გიორგი თავდგირიძე: „ეს იყო რუსების ორგანიზებული და ქართველების ხელით გაყალბებული არჩევნები“

თამუნა მჭედლიშვილი

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მმართველმა პარტიამ ტოტალურად გააყალბა და მიიტაცა. ყველაფერი ვითარდებოდა არჩევნებამდე და არჩევნების დღეს საბოლოოდ გაფორმდა ამომრჩევლის მოსყიდვა, პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება და გამოყენება, შანტაჟი და საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების დაშინება. „ოცნებამ“ არჩევნების შემდეგი პერიოდი გააგრძელა სოციალურ ქსელებში დაქირავებული ასობით ტროლ-ბოტის ამაზრზენი შემოტევით და საერთო-სახალხო საპროტესტო მსვლელობებში შეგზავნილი პროვოკატორების გააქტიურებით, ძალოვნების მხრიდან ახალგაზრდების დარბევა-დაჭერებით და ასე ვიხილეთ მიტაცებული ხელისუფლების ჩაბღაუჭება…

რატომ აღმოჩნდა ოპოზიცია და ქართველი ხალხი, რომელმაც ევროპული არჩევანი გააკეთა, ფორსმაჟორულ სიტუაციაში? რა შეცდომები დაუშვეს არჩევნებამდე ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა? როგორ იკითხება კონსტიტუციაში 38-ე მუხლი და რა გამოსავალი რჩება ჩიხში შესულ ქვეყანას? „ქრონიკა+“ ესუბრება საქართველოს თავდაცვის ძალების თადარიგის პოლკოვნიკს, სამხედრო ექსპერტს, ბატონ გიორგი თავდგირიძეს:

_ ბატონო გიორგი, რაც დღეს ხდება ჩვენს თავს, არის ერთი დიდი სპექტაკლის ნაწილი, თუ მართლა დაბნეულია ოპოზიცია, რადგან არასწორი ნაბიჯები გადადგა არჩევნებამდე და თვითონაც გაუთვალისწინებელი როლი ერგო?

_ ერთი მეორეს არ ამართლებს. ჩვენ არ გვაქვს ინდიკატორი, რომ ვთქვათ, _ ეს თამაშია, თუ არ არის თამაშის ნაწილი. ამიტომ შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და მივხვდებით, რომ ეს ოპოზიციის ბრალეულობას არაფრით ამსუბუქებს. თავიდანვე ვთქვათ, რომ თუ პოლიტიკური ძალა ხარ, გარკვეულწილად, შენი მთავარი ინსტრუმენტი რაც არის _ არჩევნები და არჩევნებისთვის მზადება _ ეს ის თემაა, რაშიც პროფესიონალი უნდა იყო! უნდა შეგეძლოს საარჩევნო კამპანიის მაღალ პროფესიონალურ დონეზე ჩატარება. სხვა, აბა, რით შეიძლება ამომრჩეველი მოხიბლო და მიიმხრო, დაიმაგრო, არჩვნებში გაიმარჯვო?

მეორე თემა არის ვითარების შეფასება _ ეს რომ იყოს რომელიმე ევროპული ქვეყანა, სადაც არჩევნები ტრადიციულად ტარდება, სადაც თუ გაყალბებას დაფიქსირდება, სამართალდამცველი ორგანო გააკონტროლებს, გასაგები იქნებოდა… პოლიტიკური პარტიის დანიშნულება ნამდვილად არ არის არჩევნების გაყალბება-არგაყალბების დევნა. ამის ინსტრუმენტები, წესით, ევროპულ პარტიას არ უნდა ჰქონდეს. მაგრამ ჩვენ ვიცით, როგორ ტარდება საქართველოში არჩევნები… არცერთი არჩევნები არ ჩატარებულა ექსცესების გარეშე. ყველგან და ყოველთვის იყო გაყალბების მეტ-ნაკლები მცდელობა, მაგრამ ეს ხელისუფლება, რომელსაც აღარ უნდა წასვლა, ცდილობს, მთელი ადმინისტრაციული რესურსი და ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს, რათა უსამართლოდ ყველაფერი მიიღოს! რაც „ოცნებამ“ გააკეთა ამას გაყალბებაც აღარ ჰქვია. ადგა და ის ციფრი დაიწერა, რასაც თითონ მიიჩნევდა საჭიროდ _ ძალიან რომ არ ეყვირა, მაგრამ საჭირო ხმები დაეგროვებინა.

