გიორგი ქაჯაია: „ივანიშვილის დამარცხება თუ გვსურს, ოპოზიციური სპექტრი უნდა გავწმინდოთ!“
დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელ მაჟორიტარობის კანდიდატს, ახალგაზრდა პოლიტიკოს გიორგი ქაჯაიას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში არათანაბარ პირობებში მოუწია მონაწილეობის მიღება.
ახალგაზრდა პოლიტიკოსს პოლიტიკური გამოცდილება, მათ შორის, საარჩევნო კუთხით 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებიდან ჰქონდა მიღებული.
როგორც ქაჯაია „ქრონიკა+“-სთან აცხადებს, ის საერთოდ გააქრეს ცესკოს შკალიდან, სადაც კანდიდატებია აღნიშნული თავიანთი მიღებული პროცენტებით.
როგორ აპირებს ბრძოლის გაგრძელებას? რა როლი აქვს ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობას? რა უნდა გააკეთონ ახალგაზრდებმა იმისთვის, რომ მათი გულწრფელი პროტესტი პოლიტიკური მიზნებისთვის არავინ გამოიყენოს?
აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ პლატფორმა „დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ქაჯაიას ესაუბრა:
_ გიორგი, სანამ მიმდინარე პოლიტიკურ თემებს განვიხილავთ, დავიწყოთ საარჩევნო გარემოს შეფასებით: რამდენად თანაბარ პირობებში მოგიწიათ ბრძოლა და როგორი იყო საარჩევნო გარემო კონკრეტულად თქვენს ოლქში?
_ პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ ყოფილა გამჭვირვალე დემოკრატიული არჩევნები, ეს იყო ხელისუფლების ჩატარებული სპეცოპერაცია. რომელ არჩევნებზე ვსაუბრობთ, როდესაც ხალხს წაართვეს ფუნდამენტური უფლება თავისი ნების გამოხატულებისა?! ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი დაეზიანებინათ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში და ეს დაკვეთა ოფიციალურად გააფორმა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ. მან ხელისუფლებასთან ერთად გადადგა სრულიად ანტიდემოკრატიული, ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აუცილებლად აგებენ პასუხს ქართველი ხალხის წინაშე.
რაც შეეხება კონკრეტულად ჩემს ოლქს, მოგახსენებთ შემდეგს: ყველანაირი რესურსი გამოიყენეს, რათა სახელისუფლებო კანდიდატ გია ვოლსკის გაემარჯვებინა, მაგრამ მაინც ვერ მიაღწიეს საწადელს. მათ მობილიზება გაუკეთეს როგორც კრიმინალებს, ასევე ადმინისტრაციულ რესურსს, შესაბამისად, არათანაბარი გარემო შეიქმნა კონკურენციისთვის. ყველაზე სამწუხარო კი არის ის, რომ ეს ადამიანები პოლიციასთან ერთად ჰარმონიულად მოქმედებდნენ, ანუ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და ეს ხალხი ერთ სიმბიოზად აქცია. საარჩვენო უბანთან მოვიდა ბატონი ვოლსკი და გასცა დირექტივები, როდესაც მიხვდა, რომ ჩემთან დამარცხდა. რეალურად, მას ამის უფლება არ ჰქონდა.
_ არჩევნების შედეგებს რაც შეეხება, როგორც თქვენ აცხადებთ, „ცესკომ“ საერთოდ „გაგაქროთ“. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ ამის შესახებ.
_ მას შემდეგ, რაც ვოლსკიმ დირექტივა გასცა, საზოგადოებამ ნახა, რომ საერთოდ გამაქრეს ცესკოს შკალიდან, სადაც კანდიდატებია აღნიშნული თავიანთი მიღებული პროცენტებით. ეს არჩევნები გამიყალბეს არა მარტო მე, არამედ სრულიად საქართველოს. ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ თითოეული ჩემი ამომრჩევლის ხმა დავიბრუნო! ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენს სახელმწიფოში სამართლიანი არჩვენები ჩატარდეს, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის.
