გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ანატომია – გაუხმაურებელი დეტალები



19 ივნისს ანი გაბეჩავა დაიბადა. მან გადაწყვიტა, მეგობრებთან ერთად დაბადების დღეს 18 ივნისს შეხვედროდა და აგარაკიც დაიქირავა. უფრო ადრე ამ აგარაკზე ბოლო ზარი აღნიშნეს. ანამ დაპატიჟა მეგობრები, უბნელები, კლასელები, მათ შორის, გიორგი შაქარაშვილიც.
სტუმრებს შორის იყო დიჯეი კოკოც, იგივე კონსტანტინე ღიბრაძე.
სტუმრები გამომწვევად იქცეოდნენ, ჩხუბიც მუსიკის გამო დაიწყო და გარეთ გაგრძელდა. ანი გაბეჩავამ არ იცის, ვინ დაპატიჟა მის დაბადების დღეზე ვახო ჩიქოვანი, რომელიც შაქარაშვილის მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია.
ბიჭების ჩხუბის შემდეგ ერთ-ერთმა, ნიკა ცუცქირიძემ, მეტსახელად „ყვლიპემ“, უბნის ძველ ბიჭთან დარეკა.


გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან თვეზე მეტი გავიდა. ამ საქმეზე მოსმენილი მაქვს ყველა ვერსია, დაწყებული „მწყემსის“ ნაამბობით, რომ კლდიდან გადავარდა და გაგრძელებული მისი მონასტერში ყოფნით ან ფეხი ხომ არ დაუცდა, დევნისას დაშავდა, სცემეს, დაახრჩვეს და ა. შ.
გამოძიება პირველი დღიდან ოჯახის ადვოკატის მეშვეობით მხოლოდ „ტოიოტა ქამრის“ მგზავრებზე აპელირებდა და ბოლოს ექვსივე მგზავრის განზრახ მკვლელობის მუხლით გასამართლებას ითხოვდა. ამ დროს თითქმის არ ახსენებდნენ „მერსედესის“ ეპიზოდს და მის მგზავრებს, რომლებიც ჩხუბის ადგილზე პირველები აღმოჩნდნენ.
სწორედ მირიან ნიკოლაძის ამ უტიფარმა დაჟინებამ დამაწყებინა ფიქრი სულ სხვა მიმართულებით და საქმეში ნიკა ჟვანიას ჩვენება მოვიძიე. ნიკა ჟვანია საქმის ერთადერთი ფიგურანტია, რომელიც თავის პირველ ჩვენებაში დანაშაულის ჩადენის იარაღს, რკინის მილს, ე. წ. დრინს ასახელებს. მისი ტელეფონის ნომრის დეტალური ამონაწერებით ირკვევა, რომ ჟვანია ასევე ერთადერთია საქმის ფიგურანტებიდან, რომელიც შაქარაშვილის გაუჩინარების მეორე დღეს საგურამოში ბრუნდება.

რას წერს ნიკა ჟვანია ჩვენებაში?