_ რატომ გამოეპარა ოპოზიციას ის ნიუანსები, რაც ხმის ელექტრონული წესით მიცემის მთავარი მახასიათებელი იყო, ანუ ერთგვარი გარანტი ხმის გაუყალბებლობისა _ ვერიფიკაციის აპარატი, პირიქით, მთავარი გასაყალბებლი ინსტრუმენტი „აღმოჩნდა“ ოცნებისთვის! გამოეპარა ოპოზიციას, თუ ცესკომ „შეაპარა“?

_ ეს არის შეკითხვა, რომელზედაც ოპოზიციამ აუცილებლად უნდა გაგვცეს პასუხი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვები. მან რამენაირად უნდა აგვიხსნას და გული მოგვილბოს, თუ ამდენი სისულელე, ერთად და კომპლექსურად, როგორ გააკეთა?!

ოპოზიციის ლიდერებს ცესკო ვერაფერს დაუმალავდა! ის, რომ „ოცნება“ შეეცდებოდა გაყალბებას, (მასშტაბები შეიძლება წინასწარ არ სცოდნოდათ) ნათელი იყო. ოპოზიციურმა პარტიებმა ხომ იცოდნენ, რომ ოცნებას იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, ისეთ პოლიტიკას ატარებს, რომელიც მარტო საკუთარ თავზე დამოკიდებულს არ გვხდის, ჩახსნილი აქვს ყველა გზა დასავლეთთან, დაკარგული ჰყავს სტრატეგიული პარტნიორები თავისთავად, ეს ყველაფერი ხომ გეუბნება იმას, რომ „ოცნება“ შეიძლება წავიდეს ვა-ბანკზე და აუცილებლად გააყალბებს არჩევნებს, რისი მასშტაბებიც იქნებოდა დიდი! მანამდე მთავარი თემა იყო ის, რომ ამ არჩევნების მოგება ოპოზიციას შეეძლო! მოგება შეეძლო ხალხის მხარდაჭერით! ხალხის დაკვეთა იყო ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი _ ერთიანობა! ყველა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ერთიან სიას, ერთიან ფრონტს ხალხი მიესალმებოდა.

_ რა გააკეთა ოპოზიციამ ხალხის დაკვეთის შესასრულებლად?

_ ამ დროს ოპოზიცია ადგა და საკუთარი თავის წინააღმდეგ დაიწყო აგიტაცია _ გახარია და ცვლილებები ერთად ვერ იქნებიან, ჩემი ამომრჩეველი არცერთს აღარ მოგვცემს ხმას… რა გააკეთეს? ოპოზიციამ ამომრჩევლის დაკვეთა უგულებელჰყო! ერთ მხარეს უნდა ყოფილიყო „ოცნება“, ხოლო მეორე მხარეს _ ერთიანი ოპოზიციური სია!

_ ყველა წინასაარჩევნო კვლევამ აჩვენა, რომ ოპოზიციის გაერთიანების შემთხვევაში „ოცნება“ დამარცხდებოდა.

_ ჩვენ თუ ვენდობით დასავლურ გამოცდილებას, არადა, ვენდობით, სოციოლოგიური კვლევები ტარდება იმისთვის, რომ ნახო, სუსტად ხარ თუ ძლიერად. ამ კვლევის შედეგებით უნდა ეხელმძღვანელათ და შეემუშავებინათ მიმართულებები. დიახ, კვლევებმა აჩვენა, რომ ოპოზიციური პარტიები ცალ-ცალკე 10-15%-მდე იღებდნენ პლუს-მინუს ხმებს. ანუ „ოცნებასთან“ აგებდნენ. დაჯამებას როცა იწყებენ, ამბობენ, _ ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, ერთიანი შეჯამებით ვჯობნით „ოცნებას“. თუ ერთიანად აჯამებ ოპოზიციური პარტიების ხმებს, მაშინ ერთიანი სიით უნდა გამოსულიყავი, ბატონო! თუ ცალ-ცალკე სიით გამოხვედი, მაშინ ყველა ლიდერმა იცოდა, რომ აგებდა „ოცნებასთან“!

_ რა მივიღეთ?