_ რატომ ვერ მოახერხეთ ხმების დაცვა?
_ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ გარემოში ნამდვილად რთულია, ახალგაზრდა პოლიტიკოსმა მოახერხო და დაიცვა შენი უფლებები, ვინაიდან ჩვენ გვყავს მთავრობა და ცენტრალური საარჩვენო კომისია, რომელსაც შეგვიძლია ყველაფერზე ველაპარაკოთ, გარდა სახელმწიფოებრივი საკითხებისა და სამართლებრივი ნორმებისა. ჩვენ ვცხოვრობთ ოლიგარქატის პირობებში, სადაც დღის წესრიგი არა საზოგადოების სასიკეთოდ არის განსაზღვრული, არამედ კერძო პიროვნების ინტერესებზეა მორგებული. შესაბამისად, ვერაფერს გახდები უბრძოლველად და მეც სამოქალაქო სექტორთან ერთად ვიბრძვი სამართლიანობისთვის, ამჯერად კი საკუთარი ხმების დასაბრუნებლად.
_ თქვენი შეფასებით, რამდენად ქმედითუნარიანი და თანმიმდევრულია ოპოზიციური სპექტრი? ამასთან, ოპოზიციის სისუსტე აძლევს გარკვეულ უპირატესობას „ქართულ ოცნებას“?
_ ვფიქრობ, ოპოზიცია, სამწუხაროდ, არცთუ ისე ძლიერია, მაგრამ მათ მაინც შეძლეს საერთო მიზნის გარშემო კონსოლიდირება, უბრალოდ, აკლიათ კონსტრუქციულობა და შინაარსი. ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა გაიაზროს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესებში ახალი სახეების ჩართულობა, ძალზე სასარგებლოა ახალი ხედვის ჩამოყალიბება. მათ ამ ყველაფერს ხელი უნდა შეუწყონ. დემოკრატიის სიჯანსაღისთვის აუცილებელია ახალი აქტორების გამოჩენა, მოცემულობიდან გამომდინარე საზოგადოება ითხოვს ოპოზიციის რიგებში სიახლეს. ეს რეფორმა თუ განახორციელეს და მოახერხეს ხალხის რესურსის მობილიზება, ვფიქრობ, ივანიშვილის რეჟიმი კრახისთვის არის განწირული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირ ღირებულ პროდუქტს ვერ დადებენ, რაც საერთო მოცემულობას შეუცვლის. მეტი ახალგაზრდა უნდა გამოჩნდეს ოპოზიციის რიგებში. დროა, ოდიოზურმა ფიგურებმა დატოვონ ასპარეზი და გზა დაუთმონ სუფთა წარსულის მქონე ახალ თაობას. ეს სწორედ ის ხალხია, ვინც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა და იცის თავისუფლების ფასი. ხელისუფლებას რაც შეეხება, იგი ჩიხშია შესული და მეეჭვება, თუ სწორი ნაბიჯები არ გადაიდგა, თავის დაღწევა მოახერხოს. დღევანდელი პოლიტიკური ველი თვითკმაყოფილებაშია ჩაფლული და კატეგორიულად ეწინააღმდეგება ცვლილებას. არ ვაპირებ, ვინმეს ფიანდაზად გავეგო, რეალობა არის შემდეგი: ივანიშვილის დამარცხება თუ გვსურს, ჯერ ოპოზიციური სპექტრი უნდა გავწმინდოთ და შემდეგ ვიფიქროთ სხვა დანარჩენზე. ხელისუფლების ცვლილების მთავარი მუხრუჭი სწორედ ის საზოგადოებაა, რომელსაც 30 წელია, ვუყურებთ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ხმამაღლა ვთქვა: ნებისმიერი პოლიტიკოსის შესვლა პარლამენტში და „ქართულ ოცნებასთან“ ფლირტი იქნება მოღალატეობის ტოლფასი. ახალგაზრდები, ჩემი თანატოლები და მეც, მათ შორის, ვიბრძვით უკეთესი სახელმწიფოს მშენებლობისთვის და არა იმისთვის, ვინმე ჩვენს ხარჯზე თბილად მოკალათდეს სავარძელში. ამას არასოდეს შევეგუებით და ეს უნდა გაითავისოს ძალიან ბევრმა.