2020 წლის 18-19 ივნისის ღამით, ზუსტი დრო არ მახსოვს, ვიმყოფებოდი ქ. თბილისში ჩემს საცხოვრებელ სახლში და ჩავდიოდი ეზოში, რა დროსაც მე ჩემს მობილურ ტელეფონზე, რომლის სიმბარათის ნომერია 595 11 13… დამიკავშირდა ჩემი უბნელი და მეგობარი, ჩემზე ასაკით უმცროსი ნიკოლოზ ცუცქირიძე, რომელმაც მაცნობა, რომ მას თანაკლასელი გოგონას დაბადების დღეზე ყოფნისას ჩხუბი მოუხდა და მოდიოდა უბანში. დაახლოებით ოც წუთში ეზოში ორი მანქანით _ ვერცხლისფერი „მერსედესის“ მარკისა და მუქი ნაცრისფერი „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანით მოვიდნენ ნიკოლოზ ცუცქირიძე და მისი ოთხი თანაკლასელი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთა სახელები და გვარები არ ვიცი, მაგრამ მათი ამოცნობა შემიძლია. ნიკოლოზ ცუცქირიძემ და მისმა თანაკლასელებმა მე განმიცხადეს, რომ მათი თანაკლასელი გოგონას დაბადების დღეზე მცხეთასთან, ნატახტრის მხარეზე ყოფნისას, ჩხუბი მოუვიდათ მათთვის უცნობ ბიჭებთან, რა დროსაც ისინი სცემეს და აცხადებენ, რომ ისევ წასულიყვნენ იმავე ადგილას, ენახათ აღნიშნული მათი მცემელი პიროვნებები და გაერკვიათ მათი ცემის მიზეზი, რადგან მათივე განმარტებით, ისინი უმიზეზოდ სცემეს. მათ მე ვურჩიე, რომ იმავე ღამით არ წასულიყვნენ აღნიშნული პიროვნებების სანახავად, რადგან მათ აშკარად ეტყობოდათ, რომ იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში და ამასთანავე უკვე გვიანი ღამე იყო. ჩემი მოწოდების პასუხად, ნიკოლოზ ცუცქირიძემ განმიცხადა, რომ ჩხუბის ადგილას დარჩენილი იყვნენ მათი თანაკლასელები და ასევე ჩემი მეგობარი გიორგი მერაბიშვილი და კიდევ ერთი მათი თანაკლასელი, რომლის სახელი და გვარი არ ვიცი, ასევე იმავე ადგილას იმყოფებოდნენ მათთან კონფლიქტში მყოფი სხვა პიროვნებებიც. კიდევ რომ არ მომხდარიყო ჩხუბი, საჭირო იყო მათი იმ ადგილიდან წამოყვანა, ასევე მცხეთიდან წამოსაყვანი იყო იქ მყოფთაგან ერთ-ერთი პიროვნების ავტომანქანა, რომელიც მათ დარჩათ ჩხუბის ადგილას. მე დავეთანხმე მათ და ნიკა ცუცქირიძის თანაკლასელი გიგას ვერცხლისფერი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით, რომლის ნომრები არ მახსოვს, წავედით ქ. თბილისიდან ქ. მცხეთის მიმართულებით. ამ მანქანაში საჭესთან იჯდა გიგა, წინა სავარძელზე ვიჯექი მე, ხოლო უკანა სავარძელზე ისხდნენ ნიკოლოზ ცუცქირიძე და კიდევ სამი მასთან ერთად უბანში მოსული მისი თანაკლასელი. ჩვენ წავედით მცხეთის მიმართულებით და ამ დროს ამ მანქანაში უკან მსხდომთაგან ერთ-ერთს, რომელს, არ მახსოვს, მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა გიორგი მერაბიშვილი და აცნობა, რომ მათი მცემელი ბიჭები ფეხით მოდიოდნენ ცენტრალური საავტომობილო ტრასის პირას, თბილისის მიმართულებით და ასევე თვითონ და მისი კიდევ ერთი თანაკლასელი ბიჭი, რომლის სახელი და გვარი არ ვიცი, მათგან გარკვეული მანძილის დაშორებით ასევე ფეხით მიდიოდნენ თბილისის მიმართულებით. გიორგი მერაბიშვილისვე განმარტებით, მათ წინ მიმავალი პიროვნებები მათ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც მათ ეშინოდათ, რომ შესაძლოა, ისინი კიდევ ეცემათ და გვთხოვეს, რომ მივსულიყავით მათთან და წამოგვეყვანა ისინი თბილისში. ჩვენ ისედაც უკვე გზაში ვიყავით და მალევე ქ. მცხეთასთან, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, დასავლეთის მიმართულებით მოძრაობისას, გზის მეორე მხარეს შევნიშნეთ, რომ გზის პირას, მოხრეშილ მონაკვეთზე, თბილისის მიმართულებით ფეხით მიდიოდა რამდენიმე, დაახლოებით, ექვსი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაგან რამდენიმე მეტრით უკან ასევე ფეხით იმავე მიმართულებით მიდიოდა ორი ახალგაზრდა მამაკაცი. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ზემოაღნიშნული ორი პიროვნება იყო გიორგი მერაბიშვილი და მისი თანაკლასელი, რის გამოც გავაგრძელეთ გზა. მცხეთას ოდნავ გაცილებული, მოსაბრუნებელ გზაზე მოვაბრუნეთ ჩვენი მანქანა და წამოვედით თბილისის, ანუ ჩვენ მიერ დანახული პიროვნებების მოძრაობის მიმართულებით. როდესაც ჩვენ დავეწიეთ მათ, ჩვენი მანქანის მძღოლმა მანქანა გააჩერა გზის პირას, მოხრეშილ ადგილას გიორგი მერაბიშვილისა და მისი თანაკლასელის წინ, მიმავალი პიროვნებების წინ. გაჩერებისთანავე ყველანი გადმოვედით მანქანიდან, გადმოსვლისას მე ჩემი სავარძლის ქვემოდან ავიღე იქ არსებული დაახლოებით 40 სმ სიგრძის რკინის მილი, რომელიც მე ამ მანქანაში ჩაჯდომისთანავე შევნიშნე იქ. ჩვენ გადმოვედით მანქანიდან და ჩემს თანმხლებებთან ერთად მივედი ფეხით მომავალ პიროვნებებთან, რომლებიც ახლოდან გავარჩიე, რომ იყვნენ ექვსნი. მისვლისთანავე მე ჩემს ხელთ არსებული ზემოაღნიშნული რკინის მილი, რომელიც გადმოვიტანე მანქანიდან და მეჭირა მარჯვენა ხელში, მოვუქნიე ჩემთან ყველაზე ახლოს მდგარ ახალგაზრდა მამაკაცს, მაგრამ მოხვდა თუ არა ის რკინის მილი მას, ვერ ვიხსენებ. იმავე დროს, როდესაც მე აღნიშნულ პიროვნებას მოვუქნიე ჩემს ხელთ არსებული რკინის მილი, იმ ექვსი პიროვნებიდან ოთხი პიროვნება ასევე ფეხით გაიქცა უკან, დასავლეთის მიმართულებით. ფაქტობრივად, ჩვენ წინაშე დარჩა ორი პიროვნება. ამასობაში ჩემთან ერთად მყოფმა ნიკოლოზ ცუცქირიძემ და მისმა თანაკლასელებმაც მოირბინეს და დაუწყეს ცემა იმ პიროვნებას, რომელსაც მე მოვუქნიე ჩემს ხელთ არსებული რკინის მილი. მე მისთვის მეტად არც რკინის მილი, ხელი, ფეხი ან რაიმე საგანი არ მომიქნევია და დამირტყამს, მაგრამ გარკვევით დავინახე, რომ ნიკოლოზ ცუცქირიძე და მისი იქ მყოფი თანაკლასელები სცემდნენ მას. ასევე დავინახე, რომ მასთან ერთად მყოფ ჩემთვის უცნობ პიროვნებასაც სცემდნენ ჩემთან ერთად იქ მყოფი ნიკოლოზ ცუცქირიძე და მისი თანაკლასელები. მე მალევე გავაშველე და მოვაცილე ნიკოლოზ ცუცქირიძე და მისი თანაკლასელები იმ პიროვნებას, რომელსაც სცემდნენ, ანუ იმ პიროვნებას, რომელსაც მე თავდაპირველად მოვუქნიე ჩემს ხელთ არსებული რკინის მილი. აქვე დავამატებ, რომ ამ ჩხუბში ჩაერია და იმ ორ ახალგაზრდა მამაკაცს ასევე