_ მივიღეთ ის, რომ ოპოზიციური პარტიები წაგებულ არჩევნებში შევიდნენ! მერე კოალიციურ მთავრობას ჩამოვაყალიბებთო, _ ეს გრამაფონია, უკაცრავად გამოთქმისთვის. მაგრამ ეს შენს ამომრჩეველს არაფერს ეუბნება.

აი, ახლა რომ შეგიძლია და არ აკეთებ, ეს უკვე ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი პრობლემა გაქვს. ამიტომაც მივიღეთ, რაც გვაქვს დღეს! თუ ეგზიტპოლის მიერ დადებულ ციფრებს დავეყრდნობით, ოპოზიციურმა პარტიებმა „ოცნებასთან“ წააგეს ცალ-ცალკე.

_ ანუ ორი შეცდომა დაუშვა ოპოზიციამ? კვლევების მიერ დადებული წინასწარი შედეგების  გაუთვალისწინებლობა და ხალხის დაკვეთის იგნორირება?

_ დიახ, ორი დიდი მნიშვნელოვანი თემა იყო: სოცილოლოგიური კვლევა და ამომრჩევლის დაკვეთა _ ორივე თემა უგულებელჰყვეს, და  მესამე _ გაფრთხილება! ესეც არ გაისიგრძეგანეს, რომ „ოცნება“ გააყალბებდა. ყურადღება, აქცენტი ამომრჩევლის დიდი რაოდენობით მოსვლაზე იყო მხოლოდ გადატანილი…

რაც შეეხება გაყალბების თემას, ჩემი აზრით, ერთიანი კოორდინაციით უნდა შექმნილიყო ჯგუფები, რომლებიც გაყალბების პრევენციას მოახდენდა და პირველ რიგში, გაყალბების პროცესს შეუშლიდა ხელს. კენჭისყრის შემდგომ კი დაიცავდა ხმებს! ეს სამი ელემენტი უნდა ყოფილიყო პროცესში და პროცესის შემდეგ. არ ვარ საარჩევნო პროცედურების მიმართულების სპეციალისტი და როცა ჩავიხედე ახალი ელექტრონული ხმის მისაცემი აპარატების სისტემაში, წამკითხველის ინსტრუქციისთვის ჩატარებული ტრენინგების დროს ოპოზიციის ლიდერები იქ უნდა მსხდარიყვნენ დღე და ღამე! უნდა ჩასწვდომოდნენ არსს, რას ნიშნავს ელექტრონული არჩევნები! ზოგიერთი პარტიის წარმომადგენელი აღფრთოვანებულიც კი იყო და ამბობდა, რომ ეს არის გაუყალბებელი მანქანა, რომ ამ მანქანას ვერ მოატყუებ… ძალიან ბავშვური აღტყინებაა. თუ გამოითხოვდი ტექნიკური მონაცემების ინსტრუქციას, მაშინვე დაინახავდი, სად და როგორ გაყალბდებოდა!

_ რას გულისხმობთ?

_ პირველ რიგში, ეს არის ტექნიკა, ტექნიკური პროცედურა. თქვენ უთო რომ იყიდოთ იმის ინსტრუქციას ხომ გაეცნობით? ვერიფიკაციის მანქანა პირველი ბარიერია, სწორად ჩატარდეს არჩევნები. ეს აპარატი ამოიცნობს, ადამიანი სწორად მოდის საარჩევნო უბანში და ეკუთვნის თუ არა მას ამ უბანზე ხმის მიცემა. იმისთვის, რომ მანქანამ ეს განახორციელოს, უნდა ჩატვირთო სია. არსად არის გაწერილი, როგორ უნდა ჩაიტვირთოს უბნის სია, ვინ უნდა შეამოწმოს ჩასატვირთი სია, როგორ დააკვირდებიან ამ პროცედურას პარტიების წარმომადგენლები, კომისია. ვის ვენდობით, რომ სიები  კეთილსინდისიერად ჩაიტვირთოს? ოპოზიციას უნდა ებრძოლა ამგვარი პროცედურების რეგლამენტისთვის. არ არსებობდა ბერკეტი დამკვირვებლისთვის, შეემოწმებინა საეჭვო ამომრჩეველი და გადაემოწმებინა თითონ  აპარატში. გარე დაკვირვებით თითქმის შეუძლებელია გააკონტროლო, ხმის მიმცემ აპარატში ხდება თუ არა საეჭვო პირების დოკუმენტაციის გატარება-შეყვანა.

