გიორგი სანაიას მკვლელობიდან _ ლექსო ლაშქარავას მკვლელობამდე
ივლისი საქართველოსთვის ფატალური თვეა. ჰო, ივლისში ბევრი გლოვა გვინახავს _ გიორგი სანაია, თამარ ბაჩალიაშვილი და ახლა ალექსანდრე ლაშქარავა… გიორგიმაც, თამარმაც და ლექსომაც სიცოცხლე გაურკვეველ ვითარებაში დაასრულეს… ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ, მაგრამ მათ ერთი საერთო აქვთ _ სამივეს მკვლელობის საქმე, პრაქტიკულად, თაროზეა შემოდებული. ამასთან, სამივე შემთხვევაში, ხელისუფლება (ყოფილი თუ ახლანდელი) აქცენტს უბედურ შემთხვევაზე აკეთებს და ეს მაშინ, როცა ყველამ იცის, რომ გიორგიც, თამარიც და ლექსოც მოკლეს. დიახ, სამივე ახალგაზრდა სისტემამ მოკლა, სისტემამ, რომელიც ხელისუფლებების ცვლილებების მიუხედავად, თითქმის სამი ათეული წელია, არ შეცვლილა და, ალბათ, არც შეიცვლება, რადგან „ოცნება“ რომც წავიდეს, ხელისუფლებაში ისინი მოვლენ, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში „მარადმწვანე ხემცენარეების“ როლს ასრულებენ, ანუ ყველა შავი ხვრელი ზეპირად იციან და თუ დასჭირდებათ, საიქიოს მხოლოდ ერთს კი არა, უამრავ ადამიანს გაუშვებენ!
ახლა, ვიღაცები, ანუ „ქოცები“, გამოვლენ და იტყვიან, ლაშქარავას გარდაცვალებაში ხელისუფლება რა შუაშია, აგერ, შსს-მ კადრები გამოაქვეყნა, სადაც ნათლად ჩანს, რომ ქუჩაში არაფხიზელ მდგომარეობაში გადაადგილდებოდა. მაგრამ ძვირფასო „ქოცებო“, ეს ხომ უხსოვარი, ანუ შევარდნაძისდროინდელი ნარატივია. აი, გონება დაძაბეთ და გაიხსენეთ, რომ გიორგი სანაიას მკვლელობის დროსაც მსგავსი ტექსტი გვესმოდა „მოქკავშირელებისა“ და მათი დამქაშების მხრიდან, _ რა პოლიტიკა, რის პოლიტიკა, ყველაფერი ყოფით ნიადაგზე მოხდაო, მაგრამ იმთავითვე ყველა ხვდებოდა, რომ გიორგი სანაია, რომელიც მაშინ ყველაზე რეიტინგული ჟურნალისტი იყო და რომელსაც ხალხი ყველაზე მეტად ენდობოდა, საყოფაცხოვრებო კონფლიქტის მსხვერპლი არ გამხდარა.
შეიძლება, კონსპიროლოგიაში წავიდეთ, მაგრამ რატომ არ უნდა დავუშვათ, რომ გიორგის მკვლელობა დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა?
ამ ვერსიას არსებობის უფლება, ცხადია, აქვს, მით უმეტეს, რომ სანაიას გარდაცვალებისთანავე რაღაც ვიდეოკასეტაზე დაიწყო საუბარი, რომელზეც თითქოს მაშინდელი მაღალჩინოსნების კორუფციული და კრიმინალური საქმიანობის დამადასტურებელი ფაქტები იყო ასახული.
ერთი სიტყვით, გიორგის მკვლელობიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მაშინდელი ძალოვნები ვინმე გრიგოლ ხურცილავას მკვლელობის ბრალდებით აკავებენ, რომელიც აღიარებს, რომ დიახ, ჟურნალისტი პირადი კონფლიქტის გამო მოკლა, თუმცა აქ არსებობს ძალიან დიდი კითხვის ნიშანი.