სცემდა იქ მყოფი ნიკოლოზ ცუცქირიძის თანაკლასელი ორი პიროვნებაც, რომელთაგან ერთი იყო გიორგი მერაბიშვილი და რომელთა გამოც ჩვენ ვიმყოფებოდით აღნიშნულ ადგილას. მე საბოლოოდ შევძელი და როგორც ნიკოლოზ ცუცქირიძე, ასევე მისი ყველა იქ მყოფი თანაკლასელი მოვაცილე იმ პიროვნებას, რომლებსაც ისინი სცემდნენ. ამის შემდეგ ჩვენ, ანუ მე, გიგა, რომლის გვარი არ ვიცი, ნიკოლოზ ცუცქირიძე, გიორგი მერაბიშვილი მასთან ერთად მყოფი მისი თანაკლასელი და დანარჩენები, რომლებიც მივედით ავტომანქანით, იმ ადგილას ჩავსხედით იმავე ვერცხლისფერი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში და წამოვედით იმ ადგილიდან, ხოლო ორი ნაცემი პიროვნება დარჩა იმავე ადგილზე. ჩვენ ავტომანქანით მივედით ცენტრალური საავტომობილო ტრასის პირას არსებული ლიდერფუდის შენობის გვერდით ტრასიდან, ჩავუხვიეთ მარჯვნივ, შევედით რკინის ჭიშკრის შიგნით და გავჩერდით. ჩვენ ადგილზე დავტოვეთ ნიკოლოზ ცუცქირიძისა და გიორგი მერაბიშვილის თანაკლასელი ჩვენთან ერთად მყოფი ორი პიროვნება, ხოლო დანარჩენი იმავე ავტომანქანით წამოვედით ქ. თბილისში.


ნიკა ჟვანიას მობილური ტელეფონის დეტალური ამონაწერით ირკვევა, რომ უბნიდან გასვლის წინ მის ტელეფონზე საინტერესო ზარი ფიქსირდება _ ის უბნის ერთ-ერთ მაყურებელს დაჩი ბუაძეს ურეკავს. მოგვიანებით, „მთავარ არხთან“ საუბარში დაჩი ბუაძე იტყვის, რომ არა მხოლოდ ტელეფონით ესაუბრა, არამედ შეხვდა კიდეც ნიკა ჟვანიას. გამოძიებას დაჩი ბუაძე ამ დრომდე არ დაუკითხავს, ისევე როგორც სატელეფონო ზარების შესახებ კითხვები არ დაუსვამთ თავად ნიკა ჟვანიასთვის. მეტიც: გამოძიებამ უპირობოდ გაიზიარა ნიკა ჟვანიას ჩვენების ის ნაწილი, სადაც ჟვანია შაქარაშვილის გაუჩინარების მეორე დღეს მანგლისში ყოფნისას ტელეფონის დაკარგვაზე საუბრობს. უფრო კონკრეტულად: „2020 წლის 18-19 ივნისის ღამეს ცენტრალურ საავტომობილო ტრასასთან მომხდარი თქვენ მიერ მოხსენიებული ჩხუბის დროს მე თან მქონდა samsung galaxy s 5 ფირმის მობილური ტელეფონი, რომელშიც გააქტიურებული იყო სიმბარათი ნომრით: 595 11 13 … აღნიშნული მობილური ტელეფონი 2020 წლის 19 ივნისს გაურკვეველ ვითარებაში დავკარგე სავარაუდოდ გზაზე, თბილისიდან მანგლისის მიმართულებით, როდესაც მე გამოვიყენე რამდენიმე სახეობის ტრანსპორტი, ასევე აღნიშნული მობილური ტელეფონის გაურკვეველ ვითარებაში დაკარგვის შესახებ მე შესაბამის ორგანოში ჯერ არ განმიცხადებია“, _ წერს ნიკა ჟვანია.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ნიკა ჟვანია მანგლისში ნამდვილად იმყოფებოდა მეგობარ ბიჭთან ერთად საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, ვახო ჩიქოვანის ახლო ნათესავის, მარიამ გოლიგაშვილის აგარაკზე, სადაც ერთი კვირის წინ ასევე იმყოფებოდა მარიამის და ელენეც, რომელიც დასასვენებლად უნდა დარჩენილიყო მანგლისში, მაგრამ თბილისში მეორე დღესვე დაბრუნდა. ჩემი წყარო ვარაუდობს, რომ მანგლისის აგარაკი შაქარაშვილის მკვლელობის მორიგ საიდუმლოს მალავს.