_ მართლაც არნახული ორგანიზებულობით მოქმედებდნენ და იყენებდნენ ყველა რესურსს გასაყალბებლად…

_ დიახ, ასევე კარგად იყო ორგანიზებული უბნის მაყურებლების გამოყენება ხმების მობილიზებისთვის, ადმინისტრაციული რესურსი, ეთნიკური უმცირესობები, სკოლისა და ბაღის პედაგოგები. მართალია, ეს სპექტრი ყოველთვის არის გამოყენებული, ოღონდ ახლა უფრო დიდი მასშტაბით, დიდი ფულით, კარგი ორგანიზებით, რადგან არ იყო ქართველების ორგანიზებული.

_ მაშინ ვინ იყვნენ ამ ტოტალური გაყალბების სისტემის ორგანიზატორები?

_ ეს იყო რუსების ორგანიზებული და ქართველების ხელით გაყალბებული არჩევნები. მათ რუსები უწევდნენ კოორდინაციას.

_ რას იტყვით ე. წ. კარუსელის ახალი როლის შესახებ ელექტრონულ საარჩევნო სისტემაში? რატომ და როგორ დაატრიალეს ეს?

_ იმისთვის, რომ კარუსელი არ დატრიალდეს, ვერიფიკაციის მანქანამ უნდა იმუშაოს სწორად. ანუ სიაში თუ არის ათასი ადამიანი, იმ სიაში არმყოფი თუ მივა, ვერიფიკაციის აპარატი გამოსცემს განგაშის სიგნალს. შესაბამისად, ასეთმა პირმა ვერ უნდა მიიღოს ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა.  მაგრამ როცა ვერიფიკაციის მანქანა შევიძინე და ჩემს ხელშია, შემიძლია შიგნით პროგრამული მანიპულაცია, დამატებითი სიების ჩატვირთვა ან რეგისტრატორს მივცე საშუალება, დამატებითი პროტოკოლის სიებში შეიყვანოს ყალბი პირადობის ნომრები. სამწუხაროდ, ამისი კონტროლის უფლება არავის ჰქონდა ოპოზიციიდან. თუ მე მომზადებული და მოსყიდული მყავს რეგისტრატორები, მომზადებული მაქვს სიები, ვარ კარუსელის მონაწილე, აპარატიც და რეგისტრატორიც მომზადებულია წინასწარ, რომ „მიმიღოს“, ერთი ადამიანი ერთი პირადობის მოწმობით 10-15-20 უბანს მოივლის და მისცემს ხმას, შესაბამისი ანაზღაურებით! ასეთი ადამიანების მოძებნა „ოცნებისთვის“ ძნელი არ იქნებოდა. ორი ათას უბანზე ჩატარდა ელექტრონული წესით ხმის მიცემა და, დაახლოებით, 100 000-დან 150 000-მდე გაყალბებული მონაცემი დააფიქსირეს ძირითად ბაზებში! რაც მთავარია, ტექნიკურად შეფარვით და შეუმჩნევლად მოხდა ეს მასობრივი გაყალბება. აი, უბანზე შემოიჭრა და ძალით ჩატენა ბღუჯა ბიულეტენი, იყო თეატრალური წარმოდგენები _ იმისი თქმა, რომ აი, ჩვენ ანგელოზები არ ვართ და თუ ექსცესები ხდება, ვიჭერთ კიდეც და ვახდენთ რეაგირებას. მთავარი მესიჯი იყო, _ რაც არ დაგინახავთ, რომ ვაყალბებდი, ე. ი. არ გამიყალბებია! ამით „ოცნება“ ამტკიცებდა, რომ ჩვეულებრივი და ძველი მეთოდებით გაყალბებები  გამოიყენა და ხდებოდა, მაგრამ ახალი მეთოდი არც კი არსებობდა! არადა, სწორედ ელექტრონული საარჩევნო სისტემით გაყალბების ძალიან მოქნილი მექანიზმი შექმნა.

_ რატომ არ ჩაიხსნა პარტიული სიები?

