გიორგი ტიგინაშვილი: „ფარული ჩანაწერები პატრიარქზეც არსებობს“
საპატრიარქოს გარშემო სკანდალები არ წყდება. რომ გგონია, ამაზე უარესს ვერაფერს გაიგებ, კიდევ უარესი გესმის. გასულ კვირას ჩვენმა საზოგადოებამ იმის შესახებ გაიგო, რომ საპატრიარქოსაც ჰყოლია თავისი ტროლები. ამ ჯგუფს შორენა თეთრუაშვილი და ნანა კაკაბაძე მართავდნენ.
ჯგუფის შესახებ საზოგადოებამ თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილისგან გაიგო. რამდენიმე თვის მანძილზე ისიც ესწრებოდა ამ თავყრილობებს და თავიდან სჯეროდა, რომ ამ ადამიანებს მართლაც სურდათ, ეკლესია გადაერჩინათ.
გიორგი ტიგინაშვილი გვიყვება, რომ ამ ჯგუფის რამდენიმე წევრი მართლაც გულწრფელად იყო შეწუხებული იმით, რაც ეკლესიაში ხდებოდა და სიტუაციის გამოსწორება სურდა. თეოლოგის თქმით, ჯგუფში საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები იყვნენ, მათ შორის, თამაზ ჯოლოგუა, შოთა გლურჯიძე, ზაზა შათირიშვილი.
რატომ გადაწყვიტა ამ ჯგუფიდან წამოსვლა? რა დავალებებს აძლევდნენ ჯგუფის წევრებს? რატომ უნდა მომხდარიყო ნატოს დემონიზაცია? რით დასრულდება საპატრიარქოს კარის თამაშები? რას ინანიებს საჯაროდ? _ ამაზე გიორგი ტიგინაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
–გიორგი , თქვენგან გავიგეთ, რომ არსებოდა რაღაც ჯგუფი, რომელსაც საპატრიარქოზე უნდა ემუშავა. თქვენივე თქმით, ამ ჯგუფს ნანა კაკაბაძე ხელმძღვანელობდა. რა მისია უნდა შეესრულებინა ამ ჯგუფს და რატომ წამოხვედით იქიდან?
-ნანა კაკაბაძის კონსპირაციულ ბინაში პერიოდულად გამართულ კონფიდენციალურ შეხვედრებზე განსახილველ საკითხთა შორის მუდმივად ირჩეოდა „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებული პერიპეტიები და მიზანმიმართულად ხდებოდა ხელისუფლებისა (პროკურატურის) და საპატრიარქოს ოფიციალური ვერსიების ტირაჟირება და საზოგადოებაში შეფუთული რეალობის გასავრცელებლად გეგმების დასახვა.
რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, როცა კი გავაცნობიერე, რომ ერთგვარი შეთქმულების მონაწილე ვხდებოდი, თანდათან ჩამოვშორდი აღნიშნულ ჯგუფს, რომელთანაც როგორც იდეოლოგიური, ისე მორალური შეუთავსებლობა მქონდა. მიუხედავად ამისა, შემიძლია გულწრფელად გითხრათ, რომ არც ერთი მათგანი პიროვნულად არ მძულს და არავითარი მტრობა მათდამი არ გამაჩნია.
როცა სინდისმა შემაწუხა, გადავწყვიტე, საჯაროდ გადმომეცა იმ მავნებლობის შესახებ, რომელსაც მავანნი ცდილობდნენ ჩაედინათ და რისი მონაწილეც, გარკვეული დოზით, მეც გახლდით. სწორედ, დანაშაულის განცდამ მაიძულა, რომ საზოგადოებრივ სამსჯავროზე ღიად მომეთხრო იმ საქმის შესახებ, რამაც ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა, როგორც დედაეკლესიის ღირსებას, ისე სახელმწიფო ინსტიტუტების რეპუტაციას!
ვმადლობ უფალს, რომ საბოლოოდ არ გავხდი ინსტრუმენტალიზებული მსხვერპლი და ბრმა იარაღი ÔÑÁ-ს ინტერესების გამტართათვის. აღსანიშნავია, რომ ეს ჯგუფი დღენიადაგ რუსოფილური მდგენელის მეხოტბე იყო.