კერძოდ, სანაიას მკვლელობიდან გავა რამდენიმე წელი და სამხედრო კონტრდაზვერვის თადარიგის ოფიცერი, კონსტანტინე ფორჩხიძე, იტყვის, რომ პიროვნება, რომელიც სანაიას მკვლელობისთვის დააპატიმრეს, თავის დროზე, ანუ 90-იანი წლების პირველ დეკადაში, სპეცსამსახურის იმ საიდუმლო დაჯგუფების შემადგენლობაში იყო, რომელიც სამეგრელოს ტყეებში საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიაზე ნადირობდა.
ხელაღებით ვერ ვიტყვით, ეს ინფორმაცია უტყუარია თუ არა, მაგრამ ის, რომ ჟურნალისტის მკვლელობა შეკვეთილი იყო, კიდევ ბევრი გარემოებითაც მყარდება.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მას შემდეგ ორი ხელისუფლება შეიცვალა, თუმცა სანაიას საქმის ხელახალი გამოძიება არც „ნაცებს“ უცდიათ და არც _ „ქოცებს“.
არადა, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ჟურნალისტის ოჯახმა პროკურატურას მკვლელობის გამოძიება მოსთხოვა, კბილაშვილის პრესსამსახურისგან კი ასეთი პასუხი მიიღო, _ სასამართლო გადაწყვეტილება ძალაშია შესული და თუ ახალი გარემოება არ აღმოჩნდა, გამოძიება არ განახლდებაო.
მოკლედ, ჩანს, რომ არც ახალ ხელისუფლებას აწყობს გიორგი სანაიას მკვლელობის ხელახალი გამოძიება.
რატომ იკავებს ყველა ხელისუფლება თავს ამ საქმის გამოძიებისგან?
მივყვეთ ვერსიებს, უფრო სწორად, იმ მოვლენებს, რაც გიორგის მკვლელობის შემდეგ ქვეყანაში განვითარდა:
ჟურნალისტის დაკრძალვას რამდენიმე ათასი ადამიანი დაესწრო, ანუ გიორგის გლოვობდა ყველა _ დიდი თუ პატარა.
სანაია 26 ივლისს მოკლეს. რამდენიმე თვეში კი, კერძოდ, ნოემბერში, „რუსთავი 2-ში“ უშიშროება შედის. ტელეკომპანიის მაშინდელი მენეჯმენტი ხალხს მოუწოდებს, მედიის დასაცავად ქუჩაში გამოვიდეს. ასეც ხდება _ მოსახლეობა პარლამენტის წინ იკრიბება და ხელისუფლების გადადგომას ითხოვს.
აქციის მონაწილეები რაღაცნაირად ხვდებიან, რომ ტელევიზიაში უშიშროების შესვლა სანაიას მკვლელობის გაგრძელებაა. შესაბამისად, პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით ადამიანი გიორგი სანაიასაც ახსენებს.
ერთი სიტყვით, პარლამენტის წინ ვითარება უკიდურესად იძაბება, ისე უკიდურესად, რომ მომიტინგეებთან პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე, ზურაბ ჟვანია, ასევე მიხეილ სააკაშვილი გადიან. ისინი ხალხის მოთხოვნას სრულად იზიარებენ და… სწორედ ამ დროს ჟვანია შევარდნაძეს ულტიმატუმს უყენებს _ თუ გადადგება შს მინისტრი, კახა თარგამაძე, რომელიც „რკინის კაცის“ სახელითაა ცნობილი, თანამდებობას თავადაც დატოვებს.
მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან სხდებიან.
შევარდნაძე თარგამაძეს წირავს…
პარლამენტის თავმჯდომარის პოტს ზურაბ ჟვანიაც ტოვებს და…
ეს მოვლენები საქართველოს უახლეს ისტორიაში „მინი რევოლუციის“ სახელით შედის (ზოგი „ვარდების რევოლუციის“ რეპეტიციასაც უწოდებს).
რაც შეეხება სანაიას მკვლელობას, ზოგს დღემდე სჯერა, რომ ჟურნალისტი ნარკობიზნესთან დაკავშირებულ სკანდალს შეეწირა.
სხვათა შორის, თავის დროზე, ნომერ პირველ ტერორისტად შერაცხული შოთა ჭიჭიაშვილიც იზიარებდა აზრს, რომ გიორგი სანაიას მკვლელობა „ნაცმოძრაობას“ უკავშირდებოდა.