_ ოპოზიციური პარტიები რომ ამბობდნენ, მე თქვენს ხმებს დავიცავო, მაგრამ როცა გაუყალბეს არჩევნები, მერე ამოდის და ტირის, მოდით, ხალხო, გამოდით, ხმები გაგვიყალბესო! _ სწორი მიდგომაა?! თუ შენ ამბობ, რომ ბერკეტი გაქვს, მაშინ გამოიყენე ეს ბერკეტი! თუ ბერკეტი არ გაქვს და ჩვენი იმედი გაქვს, მაშინ წინასწარ მითხარი….

_ კარგით, მაშინ რა უნდა გაეკეთებინა ოპოზიციას, როგორი  პირველი ნაბიჯი უნდა გადაედგა? 

_ დაიწყო საპროტესტო აქცია, ხალხი გამოვედით… უნდა თქმულიყო, რომ ეს არის სახელმწიფოს მიტაცება, არჩევნები გაყალბდა, რომ „ოცნებამ“ დაიწყო სახელმწიფო გადატრიალება _ მარტივად, ვდგავართ ქუჩაში და ვიცავთ კონსტიტუციურ წყობას, საქართველოს დემოკრატიას და დამოუკიდებლობას. არ ვიშლებით, სანამ არ მივაღწევთ ამას, წერტილი.

სხვათა შორის, ბატონმა ვალერი  გელბახიანმა დაუღეჭა და ისე აუხსნა ოპოზიციას ყველა ნიუანსი… არა მარტო ის, რომ უცხოეთს უნდა ავუხსნათ და იურიდიულად გაყალბების მაგალითები რომ უნდა იყოს მტკიცე. აქ არასამთავრობო ორგანიზაციებმა აიღეს ხელში სადავეები. მათ ივაჟკაცეს, რომ დარღვევები აღმოაჩინეს, გაასაჩივრეს და უცხოეთში გაგზავნეს. ამ მოცემულობაში პოლიტიკური პარტიები არაფერ შუაში არიან, ისინი მერე ჩაერთნენ და დადეს პოლიტიკური შეფასებები. არსებობს კონსტიტუციის 38-ე მუხლი, სადაც ცალსახად წერია და ვერაფერს უზამს „ოცნება“ _ თუ დეპუტატების 2/3-ის უფლებამოსილება არ იქნება ცნობილი, პარლამენტი ვერ შედგება და ინიშნება ხელახალი არჩევნები. ამ 38-ე მუხლს, გარკვეულწილად, განმარტავს საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლი, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს: როდის არ შეუძლიათ პარტიულ საპარლამენტო სიებში შემავალ კანდიდატებს პირადი განცხადების დაწერა _ არჩევნებამდე 16 დღის განმავლობაში… არც პარტიას შეუძლია სიების ჩახსნა და ინდივიდუალურად არც კანდიდატს შეუძლია განცხადების დაწერა. 120-ე მუხლის მეორე ნაწილი კი არეგულერბს, რა ხდება კენჭისყრის შემდეგ. თუ პირველ ნაწილში ჩამოთვლილია ინდივიდულურად კანდიდატი და პარტია, რომლებსაც არ შეუძლიათ განცხადების დაწერა და სიების ჩახსნა, მეორე ნაწილში ეს მუხლი პარტიას ეუბნება: _ შენ სიას ვერ ჩახსნი, სანამ არ გაიმართება პარლამენტის პირველი სხდომა! არაფერს განმარტავს ინდივიდუალური განცხადების დამწერების შესახებ, იქვე აზუსტებს, რომ ინდივიდუალურად  დაწერილი განცხადება ცესკოს თავმჯდომარის სახელზე თუ არ კმაყოფილდება სამი დღის განმავლობაში, სამი დღის თავზე ავტომატურად ითვლება, რომ აღარ ხარ კანდიდატი. აქვე საინტერესო ნიუანსი: დროის ჩარჩოებს არ აწესებს ამ პროცედურებისთვის კანონი.

_ რას ამბობენ იურისტები?

_ იურისტები ამბობენ, რომ კი, დროის აკრძლვა არ არის, პირველ შემთხვევაში თქვა 16 დღით ადრე, მერე დროის ჩარჩოზე არაფერს ამბობს, ე. ი. ინდივიდუალური განცხადება აკრძალული არ არის! კანონმდებლობით, თუ აკძალული არ არის რაღაცა, ამისი უფლება აქვს!