_ ხშირად იკრიბებოდა ეს ჯგუფი?
_ ჯგუფის წევრები სისტემატურად იკრიბებოდნენ და ისეთ საკითხებს განიხილავდნენ, რომელიც შორენა თეთრუაშვილის ინტერესებში შედიოდა. ის მუდმივად იყო სატელეფონო ხაზზე და ნანა კაკაბაძეს მითითებებს აძლევდა, თუ როგორ უნდა გვემოქმედა.
თავიდან იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ ჯგუფში იყო, დიდი ნდობა მქონდა. მჯეროდა, რომ მათ მართლაც სურდათ არსებული მოცემულობის გაჯანსაღება, მაგრამ მალევე დავინახე, რომ ეს ჯგუფი პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო. გადავწყვიტე, ჩამოვშორებოდი ამ ხალხს, რომელიც ცდილობდა, სოციალური მავნებლობა ჩაედინა და სიცრუის ტირაჟირება მოეხდინა.
იქიდან ხმაურიანად არ წამოვსულვარ. ისინი ჩემ გადაბირებას ცდილობდნენ. მე მსოფლმხედველობრივი და იდეოლოგიური უთანხმოება მოვიმიზეზე. ჩემთვის მართლა მიუღებელი იყო ნიკა ლალიაშვილთან, ვაკა გორგილაძესთან და ნანა კაკაბაძესთან თანამშრომლობა.
იმასაც მივხვდი, რომ ეს ჯგუფი „ფეესბეს“ ინტერესებს ემსახურებოდა. მე არ ვარ რუსოფილი, ამიტომ მათგან შორს დავდექი.
ჩემ გარდა ამ ჯგუფში იყვნენ შოთა გლურჯიძე, ზაზა შათირიშვილი, თამაზ ჯოლოგუა. ვერ ვიტყვი, რომ ისინი აქტიურობდნენ, _ ძირითადად, მსმენელის რანგში იყვნენ, საკუთარ მოსაზრებებს გამოხატავდნენ, მაგრამ მათგან არასდროს წამოსულა ისეთი ტიპის გამძვინვარებული მსჯელობა, როგორც ნანა კაკაბაძისგან და გიორგი ანდრიაძისგან მოდიოდა. კონტენტზე, ძირითადად, ნანა კაკაბაძე მუშაობდა.
_ რატომ სარგებლობს ეს ქალი საპატრიარქოში ასეთი ნდობით?
_ ამ ადამიანს საკმაოდ ბნელი წარსული აქვს, მისი ფესვები რუსულ სპეცსამსახურებში უნდა ვეძებოთ. ის, რომ ნანა კაკაბაძე საპატრიარქოსთან უნისონში მოქმედებს, ეს არავის უნდა გაუკვირდეს. მათ ერთი ხელმძღვანელი და ერთი დამკვეთი ჰყავთ. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ჯგუფის ზოგიერთი წევრი, რომელიც შეხვედრებს ესწრებოდა, ბრმა იარაღი იყო მათ ხელში. ისეთივე ბრმა იარაღი, როგორიც მე ვიყავი.
_ მიაღწია თუ არა ამ ჯგუფმა თავის მიზანს?
_ მთლიანობაში _ ვერ მიაღწია. საბოლოო ჯამში, ყველამ ნახა, რომ არადამაჯერებელი იყო „ციანიდის საქმეზე“ წარმოდგენილი მასალები. ლოგიკური ბმა და თანმიმდევრულობა აკლდა „ციანიდის სკანდალს“. საქმე დახურულია, ჩვენ დეტალები არ ვიცით. საქმის თეთრი ძაფით კერვაში ზოგი გაუცნობიერებლად მონაწილეობდა, ზოგიც _ მიზანმიმართულად. დაზუსტებით არ შემიძლია გითხრათ, თუ ვის რა მოტივაცია ჰქონდა.
თამაზ ჯოლოგუა და შოთა გლურჯიძე გულწრფელად განიცდიდნენ ეკლესიის რეიტინგის კლებას. მათი აზრით, ეს სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევას და საზოგადოების შფოთს გამოიწვევდა.
სამაგიეროდ, ძალიან აქტიურობდა ნანა კაკაბაძე, რომელსაც, როგორც უკვე გითხარით, კავშირი ჰქონდა შორენა თეთრუაშვილთან.