ჭიჭიაშვილის ეჭვით, ჟურნალისტი იმისთვის მოკლეს, რომ კიდევ ერთი დარტყმა მიეყენებინათ შევარდნაძის რეჟიმისთვის.
„ამ ვერსიას შეიძლება ჰქონდეს არსებობის უფლება, მით უმეტეს, თუ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულ იარაღის ბიზნესის სკანდალს გავითვალისწინებთ. საერთოდ, იარაღისა და ნარკოტიკების ბიზნესი ოდითგან ერთ კონტექსტში განიხილება.
კიდევ ერთი დეტალი: სააკაშვილის ხელისუფლებას არასოდეს გამოუთქვამს აზრი სანაიას მკვლელობის ალტერნატიულ დეტალებზე… ერთი სიტყვით, ყველა გზას ნარკოტიკებთან მივყავართ.
აწ განსვენებულმა ჟურნალისტმა, კლარა აბრამიამ, სანაიას მკვლელობაში ღიად დაადანაშაულა შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი კახა თარგამაძე. აი, რა განაცხადა კლარა აბრამიამ ერთ-ერთ ინტერვიუში:
„სანაიას ჰქონდა სერიოზული მასალები და ვოდეოფირები, როგორ შემოდიოდა ავღანეთიდან, ბაქოს გავლით, თბილისში დიდძალი ნარკოტიკი, როგორ ასაწყობებდნენ მას მაუდკამვოლის ფაბრიკის სარდაფებში და შემდეგ ბათუმიდან როგორ გაჰქონდათ გემებით. ყველაფერ ამას ხელმძღვანელობდა კახა თარგამაძე. გიორგი სანაია იძიებდა ამ საქმეს. შუა აზიაშიც კი იყო ჩასული ამის გამო და სერიოზული მასალები მოაგროვა. სწორედ ამას შეეწირა გიორგი სანაია“.
მაინც, რა იცოდა გიორგი სანაიამ? _ იმისთვის, რომ მის გარშემო განვითარებული მოვლენების სრული სურათი დავხატოთ, უნდა გავიხსენოთ ყველა ცნობილი დეტალი, რაც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ხდებოდა.
იმ დროისთვის პანკისის თემა ყველა ჟურნალისტისთვის საინტერესო იყო და, ბუნებრივია, გიორგი სანაიაც ამ ჟურნალისტების რიცხვში შედიოდა. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, გადაცემა „ღამის კურიერში“, პანკისიდან ადგილობრივი ვეფხია მარგოშვილი ჩაერთო და გიორგის უთხრა, _ თუ პანკისის შესახებ ბევრი გაინტერესებთ, ეთერს მიღმა ვისაუბროთო.
შუამავლად დასახელდა ელენე თევდორაძე, რომელიც ამ დროს სტუდიაში იმყოფებოდა.
როგორც შემდეგ გაირკვა და ელენე თევდორაძემ სასამართლოსაც განუცხადა, ვეფხია მარგოშვილმა, მართლაც, გამოატანა ვიდეოკასეტა გიორგი სანაიასთან. კასეტის გადაცემა პარლამენტის ფოიეში, ირმა ნადირაშვილის თანდასწრებით მოხდა. სწორედ იმ ღამეს მოკლეს გიორგი სანაია…
რა ინფორმაცია იყო ამ კასეტაზე? _ ეს მოგვიანებით, სანაიას გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, გახდა ცნობილი და აი, როგორ:
ვეფხია მარგოშვილი იმ დროისთვის გამომავალ ერთ-ერთ გაზეთს დაუკავშირდა და განაცხადა, რომ კასეტაში დასახელებული იყო პოლიციის მაღალჩინოსნებისა და ყველა ძალოვანი მინისტრის გვარი, რომლებიც პანკისის ნარკობიზნესს აკონტროლებდნენ და პანკისელ პარტნიორებთან ჩეჩნეთიდან დაძრული საქონლის წილების გაყოფაზე ჰქონდათ დავა.
ამ გაზეთს მარგოშვილი დაჰპირდა, რომ კასეტის ასლს სანდო პირის დახმარებით მიაწვდიდა, მაგრამ არ დასცალდა _ საკუთარ ეზოში დისტანციური ბომბით ააფეთქეს.
