გიორგი ვაშაძე: „ვარწმუნებ ყველა ოპოზიციონერს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ პრობლემები აღარ არის“
გიგა გელხვიიძე
გასულ კვირას ქართულ პოლიტიკურ ველზე მთავარი განსახილველი საკითხი გახლდათ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიუნხენის კონფერენციაზე ვიზიტი, სიტყვით გამოსვლა და პარალელურად ბრიუსელში ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობაძის შეხვედრები ევროკავშირისა და ნატოს მაღალი თანამდებობის პირებთან.
აღმასრულებელი ხელისუფლების ამ ორი წარმომადგენლის ვიზიტს საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები მოჰყვა. გარდა ამისა, სწორედ ამ პერიოდში, რუსეთის ერთ-ერთ კოლონიაში, ვლადიმირ პუტინის მთავარი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, მოულოდნელად გარდაიცვალა, რომელიც რუსულმა მხარემ თრომბის მიერ პროვოცირებულად შეაფასა. თუმცა პოლიტიკური შეფასებებით ის პუტინის ხელისუფლებამ მოიშორა, რადგანაც რუსეთის პრეზიდენტს წინასაარჩევნოდ ციხეში მყოფი ნავალნიც კი აშინებდა.
ამ და სხვა ძირითადი თემების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერსა და გამარჯვების პლატფორმის ხელმძღვანელს, გიორგი ვაშაძეს:
_ ბატონო გიორგი, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მიუნხენის კონფერენციაზე იმყოფებოდა. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ვიზიტი და როგორ შეაფასებთ მის გზავნილებს?
_ კარგი იყო ეს ვიზიტი. მე, მაგალითად, მის ადგილზე იმ ოპოზიციური თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, ვისთან ერთადაც საერთო სადისკუსიო პლატფორმა უნდა შექმნას, წავიყვანდი ამ ვიზიტზე, რადგანაც იქ ძალიან ბევრი ინვესტორი იყო ჩასული. ვფიქრობ, ჩვენ ერთობლივად გვჭირდება მუშაობა იმისთვის, რომ ევროპული და ამერიკული ინვესტიციები შემოვიტანოთ საქართველოში, რომ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შევქმნათ. ამიტომ ამას გავაკეთებდი და კარგი იქნებოდა, ამით ერთიანობასაც ვაჩვენებდით და თუ ამ ერთიანობაში არ ეწერებოდა ივანიშვილის პატია, ამით ვაჩვენებდით, ვინ არის პოლარიზებული საზოგადოებისგან. პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიშიც რომ გავიხსენოთ, რომელიც პარასკევს შედგა პარლამენტში, მიჩნდება კითხვა, _ საიდან ამ ახალგაზრდა კაცს ამდენი ზიზღი, ბოღმა, ნეგატიური ფრაზეოლოგია? პარლამენტის სპიკერი უნდა იყოს გამაერთიანებელი, ხალხზე მზრუნველი, უნდა საუბრობდეს, რა კანონები მიიღოს, ასევე საუბრობდეს სამუშაო ადგილების შექმნაზე. ელემენტარული თანაგრძნობაც კი არ აქვს იმ ხალხის, ვინც ქვეყნიდან სიდუხჭირის გამო მიდის და უმუშევარია. მათ უნდათ, უბრალოდ, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსში ჰყავდეთ ხალხი, რადგანაც ფიქრობენ, რომ გაჩერებული ადამიანი მარტივად სამართავია.
რაც შეეხება ზურაბიშვილის ვიზიტს, ვისურვებდი და გავიმეორებ, რომ უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი დელეგაცია, რომელიც ჩავიდოდა მიუნხენის სამიტზე და რეალურად აჩვენებდა დასავლეთს, რომ აქ არიან დემოკრატიული ძალები, რომლებიც მზად არიან პასუხისმგებლობა აიღონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე, არა მხოლოდ პოლიტიკურ სპექტრს ვგულისხმობ, არამედ ბიზნეს და სამოქალაქო სპექტრს ზოგადად.
_ სალომე ზურაბიშვილი იყო პირველი, ვინც ღიად ისაუბრა ნავალნის გარდაცვალების შესახებ და ეს ფაქტი შეაფასა, თუმცა ის არ საუბრობს მიხეილ სააკაშვილზე, რომლის შესახებაც არაერთხელ მიუთითეს ევროპარლამენტარებმა და დასავლური პოლიტიკური ხედვის მქონე პოლიტიკურმა ფიგურებმა. როგორ ფიქრობთ, შეძლებს ზურაბიშვილი გადააბიჯოს საკუთარ განაცხადს: „არა და არასოდეს“ და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი?
