწყობის მიზნით, შეღავათიანი კრედიტების გამოსაყოფად. ასევე ლარის გაუფასურებისა და პანდემიის შედეგებიდან გამომდინარე მოხდეს ადრე გაცემული კრედიტების სუბსიდირება.
- აიკრძალოს გონიოს აკვატორიაში (მდინარე ჭოროხის შესართავიდან თურქეთის ტერიტორიულ წყლებამდე) ქართული და თურქული სეინერებით თევზჭერა. საქართველოს პარლამენტმა მიიღოს შესაბამისი დადგენილება განსაკუთრებული ეკოლოგიური ზონის შესახებ.
- მოწესრიგდეს ზაფხულის პერიოდში, სარფის საბაჟოზე თურქეთიდან (დილის რვა საათიდან საღამოს 23:00 საათმდე) მძიმე ავტოტრანსპორტის გატარება, როგორც ეს ადრე იყო. ასევე საკურორტო ზონის შესაბამისად, თანამედროვე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, დაწესდეს მკაცრი კონტროლი ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე, რითაც დაცული იქნება ზაფხულის პერიოდში გაზრდილ ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება.
- იმის გათვალისწინებით, რომ ნაგავსაყრელის გადატანასთან დაკავშირებული პროცესი გარკვეულ დროს მოითხოვს, აჭარის ხელისუფლებამ გააკეთოს განცხადება, რა ზომებს მიმართავს ბათუმის ამჟამინდელი ნაგავსაყრელის სხვა ტერიტორიაზე გადატანასთან მიმართებით. პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას მისი მიმდინარეობის შესახებ. პარალელურად დაიწყოს და ევროპული სტანდარტებით მოხდეს კონსერვაცია ამჟამინდელი ნაგავსაყრელის.
კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, მხარი დაუჭიროს მათ კანონიერ მოთხოვნებს, რათა კოლოგოური მდომარეობა შემდგომში არ გაუარესდეს და შევინარჩუნოთ უნიკალური ბუნებრივი პირობები, რომელიც აქვს გონიო-კვარიათის საკურორტო ზონას. დაცული უნდა იყოს ყველა ჩვენგანის უმთავრესი უფლება _ ვიცხოვროთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა მკვიდრთა მოთხოვნას (რაც ასე მოხდება კიდეც). არადა, გონიოელებს ჯერ კიდევ იმედი აქვთ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეისწავლის მათ მოთხოვნებს და მიიღებს მოსახლეობისა და ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მიმართავენ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს არსებული უნიკალური ბუნებრივი პირობებისა და ეკოლოგიის გადასარჩენად.
ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია გაეროს ეკოლოგიური კომიტეტი გახლავთ. ეს ორგანიზაცია თუ ჩაერთო პროცესში, რომლის წევრიც საქართველოც არის, საერთაშორისო სკანდალი არ აგვცდება. თითქოს გვაკლდეს…
თამარ როსტიაშვილი