ის, რომ მარგოშვილს ძალიან ეშინოდა, ფაქტია და ამას ჟურნალისტ ნათია ვერძეულის მონათხრობიც ადასტურებს:
„მაშინ ერთ-ერთ გაზეთში ვმუშაობდი, დავალება მივიღე, რომ პანკისში წავსულიყავი და ვეფხია მარგოშვილს გავსაუბრებოდი, მის საცხოვრებელთან მისვლა მოვახერხეთ, მაგრამ მანქანიდან გადმოსვლა არ მაცალეს _ ფეხებთან ავტომატის ჯერი დამაყარეს და მითხრეს, ვინც გამოგგზავნა, იმას უთხარი, ვეფხია მარგოშვილი უცხოებს არ ელეპარაკებაო.
მაშინ არ ვიცოდი, ჩემი პანკისში გაშვება უკავშირდებოდა თუ არა რამე ჩანაფიქრს, მოგვიანებით კი გამოირკვა, რომ იმ გაზეთის მეპატრონე, რაღაც ფორმით, დაკავშირებული იყო ამ საქმეებთან, მე კი ბრმა იარაღად გამომიყენეს. ყველაფერი თავის ადგილზე მაშინ დადგა, როცა პარლამენტმა მეტადონის პროგრამის კანონპროექტზე დაიწყო მუშაობა: მაშინ ყველა მიხვდა, ვინ რა მხარეს იდგა“.
რაც შეეხება ზემოხსნებულ ვიდეოკასეტას, ამბობენ, რომ ამ კასეტის შინაარსი კიდევ ერთმა ჟურნალისტმა იცოდა. ყველაფერი ცუდად რომ დამთავრდებოდა, ამის შესახებ ეს ჟურნალისტი გააფრთხილეს და განზე გადგომა ურჩიეს. ინფორმაცია მოვლენების ცუდად განვითარების შესახებ კი „გარეთ“, თურმე, მაშინდელი პრეზიდენტის დაცვის ერთ-ერთმა წევრმა, ი. ჩ.-ძემ გამოიტანა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქმე მის ახლობელს ეხებოდა. ი. ჩ.-ძის ჯერ სამსახურიდან გაშვება და შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში მკვლელობა _ საკუთარ ეზოში ჩაცხრილეს, სწორედ ამას დაუკავშირეს.
მოკლედ, გიორგი სანაიაზე, როგორც ჩანს, სიკვდილამდე ნადირობდნენ. როგორც მისი ყოფილი თანამშრომლები იხსენებენ, სიკვდილის დღეს გიორგი ვიღაცას ემალებოდა. ერთ-ერთი თანამშრომლისთვის ისიც კი უთქვამს, ისე დაჯექი, არავინ შემამჩნიოსო.
კიდევ ერთი დეტალი: სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე გიორგი სანაია ბათუმში, თურმე, ასლან აბაშიძის უშიშროების სამსახურის უფროსს, სოსო გოგიტიძეს, ასლან და მურად სმირბებსა და გიორგი თარგამაძეს შეხვდა. ეს იყო საიდუმლო შეხვედრა, რომელიც ბათუმის „ბუნგალოში“ შედგა და რომელსაც შემთხვევით ადგილობრივი ჟურნალისტი შეესწრო.
მაშინ, როცა ეს ამბავი გახმაურდა, გიორგი უკვე ცოცხალი აღარ იყო, ასლან სმირბამ კი წერილობითი ახსნა-განმარტება გამოუგზავნა გამოძიებას, სადაც წერდა, რომ შეხვედრა გადაცემის დასაგეგმად შედგა. ისე, ითქვა ისიც, რომ „რუსთავი 2-ის“ მაშინდელი ხელმძღვანელობა აწ განსვენებულ ჟვანიაზე ნაწყენი იყო და დაფინანსებას ასლან აბაშიძისგან ელოდა… მიუხედავად ამისა, არავის გასჩენია ეჭვი, თუ რა უნდოდათ შეხვედრაზე ძმებ სმირბებსა და სოსო გოგიტიძეს, რომლებსაც აჭარაში „ნარკომამებს“ ეძახდნენ.