_ ამ სამიტზე და ნავალნის საქმის შემდგომ გაცილებით უფრო მკაფიოდ დადგა მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში. როდესაც ვსაუბრობთ მის განთავისუფლებაზე, აქ არ უნდა შევიდეთ სამართლებრივ კაზუისტიკაში, რომ მერე კიდევ საქმეს აღუძრავენ, მერე კიდევ ასე ან ისე იქნება. ეს არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი და თუ მზად არის სალომე ზურაბიშვილი, რომ გადადგას ეს ნაბიჯი, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით, მაშინ სხვა კომპონენტები და დალაგების მექანიზმები არსებობს. ყველაზე მეტად მიკვირს ჩემი კოლეგა ოპოზიციონერებისგან გაკეთებული განცხადებები, _ აი, რომ გამოუშვან, მერე ისევ ჩაკეტავენ და ა. შ. ჩვენ ხომ სახელმწიფოზე ვსაუბრობთ, რას ნიშნავს ისევ ჩაკეტავენ? ეს ხომ არ არის დაჩქარებული წესით პასპორტის აღება, რომელიც გავაკეთეთ იუსტიციის სახლში? ასე არ ხდება. ვფიქრობ, ყინული დაიძრება, თუკი ის ამის მზაობას აჩვენებს. ეს პირველი და შემდგომ უკვე ივანიშვილსაც მოუწევს კომპრომისებზე წასვლა, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით.
_ „გამარჯვების კოალიცია“ სააკაშვილის ფიგურის გარშემო საარჩევნო კამპანიას აწარმოებს. თავადაც აქტიურად საუბრობს საკუთარ როლზე ამ პროცესებში. რამდენად შეძლებს მიხეილ სააკაშვილი, რომ მან ერთგვარი გამაერთიანებლის როლი შეასრულოს ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე?
_ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას აქვს ერთი მიზანი, შეცვალოს ივანიშვილის რეჟიმი, ის ვერ ახერხებს გაერთიანებას თუნდაც ამ მიზნის ირგვლივ.
პირველი ის, რომ მიხეილ სააკაშვილს ძალიან დიდი როლი აქვს ამ გამარჯვებაში. მოსწონს ის ვინმეს თუ არ მოსწონს, ის არის დღევანდელი სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი სიმბოლო. მეორე საკითხი: ძალიან არასერიოზული არის საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ სისუსტეზე ოპოზიციის მხრიდან. თუ სუსტია ის, მაშინ შენ მოძლიერდი. რა იყო ამდენი ლაპარაკი? მგონია, რომ სავალდებულო სათქმელივით აქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემები. ვარწმუნებ ყველა ოპოზიციონერს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ პრობლემები აღარ არის, ყველა პრობლემა გადალახულია და თქვენც ხედავთ, რომ ყველაზე სოლიდურად დღეს ჩვენი გუნდი გამოიყურება: ჩნდებიან ახალი ადამიანები, ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რაც მოსახლეობას აწუხებს, დისკურსში შემოვიყვანეთ ადამიანები, მათი პრობლემები, უმუშევრობა, მიგრაცია. ფაქტია, ამაზე პასუხის გაცემა უწევს ივანიშვილის პარტიას. ჩვენ ვართ ის ტრენდმეიქერები, რომლებიც ცვლიან პოლიტიკურ დისკურსს, ამ ილუზიურ პოლიტიკურ სამყაროს ანგრევენ, რომელიც შექმნეს ამ წლების მანძილზე ივანიშვილმა და მისმა პარტიამ თავისი ექსპერტებით, თავისი პოლიტიკოსებით, ვითომ გამოყოფილი პარტიებით, თავისი მედიებით და საშუალებებით. ფაქტობრივად, ყინულმჭრელის ფუნქციას ვასრულებთ, რომ ხალხზე ორიენტირებული გახდეს პოლიტიკა და ამას საზოგადოების გამოხმაურებაც აქვს. ღიად ვთქვათ, რომ ყველა ხედავს ჩვენს განსხვავებულ მიდგომას, რადგანაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, პოლიტიკა იყოს ადამიანებისთვის და არა ერთი ადამიანისთვის, ერთი კაცისთვის. მე ვურჩევდი სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომ ჩვენზე თავდასხმებს, ესაუბრონ საზოგადოებას და გამოვიდნენ ივანიშვილის მიერ შექმნილი ილუზორული სამყაროდან. მე ასეთი შეხედულება მაქვს, რომ ისინი ჯერ კიდევ არიან იმ სამყაროში, რომელიც თავს მოგვახვია ივანიშვილმა. დადგება დრო, რომ მათ თვალი აეხილება და შედეგსაც ვნახავთ.
_ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არ არის პოლარიზაცია და ის მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციურ ველზეა შესამჩნევი. რაც შეეხება მოსახლეობას, პაპუაშვილის თქმით, ყველა ერთ აზრზე იმყოფება. როგორ აფასებთ მის ამ განცხადებას?
_ ეს ხომ ტყუილია! ყველა ხედავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახლებურ მიდგომას მთელ ამ სასაცილო პერიოდში. ჩვენ მხოლოდ იმ კითხვებს ვსვამთ, რაც ხალხს აწუხებს: რატომ არის უმუშევრობა? რას აპირებენ მიგრაციულ პროცესებთან მიმართებით? რატომ არის ასეთი დაბალი შობადობა? რატომ იზრდება ფასები? თავად ხედავთ, თუ როგორი ზიზღის ენით ლაპარაკობს. არ შეიძლება, ასე ახალგაზრდა ადამიანი მსგავსი რიტორიკით საუბრობდეს, ეს ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. მეც ვფიქრობ, რომ საზოგადოებაში არ არსებობს არანაირი განხეთქილება. გახლეჩილობა არის იმ ილუზიურ სამყაროში, რომელსაც ხელოვნურად ქმნის ივანიშვილი. მისი მთავარი აპოლოგეტები არიან პაპუაშვილი, კობახიძე, ღარიბაშვილი. მგონი, პაატა მანჯგალაძემ იხუმრა კიდეც, რომ ღარიბაშვილს დარჩა თავისი სიტყვა პარლამენტში და ის სიტყვა წაიკითხა პაპუაშვილმაო, იმდენად არაადეკვატური იყო ეს ზიზღის ენა, რომლითაც ის მიმართავდა ოპოზიციას. ბოლოს მეგონა, რომ გარეთ ღრუბელი რომ იყო, იმასაც ოპოზიციას დააბრალებდა. ამ ადამიანებმა უკვე კარგად იციან, რომ 12 წელია, უკვე ივანიშვილია ხელისუფლებაში და ტოტალური ჩავარდნა გვაქვს. მდიდრები უფრო გამდიდრდნენ, ელიტა ზემდიდარია და ხალხი უკიდურესად ღარიბია. არავინ სცემს პასუხს კითხვას, თუ რატომ ხდება ასე. სომხეთზე მეტი გვაქვს ეკონომიკა და აზერბაიჯანზე, მაშინ რატომ არის გაცილებით მეტი უმუშევრობა აქ, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში? პროდუქტის ფასი ჩვენთან უფრო ძვირია, ვიდრე სხვაგან, კარაქის საყიდლად ადამიანები ბათუმიდან გადადიან თურქეთში, რადგანაც 10 ლარით იაფი ღირს კილო! რაზე ვლაპარაკობთ?! წყლის ქვეყანა ვართ და მსოფლიო მასშტაბით ვამბობთ, რომ წყალს დიდი პოტენციალი აქვს. როგორ შეიძლება, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ბოთლი წყალი მაღაზიაში უფრო იაფი ღირდეს, ვიდრე საქართველოში?! ეს ხომ არის მონოპოლიები, რომლებიც თავად აზიან და ყველაფრიდან წილები აქვთ. ინტერნეტი რატომ უნდა ღირდეს საქართველოში ძვირი, ვიდრე სომხეთში, რომელიც საქართველოს გავლით იღებს ინტერნეტს და მისი ინტერნეტის ფასი საქართველოს ტრანზიტის ფულით შედის. ხომ ხვდებით, ეს არის ტოტალური მონოპოლია. რუხაძე რატომ დამესხა თავს (ირაკლი რუხაძე, „ტვ იმედის“ მფლობელი)? იმიტომ, რომ ის არის პენსიონერების მძარცველი და ჩვენ ვებრძვით ამ ძარცვას. არცერთი პასუხი არ მიგვიღია ქილიკის დაცინვის გარდა. ჩვენ კი არ დაგცინიან ამით, ხალხს დასცინიან. პაპუაშვილი არის ადამიანი, რომელიც მოწყვეტილია გარე სამყაროს, თავის სამყაროში ცხოვრობს, რასაც ჩასძახებენ, იმას ილაპარაკებს და ეს არის პარლამენტარიზმი? პარლამენტი უნდა იყოს ხიდი მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პარლამენტი უნდა იყოს დემოკრატიის აკვანი, თან საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და პარლამენტი უნდა ანგარიშვალდებულს ხდიდეს მთელ აღმასრულებელ ხელისუფლებას. როცა აღმასრულებელი ხელისუფლება ტოტალურ კორუფციაშია და ხალხის ძარცვაშია გახვეული, ტაში კი არ უნდა დაუკრა. ინფრასტრუქტურის მინისტრი მოვიდა და ტაში დაუკრეს, ადამიანს, რომელსაც მილიარდი აქვს მოპარული სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთზე, ერთი ხიდი ვერ გაიყვანეს, მილიარდი ლარია მოპარული.
_ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, რამდენიმე დღეა, რაც ბრიუსელიდან დაბრუნდა. როგორ აფასებთ ამ ვიზიტს და იმ განცხადებებს, რომლებიც ვიზიტის პარალელურად გააკეთეს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებმა?
_ „ქართული ოცნება“ ივანიშვილის გარდა ვერავის ხედავს, ხომ იცით? მზე ივანიშვილისგან ამოდის, სადაც დაჯდება ივანიშვილი, იქით იქნება მზე, მაგრამ ხალხისთვის ეს ასე არ არის, ხალხისთვის მზე ამოდის ევროპიდან, რადგანაც ევროპა არის ინვესტიციები და ევროკავშირი ეს არის სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის დამარცხება საქართველოში. რა უთხრეს კობახიძეს? _ ქართველი ხალხის გამო დავუშვით კანდიდატის სტატუსი, არ გეგონოთ, რომ ეს კიდევ იქნებაო. შესაბამისად, არის რეფორმები? _ წახვალთ წინ, არ არის რეფორმები? _ ვერ წახვალთ წინ. მაგრამ არ უნდა „ქართულ ოცნებას“ ეს. ჩვენ ჯიკავჯიკავით და რის ვაი ვაგლახით მივიღეთ ეს კანდიდატის სტატუსი, ახლა არჩევებში უნდა გავიმარჯვოთ, სწრაფად გავატაროთ ის რეფორმები, რაც მისაღებია და 15 დეკემბრიდან გადავალთ უკვე მოლაპარაკების სტადიაზე, გაწევრიანებაზე, სადაც არის უკრაინა და მოლდოვა. კობახიძე ბრიუსელში იმისთვის ჩავიდა, რომ თავის ამომრჩეველს რაღაც შეატყუოს, რომ აი, ერთობლივი პრესკონფერენცია ჰქონდა, მაგრამ რა თქვა ბორელმა ამ ერთობლივ კონფერენციაზე? აღარ მინდა, ნუ წამოხვალთ ბრიუსელში. იმ პრესკონფერენციის დროს, აქ რომ ანტიევროპულ საარჩევნო კოდექსს იღებ, რაზეა ლაპარაკი.
_ ბოლო დათვლების შედეგად, საარჩევნო თანხებს ვგულისხმობ, „ქართული ოცნების“ ბიუჯეტი ბევრად მეტია, ვიდრე ოპოზიციის. თქვენი შეფასებით, რა არის იმის მიზეზი, რომ ბიზნესსექტორი შემოწირულებას აკეთებს სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ და, უბრალოდ, არ ეხმარება ოპოზიციას?
_ მოკლედ, ასე ვთქვათ, რა: ბიძინა ივანიშვილი მიჩვეულია ბნელ სამყაროს ბნელი 90-იანებიდან. სამწუხაროდ, ქართულ ბიზნესს აგროვებინებენ „ობშიაკს“ „ქართული ოცნებისთვის“ და, რა თქმა უნდა, არაფორმალური გადასახადები აქვთ დაწესებული ბიზნესმენებისთვის. ამიტომ არის, ასე რომ გამდიდრდნენ და სამუშაო ადგილს ვერ ქმნის ქართული ბიზნესი, ამიტომ არის, რომ ხელფასს ვერ ზრდის. ხელფასი როგორ უნდა გაზარდოს ბიზნესმა დასაქმებულისთვის, როდესაც იმ ხელფასის გასაზრდელ წილს სთხოვს „ქართული ოცნება“?