_ ისე, ცოტა სასაცილოა, ნანა კაკაბაძე და შორენა თეთრუაშვილი რომ ცდილობენ ეკლესიის გადარჩენას და სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევის შეჩერებას.
_ ეს არის ცინიზმი და ირონია. საკუთარ თავს ვერ ვპატიობ იმ შეცდომას, რომ ამ ჯგუფში აღმოვჩნდი. პირველ ეტაპზე იქ შემთხვევით მოვხვდი, მერე მარწმუნებდნენ, რომ ეკლესიასა და სახელმწიფოს გამოვადგებოდი, თუკი იმ ინფორმაციას გავავრცელებდი, რასაც ნანა გვაწვდიდა.
პირდაპირ არავინ ამბობდა, რომ ჩვენ ტყუილი უნდა გვეთქვა. ისინი ამბობდნენ, რომ ასე სჭირდება საქმეს და ასე უნდა გავაკეთოთ.
გვაჯერებდნენ, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არ არის ვიწრო ინტერესებისთვის, არამედ საზოგადო ინტერესებისთვის მიმართული საქმეა. როცა დავინახე, რომ იქ რუსეთის საქმე კეთდებოდა, ვეღარ გავჩერდი.
_ რატომ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ იქ რუსეთის საქმე კეთდებოდა?
_ ნიკა ლალიაშვილის მოხსენებები ნატოს დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული. ამბობდა, რომ ნატო არის ცრუ პროექტი და მის მიმართ საზოგადოებაში მაქსიმალურად უარყოფითი წარმოდგენები უნდა დავთესოთ. ეს ჩემთვის, გარკვეულწილად, წყალგამყოფი აღმოჩნდა, რადგან ვხედავდი არა არგუმენტებით გაჯერებულ კერძო აზრს, არამედ მიზანსწრაფვას, ქართული საზოგადოების თვალში ნატო გაშავებულიყო. ეს იყო მართული პროცესი და ისინი ცდილობდნენ, ყველაზე მოეხდინათ ზეგავლენა. რუსული ელფერი აქედან მომდინარეობდა.
ამის გარდა ვხედავდი, რომ მეუფე შიოს საკრალიზაცია დაიწყო. ეს ჯერ კიდევ მანამდე ხდებოდა, სანამ მას პატრიარქი მოსაყდრედ დაასახელებდა. ეს ძალიან საგულისხმო ასპექტია.
ვხედავდი, რომ საპატრიარქოში რაღაც პროექტი მზადდებოდა და განიხილებოდა. ამიტომაც ვთქვი, რომ მეუფე შიო რუსული პროექტი იყო. ჯგუფის წევრებს, რომლებიც დე ფაქტოდ საპატრიარქოსთან იყვნენ ასოცირებული, ცალსახად მეუფე შიოზე ჰქონდათ ორიენტაცია.
_ იცოდა თუ არა ამ ჯგუფის შესახებ პატრიარქმა?
_ ვერ ვიტყვი, რომ ეს პატრიარქის გარეშე გაკეთდა. ნანა კაკაბაძე ხშირად ახსენებდა მის სახელს. გვეუბნებოდა, რომ ილია მეორეს შეხვდა, ესაუბრა და თავისი შეხედულებები გააცნო; საქმის კურსში ჩააყენა ამა თუ იმ გეგმასთან დაკავშირებით; გვიყვებოდა, პატრიარქმა როგორ უთხრა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოწამლეს და ღვთის განგებით გადარჩა.
ვერ ვიტყვი, რომ კოორდინებულად და შეთანხმებულად არ მოქმედებდნენ, თუმცა ვერც მტკიცებით ფორმაში ვისაუბრებ, რომ ის დავალებებს პატრიარქისგან ღებულობდა.
ნანა კაკაბაძე პატრიარქთან გამართულ ისეთ შეხვედრებსაც იხსენებდა, რომელსაც, მისი თქმით, ლევან ვასაძეც ესწრებოდა.
_ ვასაძეს კავშირი ამ ჯგუფთანაც ჰქონდა?
_ შეიძლება, ჰქონდა. ჩვენს შეხვედრებს ის არასდროს დასწრებია, მაგრამ ნანა კაკაბაძესთან კომუნიკაცია ჰქონდა.
