გოგი წულაია: „ემიგრანტები ძალიან მალე დააანონსებენ დიდ აქციას, რომელიც ქალაქებში ერთდროულად გაიმართება“

ირინა მაკარიძე

იძულებით ემიგრაციაში მყოფმა პოლიტიკოსმა, გოგი წულაიამ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართა. მას 4 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის ნოემბერში გოგი წულაია ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მუხლით (სსკ-ის 138-ე, I) წარდგენილ ბრალში სრულად გაამართლა, თუმცა ძალადობის (სსკ-ის 126-ე, I) მუხლში გაამტყუნა და 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

ბრალდების მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და გოგი წულაია დამნაშავედ ცნო სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში და მას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ამ დროისათვის ის გირაოს საფუძველზე იყო განთავისუფლებული და უცხოეთში იმყოფებოდა. საფრანგეთში მან პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ. ამჟამად გოგი წულაია აცხადებს, რომ მას სამშობლოში დაბრუნება უნდა.

ემიგრაციაზე, ემიგრანტების განწყობებზე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებსა თუ სხვა პოლიტიკურ თემებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ჩემი ამბავი ყველამ იცის, როგორი პროვოკაციის მსხვერპლი გავხდი. ციხეში 4 თვე ვიყავი, შემდეგ გირაოს საფუძველზე გამოვედი, ერთ-ერთმა უბრწყინვალესმა  და გამორჩეულმა მოსამართლე ლია ორკოდაშვილმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. მან არ ამიკრძალა ქვეყნის დატოვება. სხვათა შორის, არც პროკურორის მოთხოვნაში ყოფილა ეს საკითხი დასმული. გულის მძიმე ოპერაცია გავიკეთე, კიდევ ციხეში ყოფნას ვამჯობინე, ემიგრაციაში წასვლა. პოლიტიკური თავშესაფარი ვერ მივიღე, გვეუბნებიან, რომ შენს სამშობლოში არის დემოკრატია, გამართულია სასამართლო სისტემა და წადი შენს ქვეყანაშიო. მე არ ჩამოვსულვარ აქ ფულის საშოვნელად, მე ჩამოვედი აქ გადასარჩენად. ჩემთვის ახლა ესაა ჯოჯოხეთი, ძალიან მიჭირს აქ შეგუება. საქართველოში ყოფნისას ხშირად ვეხმიანებოდი ემიგრანტების თემას, ვიცოდი, რა რთულიც არის, მაგრამ როცა ამას პირადად შევეჩეხე, ეს წარმოდგენილზე გაცილებით რთული აღმოჩნდა.

_ რა არის ძირითადი სირთულე?

_ შეგუება ძალიან რთულია, მუშაობის უფლება არ მაქვს, გარდა ამისა, ჩემთვის ძალიან რთული იყო შორიდან თვალყურის დევნება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ, სამტრედიის რკინიგზის გადაკეტვიდან დაწყებული, არ ყოფილა მასშტაბური აქცია, რომლის მონაწილეც არ ვყოფილიყავი და ახლა წამოწოლილი რომ ყუყურებდი, როგორ ცემდნენ ახალგაზრდებს, სასტიკად უსწორდებოდნენ ადამიანებს, ამას ძალიან განვიცდიდი. მე ვარ პოლიტიკოსი 1988 წლიდან, კარგი პოლიტიკოსი ვარ თუ ცუდი, ეს ამომრჩეველმა გადაწყვიტოს, მინდა ვიყო მონაწილე ამ არჩევნების, პოლიტიკური პროცესების. ამიტომ მივმართე ქალბატონ სალომეს შეწყალების თხოვნით. მაქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტისგან მივიღებ შეწყალებას, რადგან თვითონ ჩემზე უკეთესად იცის, რომ სასამართლო არის კლანური.  მოსამართლემ, რომელიც არ არის კლანის წევრი, შემიფარდა 6 თვე და მოსამართლემ, რომელიც არის კლანის წევრი, მომისაჯა 4 წელი. ეს ფაქტი მეტყველებს, რომ მე ვარ კლანური მართლმსაჯულების მსხვერპლი.

როგორც ვხედავ, ძალიან მძიმედ ვითარდება პროცესები ქვეყანაში, ეს ხელისუფლება აცხადებს, რომ არსად წასვლას არ აპირებს, ამას ეუბნებიან ამერიკელებს, ევროპელებს, შეეგუეთ, რომ ჩვენ დავრჩებითო. მინდა, ჩავერთო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, ეს იქნება ჩემთვის ტრაგედია, რომ მე ამ ყველაფრის ყურება მომიწიოს ტელეფონში.

_ მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ ემიგრაციის ჩართულობა არჩევნებში,  რა განწყობაა ამ მხრივ ემიგრანტებში?

_ ამ თემებზე მე აქ ვმუშაობ, ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ემიგრანტი გავიცნო, მეტს ვესაუბრო და დავუმტკიცო, რომ ხელისუფლების შეცვლა არის იმედი და საშუალება ჩვენი უკან დაბრუნების და ქვეყნის გაბრწყინების. ვიყავი საბერძნეთში, კერძოდ, ათენში, იტალიაში, რომსა და ბარში, გერმანიაში, საფრანგეთში ბევრს დავდივარ, ათასობით ემიგრანტს შევხვდი.

_ რამე ჯგუფთან ერთად ორგანიზებულად მუშაობთ თუ როგორ?

_ არა, მე მარტო ვმოძრაობ და რაც შემიძლია, ვეწევი აგიტაციას. პირადად მე არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მაქვს, ჩამორთმეული მაქვს სასამართლოს მიერ, მაგრამ ვცდილობ, რაც შეიძლება მეტ ემიგრანტს მივცე მოტივაცია, რომ მივიდეს არჩევნებზე. ემიგრანტების უმეტესობა მიტივირებულია და ნამდვილად უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ დიდ ქვეყნებში დედაქალაქში მისვლას ქალაქებიდან რამდენიმე საათი სჭირდება. მაგალითად, საფრანგეთში მხოლოდ პარიზში თუ იქნება საარჩევნო უბანი, სტრასბურგიდან პარიზამდე ავტობუსს სჭირდება რვა-ცხრა საათი, ვერავინ შეძლებს, მთელი დღე იმგზავროს, ამაში ფული გადაიხადოს. შესაბამისად, დიდ ქალაქებში უნდა გაიხსნას საარჩევნო უბნები, სადაც 50 ადამიანი დარეგისტრირდება, მაგრამ ხელისუფლება ამას არ აპირებს. ჩვენ სხვადასხვა ადამიანებს ვხვდებით და ძალიან მალე დააანონსებენ დიდ აქციას, რომელიც ყველა ქალაქში ერთდროულად უნდა ჩატარდეს. ჩემი აზრით, პარალელურად საქართველოშიც უნდა ჩატარდეს აქცია, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ, გახსნას საარჩევნო უბნები დიდ ქალაქებში. ემიგრანტს ეუბნებოდე უარს არჩევნებში მონაწილეობაზე, ეს არის უზნეობა, ამ ემიგრაციის გზავნილებით არსებობს დღეს საქართველო.

_ რაც შეეხება განწყობებს, როგორია ემიგრანტების განწყობა პარტიების მიმართ?

_ ალბათ, 25-დან 30 პროცენტი, ჩემდა გასაკვირად. „ქართულ ოცნებას“ ექნება, განსაკუთრებით, საფრანგეთში ხელისუფლების მომხრე ძალიან ბევრი ემიგრანტია, თუმცა რატომ უჭერენ მხარს ხელისუფლებას, მე მათგან პასუხი ვერ მივიღე. ხელისუფლება ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს, განსაკუთრებით, აქ, საფრანგეთში, სხვადასხვა საიტების, ჯგუფების დაფინანსებისთვის, რომლებიც პროპაგანდას უწევენ რუსეთს, „ქართულ ოცნებას“. ამასთანავე, ემიგრანტებს აშინებენ, რომ ვისაც საბუთი არ აქვს, არჩევნებზე მისვლის შემთხვევაში, დაადეპორტებენ, არადა, ეს არის სიცრუე, არც საფრანგეთის მთავრობა, არც ბელგიის, არც გერმანიის ნამდვილად არ არის დაინტერესებული იმით, ვინ მივა ქართულ არჩევნებზე და ვინ _ არა. მიუხედავად ამ დაშინებისა, ადამიანები რეგისტრირდებიან საკონსულოებში, ონლაინ ხდება ეს და არ არის საჭირო ადგილზე მისვლა. როგორც ვიცი, საკმაო რაოდენობის ადამიანები არიან დარეგისტრირებული, ჯერ დრო კიდევ არის. ამ საკითხებზე მუშაობენ ორგანიზაციები, რომლებიც უფასო კონსულტაციებს უწევენ ადამიანებს. „თაობები ქვეყნისთვის“, ასეთი ორგანიზაცია არის, რომელიც აქტიურად მუშაობს და ეხმარება ემიგრანტებს, სხვა ორგანიზაციებიც არის ამ მიმართულებით მომუშავე.