_ თქვენ კი ამბობთ, რომ ახალგაზრდები იბრძვით უკეთესი სახელმწიფოს მშენებლობისთვის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდების გულწრფელ პროტესტს ზოგიერთი პოლიტიკური პარტია საკუთარი ვიწრო პარტიული მიზნებისთვის იყენებს. მსგავსს ნიშნებს თუ ხედავთ ამ ეტაპზე?
_ რასაკვირველია, ვხედავ, რომ ახალგაზრდების გარკვეულ სეგმენტს იყენებენ პირადი მიზნებისთვის, მაგრამ სწორედ ამ დროს ჰმართებს ახალგაზრდას კეთილგონიერება, არ იქცეს პოლიტიკურ იარაღად ამ რთულ მოცემულობაში.
_ უერთდებით თუ არა ოპოზიციის მოთხოვნებს და რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის დაკმაყოფილება?
_ რასაკვირველია, საერთო მოთხოვნას ვუერთდები, მეტიც: ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ვარ მიმდინარე პროცესების. ეს არჩვენები არის გაყალბებული და არალეგიტიმური. შესაბამისად, როგორც მე, ასევე რაციონალურად მოაზროვნე საზოგადოება, მოვითხოვთ ხელახალ არჩვენებს და ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება მთავრობას აუცილებლად მოუწევს. ჩვენ არ დავიღლებით, ბრძოლა იქნება უკომპრომისო. რაც უფრო მალე გააანალიზებს რეალობას კობახიძე-ჟვანიას ტანდემი, უფრო კარგია მათთვის. ხალხი შეურაცხყოფილი და გაბრაზებულია, რა თქმა უნდა, ამას არავინ აპატიებს.
_ თქვენ 2017 წელს თვითმმართველობის არჩევნებშიც მონაწილეობდით. ამჯერად რით განსხვავდებოდა ეს ორი არჩევნები ერთმანეთისგან და რა დასკვნების გაკეთება შეძელით?
_ დიახ, 2017 წელს მივიღე მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და სწორედ მანდ მიღებული შედეგი გახდა დღევანდელი ჩემი შედეგების გაყალბების მთავარი მიზეზი. მე ნათლად დავინახე დამფრთხალი, შეშინებული „ქართული ოცნების“ ოპონენტის სახე, _ როდესაც დამოუკიდებელ ახალგარზდა პოლიტიკოსს ყველანაირი ბინძური მეთოდით გებრძვიან ეს უკვე გამარჯვებაა. ვპირდები, აუცილებლად ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე, ვინც ჩემ წინააღმდეგ იყო ჩართული უკანონო ქმედებებში.
_ როგორც თქვენი სოციალური ქსელიდან ირკვევა, პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებას გეგმავთ. გააკეთეთ თუ არა არჩევანი და რა იქნება თქვენი კრიტერიუმები პარტიის შერჩევისას?
_ მე ნამდვილად ვაპირებ პარტიის რიგებში შესვლას. ამ ეტაპზე მაქვს დიალოგი რამდენიმე პოლიტიკურ ლიდერთან. დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ვიტყვი ერთს _ ეს იქნება პროდასავლური ღირებულებების მატარებელი პარტია, სადაც ბოლომდე შევძლებ საკუთარი პოტენციალის რეალიზებას. გპირდებით, პირველები იქნებით, ვინც ამას გაიგებს. შემოთავაზებები, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ძალისგან მაქვს, მაგრამ არსებული პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე, არ მსურს ნაჩქარევი გადაწყვეტილება მივიღო. ვიქნები იმ გუნდის წევრი, სადაც დავრწმუნდები, რომ მომეცემა შესაძლებლობა, ჩემს ხალხს ღირსეულად ვემსახურო
ნენე ინჯგია