მეუფე შიო, მოგეხსენებათ, ლევან ვასაძესთან დაახლოებული პირი და მისი მეგობარია. შესაბამისად, ეს არის ერთი ორკესტრი, რომელიც რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობს.
_ ზემოთ თქვით, რომ ჯგუფის მესვეურები ამბობდნენ, ეკლესიის რეიტინგის დავარდნა საზოგადოების შფოთს გამოიწვევსო. ამ დღეებში ბევრი საშინელება გავიგეთ საპატრიარქოზე, მაგრამ ამას დიდი შფოთი არ გამოუწვევია. ხალხი რაღაც ძალიან მშვიდად შეხვდა ამ ყველაფერს.
_ საზოგადოების სიმშვიდემ მართლაც მოლოდინს გადააჭარბა. როგორც ვხედავთ, ჭირმა თავი არ დამალა. ამ სკანდალების პირველი დღე იყო მხოლოდ ემოციური.
მეორე მხრივ, საზოგადოება აცნობიერებს, რომ შეუძლებელია ინსტიტუცია, რომელიც საკუთარ თავს შეუცდომლად წარმოგვიდგენს, არ იყოს დაავადებული.
ის კოროზირება, რაც იქ მიმდინარეობს, უკვე ყველასთვის თვალში საცემია: დაწყებული ფინანსური მანიპულაციებით, დამთავრებული ზნეობრივი გადაცდომებით. აღარაფერს ვამბობ დამახინჯებულ სწავლებაზე, რაზედაც საპატრიარქო ტირაჟირებს.
თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იწვნია, თუ რა ტიპის კასტაა საქართველოს საპატრიარქო, რომელიც მკაცრი ჩაკეტილობისა და დომინანტი მოიერიშის პოზაში დგას. ეს ინსტიტუტი მუდმივად აცხადებს, რომ შეცდომა არასდროს დაუშვია და თუ რამე პრობლემაა, ეს ინსპირირებულია გარედან.
მტრის ხატის არსებობით არაჯანსაღი პოზიციის დეკლარაციას ცდილობს საქართველოს საპატრიარქოს სამდივნო.
ეს იმდენად გაშიფრულია და თვალნათელია, არავინ დაობს, რომ იქ ძალიან სერიოზული დარღვევებია. ნეიტრალური საზოგადოებაც აცნობიერებს საპატრიარქოს ღრმა კრიზისს.
ხალხზე აღარ მუშაობს კრემლის ნარატივი, რომ საპატრიარქოს გლობალისტები, ლიბერალები და მასონები ებრძვიან. ეს ყავლგასულია. ციხე შიგნიდან გატყდა.
_ ამ ამბების შემდეგ იქ სიტუაცია თუ შეიცვლება?
_ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სიცოცხლის პირობებში მე ძირეულ გარდაქმნებს გამოვრიცხავ.
_ რატომ გამორიცხავთ?
_ ამ რეჟიმის შემქმნელი ეს პიროვნება გახლავთ. ის აბსოლუტია, ერთმმართველია. რამდენიმე მეუფემ განაცხადა, რომ თურმე პატრიარქი კონსტიტუციურად ყოფილა შეუვალი, კანონზე მაღლა დგას და მას იცავს იმუნიტეტი. ეს ცინიზმია.
ისინი ყველა მავნებლობას ამ ფორმით ამართლებენ. პატრიარქი, როგორც პრიმატი უცდომელობისა და შეუვალობისა, დიდ ტვირთად დააწვა საქართველოს ეკლესიის ღირსებას, აქედან გამომდინარე, ვვარაუდობ, რომ ხიბლში მყოფი საზოგადოება, მათ შორის, ჩვენი ეპისკოპატი, რომელსაც პირადი ინტერესები ამოძრავებს, ზნეობის სასარგებლოდ არჩევანს ვერ გააკეთებს.
მაღალი იერარქიის სასულიერო პირები თავად არიან მონაწილე და შემოქმედი იმ უმართებულო სისტემისა, რომელზედაც ჩვენ ახლა კრიტიკულად ვსაუბრობთ. თუ ისინი მოინდომებენ სიტუაციის გაჯანსაღებას, განსასჯელის სკამზე თავად უნდა აღმოჩნდნენ.