რაც შეეხება ოპოზიციური  პარტიების მხარდაჭერას, იმ ადამიანების გასაგონად მივდა ვთქვა, ვინც ამბის, რომ ბიძინას იმიტომ აძლევს ხმას, რომ ეშინია მიშას მოსვლის, მე მგონია, ეს თავის მართლების პოზა უფროა და მეტი არაფერი. არა მხოლოდ მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის სპექტრი არის ძალიან მრავალფეროვანი. არ არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ უმრავლესობით მოსვლის შანსი. მხარდაჭერა აქვს „ლელოსაც“, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას კოალიციას. ჩემდა გასაკვირად, შალვა ნათელაშვილს უჭერს მხარს ბევრი ადამიანი, ალბათ, ორნიშნა რიცხვს მიიღებს ემიგრაციიდან. არის სრული მზაობა იმისა, რომ მივიღოთ კოალიციური მთავრობა და მრავალფეროვანი პარლამენტი.

_ რას იტყვით „ქართული ქარტიის“ შესახებ, რომელიც ითვალისწინებს დროებითი პარლამენტის არჩევას და მთავრობის დაკომპლექტებას არა პარტიული, არამედ პროფესიული ნიშნით? ამ ქარტიის ხელმომწერია ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა, რამდენად გაქვთ მოლოდინი ამ პირობის შესრულების?

_ 1988 წლიდან მსგავსი ქარტიები, ხელმოწერები, დაფიცებები ბევრი მინახავს, გეგუთის სახალიდან დაწყებული, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმით დამთავრებული, მაგრამ შესრულებული არც ერთი. ეს პარტიები, რომლებიც ახლა  პარლამენტში არიან გამაგრებულები, იქ რომ არ შესულიყვნენ, ეს ქვეყანა იქნებოდა უკეთეს ვითარებაში. ეს პროცესები, რასაც ახლა გავდივართ, უკვე გავლილი გვექნებოდა. „რუსული კანონის“ მიღების შემდეგაც არ გამოდიან პარლამენტიდან და ახალ ჯერზე რომ შევლენ, უმრავლესობას მოიპოვებენ და მათ ხელში იქნება პარლამენტის დაშლა-არმოშლა, არ მგონია, მაშინ დაშალონ პარლამენტი. ერთი რამ მინდა ვთქვა _ ანგელოზები არც ერთი არ ვართ საქართველოს პოლიტიკაში, რაც ვართ ეს ვართ, ახალი ახლა არ გამოიჩეკება, მივიღებთ იმ პარლამენტს, რაც ვართ, მაგრამ მე მჯერა რისი, იცით? როდესაც თვითორგანიზებით 300 ათასი ადამიანი გამოვიდა თბილისის ქუჩებში, ეს მაძლევს იმის გარანტიას, რომ თუ რამე არ მოეწონებათ, ისინი ნებისმიერი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვლენ ქუჩაში. ამ ადამიანებმა უკვე დემოკრატიის გემო გაიგეს და ამას ვერავინ ვეღარ შეცვლის. ქვეყანაში არის უკვე ის ძალა, რომელიც აიძულებს ნებისმიერ ხელისუფლებას, შეასრულოს დაპირებები.

_ ოპოზიცია საკითხს ასე აყენებს, რომ ახლა არჩევანი კეთდება ევროპასა და რუსეთს შორის, ამის შესახებ რას იტყვით?

_ კი ბატონო, ნამდვილად ეს არჩევნები გადაწყვეტს, თუ საით წავა ქვეყანა, ევროპისკენ თუ რუსეთისკენ. კურსკში განვითარებული პროცესები იმედს მაძლევს, რომ რუსეთის აგრესია მალე დამთავრდება. ახლა მთავარი არის, ჩვენ მოვახერხოთ და უარი ვუთხრათ რუსეთს, კი _ ევროპას. ევროპას რომ უფრო მეტად დავუახლოვდებით, რეფორმები შესრულდება, ეს იქნება უკვე გარანტი, რომ პოლიტიკოსებმა დაპირებები შეასრულონ. იმიტომ გვინდა ევროპა, რომ პასუხისმგებლიანი პოლიტიკა ჩამოყალიბდეს საქართველოში. ჩვენ გვინდა მრავალპარტიოული, დემოკრატიული წყობილება, მე ემიგრაციის ასე თუ ისე მცოდნე, გარანტიას ვიძლევი, რომ ემიგრაციიდან ხმები იქნება მრავალპარტიული, ასეთივე იქნება საქართველოშიც და მჯერა, მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს, ასჯერ უკეთესს, ვიდრე ახლა გვაქვს. შემდეგ იქნებ, დეცენტალიზაციასაც ეშველოს და თვითმმართველობის გაძლიერებასაც, რომელიც ახლა მივიწყებულია.