გიორგისგან განსხვავებით, ლექსო ლაშქარავას მკვლელობაში ყველაფერი ხელის გულზე დევს _ „ორკებმა“ მასზე იძალადეს და ამის შემდეგ გარდაიცვალა. ახლა პოლიტიკური ნებაა საჭირო, რომ ყველა მოძალადე საკადრისად დაისაჯოს და ამასთან, ხელისუფლებამ მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს, მაგრამ „ოცნება“ ამ პასუხისმგებლობის აღებას, ჯერჯერობით, გაურბის.
წელს, 26 ივლისს, გიორგი სანაიას მკვლელობიდან 20 წელი გადის.
წელს, 11 ივლისს, ლექსო ლაშქარავა მოკლეს.
ორივე საქმეში ბევრი შავი ლაქაა…
11 ივლისი საქართველოს უახლეს ისტორიაში „ნაკურთხი მკვლელობის დღის“ სახელით შევა _ ამ დღეს, 5 ივლისს, კოლექტიური ფალავანდიშვილებისგან სასტიკად ნაცემი „ტვ პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა მოკვდა.
ლექსო ეკლესიისგან, უფრო ზუსტად, საპატრიარქოსგან ნებადართული მოძალადეების ბრბოს მსხვერპლი გახდა.
ჰო, ლექსო ლაშქარავასთან ერთად, ქართული დემოკრატიაც მოკვდა! ყოველ შემთხვევაში, თუ დღეს გავჩუმდებით, მაშინ ხვალ ირანში გავიღვიძებთ, სადაც ქალებს პლაჟზე საცურაო კოსტიუმით გასვლა აკრძალული ექნებათ, მამაკაცებს კი კოლექტიური ფალავანდიშვილები უბრძანებენ, შავი პიჯაკი უნდა ჩაიცვან თუ ყავისფერი.
11 ივლისი „ნაკურთხი მკვლელობის დღეა“…
გიორგი სანაიას მკვლელი ერთი ადამიანი იყო…
ლექსო ლაშქარავა კი ბრბომ მოკლა, ბრბომ, რომელსაც სამთავრობო სისტემა მფარველობს!
ახლა, შესაძლოა, ისეთებიც გამოჩნდნენ, რომლებიც იტყვიან, სისტემა და მთავრობა რა შუაშიაო, მაგრამ ქალბატონებო და ბატონებო, სისტემა შუაში კი არა, თავშია და აი, რატომ:
5 ივლისს, პრემიერი რომ არ გამოსულიყო და პატრიოტული „რეჩი არ დაერტყა“, აი, საქართველო სხვანაირი ტრადიციების ქვეყანააო, მოძალადეები ვერ გაბედავდნენ, რომ ლექსოსთვის ერთი მუშტი მაინც დაერტყათ!
პრემიერი იქით იყოს და, 5 ივლისს, ოპოზიციურ პარტიებს უფრო მეტად რომ ეაქტიურათ და ძალადობრივი ჯგუფების ვანდალიზმზე თვალი არ დაეხუჭათ, დღეს ლექსო შესაძლოა, ცოცხალი ყოფილიყო!
ჰო, ლექსოს სიკვდილში ყველა დამნაშავეა. დამნაშავე ვართ მე, შენც და ისიც, ვინც ფიქრობს, რომ შუაშისტია ან ამბობს, აი, პოლიტიკა არ მაინტერესებსო!
ლექსო დღევანდელი საქართველოს სიმბოლოა…
დღეს ლექსო მოკლეს, ხვალ მე მომკლავენ, ზეგ _ შენ და… ეს ქვეყანა კოლექტიური ფალავანდიშვილების გახდება!
დროა, ხმა ამოვიღოთ!
დროა, ვიმოქმედოთ!
ჩვენ წინ, წარსულში არ უნდა დავბრუნდეთ!
20 წლის წინ გიორგი სანაია მოკლეს…
20 წლის მერე ლექსო ლაშქარავას კლავენ…
ვინ იქნება შემდეგი?..
„ნაკურთხ მკვლელობებს“ ბოლო უნდა მოეღოს!
გიორგი აბაშიძე