ნურავის გაუკვირდება, რომ არც ერთ მღვდელმთავარს არ აღმოაჩნდა გამბედაობა, ისაუბროს მოცემულობაზე. არაჯანსაღი ატმოსფეროს აქტორები და ფიგურანტები თავად არიან.
ჩემი აზრით, ძალიან ნორმალურია, რომ ისინი სიმართლის, სიწმინდისა და ღირსების სადარაჯოზე არ დგანან.
_ ამბობთ, რომ პატრიარქია მთავარი. არის ვერსიები, რომ ის მოხუცდა და კარგა ხანია, სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს. ამ ვერსიაზე რას ფიქრობთ?
_ ხშირად იყენებენ შორენა თეთრუაშვილს, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილსა და გარემოცვას ფარად პატრიარქის დასაცავად, თუმცა ეს ალოგიკურია, რადგანაც სხვადასხვა დროს, თუნდაც მაშინ, როცა პატრიარქი ახალგაზრდა და ენერგიული იყო, ოპონენტებს დაუნდობლად უსწორდებოდა.
ყველა ის მღვდელმთავარი, რომელიც მამათმავლობაზე საუბრობდა ან განაყენა, ან სხვადასხვა ბრალდებით ციხეში ჩაასმევინა.
შესაბამისად, ვერ ვიტყვი, რომ ის საპატრიარქოს მართვაში არ მონაწილეობს. მთლად პარალიზებულიც რომ იყოს, მისი ხასიათიდან გამომდინარე, თავად იქნება პროცესების მთავარი მონაწილე.
_ გასულ კვირას მამა შალვა კეკელიამ „ტვ პალიტრის“ ეთერში საოცარი რამეები ილაპარაკა. მან თქვა, რომ „ნაციონალებს“ მოძღვრები საზღვარგარეთ მიჰყავდათ, მერე იქ ეუბნებოდნენ, გაერთეთო, ამას ფირებზე იღებდნენ და ეს ფირები შეიძლება, გამოქვეყნდესო.
_ ის ცდილობს, ვითომდა გარე ძალებზე გააკეთოს აქცენტი, მაგრამ საკუთარი სიბრიყვით ვერ საზღვრავს, რომ შეუძლებელია, ადამიანებს დააძალო გართობა, სექსუალური კავშირი, თუკი ის ამაზე თანახმა არ არის.
როგორ შეიძლება, სასულიერო პირის ჩაწერა იმაზე დიდ დანაშაულად მივიჩნიოთ, ვიდრე სასულიერო პირის მხრიდან ჩადენილი უმძიმესი ცოდვა?
ეს, დაახლოებით, იმას ჰგავს, წამების ამსახველ კადრებზე ჩამწერი რომ უფრო მეტად გაამტყუნო, ვიდრე მწამებელი.
შალვა კეკელია იმთავითვე გროტესკულია. მისი განცხადებები არასერიოზულია. თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ ეს საპატრიარქოსთვის კონტრპროდუქტიული იქნება, რომელიც სპიკერად დეკანოზ შალვა კეკელიას გვიგზავნის ხოლმე.
მას არავითარი უფლება არ აქვს, ასე კადნიერად საუბრობდეს სხვადასხვა სასულიერო პირზე, სახელმწიფოებრივ და სოციალურ თემატიკაზე. ის არ წარმოადგენს არანაირ ავტორიტეტს. შესაბამისად, დიდ დროს ვერ დავუთმობ ასეთ პიროვნებაზე საუბარს.
_ ამ ფირებზე რატომ დაიწყეს ლაპარაკი? მართლა ვინმე აპირებს მათ გამოქვეყნებას, თუ, ყოველ შემთხვევაში, თავი დაიზღვიეს?
_ არავინ აპირებს ამ კუთხით სასულიერო პირების დაშანტაჟებას. ეს თავის დაზღვევა და სამარცხვინო განცხადებაა.
პრაქტიკულად, ამ განცხადებით მათ გათქვეს საკუთარი თავი, რომ მართლაც არსებობს ასეთი გადაცდომები.
შალვა კეკელიას საუბრიდან გამომდინარე მტკიცდება, რომ ასეთი ჩანაწერები არსებობს როგორც დაბალი, ასევე მაღალი იერარქიის სასულიერო პირებზე.