იურიდიულად, ოპოზიციურ პარტიებს 600 კაცი კანდიდატი, რომელიც ოპოზიციურ პარტიულ სიაში იყო, თუ დაწერდა განცხადებას და სიიდან ამოიღებდა საკუთარ თავს, ნული თუ დარჩებოდა ამ სიებში, პირველ სხდომაზე შეიკრიბებოდა მხოლოდ ოცნების 89 დეპუტატი! სიაში მხოლოდ 89 დეპუტატი იქნებოდა, ფიზიკურად ვერ მოიყვანდნენ ვერსაიდან სხვებს. ერთპარტიული პარლამენტი იქნებოდა. კომუნისტურმა წყობამ იცის ეგ ერთპარტიული სხდომების მართვის ორგანო _ ყოველგვარი ლაპარაკის გარეშე, გარიყული ხარ, არავინ დაგელაპარაკება და არავინ დაგეკონტაქტება. პირდაპირ იურიდიული მიტაცებაა,  როდესაც კონსტიტუციაში გიწერია, რომ 100 უნდა ცნო და 89 კაცით ამუშავებ პარლამენტს, ეს არაფერში წერია!

 ქუჩაში კი არ უნდა ვიდგეთ და კი არ უნდა ვეძახდეთ „ოცნებას“,  გადადექიო, სახვეწარი და სანერვიულო კი არ გვექნებოდა, ასეთი მარტივი გზა რომ აერჩია ოპოზიციას, „ოცნებას“ ჩაუვარდებოდა პარლამენტი, ან იძულებული იქნებოდა, დათმობაზე წამოსულიყო, აქეთ ჩვენ შემოგვეხვეწებოდა…

_ რატომ აირჩია ასეთი რთული გზა ოპოზიციამ?

_ ერთმანეთის უნდობლობის გამო ვერ მოახერხეს საერთო ენის გამონახვა. მეორე თემაცაა: პარტიის ლიდერებმა თავიანთი ხალხი ვერ დაიმორჩილეს, რომლებსაც დეპუტატობა უნდათ და პოზიცია აქვთ _ განცხადებას არ დავწერ, არ მაინტერესებს!

_ რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, რომ გადარჩეს ქვეყანა და თავიც შეინარჩუნოს? ამდენი შეცდომის შემდეგ და ხალხში ნიჰილიზმის გაჩენის ფონზე აქვს კი მას შანსი?

_ ოპოზიცია საკუთარი თავის ჩარეცხვის პროცესშია. თვითონ ვერ გაერთიანდნენ ერთმანეთში, ათმა კაცმა საერთო ენა ვერ გამონახა და ისინი შეეცდებიან ახლა 200 000 ადამიანთან საერთო ენის გამონახვას? იმისთვის, რომ „ოცნება“ დავაჩოქოთ და ჩავრეცხოთ, საჭოიროა ქუჩაში იდგეს 100 000 ადამიანზე მეტი პერმანენტულად, პაუზებით. ამას პროცესი თვითონ მოიტანს _ ოპოზიციას გინდა ეწყინოს, გინდა _ არა! თავისი ასეთი მვდარი ნაბიჯებით შევიდა რუსეთთან კოლაბორაციაში! ოპოზიცია, რომელიც იყო პარლამენტში, ეს იყო „ოცნების“ ნაწილი, იმ კოლაბორაციის ნაწილი. ბიძინა რომ რუსეთთან თანამშრომლობს, ეს არის მისი პიროვნული გადაწყვეტილება და პარლამენტი რომ ამ რუსულ პოლიტიკას ატარებს. თუ ეს რუსეთის მიერ ჩატარებული არჩევნები შედგა, პრეზიდენტს კიდევ აქვს საშუალება, ხალხის მხარდაჭერით მოიტანოს ცვლილება. პრეზიდენტი მნიშვნელოვანი ბერკეტია ხალხისთვის ჯერ კიდევ. ოპოზიცია დესტრუქციულ როლს ასრულებს. იმდენად იდიოტები არიან, რომ კამათში შედიან, _ იურიდიულად ასე არ იკითხება, ისე არ იკითხება. დალოცვილო, რასაც „ოცნება“ მეუბნება, იმის პროპაგანდას მიტარებ მე ოპოზიციური ამბიონიდან? ჩემთვის ეს ხომ ცალსახად გამაღიზიანებელია? „ოცნების“ პროპაგანტისტი ხარ, რადგან მიმტკიცებ, 120-ე მუხლი უნდა წავიკითხო ისე, როგორც კითხულობს „ოცნება“!