საინტერესო ინფორმაციას იძლევა ნიკა ჟვანიას მობილური ტელეფონის ამონაწერი:
მომხდარი ჩხუბის შემდეგ მასთან სისტემატური კავშირი აქვს ვახო ჩიქოვანს. 00:34 წუთზე იწყება და 00:49 შუალედში ჩიქოვანი და ჟვანია ერთმანეთში ხუთჯერ საუბრობენ, 00:52 წუთზე ჟვანია მიშა ბედოიძეს ურეკავს, ხოლო თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ასევე ესაუბრება დედას. არც ერთ სატელეფონო ზარზე მას საკუთარ ჩვენებაში არაფერი უთქვამს, ისევე როგორც დამალა, რომ 19 ივნისს იმყოფებოდა საგურამოში.
19 ივნისს, ანუ გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების დღეს, 13:58 წუთზე ნიკოლოზ ჟვანია ურეკავს ნიკოლოზ რევაზიშვილს „დაკარგული“ ტელეფონიდან და 14:24 წუთზე მანგლისში “დაკარგული”ტელეფონი ფიქსირდება საგურამოში ანძაზე _ საგურამო-სამხედრო, საიდანაც ის საქმის ერთ-ერთ ფიგურანტ, არასრულწლოვან ლ.შ.-ს ურეკავს.
რაზე ისაუბრეს ნიკა ჟვანიამ და დაკავებულმა ლ.შ.-მ 19 ივნისს, ამის შესახებ არც გამოძიებამ იცის რამე და არც _ ჩვენ, რადგან ბრალდებულისთვის ამ მიმართულებით კითხვები არავის დაუსვამს.
ვახო ჩიქოვანსა და ნიკა ჟვანიას ერთი და იგივე ადვოკატი, რამაზ ბერიანიძე იცავს, შესაბამისად, მათ ერთმანეთთან კომუნიკაციისა და ჩვენებების შეჯერების საშუალება ამ გზითაც აქვთ. გაზეთი დასაბეჭდად მზად იყო, როდესაც გაირკვა რომ ნიკა ჟვანიას საქართველოში ერთ ერთი ძვირადღირებული და საპროცესოების ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი დაიცავს .

რა საიდუმლოს ინახავს დადიანის #303 ეზო?

ეს ავთო ბილანიშვილის ე. წ. “კაწროს” სამაყურებლო ზონაა. „კაწრო“ „კანონიერი ქურდის“, კაკო ბილანიშვილის შვილია. მისი სოციალური ქსელი აჭრელებულია ბერა ივანიშვილთან გადაღებული ფოტოებით. ასეთები მუდმივად მარიაჟობენ ცნობილ ადამიანებთან მეგობრობით და ეს მათთვის ერთგვარი იმუნიტეტია. წარმოიდგინეთ, „კაწრო“ როცა რომელიმე რიგით პოლიციელს ეუბნება, _ ბერას ძმაკაცი ვარ, „ბრატ“ (უთქვამს კიდეც)! იმ რიგითმა რა ქნას _ პრესცენტრს მიმართოს, სადაც ნინო გიორგობიანი დახვდება, რომელიც მისივე ნათესავის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მფარველობითაა დაკავებული და საქმის ჩაფარცხვითაა დაინტერესებული?