ვინმე გამოაქვეყნებს თუ არა ამ ფირებს, ვერ გეტყვით, მე სხვაზე ვერ ვაგებ პასუხს, პირადად არ მაქვს რაიმე დამამტკიცებელი მასალა, მხოლოდ ანალიზის გაკეთება შემიძლია.
ასევე მაქვს პირადი გამოცდილება, რომელიც მათთან ურთიერთობისას მივიღე. რაღაცები ჩემი მეგობრებისგან ვიცი, რომელთაგან ზოგმა რაღაც დაინახა, ზოგმა რაღაც შენიშნა და ა. შ.
პირადად მე არც მსხვერპლი ვყოფილვარ და არც არაჯანსაღი ურთიერთობა მქონია რომელიმე სასულიერო პირთან. ღირსეული ადამიანის მონათხრობიდან ჩამოყალიბდა ჩემი მოსაზრებები. ასეთი ტიპის ჩანაწერები ბუნებაში რომ არსებობს, ამის შესახებ ჩემთვისაც ცნობილია. როგორც ამბობენ, ეს ჩანაწერები მაღალ იერარქებზეც არის.
არ ვიცი, რა ტიპის ჩანაწერებია, მაგრამ, როგორც ამბობენ, ფარული ჩანაწერები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზეც არსებობს. წყაროს ვერ დაგისახელებთ.
_ ისევ იმ ჯგუფს დავუბრუნდეთ, რომელიც ეკლესიის „გადარჩენას“ ცდილობდა. თქვენ ერთ-ერთ მედიასთან განაცხადეთ, რომ თავიდან მათ მეუფე დიმიტრის გაშავებაც სურდათ. რატომ გადაიფიქრეს ამის გაკეთება?
_ მეუფე დიმიტრი და პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი ერთ ძალას განეკუთვნებოდნენ, თუნდაც ოჯახური ასპექტიდან გამომდინარე. მეუფე იაკობმა და შორენა თეთრუაშვილმა ამ ოჯახის დისკრედიტაცია მოინდომეს, რასაც პატრიარქის დაცვის მოტივით აკეთებდნენ.
საჭირო გახდა მეუფე დიმიტრის განეიტრალება და შესუსტება. ჯგუფის წევრები (მათ შორის, ნანა კაკაბაძე) დანანებით ამბობდნენ, რომ მათ ამის გაკეთება უწევთ. ნანა კაკაბაძე მეუფე დიმიტრის, როგორც ჭაბუკას, ისე იხსენიებდა.
_ ასე რატომ იხსენიებდა?
_ მეუფე დიმიტრის ერისკაცობაში ჭაბუკა ერქვა. ის ამბობდა, ჭაბუკასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ის საერთო საქმეს აზიანებს და ამიტომ ასე უნდა მოვიქცეთო.
_ „ასე მოქცევაში“ რას გულისხმობდა?
_ ვითომ იძულებული იყო, მისთვის შეეტია. ამასთანავე ამბობდა, რომ რაკიღა დიმიტრიც შიოლაშვილია, მასთან მიმართებით ფრთხილად უნდა ვიყოთ, დელიკატურად მოვიქცეთ და პატრიარქს ნუ ვაწყენინებთო.
გიორგი ანდრიაძე იმასაც გვეუბნებოდა, გამოვაძვრინოთ დიმიტრი ამ საქმიდან და მეუფე პეტრესა და სააკაშვილს შევტენოთო.
უნდა გვეთქვა, რომ ისინი მოკავშირეები არიან და ამ პროცესების უკან დგანან; რომ მათ დესტაბილიზაცია და პროცესების ესკალაცია სურთ. უნდა გვემტკიცებინა, რომ მათ საქართველოში რევოლუციური სცენარის განვითარება სურდათ.
ეს იყო ჩემთვის გადამწყვეტი, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ანტაგონისტური განწყობა მაქვს. მისთვის ასეთი რამის დაბრალება ჩემთვის დაუტევნელი იყო.
ვხვდებოდი, რომ ვიღაცის ხელში ძალიან საშიში იარაღი გავხდებოდი. მადლობა ღმერთს, ამ მარწუხებისგან თავი დავიხსენი.
შორენა მარსაგიშვილი