_ ცესკოს საკითხს შევეხოთ: „ქართულმა ოცნებამ“ სრულიად მოირგო საარჩევნო კანონმდებლობა, როგორც მას სურდა და ახლა მის ხელშია გადასული ცესკოს ხელმძღვანელისა და მისი წარმომადგენლების დანიშვნის ბერკეტი _ ამის ფონზე მაინტერესებს, რამდენად უშვებთ, რომ მიუხედავად სადამკვირვებლო მისიის ყოფნისა ქვეყანაში, მმართველი პარტია კვლავ არ შეეცდება გამარჯვების გაფორმებას?
_ ჩვენ ისე ვემზადებით ამ არჩევნებისთვის, რომ რაც არ უნდა ჭრა-კერონ, არჩევნებს არ გავაყალბებინებთ. სამზადისი უკვე დაწყებული გვაქვს და ნახავთ, რომ ყველა ხმას დავიცავთ, ხმის მცველების დიდი ჯგუფი გვეყოლება. ზუსტად ვიცით, რომელ უბანზე რამდენ ხმას აყალბებენ და ამას წარმოვუდგენთ კიდევაც საზოგადოებას. ნახავთ, რომ რაც არ უნდა ეცადონ, მათ არ გავაყალბებინებთ არჩევნებს.
_ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების ფაქტი რომ შევაფასოთ, რამდენად აისახებოდა მისი რუსეთის ხელისუფლებაში შესაძლო მოსვლა დადებითად საქართველოზე?
_ ჰიპოთეტურ დაშვებებზე ნაადრევია საუბარი, მას ჰქონდა შეცდომები საქართველოსთან მიმართებით განცხადებებში, მაგრამ მერე გამოასწორა და ბოდიშიც მოიხადა. რეალობა ის არის, რომ დემოკრატიისგან არაფერი აღარ არის დარჩენილი რუსეთში და ზუსტად ასევე დემოკრატიისგან დაცლილი ძალაუფლება უნდა ჰქონდეს ივანიშვილს. ჩვენ თუ გაგვაჩუმებს _ ოპოზიციას, მედიასექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას, ექნება ზუსტად ის სისტემა, რაც არის რუსეთში, რადგანაც იქიდან მოდის ბიძინას მმართველობა, მისი მენტალობა არის რუსული, ეს არის რუსული სისტემა და არაფერი სხვა. აქედან გამომდინარე, ჩვენი დემოკრატიული წესწყობილება უნდა განვამტკიცოთ, მიშაც და ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს თავისუფალი და მიშას პატიმრობით უნდა დავასრულოთ პოლიტიკური ანგარიშსწორებები ქვეყანაში, რათა აღარ იყოს ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილი. რაც შეეხება ნავალნის მკვლელობას, ეს ის ნელი ნაღმია, რომელიც ძალიან მძიმედ დაუბრუნდება ვლადიმირ პუტინს ადრე თუ გვიან და თქვენ ამას ნამდვილად ნახავთ.
_ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ღიად დაუჭირა მხარი იულია ნავალნაიას, რომელმაც განაცხადა, რომ ის გააგრძელებს მისი ქმრის მიერ დაწყებულ საქმეს და მოუწოდა მის მომხრეებს, არ შეწყვიტონ ბრძოლა. საქართველოშიც მრავლად არიან ნავალნის მომხრე ადამიანები, რომლებიც გამოექცნენ რუსულ პოლიტიკურ ყოფას და აქ ცდილობენ გააქტიურებას. თუ რუსეთის მიერ მართული „ქართული ოცნება“ მათ დაემუქრება და საფრთხეს შეუქმნის მათ უსაფრთხოებას, რომ შესაძლოა ისინი გადასცეს რუსეთს, სააკაშვილის ამ განცხადების ფონზე, „გამარჯვების კოალიცია“ მათი მხარს დაუჭერს?
_ ჩვენ ჩვენს ქვეყანას მივხედოთ და დანარჩენი გამოჩნდება. რუსებმა მიხედონ თავის ქვეყანას და ვნახოთ, რა როგორ წარიმართება. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ივანიშვილის რეჟიმისგან გავათავისუფლოთ საქართველო და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შევქმნათ, რომ ხალხს დაედგომებოდეს საკუთარ სახლებში, ს ეზოსა და თავის სამშობლოში. აი, ამაზე ვარ მე პირადად კონცენტრირებული თავიდან ბოლომდე.