_ რა აზრის ხართ ტექნიკური  კომისიის ჩამოსვლის შესახებ ევროპარლამენტიდან? საერთაშორისო სასამართლოს შესახებაც საუბრობს ოპოზიცია, სერბეთის მაგალითი მოჰყავთ.

_ ტექნიკური კომისია ჩამოვა და სხვადასხვა ფაქტს დაადგენს, ბევრ ხარვეზს აღმოაჩენს და თავის განწყობასაც რეალურად დააფიქსირებს. ვინ აიძულებს „ოცნებას“, დანიშნოს ხელახალი არჩევნები? მათ ხომ ბერკეტი არ გააჩნიათ, გარდა ეკონომიკური ბერკეტებისა? რით უნდა მოახდინონ ზეწოლა „ოცნებაზე“? იურიდიული ინფორმაციით, „ოცნებას“ არ აინტერესებს, შედგება თუ არა ევროინტეგრაცია. მხოლოდ ეკონომიკური დარტყმა შეიძლება ეტკინოთ. ეკონომიკური კი, პირველ რიგში, დაგვარტყამს ჩვენ, მოსახლეობას. ბიძინა ივანიშვილს არც მოშივდება, არც მოსწყურდება, არც შესცივდება. ისევე, როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერებს. ეს პირდაპირი დარტყმა იქნება ხალხზე!

რაც შეეხება სერბეთს, მას უნდა ევროპაში ყოფნა, ლიდერი ცდილობს იყოს დიალოგში ევროპასთან! „ოცნებაზე“ ბერკეტი არ არის რეზოლუციის შინაარსი,  ფეხებზე ჰკიდია „ოცნებას“, რაც არ სტკივა. მხოლოდ ის აინტერესებს, რაც მის ჯიბეს ემუქრება. 

_ როგორი პროგნოზი და რა გეგმები გაქვთ, რა რჩევას მისცემდით ოპოზიციას?

_ ჩვენ ვიქნებით ქუჩაში მანამდე, სანამ ოპოზიციას ჩავრეცხავთ თავისთავად. უახლოეს მომავალში სტრუქტურიზდება ჯგუფები: „დაიტოვე“, „დაფიონი“. ამ ჯგუფების ორგანიზებულობა სულ უფრო და უფრო მატულობს და ნაკლებად სჭირდებათ მათ ოპოზიციური ლიდერები, რადგან ისინი აქციების დაშლაში არიან მხოლოდ ძლიერები. სცენების მოტანა ტექნიკური მხარეა მხოლოდ. დრო სჭირდება ყველაფერს, ახლა ერთმანეთის პოვნის პროცესია. ნელ-ნელა სხვადასხვა აზრი ერთ აზრამდე დადის. თუ ოპოზიციას დეპუტატის მხოლოდ ერთი ადგილი უნდა, მე მათი მრჩეველი ვერ ვიქნები!

_ შევლენ? _ აქტუალური კითხვა.

_ არც კი ვიკვლევ მაგ საკითხს, რადგან ოპოზიცია გინდ პარლამენტში ყოფილა და გინდ _ გარეთ, დანამატია, არაფერს წარმოადგენს, ხალხში ავტორიტეტი არ გააჩნია, ორგანიზება არ შეუძლიათ, „ოცნებასთან“ დაპირისპირება არ შეუძლიათ. კამათში მაინც მოუგონ. ჩემს ემოციაზე თამაშობენ და მე რატომ არ მომწონს „ოცნება“, ამისთვის სულ არ მჭირდება ოპოზიციისთვის რამის თქმა. პარლამენტში სიები წავიდა, პარლამენტი შედგება და ჩვეულებრივად იმუშავებს. ოპოზიციური პარტიების როლი რაც იყო, როგორც კი ბერკეტი დაკარგეს და პარლამენტის იურიდიული შეკრება გახდა შესაძლებელი, ოპოზიციის საჭიროება გაქრა, ის გამოუყენებელია!

_ გამოსავალი? რევოლუცია?!

_ ხალხმა თუ მოინდომა, მოხდება რევოლუცია, თუ არ მოინდომა _ არ მოხდება!