„კაწრო“ უბანში მარტო არ არის, მას ხელის ბიჭებიც ჰყავს: დაჩი ბუაძე, ე. წ. ვიცე-კაწრო, ემზო ელბაქიძე და გიორგი ნადიროვი. ემზო ელბაქიძე ნასამართლევია და ქურდობაზე ოცნებობს. აქვე მათთან ერთად მოიაზრებიან თენგო ბარბაქაძე, მიშა ბეშიძე, ნიკუშა ცერცვაძე და ირაკლი მუმლაძე. ჩვენი წყარო ამბობს, რომ ირაკლი მუმლაძე გაცილებით „ძერზკი“ და დაუნდობელია. ამავე „სასტავში“ მოსამართლე ლალი ყალიჩენკოს შვილი მარიამ ბაძგარაძეც მოიაზრება. მათთანაა მეცხრე განყოფილების აწ გარდაცვლილი უფროსის შვილიც, რომელსაც მამის ავტორიტეტის გამო, რამე რომ იყოს, პოლიციაშიც მიესვლება. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია თენგო ბარბაქაძის შეყვარებული ანი მაზანაშვილიც, რომელიც ხელახლაა დასაკითხი საქმის სხვა ფიგურანტებთან ერთად.
ჟვანიას ავტომობილის მგზავრია კიდევ ერთი არასრულწლოვანი ნ.ქ., რომლის მამაც, ვახტანგ ქანაშვილი, დეპუტატ ეკა ბესელიას შვილის ადვოკატი იყო 2010 წელს და დღესაც ბესელიას თანაპარტიელია.
რადგან ნიკა ჟვანია მეორედ არ დაუკითხავთ, თუ რატომ დაბრუნდა ის ნარეკვავში აგარაკზე და რას აკეთებდა იქ 18 წუთის განმავლობაში, ჯერ მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეგვიძლია. ნარეკვავის აგარაკზე ამ დროისთვის ფართომასშტაბიანი რემონტი მიმდინარეობს, საბანკეტო დარბაზის უკან დიდი ჰოლი მთლიანად აყრილი და დანგრეულია, უკანა კარით კი ასევე უკაცრიელ ადგილას გადიხარ, საიდანაც სამანქანო გზას არაგვის პირას ჩაჰყავხარ. მიმდებარე ტერიტორიიდან მინიმუმ სამი სამანქანო გზა ჩადის არაგვზე, სადაც მიტოვებული შენობებია და ნებისმიერი ადგილი შეიძლება იყოს გიორგი შაქარაშვილის გვამის მოთავსების ადგილი. ექსპერტებთან ერთად ჩვენი წყაროც ირწმუნება, რომ შაქარაშვილი, მინიმუმ, ორი დღის განმავლობაში იყო კომატოზურ მდგომარეობაში და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი გადარჩენის შანსები განულდა, ის უგონო მდგომარეობაში მყოფი ჩაიტანეს არაგვის პირას და მდინარეში შეიტანეს, რომ მკვლელობის ნამდვილი მიზეზი დახრჩობა ყოფილიყო.
იგივე წყარო ამბობს, რომ ერთ-ერთმა არაგვზე ჩასასვლელი გუგლ მეპით მოძებნა. ერთხელ ჩავიდნენ ადგილის დასაზვერად და მეორედ უკვე შაქარაშვილის უგონო სხეული ჩაიტანეს მიკროავტობუსით.
შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ასევე ბურუსით მოცულია ე. წ. ფერადი სახლი, რომელიც საქმის ოქროს მოწმის, გიორგი ამირხანაშვილის ჩვენების შემდეგ მოექცა ყურადღების ცენტრში. მოგვიანებით, 4 ივლისს, ფერადი სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაიწვა. ახლახან გაირკვა, რომ ჭადრაკულად გადამწვარია სახლის უკანა ტერიტორიის ნაწილი, ხოლო მეჯართე ლ.ყ., რომელმაც თითქოს ჯართის დაჭრის დროს ბალახებს ცეცხლი წაუკიდა, ამჟამად დაკავებულია. რატომ მოიხსენიეს ის შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში ინიციალებით?
„ქრონიკა+“-მა დაადგინა მეჯართის ვინაობა, ის წარსულში ნასამართლევი პირი და ცნობილი კრიმინალია. მეჯართის ვინაობასა და მის კრიმინალურ წარსულს „ქრონიკა+“ მომდევნო ნომერში დაუბრუნდება.

ელისო კილაძე